ესე,  პორტრეტი,  ხსოვნა

ალეკო ცქიტიშვილი – ღვინოზე შეყვარებული კაცის ამბავი

ღვინო უყვარდაო – ქართველები ხშირად ასე მოვიგონებთ ხოლმე გარდაცვლილ ადამიანს და ამით მის ერთ-ერთ კარგ თვისებას ვუსვამთ ხაზს, რადგან ღვინის სიყვარული ქართველისთვის ყოველთვის დადებითი შინაარსისა და ემოციის შემცველია. მალხაზ ხარბედია იყო ადამიანი, ვისზეც ყველაზე მეტად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ღვინო უყვარდა – ამ სიტყვების ყველაზე არასტერეოტიპული, ნამდვილი მნიშვნელობით. უფრო მეტიც – თითქმის ოცწლიან პერიოდში, მალხაზ ხარბედიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ღვინო სხვებსაც შეჰყვარებოდათ – მათაც კი, ვისაც ეს ვერასოდეს წარმოედგინათ.

„ყველა ღვინისთვის, ღვინო ყველასთვის!“ – ეს იყო მალხაზ ხარბედიას დევიზი, როგორც დიუმას მუშკეტერების „ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის“ და ეს იყო ის შემართება, ენთუზიაზმი თუ საბრძოლო განწყობა, რაც წლების განმავლობაში მოჰყვებოდა „ღვინის კლუბის“ საქმიანობას.

„სამოქალაქო საზოგადოება აქაც ყალიბდება, ღვინით და ღვინოსთან ერთად!“ – ამბობდა მახო ერთ-ერთი ინტერვიუში, სადაც „ღვინის კლუბის“ მიერ დაარსებული ახალი ღვინის ფესტივალის ისტორიას მოგვითხრობდა, მას სწორედ ასე ჰქონდა გააზრებული „ღვინო ყველასთვის“ – როგორც ქართული კულტურის შემადგენელი გენეტიკური კოდი, რომელსაც შეეძლო გაეერთიანებინა განსხვავებული სქესის, მრწამსისა და თუნდაც პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები.  

რა იყო ღვინის კლუბამდე

„ღვინის კლუბამდე“ იყო რვაგვერდიანი გაზეთი „მარანი“, რომელიც მალხაზ ხარბედიას ინიციატივით და რედაქტორობით 2006 წელს გამოიცა და ჩანართად მოჰყვებოდა გაზეთ „24 საათს“. „მარანმა“ საქართველოში სათავე დაუდო თანამედროვე ღვინის ჟურნალისტიკას, რომელიც აშუქებს მევენახეობა-მეღვინეობის მოვლენებს და სანდო ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. შეიძლება ითქვას, რომ ამ სახით მანამდე ქართული ღვინის ჟურნალისტიკა არ არსებობდა, რადგან „მარანის“ წინაპარი გამოცემები უფრო სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს, ეთნოგრაფიულ ჩანახატებს, მოგონებებსა და მოსაზრებებს აქვეყნებდა. ამ გაზეთის გამოცემა დაემთხვა 2006 წელს ქართულ ღვინოზე რუსეთის ემბარგოს დაწესებას, როცა ჩვენი ქვეყნის დაუძინებელმა მტერმა გადაწყვიტა, საქართველოში დაესამარებინა ღვინის წარმოება. როგორც შემდგომმა წლებმა აჩვენა, საკმაოდ ძნელად და მტკივნეულად, მაგრამ ქართული მევენახეობა-მეღვინეობა მაინც მალევე გადაეწყო დასავლეთის სტანდარტებზე და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი, რომელსაც ერთ-ერთ მაშინდელ მიმოხილვაში „მარგებელი ჭირის პერიოდი“ ვუწოდე. ამ ძნელბედობისას „მარანი“ იყო არა მხოლოდ მემატიანე, რომელიც ასახავდა დასავლეთის ბაზრების მოძიების, ახალი სტანდარტების დანერგვის ამბებს და ხარისხზე ორიენტირებული მეღვინეების საქმიანობას, არამედ მათი მთავარი იდეური მხარდამჭერიც იყო.

