ესე

ალეკო ცქიტიშვილი – პოეტი პატიმარი

ახლა, როცა ამ სიტყვებს ვწერ, ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი ორი საათის დასრულებულია. შავი ფიქრები გროვდება ისევ. პოეტი ეტაპირებულია ერთ-ერთ იზოლატორში და მისი ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები მისგან ველით სატელეფონო ზარს, რათა გვამცნოს, კერძოდ რომელ იზოლატორში გაანაწილეს. დგება წამების თეთრი საათი.ვიცით, რომ პოეტი პატიმარი ბადრაგის თანხლებით სადღაც შორს მიჰყავთ – მტკივანი ფეხით, მოტეხილი ნეკნით, ჩალეწილი ცხვირით და უამრავი დაჟეჟილობით… უკვე შუაღამეა და გზაში პოეტი ფიქრობს, რომ ალბათ, ეს ღამე არ გათავდება, ძნელია მისვლა გათენებამდის… შორს მიჰყავთ, რადგან თბილისის ყველა იზოლატორი საპროტესტო აქციაზე დაკავებულებით არის გადატენილი და მომავალ დღეებშიც კიდევ ათობით დაკავებული უნდა შეასახლონ – სამართალდამრღვევები, როგორც მათ რეჟიმის მართლმსაჯულება მოიხსენიებს. პოეტი პატიმარი დაღლილია, წუხს და ენატრება ისეთი მხარე, სადაც დუმილი და სიმშვიდეა, სადაც მხოლოდ პოეზიისთვის არის ადგილი გამოთავისუფლებული.

პოეტი პატიმარი – ეს თემა ქართულ პოეზიაში ახალი არ არის – ერთი საუკუნის წინ ტერენტი გრანელმა დაწერა ლექსი ამ სათაურით და ეს ხატიც სამუდამოდ დაამკვიდრა. ამ თემაზე ტერენტის კიდევ რამდენიმე შედევრი აქვს, მათ შორის – „მთვარე ციხიდან“, სადაც უშუალოდ მისი ცხოვრებისეული გამოცდილება – თბილისის ერთ-ერთ საპატიმროში ყოფნა მისეული კოსმიური სევდის ემოციით არის გაჯერებული. ამიტომაც ეს სტრიქონები მხოლოდ მასზე არაა – ყველა პატიმარზეა, ვინც ოდესმე საკანში მჯდარა და საკნის სარკმლიდან გარეთ გაუხედავს:

„ვზივარ, საკანში ბინდი შემოვა,

და ისევ ციხის ქსელში გავები.

ახლა თბილისი გრძნობს უჩემობას

და ჩემს ტყვეობას გრძნობს ვარსკვლავები“.

ტერენტიმდეც და მას შემდეგაც გვყოლია პატიმარი პოეტები, ვინც ან სამარტოო საკანში მჯდარა ან კოლონიაში ან კატორღაში ან უარესი – ციმბირის საკონცენტრაციო ბანაკებში.

ზვიად რატიანი, იმედია, არის ბოლო პოეტი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ამჯერად, ეს დამოუკიდებელ საქართველოში მოხდა – 2024 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ცეკვავამ, რომელსაც ბედის ირონიით, ასევე ზვიადი ჰქვია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ზვიად რატიანმა 8 დღე უნდა დაყოს იზოლატორში.

ზვიად რატიანი 29 ნოემბერს დააკავეს საქართველოს პარლამენტთან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. დაკავებისას მას ე. წ. სპეცრაზმელებმა გაუტეხეს ნეკნი, ჩაუმტვრიეს ცხვირის ძვალი და ძგიდე, დაუზიანეს ფეხი, სხეულზე აქვს ჰემატომები. სასამართლო პროცესამდე იზოლატორში იჯდა. ზოგადად, პოეტს საპატიმრო და მისი ბინადრები სულაც არ ემშობლიურება. მისი გულის ტკივილი უფრო ღრმავდება, როდესაც უმზერს ჯიბგირს და ბანდიტს.თუმცა, ყველაფრისგან შეიძლება რაღაცის გამოდნობა. ამ წუთებში თუ არა, ოდესმე მაინც ამოვა სიტყვები გულიდან, როგორც ყვავილები.

30 ნოემბერს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის პირველ სხდომაზე, ადვოკატმა მოსამართლეს პროცესი გადაადებინა. მეორე სხდომა კი 2 დეკემბერს ჩატარდა, სადაც პოეტი პირდაპირ საავადმყოფოდან მოვიდა. შეეძლო, არც მოსულიყო, მაგრამ საჭიროდ ჩათვალა, ეთქვა თავისი სიტყვა პროცესზე, სადაც მას ადმინისტრაციული ორგანოს – პოლიციის წარმომადგენლები უმისამართო გინებას ედავებოდნენ.

რა იქნებოდა, რომ მს წამებასქონოდა სახე ან დასასრული? არც არაფერი! მისი უფლებადამცველი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე მის გარეშეც ისაუბრებდა საქმის არსებით გარემოებებზე, ხოლო მოსამართლე ცეკვავა – რეჟიმის მოცეკვავე კაცუნა, იმავე გადაწყვეტილებას გამოიტანდა. თუმცა, პოეტს გულმა არ მოუთმინა, წინასწარ ჩაალაგა ერთი ხელი გამოსაცვლელი ტანსაცმელი ზურგჩანთაში მოსალოდნელი პატიმრობისთვის და პროცესზე გამოცხადდა.

