პროზა

აკა მორჩილაძე – მარია კუზნეცოვას რვეული (2)

აკა მორჩილაძე

მარია კუზნეცოვას რვეული

დასასრული

მეექვსე თავი – თაღლითები ციხე-სიმაგრესთან

მტვერი. მტვერი რემის ფლოქვებიდან ავარდნილი. ოღონდ ცხენები არ ჩანს. ეს მტვერი ავარდნილა უტყვ მხედართა გუნდის ჭენებიდან.
მტვერი წვრილი ხვინჭით მოფენილ გზაზე. და მხოლოდ ირიბი ხმა ველური ჭენებისა. დიაღ, ეს ძველი დროა. როგორც ჩამოუქნელი ლაქა ჰორრიზონტზე, ველის კიდეზე რომ გაურკვევლად თრთის. სჩანს რაზმეული. კინოენა. აი, ჩემი კინოენა. მიმიხვდება ჭიაურელი?
ეს დასაწყისია. ეს არის საუცხოვო დასაწყისი. ეს არის თელი ჟანრის დასაწყისი. შუა საუკუნეები. არეულობით და შინაომებით დაჩეხილი ქვეყანა მონღოლთა ქვეშ მოჰყვება. ისტორიულათ ტყუილი? სიცილი. ჩვენ ვქმნით ლეგენდას. ასეთი მხედრებიც არ ყოფილან. არც სამოსელი. ვინ იცის? ჭიაურელი გაიგებს. იოლად. მიიღებს. ის თუ გაიგებს. თუ მიიღებს. იმიტომ, რომ სიუჟეტი… ციხენი. შიშველა ველები. ბორცვები. ბორცვებზე ჩვენი ციხეები. თითო ბორცვი, თითო ციხე. ძველათ ამბობდნენ სხვანაირად: რა ბორცვი, რა ეკლესია. ეკლსიები იმას არ მოეწონება. მოეწონება, მაგრამ შეზომილად.
რაზმეული. შავ თეთრში ბრჭყვინავს ქარქაშები. დეზები. ფიცით შეკრულთა რაზმეული. ფიცისკაცნი. რაზმეული, რომელიც მშვიდ ძილს ებრძვის. იმას მოეწონება ეს. და მოეწონება ორმოცდახუთ წუთის განმავლობაში. შემდეგი ორმოცდახუთი – მე. რაზმეული. ორთაბრძოლები. კარგათ დადგმული ხმალაობა. ჭიაურელმა ეს იცის კარგად. ყოჩაღ, ჭიაურ. ეს არის დასაწყისი ჟანრის. სუნი ეკრანიდან. ეს იქნება სუნი. რკინის და მტვრის სუნის ილლიუზია. და ტყავის. თხელი, მოქნილი ტყავი ტანისამოსათ. ტიკები ღვინით. ქვეყანა ქალაქების გარეშე. მხოლოდ ციხეები.
საიდუმლო. სურვილი. წყურვილი. შფოთი. ფიცით დაბორკილთა რაზმეული. რას დაეძებენ? დროშას დაეძებენ. ძველ ხალიჩაში გახვეულს. ძველი სახელის დროშა. შავ თეთრი დროშა. ეფფეკტი ეცემა. საუკეთესო ცხენები ყველა თავლიდან. რომ ცეკვავდნენ. თვალი ვერ მოსწყდეს. აი, წარსულის დიადი მხედრები. დროშისა? ეი, ჭაიურ. კიდევ იტყვიან, ვინც შეთხზა არაფერია, მთავარი რეჟისორია. ჭიაურელი! მიხავ! გამოვა ისე, რომ მთელი კინო იყოს შავთეთრი და დროშა ფერადი? ლარჟვარდის ფერი. როგორც ხელოსნების ძველ ქალაქში. მერე რა? ლაჟვარდის ფერი დროშა, ოქროსფერ ჯვრით. ლაჟვარდი და ოქრო. ამაზე ფხუკიანობენ, ეგენი, სამხრიანი ხალხი. ის.
ჩემო საწყალო ჭიაურ. მაგრამ მოგეწონება.
მთაში, უღრან ტყეთა შუაგულში წყნარად ცხოვრობს მონასტერი. ვერ იგებ რა აკავშირებს მონასტერს და მხედრებს. ჰა-ჰააა, ცოდო ვარ რომ აქ ვარ. მისმენდეს ახმეტელი. გადავაბრუნებდით ყოველ სტუდიას წყნარი ოკიანის პირზე. რა შაუშია მონასტერი? ჩვენ მივიღებთ ვერცხლის ჯვრებს ამ ფილმისთვის. ასე სთქვა ჭიაურელმა.
დროშის გარეშე ბრძოლაში ვერ გახვალ. დროშა გადამალულია. რომელ ციხეში? ისინი ესხმიან ციხეებს რომლებშიაც დამდგარან მონღოლები. მონღოლები ამის გამო მკაცრად სჯიან უბრალო ხალხს. ჰმ… აი, გეგმა. ახმეტელს ეს არ მოეწონებოდა. რას იზამ. მასსებისთვის. მიდეპეშეთ და დავყრი ყველაფერს. წამოვალ.
მონღოლები ვერ ხვდებიან, რისთვის იბრძვის რაზმეული. მათთვის უცხოა დიდი არსი დროშის, რომელიც აგდია რომელიღაც მიწისქვეშეთში.
მათ ჰგონიათ რაზმეული, ან მოჯანყენი, ან ყაჩაღები.
და ორმოცდა მეხუთე წუთზე. როგორც ფეხბურთის თამაშის შესვენებაზე. ჰა-ჰა. რას ფიქრობს ხალხი? როგორ შეიქმნება შედევრები? ის ფიქრობს, რომ ვიღაც ზის და ფიქრობს სიდიადეზე? სიმაღლეზე? და ორმოცდა მეხუთე წუთზე გამოჩნდება კაცი. გამხდარი, სწრაფი, მოქნილი, ფეხით მოარული. რაზმეული ესხმის ციხეს და უკან იხევს ხელცარიელი. შეტევამდე მაყურებელი ხედავს: ეს მოქნილი კაცუნა, ღარიბადD ჩაცმული, მიცოცავს ციხის კედელზე. გადაძვრება. ყველაფერს ათვალიერებს. უჩინარია. შეუმჩნევლად ჩამოცოცდება უკან.
ამ წუთიდან ეკრანი ვარგა მხოლოდ ორი ძალის შეჯიბრისთვის: რაზმეულის და ამ უცნობის. იმიტომ, რომ გმირი არის ის. გაუპარსავი. ჩქარი თვალით. კეთილი, ოდნავი გაღიმებით. მზეზე გამომშრალი. ის არის გმირი. ღონეზე არა. ჭკუაზე.
ეს არის გმირი. გესმას, მიხავ.
წიგნების კოკოლა. წარსულის შესახებ. ჩაის ფინჯანი. ფანქრები. ვერცხლის ბეჭდები. დაბრეცილი ხანჯლები. უკნიდან მომპარავთა ხანჯლები. დაბრეცილი სარკეები. დაბრეცილი ქუჩა, ყველაფერი დაბრეცილი. არსებობს დაბრეცილი გულები?
წიგნების კოკოლა. წარსულის შესახებ. ისტორია. საკვოიაჟი სავსე წიგნებით. ჭაიურელის მოტანილი წიგნები, გამოწერილი ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. თაღიანი დარბაზი ბიბლიოტეკის.
-აი, კიდევ, ბატონო აპოლონ… – ბიბლიოტეკარი. უცნაურობა. ბიბლიოტეკების არ იცვლება სუნი. იქ მყოფი ბევრი ხალხის მიუხედავად. ბიბლიოტეკაში სულ ერთნაირი სუნია. გამორჩეულად, ძველ ბილიოტეკარებს ეს სუნი აქვთ. აი, ამასაც. ის ძველის სუნი. სიბერის სუნი. თუ, უძრავობის? ქაღალდები. ან იაფი წამლები?
-გმადლობ, ბატონო გერმანოზ.
გონიათ, ისტორიულ ფილმისთვის საჭიროა წიგნები ისტორიის შესახებ. სისულელე. დასტოვა თავისი სუნი. იაფ წამლების სუნი. გაუნიავებელ ოთახის. აპოლონ ქვლივიძე. მოხუცი. აი, სურათი. გაუნიავებელ ოთახში. მარტო. მუცლის ქარების სუნებში ჩამჯდარი. ტანისამოსის სუნი. საყელო დაუთავებული ჰქონდა. მოვლილი მოხუცი. მე, მოხუცებული, ჩემს ოთახში. ჯო ლუისის ფოტო. პარიზელ ამხანაგის ნახატი, მომკვდარის ჭლექისგან. საწყალი შალვა ქიქოძე.
-შეიძლება კიდევ… ცნობარები თფილისის თაობაზე. ძველები. რუსულები.
-ჰკითხულობთ რუსულათ? ცოტანიღა…
მოხუცი თვით კითხულობს რუსულად. ის არის ძველი, მკვდარი დროიდან.
-კიდევ შემიძლია.
-ჩვენს დროში… ვისაც ახსოვს… გნებავთ წიგნი ციმბირის შესახებ? ამასწინ გადავათვალიერე.
-არა… არა… გმადლობ… ცნობარები.
ოჰ. ოცდაათი ცალი მაინც. მაგარ ყდებით.
მთელი ეს გამქრალი ქალაქი. მთელი ეს რუსული ეპოლეტები. კირილიცა. ნუსხები ოსტატების. მესაათენი. გეტტინგ. გერმანული უბანი. ჰმ. საათები. მექანიკა. საყვავილე მაღაზიების სიები. ყველა კვლავაც არსებობს. მგონი. მცხოვრებთა სიები. წოდების მიხედვით. მეეტლეთა სიები. ეკიპაჟების. სიები აფთიაქების. მკერავნი. რომელი წელია? მკერავი. იმან ახსენა საკერავი მანქანა. დალაქნი. ათას რვაას სამოცდა… ათას რვაას ოთხმოცდა… მეოთხე საპოლიცო უბანი. არა. მადმაზელ ფურე, მადამ დუმიტრესკუ. კორელლი. დერციკნი. დერციკნი არა გვჭირდება. ეს ჰგავს, კითხულობდე ლექსს აზრით და არა მუსიკით. სისულელე. ხელი ჩაავლო კუდში უხილავ ცხოველს. უხილავს. ეგებ ურჩხულია და არა კნუტი? არა. მკერავნი. ისევ. ბელოშვეიკი. რუსული სიტყვა. კვლავ. ისტორიის და დიად ფურცლების ნაცვლად. ბელოშვეიკი. სად არის ფანქარი… ლურჯ-წითელი ფანქარი ორი წვერით. ალუბლის ხე. სუნები. კოლოფი სუნამოსი. ნიავი, წრუწუნა. ქალბატონი მიმოზა. თვითონ ლამის კატა. მისი კატა მე მეხუტება. რატომ მხუტება მე? იმ საწყალს არ ჰყავს ვინმე, ამ კატის მეტი. გახსოვს კონსიერჟი იმ… ფუჰ… რა ჰქვია იმ სახლს? მიატოვე სისულელეები. მე აპოლონ ქვლივიძე ვარ. თუ არა ომი, წავიდოდი პირდაპირ პარიზში. იქედან ამერიკაში.
