პოეზია (თარგმანი)

ალენ გინსბერგი – ლექსები

თარგმნა დალილა გოგიამ

1964 წლის ბოლოს, ცნობილმა ამერიკელმა პოეტმა, ბიტ-მოძრაობის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ალენ გინსბერგმა, კუბის კულტურის მინისტრისგან ჰავანაში მწერალთა კონფერენციაში მონაწილეობის მიწვევა მიიღო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მისთვის საჭირო საბუთების გაცემა გააჯანჯლა და მხოლოდ მას მერე მისცა, რაც გინსბერგი ჩინოვნიკებს სასამართლოთი დაემუქრა. სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც მკაცრ ცივი ომის პოლიტიკას აწარმოებდა, ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნიდან პირდაპირ კუბაზე გამგზავრების უფლებას არ აძლევდა. ამიტომ, გინსბერგი ჯერ მექსიკაში ჩავიდა, ხოლო იქიდან კი კუბაზე გაფრინდა. კუბიდან ამერიკაში დაბრუნება უფრო რთული იქნებოდა. მას უფლება არ მისცეს ჰავანიდან მექსიკაში ჩასულიყო. ამის გამო, მას ჯერ რკინის ფარდის მიღმა მდებარე კიდევ ერთ ქვეყანაში – იმჟამინდელ ჩეხოსლოვაკიაში მოუწევდა გაფრენა. ის ასეთი მარშრუტის წინააღმდეგი არ იყო, რადგან შესაძლებლობა მიეცემოდა ჩასულიყო ქვეყანაში, სადაც ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამასთან, ჩეხოსლოვაკიაში ჩასვლით, მას შანსი ეძლეოდა, რომ იმ რეგიონის სხვა ქვეყნებიც მოენახულებინა.
გინსბერგის ჰავანური მოგზაურობა სკანდალით დასრულდა – 1965 წლის 18 თებერვალს, კასტროს რეჟიმისთვის მიუღებელი განცხადებების გამო, ალენ გინსბერგი კუბიდან გააძევეს – ფორმიანმა ადამიანებმა ის პრაღისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩასვეს. პრაღაში ალენ გინსბერგი იქაურ მწერლებს იან ზაბრანასა და იოსეფ შკვორეცკის დაუკავშირდა და ქვეყანაში რამდენიმე კვირით დარჩა. მისი ვიზიტი დაემთხვა ჩეხოსლოვაკიის ცნობილ მოვლენებს – როცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო უკმაყოფილო და ამავდროულად, იმედიანი ხმები სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმოდა, რაც „პრაღის გაზაფხულის“ სახელით ცნობილ პოლიტიკურ – კულტურულ ლიბერალიზაციას აახლოებდა.
ალენ გინსბერგი სტუდენტებსა და კულტურის წარმომადგენლებს ხვდებოდა, იღებდა მონაწილეობას პოეზიის საღამოებსა და დისკუსიებში. ინფორმაცია მისი იქ ყოფნის შესახებ ნამდვილ სენსაციად იქცა.
გინსბერგი თავის დღიურში, რომელიც შემდგომში საიდუმლო პოლიციამ მოჰპარა, ჩეხოსლოვაკიის შესახებ წერდა: „აქაური კომუნიზმი თავისი ბიუროკრატებითა და საიდუმლო სასამართლო პროცესებით. ზუსტად ისეთი ტერორი, როგორიც კუბაშია, მაგრამ უკეთ შენიღბული. ყველა კაპიტალისტური მითი კომუნიზმის მითის შესახებ, მართალია. აქ ადამიანებს არ ეშინიათ ღიად ლაპარაკის, თუ გიცნობენ. ისინი აკრიტიკებენ მთავრობას…. აქ ყველას უნდა ჰქონდეს ბეჭედი, რომ დასაქმებულია, ეს იმდენად გაუგებარია, რომ ტრაგიზმში გადადის.“
მარტის შუა რიცხვებში ალენ გინსბერგი მოსკოვში, ვარშავასა და კრაკოვში გაემგზავრა და პრაღაში აპრილის ბოლოს დაბრუნდა.
1965 წელს, ოცწლიანი აკრძალვის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურმა ხელისუფლებამ უფლება მისცა ხალხს, ეზეიმათ ტრადიციული საპირველმაისო დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის დადგომას აღნიშნავდა. ტრადიცია სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებებთან ერთად, მოიცავდა Kral Majales, „მაისის მეფის“არჩევასაც.
1 მაისის დილას ალენ გინსბერგთან სასტუმროში სტუდენტთა ჯგუფი მივიდა. სტუდენტებმა მას აცნობეს, რომ მათ გინსბერგი „მაისის მეფედ“ აირჩიეს და ცერემონიაში მონაწილეობის მიღება სთხოვეს. გაზაფხულის აღლუმზე დასასწრებად ქუჩებში 150 000 ადამიანი გამოვიდა. გინსბერგს მთელ ქალაქში ვინტაჟური მანქანით დაატარებდნენ. მას თმაში ფერადი მძივები ჰქონდა დამაგრებული და თავზე გვირგვინი ედგა. ის ბუდისტურ მანტრას მღეროდა და ფრანც კაფკას სადიდებელ სიტყვას ამბობდა.
ამ დროისთვის, გინსბერგის მზარდი პოპულარობისა და მისი არაერთი კრიტიკული პოლიტიკური შენიშვნების გამო, ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლება უკვე საკმაოდ ღელავდა. „მაისის მეფედ“ მისმა არჩევამ კი დააჩქარა მათი გადაწყვეტილება არასასურველი სტუმრის ქვეყნიდან გაძევების თაობაზე. საიდუმლო პოლიციამ ქუჩაში სიმთვრალისა და დებოშის ბრალდებით, გინსბერგი მთელი ღამით დააკავა, ხოლო 7 მაისს კი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ის ლონდონში მიმავალ თვითმფრინავში ჩასვეს.

