გიგი გულედანის პოდკასტი „ამერიკული მოთხრობა” კვირაში ერთხელ მასპინძლობს ქართველ მწერლებსა და პუბლიცისტებს, რომლებიც კითხულობენ მათი შერჩეული ამერიკელი ავტორის ერთ მოთხრობას და მის შესახებ საუბრობენ. პოდკასტის ჩანაწერები „რადიო თავისუფლების“ გვერდზეა ხელმისაწვდომი.
პოდკასტს მხარს უჭერს ამერიკის საელჩო საქართველოში, „რადიო თავისუფლება“ და ჰყავს რეგიონული პარტნიორები (რეგიონულ პარტნიორებს: რადიო “ძველი ქალაქი” სამხრეთის კარიბჭე / Sknews.ge Radio NOR Radio Marneuli 96.9 FM/ რადიო მარნეული 96.9 FM).
პირველი გადაცემა შვიდ ოქტომბერს იყო: დავით გაბუნიამ შარლოტ პერკინს გილმანის მოთხრობა „ყვითელი შპალერი“ წაიკითხა. მის შემდეგ გადაცემის სტუმრები იყვნენ არჩილ ქიქოძე, ნენე კვინიკაძე, თამთა მელაშვილი, ბიძინა მაყაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, გიგა ზედანია, ალეკო შუღლაძე, მალხაზ ხარბედია და სხვ.
მოწვეულმა სტუმრებმა წაიკითხეს ვუდი ალენის, დონ დელილოს, კურტ ვონეგუტის, მარკ ტვენის, პოლ ოსტერისა და სხვების მოთხრობების ქართული თარგმანები. განიხილეს ავტორების შემოქმედება, წაკითხული ტექსტები და მათი დამოკიდებულებები ამ ტექსტებთან.
არილი პოდკასტის წამყვანსა და იდეის ავტორს, გიგი გულედანს გაესაუბრა:
როგორ გაჩნდა პოდკასტის იდეა, რატომ მაინცდამაინც ამერიკული მოთხრობები?
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ „ამერიკული მოთხრობა” არა მხოლოდ პოდკასტია, არამედ რადიოგადაცემაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ის პოდკასტის სახით პირველ ყოვლისა ვრცელდება “რადიო თავისუფლების” პორტალზე, ხოლო შემდეგ რადიოგადაცემის სახით რეგიონულ რადიო მაუწყებლებში – „რადიო მარნეულში”, ახალციხის „სამხრეთის კარიბჭეში”, ნინოწმინდის „რადიო ნორსა” და ქუთაისის „ძველ ქალაქში”. ამ მიზეზით, მე მას რადიოპოდკასტს ვუწოდებ.
გადაცემის იდეა გამიჩნდა სხვადასხვა ამერიკული ლიტერატურული პოდკასტის, განსაკუთრებით კი ჟურნალ “ნიუ იორკერის” მოთხრობების პოდკასტის მოსმენის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, რა დროსაც მოვისმინე და გავიცანი ბევრი ავტორი, რომლებიც დღეს ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ძალიან ძვირფასია.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც გადაცემაზე მუშაობთ. როგორი იყო ამ დროის განმავლობაში მსმენელის გამოხმაურება? დაახლოებით რამდენი ადამიანი გისმენთ?
მსმენელის გამოხმაურება, რაც მინახავს, ძირითადად, დადებითი იყო, თუმცა ჩემთვის რთულია ზედმიწევნით თვალყურის მიდევნება, რადგან გადაცემა ბევრი სხვადასხვა არხით ზიარდება და ყველაფრის შემოწმების საშუალება არ მაქვს.
მსმენელების რაოდენობას რაც შეეხება, ბოლოს რომ შევამოწმეთ, მხოლოდ „რადიო თავისუფლების” პორტალზე 15 000 მსმენელი გვყავდა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ეს გადაცემის გავრცელების ერთ-ერთი არხია და თუ გავითვალისწინებთ რეგიონულ მაუწყებლებსაც, ეს რიცხვი, წესით, მეტი უნდა იყოს.
როგორ ხედავთ პოდკასტის მომავალს? ევროპელი ან აზიელი ავტორების მოთხრობების შესახებაც ხომ არ გეგმავთ გადაცემის მომზადებას?
