ხათუნა ცხადაძე – ჩეზარე პავეზეს შესახებ

pavese

40-ანი წლების ტურინი. გამომცემლობა “ეინაუდიში”, თავად დამფუძნებლის, ჯულიო ეინაუდის გარდა, მუშაობენ ჩეზარე პავეზე, ნატალია გინძბურგი, კარლო ლევი, იტალო კალვინო და სხვები, ადამიანები, რომლებიც იმდროინდელ იტალიურ პროზას, პოეზიას, ლიტერატურულ კრიტიკას, საგამომცემლო საქმეს წარმოადგენენ. იტალიური კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარი სახელები. როცა ჯულიო ეინაუდი თანამშრომლებთან ერთად შესვენებაზე „ტრატორია დელ პოპოლოში“ გადის სასადილოდ, ნატალია გინძბურგი თამაშს იწყებს: მოთხრობის დასაწყისს წერს და ფურცელს პავეზეს გადააწოდებს. პავეზე აგრძელებს. მერე კი კალვინოს გადაულოცავს, რომელიც ფურცელს ფანტასტიკური პერსონაჟებით, ულამაზესი ქალებითა და კაცებით ავსებს, წარმოსახვით, რომელიც მხოლოდ კალვინოსია.

პავეზე 17 წლის იყო, როცა მისმა უახლოესმა მეგობარმა თავი მოიკლა. ამ დღის შემდეგ თვითმკვლელობის იდეა არ ეშვება. მეგობრები კარგად იცნობენ მის ამ ცუდ „ჩვევას“. დავიდე ლაიოლო, მისი სკოლის მეგობარი, ამაზე წიგნსაც დაწერს, პავეზეს ამ „აბსურდულ ჩვევაზე“.

1930 წელს ტურინის უნივერსიტეტში სადიპლომო ნაშრომი წარადგინა: „უოლტ უიტმანის პოეზიის ინტერპრეტაციის შესახებ“. სამეცნიერო ხელმძღვანელმა ბოლო წამს უარი გამოუცხადა ნაშრომის წარდგენაზე: მისი აზრით, პავეზეს სადიპლომო შრომას მეტისმეტად ეტყობოდა კროჩეს ესთეტიკის ზეგავლენა და „სკანდალურად ლიბერალური“ იყო ფაშისტური ეპოქისთვის. საქმეში ლეონე გინძბურგი ჩაერია, რომელმაც უშუამდგომლა პავეზეს და მისი დიპლომის ხელმძღვანელად ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, ფერნანდო ნერი დაანიშნინა. ასე, უიტმანით დაიწყო პავეზეს ეპოპეა ამერიკულ ლიტერატურაში.

რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ ლეონე გინძბურგმა აიძულა, პირველი პოეტური კრებული გამომცემლობა „კაროჩისთვის“ გაეგზავნა. ხელნაწერის წაკითხვა და შეფასება ელიო ვიტორინისთვის დაუვალებიათ. ასე გამოიცა „მუშაობა ღლის“.

თარგმნა სინკლერ ლუისით დაიწყო, ამას მოჰყვა მელვილი, ჯოისი, სტეინი, დეფო, დიკენსი, ფოლკნერი, სტეინბეკი და სხვები. შერვუდ ანდერსონის „ბნელი სიცილის“ და მელვილის „მობი დიკის“ თარგმნაში 1000 ლირა აუღია. თითქმის უსასყიდლოდ თარგმნა ჯოისის „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობაში“. პავეზეს წერის, თარგმნის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. 1943 წელს ტურინი დაბომბეს. გამომცემლობის შენობასაც მოხვედრია ჭურვი. პავეზე მაინც უთენია მისულა სამსახურში, ნახევრად ჩამონგრეულ შენობაში თავისი ოთახი მოუძებნია, საწერი მაგიდიდან მტვერი გადაუფერთხავს და ხელნაწერებს მისჯდომია.

