ხსოვნა
ის ჩვენს გვერდით ცხოვრობდა, მაგრამ თითქოს სხვა სივრცეში იყო და სხვაგან მოგზაურობდა. მე ხომ მას თითქმის ბავშვობიდან ვიცნობდი და ვიცი: გამუდმებით თავის ოცნების ქალაქს აშენებდა. თავდაუზოგავად იპოვებდა საზრდოს თავის ნახევრადრეალური ქვეყნიერებისთვის. შთაგონების წყარო კი რა აღარ იყო – ანგლო-ამერიკული ფოლკლორი და მწერლობა, მითები და რეალობა, სიზმრების ფსკერი და უბადრუკი ემპირიულობის ყველაზე პროზაული სივრცე. ყოველთვის ერთი რამ სურდა: ფრთებშეკვეცილი რეალიზმის მოსაბეზრებელ ჩარჩოებს გასცილებოდა და თავისი საარსებო სივრცე შემოეწერა: ის აშენებდა ქალაქს, სადაც სიკეთეს ბოროტება უნდა დაემარცხებინა. ოღონდ, ეს ქალაქი ლამაზი უნდა ყოფილიყო. ზღაპრულად ლამაზი და ავი თვალის მქონეთათვის მიუწვდომელი.
ყოველივე ეს თავდაპირველად მაშინდელ პავლოვის ქუჩაზე, ერთი ჩვეულებრივი ბინის პატარა ოთახში დაიწყო. ეს იყო ზაზა თვარაძის – ამ უცნაური მეტაფიზიკოსის ლაბორატორია, და ამავე დროს, საყდარი. აქ, “საყდრული მყუდროება” სუფევდა და ამ მყუდროებაში იღვრებოდა ამერიკელი უსინათლო ბარდის – დოკ უოტსონის ერთდროულად ხალისიანი და სევდანარევი, არაამქვეყნიური ხმა. ეს კაცი ხოტბას აღუვლენდა სიცოცხლეს და მისი ჯიუტ ნებასთან შერწყმული ალალმართალი უდარდელობა ზაზას აღფრთოვანებას იწვევდა.
მე ვფიქრობ, იმ ადრეული სიჭაბუკის წლებში ზაზა ზნეობრივ საყრდენებს ეძებდა, ეძებდა ისეთ სულიერ ფასეულობას, რომელიც მის ცხოვრებას აზრს მიანიჭებდა. ეს ინდივიდუალური ძიების გზა იყო, ძალზე მიმზიდველი მიგნებებით აღბეჭდილი.
ზაზას თავისი ცხოვრების წესი ჰქონდა, თავისი ცხოვრებისეული ხელწერა გააჩნდა, ის თითქოს თავისებურ შუქს ჰფენდა საგნებს და განსხვავებულ ელფერს ანიჭებდა. მახსოვს, იმავე ოთახში დაბალ საწოლთან ღამის ნათურა ედგა, რომელიც ბნელ და ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურის შუქურას ჰგავდა. ეს შუქურა უნათებდა მას ღამ-ღამობით ედგარ პოს, ნათანიელ ჰოთორნის, ჰერმან მელვილის, Hჰერბერტ უელსის ზღვასავით მღელვარე ქვეყნიერებას. დღისით კი, თითქოს, ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილი და გამოუძინებელი ზაზა თავის სიზმრებთან ერთად თვითმხილველის ტონით ჰყვებოდა ამონტილიადოს კასრის ან კაპიტან აქაბის გულისშემძვრელ ამბავს.
ზაზას ოთახი ნამდვილი საყდარი იყო, რადგან აქ თავშესაფრის მაძიებელი ადამიანები იკრიბებოდნენ: უბნელები, კლასელები, ახლადშეძენილი უნივერსიტეტელი ამხანაგები. მე ამ უკანასკნელთა შორის ვიყავი და თავდაპირველად მოკრძალებით ვიჯექი ოთახის ერთ კუთხეში, მერე კი მუდმივი საუბრების მონაწილედ ვიქეცი. ზოგჯერ, ფანჯარასთან მიდგმული პატარა მაგიდა ოთახის შუაგულში გადმოინაცვლებდა და ტაფამწვარის ირგვლივ შემოწყობილი ღვინის ბოთლები უფრო და უფრო მეტ სიცხოველეს სძენდა საუბარს. შემოსწრებულთა შორის სრულიად უცხო ბიჭებიც იყვნენ, რომლებიც თავიდან სდუმდნენ, ცოტა ხნის შემდეგ კი ხალისიანად ერთვებოდნენ ცხარე კამათში.
