ინტერვიუ

ანდრო ბუაჩიძე – ჩემი ცხოვრების წიგნები

პოეტი და კრიტიკოსი ანდრო ბუაჩიძე თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიამბობს:

კითხვის პირველი მოგონება

ყველაზე დიდი წიგნი სამყაროა და ეს არის ამავე დროს პირველი წიგნი, რომელსაც ბავშვი „კითხულობს“. ბავშვი იწყებს სამყაროს შეცნობას, რეფლექსიას და სვამს შეკითხვებს, რომლებზეც უფროსები პასუხობენ. წიგნის ეპოქა მოგვიანებით დგება, თუმცა აქაც პრიორიტეტი უფროს ადამიანებს ეკუთვნით, ვინაიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა იმას ენიჭება, პირველად რომელ წიგნს მისცემენ ბავშვებს წასაკითხად. გემოვნება, სწორი ღირებულებითი ორიენტაცია თავიდანვე უნდა ჩამოყალიბდეს.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

ჩემთვისაც, ისევე, როგორც მრავალი თაობის ადამიანებისთვის, ბავშვობის საყვარელი წიგნი მარკ ტვენის „ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“  იყო. რატომ? იმიტომ, რომ ეს წიგნი დიდი მწერლის, ნამდვილი მხატვრის დაწერილია. ამას ამჟღავნებს შეუნიღბავი რეალობის აღქმა, ტკივილგამოვლილი ჰუმანიზმი, ცხოვრებისეული პარადოქსები და საოცარი იუმორი.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

ადამიანის შეხედულებებს ცვლის ცხოვრებისგან მიღებული შთაბეჭდილებები.  ერთმა ღრმა შთაბეჭდილებამაც კი შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს ამა თუ იმ პიროვნების მსოფლმხედველობა. ამისდა მიხედვით იცვლება მისი დამოკიდებულება წიგნიერი სამყაროს მიმართ.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

ჩემი აზრით, ერთი მწერალი ვერ შეცვლის ადამიანის შეხედულებებს. საჭიროა ხანგრძლივი დროითი მონაკვეთი და ბევრი წიგნის წაკითხვა.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

აქაც იმავეს ვიტყვი: მწერლობა სერიოზული  მოწოდებაა, რომელიმე ერთი წიგნით გაჩენილი წერის სურვილი შეიძლება თოვლის ფიფქივით გაქრეს. წერის სურვილთან ერთად ადამიანი პიროვნებად უნდა იქცეს, ამის შემდეგ გახდება ან ვერ გახდება მწერალი. მას თავისი ორიგინალური შეხედულებები უნდა ჰქონდეს ცხოვრებაზე.  ადამიანი შესაძლებლობაა, ამბობენ ეგზისტენციალისტები. ეს შესაძლებლობა უნდა განხორციელდეს.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

მრავალგზის იმ მწერლებს ვუბრუნდებით, რომელთაც დიდი და ორიგინალური სამყარო შექმნეს და რომელთა გაგებაც ერთი წაკითხვით შეუძლებელია. წიგნიერი და ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების კვალად უფრო და უფრო კარგად გვესმის მათი შემოქმედება. ვთქვათ, დოსტოევსკის „კარამაზოვებს“ ან თომას მანის „დოქტორ ფაუსტუსს“ ერთი წაკითხვით ვერ დაძლევ. ყოველი ახალი წიგნის წაკითხვას, სჯობს, ისევ მათ მივუბრუნდეთ.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

აღარასოდეს დავუბრუნდები გუსტავ ფლობერს ან ონორე დე ბალზაკს. ვფიქრობ, მათი პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

დიდხანს მქონდა შენახული „თანამედროვე პროზის ოსტატების“ სერიით გამოცემული ერთი, რუსულად თარგმნილი წიგნი, რომელიც ახლაღა წავიკითხე და გავოცდი. ეს არის მე-20 საუკუნის დანიელი პროზაიკოსი ჰანს ქრისტიან ბრანერი.  მისი პროზა ჩემს მსოფლშეგრძნებას დაემთხვა.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

ასეთი პერსონაჟი არა მყავს. ყველა ადამიანი უნიკალურია. საერთო ნიშნები შეიძლება არსებობდეს.

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

არ მიყვარს მარკესის  „ასი წლის მარტოობა“,  სამაგიეროდ, ძალიან მიყვარს მისივე  „პატრიარქის  შემოდგომა“.

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

თუ დავიწყე წიგნის კითხვა, ყოველთვის ბოლომდე მიმყავს.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

ამას წინათ შევიძინე ჩემი საყვარელი მოაზროვნის, ზურაბ კაკაბაძის ორტომეული. მშვენიერი წერილებია. ეს წიგნები „ილიაუნმა“ გამოსცა. წიგნის რედაქტორები აღნიშნავენ, რომ ზურაბ კაკაბაძე იყო „ფილოსოფოსი, პოეტი და ლიტერატორი“. ეს დეფინიცია არასაკმარისია. ზურაბ კაკაბაძე მხოლოდ ლიტერატორი არ იყო, იგი, ზოგადად, კულტურის საკითხების მკვლევარი გახლდათ. სათაურები მაინც გავიხსენოთ მისი გამოკვლევებისა: „ხელოვნება და ფილოსოფია“, „ხელოვნება და თანამედროვე ცივილიზაცია“, „ხელოვნების ფენომენი“ (მონოგრაფია),  „სახვითი ხელოვნების სწორი შეფასებისთვის“,  „ესთეტიკური ღირებულება და ყოფიერება“, „ნიჰილიზმის პრობლემა თანამედროვე დასავლეთის ხელოვნებაში“,  „კულტურის  ზოგიერთი საკითხი“ და ა. შ. ზურაბ კაკაბაძე იკვლევდა კულტურის პრობლემებს ფილოსოფიურ კონტექსტში, ამიტომ მხოლოდ ლიტერატურა არ იყო მისთვის საკმარისი. ის მიმოიხილავდა ლიტერატურასთან ერთად სახვითი ხელოვნების და განსაკუთრებით კინემატოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს; ყოველივე ეს თანამედროვე ეპოქის ფილოსოფიური განხილვის კონტექსტში იყო ჩართული. ეს კი გაცილებით უფრო ფართო დიაპაზონის კვლევის უნარს მოითხოვს, ვიდრე ლიტერატორს შეიძლება ჰქონდეს. ამის გაუთვალისწინებლობა არასწორია.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

ახლა ვკითხულობ პორტუგალიელი პოეტის, ფერნანდო პესოას პოეზიას და მის ჰეტერონიმებს ვაკვირდები. მინდა მოვიპოვო მისი პწკარედები და რამდენიმე ლექსი ვთარგმნო კრებულისთვის „რჩეული მსოფლიო პოეზია“.  ეს ჩემი ერთგვარი გატაცებაა.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

ბაჩანა ბრეგვაძემ თარგმნა სერვანტესის „დონ -კიხოტი“, დავით წერედიანმა თარგმნა    გოეთეს „ფაუსტი“; კარგი იქნებოდა, რომელიმე თანამედროვე მთარგმნელს ამავე დონეზე ეთარგმნა შექსპირის „ჰამლეტი“. ვიცი, რომ ეს ოცნებაა.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

მკითხველმა თვითონ უნდა მიაკვლიოს წასაკითხ წიგნს.

© არილი

Facebook Comments Box