პროზა

ალეკო ცქიტიშვილი –  გუდვილიადა

უფალი შეგვიწყალებს ჩვენ, ჰიპერმარკეტ გუდვილსა შინა წვნიანის ნაკრების რიგში მდგომებს – ზამთრის სუსხიდან შემოსულებს, გაქუცულპალტოიანებს, თმაშეუღებავებს, წვერგაბურძგნულებს, დაწერტილებს, დამღიერებულებს, პირმსივან-ჩარადოვნებს, რამეთუ სიდუხჭირემ მოგვყარა აქ – ჯიპებზე ამხედრებულთა, კარაკულისქურქიანთა, ფრანგულსუნამოიანთა, ფანჩარდავარცხნილთა, A კლასის ოფისების მდგმურთა მექაში, საცა არა არს გარჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა, აზნაურთა და უაზნოთა, მდიდართა და ბოგანოთა, საცა ყველანი ლოცვას აღუვლენენ გუდვილს – მუცელთა ღმერთს, რამდენიმე ჰექტარზე განრთხმულს, დილიდან საღამომდე მქშინავს, პირღიას, ხორცეულ-თევზეულით, ტკბილეულ-მწარეულით, შემწვარ/მოხრაკულით, ცოცხალ/გაყინულით, იმპორტულ/სამამულო პროდუქტებით ამოყორილს – რომელი ხარ ჰიპერმარკეტსა შინა, წმინდა იყავ სახელი შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა საკვებ პროდუქტთა შინა, ეგრეცა გალანტერეასა ზედა, ფართლეულსა ზედა, რკინეულსა და სათამაშოებსა ზედა, იფქლი 1-ის, ბეზეკის, ლიტვური საცხობის, ჯი.მარტის, კოლხის, შპს სამებას, საპატრიარქოს და ტბილი სახლის მამაოს პური მოგვეც ჩვენ დღეს და მოგვიტევენ და მოაყოლე თან: მითანას ძეხვი, ნიკორას ლორი, ტულიპის პაშტეტი, ეკო-ფუდის ნუგბარ-ხაჭო, შპროტი, კოდას, პატარძეულის, ნოსტეს კვერცხები, სანტეს იოგურტი, ტყიბულის ჩაი, მზესუმზირის ზეთი მზიური (რაფინირებული), მარნეულის ტყემალი, კალვეს მაიონეზი (სამარხვო) და კეტჩუპი (მწარე), ბარამბოს კარამელი, ჯი&ჯი-ს კონფიტიური (ჟოლო), იაკობს გოლდი, აჰმად ჩაი – ინგლიშ ბრექვესთი, მაკკოფე ორიგინალი და სხვანი და სხვანი – სანოვაგე ულევი ჩვენთა უძირო სტომაქთათვის, რამეთუ ოდეს ვძლევთ სიყმილსა ჩვენსა, ეგრეცა მოვუკითხავთ თანამდევთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ პოპულისაგან, ამინ!

 

ეს მე ვარ – გუდვილის პოეტი. ჩემი ცხოვრების ნახევარგზაზე აქ, ძვლების რიგში შემომაღამდა! გამოელია რითმებს და ტროპებს ცნობილ ბრენდებთან ჭიდილის ძალა. ჰიპერმარკეტი უკვე თვითონ ჰიპერბოლაა! გალანტერეას რომ გავცდები თვალის ცეცებით, ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა. ვაკელ აშოღლანს აქვაფრეშის სლოგანი მოსწონს: „აღწევს უფრო ღრმად, წმენდს უფრო უკეთ“. ხორცის სექციას ეტმასნება ქალი ავხორცი და უძვლო ხორცის დიდ ნაჭერს ითხოვს (რაზეც ჰკიდია საქართველოს დარდი და ბოღმა). მე კითხვა – ვინ ვის ოხერ გულში ლახვრად მაჩნია – გუდვილი VS პოპული?

 

გუდვილის კარი თვითონ იღება, პოპულისა უნდა გააღო!

პოპული ყველგანაა, როგორც ღმერთი, გუდვილი – ორგან.

გუდვილი ბიპოლარულია, პოპული – პოპულარული.

