ჯულიან ბარნსი – ავტოპორტრეტი მზესუმზირებთან ერთად

julian barnes 5344

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

არიან მწერლები და მხატვრები, რომლებიც მისაბაძ ნიმუშებს, მორალურ ორიენტირებს წარმოადგენენ სხვა ხელოვანთათვის და ამ უკანასკნელთა თვალში თვით ხელოვნებას განასახიერებენ. ხშირად ისინი უჩინრად გადიან თავიანთი ცხოვრების გზას და მათი ბიოგრაფიული ფაქტები ნაკლებადაა ცნობილი სხვებისთვის. ეს თავმდაბალი ადამიანები თავდაუზოგავად შრომობენ და სწამთ, რომ ხელოვნება უფრო ღირებულია, ვიდრე – ხელოვანი. მე-18 საუკუნის საფრანგეთში ასეთი იყო შარდენი, მე-19-ში – კორო, მე-20-ში – ბრაკი: შეიძლება ითქვას, რომ ისინი ყოველთვის ჩრდილოეთის მიმართულებას უჩვენებენ ხელოვნების კომპასზე, ანუ მარადიულ, უცვლელ ღირებულებებს წარმოადგენენ. ზოგჯერ ისინი გარკვეულ ზეგავლენას ახდენენ თავიანთ მემკვიდრეებზე და ეს ზეგავლენა ერთგვარი დიალოგია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობს ხოლმე (ლუსიენ ფროიდი შარდენის ზეგავლენას განიცდიდა, ჰოჯკინი კოროს ბაძავდა). მაგრამ ის უფრო მეტია, ვიდრე აღტაცება, სტილური მსგავსება, პატივისცემა და მიბაძვა. ვან გოგი, რომელმაც უდიდესი ძალისხმევის ფასად შეძლო ხატვის ძველი მანერის ზეგავლენისგან თავის დაღწევა და შეიმუშავა საკუთარი მანერა, რომელიც ახლაც გვაოცებს და აღგვაფრთოვანებს, ბევრს ფიქრობდა კოროს შესახებ, რაც მის წერილებშიც აისახა (ის დიდად აფასებდა შარდენსაც). მათში ნათლად ჩანს მხატვრის პატივისცემა თავისი გენიალური წინამორბედის მიმართ და აღიარება იმისა, რომ სწორედ ასეთია ჭეშმარიტი ღირებული მხატვრობა. ასეთივე განცდა გაუჩნდა ახალგაზრდა ჯონ რიჩარდსონს, როდესაც ის პირველად ესტუმრა ჟორჟ ბრაკის სტუდიას და იგრძნო, რომ თვით ხელოვნების გულისგულში იმყოფებოდა.

მაგრამ ეს მოკრძალებული მხატვრები ხშირად უფრო შორსმჭვრეტელნი არიან და უფრო გაბედულ აზრებს გამოთქვამენ, ვიდრე მათი სახელოვანი კოლეგები. მაგალითად, კორო ოცნებობდა იმპრესიონიზმის შესახებ. 1888 წლის მაისში ვან გოგი სწერდა თავის ძმას, თეოს,:

“სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე კორომ თქვა: “წუხელ სიზმრად ბუნების სურათები ვიხილე. ცა ვარდისფერი იყო”. და განა ვარდისფერი ცა – აგრეთვე ყვითელი და მწვანე – არ დახატეს იმპრესიონისტებმა? ხომ ხედავ, არის ისეთი რამ, რასაც ადამიანი წინასწარ განჭვრეტს და რაც მომავალში ახდება ხოლმე”.

