ხათუნა ხაბულიანი – გზა სამყაროს ახლებურად ხედვისთვის

 

berger-88239ჯონ ბერჯერი გარდაიცვალა 2017 წლის 2 იანვარს და ამ ამბავმა კიდევ ერთხელ გააცოცხლა იუთუბზე ატვირთული 1972 წლის ჩანაწერები – „ხედვის გზები“. ნეკროლოგებში ის მოიხსენიეს როგორც მწერალი, ხელოვანი, კრიტიკოსი, ბუკერის ჯილდოს მფლობელი რომანისთვის „ჯ“ და როგორც ყველასთვის კარგად ცნობილი წიგნის – „ხედვის გზების“ ავტორი. ეს წიგნი ამავე სახელწოდებით გამოსული BBC-ის პოპულარულ სერიების ტექსტად ქცეულ რეზიუმედაც შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა თანამედროვე ბანალური ჭეშმარიტებების ნუსხაში ის ამბავიც შედის, რომ ტექსტი და ვიზუალური პრეზენტაცია სრულიად სხვადასხვა ჟანრია და ერთი და იგივე თემის განსხვავებული მედიუმებით წარმოდგენისას სწორედ განსხვავებები უფრო ჩანს ხოლმე, ვიდრე მსგავსება. ჯონ ბერჯერმა წიგნისთვის თუ აკადემიური ესეების ფორმატი აირჩია, მანამდე სატელევიზიო ვერსიისთვის უკვე განსაკუთრებული პერფორმანსი ჰქონდა მომზადებული, – არტისტული, ახალგაზრდულად ენერგიული, აუდიტორიისადმი კეთილგანწყობილი და მხატვრობის სიყვარულით გაჯერებული ავტორის სიცოცხლით სავსე პრეზენტაცია ხედვისა და მისი მისტერიების შესახებ.

ის იდეები, რომლებიც ვიზუალური ხელოვნების თეორეტიკოსებმა მოდერნისტული რევოლუციის ამბიციების აღმოცენებისთანავე აღიარეს დღის წესრიგის განმსაზღვრელად, ჯონ ბერჯერმა საკუთარი ხედვით ააგო ორგანიზებულ სისტემად და ერთ დიდ მეტაფორას დაუქვემდებარა, რომელიც დაახლოებით ამგვარად შეიძლება გამოითქვას: „მზერის ველში მოხვედრა ხედვას (დანახვას) არ გულისხმობს“, მოკლედ, მზრუნველი რჩევასავით ჟღერს: – სანამ ჩათვლი, რომ რაღაც დაინახე, კარგად უნდა დაფიქრდე, ვიზუალური ინფორმაცია ასეთი ადვილი წასაკითხიც არ არის და მუდმივად იცვლება იმის გათვალისწინებით, თუ რა კონტექსტში მოხვდება.“… ჯონ ბერჯერს ხშირად მოიხსენიებენ შორსმჭვრეტად[1], ვისთანაც სამყარო „უკეთესი ხდებოდა“: – „ჯონ ბერჯერს მოვუსმინე 2015 წლის ბოლოს ლონდონში, ბრიტანულ ბიბლიოთეკაში. დამსწრეთაგან ერთ-ერთმა ახსენა მისი 1975 წელს გამოცემულ წიგნი „მეშვიდე ადამიანი“, რომელიც მასობრივ მიგრაციას ეხებოდა და სადაც ის ამბობდა, რომ სხვისი გამოცდილების გასაგებად აუცილებელია დაშალო ის სამყარო, რომელსაც ხედავ შენი ადგილ-სამყოფელიდან და მის შიგნით და ხელახლა ააწყო ისე, როგორადაც ის ხედავს თავისი მხრიდან. ბერჯერს ამ შეხვედრაზე ჰკითხეს, რას ფიქრობდა მსოფლიოში მიმდინარე დიდი გადაადგილებების შესახებ. მან თავი ხელებში ჩარგო, დაჯდა და დაფიქრდა; ბოლოს კი არაფერი უთქვამს ისეთი, რის გააზრებასაც დიდ დროს მოანდომებდა, ან ფიქრის ისეთ სივრცეს, რომელსაც მცირე ხმაურიც კი დაარღვევდა. ბოლოს თქვა: „მე ვფიქრობდი ამბის მთხრობელის პასუხისმგებლობაზე, მისი, როგორც სტუმართმოყვარე მასპინძლის არჩევანზე“. საუბრის მსვლელობისას კი ნათელი გახდა, როგორი რევოლუციური, იმედიანი და შორსმჭვრეტელური იყო მისი აზრი. მის მიერ შემოთავაზებული სტუმართმოყვარეობის აქტი ერთდროულად ძველიცაა და თანამედროვეც და ნებისმიერი ამბის საფუძველშია, რომელიც ოდესღაც გვითქვამს ან მოგვისმენია ჩვენს შესახებ, – თუ ამას უარვყოფთ, უარვყოფთ ადამიანურ ღირებულებასაც. მან აღნიშნა ამ ყველაფერთან ხელოვნების პროცესის ღრმა კავშირის შესახებ და ბოლოს ფაშიზმის არსიც მოკლედ განმარტა: როცა ადამიანების ერთი ნაწილი ირწმუნებს, რომ უფლება აქვს შეაფასოს და გადაწყვეტილებები მიიღოს ადამიანთა მეორე ნაწილის მიმართ.

