
1988 წლის 27 აგვისტოს, ათენის ერთ-ერთ უძველეს უბანში, კოლონოსში, საკუთარ სახლში იპოვეს მამაკაცის გვამი. პოლიციამ დაადგინა, რომ გარდაცვლილი მოკლული იყო, მკვლელმა ის დაახრჩო და მიიმალა. მამაკაცის ცხედარი მისმა დამ აღმოაჩინა საძინებელში. საქმის გახსნა გამოჩენილმა გამომძიებელმა ითავა, გაზეთების პირველი გვერდიდან არ ჩამოდიოდა მკვლელობის დეტალები, მთელი საბერძნეთი თვალყურს ადევნებდა გამოძიების მიმდინარეობას. საქმე დღემდე გაუხსნელია. არავინ იცის, ვინ და რატომ მოკლა დიდი ბერძენი მწერალი, კოსტას ტახცისი.
ტახცისის სიცოცხლის ტრაგიკულ ფინალს თითქოს განაპირობებდა მისი მღელვარე, მოუსვენარი, თავისუფალი, თავგადასავლებითა და მოგზაურობებით სავსე, ხშირად ხიფათის ზღვარზე გამავალი ცხოვრება. ის იყო ადამიანი, რომელიც არ ემორჩილებოდა საზოგადოებაში დაწესებულ ნორმებსა და წესებს, ვერ ეტეოდა ვერცერთ ჩარჩოში. ბრწყინვალე ინტელექტუალი, მახვილი გონებისა და მწარე ენის პატრონი, უახლესი ბერძნული ლიტერატურის ყველაზე ცნობილი რომანის ავტორი არ მიეკუთვნებოდა არცერთ ლიტერატურულ დაჯგუფებასა თუ გაერთიანებას, წინააღმდეგობრივი ურთიერთობა ჰქონდა კოლეგებთან, მაგრამ მკითხველთან ყოველთვის მართალი და უკიდურესად გულახდილი დარჩა.
„გადავწყვიტე, რომ ყველაფერში, ისევე, როგორც სიყვარულში, რაღაცას წარმოვადგენდე და, ამავე დროს, არაფერსაც. აქაც ვიყო, იქაც და ყველგან… ალბათ, ნაწილობრივ ესეცაა მიზეზი – მხოლოდ იმაზე ფიქრიც კი მახრჩობს, რომ შეიძლება ოფიციალურად და საბოლოოდ ვეკუთვნოდე რომელიმე ჩაკეტილ ჯგუფსა თუ ორგანიზაციას. ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტ თავისუფლებას – ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკული თავისუფლებებისგან განსხვავებით – თავად, მარტომ უნდა მიაღწიო“, ამბობს ტახცისი ერთ-ერთ ინტერვიუში და ასეც ცხოვრობს და წერს. საბერძნეთის ლიტერატურული ელიტის enfant terrible, მისი ფენომენალური წარმატების შემდეგაც განზე მდგომ, მარტოსულ ფიგურად რჩებოდა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ორ დაპირისპირებულ ნაწილად, მემარჯვენეებად და მემარცხენეებად მკვეთრად გაყოფილ ბერძნულ საზოგადოებაში იგი არცერთ „ბანაკში“ არ აღმოჩენილა და მისთვის დამახასიათებელი ირონია ორივე მხარეს თანაბრად ერგო. ტახცისი იყო საბერძნეთში პირველი ღიად ჰომოსექსუალი ცნობილი პირი, რომელსაც არასდროს დაუმალავს საკუთარი ორიენტაცია და მისი პირადი ცხოვრება განუწყვეტელი განსჯისა და მითქმა-მოთქმის საგანი გახლდათ. თუმცა, მწერალი აქაც ვერ ეწერებოდა საერთო სურათში, ცნობილია მისი უთანხმოება სექსუალური უმცირესობების პროფკავშირების შექმნასთან დაკავშირებით, ესოდენ მნიშვნელოვანი მოძრაობისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემა მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ეს წინააღმდეგობრივი პიროვნება ახალი ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. მისი რომანი „მესამე გვირგვინი“ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე კითხვადი ბერძნული წიგნია, რომელიც მრავალ ენაზეა თარგმნილი და პოპულარობით სხვა ვერცერთი ბერძნული რომანი ვერ შეედრება. „მესამე გვირგვინში“ მოთხრობილი ამბავი, ერთი შეხედვით, „ოჯახური საგის“ შთაბეჭდილებას ტოვებს – ერთი ათენური ოჯახის ამბავი, რომლის ისტორიაც მეოცე საუკუნის 20-ანი წლებიდან 60-იან წლებამდე, საბერძნეთის ისტორიისთვის ურთულეს წლებში ვითარდება. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის უმთავრესი რომანი არცერთ შაბლონში არ ექცევა, სრულიად ახალი სიტყვაა თავისი დროისთვის და მას დღემდე არ მოეპოვება ანალოგი. ტახცისის რომანი რადიკალურად განსხვავდება ყველაფრისგან, რაც მაშინ იქმნებოდა ათენის ლიტერატურულ წრეებში. მთავარი მოქმედი პირი ორია, ორი ქალი – ნინა და ეკავი, რომელთა მონათხრობის მეშვეობით ვეცნობით ეპოქას და მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს. ნაწარმოების ენა და სტრუქტურა ბერძნული ლიტერატურისთვის სრულიად განსაკუთრებული და ახალია. მთელი ტექსტი დაწერილია მონოლოგის ფორმით, მთავარი გმირი მთხრობელია და ცოცხალი, სალაპარაკო ენით (დიმოტიკის და კათარევუსას ბრწყინვალე სიმბიოზი) გვიამბობს საკუთარ თავგადასავალს, საიდანაც მაშინდელი საბერძნეთის დაუვიწყარი სურათი იშლება. რომანის მთავარი პერსონაჟი, ნინა, მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული სახეა, ძლიერი ქალი, რომელიც ყველასთვის ცნობილი ანტიკური ლიტერატურის ქალი პერსონაჟების ბრწყინვალე გალერეას აგრძელებს – ჰეკაბეს, ანდრომაქეს, მედეას, კლიტემნესტრასა თუ ანტიგონეს გვახსენებს. ტახცისის ქალები, თანამედროვე საბერძნეთივით, ძველი საბერძნეთის მემკვიდრენი არიან, ოღონდ მათი ქმრები, შვილები და ძმები უკვე აღარ გვევლინებიან აქაველ და ტროელ გმირებად, ჩვეულებრივ, სუსტ, დაღლილ კაცებად ქცეულან და გმირობის ნაცვლად, ხშირად არცთუ ისე სასახელო საქმეებით არიან გართულნი. უცვლელი მხოლოდ ქალები და მათი ტრაგედიებია.
ქალი პერსონაჟები შემთხვევით არ ქცეულან კოსტას ტახცისის რომანის მთავარ გმირებად. მწერალმა მთელი ბავშვობა ქალების გარემოცვაში გაატარა. ათენის მემატიანე, ავტორი, რომელმაც საბერძნეთის დედაქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო სახე დაგვიტოვა ლიტერატურაში, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, თესალონიკში დაიბადა. მშობლები მალევე განქორწინდნენ და დედამ იგი გასაზრდელად ათენში გააყოლა ბებიას. სწორედ დედა და ბებია გახდებიან „მესამე გვირგვინის“ პერსონაჟთა – ეკავის (ერთ-ერთი მთავარი გმირის) და მისი ქალიშვილის, ელენის – პროტოტიპები. ამ ორმა ქალმა დიდი გავლენა მოახდინა მომავალი მწერლის ცხოვრებაზე. წლების შემდეგ, ინტერვიუში ის ასე იხსენებდა საკუთარ ბავშვობას: „ამბობენ, რომ ცხოვრების პირველი ექვსი წელი თითოეულ ჩვენგანზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ეს წლები ჩემთვის ტრავმას და ტკივილს უკავშირდება“. მამის არარსებობა მის ცხოვრებაში, თავისი დროისთვის გამორჩეულად დამოუკიდებელი და გაუწონასწორებელი დედა და მძიმე ცხოვრებას შეჭიდებული, ძალაუფლების მოყვარული და მკაცრი ბებია – ასეთი იყო ის გარემო, რომელშიც კოსტას ტახცისი იზრდებოდა. მწერლისავე სიტყვებით, ამან დიდწილად განაპირობა მისი ცხოვრების გზა – წინააღმდეგობებით აღსავსე, არსებულ ნორმებთან შეურიგებელი, ერთი მხრივ, ელიტარულ წრეებთან დაახლოებული დიდი მწერალი, მეორე მხრივ, ლუმპენების სამყაროს სრულუფლებიანი წევრი. ამ ყველაფრის გამო მას ხშირად ადარებენ პიერ-პაოლო პაზოლინის, მათი ბიოგრაფიები და სიკვდილიც კი მრავალი პარალელის საფუძველს გვაძლევს. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, რომელსაც არასდროს აუღია დიპლომი, ლიტერატურული ელიტის საყვარელი კაფეების – „ვიზანდიოსა“ და „ბრაზილიანის“ – მუდმივი სტუმარი, მოუსვენარი, ირონიული და თავისუფლებისმოყვარე ტახცისი ვერ ეგუებოდა მაშინდელი ბერძნული საზოგადოების კონსერვატიულ და ჩაკეტილ გარემოს. «წავედი, რადგან 50-იანი წლების საბერძნეთში სული მეხუთებოდა. ყველა თვალსაზრისით – სულიერი, სოციალური, სექსუალური ცხოვრების მხრივ. რომ არ წავსულიყავი, არასოდეს დავწერდი „მესამე გვირგვინს“. იგი ათი წლით ტოვებს სამშობლოს, მთელ მსოფლიოს მოივლის – ავსტრალიიდან ამერიკამდე, ევროპაში თავისი საყვარელი „ვესპათი“ მოგზაურობს და სწორედ ამ პერიოდში, ათწლიანი მოგზაურობის დროს წერს თავის მთავარ ნაწარმოებს, თანამედროვეობის საუკეთესო ბერძნულ რომანს.
„მესამე გვირგვინს“ ცნობილმა ბერძენმა პოეტმა, ანდრეას ემბირიკოსმა „ბერძნული ეპოსი“ უწოდა. მას უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად მიიჩნევდნენ ნობელიანტი პოეტი გიორგოს სეფერისი, ავტორის თანამედროვე პოეტები და მწერლები, როგორებიც იყვნენ ნანოს ვალაორიტისი, მენის კუმანდარეასი და მრავალი სხვა. თუმცა, მომავალი ბესტსელერის პირველმა გამოცემამ სრულიად შეუმჩნევლად ჩაიარა, გამომცემლობებმა ხელნაწერი არც კი მიიღეს და ავტორი იძულებული გახდა, საკუთარი ხარჯით გამოეცა 1962 წელს. გამოცემა სულ რამდენიმე ცალი გაიყიდა. 1970 წელს კი, როცა რომანი დაბეჭდა დიდმა ბერძნულმა გამომცემლობამ – „ერმის“, მისმა პოპულარობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ცნობილია, რომ სამხედრო დიქტატურის პერიოდში, პოლიტიკურ პატიმრებს სწორედ „მესამე გვირგვინს“ უგზავნიდნენ ახლობლები წასაკითხად. ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ ენაზე, ხოლო ინგლისური გამოცემის შემდეგ, 1967 წელს, ცნობილი ლიტერატურის კრიტიკოსი, მარტინ სეიმურ სმიტი ევროპისთვის ახლად აღმოჩენილ ტალანტზე წერდა, რომ მისმა შემოქმედების ძალამ ავტორი თანამედროვე ევროპელი მწერლების ავანგარდში დააყენა.
ახალ ბერძნულ ლიტერატურას საქართველოში ნაკლებად იცნობენ. უმდიდრესი ლიტერატურული ტრადიციის ქვეყანა დღესაც უაღრესად საინტერესო ავტორების სამშობლოა. თანამედროვე ბერძნული მწერლობის მრავალფეროვან და დიდ სამყაროში კოსტას ტახცისს სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. „მესამე გვირგვინი“ საშუალებას გვაძლევს დავინახოთ საბერძნეთი ისეთი, როგორსაც მას თავად ბერძნები ხედავენ, ისეთი, როგორიც ბოლო ასწლეულის განმავლობაში იყო და გავიგოთ, რას წარმოადგენს დღეს ეს საოცარი ქვეყანა. წინამდებარე წერილი პირველი მცდელობაა, ქართველ მკითხველსაც გავაცნოთ მწერალი, რომელსაც „არ ეშინია სიმართლის. ის ესწრაფვის დამაბრმავებელ სინათლეს – სინათლეს სრულყოფილებისა“[1].
[1] ალეკოს ფასიანოსი, „მებრძოლი ტახცისი“.
© არილი