ახალი ამბები,  ახალი წიგნები

წიგნის საახალწლო ფესტივალი – სულაკაურის გამომცემლობის სიახლეები

16-18 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, მათ შორის „სულაკაურის გამომცემლობა“, რომელსაც ამჯერადაც არაერთი სიახლე აქვს მკითხველისთვის.

ალი სმითი, „ზამთარი“, 2022, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

ქართველი მკითხველი შოტლანდიელ პროზაიკოსს, დრამატურგს, პოეტს, ჟურნალისტსა და მკვლევარს, ალი სმითს პირველად 2020 წელს გაეცნო, როცა მისი რომანი „შემოდგომა“ გამოიცა. ახლა კი ითარგმნა სმითის კვარტეტის მეორე წიგნი – „ზამთარი“.

 „ზამთარი“ მწერლის მიერ დანახულ დღევანდელობას ასახავს – მტკივნეული პოლიტიკური კონფლიქტებითა და კოლიზიებით, ელექტრონული ტექნოლოგიებით დამძიმებული და გაუცხოებული თანამედროვე ადამიანის სულიერ მდგომარეობას, განსხვავებული აზრის მიუღებლობას, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, უკიდურესობამდე გართულებულ ოჯახურ ურთიერთობებს, რაც, შესაძლოა, მოულოდნელი ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური ძვრების გამომწვევიც კი იყოს. აქ აღმოაჩენთ, რომ ის, რაც თითქოს ზოგადსაკაცობრიო განსაცდელად გამოყურება, თურმე შეიძლება სავსებით ნაცნობი, ახლობელი და ხელშესახები იყოს ჩვენი, ქართული სინამდვილისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ „ზამთარი“ არ არის „შემოდგომის“ გაგრძელება, არც პერსონაჟები და სიუჟეტები მეორდება, მაგრამ ორივე მათგანში ვხვდებით საერთო ნიშნებსა და სიმბოლოებს.

ისმაილ კადარე, „მკვდარი არმიის გენერალი“, 2022, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი

ისმაილ კადარე ალბანელი მწერალი, პოეტი, ესეისტი და სცენარისტია. დაიბადა ალბანეთის სამხრეთში 1936 წელს. წერა ძალიან ახალგაზრდამ, 1950-იანი წლებიდან დაიწყო. „მკვდარი არმიის გენერალი“ მისი პირველი რომანია, რომელიც 1962-1966 წლებში დაწერა. კადარე XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ინტელექტუალურ მწერლადაა მიჩნეული და მისი ნაწარმოებები ორმოცდაათამდე ენაზეა თარგმნილი.

ქართველი მკითხველი უკვე იცნობს მის ერთ-ერთ რომანს „გახლეჩილი აპრილი“, რომელიც ჯორჯ ბერიშას შესახებ მოგვითხრობს.

რაც შეეხება მეორე რომანის სიუჟეტს, 1960-იანი წლების დასაწყისში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, ერთ იტალიელ გენერალს, მღვდლის თანხლებით, რომელიც ასევე იტალიის არმიის პოლკოვნიკია, ალბანეთში გზავნიან ომის დროს დაცემული თანამემამულეების ცხედრების საპოვნელად და მათ გადასასვენებლად სამშობლოში, იტალიაში. მისია ძნელი, საინტერესო და მოულოდნელი თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება.

იტალო კალვინო, „კოსმოკომიკური ამბები“, 2022, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე

იტალო კალვინო იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია, რომლის არაერთი ტექსტიც უკვე თარგმნილია ქართულად. მათ სიას შეემატა „კოსმოკომიკური ამბები“, რომლის მთავარი პერსონაჟი სახალისო ამბებს გვიყვება სამყაროს წარმოშობაზე, დროისა და კოსმოსის ევოლუციაზე; გვიამბობს ატომის, მოლეკულის, უმარტივესი ცოცხალი ორგანიზმის, მოლუსკის, თევზის, ფრინველის, დინოზავრისა თუ ადამიანის პირით; აღწერს თითქოს რაღაც ძალიან შორეულ და, ამავე დროს, ჩვენ ირგვლივ მომხდარ ამბებს, რომლებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სიყვარულის ამბებია… ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეუძლებელია, საგნებსა თუ მოვლენებს ძველებურად ვუყუროთ, უფრო მეტად არ შევიყვაროთ სამყარო.

