პროზა (თარგმანი)

ჯონ მაქსველ კუტზეე – ძაღლი

 

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

ჭიშკარს აწერია Chien méchant[1]. ძაღლი მართლაც ავია. ყოველთვის, როდესაც ქალი ჭიშკარს ჩაუვლის ხოლმე, ძაღლი ჭიშკრისკენ მორბის და ყეფს. ერთი სული აქვს, ქალს კისერში სწვდეს და მოახრჩოს. ვეება ძაღლია, გერმანულ ნაგაზს თუ როტვეილერს წააგავს (ქალი ძაღლის ჯიშებში ვერ ერკვევა). ყვითელი თვალებიდან სიძულვილს აფრქვევს.

 მოგვიანებით, როდესაც ქალი სახლს უხიფათო მანძილით შორდება, ამ უსაზღვრო სიძულვილის შესახებ ფიქრობს. იცის, რომ ძაღლი მხოლოდ მას როდი ერჩის: ძაღლს სძულს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჭიშკარს უახლოვდება. მაგრამ რამდენად ღრმა არის ეს სიძულვილი? ის ელექტრულ დენს წააგავს, რომელიც ობიექტის მოახლოებისას ჩაირთვება ხოლმე და მაშინვე გამოირთვება, როდესაც ობიექტი კუთხეს ეფარება. განიცდის თუ არა სიძულვილს ძაღლი, როდესაც მარტო რჩება, ან იქნებ ცხრება და მშვიდდება?

 ქალი ამ სახლს თავისი ველოსოპედით დღეში ორჯერ ჩაუვლის ხოლმე: დილას, როდესაც სამსახურში – საავადმყოფოში – მიდის, და საღამოს, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ. მარშრუტი რეგულარულია. ამიტომ ძაღლმა იცის, როდის უნდა ელოდოს ქალს: ჯერ კიდევ მის გამოჩენამდე ძაღლი უკვე ჭიშკართან იცდის და გააფთრებისგან ლამისაა დაიხრჩოს. საავადმყოფო ბორცვის ფერდობზეა, ამიტომ ქალი ყოველ დილას ნელა ადის ველოსიპედით აღმართზე. საღამოობით, საბედნიეროდ, სწრაფად ჩამოდის ხოლმე.

 ქალი ძაღლის ჯიშებში ვერ ერკვევა, მაგრამ კარგად ესმის, როგორ კმაყოფილებას ანიჭებს ცხოველს მისი დანახვა. ეს კმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ ძაღლს მისი შეშინება შეუძლია.

 ძაღლი ხვადია, და, როგორც ჩანს, კასტრირებული არ უნდა იყოს. იცის თუ არა ძაღლმა, რომ ქალი ქალია, რომ ადამიანები, ისევე, როგორც ძაღლები, ორი სქესისა არიან და, აქედან გამომდინარე, ის ერთდროულად ორი სახის კმაყოფილებას ხომ არ გრძნობს – კმაყოფილებას ცხოველისა, რომელიც სხვა ცხოველზე მძლავრობს, და კმაყოფილებას მამრისა, რომელიც მდედრზე მძლავრობს? ამის შესახებ ქალმა არაფერი იცის.

 როგორ ხვდება ძაღლი, ქალის განურჩეველი გამომეტყველების მიუხედავად, რომ ქალს მისი ეშინია? პასუხი მარტივია: როგორ და, ქალს შიშის სუნი უდის, რომლის დაფარვა მას არ შეუძლია. ყოველთვის, როდესაც ძაღლი ქალისკენ მირბის, ქალს ჟრუანტელი უვლის და მისი კანი განსაკუთრებულ სუნს გამოსცემს. ამ სუნს ძაღლი მაშინვე გრძნობს და მისი მძვინვარება კულმინაციას აღწევს. ეს შიშის სუნია და მას გამოსცემს არსება, რომელიც ჭიშკრის მეორე მხარეს იმყოფება.

ქალს ეშინია ძაღლისა, რომელიც ამას გრძნობს. დღეში ორჯერ ძაღლი მოუთმენლად ელოდება იმ არსების გამოჩენას, რომელსაც მისი ეშინია, რომელიც  შიშს ვერ ერევა და რომელიც ისევე გამოსცემს შიშის სუნს, როგორც ძუ ცხოველი – ფერომონებს.

ქალს წაკითხული აქვს ნეტარი ავგუსტინეს თხზულებები. ავგუსტინეს მიხედვით, ჩვენი არასრულყოფილების ყველაზე თვალსაჩინო დამადასტურებელი საბუთი ისაა, რომ საკუთარი სხეულის მოძრაობათა მართვა არ შეგვიძლია. კერძოდ, ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ასოს მოძრაობათა მართვა. ასოს მოძრაობებს თითქოს მისი საკუთარი ნება ან, შესაძლოა, სხვისი ნება წარმართავს.

ქალი ფიქრობს ავგუსტინეს შესახებ, როდესაც უახლოვდება ბორცვის ძირს, სადაც სახლი დგას – ის სახლი, რომელსაც ავი ძაღლი დარაჯობს. შეძლებს თუ არა ამჯერად თავისი გრძნობების ალაგმვას? ეყოფა თუ არა ნებისყოფა, რომ შიშის დამამცირებელი გრძნობა დათრგუნოს? და ყოველთვის, როდესაც ესმის ძაღლის ღრენა, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს მრისხანება ან ჟინი, ყოველთვის, როდესაც ესმის, როგორ ახტება ძაღლი ჭიშკარს, ქალი ფიქრობს, დღეს ვერაფერს გავაწყობო.