პოპულში ვირთხები მომრავლდნენ, გუდვილში – კონსულტანტები!

გუდვილს დიდი ტრაკი აქვს, ცელულიტიანი, პოპულს – პატარა და კოხტა.

პოპულში იხვის ტოლმაა, გუდვილში – ბუს კვერცხები.

გუდვილის თევზის სექცია თავიდან ყარს, პოპულისა – უკანალიდან.

პოპული ფუდმარტმა შეჭამა, გუდვილს კარფური შეჭამს.

გუდვილში წვნიანის ნაკრებია, პოპულში – ვირის თავ-ფეხი!

 

წვნიანის ნაკრები – ძვლების გროვა გუდვილის ხორცის სექციაში, დახლ-მაცივრის უკიდურეს ნაპირას მიყრილი – ძროხის, ხბოსი და ღორისა. ცალკერძ განირჩევა: 1) საწვნე ძვლები – ყველაზე იაფი, ორმოცდაათთეთრიანი, საქონლის არტალისა, ყოვლად უხორცო, სპილოს ეშვთა მსგავსად გაპრიალებული, რომელსაცა ოდენ ბორშის ქომაგნი ეტანებიან; 2) ღორის ძვლები – რომელთაცა ალაგ ხორცი აქვს შერჩენილი, ესეცა იაფი – 50 თ. ვინაითგან მაწყინარია ბავშვთათვის, წნევიანთათვის და მავანთათვის, ვისაცა ღორის ხორცზედა ალერგია აქვს. 3) ხბოს არტალა – საუკეთესო რამ ბავშვიან ოჯახთათვის, რომელნიცა არიან ღარიბნი და ხელფასითა თვისითა ხბოს ახალ ხორცს ვერღარა სწვდებიან. ამასა კი მოხარშვენ, მწვანილეულით შეანელებენ და პაწია მუცლებს ცხელი წვნიანით დააამებენ. ფასი – 1ლ. 4) წვნიანის ნაკრები – საქონლის ძვლები, ნეტარ ხორციანნი, რომელთაცა გამოსდის წვენი მარგებელი და ქვაბსა მას შინა სამზარეულოსა ასდის ოხშივარი საამო, ვითარცა ქართლის ხეობებს ნისლნი, პოეტთათვის სანატრნი.  

 

აქვე ამბავი: ერთხელაც, იატაკქვეშა გუდვილში, საცა მზადდება წვნიანის ნაკრები ღარიბთათვის და ძაღლთათვის, ხორცის დამხარისხებელმა მოხელემ ძვლების შუაგულში უმაღლესი ხარისხის საქონლის უძვლო ხორცი შემალა, მერმე ცელოფანში შეჰხვია და ზედნადებთან ერთად სპეცლიფტით ამოაწოდა თანამოძმეს – დუქნისა მფლობელს, რომელიცა ამისგან ამზადებს ხარჩოს და ჰყიდის, მაგრამ კართან, თავისით რომ იღება, დაცვის ბიჭებმა სტაცეს ხელი დუქნისა ამა მფლობელს და გაჩხრიკეს და მიჰგვარეს დირექტორს! სავარაუდოდ, წვნიანის ნაკრების დამამზადებელ მოხელესა მტრობდა და ასმენდა სხვაი მოხელე იქვე, ანუ მოყვასი, რომელსაცა შურდა და სურდა, განეგდოთ იგი იატაკქვეშა გუდვილითგან და მის ნაცვლად მოეყვანათ ახლობელი თვისი – მსუყე ხელფასზედ! და ასეც მოხდა – ხორცის დამჭრელ-დამხარისხებელსა ჰკრეს პანღური და განაგდეს სამსახურითგან დიდძალი ჯარიმით – ორიათასთერთმეტსა წელსა, ვარდობისთვესა, ოდეს თბილისში რუსთაველზედ და კოსტავაზედ იყო მიტინგები და აღიარა მან არტალა და შეერთო უკმაყოფილოთა მათ, რომელნიცა იძახდნენ: „მიშა, წადი!“

 