ეპისკოპოსი.
აბა უყურე.
ალბათ იმიტომ ვტენი მონასტერს ამ ამბავში. ჯიბის ხატი. საგულისჯიბე. ღვთისმშობელი ყრმით.
-ბატონი ქვლივიძე?
შავი, საგულდაგულოთ გაწმენდილი მანქანა.
-დიაღ…
-მე მქვია ალკაზარ ჯანია.
-დიაღ?
-თქვენთან გასაუბრება მინდოდა.
ოტელ ლონდონ. დიდი, ხალვათი ლიფტი. Gგრძელი სკამი წითელი მაუდით.
-ბატონი ქვლივიძე? უკაცრავათ, რომ ქუჩიდან გამოგაქცუნეთ… დახმარება გვჭირია… სიმართლე გვჭირია.
ათას რვაას ოცდა ჩვიდმეტი წელი.
აი. ის არის. აი. ის. სამკერვალო მაღაზია მადმუაზელ ბლოსი. ბლო. ღმერთო ჩემო. რას ამბობდა ის კაცი? გურჯიევი.
-ვნახე თქვენი ფილმი… ქურდის სიყვარული… ძალიან საინტერესო საზოგადოებაში. ჩვენმა ქაქუცამ თქვა, რომ თქვენ და ჭიაურელი საუკეტესო წყვილი ხართ ჩვენს კინემატოგრაფში. და უნდა გთხოვოთ…
-დიაღ. ჩვენ ვისაუბრეთ.
-მე მიცნობთ?
-არა. უკაცრავათ.
-მე ბერია ვარ. პოლკოვნიკი ბერია.
-ააააჰ… კი. მსმენია…
-და რა გსმენიათ?
ღიმილი, ლაღი ჩაცინება.
მადმუაზელ ბლო. ბელოშვეიკა. მოედნიდან. 1837 წელი.
ესე იგი ძველათ. მე ვიფიქრე. ეშმაკი.Eეშმაკი წითელი რქებით, გალესილ ჩლიქებით, თუ გალესილ შემოხედვით? ცხვრისახოცები, როგორც სქოთ მსროლელების კაბები. ქარი, ქარი, ქარი. მტვერი. ის არის გმირი. მარტოხელა. მარტოხელობა ყოველთვის უფრო საინტერესოა. ჰა-ჰა, დროშა შენახულია მონასტერში. ბოლოს მისცემენ მას. არა მამაც მეომრებს. მას.
-ბატონო გერმანოზ… ჩაის ხომ არ მიირთმევდით მოსაწევ დარბაზში?
ცნობარის ტომი ხელში.
-აჰ, კარგი პაპიროსები… იშვიათად ვეწევი…
-ძველი სამეფო.
-იმიტომაც კარგია.
ხშირი და უხეში თეთრი წარბები. შეკრეჭილი. მოძრაობენ, როგორც გრიმი კომიკის სახეზე.
-ჩვენ კინოს ვიღებთ…
-დიაღ. ვიცი. გნახეთ გაზეთში ერთად…
ხელი ჩაიქნია.
-კინოს ვიღებთ ძველ ტფილისზე. ნამდვილი ამბებია საჭირო. უბრალო ხალხის. მაგალითად მკერავების, სხვა ოსტატების. როგორ სჭედდნენ განთქმულ ხანჯლებს. ან რაიმე… ანდა, როგორ შემოვიდა ევროპული მოდა… მიმიხვდებით იოლად. აი, აი, სწორედ ცნობარში… ერთი ფრანგული მაღაზია. მეორე, მესამე… ყვავილები, შლაპები, რვაას ოცდაჩვიდმეტი წელი. გამოირკვა, რუსეთის იმპერატორი ჩამოსულა… მოსათვალიერებლად…
-ვიცი, – იღიმის ბიბლიოტეკარი. აჩვენებს სამ გაღუნულ და ხუთ სწორ კბილს – ვიცი, რაღა თქმა ამას უნდა. ნიკოლოზ პირველი. ჯალათი. ჩვენთვის ჯალათი, იმათთვის არ ვიცი. კინაღამ მოკვდა აქ. იცით ეს ამბავი? მხიარული ამბავი. ღია ეკიპაჟით მიდიოდა. დიდი რკინის ჯვარი რომ იდგა, გახსოვთ? წყლის ახლოს.
-ძნელად. ძველია ჩემთვის…
-რატომ იდგა ის ჯვარი? ეკიპაჟი გადაუბრუნდა. ის და მეეტლე ძლივს გადარჩნენ. მერე ჯვარი აღმართეს. იქ კიდევ იყო ბაგეები მთიულთათვის და იმათი ტრაქტირი. თვითონ მთიელების იყო…
-დიაღ, ვიცი… მე მინდოდა… ეგებ მირჩიოთ რომელიმე წიგნი, რომ ეს ამბები რუსების თაობაზე იქ იყოს…
მლაშე, ცრემლივით. ორცხობილი იყო მლაშე, ცრემლივით. ღვინო მწკლარტე, მაგრამ გემრიელი. მან ჩაკბიჩა ორცხობილი და ღვინო მიაყოლა. ლუკმა და ყლუპი. ასეთ დროს უზრდელობაა ბოლომდე შეჭმა და სმა. გასინჯვა, კი. თანაც, თუ გთხოვენ.
არქიეპისკოპოსი ელია. უღონო სიგამხდრე. უფრო სევდისმომტანი. თვალების მაგიერ ორი ირიბი ხაზი. გრძელი თითები. ლეონარდო და ვინჩის საინჟინრო ნახაზების მსგავსი. სულ შავებში. კეფაზე ჭაღარა ნაწნავი. დახვეული. ულვაში ოდნავ აპრეხილი. წვერი შეუმჩნეველი, ალბათ სიფითრის გამო.
-გაკვირვება? ღვინო გასინჯეთ. გაბრიელ მთავარანგელოზის მონასტრის ნაჩუქარი. გმადლობ, რომ მოხვედით. ყველა ვერ გაბედავდა… თუმცა, თქვენ ვერ გრძნობთ ვერანაირ გამბედაობას. ასეა…
-დიაღ.
მღვდლები ასეთი მსუქანი და განიერი არიან, როგორც მოდერნის გარდერობები. მეუფე კიდევ, ისეთი გამხდარი, როგორც… როგორც ლერწამი… ფუ… რა გაცვეთილობაა. ახმეტელს ბოდიში. გეთაყვათ.
-საჭიროდ დავინახე, შეგხვედროდით და მერჩია… თუ ეს ძალიან არ გაღიზიანებთ.
-ო, რასა ბრძანებთ…
-გასინჯეთ, გასინჯეთ. გამიგია, გიყვართ ღვინო.
-გაგიმარჯოთ…
ძნელი ყლუპი.
-ჰოო… თქვენ გეცოდინებათ. მე მდგომარეობა საგანგებო მაქვს. მთავრობას მე არ ვუყვარვარ. ჩვენ ყველამ რუსული სემინარიები დავასრულეთ. მერე აკადემიები… ეს არ არის დიდი მნიშვნელობის ამბავი. ჩვნეთვის ეს… ტვირთია… ჩვეულებრივი… მე მომწონხართ თქვენ, როგორც ადამიანი… თქვენი ფილმები არ მინახავს. მხოლოდ გამიგონია. განსაკუთრებით, ბოლო დროს… მე მესმის, შორსა ხართ ეკლესიიდან… მაგრამ მე შემოთავაზება მინდა… უფრო სწორად, არჩევა. თუ ეს არ მოისმის, როგორც…
აპოლონ ქვლივიძე. გაგიკვირდა?
-მე გირჩევდით, მიგეტოვებინათ ქალაქი ცოტა ხნით.. ვთქვათ, მთელი ზაფხულით.
რა?
-ნუ გაიკვირვებთ. მე ვფიქრობ, ასე უკეთესია თქვენთვის. მე შემოგთავაზებთ თავშესაფარს ერთ მონასტერში აქედან სამას ვერსზე. წყნარად იცხოვრებთ, შემოდგომით მობრუნდებით.
-შეკვეთა მაქვს… მთავრობის…
-იქ იმუშავეთ… თქვენ არაფერ შუაში ხართ და სამიზნედ ამოგიღებენ უხეში ძალები.
-მე? რატომ? რა მიზეზით?
-მე გეტყვით ყველაფერს, რაც ვიცი. როცა კაცი გადასარჩენია, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც შესაძლებელია. ან სულაც შეუძლებელი. ოღონდ, მე ცოტა თუ ვიცი. ვიცი, მარტო, რომ სახელმწიფოს თქვენი იმედი აქვს. მე დიდათ არასდროს მენდომება, რომ სახელმწიფოს თქვენისთანა კაცების იმედი ჰქონდეს…
– ააა. ეს ალბათ ფილმის გამოა. გესმით უთუოდ. არის იდეა და მოგვანდო ჩვენ…
-ვიცი… ამასთან კი კიდევ ერთი თხოვნა. ნუ გამოიყვანთ ეკლესიას სამასხარაოდ ამ ფილმში. ის არ იმსახურებს. ისტორიულად.
-რასა ბრძანებთ…
-არა. მე ვიცი. თქვენ გულშიც არ გაგივლიათ, მაგრამ…
მოსაწევი დარბაზი, ჩაი.
-გიპოვნით წიგნებს. იცით რატომ გადაბრუნდა ის ეკიპაჟი? მეეტლეს თვალი გაექცა ქალიკენ. ქალი მიდიოდა ბაგების გასწვრივ. ამბობენ, რუს იმპერატორსაც გაექცაო. მეეტლემ გზა დაკარგა. იქ პატარა ხევი იყო ძველ დროს. მეორე მხარეს… იქ გადაიჩეხნენ. თვალი გაექცათ. ქალი არც გაჩერდა, როცა ეკიპაჟი გადაბრუნდა. იმპერატორს მოსძვრა მოოქროვილი ჩაფხუტი… მერე ყველა ჭორაობდა. ამბობდნენ, იმეპრატორს დაევალებინა მისი ვინაობის შეეტყობა… ის იყო ლამაზმანი. თავადაც გესმით ბატონო აპოლონ. მოდების მაღაზიის პატრონი. ფრანგი. – მოხუცმა ცერა და საჩვენებელი თითები გაატკაცუნა — გვარი დამავიწყდა. აი,სიბერე…
-ბლო, – თქვა აპოლონ ქვლივიძემ – ბლო.
-ბლო, – გაიხარა მოხუცმა – თქვენ სახლშიც ყვებოდნენ ძველ ამბებს. აშკარად.
-დიაღ, – მიუგო აპოლონ ქვლივიძემ და ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.
რა გვაქვს ხელში? საიდუმლო, ვიღაცისგან შეკოწიწებული. რაღაცისთვის. მაგრამ…
გმირი ის არის. სხვა. გესმის ჭიაურ?
მარტოხელა. რაზმეულის გმირი არ არის. რაზმეული უსახოა.
კინოფაბრიკა. დერეფანი. ტელეფონის აპარატი.