როდესაც ვან გოგი ამ წერილს წერდა, ფრანგულ ხელოვნებაში ხაზსა და ფერს შორის მიმდინარე ერთსაუკუნოვანი ბრძოლა ფერის გამარჯვებით დასრულდა (ეს დროებითი გამარჯვება იყო, რადგან შემდეგ კუბიზმმა აღადგინა ხაზის პრიორიტეტი). კოროსეული ვარდისფერი ძირითად, გაბატონებულ ფერად გადაიქცა: მან შეაფერადა ჩრდილები, მონეს თივის ზვინები, ვან გოგის “აყვავებული ვარდისფერი ატამი” და – კიდევ უფრო მკვეთრად – ბონარის უკანასკნელი ტილო “აყვავებული ნუში”. გარდა ამისა, ამ სურათებზე ყვითელი და მწვანეც იყო, როგორც შენიშნავს ვან გოგი, ისევე, როგორც ნარინჯისფერი და წითელი; ლურჯი და შავი. ფერმა კვლავ დაიბრუნა თავისუფლება და ძალა, რომელიც – დელაკრუას ეპოქიდან მოყოლებული – ფერწერამ დაკარგა თვითცენზურისა და აკადემიური დიქტატის ზეგავლენით.

არავის მიუნიჭებია ფერისთვის უფრო მეტი ბრწყინვალება და მოულოდნელობა, ვიდრე – ვან გოგს. ხასხასა ფერები მის ტილოებს უჩვეულო ხიბლს ანიჭებს. ის თითქოს გვეუბნება: თქვენ ასეთი ფერები არასოდეს გინახავთ! შეხედეთ ამ ლურჯს, ამ ყვითელს, ამ შავს; შეხედეთ, როგორ ვუხამებ ერთმანეთს მათ. სამყაროს ამგვარი აღქმა ძალზე მოულოდნელია ამ პირქუში, სერიოზული, ღატაკი ახალგაზრდა ჰოლანდიელისგან, რომელიც თავისი შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისში ხატავდა პირქუშ, სერიოზულ, ღატაკ ადამიანებს – გლეხებსა და მუშებს, ფეიქრებსა და კარტოფილის შემგროვებლებს, მთესავებსა და მთოხნელებს. ამ თვითგადალახვას, ძველი “ბნელი” ფერწერის ტრადიციებისგან თავის დაღწევას, ანალოგი არ მოეპოვება, თუ არ ჩავთვლით ოდილონ რედონს (რომლის ტრანსფორმაცია შინაგანი იმპულსის კარნახით განხორციელდა, მაშინ, როდესაც ვან გოგზე უეჭველი ზეგავლენა მოახდინეს გარეშე ფაქტორებმა  - თავდაპირველად პარიზში იმპრესიონისტებმა, შემდეგ კი სამხრეთის მზემ). მიუხედავად ამისა, მემკვიდრეობითი კავშირი ძველი და ახალი ეპოქის თვით ყველაზე განსხვავებულ მხატვრებს შორის არ გაწყვეტილა.

ვან გოგის, როგორც მხატვრის ძირითადი ობიექტი, ჯამში ერთი და იგივეა: მიწა და, აგრეთვე, ისინი, ვინც მიწაზე მუშაობს; ღარიბები და მათი ჰეროიზმი. არც ვან გოგის ესთეტიკური კრედო შეცვლილა: მას სურდა ხელოვნება ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო ყველასთვის და რომ მას ამამაღლებელი და მანუგეშებელი ფუნქცია ჰქონოდა. ამდენად, ვან გოგის მიბრუნება ფერისადმი სრულიად ლოგიკური გახლდათ. ახალგაზრდობაში, როდესაც მას აღაშფოთებდა ჰოლანდიის პროტესტანტული ეკლესიის უნიათო ღვთისმოსაობა და კონფორმიზმი, ის ათეიზმისკენ კი არ გადაიხარა, არამედ – ევანგელიზმისკენ. ვან გოგის სურვილი, რომ ღარიბების სულიერი მოძღვარი ყოფილიყო, მარცხით დამთავრდა, ასევე, მისი სხვა ახალგაზრდობისდროინდელი გეგმები; მაგრამ თუ ადამიანს ერთხელ გაუჩნდა მიდრეკილება რადიკალიზმისკენ, ის უკვალოდ როდი ქრება. ამიტომ გაემგზავრა ვან გოგი არლს. აქ ის თავდაპირველად მარტო ცხოვრობდა და მუშაობდა; შემდეგ – გოგენთან ერთად; კვლავ მარტო და, ბოლოს, აღმოჩნდა სულით დაავადებულთა საავადმყოფოში, სან-რემიში, მაგრამ თავისი პრინციპებისთვის არ უღალატია: ფერის ევანგელისტად დარჩა..

