კრიტიკა,  რეცენზია

ქეთო ნინიძე – Versus ანუ მოქცევა

shlva bakuradze dasdebelni

შალვა ბაკურაძე, დასდებელნი წმიდისა აღდგომისანი (ლექსები), თბ. საუნჯე, 2013.

„პოეზიას არ ვკითხულობთ და ვქმნით იმიტომ, რომ ეს მაგარი რამეა… პოეზიას ვკითხულობთ და ვქმნით იმიტომ, რომ ჩვენ ვართ კაცთა მოდგმის შვილები. კაცთა მოდგმა კი ვნებებითაა აღსავსე. მედიცინა, მართლმსაჯულება, ბიზნესი, საინჟინრო ხელობა – ეს კეთილშობილი საქმიანობებია, რაც აუცილებელია სიცოცხლის განგრძობადობისთვის, მაგრამ პოეზია, მშვენიერება, რომანტიკა, ტრფობა, ეს ისაა, რისთვისაც ვცოცხლობთ!“ – ჯონ კიტინგი განუცხადებს ველტონის ელიტური აკადემიის „წარმატებულ მოსწავლეებს“.

ვნებებით და სიცოცხლის წყურვილით იმიტომ დავიწყე, რომ შალვა ბაკურაძის პოეტური კრებული – „დასდებელნი წმინდისა აღდგომისანი“ არტიკულირებს სწორედ ავტორის პერსონალური, ნაციონალური და საკაცობრიო ვნებებით და ამ ხმებს, პლასტებს შორის ზღვარდამდები ხაზი რამდენადმე გარდამავალიცაა და პირობითიც, როგორც მისი „წინაპრის“, დავით გურამიშვილის პოეზიაში. თითოეული მეტაფორა, ანდა, უფრო მცირედი პოეტური მორფემა – სიტყვა, ერთგვარი, ღია ჭრილობაა, რაც ამ ტექსტების სიცოცხლისუნარიანობისა და ავტორის მიდგომის – მისი განცდების სიმძაფრის განმსაზღვრელია. სიტყვას, როგორც მასალას ბაკურაძის პოეზიაში ემოციური, გრძნობისმიერი ჟღერადობა აქვს, რისი მდიდარი გამოცდილებაც არსებობს ქართულ ლიტერატურაში.

კრებულში პულსირებს ბოლო 20-25 წლის მანძილზე ჩვენი საზოგადოებისთვის მგრძნობიარე თემები, რომელთა რეფლექსია ლიტერატურაში, განსაკუთრებით, პოეტურ შემოქმედებაში, მაინცდამაინც დიდი მასშტაბით არ მიმდინარეობდა. ომი კრებულის ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა, რომლის სხვადასხვა მოდალობაში, სხვადასხვა ასპექტით წარმოდგენა კონცეპტუალურად ამთლიანებს კრებულს. ომი ხან ტექსტის პროტაგონისტის როლით იჭრება ტექსტში, ან, უბრალოდ, ანტურაჟის ფუნქციას ასრულებს, როგორც კულტურული და უახლოესი ისტორიის მეხსიერების  სიმბოლო. ხან პოეტური ტექსტის თემაა და ფილოსოფიური გააზრების საგანი. ამ შემთხვევაში, წინ წამოიწევა დროის (ყოფიერების დრო, ლიტურგიკული დრო, მარადისობა – ესქატოლოგიური დრო), ამაოების, სიკვდილ-სიცოცხლის საზრისში ჩაღრმავების საინტერესო მცდელობები, რაც შუა საუკუნეებისა და რომანტიზმის პოეტურ გამოცდილებებთან კავშირებს წარმოაჩენს, ზოგჯერ კი მცირე ეთნოსისა და პიროვნების, როგორც ინდივიდის, როგორც კულტურის მარგინალური სუბიექტის ეგზისტენციალური შიშების ჟღერადობას იძენს.

