პროზა (თარგმანი)

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი –

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობა „თამასუქი“ ჟურნალმა The New Yorker 2012 წელს გამოაქვეყნა, 2017 წლის გაზაფხულზე კი ის მწერლის გამოუქვეყნებელი მოთხრობების კრებულში შეიტანეს. ფიცჯერალდის შემოქმედების მკვლევრებმა იცოდნენ ამ ნაწარმოებების არსებობის შესახებ, მაგრამ მწერლის შთამომავლებმა ისინი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს.

„თამასუქი“ ფიცჯერალდმა დაწერა 1920 წელს, 23 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა რომანი „სამოთხის აქეთა მხარეს“, რომელმაც უდიდესი წარმატება მოიპოვა. მანამდე მას ჟურნალ-გაზეთებმა 122-ჯერ უთხრეს უარი მოთხრობების გამოქვეყნებაზე. 1920 წელს ფიცჯერალდი უკვე სახელგანთქმული მწერალი გახლდათ.

 მოთხრობაში იუმორისტულად და სარკასტულადაც კი არის აღწერილი მთხრობლის – გამომცემლის – საქმიანობა და, აგრეთვე, ამერიკელთა გატაცება სპირიტიზმით. სიუჟეტი ამგვარია: ახალგაზრდა ამერიკელს, კოსგროუვ ჰარდენს პირველ მსოფლიო ომში დაღუპულად მიიჩნევენ, „ტვინის ანთების“ გამო ის საავადმყოფოში თვეებს გაატარებს და შემდგომ შეიტყობს, რომ ბიძამისმა ძმისშვილის (ფიქტიური) სიკვდილის მეოხებით ხელები მოითბო.

საინტერესოა, რომ კოსგროუვ ჰარდენის საცოლეს ჰქვია თალია – კომედიის ბერძნული მუზის სახელი. გვარ „ჰარდენსაც“, როგორც ჩანს, გარკვეული (როგორც ჩანს, კომედიური) კონოტაციები აქვს. ამ (და მრავალი სხვა) ხერხის მეშვეობით ხორციელდება ერთგვარი გაუცხოება მოთხრობაში გადმოცემული ამბისგან. ის აღარ აღიქმება როგორც რეალისტური თხრობა (თუმცა, ზედაპირული აღქმისას, შეიძლება ასე მოგვეჩვენოს) და აშკარავდება ნაწარმოების ქვეტექსტი – ამერიკისა და ამერიკელთა ცხოვრების პაროდიულ-სატირული სურათი.

 

ამბავს, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, სხვა პიროვნების (რა თქმა უნდა, მისი ნებართვით) სახელი და გვარი მოვაწერე. ჩემს ვინაობას არ გავამჟღავნებ. გამომცემელი გახლავართ. ვაქვეყნებ ხოლმე დაკოტელი შინაბერების მიერ დაწერილ სქელტანიან სასიყვარულო რომანებს, დეტექტიურ მოთხრობებს მდიდარი მამაკაცებისა და ავანტიურისტი შავთვალა ქალების თავგადასავლების შესახებ, კოლეჯის პროფესორებისა და სხვა უსაქმური ადამიანების გამოკვლევებს იმის თაობაზე, თუ რა ფერისაა მთვარე ტაიტის თავზე. ვუბრუნებ რომანებს ისეთ ავტორებს, რომელთაც თხუთმეტი წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ. კონფორმისტები და კომუნისტები (ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა კარგად არ მესმის) ბრალად მდებენ ფულის სიყვარულს. ფული მართლაც მჭირდება – ცოლისთვის, შვილებისთვის. ნიუ-იორკში არსებული მთელი ფული რომ შემომთავაზონ, უარს არ ვიტყვი. ვამჯობინებ, გამოვცე წიგნი, რომლის ხუთასი ათასი ეგზემპლარი გაიყიდება, ვიდრე ერთი წლის განმავლობაში აღმოვაჩინო სემუელ ბატლერი, თეოდორ დრაიზერი და ჯემს ბრანჩი. გამომცემელი რომ ყოფილიყავით, თქვენც ამასვე მოინდომებდით.

ექვსი თვის წინ გავაფორმე ხელშეკრულება წიგნზე, რომელიც, ჩემი აზრით, მომგებიანი უნდა ყოფილიყო. ავტორი გახლდათ პარანორმალური მოვლენების მკვლევარი, დ-რი ჰარდენი. მისი პირველი წიგნის გამოცემისას (1913 წელს) – პარანორმალური მოვლენები ისეთი პოპულარული არ იყო, როგორც – ამჟამად. ახლა რეკლამირებას ვუწევთ ამავე ავტორის ახალ წიგნს, რომელშიც დ-რმა ჰარდენმა აღწერა, თუ როგორ უკავშირდებოდა ხოლმე – სხვადასხვა მედიუმის დახმარებით – თავის ძმისშვილს, კოსტროუვ ჰარდენს, რომელიც ომში დაიღუპა.

დ-რი ჰარდენი დამწყები ინტელექტუალი როდი გახლდათ. თვალსაჩინო ფსიქოლოგი იყო. ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ვენაში მუშაობის დროს მიანიჭეს, ხოლო სამართლის დოქტორის ხარისხი ოქსფორდში მიიღო. მოგვიანებით დ-რი ჰარდენი მიწვეულ პროფესორად მუშაობდა ოჰაიოს უნივერსიტეტში. მისი წიგნი არ გამოირჩეოდა არც სკეპტიკური დამოკიდებულებით საკვლევი მოვლენების მიმართ, არც – ზედმეტი გულუბრყვილობით. ეს იყო ფუნდამენტური, სერიოზული ნაშრომი. მაგალითად, წიგნში ნათქვამი იყო, რომ ავტორს ეწვია ერთი ახალგაზრდა, გვარად უილკინსი, რომელმაც განაცხადა, კოსტროუვ ჰარდენს ჩემი ვალი – სამი დოლარი და ოთხმოცი ცენტი – ემართაო. უილკინსმა სთხოვა დ-რ ჰარდენს, შეეტყო, რას ფიქრობდა მიცვალებული ამასთან დაკავშირებით. უილკინსის თხოვნაზე დ-რმა ჰარდენმა მტკიცე უარით უპასუხა. მისი აზრით, ამგვარი თხოვნა დიდად არ განსხვავდებოდა მორწმუნის ვედრებისგან ამა თუ იმ წმინდანისადმი, რომ ამ უკანასკნელს დაებრუნებინა დაკარგული ქოლგა პატრონისთვის.