„ამერიკული მოთხრობის” პირველი ციკლი ამერიკის საელჩოს დახმარებით მომზადდა და, პროექტის მიხედვით, მოიცავდა 22 გადაცემას, რომლებიც უკვე ჩაწერილია. სავარაუდოდ, ამას დაემატება კიდევ რამდენიმე ეპიზოდი, რითაც პროექტის ეს ეტაპი დასრულდება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ გარკვეული დროის შემდეგ გავაკეთოთ მეორე სერიაც.
რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავაკეთებდი იმავე ფორმატით სხვა ქვეყნების თუ რეგიონების ლიტერატურის ციკლსაც, რაზეც სწორედ ახლა ვმუშაობ. პირველ რიგში, ვფიქრობ ევროპული მოთხრობის ციკლზე. საბოლოოდ, ყველაფერი პროექტის დაფინანსებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ისიცაა, რომ ასეთი გადაცემების ბიუჯეტი საკმაოდ მოკრძალებულია და ახლოსაც არ მივა სატელევიზიო პროექტებთან, რომლებიც რამდენჯერმე ძვირი შეიძლება დაჯდეს. ასე რომ, ფორმატის გაგრძელების საკითხს ოპტიმისტურად ვუყურებ.
ამ მოთხრობების თარგმანების უმრავლესობა ხელმისაწვდომია დაინტერესებული მკითხველისთვის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ აუდიოწიგნების პოპულარობას, პოდკასტის ფორმატი ბევრი ადამიანისთვის უნდა იყოს მოსახერხებელი. მაგალითად, მათთვის, ვისაც კითხვისთვის დრო არ აქვს. თქვენი ჩანაფიქრით, ვისთვის კეთდება ეს გადაცემა? ვინ არიან, ძირითადად, თქვენი მსმენელები?
ამ გადაცემას ბევრნაირი მსმენელი ჰყავს, რომლებიც არაა აუცილებელი, რომ ამავდროულად აქტიური მკითხველიც აღმოჩნდეს. ეს შეიძლება იყოს პიკის საათში მანქანაში მჯდომი ადამიანი ან ვინმე, ვინც ისეთი საქმითაა დაკავებული, რაც ტვინის დაძაბვასა და კონცენტრაციას არ მოითხოვს – მაგალითად, სახლის დალაგება, რაიმე ფიზიკური სამუშაოს კეთება სახლში ან გარეთ, სეირნობა ან სულაც ხატვა. მე პირადად “ნიუ იორკერის” პოდკასტს ხშირად სახლში ხატვისას ვუსმენდი ხოლმე, რაც პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა.
ჩვენი მსმენელები ასევე შეიძლება იყვნენ რეგიონებში, ჩვენი პარტნიორი რადიოსადგურების დაფარვის ზონაში მცხოვრები ადამიანები, ვისაც საღამოს ან ძილის წინ, უბრალოდ, რადიოს მოსმენა უყვართ.
როგორ არჩევთ ხოლმე გადაცემის სტუმრებს? რატომ გადაწყვიტეთ, რომ მოთხრობები მათ შეერჩიათ და არა თქვენ?
სტუმრებს ვარჩევ, პირველ რიგში, ორი კრიტერიუმით: მოწვეულ ავტორს გამოცემული უნდა ჰქონდეს პროზაული ნამუშევარი, თუმცა არაა აუცილებელი, რომ ეს იყოს მხატვრული პროზა. და მეორე – მის ნაშრომს უნდა ჰქონდეს რაიმე სახის აღიარება – სიტყვაზე, ლიტერატურული პრემია, ჯილდო, რაიმე სახის აღნიშვნა. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გადაცემაში მოვიწვიო ისეთი ავტორიც, რომელიც ამ ორიდან რომელიმე კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებს.
სტუმრებს იმიტომ ვაძლევ წასაკითხი მოთხრობის შერჩევის საშუალებას, რომ თავის შერჩეულ, საყვარელ მოთხრობას ადამიანი მეტი ენთუზიაზმით წაიკითხავს და ასევე მეტი შანსია, რომ უკეთ ისაუბრებს მის შესახებ. თუმცა, ხდება ხოლმე ისეც, რომ სტუმარს შერჩევის პროცესში მეც ვეხმარები – თუ ვინმე ვერ წყვეტს, რა ურჩევნია, ვთავაზობ სხვადასხვა ვარიანტს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მაინც სტუმარს ეკუთვნის.
© არილი