 

KRAL MAJALES  – მაისის მეფე

და კომუნისტებს არაფერი აქვთ ხალხისთვის შესათავაზებელი მსუქანი ლოყების, სათვალის და მცონარე პოლიციელების გარდა

და კაპიტალისტები შიშველ ხალხს სთავაზობენ ბომბებს და ფულს მწვანე

ჩემოდნებით,

და კომუნისტები აშენებენ მძიმე მრეწველობას მაგრამ გულიც დამძიმდა

და ყველა მშვენიერი ინჟინერი მოკვდა და საიდუმლო ტექნიკოსები შეთქმულებას აწყობენ მხოლოდ საკუთარი ფუფუნებისთვის

მომავალში, მომავალში, ახლა კი სვით არაყი და იგლოვეთ სახელმწიფო უსაფრთხოების

სამსახური,

კაპიტალისტები სვამენ ჯინსა და ვისკის თვითმფრინავებში, მაგრამ არ დარდობენ თუ მილიონობით ყავისფერი ინდოელი შიმშილობს

და თუ კომუნისტი და კაპიტალისტი ნაბიჭვრები ერთმანეთში ირევიან, პატიოსან კაცს აპატიმრებენ ან ძარცვავენ, ან თავს აჭრიან,

მაგრამ არა როგორც კაბირს, და სიგარეტისგან გამოწვეული იმ პატიოსანი კაცის ხველა ღრუბლებს ზემოთ კაშკაშა მზეში პატივს მიაგებს ლურჯი ცის  სიჯანსაღეს.

რადგან მე სამჯერ დამაპატიმრეს პრაღაში, ერთხელ მთვრალი ვმღეროდი ნაროდნის

ქუჩაზე,

ერთხელ ულვაშა აგენტმა დამაგდო  ტროტუარზე შუაღამისას

და დაიყვირა: BOUZERANT

ერთხელ რვეული დამეკარგა ჩანაწერებით არატრადიციული სექსის საოცნებო სტრატეგიების შესახებ.

და ჰავანადან თვითმფრინავებით გამომამგზავრეს მწვანეფორმიანმა  დეტექტივებმა.

და პრაღიდან თვითმფრინავებით გამომამგზავრეს ჩეხოსლოვაკიურ ბიზნეს კოსტიუმებში

ჩაცმულმა  დეტექტივებმა.

სეზანის ბანქოს მოთამაშეები, ორი უცნაური მარიონეტი, ისინი, ვინც იოსეფ კ.-ს ოთახში

შევიდნენ დილით

ჩემს ოთახშიც შემოვიდნენ და ჩემს მაგიდასთან ისაუზმეს და ხელნაწერებს გადახედეს

და ღამით მითვალთვალებდნენ  და დილით გამომყვნენ საყვარლების სახლებიდან კაფეებამდე, ქალაქის ცენტრში,

და მე ვარ მაისის მეფე, სექსუალური ახალგაზრდობის ძალა

და მე ვარ მაისის მეფე, ადამის გრძელი თმა და ჩემი საკუთარი

სხეულის წვერი

და მე ვარ მაისის მეფე, ჩეხურ ენაზე Kral Majales

და მე ვარ მაისის მეფე, უძველესი ადამიანური პოეზია და 100 000 ადამიანმა

აირჩია ჩემი სახელი,

და მე ვარ მაისის მეფე და რამდენიმე წუთში დავეშვები ლონდონის

აეროპორტში,
და მე ვარ მაისის მეფე ბუნებრივად, რადგან  ვარ სლავური წარმოშობის ბუდისტი ებრაელი

