ბატონ ნიკო ყიასაშვილის ერთ-ერთი უკანასკნელი წიგნია “სკილასა და ქარიბდას შორის ანუ “რა ბრძანეთ, ბატონო ჯოის?”, 1992 წელს გამოცემული, დავით კაკაბაძის აბსტრაქტული კომპოზიციით ყდადამშვენებული ეს სამასგვერდიანი კრებული მოიცავს ავტორის მოგონებებისა და კრიტიკულ-ესეისტური წერილების ნაწილს. ვამაყობ, რომ იგი ნიკომ მისახსოვრა ჩემთვის ძალზე საპატიო წარწერით (“მეგობარსა და თანამოაზრეს”) და ამავე დროს მისი ყოველი გადაკითხვისას გული სინანულით მეკუმშება, რამდენი რამ დარჩა მას კიდევ სათქმელი, დასაწერი, გამოსაქვეყნებელი…
პირველივე გვერდებზე მოთავსებული მოგონებებიდან (“ინგლისური დღიურიდან”) ყურადღებას იქცევს დიალოგი ლონდონის ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში: “უცებ მოხუცმა ენის ბორძიკით მითხრა: – ყმაწვილო, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, ნურასოდეს ნუ დაბერდებით. სიბერე ძალზე ცუდი რამ ყოფილა! წამით დავიბენი. მოხუცის ნახევრად სახუმარო, ნახევრად სერიოზულ კილოში მწარე ნაღველი იყო ჩაქსოვილი. რატომღაც სომერსეტ მოემის ერთი ფრაზა გამახსენდა და ღიმილით ვუპასუხე: სიბერეს თავისი ლაზათი აქვს-მეთქი. მოხუცი შეკრთა, გაიღიმა, მადლობა გადამიხადა” (გვ.10).
ნიკო ყიასაშვილმა შეასრულა უცნობი ინგლისელი მოხუცის რჩევა – ის არ დაბერებულა! იმ წელს, როცა მოსალოდნელად და მაინც მოულოდნელად წავიდა ჩვენგან, სამოცდაათი უსრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ოდნავ მოტყდა გაუსაძლისი პირობებისა (სიცივე, სიბნელე, უტრანსპორტობა) და სხეულში ჩაბუდებული სენის მომძლავრების გამო, მაინც ის ნიკო იყო, რომელსაც ათეული წლებია ვიცნობდი. გარეგნულად მშვიდი, დახვეწილი მანერების მქონე, აკურატული (ბეწვისსაყელოიან ქურთუკში ჩამალულიც კი ელეგანტურად გამოიყურებოდა), უცებ იფეთქებდა ნერვიული რისხვით, რაიმე უწესობასა თუ უსამართლობას შეჯახებული. ახალგაზრდული შემართება და ინტერესი ყოველგვარი სიახლისადმი ლიტერატურასა და ხელოვნებაში ბოლომდე შერჩა.
აღარც კი მახსოვს, როდის და როგორ გავიცანი. ჩვენ შორის სულ სამი წელი იყო სხვაობა, მაგრამ სტუდენტობის ჟამს, როგორც ჩანს, იგი სერიოზულ ზღვარად აღიქმებოდა. იმ დროს არ იყო აღმართული ჩინური კედლები ფაკულტებებს შორის, ფილოლოგები, დასავლეთელები და აღმოსავლეთელები ერთი ცხოვრებით ვცხოვრობდით, ერთიანი ინტერესებით ვიფარგლებოდით, გვქონდა საერთო ლექციები და სამეცნიერო კონფერენციები. უმცროსები მოწიწებით ვუსმენდით და შევყურებდით უფროს კოლეგებს. მათ შორის იმთავითვე გამორჩეული იყო დიდი იმედების მომცემი, მაშინ გამეფებული დოგმატიზმის წინააღმდეგ უშიშრად მებრძოლი წყვილი – ნიკო ყიასაშვილი და ნოდარ კაკაბაძე.
