ქართული უტოპიის ქრონიკები
აკა მორჩილაძე, “მესაიდუმლის ქამარი” (რომანი), თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2008.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა საქართველოში, – ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მაინც, – არის ის, თუ ვინ ვართ ჩვენ: ევროპელები თუ აზიელები. ცნობილი ფრაზა: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი” უფრო სურვილია, ვიდრე ფაქტის კონსტატაცია. სამასი წლის წინ მეფე ვახტანგ მეექვსემ რჩეული მოქალაქე, სულხან-საბა ორბელიანი გაგზავნა ვატიკანსა და საფრანგეთში, დასავლეთისაკენ გზის გასაჭრელად და ირანისა და თურქეთის გარემოცვაში დაკარგული ევროპული იდენტობის დასაბრუნებლად, თუმცა რომსა და პარიზში მას ნათლად მიუთითეს, რომ საქართველოს მხოლოდ აზიის ნაწილად განიხილავდნენ. ქრისტიანულის, მაგრამ მაინც აზიის. ამის მერე იყო ორასი წელი რუსეთთან, უკვე ამ თვალუწვდენელი ქვეყნის მეშვეობით ევროპასთან ზიარების მცდელობა და მასთან ერთად ბორიალი ერთი უკიდურესობიდან მეორეში, როცა ხან ევროპა ვიყავით, ხან – აზია, ხან კი – სულაც ევრაზია. საქართველოს დასავლურ პრეტენზიებს ორი მითი ასაზრდოებდა. ერთი წარმართული – არგონავტების მოგზაურობაზე კოლხიდაში ოქრის საწმისის მოსაპოვებლად მაშინ, როცა ევროპა ჯერ კიდევ ყალიბდებოდა, როგორც თვითმყოფადი სოციალურ-კულტურული ერთობა და მეორე უფრო გვიანდელი და ქრისტიანული – ამბავი იოანე პრესვიტერისა და მისი სამეფოსი, ძლიერი და შეუმუსრავი ქრისტიანული სახელმწიფოსი მტრულ მაჰმადიანურ გარემოცვაში. ჩვენთან ისიც იციან, თუ რა ერქვა იოანეს ქართულ სინამდვილეში – დავით აღმაშენებლი. ის მეთორმეტე საუკუნეში მეფობდა და ეს სწორედ ის დროა, როცა აკა მორჩილაძის მიხედვით, ამ უძლიერესმა ხელმწიფემ შეამჩნია საქართველოს მახლობლად, შავ ზღვაში მდებარე სანტა ესპერანსას არქიპელაგი და იქ ქართველთა გადასახლება დაიწყო. ამიტომ ჰქვიათ ქართველებს ამ გამოგონილ ქვეყანაში იოანელები. ასწლეულების განმავლობაში საქართველო და ესპერანსა თანდათან დაშორდნენ ერთმანეთს. ქართველები საფუძვლიანად და ვგონებ, სამუდამოდაც გაიბლანდნენ ევროპასა და აზიას შორის, ხოლო სანტა ესპერანსამ და იქაურამ ქართველებმა მიაღწიეს იმას, რაც ვერ შეძლო მათმა დედასამშობლომ – ისინი ევროპულ ქვეყანად იქცნენ, ბრიტანეთის იმპერიის ნაწილად და ამჟამად თანამეგობრობის წევრად, ვითარცა რომელიღაც კანადა ან თუნდაც, ავსტრალია.
ეს არის აკა მორჩილაძის უტოპია, მისი გამოგონილი და შესაძლოა, საოცნებო სამყაროც, რომელსაც ის აცოცხლებს და ნაბიჯ-ნაბიჯ ასხამს ხორცს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნებულ წიგნებში. “მესაიდუმლის ქამარი” მესამე რომანია ამ ციკლისა, სადაც ახალი შუქი ეფინება იოანელთა და ქართველთა ურთიერთობას, იმას, თუ რატომ არის ერთი მათგანი ევროპა, მეორე კი დღესაც ვერ გარკვეულა საკუთარ თავში. საბოლოოდ ის საქართველოზე უფრო დაგვაფიქრებს, ვიდრე ესპერანსას კუნძულებზე. მით უმეტეს, ამ კუნძულებს თუკი შევაერთებთ რუკაზე და კარგად დავაკვირდებით, შებრუნებულ საქართველოს რუკას დავინახავთ. აკა მორჩილაძის სანტა ესპერანსა არ არის თომას მორის ან კამპანელას კლასიკური უტოპია თუ საყოველთაო ბედნიერების მზის ქალაქი. ის არც ზამიატინის, ორუელის ან ჰაქსლის ადამიანი-ჭიანჭველების რეგულირებული კოშმარია, ანტი-უტოპიას რომ უწოდებენ ხშირად. მორჩილაძის უტოპია უფრო იმ ოცნებას ჰგავს, როგორიც კომუნისტური მმართველობის ორმოცი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობისათვის იყო დასავლეთ გერმანია, ან ჩრდილოეთ კორეასათვის დღესაც არის სამხრეთი – ოდესღაც შენი ნაწილი, ამჟამად კი განცალკევებული და თითქოს დავიწყებული, შენზე უკეთესი და სასურველი, ახლოს მყოფი და ამავე დროს მიუწვდომელი. სანტა ესპერანსა – ეს არ არის ფოლკნერის იოკნაპატოფა, გამოგონილი ოლქი სადღაც შუა ამერიკაში, რეალური ქვეყნის რეალური შტატის არარსებული ნაწილი. ეს მთლიანად გამოგონილი ქვეყანაა, უკეთესი, ევროპული საქართველო, რომლის სრული ბატონ-პატრონი თვითონ აკა