პუბლიკაციას ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში ვამზადებდით. ხუთ საუკეთესო მხატვარს წიგნის გარეკანის სამი ალტერნატიული ვარიანტი და ორი ნახატი შევუკვეთეთ. ბოლო კორექტურა შვიდმა გამოცდილმა კორექტორმა წაიკითხა, რათა ამერიკელი მკითხველის ფაქიზი თვალთახედვა არ შეურაცხეყო არც ერთ ოდნავ დეფორმირებულ მძიმეს ან ასომთავრულ „I“-ს .

ოთხი კვირით ადრე, სანამ წიგნის გაყიდვა დაიწყებოდა, ქვეყნის ათასობით პუნქტში უზარმაზარი ყუთებით გავგზავნეთ დ-რი ჰარდენის წიგნები: ჩიკაგოში – ოცდაშვიდი ათასი ეგზემპლარი, გალვესტონში (ტექსასი) – შვიდი ათასი ეგზემპლარი, ას-ასი ეგზემპლარი – ბისბიში (არიზონა), რედ უინგზსში (მინესოტა) და ატლანტაში (ჯორჯია). უფრო მსხვილ ქალაქებშიც დავგზავნეთ და მთელი კონტინენტი ისე გავავსეთ ამ წიგნით, როგორც ქვიშის თითქმის გამზადებულ ნახატზე დარჩენილ ცარიელ ადგილებს ავსებს ხოლმე ხელოვანი ქვიშისავე მარცვლებით.

პირველი ტირაჟი ზუსტად სამასი ათასი ეგზემპლარი იყო.

რეკლამის განყოფილების თანამშრომლები კვირაში ექვსი დღის განმავლობაში, დილის ცხრა საათიდან საღამოს ხუთ საათამდე, თავაუღებლივ შრომობდნენ: თხზავდნენ და ხვეწდნენ სარეკლამო ტექსტებს, ამზადებდნენ რუბრიკებს, სპეციალურ სტატიებსა და ინტერვიუებს; საუკეთესო ფოტოგრაფები იღებდნენ დოქტორ ჰარდენს, რომელსაც ღრმააზროვანი, ჩაფიქრებული გამომეტყველება ჰქონდა; ზოგიერთ ფოტოსურათზე ტენისის ჩოგანი ან გოლფის ჯოხი ეკავა, ან კიდევ – ოკეანეს გაჰყურებდა.

ასობით გაზეთისა და ყოველკვირეული ჟურნალებისთვის განკუთვნილი სასაჩუქრო ეგზემპლარები დასტებად დავაწყვეთ.

წიგნის გაყიდვა 15 აპრილს უნდა დაწყებულიყო. თოთხმეტ აპრილს ოფისის ოთახებში დაძაბულმა სიჩუმემ დაისადგურა. პირველ სართულზე, მაღაზიაში, კლერკები ნერვულად უყურებდნენ ცარიელ თაროებს, სადაც წიგნები უნდა დაეწყოთ, და ვიტრინებს, სადაც სამ გაწაფულ სპეციალისტს უნდა დაელაგებინა წიგნები კვადრატულად, წრიულად, გულის, ვარსკვლავისა და პარალელოგრამის ფორმით.

15 აპრილის დილას, ცხრას რომ ხუთი წუთი დააკლდა, გულწასული მთავარი სტენოგრაფისტი, მის ჯორდანი, მკლავებში ჩაუვარდა ჩემს უმცროს პარტნიორს. ცხრა საათი რომ შესრულდა, წვერულვაშიანმა მოხუცმა ჯენტლმენმა იყიდა „სულთა სამყაროს მეუფეთა“ პირველი ეგზემპლარი.

ყველა წიგნი გავყიდეთ.

სამი კვირის შემდეგ გადავწყვიტე, ჯოლიეტში (ოჰაიოს შტატი) გავმგზავრებულიყავი და დ-რი ჰარდენი მომენახულებინა, დაახლოებით ისე, როგორც მუჰამედი (თუ მოსე?) მივიდა მთასთან. ჰარდენმა თავი ჯოლიეტს შეაფარა, რადგან ხმაური და თავყრილობები არ უყვარდა. საჭირო იყო მისი გამხნევება, მილოცვა და გაფრთხილება ჩემი კონკურენტების შესაძლო ქმედებათა შესახებ. ვაპირებდი, ასევე, შევთანხმებულიყავით მისი მომდევნო წიგნის გამოცემის შესახებ. ამიტომ თან წავიღე რამდენიმე კონტრაქტი, რომლებიც მას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მატერიალური საზრუნავისგან გაათავისუფლებდა.

ნიუ-იორკიდან ოთხ საათზე გავემგზავრე. ჩვეულებრივ, მატარებლით მგზავრობისას ყოველთვის თან მიმაქვს ახალგამოცემული წიგნის ექვსი ეგზემპლარი, რომელთაც ვითომდა შემთხვევით ვანახვებ და ვათხოვებ ხოლმე ინტელექტუალური გამომეტყველების მქონე მგზავრებს, იმ იმედით, რომ წიგნი მკითხველთა ახალი ჯგუფის ყურადღებას მიიპყრობს. სანამ ტრენტონში ჩავიდოდით, ლორნეტიანმა ქალბატონმა მოასწრო, სკეპტიკური გამომეტყველებით გადაეფურცლა ერთი ეგზემპლარი, ახალგაზრდა კაცი გატაცებით კითხულობდა მეორეს, ხოლო წითურთმიანი გოგონა, რომელსაც არაჩვეულებრივად ნაზი მზერა ჰქონდა, მესამე წიგნის გარეკანზე რაღაცას ჯღაბნიდა. გამაჟრჟოლა.

პენსილვანიის პეიზაჟებს ნიუ-ჯერსის ლანდშაფტი შეენაცვლა. ფანჯრიდან მოჩანდა ძროხები, ტყეები, მინდვრები. ოც წუთში ერთხელ ვხედავდი ერთსა და იმავე ფერმერს, რომელიც სოფლის სადგურთან, თავის ფურგონში იჯდა, თუთუნს ღეჭავდა და ჩაფიქრებული უმზერდა პულმანის ვაგონის ფანჯრებს. ჩავთვლიმე.

ალბათ, ამ ფერმერს ათჯერ თუ თხუთმეტჯერ ჩავუარეთ, როდესაც უეცრად გამოვფხიზლდი იმის გამო, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელიც წიგნს კითხულობდა, ფეხს ორკესტრის მედოლესავით აბაკუნებდა და რაღაცას ბურტყუნებდა. გამაკვირვა და გამახარა იმან, რომ აღელვებული იყო დ-რი ჰარდენის წიგნით, რომელსაც თავისი თეთრი გრძელი თითებით მაგრად ჩაბღაუჭებოდა.

