თეკლა არჩვაძე
როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი, ლარა ფიგელი წერს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მწერლები დიდი დილემის წინაშე აღმოჩდნენ. ბევრ მათგანს არჩევანის გაკეთება ან თანამონაცვლეობა უწევდა ეპოქის უპრეცედენტო მოვლენებზე წერასა და ფრონტზე ბრძოლას შორის, რასაც ხშირად გახლეჩილობის, გაურკვევლობის, სიმძიმისა თუ დანაშაულის აუტანელი შეგრძნება სდევდა. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ კაცობრიობის უახლესი გამოცდილება და უნიკალური მსოფლმხედველობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა წარმოქმნა, ტექსტში აღბეჭდვისა და უზარმაზარი კვალის დატოვების გარეშე ვერ ჩაივლიდა.
ცივილიზაციის ისტორიაში ცნობიერების, ალბათ, ყველაზე მძაფრად გარდამქმნელი დაპირისპირების დაწყებიდან ოთხმოცი წლის მერე – ანუ მაშინ, როცა თანამედროვე სამყარო უხილავმა ომმა მოიცვა, მწერლებმა თავიდან შეითავისეს მეომარ-მემატიანეების მნიშვნელოვანი როლი და დანიშნულება. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თითქმის შეუძლებელი გახდა ისეთი ტექსტის პოვნა, რომელიც სრულად დაცლილი ან განცალკევებული იქნება პანდემიისგან. ამ ხნის განმავლობაში წერა არამხოლოდ აღბეჭდვისა თუ მოვლენათა გააზრება-უკვდავყოფის საშუალებად, არამედ რიტუალების, როგორც მნიშვნელოვანი სოციალური და ეგზისტენციალური გამოცდილების, ნაკლებობისა და ამ კუთხით გამოწვეული სიცარიელის შევსების გზადაც გადაიქცა.
შოტლანდიელი მწერლისა და დრამატურგის, ალი სმიტის „ზაფხული“ ერთ-ერთი პირველი რომანი იყო, რომელმაც კოვიდ რეალობა და თვითიზოლაციის დაღი რეალურ დროში ასახა. სუბიექტის ფრაგმენტაცია, დროითი თუ სივრცული დისოციაცია, ადამიანების გაუცხოება და უკიდურესად ბუნდოვანი წარმოდგენები მომავალზე, რომელიც სმიტის აზრით, ახალ სინამდვილეს თან ერთვის, მისი სიუჟეტის ძირითადი თემა და ღერძია. აქ ცხადად იგრძნობა კავშირი კოვიდსა და მსოფლიო ომს შორის, რაც, უპირველესყოვლისა, მოულოდნელი თავდასხმით გამოწვეულ დამთრგუნველ შიშში ვლინდება და საავადმყოფოებში გამეფებულ ომისდროინდელ განწყობასა თუ „ლოქდაუნის“ – როგორც მუდმივი ლოდინისა და ტყვეობის – სიმბოლურ განზომილებაში გრძელდება. და მაინც, წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟის, აირისის თქმის არ იყოს, პანდემია მაინცდამაინც ომი არაა. ის არ ცნობს საზღვრებს, ტერიტორიას, ვიზას, ყველა იმ სახელმწიფოებრივ კანონსა თუ თამაშის წესს, რომელთაც მხოლოდ ადამიანურ სამყაროში აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა და რაღაც უფრო მძლავრი, მასზე აღმატებული ძალის პირისპირ კაცობრიობის უსუსურობის უპირველეს დასტურად იქცევა.
