ახალი ამბები

ახალი ამბები – 2008 – ივნისი

ვლადიმირ ნაბოკოვის შვილი მამის ანდერძს არ ასრულებს
ვლადიმირ ნაბოკოვის შვილმა, დიმიტრიმ, განაცხადა, რომ აპირებს გამოაქვეყნოს მამის ბოლო დაუმთავრებელი რომანი, მიუხედავად იმისა, რომ მწერალმა ანდერძში დაიბარა, გაენადგურებინათ ხელნაწერი მისი გარდაცვალების შემდეგ. დიმიტრი დიდხანს ფიქრობდა გადაწყვეტილების მიღებაზე, ამჯერად კი განაცხადა, რომ მამის ხმა, რომელიც ხელნაწერის წაკითხვისას ცოცხლდება, უფლებას არ აძლევს მას, დაწვას დაუმთავრებელი რომანი. ასევე ჟურნალისტებს გაანდო წიგნის შინაარსიც – მთავარი პერსონაჟი ძალიან ჭკვიანი, ფიზიკურად ძლიერი, შესანიშნავი მეცნიერია, რომელმაც სიკვდილსა და სიკვდილის შემდგომ პერიოდზე დაიწყო ფიქრი. ამ მდგომარეობამდე კი იგი საკუთარი ახალგაზრდა მეუღლის სრულიად გარყვნილმა საქციელმა მიიყვანა. დიმიტრი მიიჩნევს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო მამის უკანასკნელი სურვილის უარყოფით და მკითხველი აუცილებლად უნდა გაეცნოს ამ ხელნაწერს.

90 წლის მორის დრიუონი წერას განაგრძობს

90 წლის იუბილე აღნიშნა ფრანგმა მწერალმა, მორის დრიუონმა. მას ხშირად უწოდებენ ისტორიული რომანების მეფეს, თვითონ დრიუონი კი აღნიშნავს, რომ როგორც მწერალი, ტოლსტოის ნაწარმოებებზე გაიზარდა. დრიუონს რუსული ფესვები აქვს, მისი მამა ორენბურგში დაიბადა და მწერალსაც ბავშვობიდან მოყოლებული განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა რუსული კულტურისა და რუსი ხალხის მიმართ. მორის დრიუონმა პირველად 5 წლის წინ მოინახულა რუსეთი – ქვეყანა, სადაც ასევე ძალიან უყვართ იგი და სადაც ყველაზე დიდი ტირაჟით იყიდებოდა მისი წიგნები.
ამჯერად იუბილარი კიდევ ერთ რომანს ამთავრებს. მწერალმა განაცხადა, რომ სულაც არ გრძნობს თავს დაბერებულად და, უფრო მეტიც, სწორედ ახლაა იმ ასაკში, როცა ცხოვრების ყველა ბედნიერება შეუძლია შეგირძნოს.

გაბრიელ გარსია მარკესი ახალი რომანის გამოსაცემად ემზადება

81 წლის ნობელიანტი, გაბრიელ გარსია მარკესი თავის ახალ რომანზე მუშაობას ამთავრებს. რომანის სათაურს და გამოცემის ზუსტ თარიღს ჯერ-ჯერობით ავტორი არ ამხელს, თუმცა წიგნის მიახლოებითი მოცულობა – 250 გვერდი – უკვე გაანდო ჟურნალისტებს. ორი წლის წინ კი მარკესმა განაცხადა, რომ თავს ანებებდა წერას, აღარც მემუარების გაგრძელებას აპირებდა, რომლის პირველი ტომიც 2001 წელს გამოიცა. ბოლო რომანი კი, ”ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს”, მარკესმა 4 წლის წინ დაწერა, და წიგნის გამოცემას სკანდალი მოჰყვა. რომანის არალეგალური ვერსია ოფიციალურ პრეზენტაციამდე ერთი თვით ადრე გავიდა გაყიდვაში, რის საპასუხოდაც ავტორმა ფინალი შეცვალა და რეკორდული სისწრაფით ჩაუშვა ტირაჟში. არალეგალური გამოცემა კი, რომლის კონფისკაციაც პოლიციამ მოახდინა, უკვე კოლექციონერების ნადირობის ობიექტად იქცა.