რამდენიმე წუთი ბერჯერთან და უკეთეს სამყაროსთან, უკეთეს შედეგთან, არ იყო ფანტაზია ან წარმოსახვა, ეს იყო იმპულსი – შესაძლებელი, შესრულებადი, აუცილებელი და ცხადი. ეს იმას ნიშნავდა, რომ შესაძლებელი იყო სხვა სამყარო; ეს ნიშნავდა, რომ ეს სამყარო, თუ მას შევხედავდით განსხვავებულად, განსხვავებულად შესაძლებელი იყო. ბერჯერთან უკეთესი სამყარო შეიძლებოდა შემდგარიყო“ (ალი სმიტი, 2017).[2]

„ხედვის სტერეოტიპები“ არის ის მზა მოდელები, რომლის დაშლასაც იწყებს 70-იანების სახასიათო ვარცხნილობის სტილითა და ასეთივე პერანგით შემოსილი ადვილად დასამახსოვრებელი პერსონაჟი; ჯონ ბერჯერი თავისი პრეზენტაციის დასაწყისში აღნიშნავს დასავლური ხელოვნების მნიშვნელოვან პერიოდს 1400-დან 1900-ის ჩათვლით, რომელიც მხატვრობის განვითარების რთულსა და დატვირთულ ისტორიას გულისხმობს და რომლის ტენდენციურმა ანალიზმა შესაბამისი სწორხაზოვნებით აღნიშნული კლიშეები უსახსოვრა არსებულ კულტურას. ბერჯერი ერთგვარი თამაშით მიჰყვება იმ ილუზიის გაქარწყლებას, რომ თითქოს თვალით აღქმული სანახაობა უშუალო და უპირობო იყოს. მისი მსჯელობა მაყურებელს ადვილად ჩაითრევს ამ თამაშში და ხელახლა ამოგზაურებს დასავლური ხელოვნების წაკითხვის პრაქტიკებში, რომელთა გავლენით ის ხედვითი მოდელები შეიქმნა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდნენ კულტურულ ტენდენციებს. ბერჯერი აქ პოპულარულ ენაზე ‘თარგმნის’ ხელოვნების მკვლევართა მიერ თითქოს ხელოვნურად გართულებულსა და პათოსით გადატვირთულ ‘აღმოჩენებს’ და სხვა საწყის პოზიციას გვთავაზობს: გამოსახულება არ არის მხოლოდ გამოსახულება და ყველაზე მარტივი კომპოზიციაც კი მრავალ მნიშვნელობას ატარებს და მუდმივად ცვალებადია კონტექსტის ცვლასთან ერთად. მხატვრობის განსხვავებული რაკურსიდან დანახვა შესაძლებელი გახდა ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად მოტანილი ახალი მედიუმებით, – ფოტოგრაფიისა და კინოს თანმდევი გამოცდილებებით.