ვან გოგის გარდაცვალებიდან 130 წლის შემდეგ ჯერ კიდევ ჭირს მისი ყველა ნამუშევრის ნახვა. მუზეუმებში მათ გარშემო ყოველთვის ირევიან მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ფანატიკოსები, რომლებიც აიფონებით იღებენ “მზესუმზირებს”. ეს ცუდი არაა: ხელოვნების ქმნილებები სნობებისთვის კი არაა განკუთვნილი, არამედ – ხალხისთვის, რომლის მოწიწებული გაოცება უნდა გამოიწვიოს – ამაში დავრწმუნდი, როდესაც მუმბაიში ჩემს ცამეტი წლის ნათლულს დაბადების დღეზე ვაჩუქე ჭიქა ვან გოგის ნახატით. რამდენი ხმაურია ატეხილი ვან გოგისა და მისი შემოქმედების გარშემო. ამის საფუძველია მისი ნახატები, წერილები, გარდა ამისა – ბიოგრაფიები, რომანი, ფილმი, სუვენირების მაღაზიები და, ასე გასინჯეთ (თვით ეროვნულ გალერეაშიც), “მზესუმზირებიანი” ჩანთებიც კი. მხატვარი მსოფლიო ბრენდად იქცა. გარდაუვალია მისი ნამუშევრების გამარტივებული აღქმა და ზოგიერთი უზუსტობაც, როგორც მიკრო-, ასევე – მაკროდონეზე: ირვინგ სტოუნის მიერ 1934 წელს გამოქვეყნებული რომანის საფუძველზე 1956 წელს გადაღებულ იქნა გასართობი ფილმი, რომელშიც ვან გოგის როლს კირკ დუგლასი ასრულებდა, გოგენისას კი – ენტონი ქუინი. მას ეწოდებოდა “სიცოცხლის წყურვილი”. ორიგინალური ჰოლანდიური ფრაზა კი, რომლითაც დასათაურებულია 2009 წელს ვან გოგის მუზეუმის მიერ გამოცემული ექვსტომიანი კრებული მხატვრის წერილებისა, ასე ითარგმნება: “მგზნებარე ცხოვრება”.

ჩვენ სრულყოფილად ვერ ვხედავთ ვან გოგის ტილოებს, ისევე, როგორც სრულყოფილად არ გვესმის, მაგალითად, ბეთჰოვენის სიმფონია. ძნელია პირვანდელი აღტაცებით აღვიქვათ ეს ტილოები და ბეთჰოვენის მუსიკა, რომლებმაც იმთავითვე ისეთი გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩვენს თვალთახედვასა და სმენაზე, როგორიც არავის მოუხდენია; ასევე ძნელია მათი ახლებურად აღქმა. ამიტომ რამდენადმე უხალისოდ, მაგრამ უყოყმანოდ ვაღიარებთ ხოლმე მათ სიდიადეს და განვმარტოვდებით, რათა სრულ სიჩუმეში დავტკბეთ ამ უზადო ხელოვნებით. მაგრამ, სიჩუმისა და განმარტოების მიუხედავად, როდესაც ვან გოგის რეპროდუქციებს ვაკვირდებით, ისინი არ გამოირჩევა ისეთივე სრულყოფილებით, როგორც მათი ორიგინალები: როგორ ზუსტადაც უნდა იყოს გადმოცემული ფერები, ბრტყელი ფურცელი ვერ გადმოსცემს ნახატის ზედაპირის უსწორმასწორობას. ვან გოგი იმდენად სქლად უსვამდა საღებავებს, რომ ზოგჯერ კვირების განმავლობაში იცდიდა, სანამ ნახატი გაშრებოდა და შესაძლებელი გახდებოდა მისი უსაფრთხოდ გაგზავნა თეოსთან. ჯულიან ბელი ვან გოგის შესანიშნავ მოკლე ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ღამის ვარსკვლავები რონის თავზე უფრო სკულპტურულ რელიეფს წააგავს, ვიდრე – სიბრტყულ გამოსახულებას.

ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ვან გოგის ცხოვრების მომენტები: სიღარიბე, სასოწარკვეთილება, მეძავები, შეშლილობა, ყურის მოჭრა, თვითმკვლელობა; უიღბლობა სიცოცხლეში და საყოველთაო აღიარება სიკვდილის შემდეგ. მის ნახატებში შეიმჩნევა შეშლილობის მზარდი ნიშნები: ქარბორბალასავით დატრიალებული სამყარო, საღებავის ნერვული მონასმები, შავი ზეცა, ყვავები პურის ყანის თავზე… ვინსენტი ეწამა, რათა ჩვენთვის სიხარული მოენიჭებინა.

შეშლილობის გატოლება გენიასთან ძალზე მაცდუნებელია. საინტერესოა, რომ ბოლო ხანებში, ოთხმოცდაექვსი ათასი ისლანდიელის გამოკვლევის საფუძველზე, დადასტურდა: გენეტიკური რისკ-ფაქტორები, რომლებიც თავს იჩენს შიზოფრენიასა და ბიპოლარულ აშლილობებში, შემოქმედებით უნარებს უკავშირდება. თვითმკვლელობამდე დაახლოებით სამი თვით ადრე ვინსენტი წერდა თეოს: “ნეტავ შემეძლოს, ვიმუშაო ამ წყეული დაავადების გარეშე! რამდენ რამეს გავაკეთებდი…”. ვან გოგის ერთ-ერთმა ბიძამ თავი მოიკლა, ხოლო მისი და, ვილემინა, 1902 წელს თავშესაფარში მოათავსეს, სადაც ოცდაცხრამეტი წელი სრულ დუმილში გაატარა. არცერთი მათგანი არ ხატავდა. ჩემი აზრით, გენეტიკურად გადაეცემა შეშლილობა და არა შემოქმედებითი ნიჭი.

ვან გოგის ცხოვრების ისტორია სიბრალულს გვაგრძნობინებს მხატვრის მიმართ. გული გვტკივა იმის გამო, რომ თეო წარმატებით ვაჭრობდა მონესა და გოგენის ტილოებით, მაგრამ ვინსენტის მხოლოდ ერთი ნახატის გაყიდვა შეძლო. ამასთან, ეს სამწუხარო ფაქტი გვიბიძგებს, თავი მოვიწონოთ იმით, რომ ჩვენ შევძელით, დაგვეფასებინა ვან გოგის შემოქმედება, რადგან გაცილებით უფრო მახვილი თვალი, დახვეწილი გემოვნება და თანაგრძნობის მეტი უნარი გვაქვს იმათთან შედარებით, ვინც დასცინოდა და აბუჩად იგდებდა მხატვარს სიცოცხლეში, და რომ ჩვენი მაგნატები და ორგანიზაციები ამდენ ფულს იხდიან მისი დიდებული სურათების შესაძენად. ვან გოგის თანამედროვეთა შორის ყველაზე ძვირადღირებული მხატვარი იყო მეისონიე – მე-19 საუკუნის მხატვრობის ეს ალექსანდრე დიუმა, რომლის ნამუშევრების თემატიკა (ძირითადად, ნაპოლეონის გამარჯვებები და დამარცხებები) და ტრადიციული ტექნიკა, ახალგაზრდა მხატვარმა, რა თქმა უნდა, უგულებელყო. ვან გოგს სძაგდა “სალონური ხელოვნება”, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამგვარი დამტვერილი და ქვიშაწაყრილი ნახატი ქუჩაში ეგდო და მხოლოდ ბუზებს იზიდავდა. მეისონიე სიცოცხლეშივე იქცა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მხატვრად; ვან გოგს ეს არ ღირსებია, სანამ მისი სიკვდილიდან ასზე მეტი წელი არ გავიდა.

