რეცენზია

ალესანდრო ბარიკოს “მეოცე” – სანამ ერთი კარგი ამბავი დაგრჩენია მოსაყოლი

რაღაც შუალედური, „ნამდვილ პიესასა“ და „ხმამაღლა წასაკითხ მოთხრობას“ შორის ან, უბრალოდ, „ერთი ლამაზი ამბავი, რომლის მოყოლაც ღირდა“  – ვკითხულობთ ალესანდრო ბარიკოს ტექსტის „მეოცე“ წინასიტყვაობაში.

ეს „ერთი ლამაზი ამბავი“ დენი ბუდმენ ტ. დ. ლემონ მეოცეს შესახებაა, პიანისტის, რომელმაც მთელი ცხოვრება გემზე გაატარა.

„როცა არ იცი, რა არის, ჯაზია“ – ეუბნებიან მთხრობელს, როცა ის საყვირზე უკრავს და მიჰყავთ სამუშაოდ გემზე, რომელზეც მეოცეს ხვდება. ეს მისი ცხოვრების მთავარი შეხვედრაა, მეოცესთან ურთიერთობის ამბავი კი – მისი მთავარი ამბავი.

„კაცს საბოლოოდ იქამდე არ გაქვს დარხეული, სანამ ერთი კარგი ამბავი დაგრჩენია მოსაყოლი და ადამიანი, ვისაც მას მოუყვებიო“ – ასე ამბობს მეოცე და არა მარტო მთხრობლისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც თავადაა ერთი კარგი ამბავი, რომელიც უამრავ შესაძლო ამბავს მოიცავს, უამრავ რამეს, რაც არასოდეს მომხდარა და იმიტომაა მშვენიერი, რომ შეიძლებოდა მომხდარიყო.

კადრი “მეოცეს” ეკრანიზაციიდან (The Legend of 1900)

მეოცე გემზე იბადება და გემზე ტოვებენ – უცნობია მისი წარმომავლობა, მისი მშობლების ვინაობა. მაგრამ, საბედნიეროდ, გემზეა ბებერი ბუდმენი, რომელიც მას იშვილებს და სახელსაც მისცემს, გრძელ და დაუვიწყარ სახელს. ბებერი ბუდმენის გარდაცვალების შემდეგ პატარა ბიჭის ბედი თავიდან უნდა გადაწყდეს – მას არც ოჯახი ჰყავს, არც სამშობლო აქვს. რვა წლისაა, მაგრამ ოფიციალურად ჯერაც არაა დაბადებული. ამიტომაც კაპიტანი მის ხმელეთზე ჩამოსმას აპირებს. კაპიტნის განზრახვით შეშინებული პატარა ბიჭი უჩინარდება და მხოლოდ მგზავრობის მეორე ღამეს გამოდის სამალავიდან. გამოდის უკვე საოცარ პიანისტად ქცეული და როიალზე ასრულებს მუსიკას, რომელიც მერე მისი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა ან იქნებ თავად მისი ცხოვრებაც კი ხდება. ასე იბადება პიანისტი, რომლისთვისაც არსებობს მხოლოდ მუსიკა, ხოლო თუ მუსიკას არ ეხება საქმე – მხოლოდ ორი სიტყვა: „გავკარი წესებს“.

გემზე ყოფნის მიუხედავად, მისი ცხოვრება თავგადასავლებითაა სავსე. მეოცე, რომელსაც არცერთი ქვეყნის მიწაზე არ დაუდგამს ფეხი, ისე ლაპარაკობს, თითქოს ყველაფერი ნახა და გამოცადა. „იცი, რა მიყვარს მანდ?“ – ამბობს ადგილებზე, რომლებიც არასოდეს უნახავს და როცა ამას ამბობს, მართალია, არ ცდება. მერე რა, რომ არასოდეს ყოფილა პარიზში, მთავარია, რომ მზის ჩასვლისას ხიდზე სეირნობა უყვარს, პარიზის რომელიღაც ბაღთან ახლოს.