ბაღში, რომელიც сhien méchant-ის სამყოფელია, მხოლოდ სარეველა ბალახი იზრდება. ერთ დილას ქალი ველოსიპედს სახლის კედელთან ტოვებს, ჭიშკარზე აკაკუნებს და იცდის. მისგან რამდენიმე მეტრის მანძილზე ძაღლი უკან იხევს, შემდეგ ღობესთან მირბის და ზედ ახტება. დილის რვა საათია. ცოტათი უხერხულია, რომ ამ დროს ვინმეს კარზე მიუკაკუნო. მიუხედავად ამისა, ჭიშკარი იღება. დილის მქრქალ შუქზე ქალი ხედავს ჭაღარათმიანი მოხუცი ქალის პირქუშ სახეს.

– დილა მშვიდობისა, – ამბობს ქალი. ფრანგულად არცთუ ცუდად ლაპარაკობს. – იქნებ ერთი წუთი დამითმოთ?
კარი უფრო ფართოდ იღება. ქალი შედის ოთახში, სადაც მაგიდასთან წითელ ჟაკეტში გამოწყობილი ბერიკაცი ზის. წინ თეფში და ყავიანი ფინჯანი უდგას. ქალი ესალმება ბერიკაცს, რომელიც მას თავს უქნევს, მაგრამ ფეხზე არ დგება.

– ვწუხვარ, რომ ასე ადრე დაგადექით თავს, – ამბობს ქალი, – დღეში ორჯერ თქვენი სახლის მახლობლად მიხდება ჩავლა და ყოველთვის – რაც, უეჭველია, გესმით ხოლმე – თქვენი ძაღლი „მესალმება“.

სიჩუმე.

– ეს უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. ვიფიქრე, იქნებ დროა, რომ ყველაფერი შეიცვალოს-მეთქი. იქნებ გამაცნოთ თქვენი ძაღლი, რომ მიხვდეს – მტერი არ ვარ და ჩემგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება?

ცოლ-ქმარი ერთმანეთს უყურებს. ოთახში ისეთი ჩახუთული ჰაერია, თითქოს ფანჯარა მრავალი წლის განმავლობაში არ გაღებულა.

– ეს კარგი ძაღლია, -ამბობს დიასახლისი. – Un chien de garde. სადარაჯო ძაღლი.

ქალს ესმის, რომ Un chien de garde-ს არ გააცნობენ. დიასახლისი სტუმარს მტრად მიიჩნევს. ამიტომ ის ძაღლისთვისაც მტრად დარჩება.

– ყოველთვის, როდესაც თქვენს სახლს ჩავუვლი ხოლმე, ძაღლი გააფთრებით მიყეფს, – ამბობს ქალი.- თავის მოვალეობად მიაჩნია, რომ ვძულდე, მაგრამ ეს სიძულვილი მაშფოთებს და მაშინებს. ყოველ დილა-საღამოს დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ შიშს განვიცდი. დამამცირებელია, რომ ძაღლის მეშინია და ამ გრძნობას ვერ ვუმკლავდები.

ცოლ-ქმარი ქალს ერთნაირი გამომეტყველებით უყურებს.

– ეს გზა ყველასია, – განაგრძობს ქალი, – და უფლება მაქვს, ამ გზაზე უშიშრად ვიარო, ისე, რომ დამცირებულად არ ვიგრძნო თავი. თქვენ ამ ვითარების გამოსწორება შეგიძლიათ.

– ეს ჩვენი გზაა,- ამბობს დიასახლისი. აქ არავის მოუწვევიხართ. შეგიძლიათ სხვა გზით იაროთ.

ამასობაში მამაკაციც იღებს ხმას:

– ვინ ხართ? რა უფლებით მოდიხართ აქ და გვასწავლით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ?

ქალი პასუხის გაცემას აპირებს, მაგრამ მამაკაცს ეს არ აინტერესებს.

– წადით აქედან! – ამბობს ის. – წადით, წადით, წადით!

მამაკაცი ხელს იქნევს, რომ სტუმარი თავიდან მოიშოროს და სახელოს ფართო მანჟეტი ყავიან ფინჯანში უსველდება. ქალი ფიქრობს, ხომ არ ვუთხრაო, მაგრამ შემდეგ ასკვნის, რომ საჭირო არაა. ის უსიტყვოდ გადის ოთახიდან. კარი იხურება.

ძაღლი ღობეს ახტება. ფიქრობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ღობეს გადაევლება და ქალს დაგლეჯს.

ქალს კვლავ შიში ეუფლება. ის თრთის, მაგრამ მშვიდი გამომეტყველებით უყურებს ძაღლს და ამბობს:

– ჯანდაბას შენი თავი!

შემდეგ თავის ველოსიპედზე ჯდება და ბორცვზე ადის.

© არილი

© The New Yorker, 4 დეკემბერი, 2017, 

[1] ავი ძაღლი (ფრანგ.)

Facebook Comments Box