ის, ვისაც სურს, რომ კარგად გაიცნოს ვან გოგის შემოქმედება, უნდა მივიდეს სამხატვრო გალერეაში დღის იმ მონაკვეთში, როდესაც იქ სიხალვათეა. მაგრამ გარდა ამისა, ძალზე საინტერესოა ვან გოგის მიერ საკუთარი ცხოვრებისა და ხელოვნების შესახებ გამოთქმული შეხედულებების გაცნობა. მხატვრის წერილების ექვს ტომს ბელი უწოდებს “უდიდეს კომენტარს, რომელიც ოდესმე დაურთავს ამა თუ იმ ხელოვანს საკუთარი შემოქმედებისათვის”. ახალი გამოცემა, ჩემი ანგარიშით, დაახლოებით 400 000 სიტყვას მოიცავს. ტექსტში შესანიშნავადაა ასახული ვან გოგის აზრები და განწყობილებები – ზოგჯერ მძულვარება, ზოგჯერ კი – სიბრალული საკუთარი თავისადმი, რაც არცთუ იშვიათად პარანოიდული ხასიათისაა. ბელი, რომელმაც ექვსივე ტომი წაიკითხა, აღიარებს: “მიუხედავად ამ წერილებით აღტაცებისა, მათი ავტორი ხშირად მაღიზიანებდა ხოლმე”. ვან გოგთან ურთიერთობა ნამდვილი ჯოჯოხეთი გახლდათ, რადგან ის ჯიუტი, ავტორიტარული, მომთხოვნი პიროვნება იყო, განუწყვეტლივ იძლეოდა რჩევებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და ყოველთვის ყველაფერი ყველაზე უკეთ იცოდა. როდესაც თეოს მეუღლეს შვილი გაუჩნდა, ბიძია ვინსენტმა თავი მოაბეზრა რძალს რჩევებით ბავშვის მოვლისა და, წარმოიდგინეთ, ძუძუთი გამოკვების შესახებ. მაგრამ წერილების მკითხველებს არ მოეთხოვებათ, დაეთანხმონ მხატვრის ახირებებს; ისინი უნდა გაეცნონ მხოლოდ მის ინტელექტუალურ და მხატვრულ შეხედულებებს. მახსენდება, რომ ერთხელ ტორონტოში შევხვდი გაწამებულ მაიკლ ჰოლროიდს, რომელმაც იმხანად ბერნარდ შოუს ბიოგრაფიის მესამე ტომი გამოსცა. მან სიცილით მითხრა: “მეკითხებიან, ჯერ კიდევ მიყვარს თუ არა შოუ. მაგრამ ეს… ეს ხომ შეუძლებელია”.

