ჯაბა ზარქუა – ჰიპოკრატეს სახე

jaba 29039

რამდენნაირი კლიენტი არ მყოლია, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც… კლიენტები მხოლოდ ბოზებს არ ჰყავთ, სექსისტო ღორო! ერთი სტუდენტი გოგონა ვარ, რომელსაც კაპიკი ფული არ ჰქონდა და ერთ მშვენიერ დღესაც გადაწყვიტა ფული მოხუცი პროფესორებისთვის წაეცინცლა. აჰმ, ისევ სხვა რამეს ფიქრობ გარყვნილო ღორო, კიდევ კარგი სტუდენტებთან არავინ მიგიშვებს არასდროს, თორემ შენგან მაქსიმუმ მომჩვარული ხორცის ანატომია ისწავლონ მაგ უბედურებმა, მეეჭვება ისიც რამეში გამოადგეთ.

რამდენი ხანი ვუნდები დასაწყისს. სულ ასე მჭირს ხოლმე, იმიტომ, რომ ხელზე მეტად ყური მიჭრის. არ ვიცი რამდენად სწორია ეს ფრაზა, „ყური მიჭრის“, მაგრამ დარწმუნებული კი ვარ, რომ მიხვდები რისი თქმაც მინდა, ან თუ არც მიხვდები რა, აი დარდი – შენთვის ჯერ ისევ ენატლიკინა დებილი ვაგინა ვარ, რომელიც პროფესორების ლოგინში გორაობს და მერე შანტაჟის გზით ფულს აკეთებს. მინდა გითხრა, რომ სხეულზე უფრო ცუდი ინტუიცია გაქვს იმიტომ, რომ გარტყმაში არ ხარ ვინ ვარ და რას ვაკეთებ ვაბშე! და ის ფაქტი, რომ სათქმელს თავს ვერ ვუყრი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დებილი ვაგინა ვარ აპრიორი, რომელიც პროფესორების ლოგინში გორაობს.

იცი რატომ ვწერ ამ ყველაფერს და საერთოდ, რატომ გაჯვამ? შეიძლება ეს კითხვაც დაგებადოს – რა დავუშავე ამ პატიოსან გოგოს, არც მიცნობს წესიერად და ძაანაც სიმპატიჩნი ტიპად ვითვლები პრინციპში, რატომ მაჯვამს მაინცდამაინც გარეგნობაზეო. დაგებადა ეს კითხვა, მახინჯო ძროხა? გიპასუხებ – გუშინ დედა დავმარხე, ფილტვის კიბოთი მოკვდა, ოფიციალური ვერსიით. სინამდვილეში კი დაავადებით, რომელიც სულაც არ იყო არც ფილტვის და არც კიბო. ორი წლის წინ მამა მომიკვდა, რომელიც რეანიმაციაში მოხვედრილი აპარატზე კი მიაერთეს, მაგრამ აპარატის დენში მიერთება დაავიწყდათ, ჰოდა, სანამ საჭმელს შეჭამდნენ მშვიდად და წყნარად, მანამდე გაიგუდა საწყალი მამა. და კიდევ იცი რა არის მთავარი? მთავარი ისაა, რომ მოხუცი პროფესორებისგან ვაკეთებ ფულს, რომლებსაც სჯერათ, რომ მთლად ნობელის პრემიას თუ ვერ აიღებენ, მათი სიკვდილის შემდეგ მაინც ილაპარაკებს შთამომავლობა მათზე, როგორც მინიმუმ. ესენი ზუსტად ის მოხუცი პროფესორები არიან, რომლებმაც დედა და მამა მომიკლეს და საშუალება რომ მიეცეთ, მეც ზედ მიმაყოლებენ. კიდევ ვერ ხვდები რატომ მძულხარ? პრინციპში, ჯერ არც მითქვამს ეგ. ანუ თუ არც მოხუცი პროფესორი ხარ და არც მკვლელი, მაშინ რაღატომ გაჯვამ? იმიტომ, რომ… შორიდან უნდა მოვუარო. შორიდან რა ახლა, ჯერ რას ვაკეთებ ის უნდა გითხრა, რომ წესიერად გაიგო – მოკლედ, სტუდია გვაქვს მე და ჩემს მეგობარს. თავიდან ფართო პროფილით დავიწყეთ და სახელიც სხვა გვერქვა, მაგრამ შემდეგ, როცა ვნახეთ, რომ შეკვეთები სულ სამედიცინო სფეროდან მოდიოდა, სახელი შევცვალეთ და მხოლოდ ამ სეგმენტზე ვკონცენტრირდით. ფილმებს ვიღებთ შეკვეთით. ვინ არიან შემკვეთები? ძირითადად მოხუცი პროფესორები ან მათი შვილები, ოღონდ ამ შემთხვევაშიც მოხუცი პროფესორებისგან არის დირექტივა გაცემული, როგორც წესი, უბრალოდ თვითონ უტყდებათ პირდაპირ კონტაქტზე გამოსვლა და ვითომ ჩერეზ შვილებით და შვილიშვილებით გვეკონტაქტებიან და ვითომ ძაან მორიდებულები და რაღაცნაირები არიან და ავოეეე! ჰოდა, ამ დომხალთან შენ იმ კავშირში ხარ, რომ ჩვენს გადაღებულ მინიფილმებს ძალიან დიდი რეიტინგი აქვს. თითქმის ყველა ტელეარხი მზადაა იყიდოს და ეგრევე გაუშვას ეთერში და ახლა ხვდები საბოლოოდ, სად იხსნება კვანძი? გამარჯობა შენი – შენ ხარ ის არსება, რომელსაც სპეციალური მთვლელებით ითვლიან და რეიტინგის შემადგენელ ციფრებად გარდასახავენ. ახლა ხვდები რატომაც არ გცემ არანაირ პატივს? ჰო, კიდევ იმასაც ვიტყვი, რომ ეს ჩანაწერი როცა გამოქვეყნდება, ალბათ ან ძალიან ბებერი ვიქნები, ან მკვდარი, ან პატიმარი, ან ფსიქიატრიულის პაციენტი, ან რამე მაგდაგვარი, იმიტომ, რომ აქ და ახლა სარჩო-საბადებელზე უარს ვერ ვიტყვი, თან ამ სიტყვების წერის დროს გაპობილი მთვრალი ვარ და ზედმეტებიც მომდის ალბათ, მაგრამ პოხუი, რა. გავიღვიძებ ხვალ დილით, გადავიკითხავ ამ ნაწერს, შევჩურთავ უჯრაში და წავალ მორიგი ბატონი გურამის პროფაილის გასაკეთებლად. მამა, როგორ მენატრები…

