პოეზია (თარგმანი)

ადჰარვა ვედა

თარგმნა მანანა გიგინეიშვილმა

II მანდალა, ჰიმნი 6

              აგნის

დაე, წელიწადის დრონი გაძლიერებდნენ შენ, ჰოი, აგნი!

დაე, ძალა შეგმატონ წლებმა, რიშებმა და ყოველივემ, რაც ჭეშმარიტია.

გამობრწყინდი ზეციურ ნათელში!

განანათლე ოთხივე კიდე ქვეყნისა!

 

აელვარდი, ჰოი, აგნი, და განამტკიცე ადამიანი,

აღემართე და განემზადე დიადი ბედნიერებისთვის!

დაე, ასცილდეს ავი მათ, ვინც გმსახურებს შენ, ჰოი, აგნი!

დაე, ბრწყინავდნენ ბრაჰმანნი შენნი!

 

ბრაჰმანებმა ხომ შენ მოგმართეს, გამოგარჩიეს.

მსხვერპლშეწირვისას იყავ მოწყალე მათდა მიმართ;

მუსრი გაავლე, ჰოი, აგნი, იმათ მოქიშპეთ, იყავ მძლეველი მათთა მდევნელთა!

მარად იფხიზლე შენს სავანეში!

 

მტკიცედ გეპყრას შენ ძალაუფლება, ჰოი აგნი!

და მეგობრულად მოეპყარი, აგნი, მეგობარს;

იყავ მათ შორის ვითარცა თვისი თვისიანთ შორის, –

თვისი, რომელსაც მოუხმობენ თავად მეფენი.

 

ჰოი, აგნი, აგვარიდე ჩვენ მკილავნი და შეცთომილნი,

აგვარიდე უგუნურნი და მოძულენი,

გვიხსენ ყოველი განსაცდელისგან,

გვიბოძე დიდი მონაგები და მონაგარი დაგვაცვევინე.

 

II მანდალა, ჰიმნი 30

 ლოცვა ქალის მოსახიბლავად

ქარი რომ ბალახს მიწას მოსწყვეტს

და აიტაცებს,

ასევე მინდა ავიტაცო შენი ფიქრები.

რათა თავი შეგაყვარო, რათა აღარ გამირბოდე.

 

მფარველნო ძალნო,

შეჰყარე მას თვისი სატრფო, თვისი საბედო,

დაე, შეერთდეს ბედი მათი,

ზრახვანი მათნი, აღთქმანი მათნი.

 

რას გვიქადიან არწივები,

რას გვაუწყებენ ლაღი ფრთოსნები?

დაე, მომაშუროს სატრფომ ჩემს ხმობაზე,

ვით ისარმა, მშვილდს მოსწყდება და გაიჭრება,

 

 

რაც შიგნით არის, ის არის გარეთ,

რაც გარეთ არის, ის არის შიგნით.

ჰოი, ბალახო, გამოიყოლე

ქალთა ფიქრები.

 

მომეახლა იგი, ჩემი ცოლობა სწყურია,

მივეახელ  მე, მისი ქმრობა მწყურია,

მივეჭერ მჭახედ მოჭიხვინე ულაყივით,

მივაშურე ტრფობის ალით გახელებულმა.

 

III მანდალა, ჰიმნი 11

  ლოცვა ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის

მე შენ სიცოცხლეს გიადვილებ მსხვერპლის შეწირვით. დაგიხსნი უცნაური სენისგან, გადაქანცვისგან. სალმობამ შეიპყრო ეს ადამიანი. დაე, ინდრამ და აგნიმ იხსნან იგი.

 

თუ დაჭკნა მისი სიცოცხლე, თუ სიკვდილის პირასაა, თუ გაღმა მიაბიჯებს, – მე მას გამოვიხსნი ყოვლისმომსვრელი ქალღმერთის ხელთაგან, მე მას მივანიჭებ სიცოცხლის ას შემოდგომას.

 

მე იგი სიკვდილს გამოვტაცე მსხვერპლის შეწირვით. დაე, ჰქონდეს მას ათასი თვალი, ასმაგი ძალა, ასმაგი სიცოცხლე, რათა ინდრა წაუძღვეს და ააცილოს ყოველი განსაცდელი.

 

იცოცხლე, იხარე ას შემოდგომას, ას ზამთარს და ას გაზაფხულს!

დაე, ინდრამ, აგნიმ, სევიტარმა, ბრიჰასპატიმ მოგანიჭონ ასი წლის სიცოცხლე! მე იგი სიკვდილს გამოვტაცე მსხვერპლით, რომელიც სიცოცხლის მხსნელია, ასწლიანი სიცოცხლისა!

 

ჰოი, შენ, ჩასუნთქვავ და ამოსუნთქვავ, ნუ გაერიდები მას, სიბერემდე გამოადექი მის სხეულს, მის ხელ-ფეხს!

 

შენ გევედრები: სიბერემდე მიაწევნინე. დაე, ბედნიერი სიბერე ჰქონდეს! არ გაეკაროს სხვაგვარი სიკვდილიც. აკი ამბობენ, სიკვდილი მრავალგვარიაო.

 

შენ განუსაზღვრავ ადამიანს ხანგრძლივ სიცოცხლეს. ხარს საბელს შეაბამენ, სწორედ ასევე სიკვდილმა შობის უმალ თოკით შეკრა ადამიანი.