„ჩვენ კი გავიხსენეთ ისტორიის სახელმძღვანელო

და სკოლაში დაზეპირებული ლექსები

და ყოველ შემხვედრს ცხვირწინ ვუფრიალებდით სამშობლოს სიყვარულს

მოკვდავ მეზობელს ნაჭრის ბურთივით ვტენიდით პირში ჩვენს უმიზეზო უკვდავებას

და ნესტიანი სანგრებისაკენ მივათრევდით დასაღვრელ სისხლს საგმირო სხეულებით…“

ეს ალალმართალი განაცხადი განსაკუთრებით მოგვხვდება გულზე შალვა ბაკურაძის ლექსიდან „ქმრების საკითხავი“, რომელიც ავტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია სხვა მრავალი ღირსების გამოც. ამ მონაკვეთში ავტორის სამოქალაქო პოზიცია ჩანს, რაც, ალბათ, საქართველოს უახლესი ისტორიის ტრავმების საუკეთესო ანალიზია ფორმალური თუ არა, შინაარსობრივი თვალსაზრისით მაინც. ეს მეტაფორები იმ ინფანტილიზმის, ფალსიფიცირებული მესიანისტური რიტორიკისა და ანაქრონული ჰეროიკის დეკონსტრუქციაა, რაც ხშირად იჩენდა თავს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების შეფერხების მიზეზი და რომელზე საუბარიც დიდი სითამამეა ისტორიული მოვლენებისგან ასეთი მცირე დაშორების პერიოდში. თუმცა ავტორის მცდელობა, უჭვრეტდეს მოვლენებს გარე პერსპექტივით, წარმატებულია, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტებში მისი პირადი ტკივილებიც იკითხება. მისი ჭვრეტა დაუინტერესებელია და არ არის გაშუალებული კიტჩური ანალოგიებით და ბანალური სანტიმენტებით.

თანამედროვე პოეზიას საქართველოში ერთი დიდი ფობია შეეყარა. ძალიან ხშირად ის სირაქლემასეული გამბედაობით ეგებება აქტუალურ გარემოებებს – რეალიებს, პრობლემებს. ის თითქმის ვერ ეკარება ისეთ ღია ჭრილობებს, როგორიც არის ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, კლერიკალიზმი, გაუნათლებლობა, არადა, ამგვარი მცდელობა ჩვენი კულტურული იდენტიფიკაციის ჩამოყალიბების პროცესის საინტერესო ისტორიას შექმნიდა. ეს, ალბათ, რეაქციაა 60-90-იანი წლების ქართულენოვანი პოეზიის გამოცდილებაზე, რომელიც დაღლილი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ჩივილებით და ქართველური აღტკინებებით. ამ გამოცდილებამ უაღრესად უტრირებული და პაროდიული ფორმა მიიღო ხმამაღალი კითხვის სალაღობო და სანადიმე პრაქტიკებში. ეს „დაღლილი სისხლი“ განწმენდას საჭიროებს, იმიტომ, რომ ეს მყიფე პათოსი ადამიანურ ვნებებთან, პიროვნების ტკივილებთან არავითარ კავშირში არ არის.

იმ ფონზე, როცა „სამშობლოს“ ცნებას მხოლოდ ნაციონალური და ტერიტორიული მნიშვნელობა ენიჭება და იკარგება სიმბოლური კავშირი „სამშობლოსა“ და „ჭეშმარიტებას“ შორის (გავიხსენოთ მერაბ მამარდაშვილის სიტყვები, რაც მან 1989 წელს ფილარმონიის დიდ დარბაზში წარმოთქვა), ბაკურაძის პოეტური კრებული განსაკუთრებით საყურადღებოა. აქ პირობითია მიჯნა ავტორის პერსონალურ, კულტურულ, საზოგადოებრივ ისტორიებს შორის, რომელთა მიღმაც მითოლოგიური და ბიბლიური არქეტიპები ისახება. პერსონალური საწყისებისგან დაცლილი „სამშობლო“ უტოპიაა, გამოგონილი „სიცრუის კუნძულია“ ჰუმანისტური პოზიციის პოეტისთვის. „სამშობლო“ შესაძლოა მიწის სტიქია, დაკარგული ბავშვობა / სოფელი, „სიკვდილის წინ სასურველი“, ან ჭეშმარიტებისკენ ლტოლვის ჟინი უფროა, ვიდრე „დაკარგული ტერიტორია“, როგორც მედია ენით ჩვენს მეხსიერებაში გაფორმდა უკანასკნელი სამოქალაქო ტრავმები.

