Uncategorized

ანდრო ბუაჩიძე – უცვლელი მეტაფორები

jemal ajiashvili

ჯემალ აჯიაშვილი, 100 ლექსი, თბ. “ინტელექტი“, 2013.

ჯემალ აჯიაშვილი სულ სხვადასხვა ვითარებაში მახსოვს. მის არაერთ საღამოს დავსწრებივარ, ლხინის სუფრასთანაც არაერთხელ გვისაუბრია, კოლეგებიც ვიყავით და თანამშრომლებიც, ბიჭვინთის მწერალთა სახლში მთარგმნელთა სემინარსაც ერთად ვესწრებოდით. ფოტოც მახსენდება, სადაც ასევე ერთად ვართ აღბეჭდილნი – მე, ჩემი მეგობარი თამაზ ბაძაღუა და უფროსები – ჯემალ აჯიაშვილი და თამაზ ჩხენკელი. სამწუხაროდ, დღეს არცერთი მათგანი ჩვენთან აღარ არის.
ჯემალი საინტერესო მოსაუბრე იყო. არ უყვარდა მენტორული ტონი და პათეტიკური, თავაწეული საუბარი. თავმდაბლობა და იუმორი სხვათაგან გამოარჩევდა. თუ კარგად დააკვირდებოდი, მის არსებაში აღძრულ ნაღველსაც შეატყობდი და ამაოებათა ამაოების შეგრძნებასაც. სიტყვაუხვი არ ყოფილა, თითქოს ბოლომდე ყველაფრის თქმას ერიდებოდა და დუმილს ამჯობინებდა. არადა, ისიც ეტყობოდა, რომ ბევრს ფიქრობდა და უკვე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი. მისი ყოველი შენიშვნა ამ ხანგრძლივი ფიქრის ნაყოფი იყო.
მახსოვს ერთხელ ლიტერატურაზე საუბრისას ერთმა ლიტერატორმა უთხრა: ხოდასევიჩი მაინც ვერ შესწვდება მანდელშტამსო. ამაზე ჯემალმა მოკლედ უპასუხა: „ნუ ვიტყვით ასე“. ეს წყნარი პასუხი ძალიან მომეწონა, არამხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ უკვე ვთარგმნიდი ხოდასევიჩს, არამედ იმიტომაც, რომ ყოველ ნიჭიერ პოეტს თავისი უნიკალური ნიშანი აქვს და ეს სძენს მას მნიშვნელობას. ასეა ხოდასევიჩიც.

ჯემალი ოდნავი წამღერებით წარმოთქვამდა თავის თარგმანებს. მახსოვს მოშე იბნ ეზრას ლექსი: „სებიაო, სებიაო, გაღმა ბნელი გზებიაო!.. მოგირთვია სხვათა მდელო, მოგინარგიზებიაო“. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მთარგმნელისთვის ბგერწერული ჟღერადობა, ბგერწერულ-რიტმული რხევა, ჟღერადი რითმა ანიჭებდა პოეზიას აზრს. ასეც იყო. ებრაული პოეზიის მისტიკური მუსიკალობა ჯემალის სულის მოძრაობას ემთხვეოდა. ეს მისი გულისცემის, მისი სუნთქვის რიტმი იყო, ამიტომ მისეული დეკლამაცია შთამბეჭდავად გადმოსცემდა ავტორის ღაღადისს.

ჯემალმა ბევრი რამ თარგმნა. ცხადია, ის სრულიად გამორჩეულ პოეტებს თარგმნიდა. მრავალფეროვანია ის სამყარო, რომელიც მისი მეშვეობით ქართულ ენაზე ამეტყველდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დიამეტრულად განსხვავებული პოეტების თარგმნა თავისებურ სიძნელეს ქმნის. ვთქვათ, ებრაული პოეზიისგან სავსებით განსხვავებულია ვლადიმირ მაიაკოვსკის პოეზია. ჯემალ აჯიაშვილის თარგმანი ლექსისა „საიუბილეო“ მართლაც რომ სანიმუშოა სისადავით და სიმკაცრით, მაიაკოვსკისეული ვირტოზული რითმით, რაც ქართულში ოსტატურად არის გაშლილი და გადმოტანილი.

ჯემალ აჯიაშვილის 100 ორიგინალური ლექსი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სალექსო ფორმის ავტორისეულ ფლობას. ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ ხოლმე იმის თაობაზე, თუ რა ხარისხით ფლობს პოეტი ლექსის ფაქტურას, მის მხატვრულ ინვენტარს. ამგვარი ფლობა პროფესიული დონის მაჩვენებელია. და თუმცა ჯემალი თავის თარგმანებში პროფესიულ ოსტატობას მოჭარბებულადაც ამჟღავნებდა, მკითხველს მაინც გაუჩნდება სურვილი მისი ორიგინალური შემოქმედების იმავე ნიშნით მოსინჯვისა.