ახლა კარგად მისმინე, ერთი მაგარი შემთხვევა მინდა მოგიყვე, თვალებიანო ნეხვის კასრო. იცნობ შენ  ბატონ გურამს, კარდიოლოგს? უფ, მხეცია, მხეცი! სასწაულია, გამაგიჟა ამ კაცმა. მაგრამ სანამ ამას მოგიყვებოდე, მინდა ჩემი საიდუმლო გაგიმხილო. რატომ ვარ მაინცდამაინც მე წარმატებული ამ სფეროში და არა ვინმე სხვა, მაგალითად ჩემი მეზობელი ხადიჯა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის პაკისტანელია და მე კი ქართველი და თან თბილისელი. მეორე კიდევ იმიტომ, რომ მე ყური მიჭრის, როგორც ზემოთ ვთქვით კიდეც! ანუ იმას ვგულისხმობ, რომ საოცარი სმენის ნიჭი მაქვს. არა, განა მუსიკალურ სმენაზე ვბაზრობ ან რამე მსგავსზე და ფენომენალურზე, არა – უბრალოდ თანამოსაუბრეს ვუსმენ და ამაში მართლა ვერანაირი ხადიჯა ვერ გამეჯიბრება. ისე, ნეტა რამდენი ათწლეული უნდა გავიდეს, რომ პაკისტანელებმა თავისი დამტვრეული ქართულით ცნობილ ქართველ ექიმებზე მინიფილმების გადაღება დაიწყონ? აბსურდ ჩორტოვ, როგორც იტყვიან. დამტვრეულ ქართულს სულ ტყუილად კი წავმოკარი კბილი – ქართული ვაბშე არაფერში მჭირდება საქმიანობაში. ანუ იმ დონეზე კი ვიცი, რომ რამდენიმე კითხვა დავსვა (ძირითადად 5-6) და დალშე წავიდააა. გზადაგზა დავაკვირდი რაღაცეებს და მეტი ვისწავლე – მთავარია უსმინო და ინტერესიანი გამომეტყველება მიიღო. შიგადაშიგ ფეხებსაც თუ გადაიჯვარედინებ ერთმანეთზე და ცოტათი აცმუკდები ან სახე გაგინათდება, მთლად იდეალური. უნდა გახსოვდეს, რომ შენ მხოლოდ ყავარჯენი ხარ, რომელსაც ბებერი პროფესორი ეყრდნობა და მეტი არაფერი. ვის რად უნდა მოლაპარაკე ყავარჯენი? პრინციპში, არც მომღიმარე ყავარჯენი უნდა ვინმეს, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა, მომღიმარს უფრო აირჩევს კაცი, ვიდრე ტვინის მხვნელს.

ჰოდა, ამ რამდენიმე კვირის წინ ვიყავით ამ კარდიოლოგთან. ტიპი იმენნა შიგნაკრავია! აი, ხო ბევრნაირი მინახავს არა, მაგრამ ეს რაღაც ნამეტანი იყო და ამაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო ხმამაღლა, მით უმეტეს ისეთ ნაწერში, რომელსაც გამოქვეყნება არ უწერია, მაგრამ ვაიდა, მაინც მომინდეს გამოქვეყნება, პერსონაჟის სახელს და სპეციალობას შევცვლი მაინც და გახსოვდეს, რომ სინამდვილეში კარდიოლოგი გურამი სულაც არ იყო არც გურამი და არც კარდიოლოგი. მგონი აღარ გერჩი მაიმუნის ტრაკო, მსიამოვნებს რომ მისმენ და მკითხულობ, ჩემიანივით იქცევი და სულ ტყუილად გამოგლანძღე. ჩათვალე, რომ შუტკა გავხსენით და სულაც არ მეზიზღები. ჰო, შევრიგდეთ.

