დრამატურგია

ალფრედ ჟარი – იუბიუ მეფე


პიესა 5 მოქმედებად

მერკურ დე ფრანსისგამოცემა, პარიზი 1896

 

ფრანგულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბაჩანა ჩაბრაძემ

 

ეძღვნება მარსელ შვობს[1]

 

მაშინ შეანჯღრია გოგრა[2] მამა იუბიუმ, და ამ დღიდან ინგლისელებმა მას “შექსპირი” შეარქვეს, და ამ სახელით დაწერა მან ბევრი შესანიშნავი ტრაგედია.

 

პერსონაჟები:

 

მამა იუბიუ

დედა იუბიუ

ასისთავი არშია

მეფე ვენცელი

დედოფალი როზმონდა

მათი ვაჟები: ბოლესლავი, ვლადისლავი და ხულიგავი

წინაპრების აჩრდილები

გენერალი ლასი

სტანისლავ ლეშჩინსკი

იან სობიესკი

ნიკოლა რენელი

ცარი ალექსი

ჯოხილ, სვეტის და ძელარ თახსარები

შეთქმულები და ჯარისკაცები

ხალხი

მიხეილ თედორეს ძე

დიდგვაროვნები

მსაჯულები

მრჩევლები

ფინანსისტები და ფინანსირები

მსახურები

გლეხები

რუსეთის ჯარი

პოლონეთის ჯარი

დედა იუბიუს მცველები

ერთ-ერთი კაპიტანი

დათვი

მაყუთულაყი

ტვინსაბურღი

ეკიპაჟი

გემის კაპიტანი

 

მოქმედება I

 

სცენა I

მამა იუბიუ, დედა იუბიუ.

 

მამა იუბიუ

ძნეხვი!

დედა იუბიუ

აი, მესმის დელიკატურობა! პირწავარდნილი ყალთაბანდი ხართ, მამა იუბიუ.

მამა იუბიუ

ბოლო არ მოგიღოთ, დედა იუბიუ!

დედა იუბიუ

მე კი არა, სულ სხვას უნდა მოუღოთ ბოლო, მამა იუბიუ.

მამა იუბიუ

ვერ გავიგე, ჩემმა მწვანე ვარყალმა!

დედა იუბიუ

როგორ, მამა იუბიუ, ნუთუ ბედით კმაყოფილი ხართ?

მამა იუბიუ

ძნეხვი! ჩემმა მწვანე ვარყალმა, რასაკვირველია, ქალბატონო, კმაყოფილი ვარ! უარესითაც კმაყოფილდებიან: დრაგუნთა კაპიტანი, მეფე ვენცელის ნდობის ოფიცერი, პოლონეთის “წითელი არწივის” ორდენის კავალერი და არაგონის ყოფილი მეფე ვარ! მეტი რა გინდათ?

დედა იუბიუ

როგორ! არაგონის ტახტის შემდეგ, ჯაყვებით შეიარაღებული ორმაცდაათიოდე პაჟის აღლუმზე გამოყვანით კმაყოფილდებით, მაშინ როცა შეგიძლიათ, მაგ გოგრაზე არაგონის გვირგვინს პოლონეთისა ჩაუნაცვლოთ?

მამა იუბიუ

ოჰ! დედა იუბიუ, არ მესმის, რას როშავ!

დედა იუბიუ

რა ჩერჩეტი ხარ!

მამ იუბიუ

ჩემმა მწვანე ვარყალმა, მეფე ვენცელი ჯერ კიდევ ცოცხალია და თავს მშვენივრად გრძნობს; და კიდეც რომ მოკვდეს, რა უშვრები მის შვილებს, მთელი ბატალიონი რომ ჰყავს?

დედა იუბიუ

და, ვინ გიშლის მთელი ოჯახის ამოხოცვას და მათი ადგილის დაკავებას?[3]

მამა იუბიუ

აჰ! დედა იუბიუ, შეურაცხყოფას მაყენებთ. ქვაბში არ გადაგიძახოთ!

დედა იუბიუ

ო, საცოდავო უბადრუკო! მე თუ ქვაბში გადამიძახე, ვინღა მოგიკემსავს ბოლოგამორღვეულ ნიფხვებს?

მამა იუბიუ

და მერე რა? სხვებზე ნაკლები ტრაკი რითი მაქვს?

დედა იუბიუ

შენს ადგილზე, მაგ ტრაკს ტახტზე დავდებდი, ქონებასაც უსასრულოდ გავზრდიდი, ყოველდღე კუ-ბ-ატს შევჭამდი და ქუჩებში კარეტით ვისეირნებდი!

მამა იუბიუ

ეჰ, მეფე რომ ვიყო, დიდ თავსაბურავს შევაკერინებდი, ისეთს, არაგონში რომ მქონდა, და იმ არამზადა ესპანელებმა უტიფრად რომ მომპარეს.

დედა იუბიუ

მაგას დაამატებდი ქოლგას და ერთ გრძელ ლაბადასაც, კოჭებამდე რომ დაგფარავდა.

მამა იუბიუ

აჰ! რა მაცდუნებელია! ოჰ, ეს ძნეხვის გროვა ვენცელი! ერთი, ტყის პირას გადამეყრებოდეს, თავბედს ვაწყევლინებ!

დედა იუბიუ

ოჰო! აი, ეს მესმის, მამა იუბიუ! ახლა ნამდვილი მამაკაცი ხართ!

მამა იუბიუ

ო, არა! მე, დრაგუნთა კაპიტანმა, პოლონეთის მეფე გავანადგურო? უწინამც მოვკვდე!

დედა იუბიუ (ცალკე)

აჰ! ძნეხვი! (ხმამაღლა) მაშ ასეთად დარჩები, მამა იუბიუ? ვირთხასავით უდღეური და საწყალობელი?

მამა იუბიუ

ღმერთძაღლი! ჩემმა მწვანე ვარყალმა, მირჩევნია, ვიყო საწყალობელი, მაგრამ პატიოსანი ვირთხა, ვიდრე ბოროტი და გაქონილი კატა.

დედა იუბიუ

და თავსაბურავი? და ქოლგა? და გრძელი ლაბადა?

მამა იუბიუ

და მერე რა, დედა იუბიუ?

 

გადის კარის გაჯახუნებით.

 

დედა იუბიუ (მარტო)

ფუჰ, ძნეხვი, ძნელი დასამუშავებელია, მაგრამ, ფუჰ, ძნეხვი, მგონი, მაინც კარგად შევანჯღრიე! ღვთის და ჩემივე წყალობით, იქნებ ამ კვირაში პოლონეთის დედოფალი გავხდე!

 

სცენა II

მამა იუბიუს სახლში გაშლილია საუცხოო სუფრა.

მამა იუბიუ და დედა იუბიუ.

 

დედა იუბიუ

რაღაც, სტუმრები იგვიანებენ.

მამა იუბიუ

დიახ, ჩემმა მწვანე ვარყალმა! შიმშილით ვკვდები! დედა იუბიუ, დღეს ძალიან უშნოდ გამოიყურები. განგებ ხვდები ასე სტუმრებს?

დედა იუბიუ (მხრებს იჩეჩავს)

ძნეხვი!

მამა იუბიუ (იღებს შემწვარი ქათმის ხორცს)

როგორ მშია! ჩავკბეჩ ამ ჩიტუნას. მგონი, ქათამია. არ არის ცუდი.

დედა იუბიუ

რა შვრები, რეგვენო? სტუმრებს რა ვაჭამოთ?

მამა იუბიუ

რაც დარჩა, ისიც ეყოფათ. ხელს აღარაფერს ვახლებ. დედა იუბიუ, აბა ფანჯრიდან გაიხედე, ხომ არ მოდიან.

დედა იუბიუ (ფანჯრისკენ მიდის)

არავინ ჩანს.

 

ამასობაში, მამა იუბიუ ხბოს ნაჭერს იპარავს.

 

დედა იუბიუ

აი! ასისთავი არშია და მისი ამალა მოდიან! ჰმ, რას ჭამ, მამა იუბიუ?

მამა იუბიუ

არაფერს, სულ ცოტა ხბოს ხორცი ავიღე.

დედა იუბიუ

ააა! ხბო! ხბო შეჭამა! ხბო! გვიშველეთ!

მამა იუბიუ

ჩემმა მწვანე ვარყალმა, თვალებს დაგთხრი!.

 

კარი იღება.

 

სცენა III

მამა იუბიუ, დედა იუბიუ, ასისთავი არშია და მისი ამალა.

 

დედა იუბიუ

გამარჯობა, ბატონებო! მოუთმენლად გელოდით. დაბრძანდით.

ასისთავი არშია

გამარჯობა, ქალბატონო. კი მაგრამ, მამა იუბიუ სად არის?

მამა იუბიუ

აი, მეც! აი, მეც! დასწყევლოს! არადა, ჩემმა მწვანე ვარყალმა, ზედმეტად სქელი ვარ იმისთვის, რომ ვერ შემამჩნიოთ.

ასისთავი არშია

გამარჯობა, მამა იუბიუ. დასხედით, ბატონებო.

 

სხდებიან.

 

მამა იუბიუ

უჰ! ცოტაც და, სკამს ჩავტეხავდი.

ასისთავი არშია

აბა, დედა იუბიუ, დღეს რას შემოგვთავაზებთ?

დედა იუბიუ

აი, მენიუც.

მამა იუბიუ

ოო! მაინტერესებს!

დედა იუბიუ

პოლონური სუპი, ყ-ვირთაგვას კოტლეტი, ხბო, ქათამი, ძაღლის პაშტეტი, ინდაურის კურტუმო, რუსული შარლოტი…[4]

მამა იუბიუ

ეე! მგონი, საკმარისია! კიდევ დარჩა რამე?

დედა იუბიუ (აგრძელებს ჩამოთვლას)

შოკოლადის ბომბი, სალათა, ხილი, დესერტი, ფაფა, მიწავაშლა, ყვავილოვანი კომბოსტო ძნეხვით.

მამა იუბიუ

ე! ჩინეთის იმპერატორი ხომ არ გგონივარ, ამდენს რომ ხარჯავ?

დედა იუბიუ

ნუ უსმენთ, რეგვენია.

მამა იუბიუ

უჰ! კბილები არ ავილესო შენს კანჭებზე!

დედა იუბიუ

ჯობს, ისადილო, მამა იუბიუ. აი, “პოლონური” გასინჯე.

მამა იუბიუ

ფუჰ, რა საზიზღრობაა!

ასისთავი არშია

მართლაც უგემურია.

დედა იუბიუ

ოო! აბა რა ჯანდაბა გინდათ?

მამა იუბიუ (შუბლზე ხელს იტყაპუნებს)

აჰა! რაღაც აზრი მომივიდა. ახლავე დავბრუნდები.

 

გადის.

 

დედა იუბიუ

ბატონებო, ხბო გასინჯეთ.

ასისთავი არშია

უკვე მივირთვი. ძალიან გემრიელი იყო.

დედა იუბიუ

მაშინ კურტუმო გადაიღეთ.

ასისთავი არშია

არაჩვეულებრივია, არაჩვეულებრივი! ვაშა დედა იუბიუს!

ყველა ერთად

ვაშა დედა იუბიუს!

მამა იუბიუ (შემოდის)

ახლა კი დაიყვირებთ: “ვაშა მამა იუბიუს!”

 

ხელში ბინძური ცოცხი უჭირავს, რომელსაც სუფრაზე ისვრის.

 

დედა იუბიუ

რას შვრები, უბადრუკო!

მამა იუბიუ

აბა, გამისინჯეთ!

 

რამდენიმე სტუმარი სინჯავს და მოწამლული ეცემა.

 

მამა იუბიუ

დედა იუბიუ, ყ-ვირთაგვას კოტლეტები მომაწოდე სტუმრებისთვის.

დედა იუბიუ

აჰა.

მამა იუბიუ

აბა, ყველანი გარეთ! ასისთავო არშია, თქვენთან სალაპარაკო მაქვს.

დანარჩენები

ეე! ჯერ არ გვისადილია!

მამა იუბიუ

როგორ თუ, არ გისადილიათ! გარეთ-მეთქი! არშია, დარჩით.

 

ადგილიდან არავინ იძვრის.

 

მამა იუბიუ

კიდევ არ წასულხართ? ჩემმა მწვანე ვარყალმა, ყ-ვირთაგვას კოტლეტებით მოგიღებთ ბოლოს!

 

ისვრის კოტლეტებს.

 

ყველა ერთად

ვაი! უი! გვიშველეთ! თავი დავიცვათ! რა უბედურებაა! მოვკვდი!

მამა იუბიუ

ძნეხვი, ძნეხვი, ძნეხვი! ყველანი გარეთ! ჩემთან ხუმრობა არ გაგივათ!

ყველა ერთად

თავს ვუშველოთ! უბადრუკი მამა იუბიუ! მოღალატე! უდღეური ყალთაბანდი!

მამა იუბიუ

ოჰ! ძლივს არ წავიდნენ! ამოვისუნთქე! თუმცა ძალიან ცუდად ვისადილე! გამომყევით, არშია.

 

გადიან დედა იუბიუსთან ერთად.

 

სცენა IV

მამა იუბიუ, დედა იუბიუ და ასისთავი არშია.

 

მამა იუბიუ

გემრიელად მიირთვით, ასისთავო?

ასისთავი არშია

ძალიან კარგად, ბატონო, ძნეხვის გარდა!

მამა იუბიუ

ვაჰ! ძნეხვი ცუდი არ იყო!

დედა იუბიუ

გემოვნების საქმეა.

მამა იუბიუ

ასისთავო არშია, გადავწყვიტე, ლიეტუვის ჰერცოგის წოდება გიბოძოთ.

ასისთავი არშია

როგორ? მე თქვენ ფრიად საწყალობელი მეგონეთ, მამა იუბიუ.

მამა იუბიუ

რამდენიმე დღეში, თუ თქვენი სურვილი იქნება, პოლონეთზე გავმეფდები.

ასისთავი არშია

ვენცელის მოკვლას აპირებთ?

მამა იუბიუ

არც ისე უტვინოა ეს ყმაწვილი! მიხვდა!

ასისთავი არშია

ვენცელის მოკვლას თუ ეხება საქმე, მზად ვარ! მე მისი დაუძინებელი მტერი ვარ! პირობას გაძლევთ ჩემი ხალხის სახელით!

მამა იუბიუ (მივარდება და გულში იკრავს)

ო! ო! როგორ მიყვარხართ, არშია!

ასისთავი არშია

ფუჰ! როგორ ყარხართ, მამა იუბიუ! არასდროს იბანთ?

მამა იუბიუ

იშვიათად.

დედა იუბიუ

არასდროს!

მამა იუბიუ

ფეხები არ დაგისრისო!

დედა იუბიუ

ძნეხვის გროვავ!

მამა იუბიუ

მოკლედ, არშია, თქვენთან საქმე მოგვარებულია. ჩემმა მწვანე ვარყალმა, ლიეტუვის ჰერცოგად გაქცევთ, დედა იუბიუს გეფიცებით!

დედა იუბიუ

კი მაგრამ…

მამა იუბიუ

იყუჩე, ჩემო ანგელოზო.

 

გადიან.

 

სცენა V

მამა იუბიუ, დედა იუბიუ და შიკრიკი.

 

მამა იუბიუ

რა გნებავთ, ბატონო? თავი დამანებეთ! ნუ დამღალეთ!

შიკრიკი

მეფე გიხმობთ, ბატონო!

 

გადის.

 

მამა იუბიუ

ვაიმე! ძნეხვი! დალახვ-ახვროს! ჩემმა მწვანე ვარყალმა, ნიღაბი ამხადეს, თავს წამაცლიან! აფსუს! აფსუს!

დედა იუბიუ

დოყლაპია კაცუნა! დრო კი იწურება!

მამა იუბიუ

ეე! კარგი აზრი მომივიდა: ვიტყვი, რომ ყველაფერი დედა იუბიუს და არშიას მოწყობილია!

დედა იუბიუ

რა? ბებერო თახსირო იუბიუ! აბა, გაბედე!

მამა იუბიუ

დიახ! ასე ვიზამ!

 

გადის.

 

დედა იუბიუ (მისდევს)

ეე! მამა იუბიუ, მამა იუბიუ, კუ-ბ-ატს მოგიმზადებ!

 

გადის.

 

მამა იუბიუ (კულისებიდან)

ო! ძნეხვი! ერთი შენც და მაგ შენს კუ-ბ-ატსაც!