2007 წელს დაარსდა საიტი – Vinoge.com – „მალხაზ ხარბედიას ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ“, რომელიც „მარანში“ დაბეჭდილი სტატიების გარდა, სხვა სიახლეებსაც აქვეყნებდა. იმ დროის საქართველოში ძალიან პოპულარული იყო ინტერნეტ-ფორუმები – ახლანდელი სოციალური ქსელების წინამორბედი ონლაინ საკომუნიკაციო სივრცეები. ყველაზე ხალხმრავალი ფორუმი იყო forum.ge, სადაც მახოც აქტიურობდა და ჰქონდა დასამახსოვრებელი ნიკნეიმი – „გაბარძგალება“. ხშირად ამ სიტყვას ოსტატურად იყენებდა სხვადასხვა ლიტერატურული ალუზიებით. მაგალითად – „ბარძგალ-ბარძგალ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა…“ აი, სწორედ იმ დროს Vinoge.com-საც ჰქონდა თავისი ინტერნეტ-ფორუმი, სადაც მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებულმა უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. როგორც მალხაზ ხარბედია აღნიშნავდა თავის ინტერვიუში [„ახალი ღვინის ფესტივალი – ახალი გზა ქართული ღვინისთვის“], ამ ფორუმზე ძალიან მალე დარეგისტრირდნენ იმ დროისთვის ყველაზე აქტიური მევენახემეღვინეები, მომავალი ღვინის ჟურნალისტები, ისტორიკოსები, ენთუზიასტები

მოხდა ისე, რომ გაზეთი „მარანიც“ რუსეთის მორიგმა აგრესიამ შეაფერხა – 2008 წლის ომის გამო, გამოცემა დროებით შეჩერდა. თუმცა, სწორედ ამ დროიდან დაიწყო მომწიფება „ღვინის კლუბის“ დაარსების იდეამ, რომელიც მალხაზ ხარბედიამ ინტერნეტფორუმზე დამეგობრებულ ენთუზიასტებს 2009 წელს გაგვიზიარა. ამ დღეს მახო ასე იხსენებს: „…გადავწყვიტეთ კლუბი დაგვეფუძნებინა. მახსოვს ივლისი იყო, ახალი ჩამოსული ვიყავი თუშეთიდან, ჩამოვიტანე ხმელი კალტი, ცხვრის ყველი და თუშური ლუდი, დართლოდან, იახსრის ხატობაზე ვიყავი მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღით წასული. ჩემთან შევიკრიბეთ, სახლში: ანა ჭეიშვილი, სოლიკო ცაიშვილი, იაგო ბიტარიშვილი, ალეკო ცქიტიშვილი, ავთო კობახიძე, ალექსი შავგულიძე, გიორგი სიმონგულაშვილი, დიტო კობეშავიძე, გივი აფაქიძე. რამდენიმე დღეში დავარეგისტრირეთ კლუბი და პირველი შეხვედრებიც გავმართეთ“. 

ღვინის კლუბი

კლუბი 2009 წლის აგვისტოში დაარსდა, წესდებით გაცხადებული მიზნებით: ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება, გაბედული სიახლეებისა და ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა, მაქსიმალური და მართალი ინფორმაციის მიწოდება ბაზარზე წარმოდგენილი ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ, ქართული სამზარეულოს დახვეწა ადგილობრივი ღვინოების მიხედვით, სარესტორნო კრიტიკის ხელშეწყობა, ღვინის ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა და ა. შ.

2009 წლის ოქტომბრიდან „ღვინის კლუბმა“ დაიწყო ღია ლექცია-სემინარები, სადაც მეღვინეები, მევენახეები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, სომელიეები, ჟურნალისტები, უცხოელი სპეციალისტები საუბრობდნენ მევენახეობა-მეღვინეობასთან ან კულინარიასთან დაკავშირებულ თემებზე. ლექცია-სემინარებს თავიდან „კავკასიური სახლი“ მასპინძლობდა. შემდეგ აუდიტორია გაიზარდა და კლუბს შედარებით დიდი დარბაზი „საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ“ დაუთმო. ბოლოს ეროვნული ბიბლიოთეკის მაშინდელი დირექტორის, გიორგი კეკელიძის მხარდაჭერით, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ვიკრიბებოდით.