ჩემს კუჭს ახსოვს საბჭოთა კავშირი, როცა მაშინდელ გასტრონომებს ცეკა მართავდა (ცენტრალური კომიტეტი კომპარტიისა). საბჭოური დახლ-მაცივრები ღმუოდნენ, როგორც სტომატოლოგის პაციენტები. მაინც რა იყო კომპარტიის გასტრონომია – იაფფასიანი ძეხვების გროვა, შეფუჭებული თევზეული, პურის, კარაქის, შაქრის, ხორცის გაქუცული ტალონები, სასურსათო დეფიციტის აღმოსაფხვრელად, თუ ნაწამებ დისიდენტთა ტყავის მუჟუჟი, გამოუთქმელი აზრების ხაჭო, იქთიოფაუნად გადაქცეული ამხანაგები, რომელთაც პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული! ვაშლის ხილფაფის მომცრო ქილას ეხატა ზღარბი, რომელსაც ზურგით ვაშლი მიჰქონდა. ყველგან ეს ზღარბი მიცუხცუხებდა. წიწიბურა და ჰერკულესი ეყარა ოხრად და კიდევ ბრინჯი – ბევრი ბრინჯი მაო ძე დუნის სამშობლოდან, როგორც საშველი. კომუნისტებს სექსი არ ჰქონდათ, მაგრამ ჰქონდათ გასტრონომები. კომბოსტოებში ნაპოვნ თაობას ახსოვს ომები – ცივი… ნელთბილი… ცხელი ზმორებით ძლივს ჩაიარა ხანამ ავრეხმა!..  კილკა თევზის და რიგის შპროტის მფარველმა ღმერთმა უღვთოდ წაჰგვარა ამ თაობას ცრუ კომუნიზმი: გადაფრენა ლენინგრადზე და უკან – 37 მანეთად, ТУ 134-ით, ბოთლი ჭაჭა ინტურისტის ბანძურ ნომერში – სექსამდე და სექსის შემდეგ, ახოტნიჩი ძეხვი, გულძმარვა, მეორე დღის ნაბახუსევი, მაწანწალა მეძავის ძუძუ!

 

გუდვილის პოეტს დამჭირდება პერსონაჟებიც!

თუნდაც – ქვისლი, ჩემი ძმა ავყოფილი, აბანოელი, კონფლიქტის ზონიდან, ბნელი, მძვინვარე – ამბავი როცა რუსებს ეხება, აასარსალებს ენას ზიზღისას. ჰიპერმარკეტში არ იყიდის ჩერნიგოვსკოეს და ინტერნეტში არ მოძებნის ოდნოკლასნიკებს. ხანდახან უბნობს უცხო არაკებს, ხანაც –  შაირობს!..

და რამაზი – სლოუფუდელი, ჭურის მეღვინე ნახშირღელედან, სოლიკოური, ცოლიკოურის, ციცქას ვენახით, რომელსაც ალაგ ურევია (ვეჭვობ) დონდღლაბი! უყვარს ბუხარში კეცზე შემწვარი მოუპეპლავი ვარიის ხორცი, ტელეფას ცხვარი, გუდის ყველი, ხმელი კალტი და მესკალი მატლით.   

 

ჰოდა, იმღერა ქვისლმა ეს ოდა:

პროტეინით გაძეძგილო ინდაურის შაშხო!

ემულგატორებიანო სნიკერსო და მარსო!

სისტემურად შეწამლულო თვალწარმტაცო ხილო –

მხოლოდ ერთგან, მხოლოდ ოდნავ ჭიით გახვრეტილო!

ათი წლის წინ გაყინულო სკუმბრიავ და ხეკო!

გენმოდიფიცირებული მზესუმზურის ზეთო!

ენზიმებით გაწებილო ცრუ კახურო ღვინოვ,

აღარა ვარ შენი მსმელი, ღმერთმა დამიბღვიროს!