 

სცენა VI

მეფის სასახლე.

მეფე ვენცელი, ოფიცრებით გარშემორტყმული; არშია; მეფისწულები: ბოლესლავი, ვლადისლავი და ხულიგავი; და მამა იუბიუ.

 

მამა იუბიუ (შემოდის)

ო! იცით, მე არაფერ შუაში ვარ, ყველაფერი დედა იუბიუს და არშიას მოწყობილია!

მეფე

მამა იუბიუ, რა მოგივიდა?

არშია

სასმელი ზედმეტი მოუვიდა.

მეფე

როგორც – მე, ამ დილით.

მამა იუბიუ

დიახ, მთვრალი ვარ, ბევრი მომივიდა ფრანგული ღვინო.

მეფე

მამა იუბიუ, მინდა, დაგაჯილდოო დრაგუნთა კაპიტნის რანგში გაწეული დიდი სამსახურისთვის, და სანდომირის გრაფის წოდება გიბოძო!

მამა იუბიუ

ო, მეფეო ვენცელ, არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ!

მეფე

მადლობა რა საჭიროა, მამა იუბიუ. ხვალ დილით აღლუმზე მოდი.

მამა იუბიუ

მოვალ! ახლა კი, გთხოვთ, ჩემგან ეს პატარა სალამური მიიღოთ.

 

მეფეს სალამურს წარუდგენს.

 

მეფე

ჩემი ასაკის კაცს სალამური რაში სჭირდება? კარგი, ხულიგავს მივცემ.

ნორჩი ხულიგავი

ეს მამა იუბიუ სულელი ხომ არ არის?

მამა იუბიუ

ახლა კი აქაურობას გავეცლები.

 

შემოტრიალებისას ეცემა.

 

ვაი! უი! მიშველეთ! ჩემმა მწვანე ვარყალმა, ნაწლავი გამერღვა და ფაშვი მეფუშება!

მეფე (წამოდგომაში ეხმარება)

რამე ხომ არ იტკინეთ, მამა იუბიუ?

მამა იუბიუ

დიახ! და უთუოდ სულიც ამომხდება! რა ეშველება დედა იუბიუს?

მეფე

ჩვენ ვიზრუნებთ მასზე.

მამა იუბიუ

რა კეთილი ხართ!

 

გადის.

 

ჰო, მაგრამ ეს თქვენს ამოჟლეტას ხელს არ შეუშლის, მეფეო ვენცელ!

 

სცენა VII

მამა იუბიუს სახლი.

ჯოხილი, სვეტისი, ძელარი, მამა იუბიუ, დედა იუბიუ, შეთქმულები და ჯარისკაცები, ასისთავი არშია.

 

მამა იუბიუ

ჰე! ძვირფასო მეგობრებო, უკვე დროა, შეთქმულების გეგმა დავსახოთ! თითოეულმა საკუთარი აზრი გამოთქვას. თავდაპირველად კი, თუ ნებას დამრთავთ, ჩემს აზრს გაგაცნობთ.

ასისთავი არშია

თქვით, მამა იუბიუ.

მამა იუბიუ

ესე იგი, ჩემო მეგობრებო, მე ვფიქრობ, რომ მეფე უბრალოდ უნდა მოვწამლოთ, სადილში დარიშხანი ჩავუყაროთ. როგორც კი შეჭამს, მოიწამლება, და მეც მეფე გავხდები.

ყველა ერთად

ფუჰ, რა მაიმუნობაა!

მამა იუბიუ

რა? არ მოგწონთ? არშია რა აზრისაა?

ასისთავი არშია

იმ აზრის ვარ, რომ ხმლის ერთი კარგი დაკვრით თავიდან წელამდე შუაზე გავაპოთ.[5]

ყველა ერთად

აჰა! ეს უკვე კეთილშობილური და ვაჟკაცურია!

მამა იუბიუ

და, ფეხები რომ მოგიქნიოთ? ახლა გამახსენდა, რომ აღლუმზე რკინის ჩექმებს იცვამს. მტრისას, თუ ვინმეს მოარტყა! თქვენ იმდენს იზამთ, ყველას მასთან დაგაბეზღებთ, რომ ამ ბინძური საქმიდან გამოვძვრე. და ალბათ, ფულსაც მაჩუქებს!

დედა იუბიუ

ოჰ! მოღალატე, ლაჩარო, ბინძურო და უსახურო წუწურაქო!

ყველა ერთად

თავსლაფი მამა იუბიუს!

მამა იუბიუ

ე! დამშვიდდით, ბატონებო, თუ არ გინდათ, ჩაგიჯიბოთ! მე ხომ თქვენთვის მივდივარ რისკზე. არშია, რა გაეწყობა, რაკი ასეა, შუაზე მას შენ გააპობ!

ასისთავი არშია

არ ჯობია, ყველა ერთად მივვარდეთ ღრიალითა და ყვირილით? ამგვარად, ჯარიც ჩვენ შემოგვიერთდება.

მამა იუბიუ

მოკლედ, მე მის ფეხებზე შედგომას ვეცდები. ის წაიბორძიკებს. მე კი ვეტყვი: “ძ ნ ე ხ ვ ი!”. და ამ ნიშანზე, თქვენ მას ეძგერებით!

დედა იუბიუ

ძალიან კარგი! და როგორც კი მოკვდება, შენ აიღებ მის კვერთხსა და გვირგვინს.

ასისთავი არშია

მე კი, ჩემი ამალით, სამეფო ოჯახს დავედევნები.

მამა იუბიუ

დიახ, და განსაკუთრებით, ნორჩ ხულიგავს მიხედეთ!

 

გადიან.

 

მამა იუბიუ (მათ მისდევს და უკან აბრუნებს)

ბატონებო, ერთი აუციელებელი ცერემონია დაგვავიწყდა. უნდა დაიფიცოთ, რომ მამაცურად იბრძოლებთ!

ასისთავი არშია

ეს როგორ ვქნათ? მღვდელი რომ არ გვყავს?

მამა იუბიუ

დედა იუბიუ იკისრებს მღვდლის როლს.

ყველა ერთად

დაე, ასე იყოს!

მამა იუბიუ

ესე იგი, ფიცავთ, რომ მეფეს ნამდვილად მოკლავთ?

ყველა ერთად

დიახ, ვფიცავთ! ვაშა მამა იუბიუს!

 

პირველი მოქმედების დასასრული

 

მოქმედება II

 

სცენა I

მეფის სასახლე.

ვენცელი, დედოფალი როზმონდა, ბოლესლავი, ვლადისლავი და ხულიგავი.

 

მეფე

ბატონო ხულიგავ, ამ დილით ძალიან თავხედურად მოექეცით ბატონ იუბიუს – ჩემი ორდენების კავალერს და სანდომირის გრაფს! ამიტომაც გიკრძალავთ ჩემს აღლუმზე მოსვლას!

დედოფალი

არადა, ვენცელ, თქვენს დასაცავად, ურიგო არ იქნებოდა მთელი თქვენი ოჯახის იქ ყოფნა!

მეფე

მე არასდროს ვცვლი ჩემს გადაწყვეტილებებს, ქალბატონო. ნუ დამღალეთ თქვენი ლაქლაქით!

ნორჩი ხულიგავი

ვემორჩილები თქვენს ნებას, მამა!

დედოფალი

ანუ, თქვენი უდიდებულესობა ისევ აპირებს იმ აღლუმზე წასვლას?

მეფე

და რატომ არ უნდა დავაპირო, ქალბატონო?

დედოფალი

კი მაგრამ, მე ხომ სიზმარში გნახეთ, როგორ გირტყამთ იგი იარაღს და როგორ გაგდებთ მდინარე ვისლაში, და როგორ ადგამს მას გვირგვინს არწივი, პოლონეთის გერბზე რომ არის, ისეთი![6]

მეფე

ვის ადგამს?

დედოფალი

მამა იუბიუს!

მეფე

რა სისულელეა! ბატონი იუბიუ ნამდვილი ჯენტლმენია, რომელიც ჩემი გულისთვის ოთხად გაიჭრება!

დედოფალი და ხულიგავი

როგორ ცდებით!

მეფე

კრინტი, პატარა მაიმუნო! თქვენ კი, ქალბატონო, დაგიმტკიცებთ, თუ როგორ არ მეშინია ბატონი იუბიუსი, და აღლუმზე ასევე წავალ, უაბჯროდ და უხმლოდ.

დედოფალი

საბედისწერო დაუდევრობა! ცოცხალს ვეღარ გნახავთ!

მეფე

ვლადისლავ და ბოლესლავ, წამოდით!

 

გადიან.

დედოფალი და ხულიგავი ფანჯარასთან მიდიან.

 

დედოფალი და ხულიგავი

გფარავდეთ ღმერთი და წმინდა ნიკოლოზი!

დედოფალი

ხულიგავ, სამლოცველოში წამომყევით, თქვენს მამასა და ძმებზე ვილოცოთ!

 

სცენა II

სააღლუმე მოედანი.

პოლონეთის არმია, მეფე, ბოლესლავი, ვლადისლავი, მამა იუბიუ, ასისთავი არშია და მისი ამალა, ჯოხილი, სვეტისი, ძელარი.

 

მეფე

კეთილშობილო მამა იუბიუ, ახლოს მოდით, თქვენს ამალასთან ერთად, რომ ჯარი დავათვალიეროთ.

მამა იუბიუ (თავის ხალხს)

აბა, მოემზადეთ! (მეფეს) მოვდივართ, თქვენო უდიდებულესობავ, მოვდივართ.

მამა იუბიუს ამალა წრეს არტყამს მეფეს.

მეფე

ოჰო! აი, დანციგის[7] ცხენოსანთა გვარდიის პოლკიც გამოჩნდა. მართლაც რა მშვენიერები არიან!

მამა იუბიუ

მართლა ასე ფიქრობთ? მე კი მგონია, რომ უვარგისები არიან! აი, ამას შეხედეთ. (ჯარისკაცს) რამდენი ხანია, პირი არ დაგიბანია, საზარელო საფრთხობელავ?

მეფე

კი მაგრამ, ეს ჯარისკაცი სრულიად სუფთაა! რა მოგდით, მამა იუბიუ?

მამაი უბიუ

აი, რა მომდის!

 

მეფის ფეხებზე შედგება.

 

მეფე

უბადრუკო!!

მამა იუბიუ

ძ ნ ე ხ ვ ი!! ჩემთან – ჩემი ხალხი!

არშია

წინ! შეტევაზე!

 

ყველა მეფეს ეძგერება. ერთ-ერთი თახსარი სკდება.

 

მეფე

აჰ! მიშველეთ! ქალწულო მარიამ, მოვკვდი!

ბოლესლავი (ვლადისლავს)

რა ხდება აქ? ხმალი ვიშიშვლოთ!

მამა იუბიუ

ოჰო! გვირგვინიც ხელთ მაქვს! ახლა სხვებსაც მივხედოთ!

ასისთავი არშია

ჰკა მაგათ!!

 

მეფისწულები გარბიან. ყველა მათ მისდევს.

 

სცენა III

დედოფალი და ხულიგავი.

 

დედოფალი

როგორც იქნა, დავმშვიდდი!

ხულიგავი

არც არანაირი მიზეზი გაქვთ ნერვიულობის.

 

გარედან საშინელი ღრიანცელი შემოდის.

 

ხულიგავი

აჰ! ეს ვის ვხედავ? ჩემს ძმებს მამა იუბიუ და მისი ამალა მოსდევს!

დედოფალი

ო, ღმერთო ჩემო! ქალწულო მარიამ, მოიმწყვდიეს! მოიმწყვდიეს!

ხულიგავი

მთელი ჯარი თან მოჰყვება მამა იუბიუს. მეფე არ ჩანს! რა საშინელებაა! გვიშველეთ!

დედოფალი

ბოლესლავი მოკლეს! ტყვია დაახალეს!

ხულიგავი

ჰეი! (ვლადისლავი მოიხედავს) მაგრად დაუდექი, ვლადისლავ!

დედოფალი

აჰ! ალყაში მოაქციეს!

ხულიგავი

მორჩა ყველაფერი! ეს-ეს არის, არშიამ სოსისივით ორად გააპო!

დედოფალი

აჰ! ვაიმე! სასახლეში შემოვარდნენ ეს ველურები! კიბეებზე ამორბიან!

 

ღრიანცელი ახლოვდება.

 

დედოფალი და ხულიგავი (დაჩოქილნი)

ღმერთო, დაგვიფარე!

ხულიგავი

უჰ! ეს მამა იუბიუ! არამზადა უბადრუკი! ერთი, ხელში ჩამივარდეს…

 

სცენა IV

იგივენი.

კარი შემოინგრევა. მამა იუბიუ და მისი გამძვინვარებული ამალა შემოცვივდებიან.

 

მამა იუბიუ

აჰ! ხულიგავ, რას მიპირებ?

ხულიგავი

დიდება ღმერთს! სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავ დედაჩემს! ვინც პირველი გაინძრევა, მკვდარია!

მამა იუბიუ

ოჰ!  როგორ შემაშინა! არშია, გამიშვით აქედან.

ერთ-ერთი ჯარისკაცი (წინ გამოიწევა)

დაგვნებდი, ხულიგავ!

ნორჩი ხულიგავი

ამ ყალთაბანდს დამიხედეთ! აჰა, მიიღე შენი წილი!

 

თავს უპობს.

 

დედოფალი

გამაგრდი, ხულიგავ, გამაგრდი!

რამდენიმე შეთქმული (წინ გამოდიან)

ხულიგავ, გპირდებით, სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ.

ხულიგავი

ნაძირლებო! ღვინის ტიკჭორებო! დაქირავებულო მაიმუნებო!

 

ხმალს დაატრიალებს და ნამდვილ “საყასბოს” მოაწყობს.

 

მამა იუბიუ

ოჰ! ამას როგორ ვერ უნდა მოვუღო ბოლო!

ხულიგავი

დედა, თავს უშველე, საიდუმლო კიბით!

დედოფალი

და შენ, შვილო, შენ?

ხულიგავი

მეც თან მოგყვები.

მამა იუბიუ

დედოფალი დაიჭირეთ! აჰ! გაიპარა! შენ კი, უბადრუკო…

 

ხულიგავისკენ მიდის.

 

ხულიგავი

უჰ! დიდება ღმერთს! აი, ჩემი შურისძიებაც! (ხმლის სასტიკი დარტყმით, ფაშვს გაურღვევს მამა იუბიუს) მოვდივარ, დედა!

 

ქრება საიდუმლო კიბეზე.

 

სცენა V

გამოქვაბული მთებში.

შემოდის ნორჩი ხულიგავი და მოჰყვება დედოფალი როზმონდა.

 

ხულიგავი

აქ უსაფრთხოდ ვიქნებით.

დედოფალი

იმედი მაქვს! აჰ, ხულიგავ, მომეშველე!

 

დედოფალი თოვლზე ეცემა.

 

ხულიგავი

ე! დედა, რა გჭირს?

დედოფალი

ძალიან ავად ვარ, ხულიგავ, ორი საათის სიცოცხლეღა დამრჩენია!

ხულიგავი

რა? გაცივდი?

დედოფალი

ან კი როგორ გავუძლო ამდენ უბედურებას? მეფე მოკლეს, ოჯახი გაგვინადგურეს, და შენ – წარმომადგენელს ყველაზე კეთილშობილი გვარისა, ვისაც კი ოდესმე ხმალი სჭერია – ბოროტმოქმედივით, მთებში გადახვეწა გაიძულეს!

ხულიგავი

და თან ვინ, ღმერთო მაღალო, ვინ? – ამ უხამსმა მამა იუბიუმ, ამ თავზეხელაღებულმა უჯიშომ, ამ თახსირმა არამზადამ, ამ სამარცხვინო მაწანწალამ! რომ მახსენდება, როგორ დააჯილდოვა მამაჩემმა, გრაფობა უბოძა და მეორე დღეს, ეს ნაგავი სინდისმა არ შეაწუხა და მასზე ხელი ასწია!

დედოფალი

ო, ხულიგავ! რა ბედნიერები ვიყავით, სანამ ეს მამა იუბიუ გამოჩნდებოდა! ახლა კი, აფსუს, ყველაფერი შეიცვალა!

ხულიგავი

რას ვიზამთ! დაველოდოთ იმედით და ნურასდროს დავთმობთ ჩვენს უფლებებს!

