ახალი ამბები,  ახალი წიგნები,  ესე

ქეთი გახოკია – ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა’’

1928 წელს გამოქვეყნებულ ფანტასმაგორიულ რომანში, „ორლანდო’’, ვირჯინია ვულფი საკუთარ პერსონაჟს – დროში მოგზაურ პოეტ ქალს – ცოტა ხნით მე-18 საუკუნეში შეაყოვნებს და ყველაზე ახირებული ჩვევების მქონე კაცს, ჯონათან სვიფტს, ჩაიზე დაუპატიჟებს. და ვიდრე ქალის სალონში მიწვეული ეს ფიცხი მამაკაცი კარს გაუფრთხილებლად, ყოველგვარი მორიდებისა და მობოდიშების გარეშე შეაღებს, ორლანდო ხელში „გულივერის მოგზაურობას“ იღებს და ნაწარმოების ბოლო ნაწილიდან – ხვიხვინჰმებთა მხარეში მოგზაურობიდან – ერთ-ერთ ნაწყვეტს ხმამაღლა კითხულობს.

ამ დროს კი ჟამთააღმწერელი, რომელიც  ორლანდოს სხეულში ჩაბუდებული ამბის მთხრობელია, ყურებს თითებით დაიცობს და სვიფტის სიმართლითა და ენამწარეობით გაბეზრებული იტყვის: „შეწყვიტე, შეწყვიტე რკინის სიტყვების სეტყვა, თუ არ გინდა ყველანი ცოცხლად გაგვატყავონ, შენი ჩათვლით! არაფერია იმაზე უბრალო, ვიდრე ფიცხი მამაკაცი; ისეთი უხეშია და ამ დროს ისეთი სუფთა; ისეთი სასტიკია, და ამ დროს ისეთი კეთილი; ამრეზით დასცინის მთელ ქვეყანას და ამ დროს ბავშვივით ენას უჩლექს პატარა გოგოს, და მოკვდება, განა ამაში შეიძლება ეჭვი შეიტანოთ? საგიჟეთში?’’[1]

სვიფტს პატარა გოგონებისთვის ენის მოჩლექვა რომ სჩვეოდა, ალბათ ამიტომ გვასწავლეს სკოლაში, ჯონათანი საბავშვო მწერალია და „გულივერის მოგზაურობა’’ გაკვეთილების შემდეგ საკითხავი ლიტერატურააო. იქნებ არის კიდეც თავისი დიდაქტიკური, აღმზრდელობითი ფუნქციითა და ფიქციური რეალობით. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. „გულივერის მოგზაურობა’’ გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სათავგადასავლო, გასართობი ამბავი ლილიპუტებსა და გოლიათებზე, ცხენებსა და იაჰუებზე, მფრინავ კუნძულებსა და უკვდავ არსებებზე. სწორედ ამიტომაა, რომ ორლანდოს ჟამთააღმწერლის მსგავსად, სვიფტის ენამწარეობითა და გროტესკით გაბეზრებული გამოცდილი მკითხველი, პერიოდულად წამოიძახებს: კარგი რა, ჯონათან, „შეწყვიტე, შეწყვიტე რკინის სიტყვების სეტყვა, თუ არ გინდა ყველანი ცოცხლად გაგვატყავონ!’’

მაგრამ ძვირფას ჯონათანს თავისი კანონები აქვს, ყველასგან დამოუკიდებელი და თავისუფალი. კანონები, რომელთაც, ოდესღაც, ინგლისის სამეფო კარიც კი დაუშინებია. ჯერ უთხოვიათ, მერე უბრძანებიათ, პრივილეგიებსაც დაჰპირებიან, ოღონდ შენ წერა შეწყვიტეო – უთქვამთ, მაგრამ ჯონათანს არჩეული გზიდან გადახვევა არ სჩვეოდა და დათმობაზე არც ამჯერად წასულა.

