Uncategorized

სკანდინავიური მითები – მარადიული დიდება და სამყაროს დასასრული

მარკ ტვენი წერდა: „არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ახალ იდეას ვუწოდებთ. ჩვენ უბრალოდ ვიღებთ ბევრ ძველ იდეას და მენტალურ კალეიდოსკოპში ვატარებთ. მერე კი ისინი ახალ და საინტერესო კომბინაციებს ქმნიან.“

ამბები გვიყვებიან, ვინ ვართ და როგორები ვართ, როგორც ინდივიდები და როგორც საზოგადოებები; საუკუნეების წინანდელი ისტორიების კითხვა იმის აღმოჩენაში გვეხმარება, რომ დროისა და ადგილების ცვალებადობის მიუხედავად, ადამიანის ინსტინქტები და ემოციები მყარი და უნივერსალურია.

ქეროლაინ ლარინგტონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, იკვლევს სკანდინავიური მითების გავლენებს თანამედროვეობაში და მათ ხელახალ დაბადებას პოპკულტურაში.

„სკანდინავიური მითები მნიშვნელოვანია, რადგან მათში მოქმედებები იმ ადგილებში ვითარდება, რომლებიც ბრიტანელებსა და ინგლისურენოვან ხალხს გვეცნობა და ჩვენს კუთვნილებად მიგვაჩნია. განსხვავებით ბერძნული და რომაული მითებისაგან, ისინი ასახავენ სამყაროს, რომელიც სასრულია. მისი მაცხოვრებლები დროის დასასრულისკენ მიდიან. ასე რომ, მათ აქვთ პესიმიზმი, რომელიც ეხმიანება უფრო სეკულარულ სამყაროს“.

მიუხედავად ამისა, ისინი იმედისა და სიამოვნების განცდისგან დაცლილი მაინც არაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ის, თუ როგორ ვაზროვნებთ, მრავალმხრივ განპირობებულია სკანდინავიური მითებით და მითებში ბუნების ელეგიური კვლევით, მასკულინურობაზე ფიქრით, ყოფიერების ანალიზით…

სტატიაში რამდენიმე ასეთ მითს განვიხილავთ:

1898
1847
1680

იგდრასილი

იგდრასილის ამბავი აშკარად ეხმიანება თანამედროვე სამყაროს, რომელსაც პრობლემები ადამიანის მავნე ზეგავლენამ შეუქმნა.

სიცოცხლის ხე – იგდრასილი – ძველი სკანდინავიური სამყაროს ცენტრშია. მისი ტოტები სამოთხეს სწვდება, ფესვები კი მიწისქვეშა სამყაროში აქვს გადგმული. ცხოველები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, თან აყვავებაში ეხმარებიან და თან ზიანსაც აყენებენ თავიანთი არსებობით. სამყაროს დასასრულს ეს ხე ირხევა და კვნესის, მაგრამ არ ვიცით, რა ბედი ელის საბოლოოდ, გადარჩება თუ არა.

ვალკირია, 1869, პიტერ ნიკოლაი არბოს ნახატი

მარადიული დიდების მითი

ვალჰალა დიდებული დარბაზია, რომელსაც ღმერთი ოდინი მართავს. იქ მეომრებიც ცხოვრობენ, მეფეებისა და სხვა ლეგენდარული ფიგურების გვერდით. როცა რაგნაროკი (სამყაროს დასასრული) დგება, ისინი საბრძოლველად გიგანტებს მოიხმობენ. ეს დიდების დარბაზია გმირების საზოგადოებისთვის. ადგილი, სადაც ბრძოლაში გმირულად დაღუპული ადამიანები ხვდებიან.

სწორედ ეს დიდების მითური დარბაზი აისახა რიჰარდ ვაგნერის ნიბელუნგების ბეჭედში, უამრავ ნახატზე, ჰანტერ ტომპსონის ტექსტებში და სხვადასხვა მუსიკალურ კომპოზიციაში, მათ შორის ელტონ ჯონის, Led Zeppelin-ისა და სხვათა ნაწარმოებებში.