მეშვიდე თავი – გმირის სიყვარული

-და მაშ, მაინც… რაზე ისაუბრეთ?
უცნაურია. მე გაოცებული დავრჩი. ღვინო კიდევ მწკლარტე, მაგრამ კარგი.
-თქვენ ნამდვილად გესმით… ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ჩვენთვის, თქვენნაირ ხალხს კი პატივს ვცემთ. ალალად გეტყვი, საერთოდ არ მეხება ეს ამბავი. ეს ჩემი სამსახურის ამბავი არ არის. თუ დასჭირდებათ, სულ სხვა სამასახურიდან გაგესაუბრებიან. საგანგებო რაზმი, შინაგანი სამსახური. თქვენ კიდევ ახლა ელაპარაკებით კონტრდაზვერვას. ეს საგარეო საქმეა, ანუ… ალბათ მიხვდებით და კრინტს არ დაძრავთ. მიხარია, რომ ყველაფერს ხვდებით. ასე. ერთადერთი თხოვნა. არ აჰყვეთ ეფისკოპოსს. გაემგზავრეთ შემოდგომით რომელ მონასტერშიც მიგიწვევენ, ახლა კი ქალაქში დარჩით. შევეცდები, აგიხსნათ…
ვარდისფერი კედლები. სასტუმროს ნომერს ჰგავს.
ეპისკოპოსი ბრძენია. ორი თხოვნა ჰქონდა. რამაც შეიძლო, რომ გამემხილა ერთი. ესე იგი მეორე ყალბია. რომელია ყალბი? წასვლის თხოვნა. ეს ამრიდებელია. თვალში საცემი. მეორე, წყნარი, ნამდვილი. როგორც ჩვენი გმირი. არა რაზმეული.
პარიზი. ბულვარები. ასარჩევად ქალები. ნიუ იორკი. კლაკსონები. სინკლერ ლუისის წიგნები. მქონდა ისინი.
-ყველაფერს მიგიხვდით. ჩვენი სამუშაო საჭიროა. მე რომ უფროსთა გიმანზიის მეორე კლასში ვიყო, ყოველდღე გადავიპარებოდი ბალეტის სკოლის გალავანზე.
-ხუმარა ხართ.
-და ვის შევიყვარებდი, იცით?
-საუკეთესო გოგოს, ზეთისხილის ფერი თვალებით, – სათვალის შუშებს იქეთ ნაპერწკლავდა პოლკოვნიკ ბერიას თვალები.
-არა. მასწავლებელს. ფრანგის ქალს.
აპლოდისმენტ.
-ყოჩაღ. აი, გემოვნება. ერთხელ როგორმე უნდა დავლიოთ ერთათ. აუცილებლათ. აი, დარჩებით ქალაქში და ავართმევთ თავისუფალ საღამოს მტერს და… ტყუილად არ ამბობს ქაქუცა… ეს ქვეყნისთვის არის მშვიდობა, ჩვენთვის კიდევ ნამდვილზე ნამდვილი ომია. ასეც უნდა იყოს. ასეც უნდა იყოს. ასეთი სამსახურია… გინდათ, მიგიყვანთ? პარკების გამწვანების სამსახურში მივდივარ…
უჰჰჰ… ვერ გავიგე. ბოდიში. გადაეცით ეპისკოპოსს, რომ ახლა ვერაფრით. შეკვეთა. ჩვენ ვილაპარაკეთ. მარტო არა ვარ. ვერ მივატოვებ ჯგუფს. როგორც ვამბობდი, ისე მოხდა… მეორე საკითხს კი… ჩემი ნდობა შეიძლება.
ჩემი ნდობა შეიძლება.
-ილოცეთ ჩემთვის…
კარგი. დაიძრა.
ქვის კიბე. მერე ხის.
-აპოლონიკო. წერილი დაგიტოვეს.
-მე, ქალბატონო მიმოზა?
-შენა. აი. ვარდისფერი კონვერტი. კოშკები ახატია.
-ვაჰ… უცნაურია.
-კოშკებით… ეს სასტუმროს კონვერტია. აი, დაბლა წარწერაა.
-ჰოოო… გმადლობ. ვნახავ. აი თქვნ შაქარყინული. დღეს პარასკევია.
-მათამამებ, აპოლონიკო.
ტაქსი! ტაქსი! ოტელ “ნოტრ დამ”. ყველაფერი რაც დაიმალა ამ დღეებში. რაც ჩვეულად ჩავკალი. ყველაფერი რაც დარჩა. რა არის. სხეული? სხეული და სურნელი? რა არის. გრძელი ფეხი, ზურგს რომ შემოხვევია ქუსლით მაწვება ხერხემალზე. რა არის. ყველაფერი ხელახლა. გულისრევა იყო ყველაფრისგან. რა არის? ტაქსი. პაპიროსები, ძველი სამეფო. ჰალსტუხი. მუქი ზეთისხილის ფერი. იისფერდაკრული.
-ბაღს გადავჭრი და ისე წავალ.
-როგორც გინდა, ოღონდაც ჩქარათ.
ტაქსისტის ღიმილი სარკეში.
-მისმინე, ჭიაურ, მუზეუმში გინახავს რკინისგან გამოჭედილი გულები?
-ბევრჯელ.
-რაშია საჭირო?
-ეგ ჯვაროსნების მათარებია. შენ, სულელი ხარ? წყალს ჩაასხამდნენ, ან ღვინოს.
მარტო ღვინოს? ბლო. ჟენვიევ ბლო.
რატომ არ მოხვალთ ოტელ ნოტრ დამში ჩემს სანახავად? და საერთოდ, რატომ გაუჩინარდით? თქვენი ბ.
გავუჩინარდი? მე? მე გავუჩინარდი? აპოლონ ქვლივიძე. მხრები თხელი. ძვლიანი. პიკასოს მხრები. პიკასოს მხრები? პიკასო ცოცხალია? ღამე მასზე. ღამე მასში. ტროპიკები სხეულზე ჟენვიევ ბლოსი.
ხე, მუხა: ეს რა ოტელი ყოფილა.
-უკაცრავათ. სად შეიძლება ვნახო ქალბატონი ბლო? შეხვედრა მაქვს დათქმული…
არა გვყავს ასეთი სტუმარი. არა გვყავს.
-და ქალბატონი პიტუა?
-არა… არა… არა… ნამდვილად. არც ასეთი გვყავს.
-მართლა?
ძველი სამეფო.
-რას გავხარ? ქალბატონმა მიმოზამ კეთილად გამიღო კარი… რას გავხარ?
ვარდიფერი ღვინის რვა ბოთლი. კიდევ, ვისკიც. ბოთლი და ნახევარი.
-შუქი არ აანთო.
-გადაეჩვიე? ნეანდერტალ. გამარჯობა ჯოლ უის. პატარა, ბანჯგვლიანი ნეანდერტალი გამოქვაბულში. შენგან განსხვავებით, ჩემპ… ღმერთო ჩემო.
სამასი ნამწვავი პაპიროსის.
-რა მოგივიდა? რა ჯანდაბა?
ჭიაურელი როგორც ყოველთვის, ცინცხალი. გაპარსული. ნაცნობი ბაფთა, ირიბად ყელზე. ძველი შვინდისფერი ბაფთა.
-წინაპრებს ჩამოუარე? ეჯიბრებოდი?.. ქალბატონო მიმოზა, ტაშტი და ცივი წყალი, თუ შეგიძლიათ… არა, ნუ შემოხვალთ. დაირცხვენს. მხოლოდ კალსონებშია. და პიჯაკში… აპოლონ ქვლივიძე, ქვეყნის საუკეთესო სცენარისტი. დავრბივარ. ვრეკავ… ზემოდან დაგვაწვენ, ქვმეოდან ამოგვაწვენ. რატომ არ პასუხობ ტელფონზე?
-ვისვენებ.
-ტკბილად ისვენებ. ეხლა ჩქარა. თავი წყალში… ჩქარა, გეუბნები… რა გეტაკა? ჩქარა. უკვე ცხრა ხდება. ჩქარა, საქმეები გვაქვს. ეს ის არის?.. ღმერთო, სახე მაინც დამემახსოვრებინა ამ ქალის…
-შენ… გაქვს ატროფირებული სილამაზის შეგრძნება. შენ ის გაქვს რიგითი, მეჯღანური… დინა დურბინის დონეზე.
-ვაააჰ, გეორგიანნო. ხმა ამოიღო. მადამ მიმოზა, აბაზანა გვჭირდება. თერთმეტზე შეხვედრა გვაქვს. ჩვენ გვჭირდება სამართებელი და ცხელი წყალიც. მოხერხდება?.. თქვენ ხართ ჯადოსანი. ყველაფერი მოამზადეთ. თითქოს იგრძენით წინასწარ. რა გასაკვირია, ქალბატონი ამგვარი საოჯახო გამოცდილებით… მადლობა თქვენ, მე მიხა ჭიაურელი ვარ, რეჟისორი… ეს ჩემი შლიაპაა. ბორსალინო. სხვათა შორის. აღზდექ, თვალთმაქცო… გავარდი აბაზანაში. ოცი წუთი გაქვს. ყველაფრის. მერე ერთი კარგი წვნიანი. ვიცი ადგილი. წვნიანი, მცხარე. შიგ წიწაკები თელთელა დაცურავს.. . მაღალი ჭიქა არაყი და მერე წვნიანი. ნიორი. მერე წავალთ, ფეხზე მდგარი დავლევთ ყავას, მერე აი ამ რეზინს აიღებ და ღეჭავ და ღეჭავ… ეს ამერიკული რეზინია. ღეჭავენ. პიტნის გემოს დააფრქვევ. თერთმეტზე ვხვდებით პროდიუსერებს. მთავრობის ხალხია. ჩვენები არ გეგონოს. სულ შტერები. უცოდინარი ამ საქმეში და თვალიერებას დაგვიწყებენ… არ მომიყვები სიუჟეტს?.. ტელეფონისთვის მაინც გეპასუხა… მე მაგ ბლოს დავმარხავ ჯარისკაცების სასაფლაოზე… ჯარისკაცების მეორე სასაფლაოზე, გმირებს შორის… ჰე-ჰე… ნუ მიყურებ ეგრე… სად არის ჰალსტუხ?
ქუჩა. გაზაფხულის ქუჩა. კუნთები სახეზე არ არის მორჩილი. ყველა მიყურებს. ვითომ. მოჩვენება. სისულელე. კელნური წყალი. ეს ამერიკული რეზინია? რა სისულელე. ცოხნი. როგორც ძროხა. თავისუფლება. თავისუფლება არ გვაწყენდა. არაყი ვერ მოგანიჭებს, მაღალი ჭიქაც. ვისკის პორცია დამჭირდება. ძვირიანის, კარგის. გრანდ ოტელის ბუფეტში. ორი პროდიუსერი. მომატყუა. ძველი ნაცნობები. ამხანაგები. ხელები ეფხანებათ. ფულსა გრძნობენ. ერთი სულ შლაპას ისწორებს. გულში უნდათ შეხვედრა გენერალთან, მაგრამ არ ამბობენ. სურთ სიუჟეტი. პროდიუსერები ზერელედ ისმენენ. მთავარია, ფული იქნება. გენერალი ყველაფერს გააკეთებს. ჭიაურელი დაფიქრებით ისმენს. ბუფეტში ყინულს ამტვრევენ. ერთიც. კარგია. ყველაფერი ამერიკული გაქვს ბინის გარდა, ის არის ევროპელ ვაგაბუნდის. გენძეხაძე გეძებს, ვარსკვლავის სტუდიიდან. სამუშაოს გთავაზობს. პროდიუსერები მიდიან.
ჭიაურელი დაფიქრებული. თვითონაც სვამს ვისკის.
-წამო, გავიაროთ. კინოფაბრიკაში მივიდეთ. თუ დაგვიძახებს, და ალბათ მალე დაგვიძახებს, სიუჟეტს მე მოვყვები.
გასაგებია. რა საკვირველია. ჭიაურელი ჭკუით სავსეა. იმათთან არ მეტყოდა, რომ სიუჟეტი უვარგისია პროპაგანდისთვის. გადააკეთებს. ვინ გაუშვებს ხელიდან ასეთ საქმეს, პირდაპირ იმისგან? გაიგო. ჩემი გმირი, სხვა გმირი… არა იმათი, ჯავშან-ხმლიანი. მარტოხელა. ვითომ უბრალო. ეშმაკი, ხელმრუდი. რაზმეული კი უსახო. შენ რა, დამცინი? რა გადავიღო პირველ ორმოცდახუთ წუთს? უყურებენ, ფიქრობენ რომ გმირობა, მერე კიდევ შემოდის ეს ნაცარქექია, და ამ გმირებს ცხვირწინ ააცლის დროშას, რომელიც მონასტერშია დამალული. მონასტერი რათ გინდოდა. ეს დროშაც გამოუყენებელია, აჯანყება არ იწყება. დამცინი. მე კი არა, ვიცი, ვისაც დასცინი. გიცნობ აპოლონ ქვლივიძე. არ მოგეწონა ის. გინდა უჩხვლიტო. მაგრამ ხმალი არ გაქვს, ქოლგა გაქვს. ჩემს იმედზე ხარ. ყველაფერს გავასწორებ და ისე აღვუწერ, როგორც საჭიროა, თვითონ კიდევ სუფთა იქნები შენთვის. გიცნობ, მაშ… ეჰ… აბა, რა მოიგონე? პირდაპირ გეუბნები: მონასტერი არ იქნება. არ ჭირდება ამას მონასტერი და წვერცანცარები.
-მე შევხვდი პოლკოვნიკ… ბერიას.
-ახალი ამბავი… მეც შევხვდი… სანამ შენ სვამდი და გულს იდაღავდი.
რკინის გულები. ნაჭედი გულები. მუზეუმში წავალ.
-და რა უთხარი?
-რა უნდა მეთქვა? ის რაც ალბათ შენ. გავაკეთებთ კინოს.
-რათ უნდა კონტრდაზვერვას ჩვენი კინო?
-აჰააა… უკვე გამოარკვიე საშინაო და საგარეო სამსახურების სხვაობა?
-თვითონ მითხრა…
პოლკოვნიკი ბერია. სათვალე, თამბაქოსფერი კოსტუმი. ფეტრის ქუდი მაგიდზე.
-მოდი დაზვერვაზე გადავიღოთ. უთხარი იმას.
-ისე ამბობ, ვითომ ჩემი ძმაბიჭი იყოს… ერთხელ ვნახე, როგორც შენ. იმას უნდა ან კომედია სტალინზე, ან შუა საუკუნეების გმირობა.
-სიყვარული საჭიროა?
-სიყვარული ხელს არ უშლის… მაგრამ ისე, რომ მთავარმა გმირმა სამშობლო ამოირჩიოს და არა ქალი. რა გაცინებს? მეც ვიცი რომ სისულელეა. სისულელის გადაღებაც შეიძლება ისე, რომ ყველამ იტიროს, ანდა ბრძოლისთვის აენთონ.
-იმ მღვდელმა რატომ დამიძახა?
-აბა, რა ვიცი.
-შენ ყველაფერი იცი. ვხედავ მშვენივრად.
-რა, ყველაფერი?
-სად არის?
-ვინა?
-ისა.
-გაგირეკია… საიდან ვიცი, არის? არც მახსოვს სახეზე… უნდა გული გადააყოლო. მოდი, ვახშამი გავწიოთ საღამოს. კიდე ვიფიქროთ. გამოგვიძახებს… ლაპარაკი მოგვიწევს… ჰა, ვახშამი?
შაქარყინული. ქალბატონ მიმოზასთვის. პარასკევია.
სრულაიდ ვერ ვგრძნობ ომს. ტაქსი. კინოფაბრიკა. ვერაფერს გრძნობ. მარტო იმას. იმას? მართალი ვარ? რა გჭირს? ქალი არ გინახავს? რაღა ახლა, ამ დროს. რომ მცოდნოდა, არ დავპატიჟებდი იმ კურტიზანკებს.
იმათი მეშვეობით ვერ ვიპოვნით? იმ ქალების?
საეჭვოა.
უნდა შეხვდე. დამშვიდდე. მერე ვიმუშავებთ კარგად.
რაღაც დაუმთავრებელი. დაუმთავრებელი ყოველთვის დაუმთავრებელია.
დაუმთავრებელი ფლითავს. დაუმთავრებელი წიგნი ას წელიწადს ეგდება უჯრაში, მაგრამ დაუმთავრებელი ურთიერთობა დაიწყებს ყასბობას დაბრეცილი ხანჯლებით. ხან სჭრიან ფრთხილად და ვერაგად, ხან პირდაპირ ჩამოახევენ. შენ აშენებდი სახლს. ცუდ სახლს. მაინც სახლს. უშნო სახლი. ცუდი შესასვლელებით და უაზრო ოთახებით. მაგრამ სახლი. იმათ მოტვირთეს ამ სახლში ძალიან ლამაზი და მყუდრო ნივთი. ჩამოჰკიდეს პიკასო კედლებზე. არა, არა პიკასო. დეგას ბალერინები. კარებები დაჰკეტეს. დაუმთავრებელია… გინდა შესვლა. ნახვა. იქნება შესცვალო ყველაფერი ამის გამო შენს ულამაზო ციხე-სიმაგრეში და კარები ყველა დაკეტილია. იცი. იქ არის დეგას ბალერინები. ვერ დამშვიდდები.
სისულელე. ყველა ჩემი საქმე სისულელეა.
ეპისკოპოზი.
აი რა არის თავიდან ბოლომდე გაუგებარი.
ის, სად არის?
ქვილივიძე, ქვლივიძე. რამდენხანს გეძებდით. შემოივლით ვარსკვლავის სტუდიაში?
რატომ? მე ხომ ვიპარავ… იმას. რა ჰქვია? რობერტო არლტი.
მოიცათ ერთი, ქლვივიძე.
თქვენ პირველ გვერდზე ხართ, ქვლივიძე.