„გულივერის მოგზაურობა’’, რომლის ვრცელი სახელწოდება გახლავთ „ლემეულ გულივერის, თავდაპირველად დასტაქრის, შემდგომში კი რამდენიმე გემის კაპიტნის მოგზაურობა არაერთ შორუელ მხარეში’’ ავტორს 1726 წელს გამოუქვეყნებია. ჩვენში კი ეს ნაწარმოები რამდენჯერმე ითარგმნა და გამოიცა,  თუმცა, ბოლო, უახლესი თარგმანი, რომელიც ინტელექტმა ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის ავტორობით გამოაქვეყნა, რამდენიმე თვის წინ, წიგნის ფესტივალზე გამოჩნდა.

ნაწარმოები, რომელიც ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში ჯერ კიდევ არ ითვლება რომანად, ოთხი ნაწილისგან შედგება და თითოეული მათგანი გულივერის სხვადასხვა, შორეულ მხარეში მოგზაურობაზე მოგვითხრობს. მოგზაურობის ფაბულა რომ ისეთივე ძველია, როგორც თავად ლიტერატურა, ახალი ამბავი როდია. ის რაც ჰომეროსმა ოდისევსით დაიწყო, საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მწერლის ხელში გარდაიქმნა, იქნებ ეპოქის ინტერესებსაც მოერგო, თუმცა, მაძიებლობის მთავარი თემა უცვლელად შენარჩუნდა: ოდისევსი შინ ბრუნდება, იმისთვის რომ შინიდან წავიდეს და შინიდან მიდის, რათა უკან დაბრუნება კვლავ შეძლოს. წასვლა – დაბრუნების ამ უწყვეტ წრებრუნვაში კი კითხვებზე პასუხების ძიების უცვლელი მოტივი იმალება.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გულივერიც, რომელსაც კითხვის დროს ხშირად დავცინით, ოდისევსური, მაძიებელი გმირია. ამიტომაცაა, რომ მისი მოგზაურობა არ სრულდება მანამ, ვიდრე საკუთარ კითხვაზე პასუხს არ მიაგნებს. მთავარი კითხვა კი, რომელიც წიგნის ოთხ ნაწილს ერთ მთლიანობად კრავს, შემდეგნაირიად ჟღერს: შესაძლებელია თუ არა იდეალური სახელმწიფოს შექმნა ადამიანის გადაგვარებული ბუნების პირობებში? კითხვა, რომელსაც გულივერი სვამს, პლატონის შემდეგ ათასგზის დასმულა და განმეორებულა. სვიფტი აანალიზებს საკუთარი ძიების უტოპიურობას და სწორედ ამიტომაა, რომ იდეალურ წყობასა და მართვის სისტემას, ნაწარმოების დასკვნით ნაწილში, ცხენებთან პოულობს და არა ადამიანებთან.

მაგრამ, მოდით, ფეხდაფეხ მივყვეთ სიუჟეტურ ხაზსა და ამბის განვითარებას. გულივერი ხელმოკლე ოჯახის შვილია, ერთი ჩვეულებრივი ინგლისელი, რომელიც გემზე დასტაქრად მოეწყობა და ვრცელ ზღვებსა და ოკეანეებში მოგზაურობას იწყებს. მოგზაურობა კი მისთვის ახალი ადგილების, სახელმწიფოების, მათი მმართველობითი სისტემების, სტრუქტურების შესწავლისა და რაც მთავარია, ადამიანთა ბუნების შეცნობის საშუალებაა. მაგრამ რაკიღა ვახსენეთ, რომ გულივერი ოდისევსური გმირია, მოდით, ისიც ვთქვათ, რომ ბევრი ჭირიც უნახავს. მისი ხიფათიანი მოგზაურობების სერია ლილიპუტების მხარეში მოხვედრით იწყება. ეს უკანასკნელი კი, თურმე, სარკისებური ეფექტით აირეკლავს ინგლისის საზოგადოებისა და სამეფო კარის თამაშებს.

