გერმანულიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
დღეს გუნდი აქვს, ხვალ კი, საბედნიეროდ, ჰელფიგერები მოდიან ვახშამზე, მსხლის ტარტი ექნებათ როკფორით და კიდევ იხვის მკერდი წითელი ღვინის სოუსში. კაცი საჭმელს დააძალებს, იმაზე მეტი რომ ჭამოს, ვიდრე შეირგებს, მოკლედ, ორივენი ისეთი მაძღრები იქნებიან, რომ მაშინვე ღრმა ძილს მისცემენ თავს, და ამასობაში თვიურიც დაეწყება და სიახლოვის სურვილი აღარ ექნება, რისთვისაც ბოდიშს მოიხდის, თითქოსდა კაცს ამით რაიმე აკლდებოდეს. არა და, ის სწორედ ასეთ დღეებშია ხალისიანი და უდარდელი, მისთვის ყვავილების მორთმევასაც კი ბედავს და ამასაც, როგორც ყოველთვის, თვიურის მეორე დღეს ამთხვევს, საჭირო დროს უმნიშვნელო წვრილმანებით განსაზღვრავს, სადმე შემთხვევით მიშხეფებული ნამცეცა სისხლის წვეთებით ან უჯრიდან სახმარად ამოღებული ტამპონებით, ყვითელი ტიტების ან მოვარდისფრო ფრეზიების კონას სიხარულით და ოდნავი დანაშაულის გრძნობით ართმევს, უნდა, ნაჩუქარი ყვავილები სასიყვარულო ღამის შიკრიკებად იგულოს, რომლისთვისაც თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის, პირიქით: როდესაც სასიყვარულო ღამე არ ემუქრება, ყვავილებსაც სწორედ მაშინ ჩუქნის და ერთ ბოთლ წითელ ღვინოსაც ხსნის, რომელიც ქალს კი ათბობს და აღაგზნებს, მაგრამ გუნდი გუნდია, გუნდს ვერ გააცდენს, იქ ხომ ერთიანი ჟღერადობისთვის ყველა ხმას აქვს მნიშვნელობა, კაცმა ეს როგორმე უნდა გაიგოს და რომ იცოდეს, თუ რა კარგად ესმის, ალბათ ცრემლებად დაიღვრებოდა. კაცი საწერ მაგიდას უზის და კლავიატურაზე უნიათოდ კენკავს ასოებს, დაუზარებლად პასუხობს ელექტრონულ ფოსტას, რომლის პასუხიც არავის ეჩქარება. ის დაწოლას აგვიანებს, მაშინაც კი, როდესაც ლოდინით გაბეზრებული ზურგიდან მიეპარება და ყელზე მკლავებს შემოხვევს. ქალი ხანდახან კითხულობს ხოლმე, რომ მის მოსვლამდე არ ჩაეძინოს, და ბოლოს მაინც ეძინება ხელიდან გავარდნილი, გადაშლილი წიგნით მუცელზე. ფერხორციანია და მადისაღმძვრელი, სხეულის ზოგ ნაწილებს მონდომებით იბანს, ზოგს კი სულაც არა, სწორედ ისე, როგორც მას უყვარს, ლოგინში მწოლი ძუძუებს ხელისგულებში საჩუქრებივით ულაგებს, დუმს, ან ლაპარაკობს, ან ქვითინებს და ისიც მაშინ, როდესაც ის მისგან ამას მოელის, დიდხანს ლოდინიც შეუძლია და სიყვარულის ალიც თვალისდახამხამებაში ედება, საერთოდაც ისეთი ქალია, კაცს სიზმრადაც რომ არ მოელანდებოდა, და არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე საჩუქარი, რომელიც არავის სჭირდება.
© არილი