დღევანდელი გადასახედიდან თითქოს წარმოდგენაც კი ძნელია, თუ რატომ იყო ასე ხაზგასმულად საჭირო „ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება“. არადა, კლუბის პირველი ლექცია-სემინარების მონაწილეებს კარგად გვახსოვს ლამის კურიოზული სიტუაციები, როცა შეკრებებზე გასასინჯად მოტანილ ღვინის ბოთლებს ვერ ვხსნიდით, რადგან თბილისში პრაქტიკულად არსად იყიდებოდა კორპსაძრობები. მახომ ერთხელ გაიხსენა მსგავსი სიტუაცია – „არილის“ რედაქციაში შადიმან შამანაძემ ხმალივით როგორ მოიქნია დანა და ბოთლს ყიზილბაშივით წააცალა თავი საცობიანად. არსებობდა ასეთი მეთოდებიც. ასევე, არსად იყო სადეგუსტაციო ჭიქები და ხშირად პლასტმასის ერთჯერადი ჭიქებით გვიწევდა ღვინოების სახელდახელო გასინჯვა. მთელ ქალაქში მხოლოდ 2-3 ღვინის სპეციალიზებული მაღაზია მუშაობდა, ხოლო ღვინის ბარი, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობდა. ერთ-ერთ ლექციაზე კი, რომელიც ღვინის დუღილის თემას ეხებოდა, რომელიღაც უნივერსიტეტის სტუდენტი მოვიდა და მადლობა გადაგვიხადა – მე ასე ვიცოდი, რომ ღვინო დიდი ქვაბით ცეცხლზე უნდა შემომედგა და ისე ამედუღებინა, ახლა გავიგე, რა ყოფილა დუღილიო.

2010 წლის გაზაფხულიდან გაზეთმა „24 საათმა“ ახლა უკვე „ღვინის კლუბთან“ ერთად განაახლა „მარანის“ გამოცემა ყოველკვირეულ Weekend-ში. „მარანი“ კვლავ გახდა საქართველოში ღვინის კულტურის განვითარებით დაინტერესებული ადამიანების მთავარი მოკავშირე. დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა „მარანის“ იმდროინდელ პუბლიკაციებს, რომლებიც, ამავე დროს, მნიშვნელოვანი წყაროა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის. ეს სტატიები დაცულია მალხაზ ხარბედიას ბლოგზე ღვინისა და გემოვნების შესახებ (vinoge.com), რომელიც დღესაც საქართველოში ერთადერთი ყოველდღიურად განახლებადი ინტერნეტგამოცემაა მევენახეობის, მეღვინეობის და გასტრონომიის სიახლეებით.

„ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი განსაკუთრებული წამოწყება იყო თემატური დეგუსტაციები. საშუალოდ თვეში ერთხელ კლუბის წევრები ამა თუ იმ დასახელების ქართულ ღვინოებს ვსინჯავდით. დეგუსტაციის მიმოხილვები და შეფასებები კი ქვეყნდებოდა ჯერ გაზეთ „მარანში“, შემდეგ – მალხაზ ხარბედიას ბლოგზე. პირველი დეგუსტაცია რესტორან „პურის სახლში“ მიეძღვნა „საფერავს“. მახსოვს, როგორი ამაღლებული განწყობა დაგვეუფლა ამ დეგუსტაციის მონაწილეებს, როცა რესტორნის მიმტანებმა შეფუთული ბოთლებიდან მაღალფეხიან სადეგუსტაციო ჭიქებში „საფერავის“ პირველი ნიმუში დაგვისხეს, ამ ჭიქებში ღვინის ღირსებების შესაფასებლად ცხვირები ჩავყავით და თან მაგიდაზე წინასწარ დალაგებული ღვინის შესაფასებელი ანკეტების შესავსებად ავტოკალმები მოვიმარჯვეთ. უფრო საინტერესო და ამაღელვებელი იყო მეორე დეგუსტაცია, რომელიც მიეძღვნა იშვიათ ღვინოებს და უმასპინძლა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტმა, სადაც გამოცდილ მეღვინეებთან და მეცნიერებთან ერთად შეფასდა ვაზის იშვიათი ქართული ჯიშის ყურძნით დამზადებული ღვინოების პოტენციალი. მსგავსი დეგუსტაციების ტრადიცია საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა. ღვინის კლუბის დეგუსტაციების მიზანი იყო მომხმარებლის მხარდაჭერა და ინფორმირება, რისთვისაც კლუბს სადეგუსტაციო ღვინის ნიმუშები კომპანიების საცავებიდან კი არ მოჰქონდა, არამედ თავად ყიდულობდა სარეალიზაციო ქსელში.