მორჩილაძეა, ორრჯულიანი სარი-ბეგ არჩილიანის სისადავით და უბრალოებით რომ მართავს მას. მიუხედავად მცირე ხნის წინ გადატანილი სამოქალაქო ომისა, “მესაიდუმლის ქამარში” აღწერილ სანტა ესპერანსაზე უხვად მოიპოვება ის, რაც იშვიათად ყოფილა საქართველოში – სიმშვიდე, მელანქოლიური განწყობა, არასტანდარტულად რბილი გარემო, ადამიანთა მსუბუქი და კეთილგანწყობილი ურთიერთობები. სწორედ ისეთი, როგორც რომანში ციტირებული ესპერანსელი მწერლის, მირ ფაიდის წიგნებშია. ამ სამყაროში ყველაფერი მის ავტორს ეკუთვნის – ვითომქართული გვარებიც, სანტა სიტის ხალიჩების მაღაზიებიც, მარკო პოლოს ქვრივის ტურისტული სააგენტოც, რეგბის შეჯიბრებებიც დამსვენებლებსა და რეჯიმენტს შორის, უ’შანგის სამხატვრო სკოლაც, კინოთეატრი “ოულდ ლუქსიც”, ჯადოსნური რეცეპტებით შექმნილი საჭმელებიც, სადილობის იოანური წესიც, სადაც ყველა ერთდროულად მზარეულიცაა და სტუმარიც და ის ცნობილი ლიმონიც, მედუქნე ბუზია ყოველ კერძს ზედ რომ აწურავს. კითხულობ წიგნს და გგონია, რომ იღუმენია ბარსანაბია მართალია და სწორედ აქაა ჭეშმარიტი საქართველო, სწორედ ის, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდი, ფანტაზიებში ქმნიდი, ზოგჯერ თითქოს ძალიან ახლო და საბოლოოდ ასე უსაშველოდ შორეული. სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება რომანში, ეს არის “ნამდვილი”. ნამდვილი ცხოვრება, ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი ერთგულება, ნამდვილი საქართველო და კიდევ ათასი ნამდვილი რამ არის სანტა ესპერანსაზე, ქართველთა უტოპიურ “წმინდა იმედზე”.
“მესაიდუმლის ქამარი” რომ ბოლომდე გაიგო, ალბათ ცოტა ხანს მაინც უნდა იცხოვრო საქართველოში. ან უბრალოდ უნდა დააკვირდე იმ კონტრასტს, რომელიც აშკარაა წიგნის ფურცლებზე გამოჩენილ იოანელებსა და ქართველებს შორის. სანტა ესპერანსა შესაძლოა ერთადერთი ადგილია დედამიწის ზურგზე, სადაც ჯენოველებსა და თურქებს შორის მოქცეულმა ქართველებმა დიასპორას შექმნა მოახერხეს. ალბათ იმიტომ, რომ იქ უმრავლესობას შეადგენენ. რეალური ქართველები, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავლად არიან ევროპასა და ამერიკაში, მაინც მცირე ჯგუფებად არიან დაყოფილი და ხშირად ერიდებიან კიდეც ერთმანეთს. რაიმე სახის ერთობლივ დახმარებაზე ახლად ჩამოსულთათვის ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რუსეთში, სადაც ასეულ ათასობით ქართველი ცხოვრობს, მათ შორის ასეულობით გამოჩენილი ადამიანი, ისინი გაცილებით უფრო წარმატებით ერთიანდებიან ბანდიტურ დაჯგუფებებში, ვიდრე სათვისტომოებში. ამას რასაკვირველია, უამრავი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქართველები უცხო ქვეყანაშიც ვერ ძლევენ კლანობრიობას, “ჩემიანად” და “სხვისიანად”, დასავლეთად და აღმოსავლეთად დაყოფას, კრიმინალურ მისწრაფებებს. მსგავსი არაფერი ხდება რომანში აღწერილ სანტა ესპერანსაზე, რაც იქ დასახლებულ სხვადასხვა ერისა და რჯულის ხალხის მშვიდ თანაცხოვრებას განაპირობებს. რა თქმა უნდა, იქაც არის რთული პირობითობები, რასაც მისი ზოგიერთი გმირი, მწერალ ჯესიკა დე რაიდერის მსგავსად, ბრიტანეთში გაურბის, ხოლო არისტოკრატი პიეტრო ანდრეა დი საული – საკუთარ სასახლეში. თუმცა ამ მოგონილ ქვეყანაში არ არის ის, რაც საქართველოში ისეთივე მოცემულობაა, როგორც წილადის მნიშვნელი მრიცხველისათვის ან შენობის უზომოდ გაწელილი ჩრდილი მზიანი აგვისტოს შუადღეს. სანტა ესპერანსას მახლობლად არ არის რუსეთი. ეს ფატალური ზეგავლენის მქონე მუდმივი სიდიდე ნამდვილი საქართველოს ყოველდღიურობაში. მასავით გზაარეული დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ქვეყანა, რომლის ცხოვრების წესი ძალიან განსხვავდება საქართველოს, ზოგადად კავკასიის ცხოვრების წესისაგან და რომელსაც, ბრიტანეთისაგან განსხვავებით, არც რეჯიმენტის უსისხლოდ ჩაყენება შეუძლია და მით უმეტეს, არც საკუთარი მმართველობის მშვიდობიანად და უხმაუროდ დასრულება. ის კაგებეს რუსი ოფიცრები, რომლებიც უეცრად გაილევებენ რომანში, უფრო ფანტომები არიან, ვიდრე რეალური ადამიანები.