 

ღვინის სექციის კონსულტანტმა გვანცამ არ იცის, რამ გააწყალა ღვინოები ლეგენდარული. საუბრობს ენით პირსინგიანით: „ეს კახური ღვინის ნიმუში, ოქროს მედლით, სერტიფიკატით, შეხედეთ, ფერზე ჩაისფერია. პირველ ცხვირზე კვალად იგრძნობთ ბზის სურნელებას, ჩახარშულ კომშს, ნიგოზს, ანანასს. შემდეგ ჯერზე,  თვით მანგომაც შეიძლება, ამოყოს თავი. დეკანტირების შემდეგ ღრმაა. აქვს ხანგრძლივი დაბოლოება. დაბალანსებულს, სხეულიანს, ტანინებიანს, შეეფერება ეპითეტი – ხავერდოვანი. ჩამოსხმულია შეზღუდული რაოდენობით. კარგი იქნება, თუ მიაყოლებთ ჩაქაფულს, ჩანახს. გასინჯეთ, გირჩევთ, აჯობებს ნანახს“.

 

და უა რამაზიმ: ვენახზე რომ სისტემურ პრეპარატს მიუშვებ, იგი აღწევს ყურძნის რბილობში და იქიდან – ჩვენს ჭიქებში. მერე ვყლაპავთ რიდონეტს, ფუნგიციდებს, პესტიციდებს და ვაწკლაპუნებთ ტუჩებს, ვეძებთ ტროპიკული ხილის არომატს, ვიპურჭყებით და ამაშიც ფულს ვიხდით!.. ეს კიდევ რაა! ჩინეთში და არგენტინაში ძროხის გენებში ჩაუშვეს, თურმე, ადამიანის გენები და იძახიან ქალის რძეს იწველის და დახლებზე მალე გამოვიტანთო. არგენტინაში ასეთი მეწველი ძროხისთვის პრეზიდენტის სახელი – კრისტინა უნდა დაერქმიათ… საინტერესოა, ცური როგორი აქვს იმ ძროხას?!

 

და მე ვიხილე ძროხა იგი, კრისტინა ფერნანდესის ძუძუებით, ოდეს მოედო სუპერმარკეტებს მისი რძის ბუმი, ვითარცა მკალი და ადამის ძენი ილტვოდნენ მისკენ, როგორც კირჩხიბნი და უძლეველი ცდუნება ჰქონდათ რძესა მას ზედა, ხოლო დედანი დაუტევებდნენ ჩვილებს საზრდელად სხვათა და სხვათა, რომელნიცა ასუმიდნენ მათ რძესა ამას, ვითარცა ბალღამს.

 

წვნიანის ნაკრების რიგში ვდგავარ, როგორც სალოსი – სამსახურიდან ორი თვის წინ გაძევებული. მსურს, შევიძინო ძვლები ჩემი შვილებისათვის.

კარგია ძვლების ცხელი ბორშჩი!

ხელს ხშირად ვავლებ სასწაულებრივ მოჩხრეკილ გროშებს.

ჯიბეში მიდევს, ასევე, აბი ვალერიანის.

ჩემ წინ ქალი დგას, ძველმოდურ ქურქით, უკან კი კაცი – პუმას სპორტულით.

ქალს ხელები აქვს დაკოჟრილი და დაღარული. ღარებში – ჭუჭყი. ის ჰყვება, როგორ ამოთხარა სკოლის ეზოში გაუქმებული ელსადენები, გაატყავა, ამოიღო მისგან სპილენძი, რომელიც მერე ფერად ლითონთა ჩამბარებელ კაცებს მიჰყიდა და მოიპოვა ფული ამა წვნიანისა ნაკრებისათვის.

კაცი გასაღებს ატრიალებს მერსედესისას. მეკითხება: „შენ რამდენი გყავს?“ „სამი“ – ვპასუხობ. „ჯიში?“ (ძაღლისთვის უნდა ძვლები ამ ძაღლთაპირ კაცს!)… იხტიბარს არ ვტეხ – „ნაგაზები, მეცხვარულები“. „მერედა ყოფნით მხოლოდ ძვლები?“ „კი. აბა, როგორ?!“ „ჩემები ძვლებით თამაშობენ… ხორცით კი ვკვებავ“. „ყველას გვეყოფა დღეს ქალაქში ხორცი დაკლული, ყველას გვეყოფა სანოვაგე ახალი, დილით“, – ვეპასუხები კოლაუს ენით, თავის ძაღლს – ემირს რომ მიმართავდა, ის კი, ბებერი, ბრუციანი, მტრის გასახარად, სისხლიან თვალით მოფერებას ევედრებოდა. რაღა თქმა უნდა, სპორტულიანმა კაცმა არ იცის არც კოლაუ და არც პაოლო, მითუმეტეს, არც – ვალერიანი. ბენცის გასაღებს ატრიალებს, თვალს აბრიალებს და იხედება მიწისქვეშა გუდვილის ბჭისკენ, საიდანაც ლიფტი ამოდის.