„ღვინის კლუბის“ საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა მხარეში. წლების განმავლობაში, მევენახეობა-მეღვინეობის თანამედროვე პრობლემების შესასწავლად, კლუბის წევრებმა არაერთხელ იმოგზაურეს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მხარეებსა თუ მიკროზონებში. პირველი ექსპედიციებისას მახოს ჟიულ ვერნის რომანების მოგზაურები ახსენდებოდა – დიდი აღმოჩენებისთვის რომ თავი ჰქონდათ გადადებული. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების მოძიებას და იმ ოჯახური მარნების მდგომარეობის გაცნობას, სადაც მეტ–ნაკლებად შენარჩუნებული იყო ღვინის დაყენების ქართული ტრადიციები. კლუბის საქმიანობის პირველ წლებში ასეთი ოჯახები სანთლით იყო საძებარი, განსაკუთრებით – დასავლეთ საქართველოში, სადაც ღვინის ფალსიფიკაცია (შაქარწყლით ღვინის მსგავსი სასმლის დამზადება) არნახულ მასშტაბებს აღწევდა. მახსოვს, 2010 წელს როგორ გვიხაროდა გურიაში კანტიკუნტად შემორჩენილი მევენახე-მეღვინეების პოვნა, რომლებიც უარს ამბობდნენ ვაზის ჰიბრიდულ ჯიშებზე (ადესა, ნოვე და სხვა) და ღვინოს ტრადიციული გურული ჯიშის – ჩხავერის ყურძნისგან აყენებდნენ. ამ ადამიანებს „მარანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „გურია ადესის გარეშე“, „ჩხავერის საძმო“ ვუწოდეთ.

ახალი ღვინის ფესტივალი და სხვა ფესტივალები

ახალი ღვინის ფესტივალამდე საქართველოში ღვინის ფესტივალი არ არსებობდა. კი იყო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა – WinExpo Georgia, რომელსაც ახლაც ასე ჰქვია, მაგრამ ფესტივალი, როგორც ასეთი, თავის სახალხოობით, საყოველთაობით, საზეიმო განწყობით, არ არსებობდა. „ღვინის კლუბის“ დამფუძნებლებს სწორედ ეს გვინდოდა, რომ ფესტივალზე წარმოდგენილნი ყოფილიყვნენ არა მხოლოდ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები – სხვადასხვა კომპანიები, არამედ საოჯახო მარნები, საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი მევენახე-მეღვინეები საქართველოს სხვადასხვა მეღვინეობის რეგიონებიდან, რომლებიც კარგ ღვინოებს აყენებდნენ, მაგრამ ამ ღვინოების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ამ უჩინარი ხალხის მოძიება არც ისე ადვილი იყო მაშინ, მაგრამ არა შეუძლებელი – „ღვინის კლუბის“ ყველაზე აქტიურმა წევრებმა: სოლიკო ცაიშვილმა, იაგო ბიტარიშვილმა და რამაზ ნიკოლაძემ თავიანთ სამეგობრო-სანაცნობოსთან დაგვაკავშირეს – მეღვინეებთან, რომელთა ღვინოები თავდაპირველად საგულდაგულოდ გავსინჯეთ „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთ შეკრებაზე, რათა ფესტივალზე მხოლოდ ხარისხიანი და გამორჩეული ღვინოები მოხვედრილიყო. ასე ჩაეყარა საფუძველი სავალდებულო დახურულ დეგუსტაციებს, რომელსაც „ღვინის კლუბი“ აწყობს ყოველწლიურად ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე საოჯახო მარნების შესარჩევად.

პირველი და შემდეგ კიდევ რამდენიმე ახალი ღვინის ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა. ფესტივალს ჰყავდა დირექტორი – იაგო ბიტარიშვილი, რომელიც ისედაც გამხდარია და ყოველი ახალი ღვინის ფესტივალის ორგანიზებისას, როგორც წესი, კიდევ რამდენიმე კილოგრამს იკლებდა. ასევე უნდა ვახსენოთ ფესტივალის წამყვანი – რეჟისორი ლევან კიტია, რომელიც ერთ ხელში ღვინის ჭიქით, მეორე ხელში – მიკროფონით დადიოდა და ფესტივალის მონაწილეებს და სტუმრებს ერთმანეთთან აკავშირებდა. უნდა ვახსენოთ ფესტივალის უცვლელი ფოტოგრაფი ქეთი ადეიშვილიც, რომელიც დღის განმავლობაში უამრავ დასამახსოვრებელ კადრს იღებდა და ამ ფოტოების გადარჩევა მერე ადვილი საქმე არ იყო. კიდევ ბევრი ხილული თუ უხილავი გმირი ჰყავდა პირველ და შემდეგ ფესტივალებს. ამ სტატიაში ყველას ნამდვილად ვერ ჩამოვთვლით, რადგან ამ ფესტივალის წარმატებას ყოველთვის დიდი გუნდი და გუნდურობა განაპირობებდა, მაგრამ ახლანდელი გადასახედიდან, როცა მალხაზ ხარბედია ჩვენს გვერდით აღარ არის, შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ამ ფესტივალის სული და გული, უფრო უკეთ კი მის წვლილს კარგად გამოხატავს ქართული სიტყვა – „სულისჩამდგმელი“.