სამაგიეროდ, კარგად მახსოვს, როდის დავახლოვდით. ეს იყო ორმოცდაათიან-სამოციან წლებში მრავალი ჩვენგანისათვის ნათელი ნავსაყუდელი – გრიგოლ კიკნაძისა და დარეჯან რამიშვილის ოჯახი, მათი ერთი ბეწო ბინა. აქ მოგვქონდა ჩვენი საფიქრალი და საზრუნავი შვებისა და დახმარების იმედით და არც ვცდებოდით. ოჯახის პატრონები არა მარტო ხელგაშლით გვხვდებოდნენ (ხშირად საკუთარი მწირი ბიუჯეტისა და დროის დეფიციტის ხარჯზე), არამედ ტაქტიანად ერთმანეთს გვამეგობრებდნენ. აქ უფრო ახლო ვეცნობოდით ერთმანეთს, ერთმანეთის საქმიან თუ პირად ინტერესებს, რაც მერე ამ ოჯახის ფარგლებსგარეთაც გრძელდებოდა. აქ მოვისმინეთ პირველად ინგლისიდან ჩამოსული ნიკოს შთაბეჭდილებები, მისი აღტაცებული მონათხრობი მაშინ ჩვენთვის უცნობი ფილმისა “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, გულიანად ვიცინეთ და ცრემლიც ვღვარეთ ამერიკაში თბილისელ რუბენ მამულიანთან შეხვედრის ნიკოსეულ აღწერაზე (“გრეტა გარბო და კატო ბაბო”) და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ ითქმებოდა იმ სულიერებით გამთბარ ვიწრო შუშაბანდში კიბის ქვეშ. ხშირად შინისაკენაც ერთად წამოვსულვართ ფეხით, საუბარში გართულნი (საბურთალოსკენ გზა ერთი გვქონდა).
შინ წამოსვლა ვახსენე და ამასთან დაკავშირებით ერთი სახასიათო დეტალი უნდა გავიხსენო. ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ უნივერსიტეტში გადმოვედი სამუშაოდ, ირანული ფილოლოგიის კათედრაზე. ამჯერად უკვე ერთ შენობაში აღმოვჩნდით, მეხუთე კორპუსში. ხშირად ვაკითხავდი მის მიერ დიდი სიყვარულით მოწყობილ შექსპირის კაბინეტში და ხშირადაც გვიწევდა ერთად წამოსვლა ნიკოს განუყრელ მეგობართან ნოდარ კაკაბაძესთან ერთად. ამ სანიმუშო მეგობრობას ურყევი საფუძველი ჰქონდა საერთო ინტერესებისა და პრინციპების სახით, მაგრამ ერთში კი საოცრად სხვაობდნენ. თუ ნოდარი სიარულსაც და საუბარსაც გემოს ატანდა, ტაატით მოსეირნობდა (მაშინ ფეხები არ აწუხებდა, მაგრამ მაინც ნელა სიარულს ამჯობინებდა), ნიკო ყოველთვის მიზანსწრაფული იყო და დროის ფუჭად ფლანგვის მოწინააღმდეგე. განსაკუთრებით ეშლებოდა ნერვები ნოდარის ბუნებრივად შერწყმულ ჩვევაზე, გაეჩერებინა ყოველი შემხვედრი, თუნდაც შორეული ნაცნობი, წვრილად გამოეკითხა მისი ამბები, ნათესავების, შორეული მოყვრების (ან კი საიდან ახსოვდა?) ვითარება და ა.შ. ნიკო თანდათან იწყებდა თუხთუხს (ხომ ვიცი, არ აინტერესებს, რას ეკითხება ნეტავი?), დუღილის ტემპერატურას რომ მიუახლოვდებოდა, აქ უკვე მე ჩავერეოდი, ან ნოდარს გადავუკეტავდი საინფორმაციო წყაროს (მგონი გერმანიაში შეარქვეს (“დერ გროსე ფრაგერ” – “დიდი შემკითხველი”), ან ნიკოს გავისტუმრებდი სასწრაფოდ შინ…