ვან გოგის წერილებში გამოსჭვივის დაძაბული თვითრეფლექსია. ის წუხს იმის გამო, რომ ძალზე კრიტიკულია სხვების მიმართ; აშფოთებს ის, რომ უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა; რომ ადვილად შეურაცხყოფს ან აღიზიანებს მათ – და არ ცდილობს, შეარბილოს თავისი ქცევა. როდესაც იძულებულია ერთი თვე მშობლიურ ნუენენში გაატაროს, წარმოიდგენს თავის მშობლებს, რომლებიც მას ადარებენ “დიდ, ბანჯგვლიან, სველთათებიან ძაღლს…, რომელიც ძალზე ხმამაღლა ყეფს” . მხატვრის ენერგია აშინებდა ქალებს: “არა, არა, არასოდეს” – ამგვარი სამმაგი უარყოფა მოისმინა მან კეი ვოსისგან, როდესაც შესთავაზა, ცოლად გამომყევიო; ნიშანდობლივია, რომ ვან გოგს ჯიუტად სჯეროდა: დროთა განმავლობაში დაიპყრობდა ამ ქალის გულს და ამ სიტყვების ნაცვლად ათქმევინებდა: “ჰო, ჰო, დღესვე”. ის ასეთსავე მოთხოვნებს უყენებდა საკუთარ თავს: უნდა გაემგზავროს ამერიკაში, უნდა გაემგზავროს ტროპიკებში, თეოსთან ერთად უნდა გაემგზავროს ინგლისში და იქ გაყიდოს იმპრესიონისტთა ნახატები (ეს უაზრო ჩანაფიქრი გახლდათ იმ დროს, და არანაკლებ უაზრო იყო მაშინ, როდესაც საქმე პოსტიმპრესიონისტებს შეეხო). მისი სურვილი, რომ იმპრესიონისტებს შეექმნათ ერთგვარი კომერციული გილდია, უფრო პრაქტიკულად ჟღერს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ როდესაც ვან გოგი პარიზს ჩავიდა, მათ უკვე მერვე ჯგუფური გამოფენის მოწყობა მოასწრეს. ბელის თქმით, “ვინსენტი… მაშინ შეუერთდა მოძრაობას, როდესაც ეს უკანასკნელი უკვე სულს ღაფავდა”. ნაკლებად რეალური იყო მისი გეგმა, რომ მხატვრებს ეცხოვრათ თავიანთ კომერციულ აგენტებთან ერთად, რომლებიც იზრუნებდნენ ყოფით საკითხებზე, რაც კერძების დამზადებასაც ითვალისწინებდა (ვან გოგი უხეირო კულინარი იყო, გოგენი კი – შესანიშნავი). მას, აგრეთვე, ყოველთვის სწამდა, რომ ხელოვნების ბაზარი სახიფათოდ გადატვირთული იყო (რა იზამდა ის თანამედროვე ბაზრის პირობებში – ღმერთმა უწყის). რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვან გოგი ფიქრობდა, რომ როდესაც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობ, ცხოვრებას ნაკლები ენერგია უნდა დაახარჯო, და, ბალზაკის მსგავსად, სწამდა, რომ არსებობს გარკვეული მიმართება შემოქმედებასა და ფიზიოლოგიას შორის: “თუ ქალებს ნაკლებ დროს დაუთმობ, შემოქმედებაში მეტ სიმაღლეებს დაიპყრობ”. არლში ყვითელი სახლისთვის თორმეტი სკამი იყიდა, მაგრამ სტუმრები არასოდეს მოუწვევია და არც მოწაფეები ჰყოლია.

 

* * *

მაგრამ ეს დრტვინვა, დიდაქტიკა და ახირებული გეგმები მეორე პლანზე გადადის ხელოვანის ჰეროიზმისა და გაბედულების წინაშე, მეტიც – გაბედულებისა საკუთარი პიროვნების წინაშე. ხელოვნება საჭიროებს ყოველდღიურ, ყოველსაათობრივ დაუღალავ შრომას. ამავე დროს, ეს შრომა რთული და მრავალშრეობრივია, რადგან ხელოვანი, ერთდროულად, არც ცხოვრებას უნდა მოწყდეს და არც ოცნებებზე თქვას უარი. ვან გოგისთვის მისაღები იყო პუანტილიზმი (ნახევრადმეცნიერული და, არსებითად, შუალედური მეთოდი) და აქტიურად იყენებდა მას; მან თავისი თავი აქცია შუალედურ რგოლად იმპრესიონიზმსა და ექსპრესიონიზმს შორის. ამასთან, ვან გოგი, ფაქტობრივად, თვითნასწავლი მხატვარი გახლდათ – თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საუკეთესო მასწავლებლები – წინამორბედი მხატვრები – ჰყავდა. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ მხატვრების სიმპათიები ხშირად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვენ – გულუბრყვილობის გამო ან ესთეტიკურ-პოლიტიკური მოსაზრებების კარნახით – მოველით. და როდესაც ვიზიარებთ ვან გოგის აღტაცებას კოროთი ან შარდენით, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ხშირად გამოხატავდა აღფრთოვანებას მეისონიეთი: “თუ მეისონიეს ნახატებს უყურებ ერთი წლის განმავლობაში, აუცილებლად მოგინდება, მეორე წლის განმავლობაშიც უყურო”. მაშინაც კი, როდესაც სრულად გაითავისა იმპრესიონიზმი, მას სწამდა, რომ მემკვიდრეობითობა, წარსულთან გამუდმებული დიალოგი, მნიშვნელოვანი მხატვრული მიღწევების საწინდარია. ვან გოგი უგულებელყოფდა მიჯნებს ნოვატორულ თანამედროვე მიმდინარეობებსა და წინამორბედ ხელოვანებს შორის: “მახარებს, რომ ამ საუკუნეში იყვნენ შეუდარებელი მხატვრები: მილე, დელაკრუა, მეისონიე”.