ხუან ჰელმანი სერვანტესის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა

ესპანეთის მეფემ, ხუან კარლოს I-მა არგენტინელი პოეტი, ხუან ჰელმანი, ესპანურენოვანი სამყაროს ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით, მიგელ დე სერვანტესის პრიზით დააჯილდოვა. 78 წლის ჰელმანი დღემდე 20 პოეტური კრებულის ავტორია, გარდა ამისა, გამოირჩევა საინტერესო ბიოგრაფიითა და საზოგადოებრივი აქტივობით. არგენტინის რეაქციული საომარი მმართველობის დროს გაიტაცეს პოეტის ცოლი და ვაჟი, რომლებიც შემდეგ დაიღუპნენ, წლების მერე გაიგო ჰელმანმა შვილიშვილის არსებობის შესახებაც, რომელთან შეხვედრაც მხოლოდ საერთაშორისო საპროტესტო კამპანიების საშუალებით გახდა შესაძლებელი. ცნობილმა ურუგვაელმა მწერალმა, მარიო ბენედეტიმ, რომელიც ასევე ნომინირებული იყო სერვანტესის პრემიაზე, ჰელმანის შესახებ განაცხადა, რომ მისი ლექსები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ნათელი ხმაა ლათინოამერკიკულ პოეზიაში და ჯილდოც დამსახურებულად მიიღო.
დოსტოევსკის ქორწინების მოწმობა ნაპოვნია
ნოვოკუზნეცკის მმაჩის ბიუროს არქივში ფიოდორ დოსტოევსკისა და მის პირველ მეუღლეს, მარია ისაევას შორის ქორწინების დამადასტურებელი მოწმობა აღმოაჩინეს. აქამდე ითვლებოდა, რომ ოდიგიტრიევის ეკლესიაში შენახული ჯვრისწერის ცნობა 1857 წლის 6 თებერვლიდან დაკარგული იყო, რადგან ნოვოკუზნეცკი ხან ტომსკის, ხან კი ნოვოსიბირსკის ოლქებს უერთდებოდა და არქივებიც გამუდმებით ირეოდა. არსებობდა ის ვერსიაც, რომ საბუთი 1919 წლის დიდი ხანძრის დროს შეიძლებოდა დამწვარიყო.
დოსტოევსკიმ მარია ისაევა სემიპალატინსკში გაიცნო, სადაც იგი კატორღის შემდეგ მსახურებდა. მწერალმა მას შემდეგ მოიყვანა ისაევა ცოლად, რაც მისი ქმარი გარდაიცვალა, თუმცა, ქორწინება წარუმატებელი გამოდგა. 1859 წლიდან ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ცხოვრობა, 1864 წელს კი მარია ჭლექისაგან დაიღუპა.

Best of the Booker-ის ნომინანტები ცნობილია

გამოქვეყნდა საუკეთესო ბუკერის (“Best of the Booker”) სპეციალურ პრემიაზე ნომინირებულთა საბოლო სია. ექვს ნომინანტთა შორის ფავორიტად სალმან რუშდის მიიჩნევენ რომანით ”შუაღამის ბავშვები” (“Midnight Children”), რომელიც 1981 წლის ბუკერისა და 1993 წლის სპეციალური პრიზის, ბუკერთა ბუკერის ლაურეატია. გამარჯვებულის ვინაობა ლონდონში 10 ივლისს დასახელდება. ნომინანტები არიან ასევე სამხრეთ აფრიკელი ნადინ გორიმერი (“The Conservationist”, 1974 წ. ”ბუკერი”) ჯოზეფ მაქსველ კუტზეე (“Disgrace”, 1999 წ. ”ბუკერი”), პიტერ კერი (“Oscar and Lucinda”, 1988წ. ”ბუკერი”), პეტ ბარკერი (”The Ghost Road”, 1995წ. ”ბუკერი”). პრემია “Best of the Booker” ბუკერის პრემის 40 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც სწორედ წელს გაიმართემა. შესაბამისად, ექვსი ნომინანტიც 40 რომანიდან შეირჩა.