ნუ, დასაწყისიდანვე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ყველაზე არაორდინარული შემთხვევა მთელი ჩემი მოღვაწეობის მანძილზე, იმიტომ, რომ… აი, რავი, როგორ დამიკავშირდა იცი? აი, წარმოიდგინე – მირეკავს ტელეფონი, ოღონდ მობილური კი არა – სახლის ტელეფონი! ვიღებ ცოტათი დაბნეული ხმით და გონებაში იმ ბანკებს ვიხსენებ, სადაც კრედიტი ან სესხი უნდა მქონდეს და ბრახ და მესმის ვიღაცის უსერიოზულესი ხმა: „გამარჯობა, გურამ გურამიშვილის პირადი ასისტენტი გაწუხებთ“. ვაახ, მეთქი, ჯერ გურამ გურამიშვილი ვინ ჩემი შაშაკოლაა და მერე კიდევ ასისტენტი რა პონტში ყავს-თქო ვაბშე. ნუ „შაშაკოლა“ არ მიფიქრია, რა თქმა უნდა, უბრალოდ ახლა წერისას მომაფიქრდა ეს უცნაური სიტყვა და ლიტერატურულად თუ რაღაც მაგდაგვარად მეჩვენა და მაგიტომ ჩავტენე. მოკლედ, ვეუბნები ამ ტიპს, რომ გისმენ-თქო, ის მპასუხობს რომ ხვალ სამ საათზე გურამ გურამიშვილის კაბინეტში მელოდება, შეხვედრაა დანიშნული. რა შეხვედრა, ვინ გურამი, ავოეეე. მეთქი, არ მოვალ, რა პონტში უნდა მოვიდე ვაბშე-თქო. ის მეუბნება, რომ ფილმის შეკვეთა უნდათ. ა, ჰო, ვსიო იასნა, უნდა მცოდნოდა ვინ იყო გურამ გურამიშვილი, ასე გამოდის. ტიპი ისეთი თავდაჯერებული იყო, გეგონება რომის პაპთან დამიბარა შეხვედრაზე… ახლა დავფიქრდი და დაჟე რომის პაპიც არ მახსოვს ვინაა. ნუ სახელი ერთი აქვთ მაგათ პა ბალშომუ, მაგრამ ნუმერაციით რომელია ღმერთმა იცის. ჰო, ღმერთმა, რა – რა და, ეს ნამდვილად იცის.

მივდივართ მე და სანდრო ბატონი გურამის ოფისში. ოფისი ახლა ისე ჟღერს, რამე ბანკი და მაგ პონტში არ წარმოიდგინოთ. ძველი საავადმყოფოს შენობაა, რომელსაც გარედან ეტყობა, რომ მხოლოდ ერთი ფლიგელია შერემონტებულის პონტში, კონდიციონერები, რამე… სად მიდიხართო, გვკითხა მსუქანმა ულვაშებიანმა დარაჯმა, რომელიც შესასვლელში იდგა. გურამ გურამიშვილთან ვართ მიწვეულები-თქო, ვუპასუხე. თქვენი გვარი და სახელიო, ეგრევე საქმეზე გადავიდა. ვუთხარი და დავთარში დაიწყო ძებნა. ამომხედა გაოცებულმა, მერე – კი მაგრამ, სამ საათზე გელით ბატონი გურამი და ჯერ ორის ნახევარია მხოლოდ, ასე ადრე რატომ მოხვედითო? აუ, ახლა ამას უხსენი რომ სანდროს დავურეკე დილით გამო და ჩემგან გავიდე-თქო და ესეც გამოვიდა და დამიწყო მოყოლა, როგორ დაცილდა გუშინ მორიგ შეყვარებულს და ტიპმა იმენნა ისეთ გაუსაძლის დღეში ჩამაგდო, რომ მეთქი, გავედით, იქნებ მალე მოვიშოროთ ეს დასირებული კაცი-თქო. მაგარი დებილია სანდრო, ვერ ისწავლა გოგოს არჩევა, არადა, სიმპატიჩნი ტიპია, მაგრამ ყველა გოგო ადრევე ადებს, იმიტომ, რომ ვერ უძლებენ, ან რას გაუძლებენ – ვერშემდგარ რეჟისორს, რომელიც თავის თავს მიქელანჯელო ანტონიონის ეძახის. ეს რომ თავის ვერასრულებულ გეგმებზე მოჰყვება ლაყაფს, აეეე… დებილი ნაშა კი არა, მე ძლივს ვუძლებ ხოლმე. საქმეში რომ მაგარი არ იყოს და თავის მოვალეობას არ ასრულებდეს კარგად, თან მონტაჟიც ეხერხება ბონუსად, ეგრევე გავაჯმევინებდი სტუდიიდან. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ამ ყველაფრის ახსნა იქნებოდა ახლა დარაჯისთვის? ულვაშ, შეგვიშვი რა შენ გახარებას, რა დაშავდება ახლა შაბათ დღეს საათ-ნახევრით ადრე მოვედი თუ გვიან, მე შენ გეტყვი, მაგარი დაკავებული არ იყოს ახლა ბატონი გურამი. თავი გაიგიჟა – სამ საათამდე ფეხს ვერ შეადგამთო. ვუალა. უხ, სანდრო, შენი დედაც. შენი არა მამენტ, ქეთუშას დედაც, ქეთუშა არ ერქვა მაგას? რაღა გუშინ დაგადო, დღეები დაილია დედააფეთქებული? ამ შაბათსაც აეტანე როგორმე, ბლინ. მომდევნო საათ-ნახევარი ისევ სანდრომ მბურღა საავადმყოფოს ეზოში. ჩემდა ბედად კაციშვილი არ ჭაჭანებდა, რომ მათ ახლოს დავმდგარიყავით და გატყდომოდა ამას უცხოებთან გულის გადაშლა. იმენნა მარტოები ვიყავით და ამანაც რო მიუშვააა… კაროჩე, ლაპარაკის დროს მაკიმარებდა ხოლმე. უხ, სანდრო, შენი, თავში ჭკუა რომ არ გაქვს საერთოდ, გასულა ამასობაში საათ-ნახევარიც და მეტიც! ოთხის თხუთმეტი წუთია უკვე, ეს კიდევ იმ ადგილზე დგას, ქეთუშამ რომ გაიღვიძა, ჩულქები ამოიცვა და… რა ჩულქები შე კვერცხო, გურამს ვალოდინებთ აგერ უკვე თხუთმეტი წუთია. დროზე, დროზე, დროზე.

