უცხოენოვანი წიგნები
Inferno, Den Brown, Doubleday, 488p.
ინფერნო, დენ ბრაუნი
პოპულარულ ამერიკელ მწერალსა და დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორს – დენ ბრაუნს ქართულენოვანი მკითხველი ყველაზე კარგად მისი გამორჩეულად პოპულარული რომანებით „და ვინჩის კოდით“ და „ანგელოზებით და დემონებით“ იცნობს. „დაკარგულ სიმბოლოსთან“ (ქართულად ჯერ არ თარგმნილა) ერთად, ერთობლივი სერიის გაგრძელებაა მწერლის ახალი რომანიც – „ინფერნო“, რომლის მთავარი პერსონაჟი კვლავ რობერტ ლენგდონია. ლენგდონი ჰარვარდის უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიას ასწავლის, რომელიც თხრობის დასაწყისშივე თავს ფლორენციაში მდებარე საავადმყოფოში ამოყოფს, თუმცა გონზე მოსულს არაფერი ახსოვს, გარდა იმისა, რომ გონების დაკარგვამდე ის ჰარვარდის შენობაში იმყოფებოდა. მალევე ის საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმთან ერთად ტოვებს და უცნაურობების ამოხნას დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ პირველ თავში თავმოყრილი სიმბოლოების დახმარებით ცდილობს.
John le Caree, Delicate Truth, Viking Adult, 320p.
ჯონ ლე კარე, დელიკატური სიმართლე
81 წლის ასაკში დაწერლი 23-ე რომანი – “ Delicate Truth”, რომელიც 2013 წლის 25 აპრილს გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ჯონ ლე კარეე (ნამდვილი სახელი და გვარია – David John Moore Cornwell) ისეთივე ინოვაციური და საინტერესოა, როგორც დანარჩენი ნოველების შექმნის პროცესში. ნოველის მთავარი ღერძი ანტიტერორისტული ოპერაციის, სახელწოდებით – Wildlife-ის გარშემო იგება. მას ბრიტანეთის მთავრობა გიბრალტარის კოლონიაში იარაღით მოვაჭრე ჯიჰადისტების გასანადგურებლად იყენებს, რომელსაც შეცდომით ორი უდანაშაულო მუსლიმი დედა-შვილის სიცოცხლე ეწირება. ბრიტანეთის მთავრობა ოპერაციის ორი მთავარი ხელმძღვანელის – პოლ ანდერსონისა და ტობი ბელის კონსპირაციული გეგმით ცდილობს სიმართლის განადგურებას.
John Goodman (autor), Sy Johnson (Photographer), Mingus Speaks, University of California Press. 350p.
ჯონ გუდმენი (ავტორი), სიუ ჯონსონი (ფოტოგრაფი), საუბრობს მინგუსი
ჩარლი მინგუსის მუსიკალური შესაძლებლობების, ვირტუოზული უნარებისა და უცნაური ხასიათის ამოსახსნელად ჯაზის მოყვარულებს საშუალება აქვთ გაეცნონ კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ წიგნს, რომელიც დოკუმენტურ ფოტორეპორტაჟებთან ერთად, 1972-1974 წლებში მუსიკოსთან ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუებსაც აერთიანებს. წიგნში ჩარლი მინგუსი საუბრობს თავის თავზე, როგორც კომპოზიტორსა და შემსრულებელზე, განიხილავს იმას, თუ როგორ აღიქვამდა თავის თანამედროვეებსა და წინამორბედებს, როგორ ქმნიდა თავის ექსტრაორდინარულ მუსიკას და რას ნიშნავდა მისთვის რასობრივი ფენომენი. ინტერვიუების გარდა, წიგნში ჟურნალ „ფლეიბოის“ ავტორის, ჯონ გუდმენის მიმოხილვებსაც შეხვდებით ამერიკელი ბასისტის შემოქმედებითი უნარებისა და პიროვნული თვისებების შესახებ.