დედოფალი

შენ მთელი გულით გისურვებ, ძვირფასო შვილო, მაგრამ მე ამ ბედნიერ დღეს ვერ მოვესწრები!

ხულიგავი

აჰ! რა გჭირს? ფერი მისდის, ეცემა, გვიშველეთ! მაგრამ აქ არავინაა! ო, ღმერთო ჩემო! გული აღარ უცემს. მოკვდა! ნუთუ ეს შესაძლებელია? მამა იუბიუს კიდევ ერთი მსხვერპლი! (თავს ხელებში რგავს და ტირის) ო, ღმერთო ჩემო! რა ძნელია მარტო დარჩენა თოთხმეტი წლის ასაკში, და თან სასტიკი შურისძიების ვალდებულებით!

 

ეცემა, უკიდურესი სასოწარკვეთით შეპყრობილი.

ამასობაში, ვენცელის, ბოლესლავის, ვლადისლავის და როზმონდას სულები შედიან გამოქვაბულში.[8] მათ თან ახლავთ წინაპრები. გამოქვაბული ივსება. მათგან ყველაზე ხანდაზმული უახლოვდება ხულიგავს და ნაზად აღვიძებს.

 

ხულიგავი

ოჰ! ამას რას ვხედავ? მთელი ჩემი ოჯახი, ჩემი წინაპრები… რა სასწაულია!

აჩრდილი

იცოდე, ხულიგავ, რომ მე, სიცოცხლის განმავლობაში, ვიყავი დიდგვაროვანი მატიას კენიგსბერგელი, ჩვენი დინასტიის ფუძემდებელი და პირველი მეფე. შენ გაბარებ ჩვენი შურისძიების საზრუნავს. (აწვდის დიდ ხმალს) დაე, ამ ხმალმა, მე რომ გადმოგცემ, მხოლოდ მაშინ დაისვენოს, როცა თვითმარქვია უზურპატორს სიკვდილს აგემებს.

 

ყველა აჩრდილი ქრება. ხულიგავი რჩება მარტო, აღტკინებული.

 

სცენა VI

 

მეფის სასახლე.

მამა იუბიუ, დედა იუბიუ, ასისთავი არშია.

 

მამა იუბიუ

არა-მეთქი, არ მინდა! ამ სალახანების გამო უნდა გამაკოტროთ?

ასისთავი არშია

კი მაგრამ, მამა იუბიუ, ნუთუ ვერ ხედავთ, როგორ ელის ხალხი ძღვენს ამ ბრწყინვალე მოვლენის აღსანიშნავად?

დედა იუბიუ

თუ მათ ხორცს და ოქროს არ დაურიგებ, ორ საათში ტახტიდან ჩამოგაგდებენ.

მამა იუბიუ

ხორცს – კი! ოქროს – არა! დაკალით სამი ბებერი ცხენი. ესეც ეყოფათ მაგ მაიმუნებს.

დედა იუბიუ

თავად მაიმუნო! ვინ გადამყარა ასეთ ცხოველს?

მამა იუბიუ

კიდევ ერთხელ გიმეორებთ, გამდიდრება მინდა, გროშსაც არ დავთმობ.

დედა იუბიუ

კი მაგრამ, პოლონეთის მთელი სახაზინო ხომ ჩვენ ხელთაა.

ასისთავი არშია

დიახ. მე ვიცი, რომ სამლოცველოში უზარმაზარი განძია დამალული. ჩვენ მას დავარიგებთ.

მამა იუბიუ

უბადრუკო, აბა ერთი გაბედე!

ასისთავი არშია

თუ არ დაურიგებ, ხალხი გადასახადებს აღარ გადაიხდის, მამა იუბიუ.

მამა იუბიუ

მართლა?

დედა იუბიუ

დიახ, დიახ!

მამა იუბიუ

აჰ! თუ ასეა, ყველაფერზე თანახმა ვარ. დაარიგეთ სამი მილიონი და შეწვით ას ორმოცდაათი ხარი და ცხვარი. მით უმეტეს, რომ მეც შემხვდება!

 

გადიან.

 

სცენა VII

ხალხით სავსე სასახლის მოედანი.

მამა იუბიუ გვირგვინით, დედა იუბიუ, ასისთავი არშია, ხორცით დატვირთული მსახურები.

 

ხალხი

აი, მეფეც! დიდება მეფეს! ვაშა!

მამა იუბიუ (ოქროებს ფანტავს)

აიღეთ, თქვენი იყოს! სულ არ მეხალისებოდა თქვენთვის ფულის დარიგება, მაგრამ დედა იუბიუმ ისურვა ასე. სამაგიეროდ, გადასახადებს ხომ გადაიხდით?

ყველა

კი, კი!

ასისთავი არშია

შეხედეთ, დედა იუბიუ, ოქროებს ვერ იყოფენ! როგორ დასცხეს ერთმანეთს!

დედა იუბიუ

მართლაც რა საშინელებაა! ფუჰ! აი, ერთს თავი გაუპეს!

მამა იუბიუ

რა მშვენიერი სანახაობაა! კიდევ მომიტანეთ ოქროს ზანდუკები!

ასისთავი არშია

შეჯიბრი ხომ არ მოგვეწყო?

მამა იუბიუ

ოჰო! კარგი აზრია! (ხალხს) მეგობრებო, ამ ოქროს ზანდუკს ხომ ხედავთ, შიგ სამასი ათასი პოლონური ოქროს მონეტაა, საუკეთესო ხარისხის! ვისაც შეჯიბრში მონაწილეობა გსურთ, მოედნის ბოლოში დადექით. როგორც კი ცხვირსახოცს გავაქნევ, გაიქცევით. ვინც პირველი მიასწრებს, ზანდუკიც მისი იქნება! დამარცხებულები კი, გული რომ არ დაწყდეთ, ამ მეორე ზანდუკს გაიყოფენ.

ყველა

ვაშა! დიდება მამა იუბიუს, ჩვენს კეთილ მეფეს! ვენცელის დროს ამას ვინ გვაღირსებდა!

მამა იუბიუ (გახარებული, დედა იუბიუს)

გესმის მათი?

 

ხალხი მოედნის ბოლოში მწკრივდება.

 

მამა იუბიუ

ერთი, ორი, სამი! მზად ხართ?

ყველა

კი! კი!

მამა იუბიუ

წინ!

 

ხალხი გარბის, ერთმანეთში შეხლა-შემოხლით, ყვირილით და გნიასით.

 

ასისთავი არშია

უახლოვდებიან! უახლოვდებიან!

მამა იუბიუ

აჰ! პირველს დაეწივნენ.

დედა იუბიუ

არა, ისევ წინ გავიდა.

ასისთავი არშია

არა! აგებს, აგებს! მორჩა! სხვამ მოიგო!

 

იგებს რიგით მეორე.

 

ყველა

ვაშა მიხეილ თედორეს ძეს! ვაშა მიხეილ თედორეს ძეს!

მიხეილ თედორეს ძე

თქვენო უიუბიუესობავ, არ ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო თქვენს ბრწყინვალებას…

მამა იუბიუ

ო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ეს არაფერია! წაიღე შენი ზანდუკი, მიხეილ! დანარჩენებმა კი, ეს მეორე გაიყავით. თითომ თითო მონეტა აიღეთ, რიგრიგობით, სანამ არ გამოილევა.

ყველა

ვაშა მიხეილ თედორეს ძეს! ვაშა მამა იუბიუს!

მამა იუბიუ

თქვენ კი, მეგობრებო, მაგიდასთან მობრძანდით! დღეს სასახლის კარი ღიაა თქვენთვის. პატივი დამდეთ და ჩემთან ერთად იქეიფეთ!

ხალხი

შევიდეთ! შევიდეთ! ვაშა მამა იუბიუს! მონარქთაგან ყველაზე კეთილშობილს!

 

შედიან სასახლეში. დილამდე ისმის ღრეობის ხმები.

 

მეორე მოქმედების დასასრული

 

მოქმედება III

 

სცენა I

სასახლე.

მამა იუბიუ, დედა იუბიუ.

 

მამა იუბიუ

აჰა, ჩემმა მწვანე ვარყალმა, ამ ქვეყნის მეფეც გავხდი! უკვე კუჭის აშლაც მოვასწარი და ახლა დიდ თავსაბურავსაც მომართმევენ!

დედა იუბიუ

და რისგან არის შეკერილი, მამ იუბიუ? მართალია, მეფე ხარ, მაგრამ ყაირათი გმართებს.

მამა იუბიუ

ცხვრის ტყავისგან, ქალბატონო ცოლო, საკინძით და ძაღლის ტყავის ზორტებით.

დედა იუბიუ

მშვენიერია, თუმცა მეფედ ყოფნა კიდევ უფრო მშვენიერია.

მამა იუბიუ

დიახ, მართალი იყავი, დედა იუბიუ.

დედა იუბიუ

ლიეტუვის ჰერცოგს უნდა ვუმადლოდეთ.

მამა იუბიუ

ვის?

დედა იუბიუ

ე! ასისთავ არშიას!

მამა იუბიუ

ღვთის გულისთვის, დედა იუბიუ, ნუ მიხსენებ მაგ სალახანას! დავასიზმრებ საჰერცოგოს! აწი აღარ მჭირდება და კისერიც უტეხია!

დედა იუბიუ

ძალიან ცდები, მამა იუბიუ! შენ წინააღმდეგ შემობრუნდება!

მამა იუბიუ

ოჰ! არ შემაშინოს მაგ კაცუნამ! რაღა ეგ და რაღა ხულიგავი!

დედა იუბიუ

და, ხულიგავთან, გგონია, ყველაფერს მორჩი?

მამა იუბიუ

ფინანსაბარკალმა! ცხადია! რა უნდა მიქნას თოთხმეტი წლის ლაწირაკმა მაიმუნმა?

დედა იუბიუ

მამა იუბიუ, დამიჯერე, რასაც გეუბნები. ეცადე, მოწყალებით მისი გული მოიგო.

მამა იუბიუ

ისევ ფული უნდა გავცე? ნწ! კმარა! ოცდაორი მილიონი უკვე გამაფლანგინეთ!

დედა იუბიუ

თავად გადაწყვიტე და მერე საკუთარ თავს დააბრალე!

მამა იუბიუ

შენც ჩემს ქვაბში მოიხარშები!

დედა იუბიუ

კიდევ ერთხელ გეუბნები და გაიგონე, ნორჩი ხულიგავი გაიმარჯვებს, რადგან სიმართლე მის მხარესაა.

მამა იუბიუ

აჰ! ეს ნაგავი! განა, სიყალბე სიმართლეზე ცუდი რითია? შეურაცხყოფას მაყენებ, დედა იუბიუ! დაგანაკუწებ!

 

დედა იუბიუ გარბის, მამა იუბიუ მისდევს.

 

სცენა II

სასახლის დიდი დარბაზი.

მამა იუბიუ, დედა იუბიუ, ოფიცრები და ჯარისკაცები, ჯოხილი, სვეტისი, ძელარი, შებორკილი დიდგვაროვნები, ფინანსისტები, მსაჯულები, მემატიანეები.

 

მამა იუბიუ

მომიტანეთ სადიდგვაროვნო სკივრი, სადიდგვაროვნო კაუჭი, სადიდგვაროვნო დანა და სადიდგვაროვნო ეტრატი! შემდეგ, დიდგვაროვნები მომგვარეთ!

 

დიდგვაროვნებს უხეშად უბიძგებენ.

 

დედა იუბიუ

ღვთის გულისთვის, დაშოშმინდი, მამა იუბიუ!

მამა იუბიუ

მაქვს პატივი, გაცნობოთ, რომ სამეფო ხაზინის შევსების მიზნით, გადავწყვიტე, სული გავაფრთხობინო ყველა დიდგვაროვანს და ხელში ჩავიგდო მათი ავლადიდება!

დიდგვაროვნები

გვიშველეთ! ხალხო, ჯარისკაცებო, აქეთ!

მამა იუბიუ

მომიყვანეთ პირველი დიდგვაროვანი და მომაწოდეთ სადიდგვაროვნო კაუჭი! სიკვდილმისჯილებს ტრაპში გადავუძახებ, საიდანაც ღორიჩქმეტიასა და მაყუთოთახის სარდაფებში ჩაცვივდებიან. იქ კი მათ ტვინს გაუბურღავენ.

 

დიდგვაროვანს.

 

ვინ ხარ, სალახანავ?

დიდგვაროვანი

გრაფი ვიტებსკი

მამა იუბიუ

რამდენი გაქვს შემოსავალი?

დიდგვაროვანი

სამი მილიონი რიკსდალერი.

მამა იუბიუ

სიკვდილით დასჯა!

 

კაუჭით წევს და ხვრელში აგდებს.

 

დედა იუბიუ

რა სიმხეცეა!

მამა იუბიუ

შემდეგი დიდგვაროვანი! ვინ ხარ? (დიდგვაროვანი არ პასუხობს) მიპასუხე, სალახანავ!

დიდგვაროვანი

პოზნანის დიდი ჰერცოგი.

მამა იუბიუ

ჩინებულია, ჩინებული! შეკითხვები საჭირო აღარ არის. ტრაპში! მესამე! რა სიფათი გაქვს! ვინ ხარ?

დიდგვაროვანი

კურლანდიის, რიგის, რეველისა და მიტავის ჰერცოგი.

მამა იუბიუ

ძალიან კარგი! ძალიან კარგი! სხვა რა გაგაჩნია?

დიდგვაროვანი

სხვა არაფერი.

მამა იუბიუ

მაშინ, ტრაპში! მეოთხე დიდგვაროვანი! ვინ ხარ?

დიდგვაროვანი

პოდოლიის მთავარი.

მამა იუბიუ

რა შემოსავალი გაქვს?

დიდგვაროვანი

გავკოტრდი.

მამა იუბიუ

ამ ცუდი პასუხისთვის, წადი ტრაპში! მეხუთე დიდგვაროვანი! ვინ ხარ?

დიდგვაროვანი

ტორუნის მარკგრაფი, პოლოცკის პფალცგრაფი.

მამა იუბიუ

არც ისე მსუყეა. სხვა რა გაგაჩნია?

დიდგვაროვანი

ესეც მყოფნიდა.

მამა იუბიუ

კარგი, კარგი! არაფერს ჯობია! ტრაპში! რას ჯაჯღანებ, დედა იუბიუ?

დედა იუბიუ

ძალიან სასტიკი ხარ, მამა იუბიუ!

მამა იუბიუ

ე! ვმდიდრდები! ახლა ჩ ე მ ი ქონების ჩამონათვალს წავაკითხვინებ! აბა, მემატიანევ, წამიკითხეთ ჩ ე მ ი ქონების ჩამონათვალი!

მემატიანე

სანდომირის საგრაფო…

მამა იუბიუ

სამთავროებით დაიწყე, რეგვენო!

მემატიანე

პოდოლიის სამთავრო, პოზნანის დიდი საჰერცოგო, კურლანდიის საჰერცოგო, სანდომირის საგრაფო, ვიტებსკის საგრაფო, პოლოცკის საპფალცგრაფო, ტორუნის სამარკგრაფო.

მამა იუბიუ

შემდეგ?

მემატიანე

სულ ესაა.

მამა იუბიუ

როგორ თუ სულ ესაა! თუ ასეა, მაშინ დიდგვაროვნები წინ გამოდით! ვინაიდან გამდიდრებას ვერ შევწყვეტ, ყველა დიდგვაროვანს სიკვდილით დასჯა! ამგვარად, ყველა ვაკანტური ქონება ჩემი გახდება! აბა, დიდგვაროვნები – ტრაპში! (ტრაპს დიდგვაროვნებით ავსებენ) უფრო სწრაფად! კანონები მაქვს შესამუშავებელი.

რამდენიმე

გისმენთ!

მამა იუბიუ

მართლმსაჯულების რეფორმით ვიწყებ. შემდეგ კი გადასახადებს მივხედავ.

რამდენიმე მსაჯული

ჩვენ ყოველგვარ ცვლილებას ვუპირისპირდებით!

მამა იუბიუ

ძნეხვი! პირველი: მსაჯულებს ხელფასი გაუუქმდებათ!

მსაჯულები

და, როგორ ვიცხოვროთ? ჩვენ ხომ ღატაკები ვართ!

მამა იუბიუ

თქვენ მიერ გამოწერილი ჯარიმები და სიკვდილმისჯილთა ქონების ნაწილიც გეყოფათ!

ერთ-ერთი მსაჯული

რა საშინელებაა!