და, რა თქმა უნდა, ძიგა ვერტოვი და მისი ‘ადამიანი კინოკამერით’:

„მე ვარ თვალი. მექანიკური თვალი. მე, მანქანა, გაჩვენებთ თქვენ სამყაროს ისეთად, როგორადაც მხოლოდ მე შემიძლია დავინახო. მე დღეს და უკვე სამუდამოდ ვათავისუფლებ საკუთარ თავს ადამიანური უმოძრაობისგან. მე მუდმივ მოძრაობაში ვარ. მე ვუახლოვდები და ვშორდები საგნებს. მე მივცოცავ მათ ქვეშ. მე მივყვები მორბენალი ცხენის პირს. მე ვეცემი და ვდგები დაცემულ და წამომდგარ სხეულებთან ერთად. ეს ვარ მე, მანქანა, ქაოტურ მოძრაობებში ვმანევრირებ, ვიწერ ერთი მეორის მიყოლებით მოძრაობებს ურთულეს კომბინაციებში.

თავისუფალი დროისა და სივრცის საზღვრებისაგან, მე სამყაროს ნებისმიერსა და ყველა წერტილის კოორდინაციას ვაკეთებ. ჩემი გზა სამყაროს ახლებური აღქმისკენ მიდის. ამგვარად, მე ახლებურად ავხსნი თქვენთვის უცნობ სამყაროს“.

ჯონ ბერჯერის პერფორმანსი მხატვრობის ტრადიციული ტიპის თაყვანისმცემლებისთვის შოკის მომგვრელი „მკრეხელობით“ იწყება, – ის დანით ამოჭრის ბოტიჩელის ტილოზე – „ვენერა და მარსი“ – გამოსახულ ახალგაზრდა ქალის პორტრეტს; რა თქმა უნდა, ეს რეპროდუქციაა მუზეუმის ინტერიერის მქონე გადასაღებ პავილიონში და არა ორიგინალი. ძალიან მარტივი ოპერაცია, რასაც დღეისთვის ციფრული პროგრამა წამებში გააკეთებს, აქ უხეშად და დაუნდობლად არის ნაჩვენები, მინიშნებები ვანდალიზმსა და ხელოვნების მიმართ ვულგარულ დამოკიდებულებაზე, რასაც ხშირად აიგივებენ რეპროდუქციის ტექნოლოგიის გაჩენასა და „საკრალური“ განზომილებიდან გამოტანილი გამოსახულებების სხვადასხვა ფორმატსა და დიზაინით ტირაჟირებასთან. ბერჯერი მარტივ ჭეშმარიტებას თვალსაჩინო ილუსტრაციად აქცევს, როცა ხუთი საუკუნის წინ მცხოვრები ახალგაზრდა ქალის პორტრეტის მითოლოგიურ კონტექსტში ჩასმის შემდეგ მისი ქალღმერთად გარდასახვის პროცედურის სქემას აღწერს. გამოსახულება იცვლება განსხვავებული ინტერიერის წყალობით, სხვა მომენტში კი კარავაჯოს ტილო განსხვავებულად აღიქმება დრამატული ოპერის ფრაგმენტის რელიგიური ქორალის ფონით შენაცვლებისას…