– მითხარით, – მივმართე ჭაბუკს მხიარულად. – წიგნმა დაგაინტერესათ?

შემომხედა. გამხდარ სახეზე თვალები ისე უელვარებდა, როგორც ორი ტიპის ადამიანებს სჩვევიათ: იმათ, ვინც სპირიტიზმამდე ამაღლდა, და იმათ, ვინც სპირიტიზმამდე დაეშვა.

გაოგნებული ჩანდა და ამიტომ კითხვა გავუმეორე.

– დამაინტერესა! – წამოიძახა მან. – დამაინტერესა! ოჰ, ღმერთო ჩემო!

ყურადღებით შევხედე. როგორც ჩანს, ან მედიუმი იყო, ან ერთ-ერთი იმ სარკასტულად განწყობილ ახალგაზრდათაგან, რომლებიც პოპულარულ ჟურნალებში წერენ ხოლმე იუმორისტულ მოთხრობებს სპირიტების შესახებ.

– შესანიშნავი წიგნია, – თქვა მან ბოლოს. – პერსონაჟმა, ალბათ, საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო საიქიოში, სანამ ყოველივეს ბიძამისს უამბობდა.

– ჰო, ალბათ, ასე იყო-მეთქი, ვუპასუხე.

– ამ თხზულების ღირებულება, – თქვა ჭაბუკმა და ამოიოხრა, – დამოკიდებულია იმაზე, სწორად მიუთითა თუ არა ამ ახალგაზრდამ თავისი ადგილსამყოფელი…

– რატომ გეპარებათ ეჭვი? – ვკითხე გაოცებით, – ახალგაზრდა კაცის სული ხომ სამოთხეში უნდა მოხვედრილიყო და არა – განსაწმენდელში.

– ჰო, – დამეთანხმა ის ჩაფიქრებით. – წარმოუდგენელია, რომ გასაწმენდელში მოხვედრილიყო და კიდევ უფრო წარმოუდგენელია, რომ სამოთხესა და განსაწმენდელში კი არა, სხვაგან იმყოფებოდეს.

ეს უკვე მეტისმეტი გახლდათ.

– სიცოცხლეში ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ გვევარაუდა…

– რა თქმა უნდა, არა. ვერ მიმიხვდით. უბრალოდ, არ მჯერა, რომ ის განსაწმენდელიდან უკავშირდებოდა ხოლმე ბიძამისს. იქნებ სხვაგან ბინადრობს…

– მაინც, სად?

– მაგალითად, იონკერსში[1].

შევკრთი.

– რა თქვით?

– თუ ის იონკერსში იმყოფება…

– ჩემო კარგო, – გავფიცხდი მე. – ერთი მითხარით, რა კავშირია იონკერსსა

და „სულთა სამყაროს მეუფეთა“ შორის?

– არავითარი. მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა, იონკერსში რომ ბინადრობდეს…

– მაგრამ იონკერსში არ ბინადრობს.

– ჰო, ასეა. – მან იყუჩა და კვლავ ამოიოხრა. – ფაქტობრივად, ახლახან იმოგზაურა პენსილვანიიდან ოჰაიოსკენ.

მღელვარებისგან შევხტი. ვერ ვხვდებოდი, ზუსტად რას გულისხმობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მის ნათქვამს რაღაც იდუმალი ქვეტექსტი უნდა ჰქონოდა.

– რას გულისხმობთ, – სწრაფად ვკითხე, – მასთან ასტრალური კავშირი გაქვთ?

ახალგაზრდა კაცი ენერგიულად გასწორდა.

– როგორც ჩანს, – თქვა მან. – შეერთებული შტატების გულუბრყვილო მკითხველთა გასართობად ვიქეცი. კოსგროუვ პ. ჰარდენი მქვია. არ მოვმკვდარვარ. და ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ვგრძნობ, რომ არასოდეს მოვკვდები.

ჩემმა ყვირილმა და გაოცებამ გოგონა ისე შეაკრთო, რომ ხატვა შეწყვიტა.

მყისვე წარმომიდგა ადამიანების გრძელი რიგი – მეორმოცე ქუჩიდან, სადაც ჩემი გამომცემლობა იყო, ბაუერიმდე; ხუთასი ათასი ადამიანი, რომელთაგან თითოეულს „სულთა სამყაროს მეუფეთა“ ეგზემპლარი ეკავა და თავისი ორი დოლარისა და ორმოცდაათი ცენტის დაბრუნებას მოითხოვდა. სწრაფად ვიაზრე, იქნებ, წიგნში მოხსენიებულ პიროვნებათა სახელები შევცვალო და სამეცნიერო ლიტერატურის ნაცვლად, მხატვრულ ლიტერატურის ნიმუშად გავასაღო-მეთქი, მაგრამ ვეღარაფერს მოვასწრებდი. სამასი ათასი ეგზემპლარი უკვე გაყიდული იყო.

როდესაც გონს მოვედი, ახალგაზრდა კაცმა მიამბო თავისი ისტორია და ისიც, თუ რატომ მიიჩნიეს გარდაცვლილად: სამი თვის განმავლობაში გერმანელთა ტყვეობაში იმყოფებოდა; ტვინის ანთების გამო ათი თვე გაატარა საავადმყოფოში; კიდევ ერთი თვე გავიდა, სანამ თავისი სახელი გაიხსენა. ნიუ-იორკში ჩამოსულს ძველი მეგობარი შეხვდა, რომელიც დაჟინებით მიაშტერდა და შემდეგ გულწასული დაეცა. როდესაც გონს მოვიდა, მეგობრები კოქტეილის დასალევად ბარში წავიდნენ და ერთი საათის შემდეგ კოსგროუვ ჰარდენმა მოისმინა ძალზე უცნაური ამბავი თავისი თავის შესახებ.

წიგნის მაღაზიას მიაკითხა. ბიძამისის თხზულება, რომლის შეძენაც სურდა, უკვე გაყიდული იყო. ამიტომ კოსგროუვი ჯოლიეტში (ოჰაიოს შტატი) გაემგზავრა მატარებლით, სადაც ბედმა გაუღიმა და სწორედ ეს წიგნი ჩაუვარდა ხელთ.