მერვე თავი – მონტე კარლოს ვარცხნილობა

წვიმა. ღამე. საიდუმლო ნივთი. მკრთალი შუქი ქუჩის განათების. სველი ქუჩა. მოსახვევი წმინდა მიხეილის პროსპეკტიდან. ოცდაცამეტი წამებულის ქუჩა. გაზაფხულის წვიმა. გემრიელია ხოლმე. თუთისი ხის სველი ფოთლები.
სად არის საფრანგეთის საელჩო? ფრანგის კონსული. ეს ვიშის მთავრობის კონსულია? თუ ეს ვიშის საკონსულოა… თუ ის ასრულებს დელიკატურ დიპლომატიურ დავალებებს… მაშინ, ვინ… ალო. ეს საფრანგეთის რესპუბლიკის საკონსულოა? მე მქვია აპოლონ ქვლივიძე. შეიძლება დაველაპარაკო ქალბატონ ბლოს? მეგობარი ვარ. გასაგებია. რატომღაც მეგონა… საიდუმლო ნივთი. რატომ მიტრიალებს თავში? ტაქსი, ტაქსი! მლოცველ დათა ქუჩაზე, თუ შეიძლება. მახსოვს. მახსოვს, რა თქმა უნდა. თქვენა ხართ ის პირველი მძღოლი? საოცარია. აი, შეხვედრაც ეს არის. პირველი ავტო? მერსედეს ბენცი, ალბათ. დიაღ, ზუსტად. თქვენ უნდა გქონდეთ სამძღოლო ილეთების სკოლა. ტაქსი? მადლობა ღმერთს, მხოლოდ ხალისისთვის. იმ კაცს, ვინც ჩამოიყვანა პირველი ავტო თბილისში, არა ჰყავს თავისი ავტო. თანაც ამ ასაკში. ბრწყინვალედ მართავთ, როგორც სათამაშო ნავი გუბეში. ეგრე ცხოვრება რომ შემეძლოს, როგორც თქვენ მართავთ. რა გქვიათ? თქვენზე გაზეთები უნდა სწერდნენ. მლოცველ დათა, ეს ყოფილი სენატორების ქუჩაა. დიაღ, რა თქმა უნდა. აქ კიდევ კუთხეში სპარსული ტკბილეულობა იყიდებოდა.
ააა, საფოსტო ბარათები? დიაღ. ეს თამარა მელაძეა. მოგწონთ? ჰე-ჰე. ამ საქმისთვის სიბერე არ გამოდგება. დიაღ, მართალი ხართ, გულები როდის ბერდება. არასდროს. გრაფინიას? თქვენა ყოფილხართ დონ ჟუანი. თქვენი სახელით უსიკვდილოდ უნდა დაინტერესდეს გაზეთი. პირველი მძღოლის თავგადასავალი ჰოლშტეინ-ჰოტორპ ქალწულთა შორის. თქვენ გქონდათ დაკერებული ნიშანი კოსტუმზე? ძლიერ საინტერესოა. აი, ჩემი ბარათი. მე აპოლონ ქვლივიძე ვარ. კინოში ვმუშაობ. საოცარია. მე კი საიდან მიცნობთ? აააა, გაზეთი. ისევ… გმადლობ. მცხვენია ასეთი შექებების. ააა, თქვენი ბარათი? აი, გმადლობ. არა, რასა ბრძანებ. აი, ათასი. არავითარი ხურდა. თქვენ ხართ ცოცხალი ისტორია. თქვენი კოკარდა, ეს აღმოჩენაა. უსიკვდილოდ დაგირეკავთ. მივსცეთ თითო ჭიქა გარეუბნებში. მიყვარს იქაურობა. იქაური ჭიქები, და ლობიო. მეც იქ გავიზარდე და…
კაკუნი კარზე. ზარი. ზანზალაკი. რაოდენ დახვეწილი ზანზალაკია… ჰეი, გურჯიევ, გახსენ კარი!
-სალამ, მე აპოლონ ქვლივიძე ვარ… მეტად სასიამოვნოა.
ქალი ფინჯანით ხელში. ფინჯნის ყურში გაყრილი თითით. ლილისფერ ძვლემოდურ ბალახონში. კონსიერჟის წითელი ქუდით.
-აქ ვიყავი ვიზიტად, რამდენიმე დღით ადრე, მესამე სართულზე. იქ ცხოვრობდა… ჩშშშ… მსიე გურჯიევი.
საინტერესოა, რატომ უნდა მოვაწერო ხელი თამარა მელაძის ფოტოზე?
-შეგიძლიათ იქ ჩემი ბარათი გადასცეთ? აქ მოვიცდი, თუკი გადასწყვეტენ მიმიღონ…
აი თქვენ, აი თქვენ ჩემი ავტოგრაფი.
გმადლობ, გმადლობ.
ააა, ბინა ჩააბარეს? როდის?
ესეი გი… ესე იგი, მეორე დილას, ჩემი აქ ყოფნის. რა საუცხოოა, რომ ყველაფერი ჩაწერილი გაქვთ. კარგად გახსოვთ? ეს ჩემთვის არის? და ვინ ცხოვრობდა იქა? მე მხოლოდ მსიე გურჯიევი ვნახე იქ. მელოტი, ულვაშით, გახსოვთ? დიაღ, რა თქმა უნდა, დიაღ, ჩემი გვარია. აჰ… თქვენ მე გაზეთიდან დამიმახსოვრეთ და მელოდით? აჰ, თქვენ ნამდვილი დეტექტივი ხართ. ესე იგი, კონვერტი მე დამიტოვეს? მოიცათ, მოიცათ. როცა ბაგაჟი გაჰქონდათ, ახალგაზრდა კაცმა გითხრათ, რომ თუ შემოვივლიდი, ეს ჩემთვის გადმოგეცათ? აააა, ქალმა? მაღალი? მარჯნისფერ თვალებით? აჰ. გასაგებია, გასაგებია. გმადლობ. გმადლობ კონვერტისთვის. საოცარია. აი, თქვენ კიდევ ხელისმოწერა. პირდაპირ სუფრაზე. ეს თქვენი ფანქარია. დიახ, გადასარევია, რომ დადიხართ კინოში.
კონვერტი, მოგრძო. მგონი საერთოდაც ცარიელი. აააასეეეე.
კონვერტი, შიგ საფოსტო ბარათი. რა ჯანდაბაა? აპოლონ ქვლივიძე. ეს კაცის ხელია. თუ ქალის? მან დაწერა? აქა სცოხვრობდა გურჯიევთან ერთად? სად არის ის წერილი? სახლში. დიაღ.
შევადაროთ სასწრაფოდ. მე უნდა ვიყო პოეტი და არა სცენარისტი. დრამები ლექსად. სადა ხარ ჟენვიევ ბლო? ურთიერთობის რა სტილია? ან ჰო, ან არა, ან the end. მივწეროთ ახმეტელს. თხოვნა. ვედრება. აღვუწეროთ ყველა იდეა. გავიქცეთ აქედან.
ჟენვიევ ბლო. მსურს. გაუგებარია? უკაცრავათ, ეს ისედაც რთულია. მე მინდა დავადო ლოყა მის მუცელს. ეს ხომ არის იოლი. და დახუჭული რომ მექნება თვალები ვგრძნობდე იმის ხელს თავზე. ეს რთულია? ილოცოს ეპისკოპოზმა ჩემთვის. მართლადა, ისინი არ ლოცულობენ ასეთ რამეებზე.
სუფთა საფოსტო ბარათი. ეს გურჯიევმა დასტოვა? თუ მისმა მდივანმა? ეს მდივნები. მდივანი ქალები. ყველას მდივანი ჰყავს. ეპისკოპოზს, გურჯიევს, პოლკოვნიკ ბერიას. მეც უნდა ავიყვანო ერთი მდივანი ფილმის მერე. მდივანი გოგო. და გვექნება ჩვენი სტუდია. ჭიაურ-აპოლონ კომპანი. არა. მე ამერიკისკენ. პირდაპირ ბროდვეიზე და იქედან ტრანსამერიკულ მატარებლით, პულმანით წყნარ ოკეანის ნაპირზე. არის ასეთი მატარებელი. ჟურნალში ვნახე. პულმანი, ორისთვის, მთელი მოწყობილობით. მე და შენ, მკერვალო თიფლისიდან. რა ზღაპარია. სულელური. ყველაფერი უნდა დავწერო, შევადაროთ. ასოები უნდა დავინახო. საბეჭდი მანქანა. წვიმა. გემრიელი.
რას ვწერ? მოთხრობა? ეკსპრესიონიზმი? იქ ეგდო ტომი უიტმენის. წავიკითხოთ ქალაქების შესახებ. ღმერთო, სადა ვცხოვრობ. რატომ გამომიძახა ეპისკოპოსმა? მოესწროს ვახშამადე.
მოესწროს მოთხრობა კი არა. სად არის ქაღალდი სურნელებისა და გემოების? ეს იქნება რვეული ჟენვიევ ბლოსი. ამას გავუგზავნი ახმეტელს. მოიძებნოს ბიძაშვილი ახმეტელის, შევიტყოთ მისამართი. ატლანტიკის გადაკვეთა, დაფლეთილ გულით, აზროვნებით ფეხებს შუა. იმის ფეხებს შუა. ნუ იცინი ქვლივიძე. დასაწერია.
ქალბატონო მიმოზა. საღამომდე თუ ვინმემ შემოიაროს, მე არ დავბრნებულვარ.

სია ცრუ ბილიკებისა და გულშიმატარ მოულოდნელობათა
ანუ, ის იქნება პირველი თავი, სურნელები იმ ღამის. ეს კი მეორე.

სახელი – მას ჰქვია ჟენვიევ ბლო. მაგრამ უფრო სწორად, მას ასე არ ერქმევა. ის ტრიალებს დუპლომატიურ წრეში და უმაღელს საზოგადოებაში. ანდა, იქნებ სულაც არა. მე ვიცნობ მას როგორც ტანს და არა როგორც ბიოგრაფიას.
წარმომავლობა – ბელოშვეიკა, რომელმაც კინაღამ არ მოჰკლა რუსის მეფე – აი, მისი სახელი. დამთხვევა?

მელოტმა კაცმა, რომელიც გურჯიევად იწოდებოდა, მიამბო თბილისელ მკერავზე. არ არის არც გურჯიევი, არც ის. არის მხოლოდ ჩანაწერი ძველ ცნობარში: მ. ბლო. და მონათხრობი მოხუც ბიბლიოთეკარის ბელოშვეიკის თაობაზე, რომელსაც ჰქონდა საფირის თვალები. საფირის?

არსებობა – ის არსებობს ფოტოგრაფიებში რომლებიც დარჩა ჩემს გონებაში. ეს არის უძრავი მოგონებანი ვახშმის, სადაც მას ლამაზად ეჭირა ჩანგალი. ეს არის მისი ფეხი, გადადებული ფეხზე საწოლში, როდესაც ის ეწეოდა და უყურებდა ჭერს და უშვებდა კვამლს. კვამლიც უძრავია ფოტოგრაფიაზე. ფოტოგრაფიები არ არის შავ-თეთრი. მაგრამ არც ფერადათ ჩანს რაიმე. იქ არ არის ჩამოქნილი ხაზები, გადასვლები. ეს ის არის, როდესაც მიდიოდა. პატარა შლაპა, და უკანასკნელი შემოხედვა. ფოტოგრაფიები დღითიდღე იკლებს როგორც სანდო სურათი.
არარსებობა – ეს მისი მისამართია. ოტელ ნოტრ დამ. ეს მისი ფსევდონიმია. პიუტუა. საშინლად არაქალური გვარი. ეს მისი წერილებია. რომლებსაც არა აქვს გაგრძელება. ისინი სულ ორია, ერთი სიტყვებით, მეორე სუფთა, რომელიც ეგებ არც იყოს მისი.
გრძნობა – მას არ აქვს კონტური მოგონებებში. ამიტომ, ის არსებობს სურნელებსა და გემოებში.
ადგილი – ქალაქი ტფილისი. გაზაფხულის წვიმები. გადღაბნილობა. და იმავ დროს მკაცრი კონკრეტულობა. იგრძნობა ბოლო წერტილი. ადგილი. მაგრამ ამის პოვნა ძნელია. ის ვინც იყო გურჯიევი, ამბობდა ამ ადგილზე. ეს მისი სათუთუნეა. სასაცილო სურათი. მაგრამ სიმბოლო ძიების.