საზოგადოებრივი მოვლენები ვან გოგის ყურადღებას ნაკლებად იპყრობდა: წერილებში ის ერთხელ ახსენებს კაიზერ ვილჰელმის გარდაცვალებას – აინტერესებს, რა ზეგავლენას მოახდენს ეს ფაქტი ხელოვნების ბაზარზე, და ერთხელ – რეაქციონერ პოლიტიკოსს, გენერალ ბულანჟეს. აინტერესებდა მხოლოდ ის სფეროები, რომლებიც აინტერესებდა, მაგრამ ისინი ერთმანეთში ერეოდა: “ჩემთვის წიგნები, ცხოვრება და ხელოვნება ერთი და იგივეა”, და ამიტომ, სეზანის მსგავსად, განუწყვეტლივ კითხულობდა ჯორჯ ელიოტს, დიკენსს (“კეთილშობილი და საღად მოაზროვნე”), შარლოტა ბრონტეს, შექსპირს, ესქილეს, ბალზაკს, ფლობერს, მოპასანს, დოდეს, ზოლას, ლონგფელოს, უიტმენს, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს. მას მოსწონდა “ესოდენ ზნეობრივი და ესოდენ შრომისმოყვარე” გონკური”. ის თვითონაც შესანიშნავი მწერალი გახლდათ: ღრმააზროვანი, დაკვირვებული, მჭევრმეტყველი. შეეძლო მახვილგონიერი ყოფილიყო (“ლუდოვიკო XVI მეთოდისტური სოლომონია”) ან, ზოლას მსგავსად, დეტალურად და ხატოვნად აღეწერა მაღაროში ჩასვლა. აი, როგორ ახასიათებს ის ნუენენელი გლეხების ჩაცმულობას:

“გლეხები აქ ინსტინქტურად ატარებენ ძალზე ლამაზ ლურჯ ტანსაცმელს. მას კერავენ უხეში სელისაგან, რომელსაც თვითონვე ქსოვენ. შავი ქსელი და ლურჯი მისაქსელი წარმოქმნის ლურჯ-მოშავო ზოლიან ნაყშს. როდესაც ტანსაცმელი ქარისა და ამინდის ზეგავლენით ხუნდება, მისი ბაცი ფერი ხაზს უსვამს სხეულის ფერს. მოკლედ, ეს ტანსაცმელი საკმარისად ლურჯია, რათა მოუხდეს ყველა ფერს, რომლებშიც არის ნარინჯისფერი ელემენტები და საკმარისად მკრთალია, რომ ჭყეტელა არ იყოს”.

გლეხების ტანსაცმელი არავის აღუქვამს ამგვარი დაკვირვებული და თანაგრძნობით აღსავსე თვალთახედვით.