მეორე მსაჯული

სისაძაგლე!

მესამე მსაჯული

სკანდალი!

მეოთხე მსაჯული

უსინდისობა!

ყველა

უარს ვაცხადებთ ასეთ პირობებში მოსამართლეობაზე!

მამა იუბიუ

ტრაპში – მსაჯულები!

 

მსაჯულები წინააღმდეგობის გაწევას ამაოდ ცდილობენ.

 

დედა იუბიუ

ე! რა შვრები, მამა იუბიუ? მსჯავრებს ვინღა გამოიტანს?

მამა იუბიუ

როგორ თუ ვინღა? მე გამოვიტან! ნახავ, რა კარგად გამომივა.

დედა იუბიუ

კი, წარმომიდგენია!

მამა იუბიუ

მოკეტე, დედალ-კაცო! ახლა კი, ბატონებო, გადასახადებზე გადავიდეთ.

ფინანსისტები

აქ არაფერია შესაცვლელი.

მამა იუბიუ

როგორ თუ არაფერი! ყველაფერი უნდა შევცვალო! პირველი: გადასახადების ნახევარი ჩემი იქნება.

ფინანსისტები

არც კი რცხვენია!

მამა იუბიუ

შემდეგ: საკუთრებაზე ათპროცენტიან გადასახადს დავაწესებთ. იგივე – ვაჭრობასა და მრეწველობაზე. ხოლო ქორწინებასა და სიკვდილზე – თხუთმეტ-თხუთმეტ ფრანკს.

პირველი ფინანსისტი

ეს ხომ სისულელეა, მამა იუბიუ!

მეორე ფინანსისტი

აბსურდი!

მესამე ფინანსისტი

სრული ფინონსენსი!

მამა იუბიუ

ვის დასცინით! ტრაპში – ფინანსისტები!

 

ფინანსისტებს ტრაპში ახვავებენ.

 

დედა იუბიუ

სულ გაგიჟდი, მამა იუბიუ? რანაირი მეფე ხარ, ყველა ამოხოცე!

მამა იუბიუ

ძნეხვი-მეთქი!

დედა იუბიუ

აღარც სასამართლო, აღარც ფინანსები…

მამა იუბიუ

ნუ გეშინია, ჩემო ანგელოზო, თავად ვივლი სოფელ-სოფელ გადასახადების ასაკრეფად.

 

სცენა III

გლეხის სახლი ვარშავის შემოგარენში.

შეკრებილია მრავალი გლეხი.

 

ერთ-ერთი გლეხი (შემოდის)

დიდი სიახლეებია! მეფე მკვდარია! ჰერცოგებიც! მხოლოდ ნორჩი ხულიგავი გადაიხვეწა მთებში, დედამისთან ერთად. ხოლო სამეფო ტახტი მამა იუბიუმ დაისაკუთრა!

მეორე გლეხი

სხვა სიახლეებიცაა! ეს-ეს არის, კრაკოვიდან დავბრუნდი, სადაც ვნახე, როგორ გაჰქონდათ სამასი ათასზე მეტი დიდგვაროვნისა და ხუთასი ათასი მსაჯულის გვამი! ამბობენ, გადასახადები გაორმაგდებაო და მამა იუბიუ მათ თავად აკრეფსო!

ყველა

ღმერთო მაღალო! რა გვეშველება! საზარელი ღორია ეს მამა იუბიუ! და მთელი მისი ოჯახი, როგორც ამბობენ – ამაზრზენი!

ერთ-ერთი გლეხი

მოიცათ, გესმით? მგონი, კარზე აკაკუნებენ!

ხმა (გარედან)

სტომარქამ! გააღეთ, ჩემმა ძნეხვმა! წმინდა იოანეს, წმინდა პეტრესა და წმინდა ნიკოლოზის სახელმა! გააღეთ, ფინანსაბარკალმა! გააღეთ, ფინანსირმა! გადასახადების ასაკრეფად მოვედი!

 

კარი შემოინგრევა. შემოვარდება მამა იუბიუ, ფინანსირების პოლკთან ერთად.

 

სცენა IV

 

მამა იუბიუ

ვინ არის თქვენგან ყველაზე ასაკოვანი? (ერთი გლეხი წინ გამოდის) რა გქვია?

გლეხი

სტანისლავ ლეშჩინსკი.

მამა იუბიუ

ჰოდა, სტომარქამ, კარგად მომისმინე, თორემ ეს ბატონები ყ-ვ-ურებს დაგაჭრიან! მომისმენ, ბოლოს და ბოლოს?

სტანისლავი

ჰო, მაგრამ, თქვენო აღმატებულებავ, ჯერ არაფერი გითქვამთ.

მამა იუბიუ

როგორ! მთელი საათია, ვლაპარაკობ! გგონია, აქ უდაბნოში საღაღადებლად მოვედი?!

სტანისლავი

ჩემგან შორს მსგავსი ფიქრი!

მამა იუბიუ

მაშასადამე, მე მოვედი, რომ გითხრა, გიბრძანო და დაგავალო, დაუყოვნებლივ შეაგროვო და წარმოადგინო ყველა გადასახადი! წინააღმდეგ შემთხვევაში, განადგურდები! აბა, ბატონო ფინანსირებო, მოაგორეთ ხაზინმზიდი!

 

მოაგორებენ ხაზინმზიდს.

 

სტანისლავი

თქვენო უიუბიუესობავ, ჩვენს ანგარიშზე მხოლოდ ას ორმოცდათორმეტი რიკსდალერია და ისიც უკვე გადავიხადეთ, მალე ექვსი კვირა გახდება, წმინდა მათეს დღესასწაულზე.

მამა იუბიუ

სავსებით შესაძლებელია, თუმცა მე მთავრობა გამოვცვალე და რეესტრშიც ჩავაწერინე, რომ ყველა ძველი გადასახადი გაორმაგდა, ხოლო მომავალი გასამმაგდა. ამ სისტემით, უცებ გავმდიდრდები, მერე ყველას მოვკლავ და სხვაგან წავალ.

გლეხი

ღვთის გულისთვის, ბატონო იუბიუ, შეგვიწყალეთ! საბრალო ქვეშევრდომები ვართ!

მამა იუბიუ

არ მაინტერესებს! გადაიხადეთ!

გლეხი

არ შეგვიძლია, უკვე გადავიხადეთ!

მამა იუბიუ

გადაიხადეთ! თორემ არ აგცდებათ ჩაჯიბვა და კისრისაგან თავის წარკვეთა! სტომარქამ, მეფე ვარ თუ რა ვარ!

ყველა

აჰ! მაშ ეგრე, არა?! შევიარაღდეთ! დიდება ხულიგავს, პოლონეთისა და ლიეტუვის ღვთით კურთხეულ მეფეს!

მამა იუბიუ

წინ, ბატონო ფინანსირებო! აღასრულეთ თქვენი მოვალეობა!

 

ჩაღდება ბრძოლა. სახლი ინგრევა. ბებერი სტანისლავი გარბის მარტო, მინდვრების გასწვრივ. მამა იუბიუ ფულს კრეფს.

 

სცენა V

ტორუნის ციხესიმაგრის ბუნკერი.

მიჯაჭვული[9] ასისთავი არშია, მამა იუბიუ.

 

მამა იუბიუ

აი, მოქალაქევ, როგორაა საქმე: შენ გინდოდა, რომ მე შენთვის გადამეხადა, რაც მმართებდა. მე კი არ მინდოდა! ამიტომ შეთქმულება მომიწყვე და აჰა, შენც – გალიაში გამომწყვდეული! ახია შენზე, ფინანსირმა! ყველაფერი ისე მაგრად გამომივიდა, რომ შენც კი განცვიფრებული ხარ!

ასისთავი არშია

ფრთხილად, მამა იუბიუ! ხუთი დღეა, რაც მეფე ხართ და უკვე იმდენი მკვლელობა ჩაიდინეთ, სამოთხის ყველა წმინდანის ლოცვა ვერ გიშველით! მეფისა და დიდგვაროვნების სისხლი შურისძიებას ითხოვს და ეს აღსრულდება!

მამა იუბიუ

ო, ჩემო ტკბილო მეგობარო, რა ენაკვიმატი ხართ! ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ აქედან გაიქცევით, საქმე ოდნავ გამირთულდება, მაგრამ რაღაც არ მახსენდება, რომ ტორუნის ბუნკერიდან ოდესმე თუნდაც ერთი პატიოსანი ყმაწვილი გაქცეულიყოს! ამიტომაც მშვიდ ღამეს და ტკბილ სირ-მებს გისურვებთ, მიუხედავად იმისა, რომ აქ ვირთხები ღამღამობით კარგ სარაბანდას მოსცხებენ ხოლმე!

 

გადის. მსახურები ყველა კარს რაზავენ.

 

სცენა VI

მოსკოვის სასახლე.

ცარი ალექსი, მისი კარისკაცები, არშია.

 

ცარი ალექსი

ეს შენ ხარ ის თავზეხელაღებული ავაზაკი, რომელსაც ჩემი ნათესავის, ვენცელის მკვლელობაში მიუძღვის წვლილი?

არშია

შემიწყალეთ, ხელმწიფევ! ამ საქმეში, ჩემდა უნებურად, მამა იუბიუმ გამრია!

ალექსი

ოჰ! ამაზრზენო მატყუარავ! და მაინც, რის სათხოვნელად მოხვედი?

არშია

მამა იუბიუმ შეთქმულების საბაბით დამაპატიმრა. გაქცევა მოვახერხე და ხუთი დღე და ღამე ვაჭენე სტეპებზე ცხენი, რომ თქვენთვის მოწყალება მეთხოვა!

ალექსი

და რას მთავაზობ შენი მორჩილების გარანტად?

არშია

მამაცი მეომრის ხმალს და ქალაქ ტორუნის დეტალურ რუკას.

ალექსი

ხმალს ავიღებ, მაგრამ რუკა დაწვით, წმინდა გიორგის სახელმა! არ მსურს ღალატის ფასად გამარჯვება!

არშია

ვენცელის ერთ-ერთი ვაჟი, ნორჩი ხულიგავი ჯერაც ცოცხალია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ტახტზე დავაბრუნო!

ალექსი

და რა რანგი გეკავა პოლონეთის ჯარში?

არშია

ვილნას[10] დრაგუნთა მეხუთე პოლკს და მამა იუბიუს საგანგებო პირად დაჯგუფებას ვმეთაურობდი.

ალექსი

კარგია! მე შენ გნიშნავ კაზაკთა მეათე პოლკის უმცროს ლეიტენანტად. თუ ღალატს გაბედავ, მწარედ დაისჯები. თუ მამაცურად იბრძოლებ, გასამრჯელოს მიიღებ.

არშია

თუ რამე არ მაკლია, სიმამაცეა, ჩემო ხელმწიფევ!

ალექსი

კარგი! ახლა კი გაუჩინარდი!

 

არშია გადის.

 

სცენა VII

იუბიუს საბჭოს დარბაზი.

მამა იუბიუ, დედა იუბიუ, ფინანსური მრჩევლები.

 

მამა იუბიუ

ბატონებო, სხდომას გახსნილად ვაცხადებ. ყურადღებით მისმინეთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ! თავდაპირველად, განვიხილავთ ფინანსების საკითხს, შემდეგ კი ვილაპარაკებთ სისტემაზე, რომელიც მე მოვიფიქრე კარგი ამინდის მოსაყვანად თუ წვიმის გამოსათხოვად.

ერთ-ერთი მრჩეველი

რა კარგია, ბატონო იუბიუ!

დედა იუბიუ

რა იდიოტია!

მამა იუბიუ

ქალბატონო ძნეხვო-ჩემო, მიფრთხილდით! თქვენს სისულელეებს დიდხანს ვერ ავიტან! ჰოდა, ბატონებო, იმას ვამბობდი, რომ ფინანსების საქმე დამაკმაყოფილებლად მიდის. ქუჩებში, ყოველ დილით, დიდი რაოდენობის მატყლისწინდებიანი ძაღლი დაწანწალებს. ფინანსირები სასწაულებს ახდენენ! ყველგან მხოლოდ გადამწვარი სახლები და ჩვენი ხაზინმზიდით გასრესილი ხალხი მოჩანს!

მრჩეველი

და ახალი გადასახადების საქმე როგორ მიდის, ბატონო იუბიუ?

დედა იუბიუ

ძალიან ცუდად! ქორწინების გადასახადმა დღემდე მხოლოდ თერთმეტი სუ შემოიტანა. თანაც მამა იუბიუ ხალხს დასდევს და დაქორწინებას აძალებს.

მამა იუბიუ

ფინანსაბარკალმა, ჩემმა სტომარქამ, ქალბატონო ფინანსისტო, მე ყ-ვ-ურები იმისთვის მაქვს, რომ ვილაპარაკო, თქვენ კი პირი იმისთვის გაქვთ, რომ უსმინოთ. (ხარხარებს) თუ – პრირიქით! თქვენ გამო, შეცდომებს ვუშვებ და ბრიყვი გამოვდივარ! ვაჰ, სირიუბიუ! (შემოდის შიკრიკი) ოჰ, ამას რაღა უნდა? გაეთრიე, მაიმუნო, თორემ ჩაგიჯიბე თავკვეთით და ფეხმოგრეხით!

დედა იუბიუ

წავიდა! თუმცა წერილი დატოვა.

მამა იუბიუ

წამიკითხე! მგონი, ვჩლუნგდები ან უბრალოდ კითხვა არ ვიცი! სწრაფად, დედალ-კაცო, არშიას წერილი უნდა იყოს.

დედა იუბიუ

დიახ! ამბობს, რომ ცარმა კარგად მიიღო და რომ აპირებს შენი ტერიტორიების დაპყრობას, ტახტზე ხულიგავის დაბრუნებას და შენს მოკვლას!

მამა იუბიუ

ვაი! ვაი! მეშინია! მეშინია! ვაი, მოვკვდები! ო, ჩემო საბრალო თავო! ღმერთო მაღალო, რა მეშველება! მომკლავს ის ბოროტი! წმინდა ანტონო და ყველა წმინდანო, დამიფარეთ! და ფულს მოგცემთ და სანთლებს დაგინთებთ! რა მეშველება, მამაზეციერო!

 

ტირის და ქვითინებს.

 

დედა იუბიუ

გამოსავალი მხოლოდ ერთია, მამა იუბიუ.

მამა იუბიუ

რა, ჩემო სიყვარულო?

დედა იუბიუ

ომი!!

ყველა

დიდება უფალს! აი, გვესმის ღირსეული საქციელი!

მამა იუბიუ

ჰო… და ისევ მომხვდება!

პირველი მრჩეველი

სწრაფად, სწრაფად, ჯარი შევკრიბოთ!

მეორე მრჩეველი

და საკვები მოვიმარაგოთ!

მესამე მრჩეველი

და ქვემეხები და სიმაგრეები გავამზადოთ!

მეოთხე მრჩეველი

და მეომრებისთვის ფული გამოვყოთ!

მამა იუბიუ

აპ-აპ! კიდევ რა გნებავს?! მოგკლავ! არავითარი ფული! ადრე, ომში ფულს მიხდიდნენ, ახლა კი გინდათ, ჩემი ხარჯით ვიომო?! არა, ჩემმა მწვანე ვარყალმა! ვიომოთ, რადგან ასე ხართ გააფთრებული, ოღონდ – გროშის დაუხარჯავად!

ყველა

ვაშა ომს!

 

სცენა VIII

სამხედრო ბანაკი ვარშავის მისადგომებთან.

 

ჯარისკაცები და თახსარები

დიდება პოლონეთს! დიდება მამა იუბიუს!

მამა იუბიუ

ჰე, დედა იუბიუ, მომაწოდე ჩემი აბჯარი და ხის ნაფოტი! უჰ, რა მძიმეა! მტერი რომ დამედევნოს, გაქცევას ვერ შევძლებ.

დედა იუბიუ

ფუჰ, ლაჩარი!

მამა იუბიუ

ვაი! ძნეხვანჯალი ბრძოლის ველიდან გარბის!! მაყუთქვლეფია ველზე ეცემა!!! უჰ, ვეღარ მოვრჩი ამ აღჭურვილობის ჩაცმას, რუსები კი გვიახლოვდებიან! მომკლავენ!

ერთ-ერთი ჯარისკაცი

ყურლესულიც დაეცა, თქვენო უიუბიუესობავ!