სამწუხაროდ, დააგვიანეთ, ვერ შეგიშვებთ ბატონ გურამთან, სამ საათზე უნდა მოსულიყავით, მეუბნება ულვაშა და საერთოდ არ ეტყობა, რომ ხუმრობს. ოე, შიგ ხო არ გაქვს კაცო, კინაღამ გონება მეკეტება, მაგრამ ვხედავ, რომ აზრი არ აქვს. კარგიიი, ეს უკვე საინტერესოააა. დამარეკინე დროზე, დამარეკინე მაგის ასისტენტთან თუ ვინცაა, დროზე ულვაშ, მიდი! იცით, თქვენი დარაჯი არ გვიშვებს, გუშინ რომ გელაპარაკეთ ის ვარ, სამ საათზე უნდა შევხვედროდით. კი მაგრამ, აქ ვიყავით, არ შეუხსენებია, სულ 15 წუთი… კარგით, კარგით, ხვალ კვირაა, იქნებ ზეგ იყოს? ხვალ? ბატონი გურამი არ ისვენებს? დასვენების წინ ჩავწერთ? მშვენიერია, რომელზე და სად? უფრო გვიან ვერა? ექვსზე, კვირა დილით… მესმის რომ ცხრაზე ეკლესიაში უნდა იყოს უკვე, ნუ, კარგი – ეკლესიის მერე ნათესავები უნდა მოინახულოს, მერე ბაზარში გავიდეს, მერე ძაღლები გაასეირნოს და ავოეე, კარგი, კარგი, იყოს ექვსზე. ექვსზე მოვალ. სად მოვიდე? კაი ბატონო, იყოს თქვენი სახლი. კიდევ ერთი კითხვა – თქვენ დაგირეკოთ დილით თუ რა ვქნა? იქ იქნებით? ა, სულ მასთან ხართ? არა, უბრალოდ ექიმი მეგონეთ, თანამშ… ექიმი ხართ? ბოდიში, ბოდიში, დავანებოთ ამ თემას თავი. მოკლედ, ხვალ ექვსზე სახლში ვარ ბატონ გურამთან და გირეკავთ თქვენ. ცხრამდე ჩაწერა თუ ვერ დავასრულეთ, თუმცა მგონია, რომ დავასრულებთ, იმიტომ, რომ სცენარი მოფიქრებული მაქვს წინასწარ, მაშინ ეკლესიაშიც წამოვყვებით, მოსულა? შევთანმხდით, დროებით, აბა. დედაშევეცი, კვირას ხუთზე რომ ადგეს ადამიანი, ნეტა რომელზე უნდა დაიძინოს – ახლავე? ჰო, შუადღის ოთხი საათი კია უკვე. მოკლედ, ამ ფიქრებში ვიყავი, რომ სანდროსაც მაგარი დავაჯვი, რა დროს ქეთუშაა, ვერ ხედავ შენ გამო რა ამბავი მოგვივიდა და ხვალ ექვსზე თუ არ დავადგებით სახლში, მაგარ შარში გავყოფთ თავს-თქო და წადი ახლა დროზე დაიძინე და არ იფიქრო არაფერზე-თქო. მგონი დამიჯერა.

დილით პირველი რა ვიფიქრე იცი, როცა სარკეში გაუბედურებულ ჩემს თავს ჩავხედე თვალებში? გეყოს სოფია, გეყოს ამ ღორიშვილების სმენა, დღეს სმენის ბოლო დღე იქნება – დედა უნდა უტირო გურამს, დედა! კი ვხვდებოდი რომ ვატრაკებდი პა ბალშომუ და ამის თავი არ მქონდა და უბრალოდ უძინარი რახან ვიყავი, იმიტომ ვიყავი დიდ გულზე, მაგრამ მაინც ეს ვიფიქრე და ჰა. გურამს არ ვიცი რას დავაკლებდი და აი, სანდროს კი მართლა დავახრჩობდი, თუ ზუსტად ხუთ წუთში არ მოვიდოდა შეხვედრის ადგილას. ამჯერად არ გადამაგდო და დროზე მოვიდა. ღმერთო დალოცე პატარა ძუკნა ქეთუშა, რომელმაც ჯერ კიდევ გუშინწინ მიატოვა და გუშინ ღამე მშვიდი ძილის საშუალება მისცა ან სულაც ბოლთის ცემაში გაათენებინა ღამე, პოხუი, მთავარია სექსი არ ჰქონია და კმაყოფილმა დროზე მოსვლა არ დაიკიდა და მამენტ, ჯობია, რომ რაღაც პონტში ცოტათი უბედურიც იყოს დროებით, ტონუსში იქნება და საქმისთვის უფრო ივარგებს. ქეთუშ, რისფექთ.

ფიქრის გორაზე ცხოვრობდა, იასნად. მივლასლასდით როგორც იქნა. საათს დავხედე დაფეთებულმა – ექვსს უკლია სამი წუთი. ეგრე, იშ, გამოიღე, ბატონო გურამ. ამოვიღე ტელეფონი და დავურეკე ასის… ისე, რა უცნაური რამე იყო, ვაბშე ვერაფერს მივხვდი: ანუ ეს ტიპი მე მეგონა ექიმი, თანამშრომელი, რომელსაც, ნუ, ნაკლები გამოცდილების პონტში ასისტენტად ამუშავებდა, რა. მაგრამ როცა მითხრა, რომ სახლშიც ერთად ვართო და ვაბშე ყველგანო, მივხვდი, რომ მეტი იყო, ვიდრე ასისტენტი. გეები არიან ვითომ? ხომ არ მეკითხა? ჰიჰი.