სპილენძების შემგროვებელი ქალიც წრიალებს. მალიმალ გმინავს.

ის ხომ არ არის, ამასწინათ მსოფლიო რომ ალაპარაკა?!

ასე გადმოსცეს მასზე მაშინ ინფორმაცია: „ხუთი საათის განმავლობაში მთელი ქვეყანა ინტერნეტის გარეშე დარჩა, მას შემდეგ, რაც 75 წლის ქალბატონმა, რომელიც სპილენძის ძიებისას მიწას თხრიდა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დააზიანა“.

უფრო ვრცლად ამბავს წერდა ტომი – „გარდიანის“ კორესპონდენტი: საქართველოს ხანშიშესულმა მოქალაქემ, რომელიც სპილენძის ძიებისას მიწას თხრიდა იმ იმედით, რომ მას ჯართში ჩააბარებდა, შემთხვევით მიწაში გაყვანილი კაბელი დააზიანა, რის გამოც მეზობელ სომხეთს ინტერნეტის მიწოდება შეუწყდა. ფაქტი 2011 წლის 28 მარტს მოხდა: 75 წლის ქალბატონი ქვეყნის დედაქალაქის (თბილისი) შემოგარენში ლითონს ეძებდა, როდესაც მისმა ნიჩაბმა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი გაჭრა. ვინაიდან სომხეთის ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას 90%-ით საქართველო უზრუნველყოფს, უნებლიე საბოტაჟს, რომელიც მოხუცმა განახორციელა, კატასტროფული შედეგები მოჰყვა. იმ ქვეყნის ინტერნეტ მომხმარებლებს, რომლის მოსახლეობაც 3,2 მილიონს შეადგენს, ხუთი საათის განმავლობაში ქსელთან ხელი არ მიუწვდებოდათ, ვიდრე ძირითადი ნაციონალური პროვაიდერები ArmenTel, FiberNet Communication  და GNC-Alfa ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ვერ ახერხებდნენ. ტელევიზიით აჩვენებდნენ რეპორტიორებს ერევნის ახალი ამბების სააგენტოდან, რომლებიც დაღვრემილები უყურებდნენ მონიტორების ცარიელ ეკრანებს. ინტერნეტკავშირი დაზიანდა ასევე საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილსა და აზერბაიჯანის ზოგიერთ რაიონში. „ეს 75 წლის ხანშიშესული ქალბატონის გამო მოხდა, რომელიც მიწაში სპილენძს ეძებდა, რომელსაც შემდეგ ჯართის სახით გაყიდდა“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა. ქალის ვინაობა არ სახელდება. ადგილობრივმა პრესამ მასნიჩბიანი ჰაკერიშეარქვა და ახლა ქონებისთვის ზიანის განზრახ მიყენების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის თქმით, ქალბატონი ჯერჯერობით გაათავისუფლესმისი საპატიო ასაკის გათვალისწინებით“, მაგრამ დამატებით ჩვენების მისაცემად შეიძლება გამოიძახონ. დაზიანება დააფიქსირა სისტემამ, რომელიც აკონტროლებს დასავლეთ ევროპიდან მომავალ ოპტიკურბოჭკოვან არხს და უშიშროების სამსახურის ბრიგადა უმალ გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ქალბატონი დააკავეს კიდეც. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მას თანამზრახველები არ ჰყავდა. მიწიდან გამოუყენებელი საპილენძის კაბელების ამოღება და ჯართში ჩაბარება საბჭოთა კავშირში ფულის გაკეთების პოპულარული საშუალება იყო. ზოგიერთი მეწარმე ტრაქტორებსაც კი იყენებდა ასობით მეტრის სიღრმეში გამავალი კაბელის ამოსაღებად ბირთვულ პოლიგონზე ყაზახეთის სემიპალატინსკის რაიონში“.