მამა იუბიუ

ყველას დავხოცავ ამ ჩემი ძნეხვაჯახითა და სიფათილიყამყამით!!

დედა იუბიუ

პირდაპირ დახატა ამ მუზარადმა და აბჯარმა! ნამდვილი ბრონირებული გოგრა!

მამა იუბიუ

ჰე! ახლა ცხენზე შევჯდები! მაყუთულაყი მომიყვანეთ, ბატონებო!

დედა იუბიუ

მაყუთულაყი ვეღარ გაგიძლებს, მამა იუბიუ. ხუთი დღეა, არაფერი უჭამია და სიკვდილის პირზეა.

მამა იუბიუ

კარგი ხუმრობაა! დღეში 12 სუს ვიხდი ამ მძორსინანტისთვის და ჩემი ტარებაც კი არ შეუძლია! დამცინით, იუბიუფალმა, თუ ფულს მპარავთ? (დედა იუბიუს შერცხვება და თავს დახრის) მაშინ სხვა ცხოველი მომიყვანეთ! ფეხით ხომ არ წავალ, ჩემმა სტომარქამ!

 

მოჰყავთ ვეებერთელა ცხენი.

 

მამა იუბიუ

აბა, შევჯდე! აჰ, გაჩერდი, თორემ ჩამოვვარდები! (ცხენი მიდის) აჰ, გააჩერეთ ეს ცხოველი! მამაზეციერო, ჩამოვვარდები და მოვკვდები!!!

დედა იუბიუ

მართლა რა რეგვენია! ოჰ, მგონი გააჭენა… აჰ, ჩამოვარდა!

მამა იუბიუ

ფიზიკლანჭმა! ნახევრად მკვდარი ვარ! მაგრამ სულ ერთია, ომში მაინც მივდივარ და ყველას ამოვხოცავ! მიფრთხილდეს, ვინც წაბორძიკდება! ყველას ჩავიჯიბავ ცხვირმოგრეხით, ყბამომტვრევითა და ენამოგლეჯით!

დედა იუბიუ

აბა, შენ იცი, მამა იუბიუ!

მამა იუბიუ

კინაღამ დამავიწყდა –  დროებით გაბარებ სახელმწიფოს მმართველობას! თუმცა სახაზინო წიგნი თან მიმაქვს. ერთი გაბედე და რამე მომპარე! დამხმარედ ჯოხილ თახსარს გიტოვებ. მშვიდობით, დედა იუბიუ!

დედა იუბიუ

მშვიდობით, მამა იუბიუ. ცარს სული გააფრთხობინე!

მამა იუბიუ

უეჭველად! ცხვირმოგრეხით, ყბამომტვრევით, ენამოგლეჯითა და ხის ნაფოტის ყ-ვ-ურებში ჩაჩურთვით!

 

ჯარი მიდის სასულე ორკესტრის ხმაზე.

 

დედა იუბიუ (მარტო)

რახან ეს გათქვირებული ტაკიმასხარა წავიდა, საქმეს მივხედოთ. მოვკლათ ხულიგავი და განძეული ხელში ჩავიგდოთ!

 

მესამე მოქმედების დასასრული

 

მოქმედება IV

 

სცენა I

პოლონეთის მეფეთა საძვალე ვარშავის საკათედრო ტაძარში.

 

დედა იუბიუ

კი მაგრამ, სად არის განძეული? ფუყე ხმას არცერთი ქვის ფილა არ გამოსცემს. არადა კარგად გადავთვალე ცამეტი ფილა კედლის გასწვრივ ვლადისლავ დიდის საფლავიდან, მაგრამ ვერაფერს ვპოულობ. ნუთუ მომატყუეს? აჰ! ეს ფილა ფუყე ხმას გამოსცემს! აბა, საქმეს მიხედე, დედა იუბიუ. ავხადოთ! არც კი იძვრის! მოდი, მაყუთქვლეფიას ამ ნაგლეჯით ვცადოთ, მგონი კიდევ გამოდგება ამ საქმისთვის. აჰა! აი, ოქროულობაც, მეფეთა ძვლებს შორის! აბა, ჩქარა, ყველაფერი ტომარაში! აჰ, რა ხმაურია? ნუთუ კიდევ ვინმე დარჩა ცოცხალი ამ ძველ საცავებში? არა, არაფერია, ვიჩქაროთ. ყველაფერი ავიღოთ. ეს სიმდიდრე დღის სინათლეზე უფრო გამოდგება, ვიდრე ძველ მეფეთა საფლავებში. ფილა ისევ დავახუროთ. რა ხდება? ისევ ის ხმაურია! შიშის ზარს მცემს აქაურობა! დანარჩენ ოქროს სხვა დროს ავიღებ, ხვალ დავბრუნდები.

 

ხმა (იან განსვენებულსკის საფლავიდან)

არასოდეს, დედა იუბიუ!

 

დედა იუბიუ თავზარდაცემული გარბის საიდუმლო გასასვლელიდან და თან მოპარული ოქრო მიაქვს.

 

სცენა II

ვარშავის მთავარი მოედანი.

ხულიგავი და მისი ამალა, ხალხი და ჯარისკაცები, მცველები, დედა იუბიუ, ჯოხილ თახსარი.

 

ხულიგავი

წინ, მეგობრებო! დიდება ვენცელს და პოლონეთს! ბებერი თაღლითი იუბიუ აქ არ არის. მხოლოდ ის კუდიანი დედა იუბიუ და მისი თახსარი დარჩნენ. მე წინ გაგიძღვებით რომ ჩემი წინაპრების დინასტია აღვადგინოთ!

ყველა

დიდება ხულიგავს!

ხულიგავი

გავაუქმებ საზარელ იუბიუს მიერ დაწესებულ ყველა გადასახადს.

ყველა

ვაშა! წინ! ჩქარა სასახლისკენ! მათი სინსილა გავწყვიტოთ!

ხულიგავი

აჰა, დედა იუბიუც! ვერანდაზე გამოვიდა, მცველებთან ერთად!

დედა იუბიუ

რა გნებავთ, ბატონებო? ოჰ! ხულიგავი!

 

ბრბო ქვებს ისვრის.

 

პირველი მცველი

გისოსები დაამტვრიეს!

მეორე მცველი

წმინდაო გიორგი! გამაგორეს!

მესამე მცველი

დასწყევლოს! ვკვდები!

ხულიგავი

ქვები დაუშინეთ, მეგობრებო!

ჯოხილ თახსარი

აჰ! მაშ ასე, არა!

 

ხმალს იშიშვლებს, ბრბოში შევარდება და ირგვლივ ყველას საზარლად აკუწავს.

 

ხულიგავი

აბა ერთი-ერთზე მოდი! მხდალო ბაღლინჯო!

 

იბრძვიან.

 

ჯოხილი

მოვკვდი!

ხულიგავი

გავიმარჯვეთ, მეგობრებო! ჰკა დედა იუბიუს!

 

ისმის საყვირების ხმა.

 

ხულიგავი

აჰა! დიდგვაროვნებიც მოდიან! ჩქარა, დაიჭირეთ ეს ავსული ბებერი!

ყველა

და მერე იმ ავაზაკსაც მივახრჩობთ!

 

დედა იუბიუ გარბის, პოლონელები მისდევენ.

სროლის ხმები, ქვების სეტყვა.

 

სცენა III

პოლონეთის არმია მარშით უკრაინაში.

 

მამა იუბიუ

ლაჟვარქამ, მეუფეხმა, ძროხის თავმა! ვიღუპებით, წყურვილით ვკვდებით, არაქათი გამოგვეცალა! კეთილო ჯარისკაცო, გამოიჩინეთ მადლიერება და ატარეთ ჩვენი მაყუთჩაფხუტი! თქვენ კი, პატიოსანო შუბოსანო, ძნეხვამჭრელი და ფიზიკომბალი წამოიღეთ, რათა ჩემს პერსონას ტვირთი შეუმსუბუქოთ, რადგან, ვიმეორებ, ჩემი პერსონა დაიღალა!

 

ჯარისკაცები ემორჩილებიან.

 

სვეტისი

ჰე! ბატ-ბატონებო! საკვირველია, რუსები რატომ არ ჩანან!

მამა იუბიუ

დასანანია, რომ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას, ჩვენი მასშტაბების შესაფერისი ეტლი გვყავდეს. კარკასის გატეხვის შიშით, მთელი გზა ფეხით ვიარეთ და ცხენი აღვირით ვათრიეთ. მაგრამ როცა პოლონეთში დავბრუნდებით, ჩვენი ფიზიკირკიტების დახმარებითა და მრჩეველთა განათლების წყალობით, გამოვიგონებთ ქარის ვაგონს მთელი ჯარის გადასაყვანად!

ძელარი

ნიკოლა რენელი მოიჩქარის ჩვენკენ!

მამა იუბიუ

ნეტა, რა უნდა ამ ყმაწვილს?

რენელი

ყველაფერი დავკარგეთ, თქვენო უიუბიუესობავ! პოლონელები აჯანყდნენ, ჯოხილი მოკლულია, დედა იუბიუ კი მთებში გადაიხვეწა!

მამა იუბიუ

ო, მწუხრის ჩიტო, მწუხარების შავბნელო მხეცო, გამაშებიანო ჭოტო! საიდან მოგაქვს ეს აბდაუბდა! ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი? ხულიგავმა, არა? საიდან მოსულხარ?

რენელი

ვარშავიდან, თქვენო იუბიუკეთილშობილესობავ!

მამა იუბიუ

ძნეხვაჟკაცო, შენ რომ დაგიჯერო, მთელი ჯარი უკან უნდა მოვაბრუნო. მაგრამ მხრებზე უფრო მეტი ბუმბული გაბია, ვიდრე თავში ტვინი გიყრია, ლაწირეგვენო! დაგესიზმრა ეს ბოდვა? ფრონტის წინა ხაზზე წადი, ბიჭიაყელავ! რუსები შორს აღარ არიან, და იარაღების გამოცდა მოგვიწევს, როგორც ძნეხვანჯლების, ასევე ხაზინამგლებისა და ფიზიკომბლების!

გენერალი ლასი

შეხედეთ, მამა იუბიუ, დაბლობზე რუსები გამოჩნდნენ!

მამა იუბიუ

კი, რუსები არიან! ვირთხასავით მოგვიმწყვდიეს! გაქცევა მაინც შეიძლებოდეს! მაგრამ როგორ! ამ მაღლობზე სულ სამიზნეში ვეყოლებით!

ჯარი

რუსები! მტრები!

მამა იუბიუ

აბა, ბატონებო, საბრძოლო პოზიციებზე! ამ სერზე დავრჩეთ და არაფრის ფასად ძირს არ დავეშვათ. მე თქვენ შუაში ჩავდგები, როგორც ცოცხალი ციხესიმაგრე, თქვენ კი ჩემ ირგვლივ იტრიალებთ. იარაღები ბოლომდე დატენეთ, იმდენი ტყვიით, რამდენიც ჩაეტევა. რვა ტყვია – ეს რვა მოკლული რუსია, რომლებიც აღარ შემაწუხებენ! სერის ძირში ქვეითები უნდა განლაგდნენ, რათა რუსებს დაუხვდნენ და ცოტა შეათხელონ. ქვეითებს ცხენოსნები მიჰყვებიან, რომ ამ ქაოსში გადაეშვან. ამ ქარის წისქვილის[11] ირგვლივ კი არტილერია დავაყენოთ, რომ ამ დომხალს აქედან დასცხოს! ამ დროს, მე ქარის წისქვილში ჩავიკეტები და ფანჯრიდან თოფინანსს დავუშენ. კარს ფიზიკომბლით გადავრაზავ და ვინც ცხვირის შემოყოფას ეცდება, ეს ძნეხვაჯახი მოხვდება!!!

ოფიცრები

არის, თქვენო უიუბიუესობავ! თქვენი ბრძანება შესრულდება!

მამა იუბიუ

ძალიან კარგი! ჩვენ გავიმარჯვებთ! რომელი საათია?

გენერალი ლასი

დილის თერთმეტი.

მამა იუბიუ

მაშ, ვისადილოთ, რადგან რუსები შუადღემდე არ შემოგვიტევენ. ჯარისკაცებს უთხარით, გენერალო, მოისაქმონ და ფინანსიმღერა დააგუგუნონ!

 

ლასი გადის.

 

ჯარისკაცები და თახსარები

ვაშა მამა იუბიუს, ჩვენს დიდ ფინანსირს! პამ-პამ-პამ, პამ-პამ-პამ, პამ-პამ-პიმ-პიმ-პამ!

მამა იუბიუ

ო, ჩემი მამაცები! მე მათ ვაღმერთებ![12] (ამ დროს, რუსული ჭურვი ეცემა წისქვილის ფრთას და ამსხვრევს) ვაი! მეშინია, ბატონო ღმერთო, მოვკვდი! არადა… ნაკაწრიც არ მაქვს!

 

სცენა IV[13]

იგივენი, ერთ-ერთი კაპიტანი და შემდეგ რუსეთის ჯარი.

 

ერთ-ერთი კაპიტანი (შემოდის)

რუსები გვიტევენ, თქვენო უიუბიუესობავ!

მამა იუბიუ

და მერე, მე რა ვქნა?! მე კი არ მითქვამს მათთვის, რომ შემოეტიათ. თუმცა, ბატონო ფინანსირებო, ბრძოლისთვის მოემზადეთ!

გენერალი ლასი

კიდევ ერთი ჭურვი!

მამა იუბიუ

აჰ! მეტს ვეღარ გავუძლებ! ტყვიის და რკინის წვიმა მოდის! ვშიშობ, ჩემი ძვირფასი პერსონა დაზიანდება! ქვევით ჩავიდეთ!

 

ყველა ქვევით ჩარბის. ბრძოლა ჩაღდება. კვამლის ტალღებში უჩინარდებიან.

 

ერთ-ერთი რუსი (თავს ესხმის მოწინააღმდეგეს)

ღმერთისთვის და ცარისთვის!

რენელი

აჰ! მოვკვდი!

მამა იუბიუ

წინ! ჰეი, შენ, ბატონო, აბა აქ მოდი, ღვინის ტიკჭორავ! ძალიან მატკინე მაგ შენი შაშხანით, ტყვიები რომ გასჭედვია!

რუსი

აბა, ეს ნახეთ!

 

რევოლვერიდან ერთ ტყვიას დაახლის.

 

მამა იუბიუ

ვაი! უი! დამჭრეს, გამხვრიტეს, გამბურღეს, მაზიარეს, დამასაფლავეს![14] და მაინც… ოჰო, ჩემ ხელშია! (შუაზე გაგლეჯს) ესეც – შენ! აბა, ახლაც გაბედე!

გენერალი ლასი

წინ! მტერი შევავიწროოთ! თხრილი გადავლახოთ! გამარჯვება ჩვენია!

მამა იუბიუ

მართლა? მე კი, ჯერჯერობით, შუბლზე კოპი უფრო მეტი მაქვს, ვიდრე დაფნა.

რუსი მხედრები

“ურა”! გზა მიეცით ცარს!

 

მოდის ცარი, მოჰყვება გადაცმული არშია.

 

ერთ-ერთი პოლონელი

ო, ბატონო, თავს უშველეთ! ცარი გამოჩნდა!

მეორე პოლონელი

ო, მამაზეციერო! თხრილი გადმოლახა!

მესამე პოლონელი

ბაჰ! ბუჰ! ნახეთ ეს ახმახი ლეიტენანტი, ერთბაშად ოთხი გააგორა!

არშია

აჰ! თქვენ საკმარისად არ მიგიღიათ? ესეც შენ, იან სობესკი, შენი წილი! (კლავს) ახლა სხვებს მივხედავ!

 

დახოცილი პოლონელების გროვას აყენებს.

 

მამა იუბიუ

შეტევაზე, მეგობრებო! დაიჭირეთ ეს არამზადა! მიახილფაფეთ ეს მოსკოველები! ჩვენ გავიმარჯვებთ! ვაშა თეთრ არწივს!

ყველა

წინ! ვაშა! მეუფეხმა! დაიჭირეთ ეს ახმახი!

არშია

წმინდაო გიორგი, დავეცი!

მამა იუბიუ (იცნობს)

ოჰ, ეს შენ ხარ, არშია, მეგობარო! როგორ გაგვახარე! ნელ ცეცხლზე შეგწვავთ! ჰე, ფინანსირებო, დაანთეთ ცეცხლი. ვაი! უი! მოვკვდი! ქვემეხიდან მესროლეს! ო, ღმერთო ჩემო, მომიტევე ყველა ცოდვა! კი, ნამდვილად ჭურვი მომხვდა!

