ოსტატობის გაკვეთილები
მხატვრული თარგმანის მასტერკლასი. პროექტის ხელმძღვანელი ვახუშტი კოტეტიშვილი. პროექტის ასისტენტი ნიკა ჯორჯანელი. რედაქტორი ანა ჭამაშვილი. თბ. ”დიოგენე”, 2007.
“მხატვრული თარგმანის მასტერკლასი”! წიგნის ამგვარმა სათაურმა აღმაფრთოვანა. ასეთი წიგნი ხომ ჩვენში ადრე არასდროს გამოცემულა. არადა, სადღეისოდ ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს! აკი ჩვენს ეპოქას თარგმანის საუკუნე უწოდეს. კულტურათა ღიაობა და დილთაისა თუ გადამერისეული ჰერმენევტიკის საკითხები უშუალოდ მხატვრული ლიტერატურის თარგმნას უკავშირდება. მახსენდება თარგმანის პრობლემებზე წაკითხული წიგნები. უმეტესი მათგანი ზოგადთეორიული ხასიათის იყო, ამიტომაც ბევრი არაფერი დამამახსოვრდა. ზოგადი საუბარი ამ თემაზე არცთუ ისე შთამბეჭდავია, კონკრეტული მაგალითები და ავტორისეული გამოცდილება კი ცხოველ ინტერესს ბადებს. მასტერკლასის ხელმძღვანელი და ავტორი, შესანიშნავი მთარგმნელი ვახუშტი კოტეტიშვილი წინამდებარე წიგნის ფურცლებზე წერს: “აკადემიური კურსი მოიცავს თარგმანის ზოგად თეორიულ საკითხებს, რაც საერთოა ნებისმიერი ენიდან ნებისმიერი ტექსტის თარგმნის პროცესში. მასტერკლასი კი გულისხმობს პირადად ჩემს პროფესიულ გამოცდილებას, ჩემს მრწამსსა და ხატოვანი სისტემის ჩემეულ გააზრებას”.
ამგვარივე პირადი გამოცდილება ჩააქსოვა თავის წიგნში, “მაღალი ხელოვნება” ბრწყინვალე კორნეი ჩუკოვსკიმ! ამიტომაც არის ეს წიგნი უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი, ვიდრე, ვთქვათ, ცნობილი თეორეტიკოსის, ირჟი ლევის გამოკვლევები თარგმანის პრობლემებზე.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი განხილვის საგანს ანუ მასტერკლასს, რომელსაც უძღვება ვახუშტი კოტეტიშვილი, უნდა ითქვას, რომ ესეც, ჩუკოვსკისა არ იყოს, უიშვიათესი და ბედნიერი შემთხვევაა. თარგმანებს წამძღვარებული კოტეტიშვილისეული წინათქმა ერთი ვრცელი გამოკვლევის ტოლფასია, ვინაიდან აქ თავმოყრილია პოეზიის და, საერთოდ, მხატვრული თარგმანის ის უარსებითესი მომენტები, რომელსაც მთარგმნელი გადაწყდომია თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვახუშტი კოტეტიშვილი არა მხოლოდ კონკრეტული ტექსტის შემთხვევებზე გვესაუბრება (გავიხსენოთ ბროდსკის ქართულ ვარიანტში გამოყენებული სიტყვა “უნებრივი”), არამედ ზოგადთეორიულ საკითხებსაც თავისი გამოცდილების კვალად წამოჭრის. აი, ვთქვათ, ასეთი თავი: “თარგმანი და ზნეობა”, სადაც ავტორი წერს: “მთარგმნელს ნიჭის გარდა, კიდევ ერთი რამ უნდა ჰქონდეს აუცილებლად: სინდის-ნამუსი. მე არ ვხუმრობ. მთარგმნელობა დიდ ზნეობრივ სიმაღლეს მოითხოვს”.