ფრანკო ფერაროტი, ცნობილი იტალიელი სოციოლოგი და პავეზეს ახლო მეგობარი, რომელიც ამერიკელი მეცნიერის, ვებლენის ტექსტს თარგმნიდა, იგონებს, როგორ დაურეკა ღამის 2 საათზე პავეზეს და ყურმილში ჩაჰყვირა, რომ იმ ტერმინის ზუსტ იტალიურ შესატყვისს მიაგნო, რომელზეც დიდი ხანია, თავს იტეხდა. პავეზე გახარებული წამოხტა ლოგინიდან და მალევე ჩემთან გაჩნდა, ერთი რესტორანი გვეგულებოდა, რომელიც მთელი ღამე მუშაობდა, გავცვივდით და დილამდე ვსვამდით ამ ამბის აღსანიშნავადო, იგონებს ფერაროტი. „იმ წლებში რაღაც ისეთისთვის ვმუშაობდით, რის წინაშეც ჩვენს პირად ინტერესებს ჩალის ფასი ჰქონდა“, ამბობს ფერაროტი, როცა პავეზეს მუშაობის მანერას, მის ენთუზიაზმს იხსენებს.

მისი დისშვილი იგონებს, როგორ სძულდა რადიო. იმ წლებში რადიო ფაშისტური პროპაგანდის მთავარი მანქანა იყო. მართალია, ფაშისტურ რადიოს არ უსმენდა, მაგრამ პოლიტიკურად აქტიური არასოდეს ყოფილა და ფაშიტებისთვის დისკომფორტი არასოდეს შეუქმნია, იმ წლების სხვა მწერლებისა და ინტელექტუალებისაგან განსხვავებით. მაინც დაიჭირეს 1935 წელს „ანტიფაშისტებთან მეგობრობის“ საბაბით და ჯერ რომის ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ერთი წლით გადაასახლეს იტალიის უკიდურეს სამხრეთში, პაწაწინა, მიკარგულ სოფელში, საიდანაც გასვლის უფლება არ ჰქონდა და სამყაროს მხოლოდ წერილებით ეკონტაქტებოდა. სინამდვილეში საყვარელი ქალის გამო დაისაჯა: ტინა პიცარდო, პავეზეს ლექსების „ქალი ხრინწიანი ხმით“, მებრძოლი ანტიფაშიტი იყო და ცნობილ „ბუნტისთავ“ ალტიერო სპინელის პავეზეს მისამართის გამოყენებით სწერდა წერილებს. ერთი წელი დასჭირდა რეჟიმს ამის გასარკვევად, თუმცა, ჩეზარე პავეზე მაინც „შავ სიაში“ დარჩა ლეონე გინძბურგთან და სხვა ატიფაშისტებთან მეგობრობის გამო.

თავისი არაპოლიტიკურობა საშინელი დანაშაულის გრძნობით ავსებდა პავეზეს. იმდროინდელი პარტიზანი მწერლებისა და ინტელექტუალებისგან განსხვავებით, ვერანაირი ბრძოლის ველზე ვერ ხედავდა საკუთარ თავს და მაინც იტანჯებოდა ამის გამო. ასწავლიდა, წერდა, თარგმნიდა, ხელნაწერებს კითხულობდა, სხვა ვერაფერში წარმოედგინა თავი. 1944 წელს რომის ციხეში წამებით მოკლეს ლეონე გინძბურგი. ამან საშინლად შეძრა პავეზე. ფაშისტებს მისი კიდევ რამდენიმე უახლოესი მეგობარი შეეწირა. ბოლოს, 1945 წელს, მაინც შევიდა კომუნისტურ პარტიაში და მის გაზეთთან თანამშრომლობაც დაიწყო. „როგორც იქნა, გამოვასწორე საკუთარი მდგომარეობა“, ვალმოხდილი შვებით წერს ამ ამბავს თავის მეგობარს, მასიმო მილას, მაგრამ ამ სიტყვებშიც უიმედობა იგრძნობა: უიმედობა, რომ ამ პოლიტიკური „პოზიციით“, რომელიც სინამდვილეში მისი არაა, რამეს შეცვლის.

პავეზემ თავისი თითქმის ყველა ცნობილი ლექსი ქალებს მიუძღვნა. საყვარელ ქალებს, რომლებთანაც არ უმართლებდა, რომლებიც ტოვებდნენ, უარს ეუბნებოდნენ: ტინას, ფერნანდა პივანოს (იტალიელ მწერალსა და მთარგმნელს, პავეზეს მოსწავლეს, რომელსაც მან შეაყვარა ამერიკული ლიტერატურა და რომელიც ჰემინგუეის „მშვიდობით იარაღოს“ თარგმნისთვის დააპატიმრეს 1943 წელს) და ბოლოს – კონსტანსს, ამერიკელ მსახიობს – ბოლო სიყვარულს.