ვინც ადიდებს ქრისტეს წმინდა გულს და კრიშნას ლურჯ სხეულს რამას გამართულ ზურგს

ჩანგოს მძივებს  ღიღინს ნიგერიულად შივა შივა ისე, როგორც მე გამოვიგონე,

და მაისის მეფე არის  ჩემი ცენტრალურევროპული საპატიო ტიტული  XX  საუკუნეში

მიუხედავად  კოსმოსური ხომალდებისა და დროის მანქანებისა, რადგან მე მქონდა ხილვა და

გავიგონე ბლეიკის ხმა

და გავიმეორე ის ხმა. და მე ვარ მაისის მეფე ვისაც გაბადრულს სძინავს

ახალგაზრდებთან.
და მე ვარ მაისის მეფე და შესაძლოა უწინდებურად პატივით გამაძევონ ჩემი

სამეფოდან

კეისრის სამეფოსა და ადამიანის მაისის სამეფოებს შორის განსხვავების

საჩვენებლად,
და მე ვარ მაისის მეფე, რადგან შუბლთან თითი მივიტანე და ასე მივესალმე

ხელებაკანკალებულ

შუქმფინარე სავსე გოგონას რომელმაც შემაჩერა სიტყვებით „ერთი წუთით, მისტერ გინსბერგ“

ვიდრე ახალგაზრდა მსუქანი პოლიციელი ჩვენს სხეულებს შორის ჩადგებოდა – მე

ინგლისში მივდიოდი.

და მე ვარ მაისის მეფე ვეებერთელა რეაქტიულ თვითმფრინავში, რომელიც ეხება ალბიონის მიწას და შიშისგან ვცახცახებ

როცა თვითმფრინავი ნაცრისფერ ბეტონზე დაშვებისას ღრიალებს თრთის&ნთქავს ჟანგბადს

და მიგორავს და ნელ-ნელა ჩერდება ღრუბლებქვეშ, საისადან ცის ნაგლეჯი ისევ

მოჩანს.

და თუმცა მე მაისის მეფე ვარ, მარქსისტებმა ქუჩაში მირტყეს, ღამე პოლიციის

განყოფილებაში გამომკეტეს, გაზაფხულის პრაღაში მდიეს, საიდუმლოდ დამაკავეს

და ჩვენი სამეფოდან თვითმფრინავით გამომაძევეს.

ეს ლექსი თვითმფრინავის სავარძელში დავწერე, შუა ცაში.

7 მაისი, 1965

 

მაისის მეფის დაბრუნება

ვერცხლის იუბილემდე თავზე თმა საკმაოდ შემითხელდა, და მაინც, მე ვარ მაისის მეფე

და თუმცა მე  მაისის მეფევ ვარ, კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ აკრძალა ჩემი ყმუილების & მოწოდებების ეთერში გაშვება დილის ექვსიდან შუაღამემდე

და მე, მაისის მეფე, უკან ვბრუნდები ზეცაში ფრენით და მოვითხოვ ქაღალდის გვირგვინის დაბრუნებას

მე ვარ მაისის მეფე, მაღალი არტერიული წნევით, დიაბეტით, ართრიტით, მუცლის გვრემით,  თირკმელებში კენჭით & დამამშვიდებელი სათვალით

და თავზე აღარ მადგას სულელური გვირგვინი აღარც უმეცრების აღარც სიბრძნის

კაპიტალისტური ზოლიანი ჰალსტუხის&კომუნისტური სამუშაო კომბინეზონის  აღარც შიში მაქვს აღარც იმედი

სასაცილოდ აღარ ჟღერს სადღაც ას წელში პლანეტის აღსასრული

და მე ვარ მაისის მეფე და თავცარიელი სამყაროს ზომის ბრილიანტით ვბრუნდები

და მე ვარ მაისის მეფე გაზაფხულზე სიყვარულის უკმარისობით მედიტაციის მცირე გამოცდილებით
მე, მაისის მეფე, ბრუკლინის ინგლისური ენის ცნობილი პროფესორი ვმღერი ყველაფერი გაქრა ყველაფერი გაქრა დიდი ხანია ყველაფერი ცაში ავიდა ახლა კი ჩემო ბებერო თავო, ეჰ!

25 აპრილი, 1990

© არილი

Facebook Comments Box