„წინაქრისტიანულ საზოგადოებებში, განსაკუთრებით, გერმანიკულში, სიკვდილის შემდეგ გადარჩენის ერთადერთი გზა არის სახელის მოხვეჭა“, ამბობს პროფესორი ლარინგტონი. „დღეს, როცა კულტურა ნაკლებად თავდაჯერებულია სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ ფიქრისას, ხალხი ებღაუჭება იმ იდეას, რომ იყოს ცნობადი და შთამბეჭდავი სამყაროსთვის. ვალჰალა ჩვენი დიდების თხუთმეტი წუთია“.

რაგნაროკი

დასასრულის მითი

რაგნაროკი (ღმერთების დაცემა) სამყაროს დასასრულია სკანდინავიურ სამყაროში. ესაა მოვლენა, რომელიც ცხადად აირეკლა არმაგედონის ამბავში. მითოლოგიაში რაგნაროკი არის კულმინაცია, ღმერთებსა და დემონებს შორის საბოლოო ბრძოლა, რომელიც ღმერთების სიკვდილით სრულდება. მასთან ერთად, სრულდება სამყაროც – ნადგურდება ცეცხლსა და ყინულში, ღმერთების ძველ თაობასთან ერთად (რამაც შთააგონა ჯორჯ მარტინი).

„ესაა გარდაუვალობა. ვალჰალას მეომრებსაც კი არ შეუძლიათ კოსმოსური ძალების დამარცხება. მითური დასასრულის შემდეგ სამყარო ხელახლა აღზევდება. მაგრამ რჩება კითხვა – იქნება ის სამყარო ძველზე უკეთესი?“

მოხეტიალე სიბრძნის მაძიებლის მითი

ოდინი, თორის მამა და სკანდინავიური სამყაროს შემქმნელი, ომის, პოეზიის, მაგიისა და მკვდრების ღმერთიცაა. ის არაა ყოვლისმცოდნე, ამიტომაც ადამიანურ და ღვთიურ სამყაროებში სიბრძნის საძიებლად დაეხეტება. სიბრძნეს თავისი ფასი აქვს – ოდინმა თვალი უნდა შესწიროს, თუკი სურს, რომ სიბრძნის წყლის დალევის უფლება მიიღოს.

„ოდინი განაპირობებს იმის ფორმირებას, თუ როგორ ვფიქრობთ ჩვენ სწავლის პროცესის გაგრძელებაზე. ამავე დროს, ის დანახულია როგორც პატრიარქალური ძალა, რომელიც, საბოლოო ჯამში, თავის ადგილს დათმობს. ამ დიქოტომიას თანამედროვე პოლიტიკაშიც ვხედავთ“, აღნიშნავს ლარინგტონი და დასძენს, რომ „სკანდინავიური სამყაროს დასასრულს ღმერთების ახალი თაობა გამოჩნდება, ახალი, შეუმოწმებელი იდეებით…“

თორი

სუპერგმირის მითი

თორი ის სახელოვანი ღმერთია, რომელიც კაცობრიობის დაცვასთან ასოცირდება. იგი თანამედროვეობის სუპერგმირების მოდელია. მარველის კომიქსებმა მისი სახე გადაამუშავა და პოპულარულ პერსონაჟად აქცია. გარდა ამისა, მან დიდი გავლენა მოახდინა ჰალკსა და სხვა შურისმაძიებლების სახეებზეც.

„ძველ სკანდინავიურ მითებში საინტერესოა ის, რომ თორი ცოტათი სულელია, ჯერ უროს ურტყამს ადამიანებს და შემდეგ სვამს შეკითხვებს. მარველის კომიქსებში მას განსხვავებული ხაზი აქვს – ჰყავს ოჯახი, უყვარდება, მისი ზეადამიანური უნარები შერბილებულია მისი ადამიანური სისუსტეებით”.

თუმცა, ორივე შემთხვევაში, თორი ნამდვილად წარმოადგენს სუსტების დაცვისა და სამყაროს გადარჩენის სიმბოლოს.

© არილი

Facebook Comments Box