 

ჰეი, გუდვილო, გუდვილიანო, გულში ეგ სევდა რად ჩაგწოლია?!

მითხარ – პოეტზე ხომ არა დარდობ? გყავდა და თითქოს არა გყოლია.

თევზის სექციის აკვარიუმთან თეთრი შხეფები წყალი გგონია?

სინამდვილეში გაწბილებული მომხმარებლების ცრემლის ბროლია.

 

წვნიანის ნაკრების მსურველების რიგი დაგრძელდა. შემოგვემატა ცქნაფა გოგო, Dirol Mega Mystery-ს ღეჭვით!

მის საიდუმლოს სირაქლემები დარაჯობენ!

ეს ის წამია, როდესაც ფიქრობ: თავის ქალა რომ ავხადოთ იმ კრეატიულ რედაქტორებს, რომლებიც სადღაც ოთახში სხედან და რეკლამების კონცეფციებს იგონებენ, ტვინი დაგვხვდება?!

მათ მოიფიქრეს ეს სლოგანი: „გამოიცანი, რისი გემო აქვს ახალ Dirol Mega Mystery-ს!“ ჩათვალეს, რომ საღეჭი რეზინის არომატი იმდენად უნიკალურია, რომ ვერავინ გამოიცნობს! თუკი ვინმე მაინც მოახერხებს გამოცნობას, მაშინ საიდუმლოდ უნდა შეინახოს და არავის გაუმხილოს, რადგან ამ საიდუმლოს გამჟღავნების საშუალებას სირაქლემები არავის მისცემენ. თამაში იმდენად სახალისო და აზარტული აღმოჩნდა, რომ თვით კომპანიის თანამშრომლებიც ბჭობენ, რა ჯანდაბის არომატი აქვს ახალ საღეჭ რეზინს. ამიტომაც Dirol Mega Mystery-ს სარეკლამო კამპანიის კონცეფციაც აგებულია არომატის საიდუმლოდ შენახვაზე. ვინც ცდის ამ საიდუმლოს გამჟღავნებას, მას სირაქლემები „დასჯიან“!

ე.ი. ერთხელაც ჰიპერმარკეტ გუდვილის კარიბჭე განიხვნება (თავისით) და სირაქლემებზე შემოსკუპებული მხედრები მოგცვივდებიან ზედ საღეჭი რეზინის დახლთან, სადაც ეს წუთია აღმოაჩინე, რომ Dirol Mega Mystery-ს ერთდროულად აქვს სირისა და აქლემის გემო. ამ დროს არ უნდა გაამხილო ამ გემოს საიდუმლო, თორემ ეს შეჩვენებული სირაქლემები ისე დაგაპანღურებენ, პატრონი ვერ გიცნობს!..

ცქნაფა გოგო სხვა რამეს ფიქრობს.

ცქნაფა გოგოს ბებო ჰყავს ავად. მან მოინატრა ძვლების წვენი, ცხელი, ქაფქაფა, გაყინულ ძვლების გასალღობად, მოსაცოცხლებლად.

ცქნაფა გოგო სტუდენტია, უსამსახუროდ.

უახლოვდება კნაჭა გოგო, ეპილაციის სახელოსნოს სარეკლამო ფლაერით ხელში. აწვდის, როგორც თანაზიარს ერთი სვე-ბედის. ჩვენც გვიზიარებს.

და მე ვარქვი მას: ო, ლაზერული ეპილაციის სარეკლამო მენეჯერო, პრიალა ფლაერებით ხელში, რომელიცა ხარ, ასე, ოც წლამდე, გასათხოვარი, უმაღლესი განათლებით, ინგლისური ენის მცოდნე, კნაჭა, ღიმილით, ნუღარ გამგზავნი რუსთაველის ფილიალში, მე აქვე მინდა ეგ ღრმა ბიკინი და წვივი + ტუჩი საჩუქრად, მთლიანი ხელი და იღლია + ზედა ტუჩი საჩუქრად, მთლიანი ფეხი და ზედა ტუჩი + იღლია საჩუქრად, მთლიანი სახე და მთლიანი ხელი + იღლია საჩუქრად. აქვე მინდა და ფასებზეც ყაბულსა ვარ: ზედა ტუჩი – 15 ლარი, ბაკები – 39 ლარი, იღლია – 49 ლარი, წინამხარი – 30 ლარი, საზარდული – 49 ლარი, წვივები – 59 ლარი, მთლიანი ხელები – 59 ლარი, მთლიანი ფეხები – 190 ლარი, მთლიანი სახე – 109 ლარი, ღრმა ბიკინი – 119 ლარი!

