თარგმნა შალვა ბაკურაძემ
მე
I
მე ვეკუთვნი 1959 წელს.
ამას ჩემი დოკუმენტები
და დაბადების მოწმეები ადასტურებენ.
მაგრამ როგორც არ უნდა ჩავუღრმავდე
მეხსიერებას –
თავს ვერ აღვიქვამ სამი
ოთხი ან ხუთი წლის ბავშვად.
სამაგიეროდ, კარგად მახსოვს სხვა რამ:
ჟანგიანი ვაგონი…
შუაღამით ვიღაცის ხელს რელსებზე გადაყავხარ…
გარშემო ხეების კენწეროები ცაში ყვინთავენ…
ვარ სახლში,
სადაც ჭერიდან და ნესტიანი კედლებიდან
მსუქანი ტარაკნები წვეთავს…
მაგრამ რას წარმოვადგენ მე იმ რეალობაში?
ვინ ვარ – ბავშვი თუ მოხუცი?
რად იძირება მოგონებები წყვდიადში?
ეს ყველაფერი ხომ არ მიუთითებს იმაზე,
რომ 1959 წელი იმთავითვე
ჩემი სიკვდილის წელი იყო.
II
მანებივრებდა ცხოვრება და მათემატიკითა და ლექსებით მაპურებდა.
მხატვრული ლიტერატურის კითხვისას აღმოვაჩინე,
რომ წარსულის მრავალი ნაწარმოები
სარკესავით ირეკლავდა მომავალს…
ღამეების სათევად მთვარეზე მივდიოდი.
იქ დავასკვენი:
რომ პოეზიამაც უნდა გააკეთოს ისეთი აღმოჩენები,
როგორც ფიზიკამ, მათემატიკამ, ასტრონომიამ –
პოეზიამ ადამიანის შინაგანი სამყაროები
უნდა აღმოაჩინოს.
მივხვდი, რომ ცნობები სიკვდილზე უმთავრესად სხვებისგან შევაგროვე
და მათ მიერ სწორედ მოკვდავობის გააზრებისკენაა
ჩემი აზროვნება მიმართული.
ესე იგი: სიკვდილი კიდევ ერთი, ადამიანის მიერ
მოგონილი ღმერთია!
მაგრამ რატომღაც, კაცმა, რომელსაც ღმერთების არ მწამს,
ადამიანური სიკვდილი უნდა ვიწამო!?
III
დროს ვაგროვებ:
ჩემი დღიურები და ლექსები – დოკუმენტები, მოწმობები
და ნიშნებია დროის,
რომელიც ჩემში მიედინება
და მხოლოდ და მხოლოდ მე მეკუთვნის.
და ვამტკიცებ:
ყოველი ადამიანი საკუთარ დროში ცხოვრობს.
სწორედ ასე, ინდოელი იოგები
გულისა და ფილტვების ნორმალური მუშაობის შესაფერხებლად
იმდენად ანელებენ სხეულში
საკუთარი დროის დინებას,
რომ მათში სიცოცხლის შეჩერების
სრული ილუზია იქმნება.
სწორედ ასე,
ფილოსოფოსთა და მხატვართა ცნობიერება
საკუთარი დროის სივრცეს მთელ სიღრმეზე
აკონტროლებს:
მათი აზროვნება
თანდათანობით ისრუტავს ათი, ასი და ათასი წლის
ისტორიასა და კულტურას,
ინახავს ამ დროს.
ერწყმის მას და მასში აზროვნებს,
და შედეგად: ამ დროიდან
საკუთარ “ერას” ქმნის.
IV
ოდესღაც ადამიანებმა ჩემში საკუთარი თავი იცნეს
და დამითმეს საარსებო სივრცე.
მიწილადეს
ზამთარი, გაზაფხული, შემოდგომა და ზაფხული
წყალი და ჰაერი,
პური და მუსიკა.
ჩემში არ არის არც ერთი ძირის-ძირამდე საკუთარი აზრი,
ჩემში არ არის არც ერთი ძირის-ძირამდე საკუთარი გრძნობა.
ჩემი სხეული ეკუთვნის დროის ოცდაათწლიან მონაკვეთს,
ჩემი ტვინი გაჟღენთილია აღმზრდელთა აზრებითა და გრძნობებით,
რომელნიც დღეს ასი და ათასი წლისანი არიან.