თავდაპირველად ვიფიქრე, შანტაჟისტი ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ როდესაც დავხედე მის ფოტოსურათს „სულთა სამყაროს მეუფეთა“ 226-ე გვერდზე, დავრწმუნდი, რომ მართლაც კოსგროუვ ჰარდენი გახლდათ. უფრო გამხდარი და მაღალი იყო, ვიდრე ფოტოსურათზე ჩანდა. ულვაშსაც აღარ ატარებდა, მაგრამ ნამდვილად ის იყო.

ამოვიოხრე – ღრმად და ტრაგიკულად.

– ეს წიგნი უფრო კარგად იყიდება, ვიდრე – ბელეტრისტიკა.

– ბელეტრისტიკა! – წამოიძახა მრისხანედ. – განა ბიძაჩემის თხზულება ბელეტრისტიკა არაა? ის ხომ გამონაგონია,

– გარკვეული გაგებით, მართლაც ასეა… – ვაღიარე დარცხვენით.

– გარკვეული გაგებით? რას ამბობთ! პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე გამონაგონია. გამონაგონის ყველა კრიტერიუმს შეესაბამება: გაწელილი ტკბილი სიცრუეა. განა მას შეიძლება ობიექტურობა დავწამოთ?

– დოკუმენტურ პროზას დავარქმევდი, – ვუპასუხე ფრთხილად. – დოკუმენტურ პროზაში ხომ შერეულია ტყუილ-მართალი.

მან წიგნი ალალბედზე გადაშალა და წამოიყვირა. წითურთმიანმა გოგონამ კვლავ გაოცებით შემოგვხედა.

– შეხედეთ! – ამოიხრიალა კოსგროუვმა. – შეხედეთ. აქ ნათქვამია, ორშაბათიო. თურმე, ერთ ორშაბათს „გაღმა“, „შორეულ ნაპირას“ ყვავილების სურნელით ვტკბებოდი. მთელი დღე ყვავილების ყნოსვაში გამიტარებია. ეს 194-ე გვერდზეა ნათქვამი. აი, ახლაც ვგრძნობ ვარდის სურნელს…

წიგნი ფრთხილად მივიტანე ცხვირთან.

– ვერაფერს ვგრძნობ, – წავიჩურჩულე მე. – შესაძლოა, ეს საღებავის სუნია…

– ნუ ყნოსავთ! – კვლავ დაიყვირა მან. – წაიკითხეთ! აქ ნათქვამია, რომ ვარდს ვყნოსავდი, რასაც მოსდევს ორი აბზაცი მშვენიერებისადმი ადამიანის ინსტინქტური ლტოლვის შესახებ. შემდეგ კიდევ ერთი საათი, თურმე, ზიზილებს ვათვალიერებდი. ღმერთო ჩემო! სირცხვილით თავი არსად გამომეყოფა. კოლეჯის კურსდამთავრებულთა შეხვედრებზეც კი ვერ მივალ.

რამდენიმე გვერდი გადაფურცლა და კვლავ ამოიოხრა.

– თურმე, იქ ბავშვებთან ერთად მიცეკვია, – მთელი დღე მათთან გამიტარებია. უნდა გითხრათ, რომ არ ვცეკვავ. ბავშვებსაც ვერ ვიტან. და უმალ მოვკვდები, ვიდრე წრეში ჩავდგები მათთან ერთად.

– აი, შეხედეთ, – წამოვიკნავლე მე, – ითვლება, რომ ეს შესანიშნავი პასაჟია. აბა, წაიკითხეთ. აქ თქვენი სამოსია აღწერილი, ის, რომელიც მიღმურ სამყაროში გეცვათ. საუცხოო იყო. თქვენი მოძრაობისას ფრიალებდა……

– ეს „სამოსი“, როგორც ჩანს, საცვალს ჰგავდა, – მიპასუხა მან ბრაზით, – თავზე კი ფოთლების გვირგვინი მეკეთა.

ვაღიარე, მართლაც ასე წერია-მეთქი (ფოთლებს ვგულისხმობ).

– მიუხედავად ამისა, – ვივარაუდე მე, – დაფიქრდით, ხომ შეიძლებოდა, უარეს სიტუაციაში აღმოჩენილიყავით. დ-რ ჰარდენს შეეძლო, კომიკურ პერსონაჟად გამოეყვანეთ და სპირიტული სეანსების დროს ეკითხა, რამდენი საათი ჰქონდა ბაბუათქვენს ან მართლაც წააგეთ თუ არა სამი დოლარი და ოთხმოცი ცენტი პოკერში.

პაუზა.

– სასაცილო ვინმეა ბიძაჩემი, – თქვა მან, – მგონი, ცოტათი შერეკილია.

– სულაც არა. – შევეპასუხე მე. – დიდი ხანია, ავტორებთან მაქვს ურთიერთობა და, გარწმუნებთ, სავსებით ნორმალურია. არასოდეს უცდია ფულის სესხება ჩვენგან; არასოდეს გამოუთქვამს უკმაყოფილება ჩვენი გამომცემლობის სარეკლამო განყოფილების მუშაობის გამო; არასოდეს უთხოვია ჩემთვის წიგნის ეგზემპლარები თავისი ბოსტონელი ხელმოკლე მეგობრებისთვის გასაგზავნად.

– მიუხედავად ამისა, ხელები მექავება, რომ მისი ასტრალური სხეული კარგა გემრიელად გავტყიპო.

– განა ამას აპირებთ? – ვკითხე შიშით. – გინდათ, რომ თქვენი ვინაობა გაამჟღავნოთ და ხელი შეუშალოთ მისი წიგნის გაყიდვას?

– დიახაც!

– რა თქმა უნდა, ასე არ მოიქცევით. წარმოიდგინეთ – თქვენ ხომ ხუთას ათას ადამიანს ატკენთ გულს.

– ისინი, ძირითადად, ქალები არიან. – თქვა მან პირქუშად. – ქალებს კი სიამოვნებთ, როდესაც თავს უბედურ არსებებად მიიჩნევენ. მეორე მხრივ, წარმოიდგინეთ, რას იფიქრებს და რას იგრძნობს ჩემი დანიშნული, როდესაც შეიტყობს ყვავილებში ჩემი ნებივრობის შესახებ? განა მოეწონება, როდესაც 221-ე გვერდზე ამოიკითხავს, რომ, თურმე, ბავშვებთან ერთად შიშველი ვცეკვავდი?

სასოწარკვეთამ შემიპყრო. ახლავე უნდა შემეტყო, რა ჰქონდა ჩაფიქრებული.

– რას… რას აპირებთ?