 

მერმე და მერმე, კვლავ ჰიპერმარკეტისა მიმართ ვილოცოთ!..

 

– აუ, ეს შაბათ-კვირა რა!.. ყველაზე მეტად შაბათ-კვირას შია ხალხს! – ამბობს ეს ხორცის გამყიდველი, კურდღლისკბილება და მაცივარში ჩაყრილ ხორცებს ხელებით ტკეპნის.

 

რიგში ჩამდგარა ქალი ბავშვით.

პატარა გოგო ხელით ქაჩავს კაბაზე დედას:  „დე, სახლში მინდა!“

და რომელ სახლში?!

სახლი ახლა ისე ბევრია და ისე ყველგან, სადმე უთუოდ თავს მიიდრეკ მიუსაფარი (ვითარცა მელთა ხურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი):

ჩემი სახლი, შენი სახლი, ყველას სახლი,

დედის სახლი, მამის სახლი, შვილის სახლი,

ყველის სახლი, გველის სახლი (ანუ – სორო),

ისლის სახლი, ისლის სახლი! ქარი! ქარი!..

ქარის სახლი,

სუფთა სახლი,

ჭუჭყის სახლი,

ღვინის სახლი, ჭაჭის სახლი, ვისკის სახლი,

თაფლის სახლი,

ბავშვთა სახლი, ბერთა სახლი,

წიგნის სახლი…

ადამიანის უფლებათა სახლი,

იუსტიციის სახლი,

შინმოუსვლელთა სახლი,

ოფიცერთა სახლი,

კაფელის სახლი,

ტკბილი სახლი,

შაურმის სახლი,

ჯიგრის ყაურმის სახლი,

ხსოვნის სახლი (მკვდართა სახლი),

ოცნებების სასაფლაოს, ესე იგი – გ. ხაინდრავას სახლი,

ლუდის სახლი, ჩაის სახლი, ხინკლის სახლი,

ხელმოკლეთა სახლი,

მხარგრძელთა სახლი,

ორი თავი ვისაც აქვს, მათი სახლი,

შპალერის სახლი,

აზარიანცის სახლი,

თავადაზნაურთა სახლი,

გლეხუჭების სახლი,

მაიმუნი-ვირიშვილების სახლი,

ლიდერთა სახლი,

ფოლადის სახლი,

ფალოსის სახლი,

კავკასიური სახლი,

მიწის სახლი, წყლის სახლი, ჰაერის სახლი, ცეცხლის სახლი,

მუსიკის სახლი,

სილამაზის სახლი,

მყუდრო სახლი,

უფლის სახლი…

 

აქ ცხოვრობს დინამო!

აქ ცხოვრობს დომინო (საოცარი შენობა,

როგორ მოვანდომინო)!

აქ ცხოვრობს ჯალათი!

აქ ცხოვრობს ბარიგა!

აქ ცხოვრობს ქართველი ვაჟკაცი!

აქ ცხოვრობს მეამბოხე!

აქ ცხოვრობს ქვეშაჯვია!

აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა!

აქ ცხოვრობს ზარმაცა!

აქ ცხოვრობს კუნგ-ფუ კოალა!

აქ ცხოვრობს მზეთუნახავი (ვერ ხედავს მზეს)!

აქ ცხოვრობს ბოზი მამიდა!

აქ ცხოვრობს კარლსონი!

აქ ცხოვრობს ბიძინა (აცვია კარლსონი)!

აქ ცხოვრობს არავინ!