და რა იქნება მესამე თავი?
უიტმენი. კარგი. საპარსი. დილით ხომ გავიპარსე. ჭუჭყის გრძნობა. ცოდვის? გაუპარსავობიდან სიბინძურემდე. არ მიყვარს სუფთად რომ გავიპარსავ. ვითომ რაღაცა მოუპარიათ. ანდა ყველაფერი გადმოფენილიაო. ვითომ შიშველი ვიყო. არ მიყვარს, როცა გაუპარსავი. თითქოს ჭუჭყიანი. რა ვქნა? შავ კოსტუმი, ცისფერი პერანგი, თეთრი საყელო. რესტორანი. ვერცხლის სამაჯური. ვერცხლის სამხრეები შავ მაუდზე. ხანჯლები, კვლავ ვერცხლის. ვერცხლის ნიშნები დაბალ, კარგად გაპარსულ თავებზე შემომდგარ ბეწვის ქუდებზე. ხანდახან: ვერცხლის ულვაშები.
-აბა, რასა ვსვამთ? რას ვჭამთ? – ჭიაურელი მენიუს გადაშლის და მსუბუქად მიაგდებს ერთ წამში.
-ხბოს ხორცი გინდა?
-მე… თევზი.
-ასე. მე ღორის, სოკოთი, და აი ამით… რაც არის, სოუსით. არა, თეთრი სოუსი. სოკოები ბარკალშია შემალული, ხომ? გადასარევი. და თეთრი. ერთი ბოთლი… ისა… ჩვენი… ეჰე, აირჩიე, კაცი იცდის.
-ავირჩიე უკვე. თავისუფალი სამშობლო, ან სიკვდილი… მე ვარ წინააღმდეგ ბატონ სტალინის… და ბატონ ჰიტლერის… უკაცრავათ. ჩერჩილის, ლორდ ჩერჩილის.
-კარგი ერთი… რას შეუკვეთავ?
-და ხემსისას? – მიმტანი იყო ცინცხალი. უფრო ცინცხალი, ვიდრე თვით ჭიაურელი. უფრო ცინცხალი, ვიდრე ორაგულია ფრანგულ სოუსით.
-ეეე, საით?
აპოლონ ქვლივიძე მოსწყდა ადგილს და გზად შემოხვედრილი სკამიც გადააბრუნა, მოოქროვილ-ხავერდგადაკრული და გაქანდა შემოსასვლელისკენ. ე… უკაცრავათ, უკაცრავათ…
აპოლონ ქვლივიძე, მატარებლის სუნთქვით გადაქანდა მთელ დარბაზზე და ვითარცა ვეფხი კამარაშეკრული გადახტა საგარდერობო მისაღებში.
-სად არის?
-ვინა, ბატონო?
-ქალი, შლაპას რომ ისწორებდა ამ წამს… დავინახე კარის შუშებს იქედან. აი, ეს კარი შეღებული იყო.
-ააა… გარეთ გავიდა.
-მარტო იყო?
-მგონია კავალერიც იყო, ბატონო…
აპოლონ ქვლივიძემ რატომღაც ჰკრა ჭვინტი ქალთა ტუალეტის კარს და შეიხედა, შემდეგ კი შვეიცარის თავის დაკვრას არ დაელოდა, გამოგლიჯა სადარბაზო კარი და ვითარცა ვეფხი კამარაშეკრული გაფრინდა ქუჩაში.
სერპანტინი მთვლემარე ტაქსის გაფენილიყო ტროტუართან. ტაქსი! ალო!
-აქ ქალი არ დაგინახავს? ტაქსიში ჩაჯდა?
ყველას სძინავს. მთვლემარე მძღოლები.
-არ ჩამჯდარა, ბატონო… კავალერმა მანქანა მოაყენა. უკანა სადგომიდან…
-ფუჰ… ბულვარით წავიდნენ?
-მგონია.
-რა მოხდა?
-ის იყო.
თითი საფეთქელთან. სტვენა.
-შენ სულ გაგიფრენია. წავედით.
ტაში. რესტორანი მიესალმება რაინდს, რომელიც გულისვარდს გამოენთო. კარგია ჩვენი ქვეყანა. ორკესტრი ახმიანდა. მსუბუქი მარში. იმედის მარში. გმადლობ, გმადლობ… ფუჰ… ეს რუმინელები მშვენივრად მოიხმარენ ვილოინოს. ერთხელ რამე შევუკვეთოთ.
-რა გეტაკა?
-შენ სულელი ხარ მიხა… ეს ერთადერთი რამეა, რისი განმეორებაც მინდა ცხოვრებაში.
-არაფერი მეორდება. არ იცი?.. ჭამე, ჭამე… ჩემი ბარკალი გაცივდა. …სად ვდიო ეხლა… დამშვიდდი, გეხვეწები…
-ის იყო. კარიკატურა იყოს, ოღონდ განმეორდეს… ქონდა მონტე კარლოს ვარცხნილობა.
-როგორც ტამარას ჩვენ კინოში? ყოჩაღ, ყოჩაღ… სწრაფად ვრცელდება ქვრივის სიყვარული… ესე იგი, ის ქალაქშია და ჰყავს თავისი პარიკმახერი, რომელმაც ნახა ფილმი.
-ვინ მოიგონა ეს ვარცხნილობა?
-მელთაქიანმა. გახსოვს?
-კი. საუცხოო მოხუცი.…
-გამაგრდი ქვლივიძე. სამუშაოა.
გამაგრდი ქვლივიძე. სამუშაოა. და დავუწეროთ ახმეტელს. რაღაცა რეზერვუარში გავდივარ. ტკივილი. სადგისები. მაშები.

მერვე თავი – მოკლე, და პოეტით

დუქანი მეექვსე.
ის იყო საოცარი კაცი. გალაკტიონ ტაბიძე. უკვე გადაბიჯებული ორმოცდაათს. სიბერისკენ წასული, ოღონდ უზარმაზარი. დიდი, თითქოს დასიებული და რბილი ვარდისფერი ხელისგულებით. განიერ მხრებით. თმა გადაყოფილი.
ერთმანეთს შეეფეთენ შადრევანთან. აპოლონ ქვლივიძე აპირებდა კაფე ქიმერაში წასვლას.
იქამდე შორი გამოდგა. სრული ექვსი დუქანი, შეყვარებული დიდი პოეტის მიერ. ექვსი სხვადასხვა ღვინო, ექვს სხვადასხვანაირ ბოთლში.
-აალა წავიდეთ ქიმერაში. და ჩავიწმინდოთ ყელი… კონიაკით.
სველ ქუჩაზე მოირწეოდნენ.
აპოლონ ქვლივიძემ მიიღო საღამო იმგვარი, როგორიც ის გამოვიდა. მას ეს მოსწონდა. მოსწონდა საშინლად.
უხილავ პორტი მკრთალ ფანტელების,
ცა სამოთხეულ შავი დარდების
ბოლო ზარები, ბოლო აზრების
გამოთხოვების მკაცრი სარდლები…
თუ გამოთხოვების მკაცრ ქამანდებით… – აღარ მახსოვს.
თუ… ეჰ…
პორტი უტალღო და უნაპირო,
ფითრ ქვაფენილებს მოესალმება…
-მოიცა…თ! – შესძახა აპოლონ ქ ვლივიძემ – მოიცათ!.. უკაცრავათ.
გალაკტიონ ტაბიძე შედგა. მისი უზარმაზარი ფიქურა, ჯერაც პალტოში ჩაცმული, რატომღაც, ჰგავდა ტომრებით აშენებულ ბარიკადას ღამის ქალაქში, რევოლიუციას რომ გამოუხრავს. მოიცათ!
-რა, შვილიკო… რა?
-რა ლექსს წარმოსთქვამდით? – აპოლონ ქვლივძემ კვლავ გამოუშვა ფილტვებიდან ქშენა ჩამომდგარ ორთქლმავალის.
-რას ვამბობდი? – ჩაიცინა გალაკტიონ ტაბიძემ და სცადა ხელი გადაეხვია ახალგაზრდა მეგობრისთვის.
-დიაღ, მეტრ… ეს ლექსი… ეს შენი ლექსია?
-ჩემი… ჩემი ლექსია… უცილობლად… მე ვუყვარვარ ჩემს ხალხს… იმათ ჩემი ლექსები ბევრი იცან.
ეს თქვენი ლექსია?
უხილავ პორტი მკრთალ ფანტელების,
ცა სამოთხეულ შავი დარდების
ბოლო ზარები, ბოლო აზრების
გამოთხოვების
-რა, რა ჰქვია ამ ლექსს?
-გემი ფერენც ჟოზეფ მირილა, – ამოიხვნეშა გალაკტიონ ტაბიძემ -ერთხელ დაიბეჭდა, შორ… ოდესღაც მე თექვსმეტი წელი შემისრულდა… სიმბოლიზმი. მოწაფეური ლექსები… გაახსენდა გალაკტიონს მოწაფეობა… და ეს ლექსი. აი, ამ სველი ქუჩის გამო… ვსწავლობდი. ქუთაისი. ის დასწერა ჩემმა მასწავლებელმა გიმანზიის.
აპოლონ ქვლივიძე ახლა თავად მოეხვია პოეტს და აკოცა ნოტიო ნიკაპზე. მერე კი ცხვირზე. ცივი იყო ცხვირი, როგორც ბეღურა ზამთრის ღამეს.
-დიაღ… თბილისში უყვართ თავის პეოტები… პოეტებს უყვარს თავისი თავი… მხოლოდ გალაკტიონ… შენ სმა იცი, ახალგაზრდა აპოლონ, მაგრამ რაც საინტერესოა, მღელვარებაც იცი. სმას ისწავლი, მღელვარების სწავლა კი არის შეუძლებელი. რატომ პოეტი არ ხარ? რატომ წერ ამეებს სინემასათვის?
-ეტლი!! ჰეი… ტაქსი.
-თფილისი. ზღვა. სტამბოლს მოხსნეს ერთი დიდი უბანი და მოიტანეს და დასდგეს აქ. ამიტომ, როცა წვიმს, ზღვის სუნი არის. ნავთსადგურიც არის.
პოეტი იდგა ლამპიონის ქვეშ. ის უყურებდა გაკვირვებული, როგორ გადაირბინა ქუჩა აპოლონ ქვლივიძემ, რათა გაქანებულ ტაქსის წამოწეოდა. ტაქსი იყო სველი, ნაწვიმარზე. ცრემლმორეული ტაქსი, გაიფიქრა იმან, ამ ახალგაზრდას ამბავი აქვს. აქვს ამბავი.
მერე გალაკტიონ ტაბიძეს ბევრი აღარ უფიქრია ამაზე. ნელი და მძიმე, ოდნავ შერყეული ნაბიჯით, ისეთით, როგორითაც მუშებს მიაქვთ ტვირთი, დაიძრა კაფე ქიმერას განათებულ ტერასისკენ და შორიდანვე შეუძახა ხმადაბლა იქ მსხდომ ინგლისელ ოფიცრებს და საგაზაფხულო კოსტუმებში ჩაცმულ ხალხს:
-წვიმა აცხადებს კომენდანტის საათს… წვიმა… და სად არის?.. კომენდანტი იგვიანებს. სად არის კომენდანტი ქალაქ თბილისის?
შესასვლელში ბნელოდა. ქალბატონ მიმოზას უკვე აუცილებლად ეძინა. მიმალული ყვითელი ფეხსაცმელბი. თაროდან ჩამოვარდნილი შლაპა.Eეშმაკის ფეხი, ის კატა.
-თაგუნავ… ფისო, ფისო… თაგუნავ…
-ჩვენ აქ ვართ.
აჰ!
უცებ რომ… ეს მისი ხმა ყოფილიყო. მისი ხმა.
ეს იყო ხმა მიხა ჭაიურელის. ის იჯდა სავარძელში და ეფერებოდა მის მუხლებზე ჩამთბარ კატას.
-სად დაბოდიალობ?.. ზეგ საღამოს. დაგვიძახა. ზუსტად რვაზე. ყველაფერი უნდა მოვიფიქროთ…
ოჰ.
-ზეგ საღამოს. მაგის დაბადების დღეა.
-მაგის დაბადების დღე სხვა არის კალენდარში.
-ეგ ოფიცალურათ. რამე საჩუქარი მოვიფიროთ. ჩვენგან, პირადათ. პატარა, დაუვიწყარი საჩუქარი.
-შენით ამოირჩიე. მაგის არაფერი ვიცი. რამე ვერცხლის, ალბათ.
-ზეგ. საღამოს. ხვალ იფიქრე. შევხვდეთ, ვილაპარკაოთ.
ჭიაურელი წამოდგა და ფრთხილად დასვა კატა სავარძელზე.
-ერთი საათია აქ ვზივარ. რადიოც კი დადუმდა. ცხოვრება ზოგჯერ საზიზღარი რამეა. გამორჩევით მაშინ, როცა ძირითადადD ლოდინისგან შესდგება.
მან ამოიღო პაპიროსის კოლოფი და გავიდა.
-ადიუ… იფიქრე, ძმობილო… იფიქრე…