პირდაპირ, ჯეკა არ გიკბენთ, დერეფანს გამოუყევით, მარცხნივ, მარჯვნივ, დედის ტრაკისკენ გაუხვიეთ ზემოთ და გვერდით და როგორც იქნა ამოვყავით თავი სასტუმრო ოთახში. თვითონ რატომ არ იკადრა გამოსვლა ნეტა ვაჟბატონმა? ასისტენტს ვგულისხმობ იასნად და არა თავად ბატონ გურამს. ასე ხვდებიან სტუმრებს? მაგრამ ჩვენ ხომ სტუმრები არ ვართ, დაქირავებულები ვართ. დაქირავებულებს კი ასე ექცევიან.

გურამ გურამიშვილი დგას ბუხრის წინ ატლასის ხალათში გამოწყობილი, ხელში უშველებელი ჭიქა უჭირავს, რომლითაც ალბათ ჩაის სვამს, უეჭველი ჩაის, ასეთები ხომ ყავას ძაან რედკად ეტანებიან, მიყურებს და წარბს არ იხრის. არც იცინის, არც გაბრაზებულია, არც დაინტერესებულია. უბრალოდ მიყურებს. იქვე მაგის ასისტენტია, კარგა 40 წლის კაცი ყოფილა, ახრენეწ. ეს ასისტენტი გამოწკეპილია, შარვალ-კოსტუმი, რამე… ხელის ჩამორთმევას და სიტყვის გაცემას არც ერთი არ ჩქარობს ჩვენთვის.

- გამარჯობა – მივდივარ და ხელს ვუწვდი ჩამოსართმევად.

ჩემი ხელი ჰაერშია. ეს დიშლა კიდევ ორივე ხელით ჭიქას ებღაუჯება, ასისტენტს თავის დაქნევით რაღაცას ანიშნებს და ზურგით ტრიალდება ჩემგან. რა ჩემი ფეხები უნდა, შიგ ხომ არ აქვს?

- მგონი დროა დავიწყოთ. ჩაწერა გავაკეთოთ აქვე. ბუხრის წინ. ამ ფორმაში, რა ფორმაშიც არის ბატონი გურამი. მზად ხართ?

სანდროს ვუყურებ, ის მანიშნებს რომ მზადაა. კაროჩე, დავიწყეთ. ოე, დიშლა, მოეჯვი, ჩაეჯვი შენს სავარძელში და დაიწყე მოყოლა შენი დედააფეთქებული ცხოვრების, სხვა რაღა დამრჩენია, უნდა გისმინო. სამართალი რომ არსებობდეს ამქვეყნად, შენნაირებს მე და სანდრო კი არა, ფროიდზე ნაკლები არ უნდა უსმენდეს, მაგრამ სადაა? ვის შევჩივლო, ზიგმუნდი ხომ მკვდარია.

- როდის გადაწყვიტეთ ექიმობა? – ხმა მაქვს რაც შეიძლება მილინკი. კითხვები – ხმაზე უფრო დებილური. ეს უნდათ ამათ. დაე მიიღონ ის, რაც უნდათ და რის მეტსაც არ იმსახურებენ არაფერს. ესენი იმის ღირსებიც არიან, ვკითხო, რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდი-თქო და მამენტ, ვკითხავ კიდეც.

- 3 წლის რომ ვიყავი, სოფელში, სახლთან ახლოს, ტყე იყო, საიდანაც ხშირად გამორბოდნენ გზააბნეული ცხოველები. მახსოვს, ერთ შუადღესაც ტყიდან პატარა შველი გამოვარდა და პირდაპირ ჩვენს ეზოში შემოვიდა. ბეჭიდან სისხლი მოსდიოდა თქრიალით, სადღაც გაეჭრა აშკარად. მე დავინახე პირველად, მივუახლოვდი, ვუწამლე და მას მერე მივხვდი, რომ ექიმობა ჩემი მოწოდება იყო. მეტსაც გეტყვით – მე არ ამირჩევია ექიმობა. ასე იყო გადაწყვეტილი ჩემს დაბადებამდე და ამას ვერსად წავუვიდოდი. ექიმობა ჩემი ბედისწერაა, რომელიც იქ, ცაში გადაწყდა კარგა ხნის წინ.

რატომ გადავწყვიტე იცი ამ სირის შესახებ შენთან ლაპარაკი? იმიტომ, რომ იდეალური იყო! ტიპი იდეალურად იქმნიდა თავის მითოსს, რომელზეც ხალხს უნდა ელაპარაკა მის სიბერეში და სიკვდილის შემდგომაც. სხვები ცოტათი ბანძები იყვნენ ამასთან შედარებით და ეს იმენნა გაიძვერა იყო. იცოდა, რა და როდის უნდა ეთქვა. თან ისეთ რაღაცეებს მიყვებოდა იმდენად დამაჯერებლად, რომ კაროჩე რა. აი, მაგალითად, ერთ-ერთი კითხვა პირველი სიყვარულის შესახებ.

