ახალი ამბები,  ახალი წიგნები

აპრილის ბიბლიოდღიური

ქართველი და უცხოელი ავტორები, ახალი თარგმანები და განახლებული გამოცემები – წაიკითხეთ აპრილში გამოცემული წიგნების შესახებ ჩვენს ბიბლიოდღიურში:

პირობა, დეიმონ გალგუტი, გამომცემლობა „პალიტრა L”, მთარგმნელი: გიორგი ხარაიშვილი

სამხრეთაფრიკელი დრამატურგისა და რომანისტის ამ ტექსტმა 2021 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია მოიპოვა. მისი შთაგონების წყარო იმ მეგობართან დიალოგი გახდა, რომელსაც უახლოესი ადამიანები დაეღუპა. იგი თავისი ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი იყო და გალგუტს უამბო მშობლებისა და და-ძმის დაკრძალვების შესახებ, რომლებზე დასწრებაც მოუწია.

„პირობა“ სვორტების ოჯახური საგაა, რომლის მოქმედებაც მიმდინარეობს ავტორის მშობლიურ ქალაქში, პრეტორიაში. გალგუტს წერის სტილის გამო უილიამ ფოლკნერსა და ვირჯინია ვულფს ადარებენ. „პირობის“ შესახებ საუბრისას კი ბუკერის პრემიის ჟიურიმ აღნიშნა, რომ მისი უჩვეულო თხრობის სტილი ფოლკნერისეული სიუხვისა და ნაბოკოვისეული სიზუსტის კომბინაციაა.

წიგნის სიუჟეტი ოთხი დაკრძალვის გარშემოა აგებული. მათ შორის დიდია დროითი ინტერვალები, შესაბამისად, შესამჩნევად განსხვავებულია ქვეყნის სოციალური მდგომარეობა; იცვლებიან ქვეყნის მმართველები და მოქალაქეები, რაც რომანს დროისა და ამ დროში მცხოვრები ადამიანების თვალსაჩინო სურათად აქცევს.

ჩემი პატარა ქალაქი, რეზო გაბრიაძე, გამომცემლობა ინტელექტი

„რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი ცხოვრების ერთ პატარა კუნძულზე ვტრიალებ. ეს ქალაქი ქუთაისია. იქ სულ 17 წელი ვიცხოვრე, მერე კი წავედი სამყაროში სახეტიალოდ. მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის.

ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო ხმელთაშუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, რბილი, აქ უფრო იგრძნობა ბერძნული გავლენა. თბილისმა სხვა გზა გამოიარა. მასში სპარსეთიც იგრძნობა და ევროპაც. ქუთაისი უფრო მსუბუქი ქალაქია, ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია და იმ სამყაროშიც უფრო მსუბუქად მიდიან…“, – რეზო გაბრიაძე.

წიგნი გაფორმებულია რეზო გაბრიაძის ნახატებით. კრებულში შესულია მოთხრობები: „შერეკილები“, „ქუთაისი ქალაქია“, „ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა“, „ალილო“, „ერმონია და რამონა“, „თეთრი ხიდი“.

დიდი დაცემა, პეტერ ჰანდკე, გამომცემლობა ინტელექტი, მთარგმნელი: მზია გალდავაძე

ნობელიანტი ავსტრიელი მწერლის, პეტერ ჰანდკეს ვრცელი მოთხრობა „დიდი დაცემა“ გამომცემლობა Suhrkamp-მა 2011 წელს გამოსცა.

„დღე, რომელიც დიდი დაცემით დასრულდა, ავდრიანი დილით დაიწყო. კაცი კი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ,

ძლიერმა ჭექა-ქუხილმა გამოაღვიძა,“ – ასე იწყებს ამბის თხრობას ავტორი, რომლის გმირი, მარტოსული და ცივილიზაციას განრიდებული ყოფილი მსახიობი, მრავალწლიანი პროფესიული კრიზისისა და განმარტოების შემდეგ, ამოკით შეპყრობილის როლის შესრულებას თანხმდება და ერთ ავდრიან დილით კვლავ დიდი ქალაქის ხმაურიანი ცენტრისკენ მიმავალ გზას დაადგება… ამ დღის ბოლოს საყვარელ ქალთან შეხვედრასა და საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებას აპირებს, სადაც მას საპატიო ჯილდო უნდა გადასცენ.