ყოველივე ისე მარტივად და ნათლად არის ნათქვამი, კაცი იფიქრებს, ამას თქმა რად უნდა, ეს ხომ მეც ვიციო. არადა, მთარგმნელმა, უპირველეს ყოვლისა, მართლაც საკუთარი შესაძლებლობები უნდა აწონ-დაწონოს. დიდ მწერალთა თარგმნა რჩეულთა ხვედრია: “რუსთაველისა თუ ფირდოუსის, პუშკინისა თუ ელიოტის ვაი-მთარგმნელს რატომ უნდა შერჩეს “ხახვივით” დიდ ხელოვანთა ნააზრევის გაუფასურება და გაყალბება?!”
სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჩვენში მხატვრული თუ სამეცნიერო თარგმანის კრიტიკა თითქმის არ არსებობს, და თუ არსებობს, მხოლოდ “მსუბუქი ჟანრისა” – დაიწყებს ერთი ლიტერატორი მეორე ლიტერატორის თარგმანში შეცდომის ძებნას და თუ ოდნავ შორდება ესა თუ ის თარგმნილი სიტყვა დედნისეულ ვარიანტს, ატეხს ერთ ამბავს, ეს რა საშინელი ამბავი მომხდარაო. ასეთი რამ კი ყველას შეიძლება დაემართოს!
თუმცაღა, არსებობს სერიოზული შეცდომებიც. და იმისათვის, რომ ამგვარი შეცდომები თავიდან ავირიდოთ, არ უნდა მივენდოთ მხოლოდ საკუთარ ცოდნას და ასოციაციებს, საჭიროა ლექსიკონში ჩახედვა. ამას ურჩევს მასტერკლასის მონაწილე ახალგაზრდა მთარგმნელებს ვახუშტი კოტეტიშვილი წინათქმის ერთ-ერთ თავში “მთარგმნელის ცრუ მეგობრები”.
წინამდებარე წიგნს წამძღვარებული ვახუშტი კოტეტიშვილისეული წინათქმა “საუბრები მთარგმნელობით ხელოვნებაზე” არა მხოლოდ ახალგაზრდა მთარგმნელებს, არამედ ყველა ლიტერატორს გამოადგება, ვინაიდან აქ ჩატეულია არა მხოლოდ მთარგმნელის, არამედ მკვლევარის მაღალპროფესიული გამოცდილებაც. ამაში იოლად დავრწმუნდებით, თუკი გულდასმით წავიკითხავთ თავებს: “რითმის წარმოშობა და მისი განვითარების გზები” ან “სემანტიკური შესაბამისობანი”.
არ შეიძლება ორიოდ სიტყვა არ ითქვას წიგნის მეორე ნაწილზე, სადაც მასტერკლასის “პრაქტიკული ნაღვაწია” წარმოდგენილი. ეს ნაწილი იხსნება მარინა ცვეტაევას ვახუშტი კოტეტიშვილისეული თარგმანებით. არცთუ ისე დიდი ხანია, რაც ვიხილეთ ამავე მთარგმნელის ცალკე წიგნად გამოცემული “ვერცხლის საუკუნის” პოეტების ლექსები. იქ იყო ცვეტაევას რამდენიმე მცირე ლექსი. მათ რიცხვს მიემატა ამ ახალ კრებულში წარმოდგენილი ლექსებიც და ჩვენთვის ცხადი შეიქნა, თურმე ცვეტაევას თარგმნა შესაძლებელი ყოფილა, თუკი ამ საქმეს ნამდვილი ოსტატი მოჰკიდებს ხელს.
მასტერკლასის ახალგაზრდა მონაწილეების სია საკმაოდ ვრცელია. შთამბეჭდავია მათი არჩევანი: ანა ახმატოვას, ეზრა პაუნდის, ფრიდრიხ ჰოლდერლინის, უილიამ ბლეიკის, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის, არნო ჰოლცის, ფრანც კაფკას, იუსუფ იდრისის ნაწარმოებები.
მთარგმნელთა უმრავლესობა კარგად ფლობს სალექსო ტექნიკას, სწორად სვამს ლირიკულ აქცენტებს, ფეხდაფეხ მიჰყვება დედანს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არსებობს ემოციური მხურვალებაც, რომელიც მთარგმნელმა თვითონვე უნდა ჩადოს თარგმანში. ეს კი უკვე სამომავლოდ თუ მიიღწევა.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“