ახალი პანდემიური ლიტერატურის პირველი ტალღის ნაწილია ირლანდიელი ავტორისა და სცენარისტის, სალი რუნის რომანიც – „მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ?“ – რომლის მთავარი გმირი, სახელად ელისი, თავადაც მწერალია. საყოველთაო ჩაკეტილობის პერიოდში ინტროსპექციისა თუ ქვეცნობიერში მოგზაურობის შემდგომ ელისს ყველა თავისი ნაწარმოები სრულ უაზრობად ეჩვენება, რაც პანდემიის მიმდინარეობისას აღქმებისა და პრიორიტეტების თავდაყირა დადგომის შედეგია. საყურადღებოა, რომ აქაც ისევე, როგორც კანადელი ავტორის, რეიჩელ ქუსკის ტრილოგიაში („ხაზგასმა“) ყურადღება თვითიზოლაციის საშიშ მხარეზეც მახვილდება, რომელიც, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მის ცალსახად უარყოფით ასპექტებს საერთოდ არ უკავშირდება. პირიქით, ზემოხსენებული ავტორები ამტკიცებენ, რომ თვითიზოლაციის საფრთხე მასთან შეჩვევასა და შეგუებაშია. მაგალითისათვის, ქუსკის ტრილოგიის პერსონაჟი იაზრებს, რომ გარშემომყოფებისაგან განსხვავებით, იზოლაციაში ყოფნა არ უჭირს, რუნის ნაწარმოების გმირი კი ხვდება, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებასა და თვითიზოლაციას შორის საგანგაშოდ მინიმალური სხვაობაა. შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებული საფრთხე სინამდვილეში პატიმრად ქცევისა თუ ერთგვარი კოლექტივიზაციის საფრთხეცაა, თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილისთვის იზოლაცია თვითჩაღრმავებისა და საკუთარი თავის, როგორც ინდივიდის, უკეთ შეცნობის საშუალებადაც მოიაზრება, რაც პანდემიური სინამდვილის მრავალწახნაგოვნებასთან ერთად ამავე ვითარებაში გამომჟღავნებულ, ადამიანთა კომპლექსური ბუნების ფარულ ნაწილებზეც გვიყვება.
აღსანიშნავია, რომ პანდემიური რომანები დიდწილად სამეცნიერო ფანტასტიკასთან, დისტოპიურ ან კრიმინალურ ჟანრთანაა გადაჯაჭვული. უკანასკნელ ჭრილში ამჯერად ადამიანთა ბუნების მალულ და ბნელ მხარეს ირლანდიელი მწერალი, რაიან ჰოვარდი ააშკარავებს. მისი ნაწარმოები „56 დღე“ პირდაპირი დამტკიცებაა აზრისა, რომ კრიმინალი იფურჩქნება იქ, სადაც შიში, ეჭვი და საიდუმლოებები უკვე ღრმად ფესვგადგმულია. „56 დღე“ აღწერს წყვილის ერთობლივ ცხოვრებას კარანტინში, რაც თანდათან მკვლელობისათვის სრულყოფილ წინაპირობად გარდაიქმნება. ურთიერთობათა მსხვრევადობისა თუ უნდობლობა-დაუნდობლობის კონტექსტში ანალოგიური აღქმა გვხვდება ბუკერის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის კანდიდატის, ჰანია იანაგიჰარას ახალ პანდემიურ ტექსტშიც, სადაც ვირუსის არსებობა ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებისათვის შთამბეჭდავ ნიადაგად გვევლინება. აქ იზოლაცია და ადამიანთა შორის ფიზიკური თუ სულიერი დისტანციის ზრდა მალევე გარდაქმნის ინფექციურ ეპიდემიას ჰიპოთეტურ პანდემიად, სადაც ვირუსის ნაცვლად უკვე ბოროტება ვრცელდება.
და მაინც, ახალი პანდემიური რომანების დაბადებას, მიუხედავად მათი მრავალფეროვნებისა, ახლავს კითხვაც: საჭიროა თუ არა, ვიკითხოთ ისინი რეალური პანდემიის ეპოქაში, სადაც თითოეული წამი ცვლილებათა ქარცეცხლს უტოლდება? ხომ არ გვკეტავს ის მუდმივ აწმყოში და მოვლენებზე ფიქრის უფრო მასშტაბურ ველს ხომ არ გვიზღუდავს? ვფიქრობ, ამ შეკითხვაზე პასუხი ცალსახად უარყოფითი არაა, ვინაიდან თანამედროვე ლიტერატურის ზემოხსენებული ნაწილი, პანდემიის უფრო მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ჭრილში გაანალიზებით, აფართოებს ხედვის სპექტრს, რომელიც სცდება აწმყოს, ქმნის მომავლის ჭვრეტის შესაძლებლობას და მოვლენების ზედროულ, ინტროსპექციულ აღქმას უდებს საფუძველს.
© არილი