არშია

ეს მხოლოდ დამბაჩა იყო, ფხვნილით დატენილი.

მამა იუბიუ

აჰ, ისევ დამცინი? ჩაგიჯიბავ!

 

ეძგერება და შუაზე გაგლეჯს.

 

გენერალი ლასი

მამა იუბიუ, ყველა ფლანგზე წინ მივიწევთ!

მამა იუბიუ

თავადაც ვხედავ! მეტი აღარ შემიძლია. სულ წიხლები მომხვდა. ცოტა ჩამოვჯდე! აჰ, ბოთლი დავკარგე!

გენერალი ლასი

ცარის ბოთლი აიღეთ, მამა იუბიუ.

მამა იუბიუ

ჰოდა, ავიღებ! აბა, ძნეხვანჯალო, საქმეს მიხედე! და შენც, მაყუთქვლეფია, უკან ნუ რჩები! ფიზიკომბალო, გულუხვად დასცხე და გაანადგურე, გამოშიგნე და გააცამტვერე მოსკოვის იმპერია! შენც შეტევაზე, ბატონო მაყუთულაყო!

 

ცარს ეძგერება.

 

რუსი ოფიცერი

ფრთხილად, თქვენო ბრწყინვალებავ!

მამა იუბიუ

ესეც – შენ! ოჰ! ვაი! უჰ! ამას დამიხედეთ! უჰ! ბოდიში, ბატონო, თავი დამანებეთ! აჰ! ძალით არ მიქნია!

 

გარბის. ცარი მისდევს.

 

მამა იუბიუ

ქალწულო მარიამ, მომდევს ეს ცოფიანი! რა დავაშავე, ღმერთო დიდებულო! უჰ! რა გადალახავს ამ თხრილს ისევ! უჰ! უკან – ცარი, წინ – თხრილი! ყოჩაღად, თვალები დავხუჭოთ!

 

იუბიუ თხრილს ახტება. ცარი თხრილში ვარდება.

 

ცარი

ჩავვარდი, შიგ ვარ!

პოლონელი

ვაშა! ცარი ძირს გდია!

მამა იუბიუ

აჰ! უკან მოხედვას ვერ ვბედავ! შიგაა! უჰ! ასეც მოგიხდება! აბა, მიდით! დასცხეთ, პოლონელებო, დასცხეთ მთელი ძალით! ზურგი მაგარი აქვს მაგ უბადრუკს! მე არ მინდა ამის დანახვა! ჩვენი წინასწარმეტყველება მთლიანად ახდა. ფიზიკომბალმა სასწაულები მოახდინა. მეც უეჭველად მოვუღებდი ბოლოს, თავს აუხსნელი რისხვა რომ არ დაგვტყდომოდა და ჩვენი შემართება არ აეორთქლებინა. იძულებული გავხდით, მტრისთვის ზურგი გვეჩვენებინა. ჩვენს გადარჩენას ჩვენსავე მხედრულ მოხერხებულობას უნდა ვუმადლოდეთ და ასევე – ჩვენი მაყუთულაყის ღონიერ კანჭებს, რომელთა სიმარდეს ბადალი არ ჰყავს და სიმკვირცხლით ყველას აოცებს. ჩვენ თხრილის სიღრმეც შემოგვეშველა, რომელიც აქ მყოფი თქვენი ფინანმძღოლის მტრის ქვეშ აღმოჩნდა! ყოველივე ეს ფრიად მშვენიერია, მაგრამ არავინ მისმენს, ეჰ! აჰა, ისევ დაიწყო!

 

რუსული დრაგუნები შეტევაზე გადადიან და ცარს ათავისუფლებენ.

 

გენერალი ლასი

ამჯერად, საქმე წასულია!

მამა იუბიუ

აჰ! დროა, ფეხი დავკრათ და აქაურობას გავეცალოთ! ჰოდა, ბატონო პოლონელებო, წინ! უფრო სწორად – უკან!

პოლონელი

თავს უშველეთ!

მამა იუბიუ

აბა, წავედით! ოჰ, რა ზედახორაა! რა თავქუდგლეჯაა! რა ქაოსია! როგორ გამოვძვრე ამ დომხალიდან? (მას დაეჯახებიან) აჰ! ჰეი, შენ! ფრთხილად, თორემ საკუთარ ტყავზე გამოცდი ფინანმძღოლის მდუღარე ძლიერებას! უჰ! გაიქცა! თავს ვუშველოთ და რაც შეიძლება, სწრაფად! სანამ ლასი არ გვიყურებს.

 

გადის.

ცარი და მისი ჯარი პოლონელებს მისდევენ.

 

სცენა V

გამოქვაბული ლიეტუვაში. თოვს.

მამა იუბიუ, სვეტისი, ძელარი.

 

მამა იუბიუ

აჰ! რა ამინდია, ძაღლი არ გაიგდება! ყინვა ძვალ-რბილში ატანს! ფინანმძღოლის პერსონა ფრიად დაზიანდა!

სვეტისი

უი! ბატ-ბატონო იუბიუ, გამოკეთდით ამ საშინელებისა და გაქცევის შემდეგ?

მამა იუბიუ

დიახ! შიშმა გამიარა, მაგრამ გაქცევამ – არა.

ძელარი (თავისთვის)

ნამდვილი ღორი!

მამა იუბიუ

ჰეი! ბატონო ძელარ, ყ-ვ-ური რას გიშვრებათ?

ძელარი

იმდენად კარგადაა, ბატ-ბატონო, რამდენადაც შეუძლია, კარგად იყოს, როცა ცუდადაა. შე-შ-აბამისად, ლითონი ყ-ვ-ურს ქვევით ექაჩება, ტყვია კი ვერაფრით ამოვიღე.

მამა იუბიუ

აჰა, ასეც მოგიხდება! შენ სულ სხვების გაჩანაგება გინდოდა. მე კი უდიდესი ვაჟკაცობა გამოვავლინე და თავის საფრთხეში ჩაუგდებლად, საკუთარი ხელით ოთხი მოწინააღმდეგე გავანადგურე. აღარ ვითვლი მათ, რომლებიც უკვე მკვდრები იყვნენ და მერე ჩვენ ბოლო მოვუღეთ.

ძელარი

სვეტის, ხომ არ იცით, როგორ არის ყმაწვილი რენელი?

სვეტისი

ტყვია მოხვდა თავში.

მამა იუბიუ

როგორც ულმობელი მცელავის ულმობელი ცელით ყვავილობის ჟამს მოცელილი ყაყაჩო და ბაბუაწვერა, ისე დაეცა ყმაწვილი რენელი! მედგრად იბრძოლა, მაგრამ რუსები ძალიან ბევრი იყვნენ!

სვეტისი და ძელარი

აჰ! ბატ-ბატონო!

ექო

ბრრააჰ!

სვეტისი

ეს რა არის? ვიშიშვლოთ ჯაყვ-რ-ები!

მამა იუბიუ

ო, არა! თავს დავდებ, ისევ რუსები არიან! უკვე ყელში ამოვიდნენ! თანაც ძალიან მარტივია: ხელს დამაკარებენ და ყველას ჩავიჯიბავ!

 

სცენა VI

იგივენი. შემოდის დათვი.

 

ძელარი

აჰ! ბატ-ბატონო ფინანმძღოლო!

მამა იუბიუ

ო! ნახეთ ეს პატარა ცუგა! რა საყვარელია!

სვეტისი

ფრთხილად! დათვია, უზარმაზარი! ვაი, ჩემი ვაზნები!

მამა იუბიუ

დათვი? აჰ! საზარელი მხეცი! ვაი! რა მეშველება მე საცოდავს! შემჭამს! ღმერთო, დამიფარე! ვაი, ჩემკენ მოდის! არა, ძელარს მისდევს. უჰ! ამოვისუნთქე!

 

დათვი ეცემა ძელარს. სვეტისი დათვს დანით მისდევს.

იუბიუ კლდეზე აცოცდება.

 

ძელარი

აქეთ, სვეტის, აქეთ! მიშველეთ, ბატ-ბატონო იუბიუ!

მამა იუბიუ

მეტი საქმე არ მაქვს! როგორც გინდა, ისე გამოძვერი, მეგობარო! მე დაკავებული ვარ, “მამაო ჩვენოს” ვამბობ. თანაც ყველას თავისი ჯერი აქვს დათვისგან შეჭმის!

სვეტისი

დავიჭირე!

ძელარი

მაგრად გეჭიროს, მეგობარო, მგონი კლანჭებს მიშვებს!

მამა იუბიუ

“წმიდა იყავნ სახელი შენი”.

ძელარი

მხდალი ვიგინდარა!

სვეტისი

ვაი! ჩამკბიჩა! ო, გვიშველე, უფალო! მოვკვდი!

მამა იუბიუ

“იყავნ ნება შენი”.

ძელარი

უჰ! მგონი დავჭერი!

სვეტისი

ვაშა! სისხლისგან იცლება!

 

თახსარები ყვირიან, დათვი ღმუის და იუბიუ ლოცვას ბუტბუტებს, ერთდროულად.

 

ძელარი

არ გაუშვა! ჩემს ფეთქებად სათითეს მივწვდე!

მამა იუბიუ

“პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს”.

სვეტისი

მისწვდი? მეტი აღარ შემიძლია!

მამა იუბიუ

“ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა”.

ძელარი

უჰ! მივწვდი!

 

ისმის აფეთქების ხმა. დათვი უსულოდ ეცემა.

 

სვეტისი და ძელარი

გავიმარჯვეთ!

მამა იუბიუ

“არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ”. ნამდვილად მოკვდა? შეიძლება, კლდიდან ჩამოვიდე?

სვეტისი (ზიზღით)

როგორც გენებოთ.

მამა იუბიუ (ჩამოდის)

მოსალოცად გაქვთ საქმე! თუ ისევ ცოცხლები ხართ და ლიეტუვის თოვლზე დააბიჯებთ, ეს ფინანმძღოლის სათნოებისა და დიდსულოვნების წყალობითაა! მან ღონე არ დაიშურა, ჯაფა გასწია და ხმა ჩაიხლიჩა, რომ თქვენს გადასარჩენად “მამაო ჩვენო” წაეკითხა! მან ისეთივე სიმამაცით იქნია ლოცვის სულიერი მახვილი, როგორი მოხერხებითაც თქვენ იმოქმედეთ აქ მყოფი ძელარ თახსარის ფეთქებადი სათითით. მეტიც, მისი თავდადება კიდე ვუფრო შორს წავიდა, როცა იგი არც კი შეყოყმანდა და ფრიად მაღალ კლდეზე აცოცდა, რათა ლოცვისთვის ცამდე მისასვლელი გზა შეემოკლებინა!

სვეტისი

ამაზრზენი ყეყეჩი!

მამა იუბიუ

ოჰო, მხეციც ამას ჰქვია! ჩემი წყალობით, ვახშამსაც გამოჰკარით ხელი! ნახეთ, რამხელა მუცელი აქვს, ბატონებო! ბერძნები აქ გაცილებით უკეთ მოთავსდებოდნენ, ვიდრე ხის ცხენში! ცოტა დაგვაკლდა, ჩემო მეგობრებო, რომ საკუთარი თვალით შეგვემოწმებინა მისი შიდა ტევადობა.

სვეტისი

შიმშილით ვკვდები. რა ვჭამო?

ძელარი

დათვი!

მამა იუბიუ

უბადრუკებო, უმად ხომ არ შეჭამთ! არაფერი გვაქვს, რომ ცეცხლი დავანთოთ.

სვეტისი

კვესი ხომ გვაქვს?

მამა იუბიუ

აჰ, ჰო, მართალია! აქ ახლოს პატარა ტყე უნდა იყოს, სადაც ფიჩხი იქნება. წადი, ძელარ, მოიტანე.

 

ძელარი თოვლიან მინდორს გადაჭრის.

 

სვეტისი

თქვენ კი ამასობაში დათვი გაატყავეთ, თქვენო უიუბიუესობავ.

მამა იუბიუ

აჰ, არა! ვაი და ცოცხალი იყოს! შენ გაატყავე! მაინც ნახევრად შეჭმული და ჩაკბეჩილი ხარ. მე კი ცეცხლს დავანთებ, სანამ ძელარი ფიჩხს მოიტანს.

 

სვეტისი დათვის გატყავებას შეუდგება.

 

მამა იუბიუ

აჰ! ფრთხილად, გაინძრა!

სვეტისი

რას ამბობთ, თქვენო უიუბიუესობავ, უკვე გაცივდა.

მამა იუბიუ

დასანანია! ჯობდა, ცხლად გვეჭამა. ამან, შეიძლება, ფინანმძღოლს კუჭი აუშალოს.

სვეტისი (თავისთვის)

გულის ამრევი! (ხმამაღლა) ცოტა მომეხმარეთ, ბატონო იუბიუ, მარტო თავს ვერ გავართმევ.

მამა იუბიუ

არა, მე არაფრის კეთება არ მინდა! დავიღალე, რასაკვირველია!

ძელარი (ბრუნდება)

რამხელა თოვლია, მეგობრებო, კასტილიაში გეგონება თავი, ან – ჩრდილოეთ პოლუსზე. უკვე ბინდდება. ერთ საათში დაღამდება. ვიჩქაროთ, სანამ კიდევ რამეს ვხედავთ.

მამა იუბიუ

აი, გესმის, სვეტის? იჩქარე. ორივემ იჩქარეთ! შამფურზე – მხეცი! ცეცხლზე – მხეცი! მომშივდა!

სვეტისი

აჰ, უკვე მეტისმეტია! ან ცოტა წაიმუშავე, ან არაფერი შეგხვდება! გესმის, გაუმაძღარო!

მამ იუბიუ

უჰ, მე რა მენაღვლება, უმადაც მიყვარს. თქვენ იკითხეთ, ავად რომ გახდებით. თანაც მე მეძინება!

ძელარი

ნუ ღელავთ, სვეტის. ჩვენ მოვამზადოთ და ჩვენვე მივირთვათ. მას კი არაფერი მივცეთ. ან – მხოლოდ ძვლები!

სვეტისი

ძალიან კარგი. აჰა, ცეცხლიც გაჩაღდა!

მამა იუბიუ

უჰ! რა კარგია! უკვე დათბა! მაგრამ… ყველგან რუსებს ვხედავ! თავქუდმოგლეჯით გავრბივარ, ღმერთო დიდებულო! ვაი!

 

მძინარე ეცემა.

 

ძელარი

მინდა, ვიცოდე, სიმართლეა თუ არა, რასაც რენელი ამბობდა დედა იუბიუზე, რომ ტახტიდან ჩამოაგდეს? არ გამიკვირდება, რომ სიმართლე იყოს.

სვეტისი

მოდი, ჯერ ვივახშმოთ.

ძელარი

არა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს. კარგი იქნებოდა, გაგვერკვია, სიმართლეა თუ არა ეს ყოველივე.

სვეტისი

მართალია! მამა იუბიუ აქ დავტოვოთ თუ მასთან დავრჩეთ?

ძელარი

აღდგომა და ხვალეო! დავიძინოთ და უკეთ მივხვდებით, რა გავაკეთოთ.

სვეტისი

არა, ჯობს, წავიდეთ, სანამ ღამეა!

ძელარი

მაშ, წავიდეთ!

 

მიდიან.

 

სცენა VII

 

მამა იუბიუ (ძილში ლაპარაკობს)

აჰ! კეთილო რუსულო დრაგუნებო, ფრთხილად, აქეთ არ ისროლოთ, ხალხია აქ! ოჰ! აი, არშიაც! რა უხეიროა! ნამდვილი დათვი! და ხულიგავიც ჩემკენ მოიწევს! დათვი, დათვი! ოჰ, დაეცა! რა მძიმეა, ღმერთო დიდებულო! არა, მე არაფრის კეთება არ მინდა! გამეცალე, ხულიგავ! გესმის, ტაკიმასხარავ? აი, რენელიც გამოჩნდა, ცართან ერთად! აჰ! ნამდვილად მცემენ! ეს ვინღაა? დედა იუბიუ! საიდან გაქვს ეს ოქროები? მე მომპარე, უბადრუკო? ჩემი საფლავიდან ამოქექე, ვარშავის კათედრალში, მთვარესთან ახლოს? მე, რახანია, მკვდარი ვარ, ხულიგავმა მომკლა. ვარშავაში ვარ დასაფლავებული, ვლადისლავ დიდის გვერდით, და ასევე – კრაკოვში, იან განსვენებულსკის გვერდით, და ასევე – ტორუნის ბუნკერში, არშიასთან ერთად! აი, ისევ მოვიდა! გამეცალე, წყეულო დათვო! არშიას ჰგავხარ! გესმის, ეშმაკის ნაშიერო? არა, არ ესმის. თახსარებმა ყ-ვ-ურები დააჭრეს! ტვინი უბურღეთ, ამოხო-რ-ცეთ, ყ-ვ-ურები დააჭერით, მაყუთქვლიფეთ და სვით გასკდომამდე! ასეთია თახსარების ცხოვრება! ესაა ფინანმძღოლის ბედნიერება!