მეცხრე თავი – ყავა და პაპიროსები

-უკვე ორჯერ დაგირეკეს.
-ვინა, ქალბატონო მიმოზა?
-დაღლილი სახე გაქვს.
-ვმუშაობდით. კინო, მოგეხსენებათ. აი, თქვენ შაქარყინული ცისფერ კოლოფში. გუშინ ვიყიდე. ყვითელში არ იყო, სამწუხაროდ.
-ქალი იყო. ჩემი ფიქრით, უცოხელი… ფრანგულად მეკითხებოდა, მაგრამ მგონი ფრანგი ვერ იქნებოდა…
-ნომერი დასტოვა?
-არა, ღიმილი დასტოვა…
-ღიმილი.
-ხო, ღიმილი. ვკითხე, რა გადავცე ბატონ ქვლივიძეს? იმან თქვა ღიმილი. ღიმილი გადაეცით. თან ვიფიქრე, რომ ეს ორი სხვადასხვა ქალია.
-ორი?
-ასე მომეჩვენა… თუ დავბერდი, მაშინ… ხმას ცუდად ვიჭერ.
-ბოლოს როდის დარეკა?
-ორი საათის წინ.
-მე თვითონ ავიღებ… ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს… ეგებ…
– მაღლამაღლა მიგაფრენენ. მე ვამაყობ კიდევაც მეზობლებში. თაგუნასაც ესმის… ბინა უნდა გამოიცვალო. მაგრამ, აბა როგორ. მე მომენატრები… შენ ძალიან უბრალო ხარ… მაგრამ უყურადღებოდ ეწევი, გემოვნებას არ იჭერ…
-არა… ძველი სამეფო მიყვარს.
-ჩვენ ყველას გვიყვარს ძველი სამეფო, ის ნათელით მოფენილია.. . აი, ჟურნალშიაც სწერია.
-არა, ქალბატონო მიმოზა. ასე პაპიროსებს ჰქვია.
-საერთოდ ვერ ვერკვევი პაპიროსებში… ადრე ვერკვოდი თუთუნში. ცხონებული ჩიბუხს ეწეოდა. მეტყოდა ხოლმე, ზოგჯერ. იყიდე სამი ფუნტი ძირას გემოთი. წყნარი კაცი იყო, ჩუმი. თქვენ მოერგებოდით ერთიმეორეს. ისადლებდით შაბათობით აივანზე…
კარგი. პიჯაკი იატაკზე დავარდა. აპარატი ჰემმონდი.
-ალო, კომუტატორი ხართ? 19 21… მე ორჯერ დამირეკეს… ეს დიდი მნიშვნელობის დარეკვაა. მე მინდოდა, შემეტყო, რომელ ნომრებიდან დამიკავშირდენ, რათა მივწვდე… მესმის. მე მქვია აპოლონ ქვლივიძე. ეს დიდი მნიშვნელობის საქმეა. თუ ჩაწერილი გაქვთ. ძალიანა გთხოვთ. ჩემი ახლო მეგობარი რეკავდა… ვერ დავხვდი შინ… თქვენ რომელი სადგური ხართ. მესამე? ელოდეთ ვარდებს ჩემსგან. ჰე-ჰე… არ ვხუმრობ. ვიცი, რომ აკრძალულია. მაგრამ მე არ ვიმალები… მისმინეთ, ეს ხომ თფილისია… მადლობა უდიდესი… ორი სხვადასხვა? კაი მაწანწალაა ეს ჩემი მეგობარი. ასე. ვიწერ… დიაღ… ოტელ ნოტრ და მისი მისაღები?.. კი, მგონი მაქვს ეს ნომერი. გმადლობ. და მეორე?.. გმადლობ… როგორც სჩანს ასევე სახალხო ადგილია. მაღაზია? ესე იგი… გმადლობ, დიდად…
ისევ ნოტრ დამი და რაღაც მაღაზია.
ისევ ნოტრ დამში? რომელი საათია? აი, მივწვები აქა და დაველოდები. წავიკითხავ კიდევაც. აპოლონ ქვლივიძე წაიკითხავს. დიაღ. და მოამზადებს მესამე თავს ახმეტელისთვის. აი ის მუცლიანი ბოთლი ლიკიორის. ჯო ლუისი. როგორ გამამხნევებს ხოლმე ეს შავი კაცი. ვინ გაიგებს? ვერავინ. ხატივით. ჰე-ჰე. ჯო ლუისი. ხატივით. ავირჩიოთ წიგნი, რომ კარგად ველოდოთ.
რა არის… ჰო. ხარები. კორდა. ესპანელები. აი, რა დაწერა რომელიღაც გერმანელმა. ყოჩაღ. წამიკითხავს. შეყვარებული იდალგონი. შეყვარებულნი ბორდელის მზეთუნახავებზე. ოჯახი, ეკლესია, რესპეკტი, საქმეები. საღამოს ბორდელი. მუდმივი კლიენტები. მეტად უცნაურად აღწერს. კარგად აღწერს.
ეს მავრების კვალია?
ალბათ. რატომ მე არ მაქვს რაიმე მავრების? აქ ხომ იყვნენ. ალამბრა. ალამბრა. საპოვნია იპოლიტ ტენი. იტალიაში მგზავრობა. როდისღა წავალ იტალიაში მე თვითონ? კროჩე. პადუა: სამშობლო ბოტანიკურ ბაღების. სადღაც ამოვიკითხე. სასაცილოა. აპოლონ ქვლივიძე, რაზე ფიქრობ ახლა? აი. დაგიწირე. ვითომ ელი. და საით წავიდა ფიქრი? წიგნებში.
ადექი. ჩამოჯექი. გააბოლე ძველი სამეფო. იატაკს დახედე. ოდესღაც შეღებილი იყო მუქ მწვანედ. რა უფრო გინდა? მადმუაზელ ბლო, თუ ამერიკა? ამერიკაში გინდა მადმუაზელ ბლოსთან ერთად? ეს არ მოხდება. არასდროს. მაშინ… იტალიისკენ. მაგრამ ომი. თავისუფლება. უკანასკნელი დაკვეთა. ამერიკა. მორჩა. ჟენვიევ ბლოს აქვს მოქცევანი და მიქცევანი. სრულიად ტვინის დამბნელებელი მოქცევანი. ეს არის მოქცევა სხეულის. ამის წინაშე არ არის იარაღი. არ არის?
უკვე სამი კვირა შესრულდა არ არის. და რა არის აირაღი? მისი მიქცევანი არის იარაღი. მოქცევანიც და მიქცევანიც მის ხელშია. ყველაფერი მის ხელშია. არ იცოდი, რომ ყველაფერი არის მის ხელში?
ერთადერთი ხსნა არის ბუნება კაცის. კაცს უყვარს სამყარო მის გარეთ არსებული. ქალს უყვარს სამყარო მის შიგნით არსებული. ჭიაურელს არ სჯერა ამგვარ აზრების. მას სჯერა სიუჟეტების. სიუჟეტით, სიმართლისკენ. მე: გრძნობებით, ბედნიერებისკენ. უფრო ხმამაღლა. და როგორ ვმუშაობთ ერთათ? მე არ გამომდის. ამას გამოსდის. მე ბევრს ვითხოვ? ამაღლებული მოთხოვნა. ვინ ხარ? შენ ხარ უბრალოთ აპოლონ ქვლივიძე. ქალზე გადარეული.
არაა-ა. ის არ არის ქალი.
-დიაღ… ალო… გისმენთ…
სიჩუმე.
ხმა. ხმა მშვიდი. თითქოს დამნაშავის. ოდნავ მწიფე. მკრთალად. საით ვიყურები. ვხედავ. ვხედავ იმას.
-ახლავე. მოვალ სადაც იტყვი… აი, ჩავიცვი პიჯაკი… რას ამბობ… მე მესმის… მე გეძებდი. მოვედი ნოტრ დამში… არ ღირს ბოდიშები… მე მესმის… დღეს არა? ხვალ საღამოს? მოხვალ?.. ხვალ, რასაკვირველია. დაგელოდები. აი, დავჯდები და დაგელოდები… ოცდახუთი საათი…
ჯანდაბა, ეშმაკი მონიკელებულ რქებით. როგორც ახალი ფორდის წინა სახე.
ჯანდაბა.
-ხვალ საღამოს არ შემიძლია… ხვალ საღამოს არ შემიძლია… მე ხვალ საღამოს… კარგი… ქუჩაში?.. არ მოხვალ? კარგი… მეც ძალიან გავიხარებ შენი ქუჩაში ნახვით, დილით. მე არ მინახიხარ. თითქმის არა, დღის შუქზე… კი, დილით ყავას ვსვამთ. მარტო ვიქნები, რასაკვირველია… ყველას გავყრი კაფედან… კარგი. ზუსტად ათზე. შეგიკვეთო? ათი ყუთი უნდა ვაშლის შტრუდელს. რა სისულელეებს ვამბობ. კარგი, ათ საათზე. კაფე ოცდასამი მაისი… არა, არ ვიწერ… ჰე-ჰე… ვიმეორებ, როგორც წმინდა წერილიდან. მეც გკოცნი. ხელებზე… ათზე… გკოცნი…
გკოცნი. გკოცნი. გკოცნი. გკოცნი.
ეგეც ფრანგული. არა უშავს ფრანგულია.
ის მყავს, მე ის მყავს.
-გავალ, ცოტას გავივლი, ქალბატონო მიმოზა… კარს არ ვკეტავ. თუ შემოაიროს ვინმემ, დამელოდოს. განსაკუთრებით, თუ ქალი იყოს…
-აჰ, როგორი შეიქენი?..
ჯანდაბა. ხვალ იქ მივიდვართ. არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ. მთელი დღე უქმია, ოთხამდე. ოთხზე შევხვდები ჭიაურელს. ბოლო წმენდა, მიღების წინ. საჩუქარი? ჯანდაბას საჩუქარი. თვითონ მოიფიქროს საჩუქარი მიხამ. პორტსიგარი? თუ არ ეწევა. თუ ეწევა. ძველბური საპირისწამლე? რკინის გული? იმას მოეწონება. ადრე უნდა მეჩვენებინა. მაგრამ არ ვიცოდით, რომ გაზაფხულზე დაიბადა. ჩვენ ვიცოდით. ღმერთო ჩემო, რა სისულელეებს ვფიქრობ. ფილმი, ქაქუცა,… რამდენ წელიწადს ვიცხოვრე უსიყვარუოდ? უქალოდ? სულ ასე ვიცხოვრე. ყოველთვის. იმის მერე, რაც დავიბადე. იქნებ სადღაც გაემგზავრა? ამბობდა ხომ. და ნოტრ დამი? გურჯიევი? ყველაფერს შევიტყობ.
-ორმაგი, სოდით, თუ შეიძელბა.
სიჩუმე გრანდ ოტელის ბუფეტში.
მარტო დავჯდები. მერე შევივლი მიუზიკ-ჰოლში. ას წელიწადს არ ვყოფილვარ. შემიშვებენ? ჰმ. მე ბილეთი დამჭირდება? მარტო დავჯდები. დავინახავ მას და ვიფიქრებ. მერე კიდევ, ორიოდე ორმაგი, რომ ჩამეძინოს ტკბილად. უნდა ჩამეძინოს. რომ დილით სამართებელმა არ შემაშინოს.