– რას ვაპირებ? – დაიბღავლა მან გიჟივით. – იმას ვაპირებ, რომ ბიძაჩემი, მისი რედაქტორი, პრეს-აგენტი და მთელი ეს ხროვა დავსაჯო, თვით ტიპოგრაფის ჩათვლით.

მომდევნო დილას, ცხრა საათზე, როდესაც ჯოლიეტში ჩავედით, შევძელი, თითქმის ნორმალურ მდგომარეობამდე მიმეყვანა. ბიძათქვენი ბერიკაცია, შეცდა, თავი მოიტყუა და ამის გამო არ უნდა დაისაჯოს, მგონი, ავადმყოფია და ძმისშვილის მოულოდნელად ხილვისას შესაძლოა გული გაუსკდეს-მეთქი.

რა თქმა უნდა, ვიმედოვნებდი, რომ კომპრომისზე დავიყოლიებდი… ყველაფერი მოგვარდებოდა, თუკი კოსგროუვი დამთანხმდებოდა, დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საიდუმლო შეენახა.

 

პატარა სადგურიდან გავედით. სოფელს გავცდით. მდუმარედ მივდიოდით. როდესაც დ-რი ჰარდენის სახლამდე ასი იარდი დარჩა, შევჩერდი და კოსგროუვს მივუბრუნდი.

– აქ დამელოდეთ, – ვუთხარი ჩემს თანამგზავრს. – ბიძათქვენი მოულოდნელი შეხვედრისათვის უნდა შევამზადო. ნახევარ საათში დავბრუნდები.

რაღაც წაიბურტყუნა. შემდეგ გზის პირას, ხშირ ბალახში ჩაჯდა. ოფლით დაცვარული შუბლი შევიმშრალე და სახლისკენ მიმავალ ბილიკს გავყევი.

დ-რ ჰარდენის ბაღში აყვავებული იაპონური მაგნოლიების ფურცლები ბალახზე ვარდისფერ წვეთებად იფრქვეოდა. მაშინვე დავინახე ღია ფანჯარასთან მჯდარი ჰარდენი. წვერგაუპარსავ სახესა და ჭაღარა თმაზე მზის სხივები ეფრქვეოდა. მის წინ, მაგიდაზე, ცარიელი ყავისფერი კონვერტი იდო. ჰარდენი თავისი გამხდარი თითებით ენერგიულად იქექებოდა გაზეთების ამონაჭრებში, რომლებიც, როგორც ჩანს, კონვერტიდან ეს-ესაა ამოეღო.

საკმაოდ ახლოს მივედი. მაგნოლიებს ჩავუარე და ის იყო, დავაპირე, დ-რი ჰარდენისთვის დამეძახა, რომ თვალი მოვკარი ალისფერ დილის სამოსში გამოწყობილ გოგონას, რომელიც ხეების გადახლართულ ტოტებს შორის მოიკვლევდა გზას სახლისკენ. უკან დავიხიე და ხეებს შორის დავიმალე. გოგონა ღია ფანჯარასთან მივიდა და თამამად მიმართა დ-რ ჰარდენს.

– თქვენთან სალაპარაკო მაქვს, – უთხრა მკვახე კილოთი.

ჰარდენმა ახედა და ხელიდან „ფილადელფია პრესის“ ამონაჭერი გაუვარდა. ვიფიქრე, ის ამონაჭერი ხომ არ არის, რომელშიც მას „ახალ წმ. იოანეს“ უწოდებენ-მეთქი.

– ამ სისულელის შესახებ. – განაგრძო გოგონამ.

და წიგნი გამოართვა. ეს იყო „სულთა სამყაროს მეუფენი“. წიგნი ვიცანი წითელი გარეკანით, რომლის კუთხეებში ანგელოზები ეხატა.

– რა საშინელებაა! – ბრაზით თქვა გოგონამ და წიგნი ბუჩქებში მოისროლა.

„სულთა სამყაროს მეუფენი“ ორ ველურ ვარდს შორის გასრიალდა და ხის ფესვებს შორის საცოდავად მიიყუჟა.

– რატომ, მის თალია!

– რატომ, მის თალია! – გამოაჯავრა გოგონამ. – უტვინო ბერიკაცო, ისე როგორ გამოყეყეჩდით, რომ ეს წიგნი დაწერეთ?

– გამოვყეყეჩდი? – ჰარდენის ხმაში გაისმოდა სუსტი იმედი იმისა, რომ, შესაძლოა, გოგონა იმას არ გულისხმობდა, რასაც ამბობდა. მაგრამ ეს იმედი მყისვე გაუქარწყლდა.

– დიახ, გამოყეყეჩდით, – წამოენთო გოგონა, – გესმით? ღმერთო ჩემო. ინგლისური დაგავიწყდათ?

– თუ წაიკითხავ ამ ამონაჭრებს…

გოგონა იდაყვებით ფანჯრის რაფას დაეყრდნო და დააპირა, ოთახში გადასულიყო, მაგრამ შემდეგ ნიკაპი ხელებს დააყრდნო, ჰარდენს მიაჩერდა და ალაპარაკდა.

– თქვენი ძმისშვილი, – თქვა მან, – საუკეთესო ადამიანი იყო, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე, და – ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ოდესმე მიყვარდა ან მეყვარება.

ჰარდენმა თავი დაუქნია და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ თალიამ თავისი პატარა მუშტი რაფაზე დააბრაგუნა და განაგრძო:

– მამაცი, სამართლიანი და სათნო ადამიანი იყო. დაჭრილი სერჟანტი ჰარდენი, 105-ე ქვეითი დივიზიის ჯარისკაცი, უცხო ქალაქში დაიღუპა. ღირსეულად ცხოვრობდა და ღირსეულად მოკვდა. თქვენ კი როგორ მოექეცით! – და გოგონამ ხმას ოდნავ აუწია. ფანჯრებზე ამოყვანილი ვაზის ფოთლები თანაგრძნობით შეირხა. – ეს რა ჩაიდინეთ! რატომ გაამასხრეთ! რატომ აქციეთ კომიკურ პერსონაჟად, რომელიც საიქიოდან იდიოტურ შეტყობინებებს გზავნის ყვავილების, ჩიტებისა და ჯორჯ ვაშინგტონის კბილების შესახებ? თქვენ…

ჰარდენი წამოდგა,

– აქ იმისთვის მოხვედით, – დაიწყო მან, – რომ ჩემთვის გეთქვათ…

– ხმა ჩაიკმინდეთ! – შესძახა გოგონამ. – ვერ გამაჩუმებთ, თუგინდ ყველა ასტრალური სხეული დამასიოთ თავს.

ჰარდენი სკამზე დაეშვა.