 

ჩუმდება და იძინებს.

 

მეოთხე მოქმედების დასასრული

 

მოქმედება V

 

სცენა I

ღამეა. მამა იუბიუს სძინავს.

შემოდის დედა იუბიუ. მამა იუბიუს ვერ ამჩნევს სრულ სიბნელეში.

 

დედა იუბიუ

როგორც იქნა, უსაფრთხოდ ვარ! აქ სულ მარტო ვარ, მაგრამ არა უშავს. მაინც რა შეშლილივით გადავკვეთე მთელი პოლონეთი ოთხ დღეში! ყველა უბედურება ერთბაშად დამატყდა თავს! როგორც კი ის გათქვირებული ყეყეჩი თვალს მიეფარა, მეფეთა საძვალეს მივაშურე გასამდიდრებლად. შემდეგ ხულიგავმა და მისმა ცოფიანებმა კინაღამ ჩამქოლეს. მერე დავკარგე ჩემი ერთგული ჩოყლაყი ჯოხილ თახსარი, რომელიც ჩემი სიწარმტაცით ისე იყო მონუსხული, რომ ჩემს დანახვაზე ნეტარებით გული მისდიოდა, და როგორც მითხრეს – ჩემს დაუნახაობაზეც! ეს კი უდიდესი გზნების ნიშანია. საბრალო ყმაწვილი, ოთხად გაიჭრებოდა ჩემი გულისთვის. ასეც მოხდა, იმ ხულიგავმა ოთხში ამოიღო! ბაჰ ბუჰ! ოჰ! ვიფიქრე, რომ მოვკვდებოდი. გაქცევით თავს ვუშველე, მაგრამ გააფთრებული ბრბო დამედევნა. სასახლეს გავეცალე და მდინარე ვისლას მივადექი. ყველა ხიდზე გუშაგები იდგნენ. მეც ავდექი და გადავცურე. მეგონა, ასე დავუძვრებოდი მდევრებს. ყველა მხრიდან დამედევნენ დიდგვაროვნები. სიკვდილს უამრავჯერ გადავურჩი, გამძვინვარებული პოლონელების ალყაში! ბოლოს მაინც დავუძვერი მათ მრისხანებას და ჩემი ყოფილი სამეფოს თოვლიან სერებზე ოთხდღიანი სირბილის შემდეგ, აქამდე მოვაღწიე. ამ ოთხი დღის განმავლობაში, არაფერი მიჭამია, არც დამილევია. ხულიგავი სულ კუდში მომდევდა… ბოლოს და ბოლოს, გადავრჩი. აჰ! სიცივით და შიმშილით ვკვდები. მაგრამ ძალიან მინდა, გავიგო, რა ბედი ეწია იმ ჩემს გათქვირებულ ტაკიმასხარას, უფრო სწორად – ჩემს პატივცემულ ქმარს! მე მას საგანძური მოვპარე, რიკსდალერები ავწაპნე, გროშიც კი არ დავუტოვე. და მის საცოდავ მაყუთულაყს, შიმშილით რომ სული ძვრებოდა, შვრია არ ვაღირსე. ეჰ! თავგადასავალიც ამას ჰქვია! აფსუს, საგანძურიც დავკარგე! ვარშავაში დარჩა. იმისი იყოს, ვინც იპოვის!

მამა იუბიუ (იღვიძებს)

დაიჭირეთ დედა იუბიუ! ყ-ვ-ურები დააჭერით!

დედა იუბიუ

ოჰ! მამზეციერო! სად ვარ? მგონი, ჭკუიდან გადავდივარ! აჰ, არა!!

ღვთის ნებით,

მამა იუბიუს ვხედავ, მძინარს ჩემ გვერდით!

მივიდე, მივუალერსო! როგორ გეძინა, ჩემო ფუმფულა?

მამა იუბიუ

ფრიად ცუდად! ძალიან სასტიკი დათვი იყო! გაუმაძღართა და შეუპოვართა ბრძოლაში, გაუმაძღრებმა იმარჯვეს და მთლიანად შთანთქეს და გადასანსლეს შეუპოვრები. თავად ნახავთ, როცა გათენდება. გესმით, კეთილო თახსარებო?

დედა იუბიუ

რას ბოდავს? ომში კიდევ უფრო გამოტვინებულა! ვის გულისხმობს?

მამა იუბიუ

ძელარ, სვეტის, ხმა ამოიღეთ, ძნეხვიტომარამ! სად ხართ? ვაი, მეშინია! კი მაგრამ, აქ ვიღაც ლაპარაკობდა. ვინ ლაპარაკობდა? დათვი არა, ვვარაუდობ. ძნეხვი! რა უკუნია, სად არის ჩემი წუმწუმა? აჰ! უთუოდ ბრძოლაში დავკარგე.

დედა იუბიუ (თავისთვის)

უნდა ვისარგებლო ამ მდგომარეობით! სანამ ღამეა, ზებუნებრივ ხილვად მოვევლინები და პირობას დავადებინებ, რომ ყველა ცოდვას მაპატიებს!

მამა იუბიუ

კი მაგრამ… წმინდა ანტონის სახელმა! ვიღაც ლაპარაკობს! მეუფეხმა! ღმერთო, გმათავე!

დედა იუბიუ (ხმას იბოხებს)

დიახ, ბატონო იუბიუ, ლაპარაკობს! თანაც ნამდვილად! სხვაგვარად ვერც ამეტყველდებოდა საყვირი მთავარანგელოზისა, რომელიც მკვდარ სულებს ფერფლიდან და მტვრიდან აღადგენს! მაშ, უსმინეთ ამ ხმას უმკაცრესს! ეს ხმაა წმინდა გაბრიელისა, რომელიც მხოლოდ კარგ რჩევებს მოგცემთ.

მამა იუბიუ

ოჰ! ეს კი ცხადია!

დედა იუბიუ

ნუ მაწყვეტინებთ, თორემ გავჩუმდები და ყველაფერს საკუთარ ღიპღიპოზე იწვნევთ!

მამა იუბიუ

აჰ! ჩემმა სტომარქამ! ხმას ვიკმენდ, კრინტს არ ვძრავ! გააგრძელეთ, ქალბატონო ხილვავ!

დედა იუბიუ

იმას ვამბობდი, ბატონო იუბიუ, რომ თქვენ ერთი გათქვირებული კაცუნა ხართ!

მამა იუბიუ

მართლაც, მეტისმეტად გათქვირებული, კი!

დედა იუბიუ

მოკეტეთ, ეშმაკმა დალახვროს!

მამა იუბიუ

აჰ! ანგელოზები არ ილანძღებიან!

დედა იუბიუ (თავისთვის)

ძნეხვი! (აგრძელებს) თქვენ დაქორწინებული ხართ, ბატონო იუბიუ.

მამა იუბიუ

სავსებით! კუდიანთაგან ყველაზე უარესზე!

დედა იუბიუ

გინდათ, თქვათ – მომხიბლავ ქალბატონზე?

მამა იუბიუ

აჰ! საზარელი ვინმეა! ყველგან კლანჭები აქვს. ვერ გაიგებ, როგორ მიუდგე!

დედა იუბიუ

ნაზად უნდა მიუდგეთ, თქვენო უიუბიუესობავ! და, სულ მცირე, აფროდიტედ გადაიქცევა!

მამა იუბიუ

რაო? რა დაიქცევაო?

დედა იუბიუ

არ მისმენთ, ბატონო იუბიუ! ყურები გამოიქექეთ! (თავისთვის) უნდა ვიჩქარო, სადაცაა, გათენდება! (ისევ იუბიუს) ბატონო იუბიუ, თქვენ უსაყვარლესი და უტკბილესი ცოლი გყავთ. ერთი ნაკლსაც ვერ უპოვით.

მამა იუბიუ

ცდებით! არ არსებობს ნაკლი, რომელიც მას არ გააჩნდეს!

დედა იუბიუ

კრინტი! თქვენი ცოლი არ გღალატობთ!

მამა იუბიუ

და ვის უნდა მოუნდეს ეს კუდიანი დედაბერი!

დედა იუბიუ

არ სვამს!

მამა იუბიუ

მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარდაფის გასაღები წავართვი! მანამდე კი დილის შვიდი საათიდან უკვე გალეშილი იყო და სპირტს სუნამოსავით იპკურებდა! ახლა ყვავილოვან ხსნარს ისხამს და ნაკლებად ყარს, მაგრამ ჩემთვის სულერთია! ამიერიდან მხოლოდ მე გავილეშები!

დედა იუბიუ

ჭკუათხელი! – თქვენს ცოლს თქვენი ოქროებისთვის ხელი არ უხლია.

მამა იუბიუ

ჰიჰ, კარგი ხუმრობაა!

დედა იუბიუ

მას თქვენთვის გროშიც არ მოუპარავს!

მამა იუბიუ

ამის მოწმე ჩვენი კეთილლშობლი და უიღბლო ბატონი მაყუთულაყია, რომელსაც სამი თვე არაფერი აჭამა და მთელი ლაშქრობის განმავლობაში აღვირით დავათრევდი უკრაინის გასწვრივ! საბრალო ცხოველი! კიდეც სული ამოხდა მუშაობაში!

დედა იუბიუ

სიცრუეა ეს ყველაფერი! თქვენი ცოლი სამაგალითოა! თქვენ კი პირწავარდნილი ურჩხული ხართ!

მამა იუბიუ

ყველაფერი სიმართლეა! ჩემი ცოლი არამზადაა! თქვენ კი პირწავარდნილი კუ-ბ-ატი ხართ!

დედა იუბიუ

ფრთხილად, ბატონო იუბიუ!

მამა იუბიუ

აჰ! მართალია! დამავიწყდა, ვის ველაპარაკებოდი! არა, არაფერი მითქვამს!

დედა იუბიუ

თქვენ მოკალით ვენცელი.

მამა იუბიუ

არა, ეს ჩემი ბრალი არ ყოფილა, რასაკვირველია! ეს დედა იუბიუმ ისურვა!

დედა იუბიუ

თქვენ მოაკვლევინეთ ბოლესლავი და ვლადისლავი.

მამა იუბიუ

ახია მათზე! ჩემი განადგურება უნდოდათ!

დედა იუბიუ

თქვენ არშიას პირობა არ შეუსრულეთ და მერე მოკალით.

მამ იუბიუ

ლიეტუვის მბრძანებლად საკუთარი თავი მერჩივნა. ისე მოხდა, რომ ეს ვერც მე შევძელი, ვერც – მან. ამგვარად, არც ეს არის ჩემი ბრალი.

დედა იუბიუ

თქვენ მხოლოდ ერთი გზა დაგრჩათ, რომ ყველა თქვენი ბოროტმოქმედება გამოისყიდოთ!

მამა იუბიუ

რა გზა? მზად ვარ, წმინდანად ვიქცე! ეპისკოპოსი გავხდები, რომ ჩემი სახელი კალენდარში შეიტანონ!

დედა იუბიუ

უნდა აპატიოთ დედა იუბიუს, თუ ცოტაოდენი ფული მოგპარათ!

მამა იუბიუ

იცით, რას გეტყვით? მხოლოდ მაშინ ვაპატიებ, როცა ყველაფერს დამიბრუნებს, კარგადაც გავამათრახებ და მაყუთულაყსაც გამიცოცხლებს!

დედა იუბიუ

ამ ცხენის გიჟია!! აჰ, თენდება! თავგზა ამებნა, რა გავაკეთო!

მამა იუბიუ

რა ვთქვა, კმაყოფილი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს გავიგე, როგორ მძარცვავდა ჩემი ძვირფასი მეუღლე! ახლა ეს უკვე სარწმუნო წყაროდან ვიცი! Omnis a Deo scientia, რაც ნიშნავს: Omnis – “ყოველი”, a Deo – “ცოდნა”, scientia – “ღმერთისგან მოდის”. ასეც მოხდა! მაგრამ… ქალბატონი ხილვა აღარაფერს ამბობს! რით გავამხნევო, რა შევთავაზო, არაფერი მაქვს! ეჰ, სახალისო ამბებს ჰყვებოდა! ოჰო, გათენებულა! ვაი, ღმერთო მიშველე!! ჩემმა მაყუთულაყმა, ეს ხომ დედა იუბიუა!!

დედა იუბიუ (უტიფრად)

გეჩვენებათ! ახლავე შეგაჩვენებთ!!

მამა იუბიუ

აჰ! შე ძუკნა!

დედა იუბიუ

ღვთისმგმობელო!

მამა იუბიუ

ძალიანაც ნუ გაირჯები! კარგად ვხედავ, რომ შენ ხარ, ჭკუათხელო კუდიანო! აქ რა ჯანდაბამ მოგიყვანა?

დედა იუბიუ

პოლონელებმა ჯოხილი მოკლეს, მე კი გამომაგდეს!

მამა იუბიუ

მე კი რუსებმა გამომაგდეს! ამაზეა ნათქვამი: დიადმა სულებმა ერთმანეთი იპოვესო!

დედა იუბიუ

აჯობებდა, გეთქვა: დიადმა სულმა ვირისთავი იპოვაო!

მამა იუბიუ

აჰა! ჰოდა ახლა, დათვისთავს იპოვის!

 

ესვრის დათვის ტყავს.

 

დედა იუბიუ (ეცემა)

ვაი! ღმერთო მაღალო! რა საშინელებაა! ვაი! ვკვდები! ვიგუდები! მიკბინა! გადამსანსლა! მომინელა!

მამა იუბიუ

მკვდარია, სასაცილო არსებავ! აჰ!.. არა! მგონი, არც არის მკვდარი! ვაი! მამაზეციერო! ცოცხალია! თავს ვუშველოთ! (კლდეზე აცოცდება) “მამაო ჩვენო, რომელი ხარ…”

დედა იუბიუ (მოიცილებს დათვის ტყავს)

ეჰ! სად გაქრა?

მამა იუბიუ

ოჰ! მამაზეციერო! ისევ ჩემი ცოლი! ვერაფრით მოვიშორე ეს ბრიყვი არსება! – დათვი მკვდარია?

დედა იუბიუ

რასაკვირველია, ყეყეჩო ვირისთავო, უკვე სულ ცივია! აქ როგორ მოხვდა?

მამა იუბიუ (დაბნეული)

არ ვიცი. აჰ! კი, ვიცი! სვეტისს და ძელარს შეჭმა დაუპირა. მეც ავდექი და “მამაო ჩვენოს” ერთი გასროლით მოვკალი.

დედა იუბიუ

სვეტისი, ძელარი, “მამაო ჩვენო”… რას ბოდავ? – გაგიჟდა, ჩემმა ფულებმა!

მამა იუბიუ

ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მოვყევი! შენ კი ცალტვინა ხარ, ჩემმა ფაშაშვმა!

დედა იუბიუ

მომიყევი შენი ლაშქრობის შესახებ, მამა იუბიუ.

მამა იუბიუ

ო, არა! ძალიან გრძელი ამბავია. მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ ჩემი შეუდარებელი სიმამაცის მიუხედავად, ყველამ დამამარცხა.

დედა იუბიუ

როგორ? პოლონელებმაც?

მამა იუბიუ

ასე ყვიროდნენ: “ვაშა ვენცელს და ხულიგავს!”. მეგონა, ოთხად გამგლეჯდნენ! ოჰ, ეს ცოფიანები! და მერე რენელი მოკლეს!

დედა იუბიუ

აი, დარდი! იცი, რომ ხულიგავმა ჯოხილ თახსარი მოკლა?

მამა იუბიუ

აი, დარდი! და მერე საწყალი ლასიც მოკლეს!

დედა იუბიუ

აი, დარდი!