აი…
-ტკბილ საღამოს…
ძაღლი და ღორი მცნობს. აი, იქ სხედან. ვინ არიან? კომერსანტები? უცხოელებთან ერთად. დიაღ კოემერსანტები, თუმცა… რას გაიგებ.
ბირჟა. აქციები.
ასე. რომელი საათია. საჭიროა დაძინება. მარადი ძილით. ჰე, ჰე. და უცებ გავახილო თვალები. ძილი სიზმართა გარეშე. აი, რა არის საჭირო. დილით არ მოგაგონდეს სიზმარი. არ ეცადო იმათ წარმოდგენას ხელახლა და ფართედ. არა მიუზიკ ჰოლს. არა. წვეთები უნდა. რა ჰქვია იმ წვეთებს, კატებს რომ ათრობს? მოდი, აქ, აქ მოდი, თაგუნავ.
-უკვე დაბრუნდით?
-დიაღ. ჯობია გამოვიძინო.
-სწორეა.
-ხომ არ გაქვთ ის წვეთები, უცებ რომ დავიძინო? ხვალ ბევრი საქმეა…
-მაქვს, აუცილებლად…
გათლილი ჭიქა.
-სხვათა შორის, არავის მოუკითხავს.
-ვიცი. ღამე მშვიდობის. დილით ცხელი წყალი დამჭირდება. ხვალ ძნელი დღეა. მოგიყვები მერე, ქალბატონო მიმოზა.
-მე მაინც შვიდზე ვდგები, აბაზანას მოვამზადებ.
ასე. შუქი დავტოვო? ლამპა ღამის. ასე. ჭრის. ასე. მესამე თავი. იქნება მესამე თავი. და მეოთხე. არა, არა. ამაზე სხვა დროს. არ გვინდა. გვინდა რომ წვეთები ამოქმედდეს საჩქაროთ და დილით ვიყო ცინცხალი, როგორც ჭიაურელი.
ვინ არ იიცის ტფილისში, როგორ ეჩვენო ქალს, რომელზეც გიჟდები?
უნდა ეჩვენო, როგორც ყოველდღიური, მაგრამ არა ჩვეულებრივი. ვითომც არაფერი, და იმავე დროს ყველაფერი. დავიძინოთ. მიდი, სთქვი ლექსი. თუ ცხვრები ჯობია? პირველი ცხვარი, მეორე ცხვარი. შუქი ჩაქვრეს წკაპ. თუ ვარსვლავები ჯობია? სად არის ვარსკვლავები?
საუკეთესო რაც არის, სწორედ ეს ფანჯარა, ალუბლის ტოტებით და ძველი ნახევრათ გამჭვირვალი ფარდით, რომელზეც უყვართ მისკუპება ღამის პეპლებს. პაპიიონ. აჰ, როგორ ვიფრანგულე. არა უშავდა. იმას კიდევ თითქოს უნდოდა ინგლისურად. ვარსკვლეავები კი არ სჩანს. მოდი, უმჯობესია ლექსი… და ჩვენ მივდივართ. მივდივართ. მივდივართ. ერთად მივდივართ პირქუშ ხეივანში. ყველაფერს უკნიდან ვხედავ. უცნაურია. იმასაც და ჩემ თავსაც.
ჩაიძინე აპოლონ ქვლივიძე. ხვალ დილით. ხვალ საღამოს…
ააასეე… ეს შლაპა ჩავტეხოთ! კოსტუმი შევისწოროთ. მოვირგოთ! ნაბიჯით! მწველით და შთამბეჭდავით!
ავენიუ გადავჭრათ.
გავიდეთ მეორე ავენიუზე. ფეხით. რაღა თქმა უნდა, ფეხით. მეომართა მოედნისკენ. ძალიანაც კარ-გიიი. სადალაქო. მწკრივი სავარძლების. რადიო. კელნური წყლის დიდი სურნელი.
ასეე. ოდნავ კისერი. და ბაკენბარდები. ჰო, შეამოკლე. აი, კარგია. შეხედეთ კისერს. ხაზი არ არის, ასე აჰყვება. მიყვარს დილის სადალაქონი. ყველაფერი ცინცხალია. პულველიზატორი. როგორც ბავშვის სათამაშო. მხოლოდ ერთი. არ დამაფრქვიო ამდენი. არ მინდა, თითქოს საგანგებოდ. ასე, შლაპა ჩავტეხოთ! აბა, იერი! მთავარია ტანჯვა არ გამოსჭვივოდეს. იმას ხომ არ ფიქრობთ მადამ, რომ… მადმუაზელ. რა კარგია, როცა სარწყავი მანქანები დადიან ქუჩებზე… უკან სტოვებენ უსასრულო სველ ხალიჩებს, რათა ჯერ კიდევ არცთუ ღონიერმა მზემ გაითამაშოს იმათთან ომობანა. უშველებელი პულვერიზატორები, ეს მანქანები.
ასე. ჯერ ის არა სჩანს.
ჯერ ადრეც არის.
აქ ბევრი ხალხი დადის თურმე დილაობით. კაცები. ყავა სამსახურის წინ. მე მომწონს. ამ საათს. ყავა. პაპიროსი. გაზეტი. მოკლე ლაპარაკები. მერე სამსახურში. მაგრამ მე არ მაქვს ასეთი სამსახური. აი. ასე. მშვენიერი. მაგიდა ვიტრინასთან ჩემთვის დაუტოვებიათ. მგონი. საიდან მოვიტანე.
-ერთი იტალიანო, გარსონ, და ისევ დაგიძახებ, მოკლე ხანში.
ძველი სამეფო. არა უშავს, რომ უკვე მესამე ღერია. ისეთია, როგორც პირველი. საფერფლეში ერთი ნამწვავი იქნება.
შენ აქ რა გინდა შავო ყორანო? ეეეეეეეეე… ჰ…
ჭიაურელი, ნაცრისფერ საგაზაფხულო შლაპით და დახვეული გაზეთით ხელში.
-ეეე… არ ვიცოდი, თუ დილაობითთ აქა სვამ ყავას.
-მეც არ ვიცოდი, რომ შენ… ერთი იტალიანო, თუ შეიძლება.
-მისმინე, უნდა გადაჯდე.
-ა?
-მას ველოდები…
-ვაშაჰ… ბოლოსდაბოლოს დავინახავ მაინც.
-გადაჯექი… ასე ვილაპარაკოთ.
-ჯერ ხო არ მოსულა და…
-უხერხულია… ორნი დავხვდეთ.…
-კარგი, მარტო ვზივარ. ვკითხულობ გაზეთს.
-ჩქარა. აი, მოდის.
-ის არის? ტაქსიდან?
-ხო… ხო… გადაჯექი. მე ხელს დავუქნევ.
-ღმერთივით ქალია.
ის მოაბიჯებდა. საგაზაფხულო ლაბადა ეცვა. ბერეტი გვერდულად. ოდნავ, სხვანაირი, ვიდრე მაშინ. მარჯნისფერი, შავი რედიკიულით.
რა? ეს რა არის. კაცი, კუთხიდან! პირდაპირ ტაქსისტს ესროლა. ყველა ვიტრინას ეკვირს.
ერთი უკნიდან, მეორე წინიდან. ორნი, შლაპებით, ლაბადებით… ააააააააა…
-მოიცა! – ჭიაურელის ხელები მხრებზე. ღონიერი ხელები. ისეთი, როგორც არასდროს. მეგობრის მშველელი ხელები – მოიცა… იჯექი… გთხოვ… ეს…
ისევ ლაბადები.
ის ცდილობს გამოეხსნას. ქალი, სამ კაცს. ეს… რა არის. ეს.
-მოიცა. იჯექი. ვერ ხედავ… საგანგებო რაზმი…
სისხლის ჭავლი. ჰაერში. პირდაპირ ვიტრინაზე. იმის ხელი ვიტრინაზე. ერთი სისხლიანი ხელი. სისხლი. როგორც კელნური წყალი პულვერიზატორიდან სადალქოში. ეს რა არის… ეს.. გამიშვი. მაგიდა. ფინჯნები იატაკზე.
-ადგილებზე დარჩით. ადგილებზე… ამათით სავსე ყოფილა კაფე.
ეს რა იყო? საშინელი ჭავლი მისი. პირდაპირ გადაუსვეს დანა.
-სიმშვიდე, ბატონებო… სახელმწიფოს უსაფრთხოების ოპერაცია.
-რუსის ჯაშუშები, – ჩურჩულებს ვიღაც. მანქანა სწრაფად ჩერდება. მას მიათრევენ. ფეხს მიაფხოკიალებს ქვაფენილზე. სისხლი ქვაფენილზე. მისი ფეხების კვალი. სხვა მანქანა. კიდევ ერთი. მიდიან. სწრაფად მიდიან. სისხლი შეესხურა ვიტრინას. ეს მისი სისხლია.
-მეეზოვე. სად არის მეეზოვე, – კითხულობს კაცი ფართე ლაბადაში – თქვენ მორეცხეთ ამ დილით თქვენი კაფეს წინა?.. ჰოდა, ახლა კიდევ ერთხელ მორეცხეთ…
-წავიდეთ აქედან. წავიდეთ. – ჭიაურელი მხრებზე ხვევს ხელებს და კაფედან მიაჩანჩალებს.
-ეს რა იყო?
გულისრევა. შლანგი, საწმენდები. ორნი კაფედან.
რას აკეთებ?
-მოკლეს?
-არ ვიცი. მოკლეს… ამდენი სისხლი… ღმერთო…
-შენ იცოდი.
-მე?
-იცოდი. ამიტომაც მოხვედი.
-დამშვიდდი. საღამოს შეხვედრა გვაქვს. დავლიოთ ცოტა… რას აკეთებ?
მომეცი ცხვირსახოცი. მომეცი ცხვირსახოცი. შენი შოტლანდიურ კაბასავით ცხვორსახოცები. მე არ მაქვს, არ ვხმარობ. ხომ იცი? არ მოვიხმარ.
მომეცი შენი.
-დამშვიდდი. ხელი არ ახლო. გამოშორდი მაგ შუშას.
-მაცადე, შუშას ვწმენდ… მეტი რაღა გინდა? მეტი რაღა გიდნათ?
-კარგი. წავიდეთ… გთხოვ… ტაქსი… ყველა ჩვენ გვიყურებს…
-მაჩუქე ეს ცხვირსახოცი.
-გქონდეს. გქონდეს…
-ხურდა უნდა მოგცე. თორე შემძულდები. ასეა ცხვირსახოცის ჩუქება.
არ გეშინია რომ შენს ცხვირსახოცზე არის მისი სისხლი? ცხვირსახოცს არ ჩუქნიან, ყიდიან. შეძულების წინააღმდეგ.
-კარგი… წავედით… ჩემთან. მორჩა… წავედით… ეგება მივხვდეთ.
-მოკლეს, ხომ?
-…
-რატომ მოკლეს?
-არ ვიცი.
-რატომ დამიძახა იმ ეპოსკოპოსმა?
-ტაქსი. მორჩა. დადუმდი. ავტოში. ეს შენი შლაპაა? შენია?
-ხო…
-ჩუმად ავტოში… ანდრიანის ავეჯიანი ოთახები…