…არც ერთი ხდება და არც მეორე: „ნაცვლად ამისა – დიდი დაცემა“. სწორედ ამ ფრაზით ასრულებს პეტერ ჰანდკე თავისი გმირის ერთდღიანი თავგადასავლის თხრობას.

საკუთარი ოთახი, ვირჯინია ვულფი, გამომცემლობა „მელანი“, მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი

„საკუთარი ოთახი“, რომლის განახლებული გამოცემის შეძენა უკვე შეუძლია მკითხველს, მნიშვნელოვანი ფემინისტური განაცხადია. იგი დაფუძნებულია ორ ლექციაზე, რომლებიც ვირჯინია ვულფმა კემბრიჯში წაიკითხა 1928 წელს.

„საკუთარი ოთახი“ 1929 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა პირველად. აქ ავტორი განიხილავს სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლიდნენ და კვლავ უშლიან ქალებს მათი პოტენციალის სრულად გამოყენებაში, თვითრეალიზაციასა და საკუთარი ადგილის პოვნაში. ვულფი ქმნის პერსონაჟს –  შექსპირის ფიქციურ დას, რომელიც ზუსტად იმდენად ნიჭიერია, რამდენადაც მისი ძმა, უილიამი. მაგრამ, ძმისგან განსხვავებით, იგი შეზღუდულია იმ წესებით, რომელთა მორჩილებასაც ავალდებულებს საზოგადოება ქალს.

ტექსტში ვულფი არაერთ საინტერესო საკითხს ეხება. მათ შორის განათლებისა და ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელობას, რამდენიმე ქალი ავტორის შემოქმედებას და, ზოგადად, ქალების ადგილს ლიტერატურაში.

დედა-შვილი, ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძე, ლანა ღოღობერიძე, გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი

ახალ წიგნში შესულია ლანა ღოღობერიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი” სცენარი და ლანას დედის, ნუცა ღოღობერიძის, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის მოთხრობები, რომლებიც მან 10 წლიანი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა.

როგორც ზაირა არსენიშვილი წერდა თავის რეცენზიაში – “ეს მოთხრობები ჩვენი ისტორიის, ჩვენი ლიტერატურის შენაძენია, თავისი დოკუმენტური უტყუარობით და მწერლური ოსტატობით. ავტორისთვის დამახასიათებელი ლაკონიური თხრობა და სიწრფელე კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ჩრდილოეთის უცხო და მკაცრ გარემოში გადასახლებული ქალების გაუსაძლის ყოფას. და რაც ასე მნიშვნელოვანია და ღირებული, ეს მოთხრობები გისახავს რწმენას, რომ ყველა ვითარებაში, უმძიმესი განსაცდელის დროსაც, ადამიანს ძალუძს ღირსეულად გაუძლოს ჭირთათმენას და დარჩეს ადამიანად.”

ძველი მიქარვები, გაგა ნახუცრიშვილი, გამომცემლობა ინტელექტი

გაგა ნახუცრიშვილის ხუთნაწილიანი პოემა „ძველი მიქარვები“ ერთ გაბმულ ბალადად აღიქმება; საავტორო „ხმა“ ქალაქელ ბარდს ეკუთვნის – ის მღერის ხან ხრინწით, ხან კამკამა ბგერებით, სევდით და სიხარულით, ძველ და ნაცნობ ცხოვრებაზე, ახალ და უცხო ცხოვრებაზეც…

ეს პოემა მკითხველის წინაშე ვიზუალურ ატმოსფეროსაც ქმნის – მიუხედავად იმისა, რომ აქ არც მკაფიო ფაბულაა, არც პერსონაჟთა გალერეა, ყველაფერი მაინც იმდენად სახიერია, რომ მკითხველი მაყურებლადაც იქცევა და (თანა)მგზავრადაც – ამ ხმას, ბარდის ვოკალს უნდა აედევნოს და ემპირიული ქალაქიდან მეტაფორულ ქალაქებამდე სამყარო მოიაროს.

© არილი

Facebook Comments Box