მამა იუბიუ

უჰ! ამას დამიხედეთ!! აბა, აქ მოდი, ძუკნავ! დაუჩოქე შენს ბატონს! (ხელს ჩაავლებს და მუხლებზე დააგდებს) მოემზადე უკანასკნელი სასჯელის მისაღებად!

დედა იუბიუ

ააა, ააა! ბატონო იუბიუ!

მამა იუბიუ

მორჩი? მაშასადამე, ვიწყებ: ცხვირის მოგრეხა, თმების დაგლეჯა, ხის ნაფოტის ჩაჩურთვა ყ-ვ-ურებში, ქუსლების გავლით ტვინის ამოტუმბვა (თუ რამეა დარჩენილი), უკანალის გახლეჩა, ზურგის ტვინის ნაწილობრივი ან სრული ამოღება, საშარდე ბუშტის გახვრეტა და ბოლოს, თავის მოკვეთა იოანე ნათლისმცემლის განახლებული ვერსიით. ყოველივე ეს ამოღებულია წმინდა წერილიდან, როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმიდან და რედაქტირებული და გაუმჯობესებულია აქ მყოფი ფინანმძღოლის მიერ! მოგწონს, კუ-ბ-ატო?

 

შუაზე გაგლეჯს.

 

დედა იუბიუ

შემიწყალეთ, ბატონო იუბიუ!

 

გამოქვაბულის შესასვლელთან დიდი ხმაური ისმის.

 

სცენა II

იგივენი.

გამოქვაბულში შევარდება ხულიგავი თავის ჯარისკაცებთან ერთად.

 

ხულიგავი

წინ, ჩემო მეგობრებო! პოლონეთისთვის!

მამა იუბიუ

ე! ე! ცოტაც დამაცადე, ბატონო პოლონეხვო! ჯერ ქალბატონ ჩემს-ნახევართან მოვრჩე!

ხულიგავი (თავს ესხმის)

მიიღე, ლაჩარო, ბინძურო, თაღლითო, გაიძვერავ, ურჯულო!

მამა იუბიუ (თავს იცავს)

შენც მიიღე, პოლონეხვო, ლოთო, ნაბიჭვარო, ტარტაროზო, ტარაკანავ, ბაღლინჯოვ!

დედა იუბიუ (ბრძოლაში ებმება და ხულიგავს უტევს)

მიიღე, მხდალო, ღორო, მუხანათო, შაშხო, არამზადავ, ნაგავო, მუთაქავ!

 

ჯარისკაცები მისცვივდებიან იუბიუებს, რომლებიც კბილებით იცავენ თავს.

 

მამა იუბიუ

ღმერთო! დამხმარე ძალაც ამას ჰქვია!

დედა იუბიუ

ვერ წაგვაქცევთ, ბატონო პოლონელებო!

მამა იუბიუ

ჩემმა მწვანე ვარყალმა, რამდენი არიან! ნუთუ მორჩება ეს ყოველივე, ბოლოს და ბოლოს? აჰა, კიდევ ერთი! ეჰ, ნეტა, აქ მყავდეს ჩემი მაყუთულაყი!

ხულიგავი

დასცხეთ მაგათ, დასცხეთ!

ხმა გარედან

დიდება მამა იუბიუს, ჩვენს დიდ ფინანმძღოლს!

მამა იუბიუ

ოჰო! აი, ისინიც! ვაშა! იუბიუელები აქ არიან! შემოგვეშველეთ! შეტევაზე, ფინანსირებო!

 

შემოდიან თახსარები და ბრძოლაში ებმებიან.

 

ძელარი

დაიკარგეთ აქედან, პოლონელებო!

სვეტისი

ოჰ! აი, კვლავ შევხვდით ერთმანეთს, ბატ-ბატონო ფინანმძღოლო! წინ! მტერი შევავიწროოთ! გასასვლელამდე მივაღწიოთ და მერე გაქცევასაც შევძლებთ.

მამა იუბიუ

ო, გაქცევა ჩემი საქმეა! უჰ, როგორ ჩასცხო!

ხულიგავი

ღმერთო! დამჭრეს!

სტანისლავ ლეშჩინსკი

ეს არაფერია, თქვენო აღმატებულებავ!

ხულიგავი

არა, უბრალოდ დამარეტიანეს.

იან სობესკი

დასცხეთ, დასცხეთ ისევ! გასასვლელს უახლოვდებიან ეს პირუტყვები!

ძელარი

გასასვლელს ვუახლოვდებით! მომყევით! უკვე ცას ვხედავ!

სვეტისი

გამაგრდით, თქვენო უიუბიუესობავ!

მამა იუბიუ

აჰ! შიშისგან, შარვალში გამეპარა! წინ, სტომარქამ! ამოხო-რ-ცეთ, სისხლი ადინეთ, ტყავი გააძრეთ, გააცამტვერეთ, იუბიუსირმა! ოჰ! შეთხელდნენ!

ძელარი

ორი კაციღა იცავს გასასვლელს!

მამა იუბიუ (ორივეს დათვის დრტყმით არეტიანებს)

ეს – ერთი! ესეც – ორი! უჰ! ძლივს არ გამოვაღწიე! გავეცალოთ აქაურობას! ჰეი, თქვენ, მომყევით, სწრაფად!

 

სცენა III

თოვლით დაფარული პროვინცია ლივონიაში. იუბიუები და მათი ამალა გარბიან.

 

მამა იუბიუ

ე! მგონი, აღარ მოგვდევენ!

დედა იუბიუ

დიახ, ხულიგავი გვირგვინის დასადგმელად წავიდა.

მამა იუბიუ

დაიდგას! სულ არ მადარდებს!

დედა იუბიუ

სწორადაც იქცევი, მამა იუბიუ!

 

ჰორიზონტზე უჩინარდებიან.

 

სცენა IV

გემი ბალტიის ზღვაში. იუბიუ და მისი დამქაშები გემბანზე.

 

გემის კაპიტანი

ოჰ! რა კარგად დაუბერა!

მამა იუბიუ

მართალაც რა საკვირველი სისწრაფით მივცურავთ! უთუოდ, სულ მცირე – მილიონი კვანძით საათში! და ეს კვანძები იმით არის კარგი, რომ ერთხელ რომ შეჰკრავ, აღარ იხსნება! ზურგის ქარიც გვეხმარება, მართალია!

სვეტისი

საცოდავი იდიოტი!

 

ამოვარდება ქარიშხალი. გემი გადაიხრება და ზღვას ააქაფებს.

 

მამა იუბიუ

ვაი! ღმერთო! გადავყირავდით! თავდაყირა მიცურავს, ჩაიძირება ეს შენი გემი!

გემის კაპიტანი

ყველანი კაბინაში! ეკიპაჟო, აფრა მოკეცეთ!

მამა იუბიუ

აჰ! ყველა ერთ მხარეს ნუ დადგებით! სახიფათოა! ქარმა თუ სხვა მხრიდან დაუბერა, ყველანი წყლის ფსკერზე აღმოვჩნდებით და თევზები შეგვჭამენ!

გემის კაპიტანი

სვლას უკელით! დინებას მიჰყევით!

მამა იუბიუ

არა! არა! არ უკლოთ! მეჩქარება მე! არ უკლოთ, გესმით? სულ შენი ბრალია, კაპიტანო, თუ ვეღარ მივედით! სვლისთვის რომ არ გვეკლო, მისული ვიქნებოდით! აჰ! რადგან ასეა, მე ვიკაპიტნებ! მოსახვევად მოემზადეთ! საჭე მარჯვნივ! საჭე მარცხნივ! აუშვით აფრა! დაუშვით აფრა! ასწიეთ ანძა! ჩამოსწიეთ ანძა! ხედავთ, რა კარგია! ტალღების გარდიგარდმო იცურეთ და მთლად შესანიშნავი იქნება!

 

ყველა ხარხარებს. ქარი ძლიერდება.

 

გემის კაპიტანი

ფოკი ჩამოუშვით! იალქნები მოჭიმეთ!

მამა იუბიუ

ო, ეს კარგია! ეკიპაჟო, გესმის? თოკით ჩამოუშვით ქლიავები და მოწყვიტეთო!

 

სიცილით კვდებიან. გემს ტალღა ეხეთქება.

 

მამა იუბიუ

ოჰ! რა წარღვნაა! ეს ხომ ჩვენი მანევრების შედეგია!

დედა იუბიუ და სვეტისი

გემრიელი რამეა ზღვაოსნობა!

 

ისევ ტალღა.

 

სვეტისი (გაწუწული)

ესეც, ეშმაკის ჭავლი!

მამა იუბიუ

ჰეი, გარსონ, რამე დაგვალევინე!

 

ყველანი დასალევად სხდებიან.

 

დედა იუბიუ

ო, რა ბედნიერებაა მშვენიერი საფრანგეთის, ჩვენი ძველი მეგობრების და ჩვენი მონდრაგონის ციხე-დარბაზის ხელახლა ხილვა!

მამა იუბიუ

აჰა! მალე იქ ვიქნებით! ახლა კი ელსინორას ციხე-დარბაზის[15] გასწვრივ მივცურავთ.

სვეტისი

მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ ესპანეთში დავბრუნდები!

ძელარი

მეც! თანამემამულეებს განვაცვიფრებთ ჩვენი არაჩვეულებრივი თავგადასავლით!

მამა იუბიუ

ო, ეს ცხადია! მე კი პარიზის ფინანმძღოლად დავინიშნები!

დედა იუბიუ

კი, როგორ არა! აჰ, როგორ შეგვარყია!

ძელარი

არაფერია! ელსინორას კონცხი გავიარეთ.

სვეტისი

ახლა კი, ჩვენი დიდებული გემი მთელი სისწრაფით მიაპობს ჩრდილოეთის ზღვის მრუმე ტალღებს.

მამა იუბიუ

სასტიკი და უკარება ზღვაა, რომლის ნაპირზე მდებარეობს ქვეყანა, სახელად გერმანია. ასე უწოდეს, რადგან ყველა მის მცხოვრებს გერმანე ჰქვია.

დედა იუბიუ

აი, განსწავლულობაც ამას ჰქვია! ამბობენ, ფრიად საუცხოო ქვეყანააო.

მამა იუბიუ

აჰ! ბატონებო! რაც უნდა საუცხოო იყოს, პოლონეთს ვერ შეედრება! პოლონეთი რომ არ არსებობდეს, არ იქნებოდნენ პოლონელები!

 

ახლა კი, ვინაიდან ყურადღებით გვისმენდით და სიმშვიდეც შეინარჩუნეთ, სიმღერას გიმღერებთ:

 

ტვინის ბურღვის სიმღერა

 

დურგალ-ხუროდ ვიმუშავე დიდხანს

“მარსის ველზე”, “წმინდანების” სახლთან.[16]

ცოლი ქუდებს უკერავდა დიდ ხალხს

და არასდროს არაფერი გვაკლდა!

 

კვირაობით, თუ არ იდგა თქეში

და ზეციდან მზის სხივები ჩქეფდა,

ვირთვებოდით და ქალაქის ცენტრში

ვესწრებოდით ტვინის ბურღვის სპექტაკლს.

 

ნახეთ, თავებს როგორ მდუღრავს!

ნახეთ, ტვინებს როგორ ბურღავს!

რქა დუნდულზე მიუბია –

დაილოცოს იუბიუ!

 

ჩვენი ორი პირმოთხვრილი ღლაპი

არ უფრთხოდა ზღვა ხალხსა და გნიასს.

ჩაგვკიდებდნენ ხელს და ნერწყვის ყლაპვით

უყურებდნენ ტვინსაბურღის ტრიალს.

 

ჭყლეტას არად დაგიდევდათ ხალხი,

დამდგარიყვნენ ოღონდ წინა რიგში!

ჩვენ ვარჩევდით შემაღლებულ ადგილს,

ჩექმები რომ არ დაგვსვროდა სისხლით.

 

ნახეთ, თავებს როგორ მდუღრავს!

ნახეთ, ტვინებს როგორ ბურღავს!

რქა დუნდულზე მიუბია –

დაილოცოს იუბიუ!

 

და ტვინების მოდიდოდა თავსხმა

და ღლაპებიც იჭერდნენ და ჭამდნენ.

ხელში დანა უელავდა თახსარს,

ბრბოს ხორხოცი ადიოდა ცამდე.

 

ერთხელ, იქვე, ერთის სახე მეცნო.

მანაც მიცნო და ადგილზე გაშრა.

დავუყვირე: “შენ ის არ ხარ, ძნეხვო,

უსინდისოდ რომ გამქურდე შარშან?”

 

ნახეთ, თავებს როგორ მდუღრავს!

ნახეთ, ტვინებს როგორ ბურღავს!

რქა დუნდულზე მიუბია –

დაილოცოს იუბიუ!

 

ამ დროს, ცოლმა მუჯლუგუნი მკრა და

ჩამჩურჩულა: “ლაპარაკად არ ღირს!

კაცი არ ხარ?! შემოჰკარი მაგრად,

სანამ თახსარს მისევია ხალხი!

 

ადექი და შიგ სიფათში რეხვე,

აზრი არ აქვს ლაქლაქსა და ახსნას!”

მეც ავდექი, გავუქანე ძნეხვი,

მაგრამ ასცდა და დაასკდა თახსარს!

 

ნახეთ, თავებს როგორ მდუღრავს!

ნახეთ, ტვინებს როგორ ბურღავს!

რქა დუნდულზე მიუბია –

დაილოცოს იუბიუ!

 

ბრბო გაცოფდა, ბრბო მომვარდა ავი,

გამგლიჯა და მომისროლა მკვდარი!

და შავ ხვრელში გადავეშვი თავით,

საიდანაც არ ბრუნდება არვინ.

 

ასეთია, კვირაობით, ცენტრში

ტვინსაბურღის სანახავად წასვლა.

მიხვალ საღი, დაბრუნდები ლეში,

თავში ძნეხვით, ჭკუა-ტვინის ნაცვლად.

 

ნახეთ, თავებს როგორ მდუღრავს!

ნახეთ, ტვინებს როგორ ბურღავს!

რქა დუნდულზე მიუბია –

დაილოცოს იუბიუ!

 

დასასრული

 

[1] Marcel Schwob (1867-1905), ფრანგი მწერალი და მთარგმნელი, რომლის ხელმძღვანელობით გამომავალი გაზეთ “პარიზის ექოს” ლიტერატურული დანართის 1893 წლის კონკურსი ახალგაზრდა ჟარიმ მოიგო.

[2] დედანში: “მსხალი”, რაც ფრანგულში “თავის” ერთ-ერთი სინონიმია. ჟარი სიტყვებით თამაშობს: ინგლისურად, “მსხლის შენჯღრევა” (shake the pear) ძალიან ჰგავს დიდი დრამატურგის გვარს (Shakespeare). ავტორი ეპიგრაფიდანვე მიანიშნებს პიესაში არსებულ შექსპირული სცენების პაროდიებზე.

[3] შექსპირის “მაკბეტის” პაროდია: დედა იუბიუ, ლედი მაკბეტის მსგავსად, მეფის მკვლელობისკენ აქეზებს.

[4] თვალს უკრავს რაბლეს პანტაგრუელური სუფრით.

[5] ისევ “მაკბეტის” სცენის პაროდია.

[6] დედოფალ ატოსას სიზმრის პაროდია ესქილეს “სპარსელებიდან”.

[7] პოლონეთის ქალაქი, დღევანდელი გდანსკი.

[8] მინიშნება შექსპირის “ჰამლეტზე”.

[9] მინიშნება ესქილეს “მიჯაჭვულ პრომეთეზე”.

[10] მაშინდელი ლიეტუვის დედაქალაქი, დღევანდელი ვილნიუსი.

[11] გროტესკულად მიანიშნებს სახელოვან წისქვილზე ვალმის ბრძოლიდან (1792), რომელიც პრუსიაზე საფრანგეთის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

[12] ვილჰელმ I-ის მიერ სედანის ალყის დროს (1870) წარმოთქმული ისტორიული სიტყვის პაროდია.

[13] გოგოლის “ტარას ბულბას” ეპიზოდის, პოლონელების და რუსების ბრძოლის პაროდია.

[14] არპაგონის რეპლიკის პაროდია მოლიერის “ძუნწიდან”.

[15] კიდევ ერთი მინიშნება “ჰამლეტზე”.

[16] ადგილები ქალაქ რენში, სადაც სწავლობდა და მოღვაწეობდა ალფრედ ჟარი.

© არილი

Facebook Comments Box