ჩემი აზრით, ჯემალის ლექსებში მისივე თარგმანებიდან ბუნებრივად გადავიდა ფრაზეოლოგია, მეტყველი რითმა, ღაღადისის ინტონაცია. „100 ლექსში“ თავმოყრილი სონეტები თითქმის იმავე ამაოებათა ამაოების განწყობით არის შეფერილი, რითაც ებრაული პოეზია გამოირჩეოდა. მე ისეთი შთაბჭდილება მრჩება, რომ ჯემალი ბოლომდე არ გამოსულა თარგმნილი ავტორების თვალსაწიერიდან, ის თითქოს მიჰყვება იმ ინერციას, რომელსაც შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის პოეტები ქმნიან. ასე გზადაგზა იქმნება მისი საკუთარი ლირიკა, სადაც ავტორი ძალდაუტანებლად თამაშობს უკვე თარგმნილი პოეტების ალუზიებით და რემინისცენციებით. ოღონდ ეს მისი განწყობაა, მისი რეალობაა, რომელშიც გარესინამდვილეც ირეკლება და წიგნიერი სამყაროც. აი, ვთქვათ, პოეტი წერს სონეტს შიშზე. და მაშინვე თავს იჩენს ბიბლიური მოტივები ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მწიგნობრულ რეალიებს ემპირიული რეალობა გადაენასკვება:

„შიშით ჩამკვიდრდა კიდურებში ზამთრის სიზანტე,
შიშმა აოტა კაენიდან მოდგმა აბელთა,
შიში ჩაგითრევს, უმსგავსობას ვიდრე იზამდე,
და ჯამბაზივით ჩაგაოთხებს ჩამწყდარ საბელთან“.

სონეტის ეს სტროფი თავისთავად მეტყველებს იმ სიმბიოზზე, რომელიც ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად არის დამახასიათებელი პოეტი –  მთარგმნელებისთვის.

ბორის პასტერნაკი ამბობდა, რომ ორიგინალის მსგავსად, თარგმანი სიტყვიერების ნიმუშის კი არა, ცხოვრების ცხოველმყოფლობის შთაბჭდილებას უნდა ტოვებდესო. ამის მიღწევა ძნელია. ვთქვათ, პასტერნაკის მიერ თარგმნილი ბარათაშვილის ლექსებიდან, ამ ნიშნით ყველაზე გამორჩეულია თარგმანი ლექსისა „ცისა ფერს“.

ჯემალ აჯიაშვილის თარგმნილი ებრაული პოეზია, პეტრარკას და მიქელანჯელოს სონეტები ისეთივე ემოციურ ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე, როგორც მისი ორიგინალური ლექსები. ემოციური ზემოქმედების თვალსაზრისით განსხვავება აქ მინიმუმამდეა დაყვანილი. და თუ არსებობს განსხვავება, ალბათ იმ ნიშნით, რომ ებრაული პოეზიის მეტრულ-რითმული სტრუქტურა უფრო მრავალფეროვანი, უფრო ჟღერადი და პათეტიკურ-ზეაწეულია, ვიდრე ორიგინალური ლექსებისა. ეს განაპირობებს არქაული სიძველის მძაფრ შეგრძნებას და მუსიკალობის უფრო მრავალფეროვან სპექტრსაც. ეს მუსიკალობა, რომელიც საუკუნეების წიაღიდან მოედინება, მთარგმნელმა თითქოს სხვა ინსტრუმენტზე, სხვა, „ქართული ენის ქნარზე“ გადაიტანა თუ გადააწყო. რთული ოპერაცია კი მან თავისი პიროვნულ-ინდივიდუალური სულიერი ძალების დაძაბვით შეძლო. ძალისხმევა უპირველეს ყოვლისა ქართული ენის ფლობაში მჟღავნდება. მახსენდება პოლ ვალერის ნათქვამი: „მწერლობა სიტყვიერი ხელოვნებაა. უკეთესია ის, ვინც უკეთ ფლობს თავის ენას“.