ამიტომაც კარგავს აზრს მისთვის ის, რაც სხვებისთვისაა მნიშვნელოვანი – მათთვის, მიწას რომ არიან მიჯაჭვულნი. მათ შორისაა ჯელი როლ მორტონი. მასთან შეჯიბრებისას მეოცემ არც კი იცის, რას ნიშნავს კონკურენცია, მაგრამ ის კი იცის, როგორ უნდა დაუკრას და როგორ უნდა იქცეს თავადაც მუსიკად, რომელიც შორეულ ქალაქებსა და ადამიანებზე მოჰყვება. სწორედ ეს ანთებს ჩამქრალ სიგარეტს და ანთებს ხალხს, რომელიც მის მუსიკას უსმენს.

მაინც რატომ არ ჩადის გემიდან მეოცე? ამ კითხვას ტექსტის დასასრულს თავად მეოცე უპასუხებს და ახსნის, რატომ ვერასოდეს შეძლო გემიდან ჩასვლა.

საქმე ისაა, რომ სინამდვილე მილიარდი კლავიშისგან შედგება, სამყაროს კლავიატურა უსასრულოა და ამ უსასრულო კლავიატურაზე დაკვრა მის ძალებს აღემატება. მას სჭირდება მხოლოდ 88 კლავიში და უსასრულო მუსიკა, რომელიც მათი კომბინაციით იქმნება. სამყაროში კი პირიქით, კლავიშების რაოდენობაა უსასრულო და სასრულია მუსიკა, რადგან ამ კლავიშებიდან ადამიანს რაღაც კონკრეტულის არჩევა უწევს მუდამ.

ერთი ქალი, ერთი სახლი, ერთი მიწა, ერთი ხედი, ერთი სიკვდილი – ეს არჩევანის აუცილებლობაა, რომელზეც უარს ამბობს მეოცე. შემაშინებელ უსასრულობას გვერდს უვლის და გემზე შემოღწეული სინამდვილის მცირე ულუფებით კმაყოფილდება.

„ხმელეთი ჩემთვის ზედმეტად დიდი გემია. ზედმეტად გრძელი გზა. ზედმეტად ლამაზი ქალი. ზედმეტად მძაფრი სურნელი. მუსიკა, რომლის დაკვრაც არ შემიძლია“. ამდენი „ზედმეტი“ რამისთვის კი არასაკმარისია ერთი ადამიანის ერთი ცხოვრება.

იტალო კალვინოს უხილავ ქალაქებში მარკო პოლო ყუბილაი ყაენს იმპერიის ქალაქების შესახებ უამბობს. მეფეს არცერთი მათგანი არ უნახავს, მაგრამ მარკო პოლოს მონათხრობს მოსმენისას ისეთი განცდა აქვს, თითქოს მარკო პოლოს ნაცვლად თავად იმოგზაურა. რაღაც მსგავსი ხდება მეოცეს შემთხვევაშიც – მთელი ცხოვრება ოკეანეზე გაატარა, უშუალოდ არაფერი განუცდია და ყველაფერი, რაც იცის, ყველაფერი, რაც „გამოცადა“, იცის და გამოცადა სხვა ადამიანების გავლით, მათი საშუალებით. ასეთი ცხოვრება უსასრულო შესაძლებლობებს გულისხმობს. ამიტომაც გადაწყვეტს მეოცე, დარჩეს იქ, სადაც არის. ამიტომ მისი ერთადერთი არჩევანი გემზე დარჩენაა, ესე იგი, სხვა ყველა არჩევანზე უარის თქმა (რადგან არ შეუძლია, აირჩიოს, შეშინებულია სინანულით, რომელიც შეიძლება განიცადოს, თუკი შეცდება). ასე რომ, რეალურ სამყაროს მისი წარმოსახული ალტერნატიული სამყარო ანაცვლებს. ამ ალტერნატივას კი იმედების გაცრუება არ შეუძლია.

ამ აღიარების მერე მეოცე თავის სტრატეგიასაც უმხელს მკითხველს – სურვილების მოჯადოების სტრატეგიას, გადარჩენის გზას. ესაა სწავლება, თუ როგორ არ უნდა გინდოდეს რაღაც. ეს ოსტატობაა, უბედურების განიარაღება და ამის შემდეგ აღარაფერი რჩება. აღარაფერი, მუსიკის გარდა.

© არილი

Facebook Comments Box