ახალი ამბები,  ახალი წიგნები

ანა ბერნსის “მერძევე” – შიშის სამყარო

2018 წელს ბუკერის პრემია ანა ბერნსს გადაეცა, რომანისთვის „მერძევე“. ეს ავტორის მესამე რომანია, რომელიც ცოტა ხნის წინ ქართულადაც ითარგმნა. მკითხველს უკვე შეუძლია შეხვდეს გოგონას, რომელიც ისეთ ქალაქში ცხოვრობს, სადაც ყველაზე სახიფათო ინტერესის საგნად ქცევაა. იყო საინტერესო, ნიშნავს, რომ შეგნიშნონ. ხოლო თუ შეგნიშნეს, ეს უკვე საშიშია…

ასე „შენიშნავენ“ 18 წლის პროტაგონისტს, რომელიც სხვებისგან განსხვავებული, ჩუმი, წიგნიერი გოგოა. ის ცალკეული ადამიანებისა და მთელი საზოგადოების სამიზნედ იქცევა. მისი სქესი, ასაკი, თვისებები – ყველაფერი უწყობს ხელს, იყოს „იდეალური სამიზნე“. როგორც ბუკერის პრემიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ რეცენზიაში ვკითხულობთ, ულტრაკონსერვატორულ საზოგადოებაში უამრავი უხილავი საზღვარია, რომელთა გადაკვეთაც, რომელთა მიღმა აღმოჩენაც ყურადღებას იქცევს. შეიძლება აღმოჩნდე მეტისმეტად ჭკვიანი ან მეტისმეტად სულელი და რთულია, განსაზღვრო, რომელია უარესი, რადგან ორივე თანაბრად სარისკოა. ამ რომანის პერსონაჟიც სწორედ ასე გადალახავს უხილავ საზღვარს და მის მიღმა დარჩენილთათვის უცხო ადამიანად იქცევა.

თუმცა, ეს რომანი მხოლოდ მისი ამბავი არ არის. ანა ბერნსი ის მწერალია, რომელსაც ადგილობრივმა, ჩრდილოეთ ირლანდიელმა მკითხველებმა უთხრეს, რომ მან შეძლო, ზუსტად მოეხელთებინა და აესახა ის ატმოსფერო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ბერნსმა, მარგინალიზებულ ადამიანთან ერთად, აღწერა ისეთი საზოგადოება, რომელშიც ძალადობის დანახვა და ვერბალურად გადმოცემა ზოგჯერ მეტისმეტად რთულია, რადგან ძალადობას ყოველთვის არ აქვს ტრადიციული ფორმები.

საინტერესოა ინტერვიუც, რომელიც ბუკერის პრემიით დაჯილდოებამდე ჩაწერეს ავტორთან.

„თქვენმა წარსულმა გამოცდილებებმა შთაგაგონათ ამ რომანის წერისას?

დიახ, მე ისეთ ადგილას გავიზარდე, სადაც ხშირი იყო ძალადობა, უნდობლობა და პარანოია. ხალხი და ინდივიდები ცდილობდნენ ამ სამყაროში გადარჩენილიყვნენ ისე, როგორც შეეძლოთ.

რატომ არ დაარქვით სახელი არც ქალაქს და არც მთავარ გმირს?

ეს წიგნი სახელებს ვერ მოერგო. დაკარგა ძალა, ატმოსფერო და იქცა ნაკლებად კარგ ან უბრალოდ სხვა წიგნად. თავიდან ვცდილობდი, დამერქმია სახელები, მაგრამ წიგნმა ამის საშუალება არ მომცა. თხრობა მძიმე და უსიცოცხლო გახდა და სანამ სახელები არ წავშალე, აღარ გაგრძელდა. ხანდახან წიგნი თავად იშორებს სახელებს.“

„მერძევეს“ სიუჟეტი 1970-იანი წლების ჩრდილოეთ ირლანდიაში ვითარდება. ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტისას უკვე ხსენებული უსახელო პერსონაჟი საერთოდ არ ინტერესდება გარე სამყაროთი, ქუჩაში სიარულის დროსაც კითხულობს (ძირითადად, მე-19 საუკუნის წიგნებს, რადგან მე-20 საუკუნის ლიტერატურა არ მოსწონს), წიგნებში გაურბის მოცემულობას. ამ დროს იქცევს მერძევეს ყურადღებას. იგი გოგონას თავის საკუთრებად აღიქვამს და მალე დანარჩენებიც მხოლოდ მერძევეს საკუთრებას ხედავენ მასში. მერძევეს სოციალური სტატუსი და ძალაუფლება ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ის ყველგანაა და მისი არსებობაც კი დამთრგუნველად მოქმედებს გოგონაზე.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად პოლიტიკური ფონისა, ბერნსი მაინც სხვაგვარ დაპირისპირებებზეა ფოკუსირებული. მას აინტერესებს კონფორმიზმი, პატრიარქატი, რელიგიურობა, მათი გავლენა საზოგადოების შეხედულებებზე, დამოკიდებულებებსა და ქცევაზე. აინტერესებს უნდობლობისა და გამუდმებული შიშის სამყაროში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობა.

თავად ავტორის შეფასებით, ეს არის მხატვრული ნაწარმოები „საზოგადოებაზე, რომელიც ზეწოლის ქვეშ ცხოვრობდა და ხანგრძლივმა ძალადობამ აფიქრებინა, რომ ეს ნორმალური მდგომარეობაა“. რომანი კი ცდილობს, რომ ამ „ნორმალურობის“ ნამდვილი სახე – არანორმალურობა და ანომალიურობა აჩვენოს. სახელების სიმცირე ერთგვარ დისტოპიურ ატმოსფეროს ქმნის. The Guardian აღნიშნავს, რომ ისინი, ვინც ირლანდიის ისტორია არ იცის, ამ რომანს მარგარეტ ეტვუდის მხევლის წიგნთანაც კი დააკავშირებენ.

ბერნსი მიეკუთვნება იმ მწერალთა რიგს, რომლებიც ამბობენ, რომ მათთან პერსონაჟები მიდიან და თავიანთ ამბებს უყვებიან. ამიტომაც, კვლავ The Guardian-თან ინტერვიუში ბერნსმა ჟურნალისტს უთხრა – ჩემს პერსონაჟებთან რომ გქონოდათ ინტერვიუ, დარწმუნებული ვარ, კარგი გამოვიდოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ მე ვარ თქვენ წინაშეო.

„მერძევე“ ქართულად თარგმნა რამაზ ხატიაშვილმა და ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა.

© არილი

Facebook Comments Box