Kurt Vonnegut: Letters, Edited by Dan Wakefield Delacorte Press, 464p.
კურტ ვონეგუტის წერილები, რედაქტორი – დენ ვაკფილდი
გასული საუკუნის ამერიკული სატირისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი უბადლო წარმომადგენლის ლიტერატურულ მემკვიდრეობას, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი თვის წინ გამოცემული მისი პირადი წერილების კოლექციაც შეემატა. გულწრფელი და ხშირად იუმორისტული განწყობით შექმნილი ჩანაწერების თემატიკა და სტილი საგრძნობლად მრავალფეროვანია და მწერლის ცხოვრების სამოცწლიან პერიოდს აირეკლავს. მათ შორისაა ომის შემდგომ, პატიმართა გერმანული ბანაკიდან გათავისუფლებისთანავე, 22 წლის ასაკში შექმნილი ერთ-ერთი პირველი ჩანაწერი; 1945 წელს საქსონიის დედაქალქის დრეზდენის ბარბაროსული დაბომბვის შეფასება; მოგონებები, რომელიც სკოლის მეგობრებს, ომის ვეტერანებსა და ოჯახის წევრებს უკავშირდება და წერილობითი დიალოგები თანამედროვეებთან. წერილების უმეტესობა, რომლებიც ვონეგუტის მხატვრული ტექსტების მსგავსად დინამიურობით, სილაღითა და ბრძნული ქვეტექსტების სიმრავლით გამოირჩევა, პირველად სწორედ წელს, აღნიშნულ გამოცემაში გამოქვეყნდა.
Joyce Karol Oates, The Accursed, Ecco/HarperCollins Publishers, 669p.
ჯოის კეროლ ოუტსი, დაწყევლილი
ამერიკელი მწერლის, ჯოის კეროლ ოუტსის ისტორიულ რომანში მოქმედება მეოცე საუკუნის დასაწყისის პრინსტონში ვითარდება. ქალაქს, სადაც ადამიანები მშვიდად ცხოვრობენ, ვამპირთა ჯგუფი ესხმის თავს, რომლებიც ადამიანებს იტაცებენ. წიგნის მთავარი გმირი – ანაბელ სლეიდიც სწორედ ვამპირის მსხვერპლი ხდება, რომელსაც შეაცდენენ და პირდაპირ საქორწილო ცერემონიიდან იტაცებენ. მთავარი გმირების გარდა, ოუტსი თავის წიგნში პერსონაჟების მრავალფეროვან სამყაროს – აჩრდილებს, ეშმაკებს, ფსიქიკურად შეშლილ ადამიანებს, მწერლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს წარმოგვიდგენს. წიგნში აღწერილი ეშმაკებით გარემოცული ქალაქი სწორედ რასობრივ ძალადობაზე, რელიგიის სახელით განხორციელებულ შურისძიებასა და კლასობრივ ომზე ფიქრისკენ მოგვიწოდებს. მწერალი დღეს წიგნის ეროვნული ჯილდოს მფლობელია, მისი სამი რომანი კი გასულ წლებში პულიცერის პრემიაზეც წარადგინეს.
Nigella Lawson, Nigellissima, Chatto & Windus, 273p.
ნაიჯელა ლოსონი, “ნაიჯელისიმა”
დღეს უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს სრული კულინარიული კოლონიზაცია მოახდინა – იტალიაა. იტალიური კერძების რეცეპტების კრებულის ავტორი, იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალი – ნაიჯელა ლოსონია, ადამიანი, რომელიც კულინარიული ლიტერატურის ბესთსელერების ავტორთა სიაშია. ინგლისელი ჟურნალისტი ახალი კულინარიული გამოცემის შესავალში წერს: „16-17 წლის ასაკში შეგნებულად გავაცნობიერე, რომ განსაკუთრებული სურვილი მქონდა იტალიელი ვყოფილიყავი… მე განსაკუთრებულად შემიყვარდა იტალია“. ფერად ფოტოგალერეასთან ერთად, ნიგელას წიგნში იტალიური სამზარეულოს ასამდე რეცეპტია თავმოყრილი, რომელსაც მარტივი განმარტებები ახლავს. მენიუ და ინგრედიენტები სასიამოვნოდ მრავალფეროვანია: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, პასტა, ტკბილეული და ა.შ. ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოამზადო კერძები სტრესის გარეშე“ – აღნიშნულია წიგნის ანოტაციაში.