ზაზა უცნაურად იზიდავდა ყველას, ვინც კი ერთხელ მაინც მოხვდებოდა მის ჭერქვეშ. ის ერთნაირად გულწრფელი იყო ყველასთან, თანაბრად ანაწილებდა ყურადღებას. მოგვიანო პერიოდშიც, როცა დაოჯახებული სხვა უბანში გადასახლდა, მისი სახლის კარი ძველებურად ღია იყო სტუმრისათვის. უკვე ცხოვრებისეული გამოცდილებაც ჰქონდა დაგროვილი დ ამ ნდობას, რომელსაც პირველი შეხვედრისთანავე აღძრავდა ადამიანებში, შესატყვისი ცოდნით პასუხობდა. ზაზას ხშირად აკითხავდნენ ის ადამიანები, რომლებიც ეგზისტენციურ სიცარიელეში იყვნენ მოხვედრილნი და იქიდან თავდაღწევის ვერავითარი გზა ვერ გამოენახათ. ასეთ დროს ზაზა მოძღვრად იქცეოდა და უშურველად უნაწილებდა თავის გამოცდილებას თუ დაკვირვების უნარს ყველას, ვისაც საბედისწეროდ აჩნდა ცხოვრებისეული ტრავმების ნაჭდევები.
დღემდე მიკვირს, რა ძალა ჰქონდა ამ მაგნეტიზმს! და იმასაც ვფიქრობ, სწორედ ამ ძალამ ხომ არ დააწერინა ბრწყინვალე მოთხრობა თუ მცირე რომანი “სიტყვები”, რასაც ზაზა მისთვის მკვიდრი გარემოდან იღებდა, გულუხვად და უაღრესად თავისებურად გასცემდა ხოლმე. უცნაურად გადატყდა მის ცნობიერებაში ბავშვობის ორი უახლოესი მეგობრის სიკვდილი; “სიტყვებიც” ერთ-ერთ მათგანს ეძღვნება. ამ ნაწარმოებში თითქოს ზაზას მთელი მხატვრული ფანტაზია შენივთდა და კაშკაშა სხივი გამოაბრწყინა. პიროვნების განუმეორებლობაზე და მის მოულოდნელ გაქრობაზე ფიქრი მტანჯველ სასწაულად იქცა. ყოველდღიური პროზა ფანტასმაგორიაში გადაიზარდა და აღმოჩნდა, რომ უნიკალური ადამიანის გაქრობა ასევე უნიკალური სინათლის კვალს ტოვებს ყოფიერების სივრცეში. ეს სინათლე უნათებს სხვა ადამიანებს ცხოვრების გზას.
“სიტყვები” ცოტა ხნის წინ ცალკე წიგნადაც გამოიცა, მაგრამ ზაზას მუშაობა არ შეუწყვეტია, გამუდმებით ქმნიდა ახალ ჩანართებს და ცალკეული ეპიზოდების განსხვავებულ ვერსიებს. ეს თითქოს მისი ღვიძლი თემა იყო, მისი ბედისწერის განუშორებელი ნაწილი. ზაზა თვითონვე უსმენდა “სიტყვების” მსუსხავ მუსიკას და ნატიფი ხელით ცვლიდა მელოდიურ ნახაზს.
ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ გადადებს გვერდით თავის განუშორებელ გიტარას და როგორ იწყებს საუბარს თავის მოთხრობაზე. საუბარი ძუნწია და ფრაგმენტული, მაგრამ ვუსმენ და ვიცი, რომ ამ მოთხრობაზე მუშაობა უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
არც უნდა შემწყდარიყო, მაგრამ შეწყდა, რადგან ზაზა თვითონვე გარდაისახა თავის უცნაურ და მშვენიერ მოთხრობად…
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”