– განაგრძეთ, – თქვა მან და შეეცადა მოთმინება არ დაეკარგა, – სხვა რა გზაა, ავიტან.

გოგონა წუთით გაჩუმდა და თავი ბაღისკენ მიატრიალა. ტუჩებს იკვნეტდა და თვალებს ახამხამებდა, რომ ცრემლები შეეკავებინა. შემდეგ თავისი შავი თვალები კვლავ მიაპყრო ჰარდენს.

– თქვენ ითაღლითეთ, – განაგრძო გოგონამ, – ძმისშვილისგან მედიუმი შექმენით, რათა ისტერიული ქალების თვალში უდიდეს პიროვნებად ქცეულიყავით. არავითარ პატივს არ სცემთ სიკვდილს, მის ღირსებასა და იდუმალებას. ერთი უკბილო ლაჩარი ბებერი ხართ, რომელიც საკუთარი და უამრავი სხვა ყეყეჩის გულუბრყვილობით სარგებლობს. აი, ახლა ყველაფერი ვთქვი.

ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე გოგონა შემობრუნდა და, ამაყად თავაწეული, გაჰყვა ბილიკს, რომლის მახლობლად, ხეებქვეშ ვიდექი. დავიცადე, სანამ ჩამივლიდა და საკმაო მანძილით დასცილდებოდა ფანჯარას. შემდეგ გავედევნე და დავუძახე:

– მის თალია!

გოგონამ გაკვირვებით შემომხედა.

– მის თალია, ბილიკის ბოლოს სიურპრიზი გელით – გელით ის, ვინც მრავალი თვის განმავლობაში არ გინახავთ.

სახეზე შეეტყო, რომ არაფერი ესმოდა.

– არ მსურს, სიურპრიზი წავახდინო, – განვაგრძე მე, – მაგრამ არც ის მინდა, რომ შეშინდეთ, როდესაც თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტი დადგება.

– რას გულისხმობთ? – მკითხა მან წყნარად.

– არაფერს, – ვუთხარი მე, – უბრალოდ, ბილიკს გაჰყევით, შემდეგ გზაზე გადით და იფიქრეთ, რა გაგახარებდათ ამქვეყნად ყველაზე მეტად.

თავი მდაბლად დავუკარი. ვუღიმოდი. ქუდი ხელში მეჭირა.

გაოცებით მიყურებდა. შემდეგ შეტრიალდა და ბილიკს გაჰყვა. მალე მაგნოლიის ხეებქვეშ თვალს მიეფარა .

ოთხი დღე გავიდა – ოთხი ცხელი და მღელვარე დღე – სანამ შევძლებდი, ამ ამბის მონაწილეები შემეხვედრებინა. პირველი შეხვედრა კოსგროუვ ჰარდენსა და ბიძამისს შორის ყველაზე უფრო დაძაბული მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთი საათის განმავლობაში მორყეული სავარძლის გლუვ ნაპირას ვიჯექი და მზად ვიყავი წამომვხტარიყავი ყოველთვის, როდესაც ახალგაზრდა კოსგროუვი იძაბებოდა. მაგრამ ყოველ ჯერზე სავარძლიდან ძირს უმწეოდ მოვსრიალებდი და იატაკზე ზღართანს ვადენდი.

დ-რმა ჰარდენმა საუბარი დაასრულა, ადგა და კიბეზე ავიდა. მუქარისა და დაპირებების წყალობით შევძელი ახალგაზრდა ჰარდენი მის ოთახში შემეყვანა და პირობა ჩამომერთმია, რომ ოცი საათის განმავლობაში თავის საიდუმლოს არ გათქვამდა.

ორი ბებერი მსახურის მოსასყიდად უამრავი ფული დავხარჯე. ვთხოვე, არსად არაფერი წამოგცდეთ, რადგან კოსგროუვ ჰარდენი სინგ-სინგიდან გამოიქცა-მეთქი. ამ სიტყვების წარმოთქმისას ტანში გამცრა, მაგრამ ატმოსფერო ტყუილებით იმდენად იყო გაჯერებული, რომ კიდევ ერთი სიცრუე არაფერს დააკლებდა. რომ არა მის თალია, პირველსავე დღეს ავკრეფდი ჩემს გუდა-ნაბადს, ნიუ-იორკში დავბრუნდებოდი და კრახს დაველოდებოდი. მაგრამ გოგონა ისეთ უსაზღვრო ბედნიერებას განიცდიდა, რომ მზად იყო, ყველაფერზე დათანხმებულიყო. შევთავაზე, თუკი თქვენ და კოსგროუვი დაქორწინდებით, შემდეგ კი, გამოგონილი გვარით, დასავლეთში დასახლდებით, ფულად დახმარებას არ მოგაკლებთ-მეთქი. თალია სიხარულისგან შეხტა. მისი განწყობილებით ვისარგებლე და ხასხასა ფერებით დავუხატე ულამაზესი ბუნგალო კალიფორნიაში, სადაც მთელი წლის განმავლობაში დარია, სადაც ივნისის ბინდბუნდში ილანდება ოქროს ჭიშკარი, სადაც კოსგროუვი ბედნიერი იქნებოდა, და ასე შემდეგ.

როდესაც ვლაპარაკობდი, თალიამ რამდენჯერმე სიხარულით წამოიყვირა. მზად იყო, დაუყოვნებლივ გამგზავრებულიყო აქედან. სწორედ მან დაარწმუნა კოსგროუვი მეოთხე დღეს, რომ სასტუმრო ოთახში შევკრებილიყავით. მსახური გოგონა გავაფრთხილე, არავინ შემოუშვა-მეთქი და დავსხედით, რათა ყველაფერზე შევთახმებულიყავით.

ჩვენი თვალსაზრისები სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

ახალგაზრდა ჰარდენი წითელი დედოფალივით[2] ულმობელი იყო: მას, ვინც შეცდომა დაუშვა, პასუხი უნდა ეგო. ჰარდენების ოჯახში მკვდარი გაცოცხლდაო, განაცხადა მან, მაგრამ ოჯახის სხვა – ცოცხალი – წევრი მოკვდება, თუ არ გაფრთხილდებაო.

დ-რმა ჰარდენმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. სიკვდილს ნატრობდა.

თალია კი გზამკვლევში კითხულობდა ინფორმაციას კალიფორნიისა და მისი საუცხოო ჰავის შესახებ. წარმოსახვით უკვე ულამაზეს ბუნგალოში იმყოფებოდა და ხედავდა, როგორ ვახშმობდნენ ის და კოსგროუვი ბუნგალოში.

