პოეზია

ანდრო ბუაჩიძე – გაზაფხული მოდის ღამეში

11111

ხომ შეიძლება, რომ ღამეში ვიმოგზაურო,
ხომ შეიძლება, რომ დავტოვო მე სახლის ზღურბლი
და გადავიდე იმ სივრცეში, სადაც ანთია
მკრთალი სინათლე – განფენილი კიდეებამდე.
ჩემს საწოლში ჩაძინებულმა თუ გასულმა
ჩემი თავიდან, მე მირჩევნია, ასე ვიარო,
ვიარო არა გამიზნულად, არა ხილულად,
არამედ როგორც მთვარეულმა ან უსინათლომ,
რომელიც გარეთ იყურება, ხედავს კი შიგნით,
აი, სარკეს რომ თავის თავის ხედვა შეეძლოს,
დაახლოებით იმნაირად და იმგვარადვე.
დავეშვებოდი ნუცუბიძის პლატოდან ქვემოთ
და შევიგრძნობდი, გაზაფხული მოდის ღამეში,
ედება ხეებს და სახლებსაც ეპოტინება.
ის უფორმოა, უსხეულო, უმისამართო
და ამ ღამეში უხილავიც არის, უჩინოც…
მაგრამ მე ვხედავ, ბავშვობიდან ვხედავდი რადგან,
ის დგას ჰაერში და თუმცა კი ხელს ვერ შეავლებ,
მაინც შეიგრძნობ, როცა ღამის ნიავთან ერთად
ჩრდილი ან ტოტი შეირხევა, როცა ვიტრინის
ან ლამპის შუქი დაეცემა ქვაფენილებზე…
მე მიმატოვა ყველაფერმა და ყოველივემ,
ჩემმა წარსულმა გაიშრიალა ხესავით და მერე დამტოვა,
სხვებიც წავიდნენ, მეგობრები, ნივთები, მთვარე,
ისე, რომ თითქმის არც უცდიათ დამშვიდობება,
და ახლა, როცა ამ ღამეში ვეძებ გაზაფხულს,
მე იმათ სულებს ვეგებები და ვეძრახები,
მინდა შევავლო ხელი, მაგრამ ვერ შევეხები,
ვიცი და მხოლოდ ფიქრითა ვარ მათკენ დახრილი.

გადავჭრი ქუჩებს, მოედანი ცარიელია,
დგანან ძეგლები უმიზნოდ და უსურვილებოდ,
იმ მიზანსცენის გაცვეთილი რეკვიზიტები,
რომელთაც უკვე ვეღარ არჩევს თითქმის ვერავინ.
შუქნიშნებიც კი აზრს კარგავენ და ინთებიან
თუ ქრებიან, არ დაგიდევენ ქრობა – ნათებას…
ხომ შეიძლება, რომ ღამეში ვიმოგზაურო,
გადავჭრა ქუჩა და წავიდე თრიალეთისკენ,
ბაგებისაკენ… ტყისპირების უკუნი ხომ მიმზიდველია!
გაზაფხული მოდის ღამეში… და სასჯელივით
ვინც იხდის ყოფას, იმისთვისაც ჩუმი ნათება
ტყის კორომში შემღვრეული გაზაფხულისა
მაინც რაღაცის მჩუქებელია…

არა, არ წავალ მე ქალაქის შუაგულისკენ,
უფრო კიდეებს მივაშურებ და მივენდობი;
ზურგი ვაქციე წიგნებსა და ადამიანებს,
რომელთაც სძინავთ მძიმე ძილით და იხსენებენ
იმას, რაც სულის ფსკერზე ეწყოთ და კვლავ
უწყვიათ. და თუნდაც ზემოთ ამოზიდონ
ეს ყოველივე, მაინც ვერაფერს ვერ შეძრავენ,
ვერ შეაღებენ იმ კარს, რომელიც სამუდამოდ
დალუქულია…
აქ, ამ ქალაქში მე ვცხოვრობდი, აქ დავდიოდი,
აქ ვავლებდი ხელს ნივთებს, ქუჩებს აქ მივყვებოდი
და ჰო, რისი მაქნისია ეს სიარული, ეს ფეთება,
ეს წრიალი თუ ვნებათღელვა…
ღამეში დგას მთელი ქალაქი, ვით მუზეუმი,
ვით მუზეუმი, რომელშიც ერთმა კაცმა იცხოვრა
იმდაგვარად, რომ დაესწრო თავის ცხოვრებას
და ახლა დადის ღამის ქალაქში, მის კიდეებს ათვალიერებს…
დიდი ხანია გავეცალე ამ ქალაქს, როგორც
ხმელი ფოთლები ეცლება ხეებს, ჩამოვეცალე,
ჩამოვშორდი და მის კიდეებს ვათვალიერებ.
მის გარეუბნებს ვესწრები და ვისწრებ თვითონვე.
არადა, ადრე ჯერ კიდევ ბავშვი აქ დავდიოდი,
აქ ავახილე და მერე კი შევავლე თვალი ამ ყოველივეს…
გამიუცხოვა ამ ქალაქმა და თვითონაც უცხოდ ვიქეცი
და იშვიათად თუ დავდივარ, ვით უსინათლო,
უფრო იმიტომ, რომ შევიგრძნო, ჩემი წარსული
როგორ შეერწყა ქვაფენილებს და აიკრიფა.
არა, არ წავალ მე ქალაქის შუაგულისკენ,
იქ აღარავინ არ მიხსენებს, სადარბაზოებს აღარ ვახსოვარ,
არ ახსოვთ, როგორ ავდიოდი საფეხურებზე,
როგორ ვრეკავდი ზარს, მძიმე კარს როგორ მიღებდნენ
და, ვინც მიღებდა, იმათ უკვე ვერ ვეხსომები,
სახლიც სხვისია, სიზმარშიც კი მეუცხოვება.

დრომ გაიარა და თითქოს მეც შემახო ხელი,
მაგრამ რატომღაც ვერ ვიგრძენი ხელის შეხება
და კვლავ მეგონა დამხვდებოდა რაღაც ნაცნობი,
რაღაც ნაცნობი და ძველთაგან შემორჩენილი.
არა, არ წავალ მე ქალაქის შუაგულისკენ.
ქალაქის კიდეს მივენდობი, მივესწრაფები.
ბაგებისაკენ ტყისპირებს და ცარიელ ტრასას
სუნი ძრავს ჯერარშემოსული გაზაფხულისა
და მეც მივდივარ იმ სასურველ ადგილებისკენ.

© “არილი

Facebook Comments Box