სლავოი ჟიჟეკი – სირიაში ცრუ ბრძოლა მიმდინარეობს

slavoj_zizek345

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

თუკი რამე იყო ყალბი ჰუმანიტარული ინტერვენციის იდეასა და პრაქტიკაში, სირიის შემთხვევაში შემჭიდროებული სახით იფეთქა. კარგი, იქ არის ცუდი დიქტატორი, რომელიც (სავარაუდოდ) საკუთარი სახელმწიფოს მოსახლეობის წინააღმდეგ მომწამვლელ გაზს იყენებს – მაგრამ ვინ უწევს წინაააღმდეგობას რეჟიმს? აქედან ისე ჩანს, რომ ის, რაც დემოკრატიულ-სეკულარული წინაააღმდეგობისგან დარჩა, ახლა იმ ფუნდამენტალისტურ ისლამისტური ჯგუფების ნაზავშია  ჩაძირული, რომლებსაც მხარს თურქეთი და საუდის არაბეთი უჭერს, ხოლო კულისებში ალ-ყაიდას მონაწილეობაც ძალიან შესამჩნევია.

რაც შეეხება ბაშარ ალ-ასადს, მისი სირია, მოჩვენებითად მაინც, სეკულარულ სახელმწიფოდ ასაღებდა თავს, ამიტომ გასაკვირი არაა ტენდენცია, რომ ქრისტიანები და სხვა უმცირესობები სუნიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს მას უჭერენ. მოკლედ, მღვრიე კონფლიქტთან გვაქვს საქმე, რომელიც რაღაცით პოლკოვნიკ კადაფის წინააღმდეგ ლიბიელთა აჯანყებას ჰგავს – არც აქ იდება მკაფიო პოლიტიკური ფსონი, არც ფართო ემანსიპატორულ-დემოკრატიული კოალიციის არსებობის ნიშნები ჩანს – მარტო რელიგიურ და ეთნიკურ ალიანსთა რთული ქსელი იკვეთება, რომელთა არსებობა ზესახელმწიფოების (ერთი მხრივ – აშშ-სა და დასავლეთ ევროპის, მეორე მხრივ – რუსეთის და ჩინეთის) გავლენებითაა განსაზღვრული. ამ პირობებში ნებისმერი სახის პირდაპირი სამხედრო ჩარევა პოლიტიკურ შეშლილობას უდრის, არაპროგნოზირებადი რისკებით –  ვთქვათ, რა მოხდება, ასადის ჩამოგდების შემდეგ ძალაუფლება რომ რადიკალურმა ისლამისტებმა ჩაიგდონ ხელში? გაიმეორებს აშშ-ის შეცდომას, რომელიც ერთხელ უკვე დაუშვა ავღანეთში, როცა მომავალი ალ-ყაიდას და თალიბანის კადრები შეაიარაღა?

ასეთ ქაოტურ სიტუაციაში სამხედრო ჩარევა  მხოლოდ მოკლევადიანი თვითგამანდგურებელი ოპორტუნიზმის ჭრილში შეიძლება ჩანდეს გამართლებულად. ზნეობრივი აღშფოთება, რომელსაც იმისთვის იყენებენ ხოლმე, რათა ინტერვენციას რაციონალური გამართლება მოუძებნონ ( ,,უფლებას არ მივცემთ, მშვიდობიანი მოსახლეობა გაზით დაწამლონ!“), გათამაშებულია. ამ უცნაური ეთიკის შემყურე ადამიანი – როცა ერთ ფუნდამენტალისტურ-კრიმინალურ დაჯგუფებას მეორე მისნაირთან დაპირისპირებაში უჭერენ მხარს – ძალაუნებურად რონ პოლის რეაქციას გაიზიარებს, რომელიც მას მსხვილმასშტაბიანი ინტერვენციის მოქომაგე ჯონ მაკკეინის გამოსვლაზე ჰქონდა: ,,ასეთი პოლიტიკოსების ხელში ტერორისტები ვიღას სჭირდება?“.

სირიის ახლანდელი სიტუაცია ეგვიპტის ამბებს უნდა შევადაროთ. ახლა, როცა ეგვიპტის არმიამ ჩიხიდან გამოსვლა და ისლამისტი მეპროტესტეებისგან საჯარო სივრცის გაწმენდა გადაწყვიტა, შედეგად კი ასობით, შეიძლება ათასობით მსხვერპლი მიიღო, ერთი ნაბიჯით უკან დახევაა საჭირო და მიმდინარე კონფლიქტში უჩინარ მესამე მხარეზე ფოკუსირება: სად არიან ახლა თაჰრირის მოედნის ორი წლის წინანდელი საპროტესტო გამოსვლების აგენტები? განა ახლა მათი როლი ძალიან უცნაურად არ ჰგავს როლს, რომელსაც მაშინ მუსლიმთა საძმო თამაშობდა – გაოცებული ცივსისხლიანი დამკვირვებლების როლს? ეგვიპტეში მომხდარი სამხედრო გადატრიალებით თითქოს რაღაცნაირად ეს წრე ჩაიკეტა: მეპროტესტეებმა, რომლებმაც დემოკრატიის მოთხოვნით მუბარაქი გადააყენეს, მერე პასიურად უჭერდნენ მხარს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალებას, რომელმაც დემოკრატიის პრინციპებს უღალატა… რაშია საქმე?