ვფიქრობდი და ვთქვი კიდეც, რომ შესაძლებელი იყო ნებისმიერი კვანძის გახსნა და ნებისმიერი ლაბირინთიდან თავის დაღწევა – და ჩემმა მეტაფორებმა ყველა კიდევ უფრო მეტად დააბნია.

კოსგროუვ ჰარდენი მოითხოვდა, „სულთა სამყაროს მეუფენის“ ოთხი ეგზემპლარი აგვეღო და გვემსჯელა წიგნის შესახებ. დ-რმა ჰარდენმა წაიბუტბუტა, წიგნის დანახვისთანავე მუცლის გვრემა მეწყებაო. თალიამ შემოგვთავაზა, ყველანი კალიფორნიაში გავმგზავრებულიყავით და პრობლემა იქ გადაგვეწყვიტა.

წიგნის ეგზემპლარები დავურიგე. ჰარდენმა თვალები დახუჭა და ამოიკვნესა. თალიამ წიგნი ბოლო გვერდზე გადაშალა და დაიწყო ხატვა ბუნგალოებისა, რომელთა კარებში ახალგაზრდა ცოლები იდგნენ. კოსგროუვ ჰარდენი გაფაციცებით ეძებდა 226-ე გვერდს.

– აი ისიც! – დაიყვირა მან. – სურათის ქვეშ, რომელსაც აწერია „კოსგროუვ ჰარდენი გაცურვამდე ერთი დღით ადრე გვიჩვენებს პატარა ხალს მარცხენა თვალის ქვეშ“, ვკითხულობ: „ეს ხალი ყოველთვის აწუხებდა კოსგროუვს. მიიჩნევდა, რომ ადამიანის სხეული სრულყოფილი უნდა იყოს. ამიტომაც ეს ხარვეზი ბუნებრივად უნდა მოსცილებოდა!“ ჰმ! არავითარი ხალი არა მაქვს.

დ-რი ჰარდენი დაეთანხმა.

– შეიძლება, ნეგატივის ხარვეზია, – ივარაუდა მან.

– მისმინეთ! – შევაწყვეტინე მე და კოსგროუვს მივმართე. – განა შეთანხმება არ შეგვიძლია? არავინ იცის, რომ ქალაქში ხართ. განა არ შეგვიძლია…

ახალგაზრდა ჰარდენმა შუბლი შეიჭმუხნა.

– ჯერ არ დამიწყია. არაფერი მითქვამს იმის შესახებ, რომ თალიას ჩემ მიმართ გული გაუცივდა, სამაგიეროდ, სიმპათია გაუჩნდა…

– გული გაუცივდა? – შეეპასუხა დ-რი ჰარდენი. – ეს ჩემი ბრალი არაა. მას ვძულვარ. მას…

კოსგროუვს მწარედ ჩაეცინა.

– გაგიჟდი? გგონია, შენი ბებრული ჭაღარა ულვაშებით მოიხიბლა? თალიას იმის გამო გაუცივდა გული, რომ წიგნში ასე უცნაურად ვარ წარმოდგენილი.

თალია წინ გადმოიხარა.

– ყოველთვის მეყვარები, კოსგროუვ, ყოველთვის.

– არ მჯერა, თალია, – ამოიოხრა კოსგროუვმა. – განა ეს წიგნი არ წაიკითხე? რას ფიქრობ 223-ე გვერდის შესახებ? განა შეიძლება გიყვარდეს კაცი, რომელიც მოფრიალე საცვალს ატარებს? რომელიც… გამჭვირვალეა? აჩრდილია?

– ეს ყველაფერი არ დამიჯერებია.

– კვლავ გიყვარვარ? – მის ხმაში იმედგაცრუება იგრძნობოდა.

– ჰო, კოსგროუვ.

– მჯერა,- თქვა კოსგროუვმა. – მაგრამ, პოლიტიკური თვალსაზრისით, სრული ნული ვარ. იმის თქმა მინდა, რომ თუკი ოდესმე პოლიტიკაში ჩავერთვები, პრეზიდენტი ვერასოდეს გავხდები. დემოკრატიული აჩრდილიც კი არ ვარ, სპირიტული პარვენიუ გახლავართ.

გულდამძიმებულ დ-რ ჰარდენს სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული.

კოსგროუვს მონოლოგი შევაწყვეტინე. ხმამაღლა დაველაპარაკე და კოსგროუვი იძულებული გახდა, გაჩუმებულიყო და ჩემთვის მოესმინა.

– წელიწადში ათი ათას დოლარს გადაგიხდით, თუკი ათი წლის განმავლობაში არსად გამოჩნდებით.

თალიამ სიხარულით ტაში შემოჰკრა და კოსგროუვი ცოტათი გამოცოცხლდა.

– ათი წლის შემდეგ რას აპირებთ?

– ოჰ, – ვთქვი იმედიანად, – შეიძლება… შეიძლება, დ-რი ჰარდენი…

– ნუ გერიდებათ, თქვით, – მითხრა დაღვრემილმა დ-რმა ჰარდენმა. – ალბათ, მოვკვდები. ნამდვილად ასე მოხდება.

– ჰოდა, აქ დაბრუნებას შეძლებთ. – განვაგრძე დაუდევრად.

– ჰმ! ამ ათ წელიწადში რომ არ მოკვდეს? – ეჭვით მკითხა კოსგროუვმა.

– ნამდვილად მოვკვდები, – სწრაფად წარმოთქვა დ-რმა ჰარდენმა. – ამაზე ნუ წუხხარ.

– საიდან იცი, როდის მოკვდები?

– იქიდან, რომ ადამიანები კვდებიან ხოლმე.

კოსგროუვმა ბიძას ბრაზით გადახედა.

– თუ პატიოსან სიტყვას მომცემ, რომ მოკვდები, ყოველგვარი ხრიკების გარეშე…

დ-რმა ჰარდენმა პირქუშად დაუქნია თავი.

– იმ დროისთვის შიმშილით მოვკვდები.

– სანამ მოკვდები, ღვთის გულისათვის, დაკრძალვასთან დაკავშირებული ფორმალობები მოაგვარე. ნუ გგონია, რომ მოვალ და ყველაფერზე ვიზრუნებ.

ამ სიტყვებზე დ-რი ჰარდენი კიდევ უფრო მოიღუშა. შემდეგ თალიამ, რომელიც აქამდე დუმდა, თავი ასწია.

– უცნაური ხმაური მესმის. – თქვა მან.