- ლეილა ძალიან ლამაზი ქალი იყო. მახსოვს, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას ყველა ამბობდა, გურამს ერთადერთი ლეილა თუ შეეფერება მთელი ნაკადიდანო. ძალიან, ძალიან ლამაზი იყო. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე შევუღლდით, თუმცა მერე ყველაფერი ცუდად წავიდა, რადგან არ დამიჯერა. კერძოდ კი ყველაფერი 4 წლის შემდეგ შეიცვალა, როდესაც უკვე ოთხი შვილი გვყავდა. თითქოს ვერ გაუძლოო ქალმა ამხელა სტრესს, რასაც მშობიარობები ჰქვია და ფარ-ხმალი დაყარაო. თან ბავშვებს, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებლად ზრდიდა. დედა კი ეხმარებოდა, მაგრამ მე სახლში თითქმის არ ვიყავი. აკადემიკოსობას ხონჩით ვინ მოგართმევს ჩემო კარგო, არა? ეს ამდენი პაციენტები, ნუ, მე თავი მედიცინისთვის მქონდა გადადებული. მოკლედ, ამაზე არ ვილაპარაკოთ. იმას მოგახსენებდით, რომ ლეილამ დაიწყო მოწევა, თან ბევრს ეწეოდა. ცოტათი ალკოჰოლსაც მიეპარა და კი ვუჩიჩინებდი წამდაუწუმ, რომ მოგკლავს ეს სიგარეტი-თქო, მაგრამ დამიჯერა? ფილტვის კიბოთი მოკვდა, ყველაფერი ლოგიკურია, ლოგიკური და ტრაგიკული, სამწუხაროდ. არადა, ჩემთვის რომ დაეჯერებინა… ეჰ.

შე დედანაქაჩო, ოთხ შვილს რაღას აჩენინებდი ახალგაზრდა ქალს, თუ ამდენი ჭკუა გქონდა? აუ, ისე, წარმომიდგენია ლეილა რა ბედნიერი იქნებოდა სიკვდილის წინ, როცა გაანალიზებდა, რომ გადარჩენის ერთი პროცენტი შანსიც არ აქვს და უეჭველად, იმენნა უეჭველად დაშორდებოდა ამ ნაგავს სამუდამოდ. იმენნა გაუსწორდებოდა სიკვდილი ტიპშას. და შვილები? შვილებზე ვკითხე ამის მერე იასნად და ასისტენტს გახედა, რომელმაც ნერვულად მითხრა, შემდეგი კითხვა დასვიო. როგორ ვერ მოვწვი, რომ შვილებთან კარგი ურთიერთობა არ ექნებოდა ამ ამაზრზენ არსებას. ვის რად უნდოდა ან ამის ფული და ან ამის მემკვიდრეობა? მეც რომ ასეთი მამა მყოლოდა, ეგრევე მოვხევდი სახლიდან, იმენნა ეგრევე, დაუფიქრებლად.

- ბევრი ახალგაზრდა გაგიზრდიათ და დაგიყენებიათ გზაზე, ბატონო გურამ. თუ შეიძლება მოგვიყევით ამის შესახებაც.

- ამაზე უმჯობესია თავად იმ ახალგაზრდებმა ისაუბრონ, მაგრამ რა გაეწყობა, რახან მკითხეთ… იცით, კარგი ექიმი ფასდება ორი რამით – განკურნებული პაციენტებითა და აღზრდილი ახალგაზრდა ექიმებით. ცოდნის გადაცემის გარეშე ექიმის ცხოვრება აბსურდია. ეს იგივეა, რაც გქონეს სიმდიდრე, გყავდეს უამრავი შვილი და არავის თეთრს არ აძლევდე. განა რაში გჭირდება სიმდიდრე თუ არ გაეცი? არ მესმის ხოლმე ხშირად ასეთი ადამიანების. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ ჩემი გაზრდილი ხალხიდან აუცილებლად უნდა გამოვარჩიო გურამი და მინდა მასზე ორი სიტყვა გითხრათ. – გურამის სახელიც შევცვალე იასნად. ვუსმინოთ. ახუიწელნი ისტორიას მოყვება ახლა „ახალგაზრდა“ ექიმის შესახებ. – გურამი ქუჩიდან მოვიყვანე ჩემთან. მახსოვს, მაშინ ლეილა ახალი გარდაცვლილი იყო და სრულიად მარტო ვიყავი ამხელა სახლში, როცა სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ახალგაზრდა ბიჭი შევნიშნე ჭკვიანი თვალებით. ვიფიქრე, რომ ამ მაწანწალა ბავშვის სახით დიდი ტალანტი იკარგება-თქო და გამოვესაუბრე. აღმოჩნდა, რომ ობოლი ყოფილა, ობოლთა თავშესაფრიდან გამოქცეულა აუტანელი პირობების გამო და ახლა მეურვეს ეძებდა, ვინც მის აყვანას არ ითაკილებდა. რა გინდა გამოხვიდე-თქო, როცა შევეკითხე, მიპასუხა, სახლების მშენებელიო. მაშინ ვუთხარი – წამომყევი მე, გიპატრონებ, გაჭმევ, გასმევ და კარგ ექიმად დაგაყენებ-თქო. კარგი, იყოს, არც ექიმობაზე ვარ უარსო, მიპასუხა და გამომყვა. მას შემდეგ გურამი ჩემთან ერთად იზრდება. სახელიც მე დავარქვი. 15 წლის კი იყო უკვე, როცა ვიპოვე, მაგრამ ჯუანშერი თუ რაღაც ერქვა და ამიტომ გადავწყვიტე ჩემი სახელი რქმეოდა, რაღაც საშინელმა აზარტმა შემიპყრო – მინდოდა მისგან ჩემი კოპია გამეკეთებინა ამ მოსაზრების საუკეთესო გაგებით. რაც ვიცოდი, მინდოდა ბოლო სტრიქონამდე მისთვის გადამეცა, ყველაფერი გამეზიარებინა რაც მქონდა. ასე ჩავაბარეთ სამედიცინო უნივერსიტეტში, ასე დავამთავრეთ უნივერსიტეტი და მოვეწყვეთ რეზიდენტურაში კარდიოლოგიის სპეციალობაზე, ასე დავამთავრეთ რეზიდენტურა და მას მერე ვმუშაობთ ერთად. გურამის მოვალეობაა პაციენტების რიგის კონტროლი, ვიზიტების დაგეგმვა, უკმაყოფილო პაციენტების, ასეთებიც გამოერევიან ხოლმე იშვიათად, დაშოშმინება, ხელფასების ჩარიცხვა თანამშრომლებისთვის, ახალი სამედიცინო სტატიების გამოგზავნა ჩემთვის და მოკლე მოხსენებების გაკეთება მათ შესახებ, წერილების შედგენა, რომლებიც უცხოელ პროფესორ კოლეგებს უნდა გავუგზავნოთ დღის ბოლოს და მათი პასუხების სასწრაფოდ თარგმნა და ჩემთვის მოწოდება. იცით რა, სხვა დრო იყო ჩემს დროს, მოგეხსენებათ, რუსულის გარდა არცერთი ენა არ ვიცოდით, უბრალოდ შეუძლებელი იყო რამე გესწავლა. გურამმა კი იმდენი ენა იცის! რომელი ენებია, გურამ? დავიწყოთ: რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური. აზიურებიდან არის რამე? იაპონური. მორჩა? კორეულიც. მორჩა? კეთილი, ბატონო. არ ვიცი როდის მოასწრო ამდენი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ენების ცოდნა ძალიან გვეხმარება უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობაში. ჩემი თარჯიმნის ფუნქციაც აქვს შეთავსებული კონფერენციების დროს. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ გურამით ვამაყობ და მჯერა, რომ ჩვენი თაობის წასვლის შემდეგ ის და მისნაირები ღირსეულად გააგრძელებენ ჩვენს საქმიანობას.