ჯონ ბერჯერის სერიებამდე BBC-ის სხვა პროექტი შეეხო დასავლური ხელოვნების ისტორიას, – ეს იყო ხელოვნების ისტორიკოსიისა და მწერლის – კენეტ კლარკის ცნობილი სერიალი – „ცივილიზაცია“. კლარკის პოზიციას ჯონ ბერჯერი კრიტიკულად განიხილავს ისეთი მოტივის გამოკვეთით, როგორიცაა შიშველი სხეულის პრეზენტაციის ტრადიცია დასავლურ ცივილიზაციაში. „თავის წიგნში, რომელიც შიშველი სხეულის გამოსახვას ეხება, კენეტ კლარკი ამბობს, რომ იყო შიშველი, ეს ნიშნავს უბრალოდ ტანსაცმლის გარეშე ყოფნას. შიშველი სხეული მისი აზრით არის ხელოვნების ფორმა. მე ამას სხვაგვარად განვსაზღვრავდი: იყო შიშველი, ნიშნავს იყო თვითონ; იყო შიშველი, ნიშნავს იყო შიშვლად დანახული სხვების მიერ და ჯერ კიდევ ამოუცნობი საკუთარი თავისთვის. შიშველი სხეული უნდა იქნეს დანახული როგორც შიშვლად წარმოდგენილი ობიექტი.“ მაიკლ მაკნეი ‘გარდიანის’ აღნიშნულ ნეკროლოგში აღნიშნავს, რომ ჯონ ბერჯერი ამბობდა, ხელოვნება გასაყიდი საქონელია და ქალი ხელოვნებაში – ობიექტი. ამ კრიტიკულმა ხედვამ ის თავისი დროის ახალგაზრდა თაობის გმირად აქცია, ქალის სხეულის ნიშის შესახებ პატრიარქალური კულტურის ჭრილში, ის უფრო რადიკალურია თავის „ხედვის გზებში”. თანამედროვე დისკურსში ქალის სხეულის რეპრეზენტაცია ხელოვნების ისტორიაში პატრიარქალური კულტურის სტერეოტიპებს უკავშირდება და ქალთა სქესს გარკვეულ როლს უკანონებს, რომლის განსაზღვრაშიც ქალები არც მონაწილეობენ. „შენ დახატავ შიშველ ქალს იმის გამო, რომ გსიამოვნებს მისი ყურება, დააჭერინებ ხელში სარკეს, დაარქმევ სათაურად „პატივმოყვარეობას“ და ამგვარად მორალურად განსჯი ქალს, რომლის სიშიშვლე შენი საკუთარი სიამოვნებისთვის გამოსახე“,- ამბობს ჯონ ბერჯერი “ხედვის გზების“ ერთ ეპიზოდში, – მისი აზრით, ამ კულტურაში ქალი იძულებულია გაითვალისწინოს ყველაფერი, რასაც ის აკეთებს და როგორიც ის არის, რამდენადაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როგორი გამოჩნდება ის კაცის თვალში. მასში საკუთარი თავის შეგრძნება მუდმივად გამოდევნილია იმის შეგრძნებით, თუ როგორ არის ის დანახული გარედან, სხვის მიერ. შემდეგ ბერჯერი კიდევ უფრო აზუსტებს ამ სქემას: „შეიძლება მარტივადაც თქვა, რომ კაცები მოქმედებენ, ხოლო ქალები გამოჩნდებიან ხოლმე. კაცები უყურებენ ქალებს და ქალები უყურებენ საკუთარ თავს, რომელსაც სხვა ათვალიერებს. ეს განსაზღვრავს არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებს, არამედ ქალის ურთიერთობას საკუთარ თავთანაც. ქალში არსებული საკუთარი თავის დამკვირვებელი მამრობითია; ქალი, რომელიც მზერის ობიექტია. ამგვარად ქალი გადააქცევს საკუთარ თავს ობიექტად, უფრო ზუსტად დანახულ ობიექტად: ხედვად…“

„ხედვის გზების“ ერთ-ერთ ეპიზოდში ბერჯერის მიერ ორგანიზებულ ექსპერიმენტში ბავშვები განიხილავენ კარავაჯოს ტილოს – „ქრისტე ემაუსში“. მსჯელობა აჩვენებს უშუალო, studium-ის გავლენისგან თავისუფალი ცნობიერებით აღქმულ გამოსახულებას. ეს თავისი დროისთვის თითქოს მოსალოდნელი მაგალითი უნივერსალურად გამოიყურება ხედვის თემის მეტაფორული განზომილებისთვის… თვალი აქ არ არის „მექანიკური მანქანა“, მაგრამ თავისუფალია დროისა და სივრცის საზღვრებისაგან…


[1] Visionary-ის ქართული შესატყვისისათვის მადლობა ბატონ ლევან ბრეგაძეს.

[2] https://www.theguardian.com/books/2017/jan/06/john-berger-remembered-by-geoff-dyer-olivia-laing-and-ali-smith