კონსტანსმაც მიატოვა. მარტოობა მისთვის უცხო არაა, მაგრამ პავეზე გამოსავალს ვეღარ ხედავს. სწორედ ამ დროს იღებს იტალიის ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიას, „სტრეგა“. მისი მეგობრები იგონებენ, საქვეყნო აღიარებამ და ყურადღების ცენტრში მოქცევამ, გახარების ნაცვლად, საშინლად ააფორიაქა, ის მარტოობა დაურღვია, რომელშიც მუდამ იყო გამოკეტილიო. დაჯილდოების ცერემონიაზე კონსტანსის და, დორისი გაყვება, მაგრამ ვეღარაფერი ანუგეშებს.

„ქალის სიყვარულის გამო კი არ იკლავს თავს ადამიანი, არამედ იმიტომ, რომ სიყვარული, ნებისმიერი სიყვარული, გვაშიშვლებს, ჩვენს უბადრუკობას, უძლურებას, არარაობას ააშკარავებს“.

1950 წლის აგვისტოს ბოლოს „ეინაუდის“ თანამშრომლები ლუარის ციხესიმაგრეების დასათვალიერებლად წასულან რამდენიმე დღით. პავეზე გამომცემლობაში მისულა და ახალი თანამშრომლისთვის, გრაფიკოსი ბიჭისთვის უკითხავს, მოლინა თუ არისო. მოლინა არ დახვდა. არც ეინაუდი, არც ბოლატი, არც სხვები. თითქმის ყველა შვებულებაში იყო. გაბრაზებულს ცარცი აუღია, დაფაზე მიუჩხაპნია „მერდა!“ და გასულა. 26 აგვისტო იყო. ის სიტყვა მრავალი წლის მანძილზე შერჩა „ეინაუდის“ რედაქციის იმ დაფას.

„აღარაფერს დავწერ“. ეს ბოლო ჩანაწერია მის დღიურში. 27 აგვისტოს ტურინის სასტუმრო „რომის“ მესამე სართულზე, 49-ე ნომერში შევიდა, ფეხსაცმელი გაიხადა, რამდენიმე ფირფიტა ძილის წამალი დალია და ჩაცმული წამოწვა საწოლზე.

მის მეგობრებს, საფრანგეთიდან 28 აგვისტოს დაბრუნებულებს, აღარასოდეს მოასვენებს ფიქრი: „ერთი დღით ადრე რომ წამოვსულიყავით…“

სამოქალაქო წესით დაკრძალეს. მისი და, სასოწარკვეთილი, ამაოდ ცდილობდა თვითმკვლელობის ამბის დამალვას. წესი არ აუგეს, ათეისტსა და თვითმკვლელს.

„მოვა სიკვდილი შენი თვალებით“ კონსტანსს მიუძღვნა, ისევე, როგორც თავისი ბოლო რომანი. 1950 წელს, 1 თვის მანძილზე, 11 მარტიდან 10 აპრილამდე დაწერა ეს ათი ლექსი. ათიდან ორი – ინგლისურად, დანარჩენი რვა – იტალიურად. ის ორი, ინგლისური, იტალო კალვინომ უთარგმნა იტალიელებს – პავეზეს მოსწავლემ, რომელსაც მანვე შეარქვა „ფაფუკალმიანი“, სახელი, რომელიც ბოლომდე შერჩა კალვინოს.

მეგობრებს საშინლად ატკინა გული. თუმცა, გაკვირვებით თითქმის არავის გაჰკვირვებია. არავის, კალვინოს კარდა: „ყოველთვის ისეთი ძლიერი მეგონა, იმ თავის სტოიკურ ჯავშანში გამოკეტილი…“

„სანთელი ორივე მხრიდან ვერ ჩაიწვება. ჩემი მხოლოდ ცალი მხრიდან ჩაილია და მისი ნამწვი ჩემი წიგნებია“.

(მასალა ეყრდნობა ჩეზარე პავეზეს მეგობრების, თანამშრომლების, ნათესავების მოგონებებს, ინტერვიუებს, წერილებს, ასევე პავეზეს პირად წერილებსა და დღიურებს).