როდესაც ვან გოგის წერილებს ვკითხულობთ, გვახსენდება მისი სიკვდილის თანმხლები გარემოებები და სიკვდილისშემდგომი ირონია ხშირად აუტანლად ხმამაღლა ჟღერს. ამჟამად, სპეციალისტების გარდა, არავინ იცნობს ისეთი ფრანგი მხატვრების სახელებს, როგორებიც იყვნენ ჟორჟ ჟანენი (1841-1925) და ერნესტ კუო (1844-1931). მიუხედავად ამისა, ვან გოგი სწერს თეოს: “ჟანენს აქვს იორდასალამი, კუოს აქვს ბალბა. მე კი, შეიძლება ითქვას, მზესუმზირა მაქვს”. შეიძლება ითქვას! იმავე წელს ის საღად აფასებს თავის ცხოვრებას: “ახლა უკვე მხატვარი ვარ. კარგად ვგრძნობ, რომ სიცოცხლეში მნიშვნელოვანს ვერაფერს მივაღწევ.” შესაძლოა, მის ახალგაზრდობისდროინდელ კალვინიზმს დაემატა ზოლას სოციალური დეტერმინიზმი. რაც შეეხება თვითმკვლელობას, მართალია, ვან გოგს სუიციდის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ თავის მოკვლის სურვილს შინაგანად ეწინააღმდეგებოდა. იმისათვის, რომ თავიდან მოიშორო ფიქრები თვითმკვლელობის შესახებ, ის ასახელებს შემდეგ საშუალებას  (და აქ “შეუდარებელ” დიკენსს იშველიებს): ერთი ჭიქა ღვინო, ერთი ნაჭერი პური, ერთი ნაჭერი ყველი და თამბაქოთი გატენილი ჩიბუხი (პური და ყველი ვან გოგმა თვითონ დაამატა). მას მოჰყავს მილეს სიტყვები, რომ “თვითმკვლელობა უღირსი ქმედებაა” და ამტკიცებს, რომ                                        ”თვითმკვლელობის უიღბლო მცდელობა საუკეთესო წამალია, რომელიც გვიხსნის მომავალი თვითმკვლელობისგან”. იქნებ ცდილობდა მიზნისთვის აეცდინა, როდესაც რევოლვერი პირდაპირ გულში ისროლა?

ცხოვრების ბოლო კვირების განმავლობაში მის ნახატებში მეორდება ერთი ფერი – ვარდისფერი. ის წერს, რომ ხატავს “ზეთისხილის ხეებს ვარდისფერი კლდეების ფონზე, ვარდისფერ ვარდებს მოყვითალი-მწვანე ფონზე, ვარდისფერ წაბლის ხეებს, ვარდისფერკაბიან არლელ ქალს და მზისფერ-მოვარდისფრო ქვიშას”. შემთხვევითობაა? დამთხვევაა? თუ ის მომაკვდავი კოროს სიზმრისეულ ვარდისფერს ეთხოვება?

“ის, რაც საზოგადოებას მოსწონს, ყოველთვის ძალზე ბანალურია”, – წერდა ვინსენტი ძმას 1883 წელს. მაგრამ თანამედროვე საზოგადოება ვან გოგს აღმერთებს. გამოდის, რომ ის ბანალურ მხატვრად იქცა? ვან გოგის ნახატებს სათანადოდ იმიტომ ვეღარ აღვიქვამთ, რომ მათი აღქმა რთულია, თუ, დროთა განმავლობაში, გავუსწარით მათ? რა პასუხი უნდა გაეცეს ამ კითხვას? ის არ მიეკუთვნება იმ მხატვართა რიცხვს, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, დეგა ან მონე – რომლებიც ათწლეულების შემდეგ ხვეწენ და აღრმავებენ ჩვენს ხედვას. დარწმუნებული არ ვარ, რომ ვან გოგის ნახატებს წლების შემდეგ სხვაგვარად აღვიქვამთ და სამოცი ან სამოცდაათი წლის ასაკში უფრო მეტს ვპოულობთ მათში, ვიდრე მაშინ, როდესაც ოცი წლისანი ვიყავით. პირიქით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხატვრის საოცარი გულწრფელობა, მისი გაბედული, ელვარე ფერები და სწრაფვა, გადაექცია მხატვრობა მანუგეშებელ ხელოვნებად, კვლავ ოცი წლის ასაკში გვაბრუნებს. და ეს არც ისე ცუდია. ალბათ, დროა, გადავიღოთ ავტოპორტრეტი “მზესუმზირებთან” ერთად.

 © London Review of Books, 2015, ივლისი

© არილი