ტიპი რა უსირცხვილო სირია, შეატყვეთ? მონა ყავს იმენნა, უპატრონო მონა, რომელსაც სახლის მოურავობიდან დაწყებული საავადმყოფოში საორგანიზაციო საკითხებით დამთავრებული ყველაფერი ევალება და ამით ამაყობს! დამალოს მაინც ამ ჩემისამ, შერცხვეს მაინც… არა! სახალხოდ ყვირის ამას და ჰგონია, რომ მაგარ საქმეს აკეთებს. ვინ იცის, იქნებ ჯობდა ამ უბედურ ჯუანშერს, ისე, ჯუანშერი მართლა რა სახელია, ვინ დაარქვა მაწანწალობისთვის განწირულ ბავშვს ჯუანშერი, რა საინტერესოა, ჰოდა, იქნებ ჯობდა-თქო ამ უბედურ დღეზე გაჩენილს ქუჩაში ეწანწალა, ვიდრე ამის მონა ყოფილიყო-თქო. იქნებ კი არა, უეჭველი სჯობდა, მე რომ ამარჩევინოს ვინმემ, იასნად წანწალს ავირჩევდი.

- როგორც ვიცი, თქვენ ძალიან მორწმუნეც ბრძანდებით. როგორ უთავსებთ ერთმანეთს მეცნიერებასა და რელიგიას?

- ოო, მართლა საინტერესო და დროული კითხვაა. იცით, მეცნიერება არის მუდმივად ამოცანების ამოხსნა და რაც უფრო ბევრ ამოცანას ხსნი, მით უფრო მეტი გრჩება ამოსახსნელი. ყოველი ამოხსნილი ამოცანის შემდეგ ას ახალს ხედავ და, ცხადია, ეს პროცესი უსასრულოა, ყველაფრის ამოხსნა ჩვენს ძალებს აღემატება. ამით იმის თქმა მსურს, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგებიან, როგორც ეს უმეტესობას ჰგონია რამდენიმე მკრეხელი ფსევდომეცნიერის საჯარო განცხადების გამო, არამედ გვერდიგვერდ მიდიან და ცდილობენ კაცობრიობის კითხვებზე პასუხების გაცემას. ეს დამოუკიდებლად არცერთ მათგანს შეუძლია.