მთხრობელი თავიდანვე გვაფრთხილებს: მე ლილიპუტების თავდაპირველ, ოდინდელ მდგომარეობას აღვწერ და არა იმ საგანგაშო გახრწნილებას, რამაც ამ ქვეყნის მოსახლეობა მოიცვა კაცთა ბუნების ამჟამინდელი დაკნინების გამოო[2]. გვაფრთხილებს  და მაშინვე ვხვდებით, ლილიპუტების სახელმწიფოს გახრწნილების მიზეზი ადამიანთა დაცემული, გადაგვარებული ბუნება უნდა იყოს. პატივმოყვარეობა, სიხარბე, გაუმაძღრობა, ღალატი, მზაკვრობა, ადამიანის გულის წყვდიადი, რაზეც მოგვიანებით ჯოზეფ კონრადი შესანიშნავ ნაწარმოებს შექმნის, ლილიპუტების ქვეყანაში სამოქალაქო  ომის, პარტიული დაპირისპირების, შეთქმულების, სასამართლო სისტემის გარყვნილებისა და სხვა არაერთი უბედურების წყარო გამხდარა. ადამიანი დაეცაო, მუდმივად, შეფარულად იმეორებს სვიფტი, მაგრამ რაკიღა დაცემის შემდეგ ლილიპუტებს არც გონი შერჩათ, არც გონიერი მმართველი და რელიგიამაც არ გაამართლა (ამ მხარეში აგებული ერთადერთი ტაძარიც კი უფუნქციო და ჩამოშლილია), ადამიანებმა საკუთარ ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობას გასაქანი მისცეს. მეფემ ომი ბლეფუსკუსთან, კვერცხის გატეხვასთან დაკავშირებული ცვლილებების გამო წამოიწყო; ორი პარტია, ტორებისა და ვიგების პარტიულ სისტემას რომ იმეორებენ, ერთმანეთს მაღალი და დაბალი ქუსლების გამო დაუპირისპირდნენ; უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე, ინგლისის მსგავსად, მოხელეები ჯოხზე ხტომის შესაბამისად ინიშნებიან; ადამიანები, შურისა და პატივმოყვარეობის ნიადაგზე, მზაკვრულ გეგმებს აწყობენ. უდანაშაულო გულივერის წინააღმდეგ ამირბარისა და ხაზინდარის გაერთიანება,  ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. და მიუხედავად იმისა, რომ ლილიპუტების ქვეყანა იმ სამეფოს გროტესკული ასახვაა, რომელსაც გულივერი წარმოადგენს, მაინც ნათელია, რომ ჩვენი დასტაქარი ზნეობით ლილიპუტებზე გაცილებით მაღლა დგას. ამიტომ, მოდით, მეტაფორულად შევხედოთ ამბავს და პასუხი გულივერისა და ლილიპუტების ფიზიკურ ზომებში ვიპოვოთ. რაც უფრო გადაგვარებულია ადამიანის ბუნება, მით უფრო მდაბალია იგი და პირიქით. ამიტომაცაა, რომ ლილიპუტების ფონზე გულივერი უზომოდ დიდი ფიგურა გვეჩვენება.

ზომები უცვლელია, იცვლება მხოლოდ გარემო და შესადარებელი ობიექტები. და გულივერი, რომელიც ლილიპუტების მხარეში გოლიათია, გოლიათებთან უეცრად საოცრად პატარავდება. და თუ ჩვენს მეტაფორულ აღქმას გავყვებით, მიზეზი ისევ ადამიანთა გადაგვარებულ ბუნებასა და მისი გამოხატვის ფორმებშია.

