მათი ტექსტები წაგიკითხავთ, მათ პერსონაჟებს კარგად იცნობთ და იმ პერსონაჟების სახლებშიც არაერთხელ ყოფილხართ სტუმრად (ან იმდენჯერ ყოფილხართ, რომ სტუმრად უკვე აღარც კი გრძნობთ თავს), მაგრამ ჯერ არ გინახავთ მათი ფანჯრები და არც ის, რასაც ისინი ხედავენ იმ ფანჯრებიდან.
ამიტომაც იწყებს არილი ახალ რუბრიკას – ავტორის ფანჯრიდან.
მთავარი პირობაა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ტექსტებმა, რომლებსაც არილისთვის დაწერენ, მათი ფანჯრებიდან გაგვახედოს და სულ ერთია, როგორი იქნება ხედი, რომელსაც დავინახავთ. ზოგჯერ, შეიძლება, ამ ხედებმა სხვა ხედები გამოიხმოს მათი მოგონებებიდან (როგორც ეს ანა კორძაია-სამადაშვილის შემთხვევაში მოხდა), ზოგჯერ კი მხოლოდ ის იქნება, რაც ნამდვილად არის – საქართველოს რომელიმე ქალაქის რომელიმე ქუჩა.
მონათხრობის უკეთ აღსაქმელად სტატიებს თან დავურთავთ მათივე გადაღებულ ფოტოს – ასე მოგვიყვება ერთი კადრი და ერთი ტექსტი ამბავს იმის შესახებ, რა და როგორ ჩანს ავტორის ფანჯრიდან.
ჩემი პროფესორი ბრძენი ქალია. მან მითხრა, რომ ბოროტება ადამიანს აბერებს და ასულელებს, და ამიტომ ის, რაც ძალიან არ მოგწონს, გეჯავრება და გაბოროტებს, უნდა შეიყვარო. კარგი, არ შეიყვარო, მოიწონე მაინც, როგორც გინდა, არ ვიცი, რამენაირად, და მაშინ დიდხანს და ბედნიერად იცოცხლებ. აი, ნახავ, თუ არა.
ისიც წამიკითხავს, რომ თუ ყველა სულელი ბოროტი არაა – საკამათოა, მესმის, – ყველა ბოროტი ნამდვილად სულელია. ეს ერთი კარგი ზღაპრის დედააზრი იყო, შეგონება, და საშვილიშვილოდ დამამახსოვრდა.
ამიტომ ძალიან ვცდილობ, ცოტა მაინც მომეწონოს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ამოზრდილი სახლები, რომლებიც მზეს მიჩრდილავს, კუს ტბის ფერდობს ეფარება, გაუთავებლად შენდება და მტვრით და ხმაურით ავსებს ჩემ შესანიშნავ დღეებს. ღმერთია მოწმე, ძალიან ვცდილობ, რამე ხიბლი აღმოვუჩინო. არ გამომდის. და რადგან არ მინდა, გავბოროტდე, გავსულელდე და ამ ბრიყვული ნაგებობების გამო სიცოცხლე გავიმწარო, ჩემთვის ვფიქრობ: სინამდვილეში, ეს მანქანები კი არ გუგუნებს, ტალღები შრიალებს, ბეტონის ურჩხულები კი არ დგას, ხაისკიბელის მთიანეთია, და ვიღაცებს ავად მაცქერალი, მორიგი ცათამბჯენის მშენებლობაზე მდგომი ანძის ნათურა რაც ჰგონიათ, სინამდვილეში ისაა – შუქურა, რომელიც ბისკაის ყურეში შემავალ ხომალდებს უნათებს გზას.
მე ეს მართლა ნანახი მაქვს, ჩემი სიცოცხლის ორი თვის განმავლობაში ამას ვუყურებდი პატარა ბინის ერთადერთი ფანჯრიდან, რომელიც თან კარის საქმესაც ასრულებდა, და ის კარი გადიოდა აივანზე, რომელსაც ფანჯრის რაფა უფრო ეთქმოდა – მოსაყოლად არეული ამბავი გამოდის, მაგრამ ასე იყო. იმ ფანჯრიდან თუ კარიდან მოჩანდა დიდი წყალი, მერე – მთა, ძველი გემსაშენი და შუქურა, და ხანდახან, უზარმაზარი გემი როცა ჩაივლიდა, უცებ თვალს თვალში ვუყრიდი მებადურ ბერიკაცს, და ხელებს ვიქნევდი და ვიცინოდი, და ისიც იცინოდა და ბერეტს იქნევდა, იმიტომ რომ ყველა წესიერ კაცს ამ კარგ მხარეში ბერეტი ახურავს და მისალმებისას იხდის ხოლმე, დიახ, ბატონო!