ყველაზე მეტად დამკვიდრებული ინტერპრეტაცია, სხვა დანარჩენს შორის, ფრენსის ფუკუიამას ეკუთვნის: საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მეშვეობითაც მუბარაქი გადააყენეს, უმთავრესად განათლებული საშუალო კლასის ამბოხი იყო, ხოლო ღარიბი მუშები და გლეხები დამკვირვებლის (თანამგრძნობი დამკვირვებლის) როლში იყვნენ. მაგრამ როგორც კი დემოკრატიის კარიბჭე გაიხსნა, მუსლიმთა საძმომ, რომელიც სოციალურად ღარიბ უმრავლესობას მიეკუთვნებოდა, დემოკრატიული არჩევნები მოიგო და უმთავრესად მუსლიმი ფუნდამენტალისტებისგან შედგენილი მთავრობა ჩამოაყალიბა, ამიტომ, ეს ალბათ გასაგებია, სეკულარულად მოაზროვნე მეპროტესტეების თავდაპირველი ბირთვი მათ წინააღმდეგ მობრუნდა. მათ შესაჩერებლად ისინი სამხედრო გადატრიალებაზეც კი აღმოჩნდნენ წამსვლელები.

მაგრამ ასეთი გამარტივებული ხედვა საპროტესტო მოძრაობის მთავარ შტრიხს ვერ ითვალისწინებს: ჰეტეროგენული (სტუდენტების, ქალების, მუშების) ორგანიზაციების სწრაფ მომრავლებას, რომელთა მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფო თუ რელიგიური ინსტიტუციების გვერდის ავლით, საკუთარი ინტერესების არტიკულირებას ახდენს. ახალი საზოგადოებრივი ერთეულების ეს ვრცელი ქსელი, არაბული გაზაფხულის მთავარი მონაპოვარია, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს მუბარაქის გადაყენებაზე შეიძლება ითქვას. ეს მიმდინარე პროცესია, მსხვილი პოლიტიკური ცვლილებებისაგან, მაგალითად, გადატრიალებისაგან სრულიად დამოუკიდებელი პროცესი. ის ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე საზოგადოების რელიგიურ/ლიბერალური დაყოფა.

მკაფიოდ გამოკვეთილი ფუნდამენტალისტური მოძრაობების შემთხვევაშიც კი, გარკვეული სიფრთხილეა საჭირო, რომ მათი ეს სოციალური შემადგენელი არ გამოგვრჩეს მხედველობიდან. თალიბანს ხშირად ახასიათებენ, როგორც ფუნდამენტალისტურ რელიგიურ დაჯგუფებას, რომელიც საკუთარ წესებს ტერორით ამკვიდრებს – თუმცა,  2009 წლის გაზაფხულზე, როცა მათ პაკისტანში სვათის დაბლობზე მოიპოვეს კონტროლი, ,,ნიუ-იორკ-ტაიმსი“ წერდა, რომ მათ ,,კლასობრივი აჯანყება მოაწყვეს, რომელიც მდიდარ მიწათმფლობელთა მცირე ჯგუფსა და უმიწო მაცხოვრებელთა უზარმაზარ მასას შორის არსებული განხეთქილების გამო გახდა შესაძლებელი”. თუმცა, თუკი თალიბანი ადგილობრივი გლეხების გასაჭირს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა, რითაც პაკისტანი, დღემდე უპირატესად ფეოდალური ქვეყანა, საფრთხის ქვეშ დააყენა, საკითხავია, რა უშლდათ ხელს პაკისტანელ ლიბერალებსა თუ აშშ-ს თალიბანივით ,,ესარგებლათ“ ამ გაჭირვებით და ეცადათ, უმიწო გლეხებს გასაჭირში დახმარებოდნენ? სევდისმომგვრელი ამ ამბავში ისაა, პაკისტანელი გლეხების ბედის ამგვარი იგნორირების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ქვეყნის ფეოდალური ძალები არიან ლიბერალური დემოკრტიის ,,ბუნებრივი მოკავშირეები“. ერთადერთი სწორი გზა სამოქალაქო და დემოკრატიული პროტესტის მოთავეებისთვის, რათა რელიგიურმა ფუნდამენტალისტებმა განზე არ მიუჩინონ ადგილი, ის იქნება, თუ სოციალური და ეკონომიკური გათავისუფლების გაცილებით უფრო რადიკალურ ხაზს აირჩევენ.

ეს კი ისევ სირიის ამბებთან გვაბრუნებს: ახლა იქ მიმდინარე ბრძოლა საბოლოო ჯამში ცრუ ბრძოლაა. ერთადერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის: ფსევდობრძოლები მხოლოდ იქ იწყება, სადაც მესამე ძალა, ძლიერი რადიკალურ-ემანსიპატორული ოპოზიცია არ არსებობს, რომლის ელემენტებიც უდავოდ იყო ეგვიპტეში. როგორც დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ ამბობდნენ, მეტეოროლოგობა სულ არაა აუცილებელი, რომ გაარკვიო, საით უბერავს ქარი სირიაში: ავღანეთის მიმართულებით. ახლა ასადმა როგორღაც რომ მოახერხოს და ქვეყანაში სტაბილურობა აღადგინოს, მისი გამარჯვება ალბათ ისეთ აფეთქებას გამოიწვევს, როგორიც თალიბანის რევოლუცია იყო. ერთ-ორ წელიწადში ეს აფეთქება წალეკავს სირიას. ერთადერთი, რაც მოვლენების ასე განვითარებას შეუშლიდა ხელს, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის რადიკალიზაციაა, მისი გადაქცევა სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობის მოსაპოვებელ ბრძოლად.

მაშ, რა ხდება დღეს სირიაში? არაფერი განსაკუთრებული, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ჩინეთი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მდგომარეობას, როცა მსოფლიოს ახალ ზესახელმწიფოდ ჩაითვლება, მისი მეტოქეები კი ამ დროს ყველაფერს აკეთებენ ერთმანეთის დასასუსტებლად.

© “არილი


© The Guardian, 6 სექტემბერი, 2013