ბოლო წლებში ნიკო ჩვენთან ერთად აღარ ბრუნდებოდა, აღარც სამეცნიერო საბჭოს სხდომებს ესწრებოდა, კათედრაც სხვას გადაულოცა. და შეუდგა სიცოცხლის უკანასკნელ აღმართს, მთელი თავისი მოღვაწეობის დამაგვირგვინებელ მიზანს – “ულისეს” თარგმანის გასრულებას. ამიტომ გახდა მისთვის ყოველი წუთი კიდევ უფრო ძვირფასი, ვიდრე ოდესმე. გრძნობდა, დრო ცოტა რჩებოდა, გასაკეთებელი – ბევრი. თავის დაავადებაზე არ უყვარდა ლაპარაკი. მხოლოდ ერთხელ გადამიხსნა გული, როდესაც აღმოჩნდა, რომ შექსპიროლოგთა კონგრესზე ლოს ანჯელესში ყოფნის დროს შეიძლება მისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ. სათანადო ანალიზები ჩემს ვაჟს გავუგზავნე სტენფორდში, პასუხი დადებითი მოვიდა, თანახმა იყვნენ. ვერ მოასწრო. ნაღმი უფრო ადრე აფეთქდა…
მაგრამ “ულისეს” თარგმნა კი მოასწრო! როგორი გატაცებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით მუშაობდა! ერთი მონაკვეთის მიხედვით მქონდა ბედნიერება ამისთვის თვალყური მედევნებინა. სტილური ნაირგვარობა დედნისა უნდა აესახა ქართულ თარგმანში “შუშანიკიდან” დღემდე. “ვისრამიანთან” დაკავშირებით მე დავჭირდი და საოცრად სწრაფად გაერკვა მის დეტალებში, ძველ ქართულ ენასთან დაკავშირებით გურამ კარტოზია მიმაყვანინა მასთან, მოიძია ტექსტები, ლექსიკონები… დარწმუნებული ვარ, “მნათობში” გამოქვეყნებულ მეორე ნაწილს (მადლობა ეთქმის თამაზ ჭილაძეს) ისეთივე დიდი წარმატება ექნება, როგორც პირველს, მაგრამ ვაი, რომ ნიკო ამას ვეღარ იხილავს! ოღონდ გამოცემასაც უნდა თავის მობმა…
რამდენიმე დიდ საქმეს იყო შეჭიდებული და ყველგან დატოვა წარუშლელი კვალი. მახსოვს, როგორი ენთუზიაზმით შემოიკრიბა მრავალრიცხოვანი სპეციალისტები და მოკლე ხანში “ქართული შექსპირიანას” ტომები დაალაგა. როდესაც გაიგო, რომ თბილისში მცხოვრები სოფიო მარი, იური მარის, ცნობილი ირანისტის მეუღლე, დაინტერესებულია თემით “შექსპირი და აღმოსავლეთი”, დამავალა, წერილი დამიწეროსო. არ მომეშვა, არ მოვეშვი, წერილი დაიწერა და გამოქვეყნდა კიდეც ერთ-ერთ მორიგ ტომში. ანდა რა საშვილიშვილო საქმე წამოიწყო, როდესაც შექსპირის ხუთტომეულის გამოცემა განიზრახა, ჩართო ახალი მთარგმნელები, ყოველ თხზულებას ახალი მხატვარი მიუჩინა… სამი შესანიშნავი ტომი გამოიცა, ნუთუ არ შეიძლება ორი დარჩენილი, გამზადებული ტომის გამოცემა?
ნიკო ცოცხალია, მისი სული ჩვენ შორის ტრიალებს. ახლახან ჟურნალ “არილში” გამოქვეყნდა “მაკბეტის” სპარსულად მთარგმნელის, აბდოლ რაჰიმ აჰმადის ძალზე საინტერესო წერილი. წერილის ქართულად მთარგმნელმა ინგა კალაძემ პუბლიკაციას ასეთი სიტყვები წარუმძღვარა: “პუბლიკაცია ეძღვნება “ქართული შექსპირიანას” სერიის ავტორის – ბატონი ნიკო ყიასაშვილის ნათელ ხსოვნას”.
ნოდარ კაკაბაძისგან ვიცოდი, რომ თითქმის ყოველ დღე, მიუხედავად იმისა, შეხვდებოდნენ თუ არა, ისინი ტელეფონით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და, ასე ვთქვათ, ანგარიშს აბარებდნენ. ახლა, როდესაც ყოველი ღამის 12 საათზე ჩემთან რეკავს ტელეფონი, ვიცი, რომ ეს ნოდარია, და ანგარიშისათვის ვემზადები (ამ საუბრებს “ძილისპირული” შევარქვით). და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ყურმილის აღების წინ არ გავიხსენო ჩვენთვის ყველასთვის ძვირფასი სახელი – ნიკო ყიასაშვილი!
© “არილი”