მექსიკელი პოეტი ცენზურის მსხვერპლი აღმოჩნდა

მექსიკელი პოეტს, სერხიო ვიტსს, სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა. მიზეზი კი მისი ლექსი იყო, სადაც პოეტმა ეროვნული დროშის ტუალეტის ქაღალდის ფუნქციით გამოყენება აღწერა. ნაწარმოები სათაურით ”სამშობლო ქაქში” (”La patria entre mierda”) ერთ-ერთ მექსიკურ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა. სასამართლოს განცხადებით, ჯარიმა მხოლოდ სიმბოლურია, და ეს უბრალოდ ჭკუის სასწავლებელი იქნება მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება შეიძლება. თუმცა, თავად ვიტსი თვლის, რომ ეს თავისუფლება მოჩვენებითია და მექსიკაში ჯერ კიდევ არსებობს შეზღუდვები, ხელოვნების მიმართაც კი. პოეტმა განაცხადა, რომ არ აპირებს სასჯელის გასაჩივრებას, მიუხედავად იმისა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის და მექსიკური კანონმდებლობაც გასაჩივრების სრულ უფლებას აძლევს.

ტურინის წიგნის ბაზრობა ისრაელს უმასპინძლებს

ტურინში წიგნის 21-ე საერთაშორისო ბაზრობა დაიწყო. გახსნის ცერემონიალში იტალიის პრეზიდენტმა, ჯორჯო ნაპოლიტანომ მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ წლევანდელი ბაზრობის მთავარი სტუმარი ისრაელის სახელმწიფო იქნება და შესაბამისად, ფოკუსშიც ებრაული ლიტერატურა მოექცევა. ტურინის წიგნის ბაზრობას წელს ებრაელი მწერლები სტუმრობენ: ამოს ოზი, დავიდ გროსმანი, აბრაჰამ იეჰოშუა, ეტგარ კერეტი, ასევე გაიმართება ებრაული ფილმების ჩვენებაც. ტურინის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა პირველად 1988 წელს გაიმართა გამომცემლის, ანჯელო პეცანასა და მეცენატის, გვიდო აკორნეროს ინიციატივით. 2007 წელს კი უკვე წიგნის ბაზრობას 1300 საგამომცემლო სახლი და 302 830 სტუმარი ეწვია.

ებრაელები ”მაინ კამპფის” გამოცემას უწყობენ ხელს

გერმანიის ებრაული საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლები ემხრობიან ადოლფ ჰიტლერის წიგნის, ”მაინ კამპფის” ხელახლა გამოცემას. გაერთიანების წარმომადგენელმა, შტეფან კრამერმა, განაცხადა, რომ არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს ამ წამოწყების, პირიქით, ყველანაირად დაეხმარება საორგანიზაციო მხარეს და კომენტარების დართვაშიც მიიღებს მონაწილეობას. მისი აზრით, წიგნი არა მარტო მაღაზიებში, არამედ ინტერნეტის საშუალებითაც უნდა გაიყიდოს, იმისათვის, რომ ყველას მიუწვდებოდეს მასზე ხელი. ”მაინ კამპფი” პირველად 1925 წელს გამოიცა, 1933 წელს კი, ჰიტლერის გერმანიის მმართველობის სათავეში მოსვლის შემდეგ, წიგნი სასკოლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი გახდა. ”მაინ კამპფში” ჩამოყალიბებულია თეორია არიული რასის აღმატებულების შესახებ, ასევე მკვეთრადაა გამოხატული ჰიტლერის ზიზღი ებრაელი ხალხის მიმართ.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Facebook Comments Box