ავტორი: თაკო წულაია
ანი ერნო, “წლები”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2022, მთარგმნელი: ლალი უნაფქოშვილი
წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ფრანგ მწერალ ანი ერნოს გადაეცა. პრემიის მიღების შემდეგ ინტერვიუში ნობელიანტს ჰკითხეს, რომელი წიგნით ურჩევდა მისი შემოქმედების გაცნობას დაინტერესებულ ადამიანებს. ერნოს თქმით, მისი წიგნები ერთმანეთს არ ჰგავს, არც თხრობის პერსპექტივით, არც თემატურად. თანაც ახალგაზრდებისა და მოზრდილებისთვის მისი რეკომენდაცია განსხვავებულია. თუმცა, არის წიგნი, რომელიც შეიძლება, რომ ყველას ურჩიოს. ეს წიგნია „წლებია“, რომელიც უკვე გამოსცა გამომცემლობა „პალიტრა L”-მა და ფრანგულიდან ლალი უნაფქოშვილმა თარგმნა.
„წლები“ 2008 წელს გამოიცა და მალევე შედევრად აღიარეს საფრანგეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ანი ერნო 1940 წელს დაიბადა და, როგორც აღნიშნავენ, მისი მოგონებები ნაცნობი და მშობლიური არა მხოლოდ საფრანგეთში იმავე პერიოდში დაბადებული ადამიანებისთვის, არამედ მისი თაობის ნებისმიერი წარმომადგენლისთვისაა, დაბადების ადგილისა თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ აქვს ამ რომანს განსაკუთრებული მნიშვნელობა მწერლის შემოქმედებაში.
აბორტი, კონსუმერიზმი, ოჯახი, როგორც სოციალური ინსტიტუტი, ქალთა უფლებები – ავტორი უამრავ კრიტიკულად მნიშვნელოვან თემას ეხება და ხშირად ტრივიალური ამბების აღწერით მიანიშნებს უფრო დიდ და მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელთა განსხვავებული გაგებაც სწორედ ასეთი პერსპექტივიდანაა შესაძლებელი.
ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა ანი ერნოს ჰკითხა, რატომ არ იყენებდა „მე“ ნაცვალსახელს, რაზეც ერნომ ასე უპასუხა: „როცა ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ, ბავშვობიდან დღემდე ჩემს ისტორიებს ვხედავ, მაგრამ მათი განცალკევება იმ სამყაროსგან, რომელშიც ვცხოვრობ, არ შემიძლია. ჩემი ამბავი შერეულია ჩემი თაობის ამბებთან და იმ მოვლენებთან, რომლებიც მოხდა. ავტობიოგრაფიაში, ტრადიციულად, ჩვენ საკუთარ თავსა და ჩვენს წინარე ამბებზე ვყვებით. მე შევაბრუნე: ეს არის ამბავი მოვლენების, პროგრესის და ყველაფრის შესახებ, რაც ჩემი ინდივიდუალური არსებობის 60 წლის განმავლობაში შეიცვალა, ოღონდ „ჩვენ“ და „ისინის“ გავლით გადმოცემული. მოვლენები ჩემს წიგნში ეკუთვნის ყველას, ისტორიას, სოციოლოგიას“.
იმავე ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ არაა სენტიმენტალური მწერალი, რომელიც ემოციებზეა ფოკუსირებული და ეს საერთოდ არაა მისი რომანის, „წლების“ თემატიკა. მერე კი დასძინა, რომ წიგნში პერსონალურის შეკრება ფოტოების მეშვეობითაა შესაძლებელი (ერნო თავის რომანში აღწერს თავის რამდენიმე ფოტოს: როგორ გამოიყურება მათზე, რა აცვია, როგორია შუქი და გარემო და ამ დეტალებით გვიქმნის დროსა და საკუთარ თავზე წარმოდგენას).
მაგრამ მაინც რას და როგორ გვეუბნება „წლები“? რა დაილექა ანი ერნოს მეხსიერებაში ისეთი, რაც მათთვისაც კი ღირებულია, ვისი მეხსიერებაც სულ სხვა ამბებითაა შევსებული? როგორ შეიძლება, რომ ერთი ადამიანის მოგონებები იმდენად უნივერსალური იყოს, მთელი თაობის განვლილი ცხოვრება მოიცვას? როგორ შთანთქავს წარსულის სურათები აწმყოს? რისი გადარჩენაა შესაძლებელი გახსენებისა და წერის საშუალებით?