ქართულენოვანი გამოცემები
ჯულიან ბარნსი, ფლობერის თუთიყუში, დიოგენე, 280გვ.
„დიოგენეს ბიბლიოთეკას“, რომლის ფარგლებშიც უკვე ათამდე პოპულარული უცხოენოვანი ავტორი (ჯონ მაქსველ კუტზეე, ორჰან ფამუქი, პოლ ოსტერი, ჩაკ პალანიკი და ა.შ.) გამოიცა, მაისის დასაწყისში ჯულიან ბარნსიც შეემატა უცნაური და საინტერესო თხრობის კიდევ ერთი ნიმუშით – „ფლობერის თუთიყუში“. ნოველა პირველად 1984 წელს გამოქვეყნდა და იმავე წელს, ბუკერის პრემიის შორთლისტში მოხვდა. ნაწარმოების მთავარი გმირი, ექიმი ჯეფრი ბრაითუეიტია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ფრანგი მწერლის, გუსტავ ფლობერის ცხოვრების დეტალებს უღრმავდება და მათზე მსჯელობს: „რატომ გვაქეზებს ნაწერი, რომ მწერალს ავედევნოთ? რატომ ვერ ვეშვებით, ვერ ვჯერდებით წიგნებს? ფლობერს უნდოდა, წიგნები გვეკმარა: სულ ერთი-ორი მწერალი თუ მოიძებნება, მასზე მეტად რომ სჯეროდეს ნაწერის ობიექტურობა და მწერლის პიროვნების უმნიშვნელობა. თუმცა ჩვენ მაინც ვჯიუტობთ, თავს არ ვანებებთ“.
ალბერტო მორავია, მოწყენილობა, ელფის გამომცემლობა, 216 გვ.
იტალიელ რომანისტისა და ჟურნალისტს ალბერტო მორავიას ქართულენოვანი მკითხველი კიდევ ერთი ვრცელი ნაწარმოებით გაიცნობს. “მოწყენილობის” მთავარი გმირი 35 წლის მხატვარი დინოა, რომელიც საკუთარ სამყაროსთან ვერავითარ კავშირს ვერ პოულობს. სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად დინო ცდილობს გაექცეს ფულს და მის მთავარ წყაროს – დედას. თუმცა დინოს არც “ფსევდოსიღარიბე” შველის, რის გამოც იგი გამოსავალს ერთ ღარიბ გოგონასთან – სესილიასთან ურთიერთობაში ეძებს. რომანის კითხვისას ნათლად იკვეთება ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი იდეა – მორავიას ყველა გმირი ერთმანეთის დაუფლებას სხვადასხვა ნივთიერი საშუალებებით ცდილობს. ამ ძალიან საინტერესო სიუჟეტით ალბერტო მორავია მთავარ ცხოვრებისეულ შეკითხვებს სვამს: რა ძალაუფლება და გავლენა აქვს ფულსა და სექსუალურ ურთიერთობას ადამიანზე? რა არის ეს ყოვლისმომცველი მოწყენილობა და როგორ შეიძლება მისი დაძლევა? რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ინფანტილურმა და უემოციო ურთიერთობებმა?– პასუხების მისაღებად და მასზე დასაფიქრებლად, გირჩევთ თავად გაეცნოთ წიგნს, რომელიც „ელფმა“ მაისის დასაწყისში გამოსცა. ნოველა იტალიურიდან ეთერ ახობაძემ თარგმნა.