ეპილოგი

ინგლისელი მზვერავის, სერ ნიკოლას მიდოუს ოლდინგტონ ფეარის წიგნიდან “დედამიწის სამ მეოთხედზე”, ლონდონი, 1991

<...> მე წინასწარ განსაზღვრულად არ მოვაქციე მონათხრობი ამ ამბის შესახებ იმ თავში, რომელიც თბილისს ეხებოდა, რადგან არ მინდოდა, ის პირქუში გამოსულიყო: არცთუ ხშირად, მაგრამ მაინც, ჩვენი პროფესიის შესახებ საუბრისას ფერები მუქდება ხოლმე.
თუმცა, მაინც მომიწია ამ ისტორიისკენ შემობრუნებამ, და იმის მიზეზად ის სიახლეები იქცა, რომლებიც საბჭოელთა კომუნისტურმა ხელმძღანელობამ გამოაცხადა.
რას ვიზამთ, ვიმედოვნებ, რომ იქ დაწყებული პერესტროიკა და სიტყვის თავისუფლება იმ ძალას და მიხვედრილობას მოიპოვებენ, რომლებიც აუცილებელია ადამიანების სრულყოფილი ცხოვრებისათვის თანამედროვე საზოგადოებაში.
თავისუფლების სურნელმა რუსეთში ხელში კალამი ააღებინა ახალ ჟურნალსიტებს და მწერლებს, რომლებსაც აინტერესებთ წარსულის ჩხრეკა და სტალინისა და მისი მემკვიდრეების აკრძალული ისტორიები.
სამწუხაროდ, მათ ურმავლესობას არც საჭირო ცოდნა გააჩნია, არც გამოცდილება და მათი ნაწერი სრულიად უპასუხისმგებლოა. საუკეთესოა, თუ ის ისტორიულ ანეკდოტებს გასცდება ხოლმე. არიან კომპეტენტურნიც, თუმცა, რატომღაც, ისინი ნახევრადსიმართლეს წერენ, ანდა წინასწარ მოფიქრებულ სიცრუეს.
დრო გვიჩვენებს, შესძლებენ თუ არა, ახალი დროის რუსი ავტორები თავიანთი გონების ობიექტური ისტორიული ანალიზით შევსებას. ჯერჯერობით კი, ეს მათ არ ეტყობათ.
მოგონებათა ხელნაწერზე მუშაობას რომ ვასრულებდი, ხელში ჩემთვის უცნობი ავტორის, ნიკოლაი შვეცოვის წიგნი, შვიდი ოპერაცია ჩამივარდა (რუსულ ენაზე). ის ჩემმა გამომცემელმა მომაწოდა. მან, რა თქმა უნდა, წინდაწინვე იცოდა, ჩემი წიგნის შინაარსი და აგებულება.
არ ვიცი, რამდენად არსებობს ამ გვარისა და სახელის კაცი. იქნებ ეს ახალი, მქუხარე ავტორის ფსევდონიმიც იყოს. მაგრამ ეს წიგნი რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ ბატონ შვეცოვს ცოტა რამ თუ ესმის მზვერავთა ცხოვრებისა და ბრიტანული დაზვერვის ხშირად ხსნებისას საეროდ არ იცის იმ ოპერაციის არსი, რომელსაც აღწერს და რომელშიაც მე მომაწერს მთავარ როლს, ისე, რომ გვარით არც კი მომიხსენიებს.
ბატონი შვეცოვი აღწერს ამბავს, რომლის მიხედვითაც ბრიტანელ მზვერავებს მოუკლავთ წითელი მზვერავი მარია კუზნეცოვა თბილისის ცენტრში 1943 წელს.
იმის მოთხრობას არ ვეცდები, რასაც ბატონი შვეცოვი აღწერს თავის წიგნში, რადგან მაინც მგონია, რომ ისა და მე ინფორმირებულობისა და ხელობის ტექნოლოგიის ცოდნის სხვადასხვა სიბრტყეში ვიმყოფებით იმ საქმეში, რომლის თაობაზე წერაც მას შეყვარებია.
მხოლოდ რამდენიმე მომენტის ახსნას შევეცდები.
მარია კუზნეცოვა მზვერავი არ იყო.
ის, რომ დაზვერვაში მუშაობ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა შეგიძლია. დაზვერვაში უამრავი პროფესიაა და ერთ-ერთ ამათგანს კუზნეცოვა საუცხოოდ ფლობდა. მის სპეციალიზაციაში გადამწყვეტი რამ მისი გარეგნობა იყო. მას მაცდუნებლის როლი ჰქონდა და როგორც კი საჭირო შეიქნებოდა, სასწრაფოდ გადაისროდნენ ხოლმე საჭირო ადგილას. ვფიქრობ, მის კარიერაში ასეთი ოპერაცია ათზე მეტი არ იქნებოდა. ჩემს გემოზე, ასეთი ქალები კინოში უნდა თამაშობდნენ, მაგრამ ვშიშობ, სტალინის ხალხი სხვაგვარად ფიქრობდა.
მოკლედ, 1942 წლის მიწურულისთვის (კარგი იქნებოდა, ამაზე ლაპარკასას საერთაშორისო ვითარებაც გაგვეხსენებოდა) სტალინმა თავის სამსახურებს გენერალ ჩოლოყაშვილის ლიკვიდაცია და მის ქვეყანაში კომუნისტური არეულობის მოწყობა მოსთხოვა. მზადებისთვის მან მხოლოდ სამი თვე გაიღო. თუ ომის ვითარებას გავითვალისწინებთ, ეს იყო ურთულესი, თითქმის შეუსრულებელი დავალება. მისთვის სულერთი იყო, რომ ქვეყანაში მისივ მოკავშირე ბრიტანული ჯარები იდგა. ვფიქრობ, რომ ზოგჯერ, მრისხანება მთლად უბნელებდა გონებას. თუ ასე არ იყო, ის უბრალოდ ამოწმებდა თავის თანამშრომლებს.
გენერალთან მიახლოება თითქმის შეუძლებელი იყო. მისი დანახვა მხოლოდ საჯარო გამოსვლებისას შეიძლებოდა. საჯაროდ კი იშვიათად გამოდიოდა. განსაკუთრებით, ომის დროს. მისი გადაადგილების მარშრუტების კანონზომიერებაზე ფიქრიც არ იყო იოლი. როგორც თავად ამბობდა, საკუთარ უსაფრთხოებას ძველ მეფეთა გამოცდილ ხერხების მეშვეობით იცავდა<...>
<...>იმ წელიწადს თბილისი პირდაპირ გამოტენილი იყო ათასი ეროვნების მზვერავით<...>
<...> რუსული ოპერაცია სრულიად გენიალური იყო როგორც სიუჟეტი და თეატრალურად ბრწყინვალედ გათამაშებულიც გამოდიოდა. ისიც კი ვიფიქრე, რომ იგი ნამდვილმა დრამატურგმა მოიფიქრა. მსხვერპლიც ზუსტად შეერჩიათ. და მას ათამაშებდნენ არაჩვეუელბრივი სიიოლით. მაგრამ კონტროპერაციაც, რომელსაც მაშინ გარკვეულ წრეებში ცნობილი მძიმეხელიანი პოლკოვნიკი ბერია ხელმძღვანელობდა, თითქმის უნაკლო იყო.
და სწორედ ამ ოპერაციის ნიღბის ოპერაციაზე მიგვიწვიეს მე და ჰასტინგსი.
რუსებმა იპოვნეს კაცი, ვისი მეშვეობითაც გენერალზე გავიდოდნენ. ეს იყო იმ დროში ცნობილი კინოს რეჟისორი*, რომელიც იმ თვეებში ხშირად ხვდებოდა პრეზიდენტს. წითლებმა იცოდნენ ამ ქვეყნის ცნობილი ადათი, რომლის მიხედვითაც ადამიანთან ხელცარიელი მისვლა საკმაოდ უხერხულია და საჩუქრების გაცვლა-გამოცვლა ლამის მთავარ ზრდილობადაა აღიარებული.
ასე რომ, წითლებს უნდოდათ რომ რეჟისორის მეშვეობით გენერლისთვის პატარა საჩუქარი გადაეცათ, ვერცხლის სათუთუნე, რომელსაც შიგ პატარა მოწამლული ნემსით გაწყობილი პატარა მექანიზმი ექნებოდა. ეს კაცის მოშორების საკმაოდ არქაული ხერხი იმხანად ალბათ მართლაც ერთადერთი იყო სტალინის დავალების ასასრულებლად.
ამ ამბის წვრილად მოყოლას არ ვაპირებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მარია კუზნეცოვამ რეჟისორი სრულიად განაიარაღა თავისი მომხიბლვლელობითა და ჭარბ სიყვარულობით** და სწორედ იმ დილით აპირებდა მისთვის სათუთუნის გადაცემას, როცა რეჟისორი გენერლის დაბადების დღეზე მიდიოდა და მისთვის შესაფერ საჩუქარს ეძებდა.
პოლკოვნიკმა ბერიამ გადაწყვიტა წითლებისთვის დაესწრო და ზედმეტი მსხვერპლიც თავიდან აეცილებინა. კუზნეცოვამ ვერ მოახერხა რეჟისორთან შეხვედრა, რომელმაც, როგორც ვფიქრობ, ეგრეც ვერ შეიტყო სიმართლე თავისი მიჯნურის შესახებ, თუმც, მთელი მოქმედება მის თვალწინ, ქალაქის შუაგულში ჩატარდა, ცნობილი კაფეს წინ.
ამას იმიტომ ვწერ, რომ ბატონმა შვეცოვმა ეს ყველაფერი ბრიტანეთის დაზვერვას მიაწერა, იმ დროს, როცა ჩვენი როლი მეტად მცირე იყო. დიახ, ჰასტინგსი და მე იმ დილით მოქმედების ადგილას ვიყავით და ვმონაწილებოდით კიდეც საქმეში.
ჰასტინგსი სწორედ ის კაცი იყო, ვინც თავისი მოკლე დანით ძალა გამოაცალა კუზენცოვას, მე კი მანქანაში ვიჯექი და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავერთვებოდი საქმეში, თუ გეგმა ჩავარდეობდა და სათადარიგო უნდა ამოქმედებულიყო.
თბილისის შესახებ დაწერილ თავში მე საკმაოდ ბევრი დავწერე კუზნეცოვას შესახებ. იქ მას მკერავ ქალად მოვიხსენიებდი. აღვწერე ჩემი და მისი პირველი შეხვედრაც თამბაქოს მაღაზიაში. ახლა კი ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის აღწერაც მიწევს.
ჩემი ამოცანა იყო, რაც შეიძლება ხშირად შევხვედროდი მას. ასე ვთქვათ, გადავყროდი. მაშინ მისი ნიღაბი მოდური მაღაზია იყო, რომელიც თბილისში რუსული დაზვერვის ფულით არსებოდა. ეს ფული შვეიცარიიდან მოდიოდა. კუნზეცოვა თავს ფრანგად ასაღებდა და ჩანს, მასაც დავალებული ჰქონდა, რაც შეიძლებოდა, ხშირად გადამყორდა.
ისიცა და მეც რომანტიკულ მივლინებას ვთამაშობდით, მაგრამ ეგრეც ვერ გამოვუტყდით ერთმანეთს, რომ ამ მშვენიერ ქალაქში ერთმანეთზე სანადიროდ დავსეირნობდით. სიახლოვის ის ხარისხი, იმ კვირეებში რომ დამყარდა ჩვენს შორის სხვა ვითარებაში, ანდა ჩვენი პროფესიის გარეშე, ეგებ სხვაგავრადაც გაგრძელებულიყო, მაგრამ ასეთია ჩვენი ხელობა: მე დავუახლოვდი მას და ირიბად ვაჩვენებდი, რომ სწორედ რუსული დაზვერვით ვარ დაკვებული.

· *ფეარს რეჟისორი სცენარისტში ერევა.
· ** ეს შეცდომაც ვაპატიოთ ძველ მზვერავს.

ისინი ალბათ ფიქრობდნენ, რომ მე ახალ ფრონტს ვხსნი და უკვირდათ, რადგან ჩვენი რეზიდენტურა ისედაც ძლიერი იყო<...>

<...>იმ დილით, გეგმის ჩავარდნის შემთხვევაში, მე კაფეში უნდა შევსულიყავი და დამცინავი, ეჭვიანი კაცის როლი უნდა გამეთამაშა. როგორმე უნდა შემეშალა ხელი იმისთვის, რომ საბურნუთე გადაეცა რეჟისორისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეჟისორისთვის სათუთუნე უნდა წაერთმიათ და მისთვის ყველაფერი აეხსნათ, კუზნეცოვა კი საბურნუთის გარეშე აეყვანათ, რაც შემდოგმში საქმეს გაართულებდა.
პოლკოვნიკ ბერიას ძალიან უნდოდა, რომ რეჟისორი უვნებელი გამოსულიყო ამ მისთვის წარმოუდგენელი საქმიდან, იმიტომ, რომ გენერალს ის ძალიან უყვარდა და უკვე დაედო მასზე პროპაგანდისტული ფსონი.
პოლკოვნიკი საუცხოოდ მწყემსავდა ამ რეჟისორს. მას ყალბ წერილებს უგზავნიდა კუზნეცოვას სახელით. ერთი არქიეპისკოპოსის რეზიდენციაში ანკესიც კი ჩააგდო და ამ უკანსკნელმა საჭიროდ მიიჩნია, საბრალო რეჟისორს დახმარებოდა.
ჩვენ ისიც კი ვიცოდით, რომელ სასაჩუქრე დუქანში წაიყვანდა კუზნეცოვა რეჟისორს, რათა იქ სასაჩუქრე ქაღალდში გაეხვიათ სათუთუნე. რეჟისორი ბრმად ენდობოდა კუზნეცოვას.
მოქმედებამ მშვენივრად ჩაიარა<...>
<...> თითქმის არაფერი ვიცი კუზნეცოვას ბედის შესახებ. ეგებ ის გააქრეს, ან გაასამართლეს, ანდა გაცვალეს, მაგრამ მტკიცედ არ ვეთანხმები ბატონ შვეცოვს, რომ ეს ქალი კაფეს წინ მოკლეს. მე ყველაფერს მანქანიდან ვუცქერდი. ჰასტინგსი (რომელსაც კუზნევცვა სახეზე იცნობდა, რადგან ამაზე ადრევე იზრუნა) და კიდევ ერთი, ადგილობრივი ლიკვიდატორი ეცადნენ მისთვის კოლოფი გაეკეთებინათ: უკნიდან და წინიდან მიაწვნენ, რათა სწრაფად მოერგოთ მისთვის ხელბორკილი. ეს იოლი არ არის, როცა მხოლოდ 7-10 წამი გაქვს.
როგორც ჰასტინგსმა მიამბო, მან მოასწრო და გაიქნია ხელი, რის შემდეგაც მისი ლაბადის სახელოდან პატარა რევოლვერი გამოსრიალდა. იმ დროში, ასეთ იარაღს ჩვენ პატარა გოგონას ვეძახდით. ჰასტინგსმა იმავ წამს გადაუსვა მას დანა მაჯაზე, რათა რევოლვერის სამაგრი რეზინი გადაჭრა, მაგრამ იმავდორულად კუზენოცვას ვენაც გადაჭრა. ამოასხა სისხლმა. ის მანქანისკენ წაიყვანეს.
ზუსტად ვიცი, რომ კუზნეცოვა მაშინ არავის მოუკლავს. მას მანქანშივე შეუხვიეს ხელი. მე და ჰასტინგის კი საღამოს მატარებლით თეირანს წავედით, იქედან კი თვითმფირნავით ალექსანდრიაში ამოვყავით თავი, სადაც რამდენიმე დღეს ვისვენებდით ჩვენი რეზიდენტისგან მოძღვნილ აპარტამენტში<...>
<...> მრავალი წლის შემდეგ, თბილისიდან შორიახლოს, წინანდლის შატოში, ღვინის ფესტივალზე მყოფმა ჭაღარა, მხნე კაცში ოდინდელი კაპიტანი მასხულია შევიცანი. ჩვენ გვიან ღამემდე ვისხედით ფანჩატურში და ძველ დროებას ვიხსენებდით.
მაშინ კინაღამ ვკითხე, რა ბედია ეწია კუზნეცოვას მეთქი, ანდა იმ რეჟისორმა როგორ გადაიტანა ეს ამბავითქო, მაგრამ ჩვენი ხელობის ადამიანებს შორის დიდად მიღებული არ არის წარსულის შესახებ ერთმანეთსითვის კითხვების დასმა.
მან ერთადერთი რამ გაიხსენა იმ დღეებისა.
მასხულიას აზრით, ყველაზე დასმახსოვრებელი მისთვის ის იყო, რომ რუსებმა იმ რეჟისორს გურჯიევთან შეხვედრა მოუწყვეს.
-გურჯიევი გენერალმა მოიწვია, – ღიმილით თქვა მასხულიამ -რუსებმა კიდევ თავიანთი გურჯიევი გააკეთეს, ამ კაცისთვის რომ თავგზა დაებნიათ… ეს კაცი მერე მოკლეს. ოპერაციის დროს. იქ, მოედანზე, თუ გახსოვთ. საჭესთან სწორედ ეგ ვითომ გურჯიევი იჯდა. ულვაშები არ ჰქონდა. გახსოვთ როგორი ულვაში ჰქონდა გურჯიევს?
-ნამდვილს? მახსოვს, – გამეცინა მე – მაგრამ მე არ მახსოვს, რას ვაკეთებდით მაშინ.
-ასეც უნდა იყოს, – გაიცინა ამსხულიამაც – ჩვენ ხომ არაფერი გვახსოვს.
მე მინდოდა მეკითხა, არის თუ არა თბილისში ზღვა. მაგრამ არ ვკითხე. რადგან ამ წლების განმავლობაში მივხვდი, რომ ნავსადგურის ხსენება, აქ სულ სხვა რამეს გულისხმობს, ვიდრე ზღვას, რაზეც ასე ჯიუტად ფიქრობდა ჰასტინგსი, როცა შემთხვევით თაიგულს ის ზღვის სურნელს ადარებდა<...>

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box