წარსულმა საესტაფეტო ჯოხივით გადმომცა
მსოფლიოს ჩემეული აღქმა და განცდა,
და დღეს თავად ვარ წყარო,
რომლისგანაც სათავეს აიღებს და
სასიცოცხლო ენერგიით იკვებება მომავალი.
მე გავაგრძელე წარსული –
მომავალი განმაგრძობს მე!
V
მე ვამტკიცებ:
სიკვდილი, როგორც მარადი “არაფერი” არ არსებობს.
არსებობს სიცოცხლის განვითარების კანონი,
არსებობს ერთიანი ცოცხალი ორგანიზმი – კაცობრიობა,
რამდენიმე მილიარდი ადამიანისგან რომ შედგება.
და ყოველი ადამიანის ბუნებრივი სიკვდილი უნდა
განვიხილოთ, როგორც მთელი “ორგანიზმის” განახლება
და განვითარება.
მე ვამტკიცებ:
სხვა დანარჩენი გრძნობების გარდა,
უნდა განვიცდიდეთ პატრიოტიზმის გრძნობას
“კაცობრიობისადმი”,
რადგან დედამიწაზე სწორედ კაცობრიობაა – ჩვენი სამშობლო
მე ვამტკიცებ:
ჩემი და ყოველი ადამიანის მომავალი
არა სიკვდილი,
არამედ სიცოცხლეა,
სანამ არსებობს და იარსებებს სიცოცხლე.
სევდა
რა ხანია ჩემს სახლში აღარ მოდიან ოჩოკოჩები,
კუდურები და რუხი მგლები:
მათ სამუდამოდ დატოვეს ჩემი სამყარო.
შევეჩვიე ამას,
და დილით ადრე, როდესაც მხიარული ძაღლები ყეფენ,
და მწუხარე ავტობუსები შორს მიიჩქარიან,
თავს ბედნიერად ვგრძნობ.
სამაგიეროდ ახლა უკვე ყველაფერი ვიცი იმ დროის შესახებ,
სადაც ყველგან და ყოველთვის თან უნდა ატარო
სახელი და მამისსახელი,
სადაც პატივცემული ადამიანები ცდილობენ იარონ აუჩქარებლად
და ფრთხილად, რათა აზრები არ დაეფანტოთ.
სადაც, როგორც წესი, კვდებიან არა სიბერისაგან,
არამედ მარტოობისგან.
* * *
სხვადასხვაგვარ ხეებს აქვთ სხვადასხვაგვარი სახელები,
სხვადასხვაგვარ ღრუბლებს კი სახელები არა აქვთ:
მეტისმეტად სწრაფლმავალია მათი ცხოვრება.
ეს არ ესმით მხოლოდ ბავშვებს
და ღრუბლებს სახელებს არქმევენ.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბავშვები იზრდებიან
და დგება შემოდგომა –
და ხანგრძლივი წვიმები მოდის.
ადამიანები უჩივიან ამინდს,
ამინდი კი აქ არაფერშუაშია.
* * *
ამ მოხუცს თვალები ჩამოუჭკნა
და კეფიდან თმა კვამლად ასდის.
მისი ნაბიჯების ოდნავ გასაგონი შარიშური
მაგონებს დაღლილი ხეების ნაბიჯების ხმას
ღამეულ ტყეში.
ის მოდის შორიდან:
უთუოდ მე-19 საუკუნიდან.
* * *
შუქის წყალობით მე ვიცი:
რომ სიბნელეს მოცულობა აქვს;
რომ ყველაფერი, რაც გაუნათებელია,
სიბნელის შინაარსს წარმოადგენს.
ნაბიჯებისა და ხმების მდინარება,
უხილავი ქარის ხმაური,
ნესტიანი ცის სუნი,
ყველაფერი ეს – სიბნელის შინაარსია.
მაგრამ როდესაც ცნობიერება კვდება,
მაშინაც სიბნელე ისადგურებს.
სიბნელე, რომელსაც არ გააჩნია მოცულობა და შინაარსი
სიბნელე, რომელიც დროს არ ემორჩილება.
რაზე მეტყველებს ეს?
რას ნიშნავს?
იქნებ იმას, რომ არსებობს ორი სიმართლე:
პირველი – სამყარო არის,
მეორე – სამყარო არ არის.
© “არილი”