15 წლის შემდეგ, შეკითხვაზე – რა არის „ახალი ღვინის ფესტივალის“ ყველაზე მთავარი პრინციპი და იდეა თქვენთვის – მალხაზ ხარბედიამ ასე უპასუხა: „თანასწორობა და ერთიანობა. აქ მონაწილეობას იღებენ დიდი კომპანიებიც, საშუალო და მცირე მარნებიც, ნატურალისტებიც, ბიო და ბიოდინამიკური მევენახეობის მიმდევრებიც. ფესტივალი გაცნობისთვის, დამეგობრებისთვის და სამომავლო, დიდი მეგობრობისთვის საუკეთესო ადგილად იქცა წლების განმავლობაში. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს“.

ახალი ღვინის ფესტივალის გარდა „ღვინის კლუბი“ კიდევ ორი ფესტივალის დამაარსებელი და ორგანიზატორია. ესენია – „ცქრიალა ღვინის ფესტივალი“ და „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“. ქართულ ცქრიალა ღვინოს მალხაზ ხარბედია ყოველთვის მომავლის თვალით უყურებდა, როგორც უსამართლოდ დაჩაგრულს და, ამავე დროს, დიდი პოტენციალის მქონეს. არაერთხელ გვისაუბრია, რომ ოდესმე ქართულ ცქრიალა ღვინოს წარმოაჩენდა არა მხოლოდ ყველაზე ცნობილი ვაზის ჯიშები (რქაწითელი, მწვანე კახური, ცოლიკოური), არამედ უფრო მეტად ისეთი ხალისიანი და მსუბუქი ჯიშები, როგორებიცაა – თავკვერი, ციცქა, გორული მწვანე, მესხური მწვანე, ალადასტური, ჩხავერი, საკმიელა, ჟღია და სხვა.

ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ პირველად 2016 წელს ჩატარდა. თითქმის ათი წელი გასულა! ამ ხნის განმავლობაში, ახალი მცირე მარნები დაღვინდნენ და გაიზარდნენ. ყველანი მადლიერებით და ნოსტალგიით იხსენებენ თავიანთ პირველ საფესტივალო ნაბიჯებს და პირველ კონტაქტებს ღვინის გურმანებთან, ღვინის ჟურნალისტებთან.

ქართული ვაზის ფონდი

„ღვინის კლუბის“ წევრების და სხვა ენთუზიასტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წამოწყებაა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების ვენახის გაშენება. ეს იდეა თავდაპირველად მე გავაჟღერე ინტერნეტფორუმზე – სადმე გვეყიდა მიწა და გაგვეშენებინა მხოლოდ იშვიათი ვაზის ჯიშები, მერე დაგვეყენებინა ღვინოები და ამ გზით ეს ჯიშები დაგვებრუნებინა მეღვინეობაში. სრულიად გიჟური იდეა იყო, მით უფრო, რომ პარტნიორობას ვთავაზობდი ადამიანებს, რომლებსაც არც ვიცნობდი, მხოლოდ ინტერნეტფორუმზე გვქონდა ურთიერთობა. ამ იდეას ხორცი შეასხა სოლიკო ცაიშვილმა, რომელიც უკვე გადასახლებული იყო (ასე ამბობდა) ბაკურციხეში, როგორც ქვევრების მბრძანებელი (ასე შევარქვით) და შემოგვთავაზა, სწორედ იქ გვეყიდა ცარიელი ნაკვეთები, ხოლო ვენახის გაზრდასა და მოვლას თავად უხელმძღვანელებდა. იდეას მხარი დაუჭირა „ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთიდან „ღვინის კლუბს“ რამდენიმე იშვიათი ვაზის ჯიშის ნერგები გადასცა ბაკურციხეში გასაშენებლად.

ვენახის ზრდის პარალელურად, ჩვენს იდეას ორგანიზაციული სახე მივეცით და დავაარსეთ „ქართული ვაზის ფონდი“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე იყო მალხაზ ხარბედია. ვენახის გაშენებიდან 6 წლის თავზე – 2015 წლის მოსავლის ღვინოები გასაყიდად გამოვიტანეთ და საზოგადოებას წარვუდგინეთ, მათ შორის იყო მივიწყებული კახური ვაზის ჯიშების ყურძნებისგან პირველად დაყენებული ღვინოები: „მცვივანი კახური“, „ღვინის თეთრი“, „ბუდეშურისებრი საფერავი“, „ვარდისფერი რქაწითელი“. ყოველ შემთხვევაში, 2015 წლამდე ეს ღვინოები სხვა მარნების საცავებში მე არ მინახავს. ახლა კი ეს სახელები ყურს უცხოდ აღარ ხვდება.

