ახალი ამბები

ჯონ სტაინბეკის ჩანაწერები – „მე მწერალი არა ვარ”

1949 წელს, ახალი წლის ღამეს, ცოტა ხნით ადრე, სანამ თავისი შედევრის „ედემის აღმოსავლეთით“ წერას დაიწყებდა, ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა თავის დღიურში ჩაწერა: „არა მგონია, ვინმეს ისე სძულდეს 1948 წელი, როგორც მე. დიდი რწმენით ვხვდები 1949 წელს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ცუდი აღმოჩნდება, ისეთი საშინელი მაინც ვერ იქნება, როგორიც 48 იყო. ცოლი, ბავშვები, საუკეთესო მეგობარი: ყველა წავიდა. მაგრამ, ალბათ, ამან გამაძლიერა კიდეც“ (სტაინბეკის საუკეთესო მეგობარი და მწერალი ედ რიკეტსი ტრაგიკულად დაიღუპა, მეორე ცოლმა კი მიატოვა და ბავშვებიც თან წაიყვანა).

„ამ ერთი წლის მანძილზე დაწერილი მისი დღიური ყველაზე მძაფრი და პირადულია მის ჩანაწერებს შორის“, ამბობს The Guardian-თან საუბრისას სიუზენ შილინგლავი, პროფესორი, მკვლევარი და სტაინბეკის შემოქმედების კვლევის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი.

„თავის ყველაზე ღრმა, ყველაზე პერსონალურ და დეპრესიულ ფიქრებს აღწერს. ეს ამ ყველაფრის დაძლევის გზაა, გამკლავების საშუალება: დღიურის წერა თავისი ყველაზე ბნელი მხარეებისთვის.

მეგობრის მოულოდნელმა დაღუპვამ, განქორწინებასა და შვილებთან განშორებასთან ერთად, სტაინბეკი მძიმე დეპრესიამდე მიიყვანა, 1948-1949 წლებში იგი თითქმის არ წერდა,“ – ამბობს ის.

მკვლევრის აზრით, ამ ჩანაწერებმა სტაინბეკის მდგომარეობა ყველაზე ზუსტად გამოამჟღავნა: „მის ბუნებაში იყო რაღაც ბნელი, რაც სრულყოფილად სწორედ ამ ჩანაწერებში გამოვლინდა… ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერები გვეხმარება იმ სიბნელის გაგებაში, რომლის მოხელთებაც სცადა მან წიგნში „ედემის აღმოსავლეთით“. ის აანალიზებს ბოროტების ბუნებას წიგნში, ხოლო საკუთარი სულის სიბნელის ბუნებას კი – დღიურში“.

დღიურთან ერთად იპოვეს მისი ხელნაწერი წერილიც – რომელიც არასოდეს გაუგზავნია – თავისი პატარა ვაჟისთვის დაწერილი და დათარიღებული 1949 წლის 5 იანვრით. წერილში სტაინბეკი განმარტავს, რომ განქორწინება მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა და ეს მხოლოდ მის ცოლს სურდა. „რაღაც ისეთმა აიძულა ასე მოქცევა, რაც არ მესმის… საკუთარი ბედნიერება ძალიან ძვირფასი იყო მისთვის“.

მისი ჩანაწერები იმითაც არის საინტერესო, რომ მათში დეტალურადაა აღწერილი, როგორ მუშაობდა დღის განმავლობაში, როგორ უმჯობესდებოდა მისი განწყობა, თუკი პროდუქტიული იყო. დღიური მოიცავს იმ პერიოდსაც, როცა თავის მესამე ცოლს შეხვდა.

კიდევ ერთი ჩანაწერების წიგნი, 1938 წლის, აღწერს „მრისხანების მტევნებისთვის“ მოსამზადებელ პერიოდს. აქ სტაინბეკი წერს, რომ „ძველი ცეცხლი ისევ იწყებს წვას“. ზუსტად ასე ლაპარაკობს იგი 1949 წლის ჩანაწერებშიც. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის კიდევ ერთი დიდი რომანის დასაწერად ემზადება.

გარდა ასეთი დღეებისა, ცხადია, მისი დღიურები ინახავს დაეჭვების, შიშის, ყოყმანის ამსახველ ჩანაწერებსაც.

მაგალითად:

„მე მწერალი არა ვარ. თავს ვიტყუებ და სხვებსაც ვატყუებ. ნეტავ ვიყო“.

„ეს კარგი წიგნი უნდა იყოს. უბრალოდ, ასე უნდა მოხდეს. სხვა არჩევანი არა მაქვს. საუკეთესო რამე უნდა იყოს, რაც კი დამიწერია.“

„ჩემი ცხოვრება გრძელი არ არის და ერთი კარგი წიგნის დაწერა უნდა მოვასწრო, სანამ იგი დამთავრდება.“

„არავინ იცის ისე კარგად ჩემი ნაკლი, როგორც თავად მე. სულ ვებრძვი. ხანდახან თითქოს კარგ რამეს ვწერ, მაგრამ როცა მთავრდება, სრულიად ჩვეულებრივი ხდება.“

სტაინბეკი არა მარტო ტექსტებს, არამედ საკუთარ თავსაც კრიტიკული თვალით უყურებს:

„არა ვარ მაინცდამაინც კარგი ადამიანი. ხანდახან კეთილი, კარგი და სულგრძელი ვარ, სხვა დროს კი ბოროტი და სულმოკლე“.

მისთვის არც წარმატებაა შვებისმომგვრელი:

„დავიღალე ბრძოლით იმ ყველაფერთან, რაც წარმატებამ დამატეხა თავს. აღარ ვიცი, შემიძლია თუ არა ნორმალური წიგნის დაწერა. ეს ყველაზე დიდი შიშია. წიგნზე ვმუშაობ, მაგრამ თქმა არ შემიძლია. რაღაც მოიწამლა ჩემში.“

წელს, 25 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გამოფენა გაიმართება, სადაც ზემოხსენებულ დღიურთან ერთად სტაინბეკის გამოუქვეყნებელი და დაუმთავრებელი 34 გვერდიანი მოთხრობის პატარა კარგი მეზობელი ხელნაწერის ნახვაც იქნება შესაძლებელი. ეს ტექსტი 1942 წელს დაიწერა და როგორც გამოფენის ხელმძღვანელი ამბობს, „ექსპერიმენტულია, რაღაც მხრივ ფანტასტიკური“ და შეიცავს მაგიური რეალიზმის ელემენტებსაც. ამ ტექსტთან ერთად სტაინბეკმა რამდენიმე ჩანახატიც დატოვა, რაც, როგორც აღნიშნავენ, მისთვის უჩვეულოა, რადგან სხვა ხელნაწერებში მისი ილუსტრაციები არასოდეს უპოვიათ.

© არილი

Facebook Comments Box