ლილიპუტების ქვეყნიდან გამოქცეული გულივერი რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ ახალ მოგზაურობას იწყებს და ამჯერად, გოლიათების მხარეში, ბრობდინგენში, მოხვდება. თავიდანვე ნათელია, რომ გოლიათები თავიანთი ბუნებით არაფრით განსხვავდებიან ლილიპუტებისგან და ამის არგუმენტად გულივერის პირველი პატრონი, ხარბი ფერმერი ან თუნდაც სამეფო კარის გაიძვერა, პატივმოყვარე ქონდრისკაციც  გამოდგება; ისიც ნათელია, რომ გოლიათებსაც ჰქონიათ ოდესღაც შინაომები და პარტიული დაპირისპირებები, თუმცა, გულივერის  თხრობის მომენტისთვის მრავალწლიანი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მიუღწევიათ; მაშ, მოდით, დავსვათ ყველაზე ლოგიკური კითხვა, თუ ადამიანთა ბუნება უცველია, ყველგან და ყოველთვის, როგორ მოხდა რომ გოლიათების სამეფოში მშვიდობა და კეთილდღეობა გამეფდა?

პასუხი, რომელიც მეფისა და გულივერის დიალოგებიდან ისმის, ცალსახა და ნათელია: „მათ პოლიტიკა ჯერ კიდევ არ უქცევიათ მეცნიერებად“ – ამბობს გულივერი და გოლიათების მმართველობის სისტემას, რომელიც ტიპური ინგლისელისთვის სრულიად უჩვეულო საფუძვლებს: საღ აზრს, გონიერებას, სამართლიანობას, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა სწრაფ გამოძიებას ემყარება, ინგლისელის მაღალი პერსპექტივიდან დაჰყურებს და თითქოს მასხრად იგდებს.  მაგრამ მიზეზი, რის გამოც პოლიტიკა მეცნიერებად ჯერ კიდევ ვერ იქცა, გამჭრიახი, გონიერი მმართველია – გვეუბნება გულივერი – რომელიც გადაწყვეტილებებს არა პირადი ინტერესების შესაბამისად, არამედ გონისა და ღირსების საფუძველზე იღებს. მეფემ დაადგინა კანონი და მისი უზენაესობა უზრუნველყო, დაქირავებულ ჯარს გლეხებისა და ფერმერებისგან შემდგარი ლაშქარი ამჯობინა; მეცნიერება პრაქტიკული სარგებლის სამსახურში ჩააყენა; კანონმდებლობა, რომელიც მაღალფარდოვნებისგან დაცალა, ყველასთვის მარტივი და გასაგები გახადა. და მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ჯერ კიდევ იგრძნობა ქონებრივი განსხვავება, (ქალაქები სავსეა ქუჩებში გამოფენილი ღატაკებით), მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებსაც ზოგჯერ სულელების სუნი ასდით და არც ადამიანთა სიხარბე და ძალაუფლებისადმი ლტოლვა შეცვლილა, გონიერმა მეფემ სამართლიანობითა და კანონიერებით ადამიანთა დაცემული ბუნების გამოხატვის სასტიკი ფორმები ალაგმა. ამიტომაცაა, რომ ინგლისურ საზოგადოებასა და მმართველობით სისტემასთან შედარებით ბრობდინგენი გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, რაც მეტაფორულად გულივერის, როგორც ტიპური ინგლისელის დაპატარავებით მჟღავნდება. მორალი უცვლელი რჩება: რაც უფრო გარყვნილია ერის ზნეობა, მით უფრო მდაბალია მისი წარმომადგენელი.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ბრობდინგენი ლილიპუტების სამეფოსთან შედარებით, უფრო ახლოს დგას იდეალური სახელმწიფოს მოდელთან, ის ჯერ კიდევ არ არის ის „შორეული მხარე’’, სადაც ადამიანები თავისუფალ, თანასწორ პირობებში ცხოვრებას შეძლებენ. ბრობდინგენში ბედნიერად ვიცხოვრებდიო, ამბობს გულივერი, მაგრამ მაინც უკან, ინგლისში ბრუნდება. რა გასაკვირია? გოლიათების ფონზე,  ჩვენი მთხრობელი საოცრად პატარა და სუსტი კაცია, სუსტი კიდევ, ბუნების კანონების თანახმად, ყოველთვის ძლიერის მსხვერპლია.