საბოლოოდ, ამ ვენახის მოვლა ბაკურციხეში არც ისე ადვილი აღმოჩნდა, განსაკუთრებით – სოლიკო ცაიშვილის გარდაცვალების შემდეგ, როცა გადავწყვიტეთ, რომ ჯობდა, ეს ვენახი გაგვეყიდა და ასე გადაგვერჩინა. ის წლები მაინც ყველას ძალიან ლამაზად გვახსოვს, განსაკუთრებით – რთველის დღეები, როცა ერთად ვიკრიბებოდით და მძიმე შრომის შემდეგ, სუფრასაც ვშლიდით ჭორტაულში ან მეზობელ კარდენახში, ზურა მღვდლიაშვილთან. სოლიკოს გარდაცვალების მერე ამ ტკბილ მოგონებებს ცრემლი შეერია და სევდიან ემოციად ამოყო თავი ერთ-ერთ ჩემს ლექსში:

ჭორტაულის ღამე

გაყვითლებულა ყველა კადრი იმ შემოდგომის,

დრო არ მოგვყიდის საკუთარ თავს ახლა იმ ფასად.

დავისხათ ღვინო, ქარვისფერი, ქვევრში ნადგომი,

დავისხათ ღვინო და დავლიოთ, იქნებ, ძვირფასმა

მოგონებებმა ის წუთები შემოგვაშველოს –

ის ცა, სოლომონ ცაიშვილის ბოხი ხმის ტემბრი

და ჭორტაულის ძველი სახლი, რომლის გარშემო

გაბრუებული იდგა ღამე 5 სექტემბრის.

კალამი

მალხაზ ხარბედიას ჰქონდა სახელების მოფიქრების განსაკუთრებული ნიჭი, რაც, ცხადია, მის ლიტერატურულ განსწავლულობას უკავშირდება. ასე დაარქვა თავის მარანს და ღვინოს „კალამი“, რითაც შეაკავშირა ორი ცხოვრებისეული სტიქია – ღვინო და ლიტერატურა. ომონიმი „კალამი“, გარდა იმისა, რომ საწერ კალამს ნიშნავს, ამავდროულად, ეს არის ვაზის ტოტის აღმნიშვნელი. კალამი შეიძლება მიწაში პირდაპირ ჩაასო და იქვე ფესვიანდება, ვაზად იზრდება. კალამზე მე სულ ბულატ ოკუჯავას ცნობილი ლექსი და სიმღერა მახსენდება – „Виноградную косточку в теплую землю зарою“. მახოს ეს სიმღერა რატომღაც არ უყვარდა (არ ამბობდა, რატომ). არადა, ოკუჯავას ამ ტექსტში კარგად ჩანს ცხოვრებისადმი ქართველი კაცის დამოკიდებულება – თუ რატომ და რისთვის უნდა იცხოვრო ამქვეყნად.

„კალამი“ მახოს ცხოვრების ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწილია – როგორ გადასახლდა (სოლიკოს მსგავსად) თბილისიდან ჩარდახში, სადაც სახლი და ეზო შეიძინა და იქვე საოცარი მარანი ააშენა – გარედან რომ შეხედავ, ორსართულიანი პატარა სახლია, შიგნით კი ხუთი სართულია – მიწისქვეშა საცავით, მიწაში დაფლული ქვევრებით, ღვინის გადასაღები, სადეგუსტაციო და სხვა დანიშნულების სივრცეებით. ეზოში იშვიათი ვაზის ჯიშების ციცქნა ვენახი გააშენა. მისთვის დიდი სიხარული იყო ვაზთან, ეზოს სხვა მცენარეებთან თუ ცხოველებთან ურთიერთობა. ნამდვილი სასწაულია ეზოს შუაგულში მაგიდაზე დადგმულ დოქში წიწკანების დასახლება, ზამთარში რომ გაუჩინარდებოდნენ და გაზაფხულზე ისევ მოფრინდებოდნენ ხოლმე. მახო ფრთხილად უღებდა ფოტოებს და ყველას გვიზიარებდა, როგორ იწყობდნენ ბუდეს წიწკანები დოქში, როგორ დებდნენ კვერცხებს, ჩეკდნენ ბარტყებს და აფრთიანებდნენ.

ერთ-ერთი ბოლო მოსავლის ღვინოს ეტიკეტზე სწორედ წიწკანებიანი დოქი დაახატა. ეს ეტიკეტებიც მახოს და მისი ღვინის შესახებ გვიყვებიან სხვადასხვა ამბავს. მაგალითად, 2017 წლის მოსავლის „საფერავს“ შავი შაშვი ახატია, 2018 წლისას – ორი შაშვი. 2019 წლის საფერავზე მოულოდნელად ქუდის გამოსახულება ჩნდება და წარწერა – „თავი ქუდში“. 2020 წლის „საფერავსაც“ ქუდი ახატია, ოღონდაც – „კეპი“. სხვა ვაზის ჯიშების ყურძნის ღვინოების ეტიკეტები სხვა ისტორიებს ჰყვებიან. 2019 წლის „ჩინურის“ ეტიკეტზე დოლი ახატია (დრამერი მახოც ახსოვთ მეგობრებს), 2020 წლის „კრახუნა“ იმერული ფაფანაკის გამოსახულებით გვამახსოვრებს თავს, 2021 წლის „ხიხვი“ – ქურციკის (ეს ის დროა, ვაშლოვანის ნაკრძალში ქურციკები რომ გამრავლდნენ). 2022 წლის „ჩხავერის“ ეტიკეტზე ნავის გამოსახულება ჩნდება. ეს ნავი მე ქარონის ნავს მაგონებდა. არ მიკითხავს მახოსთვის, თვითონ რა შინაარსი ჩააქსოვა.

„კალამის“ ღვინოებით მალხაზ ხარბედია ყოველ წელს წარმოგვიდგენდა თავის ერთი წლის შემოქმედებას – ნაფიქრს, კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც აერთიანებდა ვაზის ამა თუ იმ ქართულ ჯიშთან თუ ტერუართან (ზვართან) მისი, როგორც ნატურალისტი მეღვინის ურთიერთობას. მახოსთვის ღვინო, პირველ რიგში, დაკავშირებული იყო ადგილთან – არა კარგად გაპიარებულ, ცნობილ მიკროზონებთან, არამედ უფრო მცირე ზომის უცნობ ზვრებთან. ამიტომაც ხაზგასმით აწერია „კალამის“ ეტიკეტებზე ამ ზვრების ან პატარა სოფლების სახელწოდებები (ყელიბარდები, ნაცარგორა, გუნაშაური, შავი ფიქალი, ნასაკირები, ოსეთა-ბაჟილაური, ჩარდახი, ბითაანი, ქვემო ერკეთი და ა.შ.).

ჩემთვის „კალამის“ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ღვინო იყო 2019 წლის „რაჭული ძელშავი“, რომლის ეტიკეტს ამშვენებს „ვენახის მელა“ (ცხადია, მელიის ასეთი ჯიში არ არსებობს და ეს მახოს კიდევ ერთი მხატვრულ-ენოლოგიურ-ამპელოგრაფიული ალუზიაა). ამ ღვინისთვის ყურძენი მახომ ჩარდახში რაჭიდან ჩამოიტანა და შემდგომში მისი დახასიათებისას ასე აღწერა ადგილწარმოშობა (თანმიმდევრობით): „რაჭა, ამბროლაური, სადმელი, კანაფეულის ზვარი“. ქართული ვაზის ჯიში – ძელშავი (სინონიმი – ძველშავი) იმერეთის ჯიშად მიიჩნევა, მაგრამ ფართოდ არის გავრცელებული რაჭაში. რაჭველები ამბობენ, რომ ცალკე არსებობს რაჭული ძელშავი, რომელიც იმერულისგან განსხვავდება. ოფიციალურად, ამპელოგრაფიაში „რაჭული ძელშავის“ სახელწოდებით ვაზის ჯიში აქამდე აღწერილი არ არის (როგორც „ვენახის მელა“ – ზოოლოგიურ კატალოგებში). მიუხედავად ამისა, მახომ ეტიკეტზე ხაზგასმით დააწერა „რაჭული ძელშავი“. ღვინო მართლაც გამორჩეული და განსხვავებული იყო ბევრი იმერული „ძელშავისგან“, რაც კი გაგვისინჯავს „ღვინის კლუბშიც“ და ახალი ღვინის ფესტივალებზეც. როგორც მახო ახასიათებდა, გემოზე ეს იყონაზი, ხალისიანი, მაღალმჟავიანი თხელი წითელი ღვინო“, ხოლო სურნელით შეიგრძნობოდა წითელი ხილისა და კენკრის (მოცხარი, შინდი, ალუბალი) ტონები.