ფორმალურად და შინაარსობრივად კრებული რელიგიური პოეზიის ტრადიციებიდან იღებს სათავეს. ლექსები აკუსტიკურად ბიბლიის, განსაკუთრებით, ფსალმუნების და ქართული ჰიმნოგრაფიის ენობრივი ველის გავლენითაა შექმნილი. სახეთა პარალელიზმი ის საშუალებაა, რაც ლიტურგიულ ჟღერადობას სძენს ბაკურაძის ტექსტებს. უფრო მეტიც, ხშირად პოეტური ტექსტი და ცნობიერების ნაკადი, წარმოდგენილი არასალექსო ფორმით, ანტიფონურად ეხმიანება ერთმანეთს. ვერსიფიკაციულად კრებულში წარმოდგენილი სიმღერები (კანცონები) ახლო დგას ქართული მოდერნიზმის პოეტურ გამოცდილებასთან, თუმცა უფრო ხშირად, კონცეპტუალურად – თემატიკით, ტროპებით, ტექსტის არქიტექტონიკით რომანტიზმთან კავშირებს ავლენს. გავიხსენოთ უიტმენის შემთხვევა (რომელიც ყველაზე მახლობელია ბაკურაძის პოეტურ პერსპექტივასთან), რომელიც არაერთხელ დაესესხებოდა ბიბლიური ტექტის კადენსებს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ლექსის „საღვთომან ნისლმან“ რიტმიკა, სადაც პირველ მარცვალზე შეყოვნება, მონოტონური ფრაზირება და სახეთა პარალელიზმი ზღვის ტალღების მოქცევის ხმაურის ასოციაციას იწვევს მკითხველში: „ზღვამ გამიმხილოს მარილი და / ამ მიწიანი ლაყუჩებით / კვლავ ამამღეროს შენთვის. / რომ შენი ხელი კიდევ ერთხელ, / რომ შენთან ყოფნა კიდევ დიდხანს, / სხვა არაფერი მეტი“. ეს ტექნიკური ილეთი კიდევ უფრო მკაფიოდ აღიქმება, როდესაც ლექსის ავტორისეულ დეკლამაციას ვისმენთ. ზღვა, ისევე როგორც ომი, ბაკურაძის ამ კრებულის ერთ-ერთი მთავარი მეტაფორაა. ზღვა ის ტექსტია, მეხსიერებაა, სადაც ცნობიერების ტალღების სახით შემოიჭრება ავტორის ბავშვობა, საქართველოს უახლოესი ისტორია, ადგილობრივი კულტურული არქეტიპები. სხვა ასპექტით, ზღვა იდენტობაა, რაც ამთლიანებს სამშობლოს, პოეზიას, რომანტიზმს, მუსიკას, რელიგიას.

ბაკურაძის სალექსო ფრაზები მიზნობრივი, ინტენსიური და მძლავრი ტალღებია. თუკი ზოგადად, სალექსო სტრიქონის ეტიმოლოგიას ჩავხედავთ, ეს შედარება ზუსტად წარმოაჩენს არსს. „სტრიქონი“ მობრუნებას ნიშნავს გარკვეული რიტმული წყობის მიმართ, რითიც პოეტური ტექსტი განსხვავდება  პროზაული წრფიული ნარაციისგან. მიზნობრიობა და ინტენსივობა საოცრად ამთლიანებს კრებულს, რომელიც პოეტური წარმოსახვების მიქცევითა და მოქცევით გადაგვისვრის ომისა და ზღვის მეხსიერების გაუკვალავ ფსკერზე.

© “არილი