ყველაფერზე ვილაპარაკეთ, ცვეტში ყველაფერზე – ცხოველებიდან დაწყებული, გეების უფლებებით დამთავრებული. ნუ, ამ ბოლოზე არ გვილაპარაკია იმიტომ, რომ ეს კითხვა გამომატოვებინა ასისტენტმა გურამმა, მაგრამ დანარჩენზე მართლა ვილაპარაკეთ. ზოგჯერ მეგონა, რომ რაღაც ბოტი მებაზრებოდა, რომელშიც პროგრამული პასუხები წინასწარ შეეყვანათ – უშეცდომოდ, იდეალურად. მისი სიტყვები იყო დამაჯერებელი, მზერა – ღრმა და ჩაფიქრებული, აზრები – ნეხვობა. ზუსტად ამიტომ ვწერ ამ ყველაფერს. ნაწერში გამოჩნდება რა სირიც იყო ტიპი, მაგრამ თვალებში რომ ჩაგეხედათ და მოგესმინათ, იფიქრებდით, მართლა ჭკვიანი კაცია, რას ერჩიო. ჰიპნოზს აკეთებდა მგონი. გამოცდილმა ექიმებმა იციან ასე მანიპულირება, მაგრამ ამას იდეალურობამდე ჰქონდა ეს ხელობა დახვეწილი. იმდენად დამაჯერებლად მელაპარაკა, რომ ჩაწერის შემდეგ გადავწყვიტე პატარა მოკვლევის გაკეთება და ფაქტების გადამოწმება ვინმესთან. თბილისი პატარა ქალაქია, ყველამ ყველაფერი იცის და მეც მივდექი, მოვდექი და ყველაფერი მალევე გავარკვიე – ეს ტიპი, ასისტენტი გურამი, ოფიციალურ მონად ჰყავს გაფორმებული. სხვების თანდასწრებით არც მის დამცირებას ერიდება, არც წარსულის წამოძახებას, ხელით შეხებასაც კი. ამუშავებს 24 საათი. შუაღამისას თუ ვინმე იაპონელი პროფესორი წერილს მოიწერება, გურამის ვალდებულებაა სასწრაფოდ თარგმნოს და დილით ნათარგმნი და ამობეჭდილი დაახვედროს მაგიდაზე. აბა, რამე გაეპაროს! ერთხელ გამორჩა მსგავსი წერილი და ერთი თვე გურამის კაბინეტში იატაკზე ეძინა, სახლში არ უშვებდა! ავი ენები იმასაც ამბობენ, რომ ჟიმაობენ კიდეც გურამი და გურამიო, მაგრამ ეს უკვე აღარ ვიცი. ჰომოფობია, რამე… აქ ვინმეს გაშავება როცა უნდათ, ამას აბაზრებენ ეგრევე და რავი, აბა, თავს ვერ დავდებ ამიტომ. დანარჩენი კი იმენნა ფაიზაღი ფაქტებია. ცოლი იმენნა ამან შეიწირაო. ლამაზი და ლაღი ქალი იყო და დედა უტირა, სახლში გამოკეტა, შვილები დააყრევინა ეგრევე და კაროჩე, გარეკა ქალმა დეპრესიისგან და კიბო რომ სჭირდა, იმენნა უხაროდაო. სიკვდილის წინ კი მართლა ამბობდა, ბედნიერი ვარო. შვილებს უთხრა თურმე, ამისგან კაპიკი არ გინდოდეთ, დროზე წადით აქედანო და მთელი თავისი წილი ქონება გადაუნაწილებია ოთხ შვილზე, რომლებსაც დედის დაკრძალვის შემდეგ მოუცოცხავთ გერმანიაში და დღემდე იქ ყოფილან ისე, რომ მამის სახელის გაგონებაც არ სურთ. მგონი გვარიც გადაიკეთესო, არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ არ გამიკვირდებოდა. თანამშრომლებთანაც იასნად დესპოტი ნაბიჭვარიაო, ისე ყრის ხალხს სამსახურიდან, ზედმეტად არც განმარტავს მიზეზებსო. ერთ დღეს ახალგაზრდა ექიმი გოგო გააგდო და მიაძახა მაგხელა ძუძუებით ექიმობაზე პრეტენზია ტყუილად ნუ გექნება, ყავის მოდუღებას დასჯერდიო. არადა, ჭკვიანი გოგო ყოფილა ძუძუების მიუხედავად, როგორც თანამშრომლები ამბობდნენ. ჰო, კიდევ ის, რომ სტუდენტები გურამის ორ ლექციას ზედიზედ არასდროს ესწრებოდნენ, იმიტომ, რომ პირველზე ისე ჟიმავდა ტვინს თავისი ბიოგრაფიით, მეორეზე შესვლა აღარავის უნდოდა მერე. გურამიც დიდად არ დარდობდა ამაზე, რადგან ასისტენტი გურამი ჰყავდა და მეტი ახალგაზრდა რაში სჭირდებოდა, აბა? ჰო, და კიდევ, უმთავრესი – სტუდენტობისას ერთი პრემია მიუღია, ძალიან საინტერესო პრემია, ერთადერთი პრემია, რომელსაც მალავს და კედელზე არ აქვს გამოჭიმული. არ გაინტერესებთ რატომ? პრემიას თურმე ნუ იტყვით და, ერქვა „ახალგაზრდა საბჭოთა ათეისტ მედიკოსთა სამეცნიერო საზოგადოების პრემია“. უფრო სასაცილო კი რა ყოფილა იცით? ამის მოსაპოვებლად უჩალიჩია ტიპს, იმენნა შეუზანზარებია ყველაფერი და ჩაწყობით აუღია ამ გაგანია მორწმუნე კაცს ათეისტ მედიკოსთა სამეცნიერო საზოგადოების პრემია. აბა, ამას ხმამაღლა როგორ იტყოდა ახლა?

ინტერვიუს მერე სახლისკენ მოვდივართ მე და სანდრო. დამუნჯებულები ვართ. ვეწევით უხმოდ. ის მობილურში იქექება.

- მგონი მაგარი რამე გავაძრე, ე. შეხედე, თურმე რას ჰგავდა ის დედამოტყნული, ჰაჰა.

- აბა?

- უსმინე: „ჰიპოკრატეს სახე – აგონიის დროს სახის განსაკუთრებული გამომეტყველება. დამახასიათებელია წაწვეტებული ცხვირი და ნიკაპი, ჩავარდნილი თვალები, გაციებული ყურები, ფერმკრთალი სახე მოლურჯო ფერით, ზოგჯერ კი ცივი ოფლი“. მოგწონს?

- აუ, მართლა, სანდრო, იმენნა ეგაა!

- ჰო, ჰიპოკრატეს აღუწერია პირველად და მაგიტომ დაურქმევიათ.

- მეთქი, ვის მახსენეეეებს…

- ბაბუაშენს სიკვდილის წინ, არა? ჰაჰა.

- ცვეტში.

ასე შევურჩიეთ სახელი სტუდიას. მგონი ნორმალურია.

© არილი