რეცენზია

ჯინ ვებსტერი – გრძელფეხება მამილო

ნინო ცინცაძე
მათთვის, ვინც გარდაქმნების სურვილითაა შეპყრობილი
ჯინ ვებსტერი. “გრძელფეხება მამილო”. მთარგმნელი ლია გუგუნავა, ილუსტრაციები ჯინ ვებსტერი, გარეკანის მხატვარი ნინო ზაალიშვილი, გარეკანის დიზაინი გიორგი ტაბლიაშვილი. თბილისი. “დიოგენე”. 2002

“გრძელფეხება მამილო” მოგვითხრობს ობლის ამბავს, რომელიც ანონიმურმა ქველმოქმედმა კოლეჯში გაგზავნა…” – წერია წიგნის წინასიტყვაობაში. თუმცა, ამ წიგნის შინაარსი, ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ეს ამ ფრაზიდან ჩანს. მასში არის მაღალი იუმორიც, სიყვარულიც, ინტრიგაც. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის ის, რაც ჩვენი სინამდვილისათვის წიგნს მნიშვნელობას მატებს.
ამ წიგნის მთავარი აზრი შეიძლება მისივე გმირის აღშფოთებით გამოვხატოთ, როდესაც ის გაიგებს, რომ “ღარიბები იმისათვის არიან გაჩენილნი, რომ ჩვენ მოწყალენი გაგვხადონ”, ანდა, როდესაც ის თავგადაკლულ ტრადიციულ პურიტანებში მოხვდება და ეუბნება, რომ “ისინი თავიანთ ღმერთზე უკეთესები არიან” (პურიტანები ამ წიგნში, და XX საუკუნის დასაწყისის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ის ქრისტიანი ხალხია, რომლებსაც ზედმეტად დოგმატურად ესმით რწმენის საკითხები, ღმერთი შურისმაძიებელი და ფხიზელი არსება ჰგონიათ და უფრო ეკლესიის მსახურების აზრს უსმენენ/ემორჩილებიან, ვიდრე ბიბლიას).
„გრძელფეხება მამილო” ძალიან ბევრი რამის შესახებაა. წიგნი გვიამბობს განათლების და განათლებულობის მნიშვნელობის შესახებ, იმის შესახებაც, რომ ამ სამყაროში სიღარიბე უფრო მოსალოდნელი რამეა, ვიდრე სიმდიდრე, რომ ღარიბები და მდიდრები ადამიანთა ორი განსხვავებული ჯიში არ არის და, რაც მთავარია, სამყარო, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით უსამართლობებით და უბედურებებითაა აღსავსე, მაინც “happy end”-ით მთავრდება, ძალიან თუ მოინდომე. თანაც, ეს ყველაფერი მოთხრობილია ნათელი იუმორით დაწერილი წერილების საშუალებით, რომელთა კითხვაც ძალიან სახალისოა.
მოკლედ, ეს წიგნი აქტუალურია. აქტუალურია თუნდაც იმის გამო, რომ დღეს ჩვენ თანდათან შევდივართ იმ სამყაროში, რომელიც აშშ-ში იყო მაშინ, როდესაც ეს წიგნი იწერებოდა. დღეს ჩვენ ნელ-ნელა ვიგებთ, რომ არსებობენ მდიდრები და ღარიბები, რომ უაზრობაა კამათი იმის შესახებ, თუ რომელი სჯობს ვიყოთ; რომ თუ ღარიბი ისეთია, როგორც ჯუდი, ხოლო მდიდარი ისეთი, როგორც გრძელფეხება მამილო, საერთოდ სისულელეა ამ საკითხის წამოჭრა, რომ ჩვენს გარემოში მხოლოდ ცუდები და კარგები არ არსებობენ, რომ შესაძლებელია შემწყნარებლობა, რომელიც განათლებულობაზე იქნება დამყარებული და არა – დოგმებზე. ჩვენ, როგორც საზოგადოება და საზოგადოების წევრები, ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების აღმოჩენის ეპოქაში ვცხოვრობთ, “გრძელფეხება მამილო” კი ნამდვილად დაგვეხმარება ამ ამბების გარკვევაში.
ეს წიგნი ყველასათვს არის დაწერილი, მათთვის, ვინც ბრონტეანულ (თუ ბრონტულ) სიზმრებშია გახვეული, ასევე მათთვის, ვინც მოხდენილ იუმორს (ან სატირას) ცხოვრების შესაფასებელ ერთადერთ ღირსეულ იარაღად მიიჩნევს, მათთვისაც, ვისაც არ აკმაყოფილებს რაც ხდება, და გარდაქმნების სურვილითაა შეპყრობილი.
დაბოლოს: რა თქმა უნდა, არ არსებობს თარგმანი ხარვეზების გარეშე. მაგრამ შეცდომები, რომელიც წიგნის კითხვისას შეიმჩნევა, ტექნიკური ხასიათისაა და ძალიან კარგად შესრულებულ სამუშაოს ვერაფერს აკლებს.
P.S.გარდა ზემოთ თქმულისა, “გრძელფეხება მამილოს” დიოგენესეული გამოცემა ინგლისური ენის შესწავლით დაკავებული თინეიჯერებისთვის დროის სასიამოვნოდ და თანაც სასარგებლოდ გატარების მშვენიერი საშუალებაცაა, რადგან თარგმანს თან ტექსტის დედანი და ინგლისურ-ქართული ლექსიკონიც ერთვის. ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია უკანა ყდაზე რომ ყოფილიყო აღნიშნული, წიგნს კომერციული თვალსაზრისით ერთობ წაადგებოდა. თუმცა, მე ამ საკითხში ბევრი არა გამეგება რა და ამიტომ რაიმეს დაბეჯითებით მტკიცებისაგან თავს შევიკავებ.

© “წიგნები – 24 საათი”