„კალამის“ „რაჭული ძელშავიც“ და სხვა ღვინოებიც, რომლებიც ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ღვინის მაღაზიებში ან კერძო ვინოთეკებსა თუ კოლექციებში, უკვე არის ქართული მეღვინეობის ისტორიის ძვირფასი ფურცლები. ისტორიას ასევე შემორჩა მალხაზ ხარბედიას ის დაკვირვებები და ჩანაწერები ღვინოებზე, რომლებიც გზას უკვალავს მომავალ მეღვინეებს, ვისთვისაც ძვირფასია ბუნებრივი ღვინო, საქართველოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში არსებული უნიკალური ზვრებით, ტრადიციებით, ცნობილი თუ იშვიათი ვაზის ქართული ჯიშებით.

ბოლოს მალხაზ ხარბედია ჩარდახში ვნახე. უკვე ავადმყოფობდა. მძიმეს ვერ წევდა, ღვინოს ვერ სვამდა. ფეისბუკზე დაწერა – ბევრი საქმეა ეზოში და მარანში, მუშას კი ვერ ვშოულობ, ისეთი დრო მოვიდაო. ცხადია, მეგობრები დავეხმარეთ ამ სამუშაოებში. მე ღვინის გადაღებაში ვმონაწილეობდი. ისევ ისეთი ლაღი, ოპტიმისტი და ენაკვიმატი იყო. ვერ ვიფიქრებდი, რომ ვეღარ ვნახავდი.

კვალი

კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასახსენებელი მეგობრებს და ვიცით, რაც დრო გავა, მონატრება კიდევ და კიდევ ბევრ ტკბილ-მწარე მოგონებას შემოგვაშველებს. მე პირადად, როცა მალხაზ ხარბედიას ვიხსენებ, უამრავ მოგონებათაგან ერთი, ყველაზე ცხადი და ემოციური კადრი წარმომიდგება თვალწინ: შავბნელი 90-იანი წლებია, თან – ზამთრის პერიოდი. მე ჟურნალისტიკის, მახო კი ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობთ. ერთმანეთს მხოლოდ „არილის“ რედაქციაში, სამხედრო კათედრაზე ან თსუ-ის I კორპუსის ეზოში თუ შევხვდებოდით. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას, მახომ შეიტყო, რომ ოთახი მაქვს ნაქირავები ვაკეში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე და თან სწორედ იმ დღეს ტყიბულიდან პანტის არაყი ჩამომივიდა. გამასინჯეო, მთხოვა და წავედით, გავშალეთ სტუდენტური სუფრა – ტყიბულიდან გამოგზავნილი ყველი და მჭადის ფქვილი მქონდა. მჭადი გამოვაცხვე სპირალიან პლიტაზე, რითაც თან იმ ერთ ოთახს ვათბობდი. თუმცა, სითბო პანტის არაყმა უფრო მოიტანა და მეგობრობამ, როცა გულებიც გაგვითბა და შევყევით და შევყევით საუბარს გვიანობამდე. ამასობაში გარეთ გათოვდა – დიდი ფიფქებით და უცებ გადათეთრდა გარემო. მახოს შევთავაზე – დარჩი, გავათენოთ-მეთქი. არაო, აქვე ვცხოვრობო. მაშინ გაგაცილებ-მეთქი – ისეთი დრო იყო, ათასი ხათაბალა ხდებოდა ქუჩებში, გადავწყვიტე, გავყოლოდი სახლამდე. სუფთა ჰაერმა და გადათეთრებულმა მიწამ სასიამოვნოდ გაგვაგრილა და ენერგია შეგვმატა. ტიციან ტაბიძიდან ჭავჭავაძეზე ჩამოვედით. ღამის 2 საათი იყო. ჭავჭავაძე გაწმენდილი არ იყო თოვლისგან და არც ტრანსპორტი დადიოდა. მთლიანად თეთრი იყო გამზირი, გაუკვალავი თოვლით. მახომ – ახლა დაგემშვიდობები, მარტო მინდა წავიდეო და ისე მითხრა, ვეღარ შევეკამათე… და მიდიოდა მახო ზიგზაგებით, სპეციალურად. ნასვამი კი იყო, მაგრამ იმ წუთებში ის თამაშობდა ნასვამ კაცს და მის უკან ჭავჭავაძის გამზირზე რჩებოდა ნაკვალევი, ზიგზაგურად. კვლავ თოვდა დიდი ფიფქებით, ლამპიონები ანათებდნენ ჭავჭავაძის გამზირს, რომელზეც მხოლოდ ერთი კაცი – მალხაზ ხარბედია მიდიოდა, ბარძგალ-ბარძგალ, ნელა.

© არილი

Facebook Comments Box