გილბერტ კიტ ჩესტერტონი, დონ კიხოტის დაბრუნება, ელფის გამომცემლობა, 248გვ.
„დონ კიხოტის დაბრუნება“ ერთგვარი ფილოსოფიური ნარკვევია, რომელშიც ავტორი, წარსულის მაგალითების მოშველიებით ცდილობს გააანალიზოს კარგად შენიღბული აწმყო. ის მუდმივად ცვლილებების მსურველ საზოგადოებას აფასებს და რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას სვამს: რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანებს ცვლილებები სურთ? კვდება თუ არა რომანტიკა? არის კი შესაძლებელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთიანობა? წიგნის ანოტაციაში მცირე ამონარიდიც არის მისი ერთ-ერთი ნაშრომიდან, რომლიც ძალიან ახლოს არის მწერლის პათოსთან: “ჩვენი შუა საუკუნეები ჯანსაღი იმიტომ იყო, რომ მათში ჭეშმარიტება იდო, დღეს კი სიცრუეში ვართ ჩაფლულები. არ ვამტკიცებ, რომ მაშინ ცოდვა ან ტანჯვა არ არსებობდა, მთავარი მაინც ის არის, რომ მათ თავის სახელებს არქმევდნენ. თანამედროვე სამყაროს ყავარჯნები იმის გამო შესთავაზეს, რომ ის უბრალოდ ხეიბარია!.. “
„15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013.
თუ გაინტერEსებთ როგორ მიმდინარეობს თანამედროვე ლიტერატურული პროცესი საქართველოში, აუცილებლად უნდა გადახედოთ ამ კრებულს, რომელიც ბევრ ცნობილ ქართველ ავტორთან ერთად, ახალბედა მწერლებსაც აერთიანებს. „15 საუკეთესო ქართული მოთხრობის კრებულში“ შესულია 2012 წელს ქართულ ლიტერატურულ პრესაში და კრებულებში გამოქვეყნებული მოთხრობებიდან შერჩეული 15 საუკეთესო ავტორი თითო მოთხრობით. ავტორებს შორის არიან ლაშა ბუღაძე, მოთხრობით – “მგლის ცოდვა”, ასევე მარი ბექაური, თამთა მელაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ლაშა მილორავა, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ანინა ტეფნაძე, თეონა დოლენჯაშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები. გასულ წელს შექმნილი 15 საუკეთესო მოთხრობა მორიგ კონკურსს წიგნის ფესტივალზე გაივლის, სადაც წიგნის გამომცემელი ამ მოთხრობებიდან ერთ საუკეთესოს შეარჩევს და “წლის საუკეთესო მოთხრობის” ნომინაციაში ფულადი პრემიით დააჯილდოებს.
აკა მორჩილაძე, ქართულის რვეულები – XIX საუკუნის სურათები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 264გვ.
თავის ბოლო წიგნში, აკა მორჩილაძე, ფაქტების დეტალური აღწერის, ზუსტი თარიღებისა და წყაროების მიხედვით დამოწმებული ინფორმაციის გამოყენების გარეშე, XIX საუკუნის საქართველოს მნიშვნელოვან მოვლენებსა და პიროვნებებს აცოცხლებს. მოვლენებისა და ადამიანების სუბიექტური შეფასების მიზეზებს აკა მორჩილაძე აღნიშნული წიგნის წინასიტყვაობაში ასე ხსნის: „ერთი ხნის წინათ ბევრს ვკითულობდი ასი წლის წინანდელი ქართველების მოგონებებსა და ჩანაწერებს. იმ წაკითხულიდან რაც დამელექა თავში, იმის ერთი ნაწილი ასეთი გამოდგა. ეგებ ამ ნაწერებში ბევრი რამ ზუსტი არ იყოს, მაგრამ ამბად ასე დამრჩა გონებაში და აღარ გამოვედევნე. მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება. მეტი არაფერი“.
© “ცხელი შოკოლადი”