„წლების“ წაკითხვის შემდეგ თითოეული მკითხველი საკუთარ პასუხებს იპოვის ამ შეკითხვებზე, ჩემი შთაბეჭდილება და დასკვნა კი ასეთია:
ყველა სურათი გაქრება.
გაქრებიან ადამიანები, რომლებიც ხმაურობენ, იბრძვიან, ნებდებიან, იმედი აქვთ, იტანჯებიან, გარბიან, ბრუნდებიან. ერთი სიტყვით – ცხოვრობენ.
გაქრება ფოტოები, რომლებზეც სხვადასხვა ასაკის გოგონა ჩანს.
გაქრება ფილმები, რომლებიც ვნახეთ.
მუსიკა, რომელიც მოგვწონდა.
სიტყვები, წინადადებები, ციტატები, წიგნები, მათი ავტორები.
ყველაფერი, რაზეც გვიფიქრია; ყველაფერი, რაც გვითქვამს; ყველაფერი, რაც მოგვისმენია;
გაქრება.
რა თქმა უნდა, გავქრებით ჩვენც – ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში. ჯერ სადღესასწაულო სუფრის ირგვლივ გაჟღერებულ სახელად ვიქცევით, რომელსაც სახე არ აქვს. საბოლოოდ „შორეულ თაობათა ანონიმურ მასაში“ ჩავიკარგებით.
ეს ანონიმური მასა, რომელიც დაცლილია პიროვნულობისგან, ანი ერნოს რომანის მთავარი გმირია. „წლები“ ბიოგრაფიაა, ოღონდ არა ერთი, არამედ ასობით, ათასობით ადამიანის. ბიოგრაფია კონკრეტიზაციისა და სახელების გარეშე. ესაა მცდელობა, როგორმე აისახოს ტექსტში და ტექსტად ქცევის საშუალებით გადარჩეს რეალობა, რომელიც წერის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დასრულდა და მხოლოდ ანარეკლების, მოგონებების ან ინტერპრეტაციების სახით არსებობს. ამიტომაც ანი ერნოს მიზანი არაა საკუთარი ამბების გახსენება ან თავისივე აჩრდილის გამოხმობა წარსულიდან, მისი ერთადერთი მწერლური ამოცანა არის ის, რომ საკუთარ თავში იპოვოს ადამიანები და კოლექტიური ისტორია, რომლის მხოლოდ მცირე, უმნიშვნელო ნაწილია თავად და მის შესახებ გვიამბოს. ისტორიის ტექსტად ფორმულირება, ცხადია, ნიშნავს ფოტოებისა და კადრების ტექსტად გადაქცევასაც (დაახლოებით ისე, როგორც პოლ ოსტერის „ილუზიების წიგნშია“, სადაც ჰექტორ მანის ფილმებს კი არ ვუყურებთ, არამედ ვკითხულობთ), რასაც აკეთებს კიდეც ერნო: დანაწევრებული, ფრაგმენტული კადრებით, უწესრიგობითა და ქაოსით ცდილობს წარსულის სურათის აღდგენას. მიუხედავად იმისა, რომ წიგნს თითქოს კოჰერენტული სტრუქტურა არ აქვს, არსად იხსნება და იკვრება კვანძები და არც რომელიმე პერსონაჟის ცხოვრების განვითარებისთვის თვალის მიდევნების საშუალება გვაქვს, მაინც იგრძნობა და იკითხება გარკვეული კონტინუუმი – საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის ცხოვრების უწყვეტობა, კონკრეტული სიცოცხლეებისა და ამბების დასრულების მიუხედავად, თაობებისა და ქვეყნის განვითარების ერთიანი პროცესი.