საქმის განხილვისას „უმისამართო გინების“ თემა ყველაზე საინტერესო ამბავი გამოდგა.

ერთმა მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ პოეტი დაპატიმრებამდე – „იგინებოდა უმისამართოდ, მთავრობის მისამართით, კერძოდ კი – დედის მისამართით“.

ამ წინადადების ენობრივ კონსტრუქციას და შინაარსს ზვიადმა ვერაფერი გაუგო.

თუმცა, წინადადებას პოსტმოდერნისტულ ტექსტად თუ გავიაზრებთ, შესაძლებელი გახდება მოწმე პოლიციელის ჩვენების და შეთითხნილი ბრალდების ლოგიკის გაგება – უმისამართოდ როცა იგინები, მთავრობის დედის მისამართით და, ამავდროულად, იცი, რომ მთავრობას დედა არა ჰყავს, გინება მართლაც უმისამართოა.

საპატიმროში ამაზე ფიქრს და ყველანაირ ლოგიკას აზრი ეკარგება.

საპატიმრო თავის ტრადიციულ, მრავალსაუკუნოვან განცდებში ახვევს ადამიანს.

ისმის ხმაური, არის ცხელება

და ჟონავს წვიმა, ოდნავ ხმოვანი.

ციხე დგას, როგორც საშინელება,

დამძიმებული და კეთროვანი.

რამდენიმე საათი გავიდა. ეს სტრიქონები ნელა იწერება. პოეტი პატიმარი ახლა, ალბათ, უკვე იზოლატორში წევს, ხმელ საწოლზე და იწყებს მოგონებებით ცხოვრებას. ფიქრისთვის საკანში დრო ბევრია – ზედმეტად ბევრი. უფრო ხშირია მელანქოლია და გაფიქრება შეუძლებელის. რამდენჯერ გვინატრია ყოველდღიურობის რუტინაში ყელამდე ჩაფლულ პოეტებს ასეთი განმარტოება, რომ დრო გვქონოდა ფიქრისთვის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, საიდანაც უკვე ადვილია მუზების თუ მფარველი ანგელოზების გამოხმობა (ეს გული მხოლოდ შენ გესალმება, შენ, ანგელოზო მძიმე წარსულის).

საკანში ამ იდილიას მხოლოდ უსამართლობის მწვავე შეგრძნება არღვევს – შეგრძნება, რომელიც იმ წუთებიდან გაჰყვა პოეტ პატიმარს, როცა დაკავებისას რეჟიმის მსახური შავფორმიანების მორევმა შეისრუტა, ხოლო იზოლატორში გადაყვანისას, როცა აგინებდნენ, ვეღარ მოითმინა და ერთ-ერთ ხეპრე პოლიციელს ჰკითხა: „როგორ უნდა ჩახედო შენს შვილებს თვალებში?!“

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ იქ, იზოლატორის პატარა საკანში და ყველგან დედამიწაზე პოეზია მაინც იმარჯვებს ნებისმიერ უსამართლობაზე და პოეზიაში რჩება ის საპროტესტო მუხტი, რომელსაც მერე ქუჩებში „მშიერი რაინდები“ იმღერებენ:

მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი
კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა
ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით
ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად
ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,
რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც;
სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,
მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა
.

კარები ირგვლივ დაკეტილია (ისევ!), ხოლო ზვიად რატიანი არსებულ მდგომარეობას არ შეურიგდება.

– – – – – – – – – – – – – – – – – – –

ტერენტი გრანელი

პოეტი პატიმარი

შავი ფიქრები გროვდება ისევ,

დგება წამების თეთრი საათი.

მიწა არ მინდა და როგორც ქრისტე,

მეც ვემზადები გაფრენისათვის.

ეს გული მხოლოდ შენ გესალმება,

შენ, ანგელოზო მძიმე წარსულის.

რა იქნებოდა, რომ ჩემს წამებას

ჰქონოდა სახე ან დასასრული.

სხვა მეგობარი მე არ მყოლია,

მხოლოდ ქარია ჩემი მხლებელი,

უფრო ხშირია მელანქოლია

და გაფიქრება შეუძლებელის.

იყო სიჩუმე, სამი წერტილი,

მას შემდეგ ბევრი ხანი გავიდა.

ახლა შორს ელავს ცა მოწმენდილი

და მიხმობს ქრისტე მე ვარსკვლავიდან.

ალბათ ივნისი დადგება მალე,

დღეს ხომ მაისის ოცდაშვიდია.

და მენატრება ისეთი მხარე,

სადაც დუმილი და სიმშვიდეა.

ისმის ხმაური, არის ცხელება

და ჟონავს წვიმა, ოდნავ ხმოვანი.

ციხე დგას, როგორც საშინელება,

დამძიმებული და კეთროვანი.

გულისტკივილი უფრო ღრმავდება,

როდესაც ვუმზერ ჯიბგირს და ბანდიტს.

ალბათ ეს ღამე არ გათავდება,

ძნელია მისვლა გათენებამდის.

და იმედები ისევ ტირიან

და მწუხარეა ჩემი მეობა,

კარები ირგვლივ დაკეტილია

და ვურიგდები მდგომარეობას.

აღარც თენდება, უფრო ვღონდები,

ღამეა ჩუმი და ნაწვიმარი.

ალბათ ვიღაცას იქ ვაგონდები,

როგორც პოეტი და პატიმარი.

© არილი

Facebook Comments Box