მივაყურადე და მივხვდი, რომ ის, რასაც ქვეშეცნეულად ზუზუნად აღვიქვამდი, მრავალი ადამიანის ნაბიჯების ხმა იყო.

– მეც მესმის, – დავუდასტურე მე.

უეცრად ნაბიჯების ხმას სიმღერა შეერია. კარი გაიღო და შეშფოთებულმა მსახურმა შემოიხედა.

– დ-რ ჰარდენ! დ-რ ჰარდენ! – ყვიროდა ის. – სახლს ბრბო უახლოვდება. შეიძლება მილიონი ადამიანიც კი იყოს. საცაა, აქ იქნებიან…

ხმაური გაძლიერდა. წამოვხტი.

– ძმისშვილი დამალეთ! – დავუყვირე დ-რ ჰარდენს.

თვალებდაჭყეტილმა დ-რმა ჰარდენმა, რომელსაც ჭაღარა წვერი უთრთოდა, კოსგროუვს იდაყვში ხელი წაავლო.

– ნეტავ, რა ხდება? – წაიჩურჩულა მოხუცმა.

– არ ვიცი. სხვენზე აიყვანეთ და ფოთლები დააყარეთ. საგვარეულო ნივთების უკან დამალეთ.

ეს ვთქვი, ჰოლი გავირბინე და პარმაღზე გავედი. მოვასწარი.

პარმაღზე უამრავ მამაკაცს მოეყარა თავი. უჯრულა კოსტიუმებში გამოწყობილ ჭაბუკებს ქუდები შუბლზე ჩამოეფხატათ; იქვე იდგნენ ქვაბურაქუდებიანი ხანდაზმულ მამაკაცები, რომლებსაც გაცვეთილმანჟეტებიანი პერანგები ეცვათ. ერთად შექუჩულიყვნენ. თითოეული მათგანი მიხმობდა და ბრბოს ყურადღებას არ აქცევდა. მარჯვენა ხელში ფანქრები მოემარჯვებინათ, ხოლო მარცხენათი გადაშლილი ბლოკნოტები ეჭირათ – ქალწულებრივად სუფთა, მაგრამ ავბედითი ბლოკნოტები.

მათ უკან, მდელობზე, უამრავი ადამიანი იდგა – ყასბები და წინსაფრიანი პურისმცხობლები, ქალები, რომელთაც ბინძური ბავშვები აეტატებინათ; ბიჭები ყვიროდნენ, ძაღლები ყეფდნენ, პატარა გოგონები დახტოდნენ და ტაშს უკრავდნენ. მათ უკან, გარე წრეზე, იდგნენ უკბილო, პირდაღებული სოფლელი ბერიკაცები, რომელთა რუხი წვერები ხელჯოხების ბუნიკებს ეფინებოდა. სისხლისფერი და საზარელი ჩამავალი მზის სხივები სამას მოკაკულ მხარზე კრთოდა.

ჩემი გამოჩენისთანავე სიჩუმე ჩამოვარდა – სამარისებური სიჩუმე. უეცრად, ამ სიჩუმიდან ბლოკნოტიანი ადამიანების ხმები გაისმა:

– ჯენკინსი „ტოლედო ბლეიდიდან“!

– ჰარლანი „ცინცინატი-ნუსიდან“!

– მაკ-გრუდერი „დეიტონ-ტაიმსიდან“!

– კორი „ზეინსვილ-რეფაბლიკანიდან“!

– ჯორდანი „კლივლენდ პლეინ-დილერიდან“!

– კარმაიკლი „კოლამბას-ნიუსიდან“!

– მარტინი „ლიმა ჰერალდიდან“!

– რაიანი „ეკრონ ვორლდიდან“!

ეს იყო საბედისწერო, თავზარდამცემი წუთები. დავიბენი. შემდეგ კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. შევამჩნიე, როგორ შეირხა ბრბოს შუაგული, თითქოს მის ცენტრში მორევი დატრიალდა, თითქოს ქარმა პურის ყანა ააღელვა.

– რა გინდათ? – დავიყვირე შეგუბებული ხმით.

ხუთას ყელს ერთი და იგივე კითხვა აღმოხდა.

– სადაა კოსგროუვ ჰარდენი?

აი, თურმე, რა სურდათ. რეპორტიორები ჩემ ირგვლივ ტრიალებდნენ, მევედრებოდნენ, მემუქრებოდნენ.

– სადღაც ახლოსაა, ხომ? … თამასუქებს ანაღდებს…. ინტერვიუებს არ იძლევა… გამოაჩინეთ ბებერი თაღლითი…

შემდეგ ამ უცნაურმა მორევმა ბრბოს წინა მხარეს გამოაღწია და ჩაწყნარდა. ბრბოს გამოეყო მაღალი, ყვითელთმიანი ახალგაზრდა , რომელსაც ათეულობით ადამიანი ჩემკენ უბიძგებდა. პარმაღთნ მოვიდა და კიბე ამოიარა.

– ვინ ხარ? – დავუყვირე მე.

– ელბერტ უილკინსი, – ამოიხრიალა მან. – ის, ვინც ყველაფერი გაამჟღავნა.

უილკინსი გაჩუმდა და წელში გაიმართა. ეს მისი უდიდესი ტრიუმფი იყო. ღმერთების უკვდავ შიკრიკად გრძნობდა თავს.

– როგორც კი დავინახე, ვიცანი! ხედავთ, ხედავთ…

ყველამ მოუთმენლად წაიწია წინ.

– სამი დოლარი და ოთხმოცი ცენტი წააგო ჩემთან პოკერში და ახლა მისი თამასუქი მივიღე! ჩემი ფული დამიბრუნოს.

გამომცემელი გახლავართ. სხვადასხვაგვარ წიგნებს გამოვცემ. ვოცნებობ, გამოვაქვეყნო ისეთი წიგნი, რომლის ხუთასი ათასი ეგზემპლარი გაიყიდება. ახლა მოდაშია ოკულტური მოვლენებისადმი მიძღვნილი რომანები, მაგრამ ვამჯობინებდი, გამომეცა რეალისტური რომანები მდიდარი მამაკაცებისა და ავანტიურისტი შავთვალა ქალების თავგადასავლების შესახებ – და, საერთოდ, სასიყვარულო რომანები. სიყვარულისთვის კი აუცილებელია, ადამიანი ცოცხალი იყოს.

© The New Yorker, 2017, 20 მარტი

[1] ნიუ-იორკის გარეუბანი.

[2] ამერიკელი მწერლის, ვიქტორია ავეიარდის რომან-ფენტეზის მთავარი პერსონაჟი.

© არილი