იდეალური ქვეყნები ვერ იქნება ვერც ნაწარმოების მესამე ნაწილში აღწერილი ლაპუტაში და გლუბდუბრიბი, სადაც ადამიანები საკაცობრიო სენს – მომავალზე ფიქრსა და სიკვდილის მუდმივ შიშს – ისე შეუპყრია,  რომ ვეღარც მშვიდად დაუძინიათ და ვერც ჩვეულებრივი სიამოვნებისთვის ჩაუტანებიათ გემო. ლაპუტაშის – მფრინავი კუნძულის – მცხოვრებნი, ძირითადად კი სამეფო კარი, რომლებიც რეალობას მხოლოდ „შემფუცხუნებლების“ მეშვეობით უბრუნდებიან, ვერ ამჩნევენ საკუთარ გაპარტახებულ სამეფოს, უგულოდ დაუმუშავებულ მიწებს, ბედის ანაბარა მიტოვებულ ხალხსა და სახლებს, სიღატაკესა და გაჭირვებას. მთხრობელი აქვე გვაფრთხილებს, მკითხველს ეს შემთხვევა შესაძლოა ინგლისში მომხდარი ეგონოს და არა შორეულ ქვეყანაშიო. მაგრამ როცა, სვიფტი გულივერის ხმით, ლაპუტაშის ფიქრებში ჩაძირულ, გამოშტერებულ სამეფო კარზე საუბრობს, მისი გავლით ინგლისის სამეფოს სურათსაც ხატავს.

ადამიანს ბედნიერების მიღწევაში ხელს საკუთარი გადაგვარებული ბუნება უშლისო – ამგვარია სვიფტის მოსაზრება. ვერ შევედავებით.  წიგნის მესამე ნაწილში, არგუმენტად გლუბდუბრიბის მხარე მოჰყვას, სადაც ოდესღაც უკვდავებსაც უცხოვრიათ. არისტოკრატის დასმულ კითხვას, რისთვის გამოიყენებდა უკვდავებას, გულივერი მთელი კაცობრიობის ნაცვლად პასუხობს: სიმდიდრის მოსახვეჭად. და თუ მთელ კაცობრიობას, სიმდიდრისა და პატივისთვის ბრძოლა ასაზრდოებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანი, ერთმანეთის წინააღმდეგ იმ ომში ვებმით, რომელიც ოდესღაც კვერცხის გატეხვასთან დაკავშირებული ცვლილებების გამო დაწყებულა.  ადამიანთა უკვდავება უკდავ ტანჯვას ნიშნავსო – გვიხსნის არისტოკრატი – სიბილას განაწამები სიცოცხლის გავლას.

გულივერმა სამი შორეული მხარე მოიარა და ადამიანთა დაცემული და გადაგვარებული ბუნების გარდა, ვერსად ვერაფერს წააწყდა. ადამიანი სიხარბის, ფარისევლობის, დაპირისპირების, გაუტანლობის, სისასტიკის, სიშლეგის, სიგიჟის, სიძულვილის, შურის, სულმდაბლობისა და ქედამღლობის გროვააო, გვეუბნება მთხრობელი.  მაშ, რა ჰქნას ადამიანთა დაკარგული სამოთხის მაძიებელმა მოგზაურმა?

მოგზაურობას ჯერ ვერ დააასრულებს. ჯერ კიდევ აქვს სათქმელი და ნაწარმოების დასკვნით ნაწილში, მეოთხე თავში უნდა გვითხრას; კაცობრიობას საკუთარ დასმულ კითხვაზე პასუხი უნდა აპოვნინოს. კითხვა კი ისევ ჟღერს: შესაძლოა იდეალური სახელმწიფოს შექმნა ადამიანთა გადაგვარებული ბუნების პირობებში? პასუხი ცალსახაა. რასაკვირველია, არა!