ამ ფლობამ გადაწონა ყოველივე, როგორც უკვე ვთქვი, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ჯემალმა უკვე საკუთარ ლექსებში გვერდით გადადო დედნები. მხოლოდ „დედანი“ მაინც დაიტოვა – რეალობა, თავისი პიროვნული სამყარო, ბედისწერა და შემოქმედებითი თხზვა განაგრძო. უცნაური ის არის, რომ ფიქრის ინტონაციის აღმძვრელ მჭიდრო ფრაზეოლოგიასთან ერთად ორიგინალურ შემოქმედებაში ამაოების განწყობაც გადმოვიდა. მინდა მოვიყვანო ერთი ძალზე შთამბეჭდავი სონეტი: „მზის მიწურვისას ეგეოსთან იჯდა ფილონი,/ ცხრებოდა  ზღვა და მეზღვაურებს ტკბილი და ნავსი/ ხმით იზიდავდნენ ჯადოსნური სანაპირონი/ და ანგელოსი ნანაობდა ზურმუხტის ნავში/ სადაფის მთებზე იღვრებოდა უცხო მირონი/ და მგელს, რომელიც სატრაპეზოდ პატარა ფარეხში დავსვი,/ ცხოვართან საძმოდ განაწყობდა ცა – საფირონი/ და ტყისპირ თიკნებს აძოვებდა პატარა ბავშვი,/ მახსოვს სხვა ხილვაც, – აქერონი, კუშტი ქარონი, ქარონის იქით – წყარონი და სხვა სამყარონი,/ ქარი, რომელიც ლეგენდებში დღემდე ხორხოცებს,/ ოდესმე ამ ზღვას სხვანაირი ჯადოთი კრავდა,/ გაუძლო სულმა გამუდმებულ მეტამორფოზებს, -/ უცვლელად დარჩა მეტაფორა მგელთა და კრავთა“.

ამ სონეტში ავტორი მარადისობას უსწორებს თვალს. მარადისობაში უცვლელია ბუნების მოვლენები – ქარის ქროლვა და ზღვის ღელვა, ამ მოვლენათა ხმიერება, ცხადია, ლეგენდებშიც არის გადასული და მითებშიც. ბუნება მარადიულია და უცვლელი, კულტურას კი ადამიანი ქმნის და ამიტომაც ცვალებადია. ცვალებადია თვითონ ადამიანიც, რომელიც კულტურის წიაღში ცხოვრობს. განსხვავებულია, ვთქვათ რენესანსის ადამიანი შუა საუკუნეების ადამიანისგან და ა.შ. მაშასადამე, არსებობს მეტამორფოზები („გაუძლო სულმა გამუდმებულ მეტამორფოზებს“), მაგრამ პარადოქსთა სფეროს უნდა მივაკუთვნოთ ის, რომ ამავე დროს არსებობს კულტურის უცვლელი გამოხატულებები. ასეთია, ვთქვათ, მეტაფორა „მგელთა და კრავთა“. მართალია, ეს მეტაფორა სხვადასხვა დროშია გამოყენებული და ცვალებადია კონტექსტი, მაგრამ თვითონ მეტაფორის შინაარსი უცვლელია. ჯემალ აჯიაშვილის სონეტიც ამ პარადოქსულ ვითარებაზეა აგებული: კულტურის წიაღში კონკრეტული მეტაფორის უცვლელობაზე.

100 ლექსად გამოცემული სონეტები ერთ რომელიმე ისტორიულ ეპოქაზე, ძეგლზე ან წერილობით პირველწყაროზე არ არის მიჯაჭვული. არც შეიძლება რომ იყოს, რადგან ასეთი გარშემოწერილობა ორიგინალური შემოქმედების გახსნილობას შეაფერხებდა. როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ჯემალმა ებრაული პოეზიაც კი თავის „ხმის ტემბრს“, თავის ქართულ ფრაზეოლოგიას, ქართულ ენას, „ქართულად სტრუქტურირებულ“ სამყაროს შეუთანადა და, მითუმეტეს, შეუძლებელი იქნებოდა ორიგინალურ შემოქმედებაში ისეთი საზღვრები დაეწესებინა, რომელიც ლირიკულ გზნებას და საძრაობას შეზღუდავდა. იქნებ ეს ზოგადი განსაზღვრება იყოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: სონეტების ციკლში პოეტი ფიქრობს მარადიულობაზე და იმ წარმავალი დროის მონაკვეთზე, რომელიც განგებამ განუწესა ადამიანს.

ჯემალ აჯიაშვილის სონეტებში ბიბლიურ-ფილოსოფიურ რეალიებს ორგანულად ეთავსება საქართველოს ისტორიის რეალიები. ამ ციკლში რუსთაველის და გურამიშვილის პერსონაჟებიც წარმოჩნდებიან. მრავლისმეტყველია ტოპონიმიკაც – ქალდეა, ითაკა, ფაზისი, მარტვილი, ქუთაისი, კარალეთი და ა.შ. მაგრამ მთავარი მაინც პოეზიაა – ისტორიის გადასახედზე მდგარი ადამიანის დამნახველი თვალი და მისი ღრმა განცდა.

საბოლოოდ შემიძლია ერთი რამ ვთქვა: ჯემალ აჯიაშვილის მოგვიანო პერიოდში შექმნილი ორიგინალური შემოქმედება მისივე უაღრესად საინტერესო მთარგმნელობითი შემოქმედების უშუალო პირმშოა, მის ქურაშია გამოწრთობილი.

© “არილი

Facebook Comments Box