„წლები“, რა თქმა უნდა, არ არის დოკუმენტალისტიკა, რომელიც ობიექტურად განსჯის და აანალიზებს მომხდარს, იკვლევს ევროპის წარსულს და ვარაუდობს მის მომავალს, მაგრამ მასში მაინც შეგვიძლია ეპოქა აღმოვაჩინოთ, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით კი არ ამჟღავნებს თავს, არამედ მარტივი, ბანალური და ყოველდღიური ამბებით – უსახელო, უსახო და საფრანგეთის ქუჩებში მოხეტიალე კაცების, ქალებისა და ბავშვების ცხოვრების წესითა და ამ წესის ცვლილებით. ისეთი დეტალებით, როგორებიცაა ფილმები, რომლებიც მაშინ კინოთეატრებში გადიოდა; მუსიკა, რომელსაც უსმენდნენ; ახალგაზრდების მეტყველება; ოჯახური შეკრებები; რაზეც ოცნებობდნენ ან რისიც ეშინოდათ;
წიგნის დასასრულს ანი ერნო თავადვე განმარტავს თავის სამწერლო ტექნიკას: „არავითარი „მე“ არ იქნება იმაში, რასაც ის ხედავს, როგორც ერთგვარ უპიროვნო ავტობიოგრაფიას – მხოლოდ ზოგადად ყველა ან „ჩვენ“. ახსენებს ოცნებას ენაზე, რომელიც იდუმალ რამეებს გამოავლენს. ეს ააშკარავებს მისი სტილის ორ თავისებურებას: ერნოს მიზანი სიმართლესა და ფაქტებზე საუბარი კი არა, თვითშემეცნება, უკვე დაწერილ ტექსტში რაღაც ისეთის პოვნაა, რაც მაშინ დარჩა შეუმჩნეველი, როცა ავტორი თვითმხილველი ან თანამონაწილე იყო აღწერილი მოვლენების. გარდა ამისა, ზოგადად ყველა და „ჩვენ“ მაინც და აუცილებლად შეიცავს „მეს“, თავად ავტორსაც, რისგანაც გაქცევას ძალიან ცდილობს ერნო, მაგრამ, მგონია, რომ ამაოდ, რაც ბუნებრივია. სუბიექტურობისგან გათავისუფლება შეუძლებელია – ტექსტში მაინც ჩანს, რომ ზოგიერთი საკითხი უფრო აინტერესებს ავტორს და მისი მზერაც უფრო მახვილია ზოგიერთი რამის შემჩნევისას.
მაგალითად, ის, რაზეც ხშირად წერს, არის სექსუალური თავისუფლების არსებობა/არარსებობა, არალეგალური აბორტი, ქალების მდგომარეობა. მეოცე საუკუნის მეინსტრიმული ისტორია ომებსა და კრიზისებზე გვიყვება. ამ სოციალურ ქრონიკაში უმნიშვნელო ადგილი ეთმობათ ქალებს. მაგრამ იმ ისტორიის ღერძი, რომელსაც ავტორი ჰყვება, გადანაცვლებულია – ტექსტში დროის ცვალებადობას ლიდერების სახელების ცვლილებებით კი არ ვაკვირდებით, არამედ ქალების სექსუალური ცხოვრების. მართალია, ერნო არც პოლიტიკურ საკითხებს ტოვებს ყურადღების მიღმა (როგორც ლოკალური, ასევე მსოფლიოში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ამბები პოულობს საკუთარ ადგილს მის წიგნში), მაგრამ მთავარი მაინც სხვა ამბებია – მეგობრები როგორ საუბრობენ ერთმანეთთან იმის შესახებ, რით აჯობებს თავის მოკვლა. როგორ იპყრობთ ახალგაზრდებს განცდა, რომ არდადეგების შემდეგ უნდა დაიხოცონ. როგორ იშვიათდება მზეს მიფიცხებული ბიკინიანი სხეულები. მინი ქვედაკაბა და შლაქსი შარვალი როგორ ქმნის სხვა ადამიანად ქცევის ილუზიას.
„წლების“ კითხვისას ისეთი განცდა დამრჩა, თითქოს ისტორია პალიმფსესტია, რომელშიც, საბედნიეროდ, ქვედა ფენების ამოკითხვაცაა შესაძლებელი. ამგვარი „ამოკითხვის“ შესაძლებლობა აღმოჩნდა ანი ერნოს მხატვრული ტექსტი, რომელიც ადამიანის ევოლუციის რთულ და ხშირად გაუგებარ პროცესს აღწერს ისე, როგორც ერთმა ქალმა იგრძნო, დაინახა და გამოცადა.
მიუხედავად ამისა, საბოლოოდ, ყველა სურათი გაქრება.
მაგრამ ტექსტები რეალობის მცირე ნაწილს მაინც გადაარჩენენ.
© არილი