იდილია, რომელიც სანტა სიტიში საკურორტო სეზონის დაწყების წინ სუფევდა, სწორედ ქართველი ქურდის და მისი ამალის ჩამოსვლამ დაარღვია ამ მშვენიერ მხარეში. ისინი მეთოთხმეტე საუკუნეში თითქოსდა იოანელთა მიერ საქართველოდან გატაცებული ძვირფასეულობის უკან დაბრუნებას ცდილობენ იმ უთვალავჯიბიანი ქამრით, რომელიც ლეგენდის მიხედვით კუნძულების უკანასკნელი მეფის მესაიდუმლეს ეკუთვნოდა. სიმბოლიზმის მეტისმეტ ზეგავლენას რომ განვიცდიდე, ვიტყოდი, რომ ეს ქამარი და ძვირფასეულობა ევროპულობის ის სიმბოლოა, რომელიც საქართველომ ოდესღაც სანტა ესპერანსაზე ჩასახლებულ თანამემამულეებთან ერთად დაჰკარგა და ახლა მის დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ ევროპელობა ასე ერთი ხელის მოსმით რომ არ შეიძინება, წიგნის ავტორთან ერთად მეც კარგად მესმის. თანაც თუკი სულხან-საბამ ვერ მოახერხა ევროპისკენ გზის გაკვალვა, ქურდებს მით უმეტეს არ შესწევთ ამის ძალა. მათ შეუძლიათ მხოლოდ კოლიმისა და ჩუკოტკისაკენ, მარადიული ყინულეთის საუფლოში გაგვიძღვნენ. რომანი უფრო გამოგონილი და რეალური სამყაროს შეჯახებას აღწერს და მისი მთავარი უცნაურობაც ისაა, რომ ესპერანსას გამოგონილი სამყარო რეალურ საქართველოზე გაცილებით ნამდვილია. მითოლოგიზებულ აზროვნებას დამორჩილებული საქართველოელი ქურდი და მისი ამალა გამოგონილი ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად სჩადიან დანაშაულს, ძარცვავენ მონასტერს, ხოცავენ სხვებს და სწირავენ თავს, ხოლო მთელი სანტა-ესპერანსა, თურქი მილიონერიდან და პოლიციის ინსპექტორიდან დაწყებული, ბაღდადელი ქურდით და მზარეული გოგონათი დამთავრებული, ერთმანეთთან გადაჯაჭვული საკუთარი წარსულითა და ცხოვრების წესით, თავიანთი ნამდვილი ცხოვრების დასაცავად მათ წინააღმდეგ გაერთიანებულა. ამ ბრძოლაში რეალურ ქართველებს, რომლებიც განწირულნი არიან ევროპისა და აზიის გასაყარზე გაურკვევლობაში არსებობისათვის, წარმატების არანაირი შანსი არა აქვთ, რადგან ისინი უპირისპირდებიან ქვეყანას, რომელიც მართალია, მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ საკუთარი ადგილი სამყაროში დიდი ხანია, ნაპოვნი აქვს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
One Comment
Molikuna
ახლა ვკითხულობ. არაჩვეულებრივად საინტერესოა. მართალია, ჩემთვის ნათელი იყო, რომ მოვლენები გამოგონილ ქვეყანაში ვითარდება, თუმცა ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მაინც სულ სხვა თვალით დავინახე ყველაფერი. საერთოდ, ვფიქრობ, რომ მოვა დრო, როდესაც ბატონი გიორგის შემოქმედება არამარტო ქართული, არამედ მსოფლიო კლასიკის ნაწილად იქცევა. მადლობას ვუხდი მას წინასწარ ამისთვის!