 

მერმე და მერმე, ამ დროს თქვა ქვისლმა სწორედ შაირი:

აკაკი და ილია, თქვენი გადახდილია!

ის მოდიოდა ავტობუსით გუდვილისაკენ,

ხელში ეჭირა „რეზონანსი“…

და კითხულობდა:

ხალხი, რომელიც სადილის მოსამზადებლად ძაღლისთვის განკუთვნილი ძვლების საყიდლად საათობით დგას რიგში, არ იტყვის, რომ ხელისუფლება კარგად მუშაობს“, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე IRI-ის კვლევის შედეგებს, – „ხელისუფლებას ძალიან რთული პასეანსი ელის და ძალზე მყიფე ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა. კვლევის შედეგს, ძირითადად, სოციალური ფონი განსაზღვრავს. ამიტომ ნდობა-უნდობლობის საკითხი მეორე მხარეს გადადის. ხალხი დღითი დღე სულ უფრო და უფრო უარესად ცხოვრობს. პირადი მაგალითიდან გეტყვით: წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ყაზბეგის გამზირზე, კვირაში ორ-სამჯერ შევდიოდი იქვე არსებულ დიდ ჰიპერმარკეტში, სადაც ძაღლისთვის ძვლებს ვყიდულობდი – კაპიკები ღირდა და ნებისმიერ დროს იყო ხელმისაწვდომი მისვლა და ყიდვა. რამდენიმე ხნის წინ მივედი და დავაპირე ძვლების ყიდვა. გამყიდველები სიცილით მოკვდნენ – როგორც ჩანს, დიდი ხანია, არ ყოფილხართო. ძვლები დილით გამოგვაქვს. ხალხი დილის 08:00 საათიდან რიგში დგას და ნახევარ საათში გასაყიდი ძვლები აღარ გვაქვსო. ნებისმიერს შეუძლია, შეამოწმოს. ადამიანები ქუჩაში, სანაგვეებში იქექებიან, ძაღლისთვის განკუთვნილ ძვლებს ყიდულობენ და იმისგან სადილს აკეთებენ – ასე ცხოვრობს ხალხი დღეს. აქედან გამომდინარე, ისინი, ვინც ძაღლის ძვლებისთვის საათობით დგანან რიგში, არ იტყვიან ხელისუფლებაზე, რომ კარგად მუშაობს, ეფექტურია და ცხოვრება გაუმჯობესდა. გადით და დაუსვით ხალხს კითხვა – 5 წლის წინ უფრო კარგად ცხოვრობდა თუ დღეს. ასიდან მხოლოდ ერთი გეტყვის, რომ „დღეს“ და ისიც ჩინოვნიკი იქნება. მე ძალიან მიკვირს, რატომ ამბობს გამოკითხულთა 70% და არა 80%, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება. ქსენია დიასახლისმა არ იცის, რა არის სწორი გზა. სამაგიეროდ, მან კარგად იცის, მისი მაცივარი 5 წლის წინ უფრო სავსე იყო თუ დღეს უფრო სავსეა. მან იცის, რომ 20 ლარით ნაკლები პენსია, რომელსაც მაშინ იღებდა, უფრო მეტ რამეს ყიდულობდა და უფრო დიდი ხანი ყოფნიდა, ვიდრე ახლა ყოფნის. მას მიკრო და მაკროეკონომიკა არ აინტერესებს. არ აინტერესებს, რატომ ცდილობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეინარჩუნოს ინფლაცია და ასე შემდეგ…“

 

ეს ეპილოგი, როგორც პილოტი

დაბლა დაშვებით, ასრულებს ამ ტექსტს.

თუ გაგაცინათ, ვით იპოლიტე

ხვიჩიამ, კარგად გაერთეთ, ამდენს

თუ არ ელოდით, როგორც პილატეს,

დამიბანია ხელები აქ მეც!

 

ქვისლი ჩავიდა ავტობუსიდან.

წაიღიღინა სულ ბოლოს ესე:

იდილიაა,

ო, ილია და

ეს ილიადა –

გუდვილიადა

ნამდვილია და

ადვილია და

ოდელია და

ჰეე!

 

2009-2021 წწ.

© არილი

Facebook Comments Box