ორლანდოს ჟამთააღმწერელი ფიქრობდა, სვიფტი სასტიკი კაციაო და მართალიც იყო. გულივერის დასკვნა ნაწარმოების მეოთხე ნაწილში შემზარავია: არა, თქვენ, ადამიანები,  იაჰუსავით ბანჯგვლიანი, ზნეობრივად დაცემული არსებები, თქვენივე წაბილწული ბუნების გამო, ბედნიერები ვერასდროს იქნებითო. ბედნიერი, უტოპიური სამეფოს შექმნა, სადაც ყველა თანასწორი, ყველა კმაყოფილი და ყველა თავისუფალია, მხოლოდ ცხენებს, ხვიხვინჰმებს შეუძლიათ, რადგან ადამიანებისგან განსხვავებით ორი მთავარი ღირსება ასაზრდოებთ: მეგობრობა და კეთილგანწყობაო.  ჰოდა, ადამიანებო, გაცხოველდით, სანამ დროაო!

როცა ვულფის ორლანდომ სვიფტი თავისთან მიიპატაჟა და მის მოსვლამდე „გულივერის მოგზაურობა“ გადაშალა, მეოთხე ნაწილის ის ნაწყვეტი წაიკითხა, სადაც გულივერი ხვიხვინჰმების მხარეს შემდეგნაირად ახასიათებს:

„სადარდებელი არაფერი მქონდა და თან, სრულ სულიერ სიმშვიდესაც განვიცდიდი. არ მაშინებდა არც მეგობრის ღალატსა და ორპირობაზე ფიქრი, და არც აშკარა თუ ფარული მტრის საფრთხე. არც ვინმეს მოქრთამვა მჭირდებოდა, არც ვინმესთვის კოჭის გორება და მლიქვნელობა, რათა ძლიერთა ამა ქვეყნისა და მათი დამქაშების კეთილგანწყობის დამსახურება მეცადა. არც ის დამჭირვებია როგორ დამეცვა თავი ტყუილისა და თუ ძალადობისგან; ირგვლივ არსად ჩანდა არც ვინმე დასტაქარი, ჯანმრთელობას რომ შემირყევდა; არც ვექილი, ვინც ჯიბეს ერთიანად ამომიცარიელებდა; არც დამსმენ – დაბეზღებელი, ვინც ჩასაფრებული უდარაჯებდა თითოეულ ჩემს ნაბიჯსა თუ სიტყვას და სათანადო გასამრჯელოს ფასად, ბრალსაც სულ ტყუილად დამდებდა’’.[3]

რა გროტესკულია, დაკარგული სამოთხე ცხენებთან იპოვო და არა ადამიანებთან, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელთ სიკეთე, მეგობრობა და კეთილგანწყობა ბუნებით არ მოსდგამთ. აკი, ამბობდა კიდეც სვიფტი „კასრის ზღაპარში“, ყველა სიქველე, რაც კაცობრიობას ახასიათებს, თითზე ჩამოსათვლელია, სისულელე და ბიწიერება კი – აურაცხელი და ეს გროვა კიდევ უფრო იზრდებაო.

ხვიხვინჰმებთა იდილია ორ მთავარ ღირსებას: მეგობრობასა და კეთილგანწყობას ეყრდნობოდა.

და, რას ეყრდნობა ადამიანებით დასახლებული შორეული ქვეყნები?

კარგი რა, ჯონათან, „შეწყვიტე რკინის სიტყვების სეტყვა!’’.

[1]  მთარგმნელი ლელა დუმბაძე

[2] მთარგმნელი ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე

[3] მთარგმნელი ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე