ახალი ამბები

არილს ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია „საბა“ გადაეცა

21 სექტემბერს მეოცედ ჩატარდა „საბას“ დაჯილდოება. ლიტერატურული პრემიისთვის წელს საიუბილეო წელი იყო და ღონისძიებაც, სიმბოლურად, იქ გაიმართა, სადაც მისი ისტორია დაიწყო – მთაწმინდაზე.

ღონისძიების დასასრულს, პირველად „საბას“ ისტორიაში, პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ ლიტერატურულ ჟურნალ არილს გადაეცა. ამ ნომინაციით სხვადასხვა დროს ქართული ლიტერატურის ისეთი განსაკუთრებული წარმომადგენლები დაჯილდოებულან, როგორებიც არიან: ბათუ დანელია, ლია სტურუა, ბესიკ ხარანაული, დავით წერედიანი, ზურაბ კიკნაძე, ვახტანგ ჯავახაძე, გურამ დოჩანაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, ვახუშტი კოტეტიშვილი და სხვ. სწორედ ამ ვრცელ და შთამბეჭდავ სიას შეემატა „არილის“ სახელიც.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წელს “საბა” თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადავცეთ არა ერთ ადამიანს, არამედ ადამიანებს, მნიშვნელოვან ადამიანებს… ლიტერატურულ გამოცემა არილს“ – ასე წარადგინა პრემიის დამფუძნებელმა, რატი ამაღლობელმა არილი და დასძინა: „ჩვენ ვცნობთ მას, როგორც ჩვენს ტყუპისცალს. მე არ მახსენდება არცერთი ახალგაზრდა თუ ასაკოვანი მწერალი, ვისაც არილში არ უცდია საკუთარი თავი, არილის სარკეში არ ჩაუხედავს. ამიტომ მივიღეთ ასეთი უცნაური და არაორდინალური გადაწყვეტილება“.

არილის რედაქტორები არილისა და პრემიის შესახებ:

მალხაზ ხარბედია: „მინდა ის ადამიანები გავიხსენო და ვახსენო, ვინც არილის სათავეებთან იდგა. თეიმურაზ მაღლაფერიძე, ვახტანგ როდონაია, რეზო სირაძე, დავით წერედიანი, მანანა გიგინეიშვილი, შადიმან შამანაძე, ვასილ მაღლაფერიძე… ძალიან ბევრი ადამიანის ჩამოთვლა შეიძლება. ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს არილი. 1996 წელს გადავწყვიტეთ, რომ ცალკე გაზეთი ჩამოყალიბებულიყო. 2000 წელს ჟურნალად გადაკეთდა… მე ვხედავ არილის ავტორებს, საყვარელ ავტორებს, იმ ავტორებს, რომლებმაც, შეიძლება, ერთხელ გაიელვეს ან ძალიან ბევრჯერ დაიბეჭდნენ. წლევანდელი ლაურეატები, ჟიურის წევრები… ჩემთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა“.

ლექსო დორეული: არილი ჩემთვის ღირებულებაა, სივრცე, რომელშიც თანამედროვე ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბადა. ვგრძნობ, რომ არილში დაბეჭდვა ავტორებისთვის აღიარება და დიდი სიხარულია. ეს ჩვენთვის პასუხისმგებლობაა. წლებია, არილის გადასარჩენად, იმისთვის, რომ ის არსებობდეს, რამდენიმე ადამიანი თავდაუზოგავად შრომობს. დიდი ბრძოლის, ნერვიულობის, ღელვის და ძალისხმევით მოვახერხეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით. ამიტომ “საბას” პრემიის მიღება ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არა მხოლოდ ჩვენი, არილის რედაქტორებისა და თანამშრომლების, არამედ მისი თითოეული ავტორისა და მკითხველის აღიარება და გამარჯვებაცაა. ამიტომ, გილოცავთ ყველა თქვენგანს! გულწრფელად ვამბობ, ასე ძალიან ინდივიდუალური პრემიის მიღება ნამდვილად არ გამიხარდებოდა. ჩემი და მახო ხარბედიას პირველი რეაქცია ეს იყო – ერთმანეთს გადავულაპარაკეთ: იანვრის ნომრის გამოსაცემი ფულიც ვიშოვეთო. სამწუხაროა, რომ მუდმივ რეჟიმში გვიწევს არსებობისთვის ბრძოლა. მაგრამ, იმედი მაქვს, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. იკითხეთ არილი!

© არილი

Facebook Comments Box