ბრიჰასპატი თავისი მართალი ხელებით შემოგაგლეჯს სიკვდილის საკრველს.

 

 

III მანდალა, ჰიმნი 13

                 წყლებს

წყლებო, თქვენ ერთად მოვარდით ღვარად;

თქვენ დაიმქუხარეთ, ოდეს დრაკონი დაეცა;

მას აქეთია, გეწოდებათ “მქუხარე წყლები”.

წყლის ნაკადებო, ასეთია სახელი თქვენი!

 

ვარუნასგან ხართ წარმოგზავნილნი.

თქვენ აბორგდით და აბობოქრდით,

მაგრამ გზად ინდრამ მოგიხელთათ და

მას აქეთია, “მოხელთებულ წყლებს” გიწოდებენ!

 

თქვენი სურვილი არ ყოფილა ღვარად მოვარდნა.

მაშინ თქვენ ინდრამ შეგატბორათ,

ჰოი, ქალღმერთნო!

მას აქეთია, “შეტბორებულ წყლებს” გიწოდებენ!

 

ღმერთთაგან ერთი მაშინ თქვენ გზად გადაგეღობათ,

როს გზას იკვლევდით თქვენი ნებით, თქვენი სურვილით;

უზენაესმა ბრძანა მაშინ: “ჭმუნავენ წყლები”.

მას აქეთია, წყალს “მჭმუნვარეს” რომ უწოდებენ.

 

წყალი ხომ წინათ წვენი იყო, მცენარეთა მაცოცხლებელი,

ეს წყლებია, რომ მოიცავენ აგნის და სომას;

წყალთან შერთული თაფლის გემომ, მძაფრმა, საამომ,

ჩემს არსებაში სუნთქვასავით შემოაღწიოს.

 

ახლა მე ცხადად ვხედავ და მესმის,

ჩემამდე აღწევს წყლების ჩქერა, წყლების ბუტბუტი,

ეს – მაშინ, როცა გეწაფებით, ელვარენო და ოქროსფერნო,

და მგონია, რომ ნეტარების სასმელი შევსვი.

 

ჰე, წყლებო, აი, გული თქვენი,

უბიწონო, უმწიკვლონო, აქვეა ჩვილიც.

მძლავრნო, ძლიერნო, იდინეთ აქეთ,

საითაც ახლა გეზს გაძლევთ მე, მეუფე თქვენი.

 

III მანდალა, ჰიმნი 30

 

                 ლოცვა შეხმატკბილებული ყოფისთვის

ერთობა გულისა, ერთობა აზრისა, სიძულვილისგან თავის დაღწევა – ეს მოვითხოვე თქვენგან. განა შეჰხარით ერთმანეთს ისე, ვითარცა ძროხა – თავის ბოჩოლას, ახალმოგებულს?

 

ძე უნდა იყოს მამის ერთგული, თანაგანმზრახველი უნდა იყოს თვისი დედისა; ცოლს მართებს იყოს ტკბილმოუბარი და თბილი სიტყვა შეაგებოს ქმარს.

 

ძმამ არ უნდა მოიძულოს ძმა, დამ არ უნდა მოიძულოს და. შეხმატკბილებულნი უნდა იღვწოდნენ საერთო მიზნისთვის.

 

მე თქვენ გიმზადებთ თილისმას – თქვენიანების თანხმობის საწინდარს. ეს თილისმა ღმერთებსაც აარიდებს ქიშპს და ერთმანეთის სიძულვილს.

 

მიჰყევით თქვენს თავკაცს, იყავით მისი თანამოაზრენი, ნუ გაუნაპირდებით!

ერთ გზას დაადექით, ტკბილად შეესიტყვეთ ერთურთს. მეც ასევე მოგიზღავთ თქვენ.

 

საერთო უნდა გქონდეთ სასმელი, საკვებიც უნდა გქონდეთ ზიარი. მე თქვენ უღელში შეგაბით და კვალში ჩაგაყენეთ: ესაა აგნის თაყვანისცემა. იყავით მასთან, როგორც ბორბლის მორგვია ღერძთან.

 

მე თქვენ მოგიზღავთ საერთო მიზნის, საერთო აზრის მიხედვით. მოგაგებთ ჩემი სათნო ლოცვით. დაე, იგი, თქვენი თავკაცი, ამბროზიის მცველი ღმერთების მსგავსად, დღისით თუ ღამით ლმობიერი და მოწყალე იყოს თქვენდამი.

 

V მანდალა, 70

                სარასვატის

ჰოი, სარასვატი, ქალღმერთო,

შენს ზეციურ სავანეში ინეტარე

შემოწირული მსხვერპლით!

გვიბოძე შთამომავლობა, ჰოი, ქალღმერთო!

 

ეჰა, მსხვერპლი შენი, მსხვერპლი სასურველი,

ეჰა, ზედაშე, მამათათვის შეწირული. მისი მირთმევა ხამს.

ეჰა, კეთილი ქება, შენდამი აღვლენილი.

მისი წყალობით, დაე, ვიქნეთ შენდა სასურველნი!

 

კეთილად შეგვიტკბე, სიკეთის მოსურნეო,

ყოვლად მოწყალეო სარასვატი!

ნუ მოგვაკლებ ხილვას შენსას,

ნუ დაგვიძვირებ მზერას შენსას!

© არილი

Facebook Comments Box