ის აივანი თუ ფანჯრის რაფა გადაჰყურებდა მოედანს, რომელზეც მედუქნეების მაგიდები იყო გამოფენილი, თუმცა ვერასოდეს გაიგებდი, რომელი დუქანი რა განრიგით და რა პრინციპით იღებდა სტუმრებს – ყველა მფლობელს თავის გაგება ჰქონდა. აი, მაგალითი – ჩემი დაქალი, რომელსაც ჩემთვის ნაცნობი არცერთი ენა არ ეყურებოდა, მაგრამ მაინც ზუსტად ვიცი, რომ ოქროა: თუ დილით კარგად იმუშავებდა, საღამოს გვერდით დუქანში იჯდა და გამვლელ-გამომვლელს პატიჟებდა ლამის მუქთა სიდრზე, და ჩემს იქ ყოფნაში ისე მოხდა, რომ მუშტარი მოეწონა და რა მორთული ჰქონდა თავის მაგიდები, არ იცით! მართალია, მოწონება და ძვირფასი სტუმრის მოლოდინი, ჰა და ჰა, ორი დღე გაგრძელდა, მერე ქალი გადაიკარგა და მერე დაბრუნდა, საიდანღაც, სადაც დარდის გასაქარვებლად წასულიყო, და იყო კმაყოფილი და კიდევ უფრო დაბრძენებული: ისეთები გადახდენოდა და ამის მერე ისეთი დასკვნები გამოეტანა – ვერცკი მოვყვები, თან ნახევარი ვერც გავიგე, მაგრამ მერე, რა?!
მოედანი სულ ხმაურობდა, განსაკუთრებით, საღამოს, და ეს სულ არ მაღელვებდა. ალბათ, უფრო დავარცხნილი ნერვები მქონდა იმხანად, ან იმიტომ ვიყავი არხეინად, რომ ზუსტად ვიცოდი: ეს ხმაური მე არ მეხება. მხოლოდ ერთხელ, ღამით, მართლა დიდი ხმაური ატყდა, თან ისეთი, რომ ვერაფერი გავუგე, და როცა ჩემი ფანჯარა-კარი გავაღე და აივან-ფანჯრის რაფაზე გავედი, აღმოვაჩინე, რომ გრიგალი იყო. შტორმი! მოედანი დატბორილიყო, ქარი ღმუოდა – ნამდვილი ღმუილით, როგორც ურჩხული! – და იმხელა ტალღები ეხეთქებოდა სახლის კედლებს! ჩემს გარშემო, ჩემნაირ, ციცქნა აივნებზე, ყველა გამოსულიყო, – ამ მოხუც სახლში ამდენი ხალხი თუ ცხოვრობდა, არც ვიცოდი, – და აღტაცებული შეძახილით ხვდებოდა ყოველ ზვირთს, და მეც ვყვიროდი: ვაშა!
ვაშა გრიგალს და ყველაზე მაგარ სახლს, ოთხი საუკუნე რომ მედგრად უძლებს ოკეანის ბობოქრობას, და ვაშა მედუქნეებს, რომლებსაც ისეთი გაფხეკილი დუქნები აქვთ, რომ წყალდიდობაც არ ედარდებათ, და ვაშა, ვაშა პასაია დონიბანს, მთისა და წყლის შესაყარს, და დიდება შენ, ჩემო მშვენიერო პასაიკო!
ღამით დარაბები მიხურეო, მეგობარმა, შუქურა არ დაგაძინებსო. არასოდეს მიმიხურავს. და სულ, სულ, მეძინა თუ მეღვიძა, ვხედავდი შუქურას. უკეთესი რა უნდა დამენახა.
შეგონება: როცა რაღაც არ მოგწონს და აი, შეაკვდი და მაინც ვერ მოიწონე, გახდი ცოტა გიჟი და იფიქრე, რომ ეს ის კი არაა, რაც გამწარებს, არამედ ისაა, რაზეც გიჟდები.
ვთქვათ, შუქურა.
© არილი