სალმან რუშდი, „ოქროს სახლი“, 2022, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: სალომე ბენიძე

„ლიტოდისეას“ სალმან რუშდის რომანი „ოქროს სახლი“ შეემატა. „ოქროს სახლი“ პირველად 2017 წელს გამოსცეს და მას მაშინვე უწოდეს „დონალდ ტრამპის ისტორია“.  ბარაკ ობამას ინაუგურაციის დღეს საიდუმლოებით მოცული მილიარდერი ნიუ-იორკში, გრინვიჩ ვილიჯში სახლდება. ექსცენტრული ახალმოსახლის გამოჩენა მეზობლებს ცნობისმოყვარეობას უმძაფრებს. უცნაური სახელისა და ძნელად გამოსაცნობი აქცენტის მქონე კაცს თან ახლავს სამი სრულწლოვანი ვაჟი, მაგრამ არ ჩანს არც დედა, არც ცოლი.

როგორც ამბობენ, ამ წიგნით რუშდი რეალიზმს დაუბრუნდა და, შედეგად, შექმნა ეპიკური ამბავი სიყვარულისა და ტერორიზმის, დანაკარგისა და აღმოჩენის შესახებ.

ირაკლი მაჩიტაძე, „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“, 2022, სულაკაურის გამომცემლობა

ყველას გინახავთ სიკვდილის ლურჯი ეკრანი. უფრო მეტად ცნობილია მისი ინგლისური სახელწოდება BSD (A Blue Screen of Death). ესაა მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა აპარატული ან პროგრამული შეცდომების შედეგად ვეღარ ფუნქციონირებს, „იჭედება“ და არსებობს ერთადერთი გამოსავალი – კომპიუტერის გადატვირთვა. დაახლოებით ასეთი რამ ემართება რომანის მთავარ გმირს, რომელსაც საოცარი ამბავი გადახდება თავს. ეს სამუდამოდ შეცვლის მის მსოფლმხედველობას და მისმა თავგადასავალმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მსოფლიოც შეცვალოს – ასეთია ირაკლი მაჩიტაძის სადებიუტო ნაწარმოების აღწერა.

წიგნში ყველაფერი „პლანეტის ფინანსური თუ პოლიტიკური ცენტრებისგან მოშორებით, იმერეთის ერთ პატარა სოფელში, ერთ უცნაურ კაცთან საუბრის შემდეგ“ იწყება და პერსონაჟებად თანამედროვე, ამბიციური და ავანტიურისტული ბუნების ადამიანები გვევლინებიან.

არჩილ ქიქოძე, „მექსიკური დღიური“, 2022, სულაკაურის გამომცემლობა

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება არჩილ ქიქოძის ახალი წიგნი „მექსიკური დღიური“.

ავტორი მის შესახებ ასეთ რამეს ამბობს: „ამ წიგნს დღიური ძალიან პირობითად ჰქვია, რადგან ის ორ ნაწილად დავწერე თბილისში უმშვენიერესი ქვეყნიდან ორჯერ დაბრუნებულმა. „მექსიკური დღიური“ მონატრებამ დამაწერინა. მინდოდა მომეთხრო ის, რაც ვნახე და განვიცადე სახლიდან შორს, ხან მარტოდმარტომ და ხანაც ღირსეული ადამიანებით გარემოცულმა.

ეს არც ტურისტული გზამკვლევია და არც რომანი, მე თვითონაც არ ვიცი, რა ჟანრისაა წიგნი, რომლის წერაც მხოლოდ სიხარული იყო ჩემთვის, ისევე როგორც ქვეყანა, რომლის ხალხის და ბუნების აღწერაც გავბედე“.

© არილი

Facebook Comments Box