ესე (თარგმანი)

ახალი სასიყვარულო უწესრიგობა

პასკალ ბრიუკნერი

ალენ ფენკელკროტი

ახალი სასიყვარულო უწესრიგობა

შფოთი

მე შენ მიყვარხარ: ამ პირვექმნილ გზავნილში, ფაქტიურად, თავს იყრის განსაკუთრებული, ერთმანეთისგან განუყოფელი აფექტები, ხოლო მის გარეგნულ სისადავესა და სიმარტივეში გადახლართულია აღტკინება, წუხილი, პატივისცემა და ალერგია. აღსარების ჩურჩულში ისმის ნამდვილი სენტიმენტალური კაკოფონია, რომელშიც სიყვარული სხვადასხვა ხმაზე საკუთარ საგალობელს მღერის.
“მე შენ მიყვარხარ”, პირველ ყოვლისა, და ეს მისი გრამატიკული სიცხადეა, მტკიცებითი დებულებაა, რომელიც გულისხმობს ექსტაზს, პაროქსიზმს და ბედნიერებას. ამ მტკიცებულებას ოპტატიური (სურვებითი) ხასიათიც აქვს: მე ვამბობ “მე შენ მიყვარხარ”, რათა დავიბრუნო ის “მე”, რომელიც, მას შემდეგ, რაც შევიყვარე, მე აღარ მეკუთვნის და გავამთლიანო ჩემი შინაგანი და სუბსტანციური სამყარო, რომელსაც დამაშორეს. მე ვლაპარაკობ იმ ადგილზე, – “შენ”, -სადაც მე ვწყვეტ ჩემს არსებობას: ეს ის ადგილია, სადაც მეორე ჯერ არ არის და სადაც მე მის ნახვას ვისურვებდი. “მე შენ მიყვარხარ” მუდარის შემცველი (propitiatoir) გამოთქმაცაა: ის სთხოვს ნაცვალსახელებს წამოაჩინონ პიროვნებები: “მე” დაკარგული “შინაგანობის” (interiorite) ნოსტალგიას მიანიშნებს, “შენ” სურვილს, რომ სიყვარულის საგანმა საკუთარი იდენტურობა მოიხვეჭოს. “მე შენ მიყვარხარ”-ში ბრძანებითი კილოს მგზნებარებაც ისმის: შემიყვარე! გიბრძანებ, გიყვარდე! ვალს გადახდა უნდა! ჩემო სიყვარულო, გსურს, თუ არა, გახდი ჩემი მოვალე: შენ შეცდი, დანაშაული ჩაიდინე და ბრალს სამაგიეროს მიზღვევით თუ გამოისყიდი. როდესაც შენგან სიყვარულს ვითხოვ, მე ჩემს მოთხოვნას საკუთარი სიყვარულით ვამართლებ, მსგავსად მარკიზ დე სადის უზნეო პერსონაჟებისა, რომლებიც გამართლებას პოულობენ სურვილში, რომელიც მათ ნანატრი არსების დაუფლებისკენ უბიძგებს. ყველა ნაზი შეყვარებული სადის გზით მიდის.
დაბოლოს, “მე შენ მიყვარხარ” კითხვითი ფორმის შემცველიცაა: გიყვარვარ? ეს პანიკური კითხვაა, რადგან პასუხზეა დამოკიდებული, შევაღებ თუ არა სამოთხის კარს. თუ კი აღსარებას ვეღირსე, შევძლებ სამყაროს სახე ვუცვალო. ერთი ამოსუნთქვა და სუბიექტურობის დაკარგვის განცდას ნარცისული აღტკინება შეენაცვლება: ეიფორიაში მყოფი, ჯერ კიდევ გონებადაბინდული და მშფოთვარე, დავტკბები საკუთარი “მე”-ს მოპოვებით, რომელიც მეორემ წარმტაცა, რაწამს გამომეცხადა. მეორემ საკუთარ თავს “წამართვა” (ravir-წართმევა, გატაცება, მოხიბვლა). ახლა ისევ ძალოვანი შევიქმენი. ორმხრივი სიყვარულისას, გამოთქმის “მე შენ მიყვარხარ” შენობითობა სიამოვნების მოახლოებას მოასწავებს: ეს არის ტყვეობა, რომელიც ტყვეს ყველაზე ღრმა ეიფორიაში ჩაძირავს. გზავნილის ავტორის მიზანი “გამოჭერაა” და სასიყვარულო აღსარებით სულშეძრული ადრესატიც “გამოჭერილია”. ორმხრივობა შესაძლებელია, როდესაც შანტაჟის მსგავსი, იმპერატიული სასიყვარულო გზავნილი ადრესატისთვის ბედნიერებისა და სისავსის დაპირებად იქცევა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box