“ალაბამას სიმღერა”
ჟილ ლერუ
“Alabama Song”
Gilles Leroy
189გვ. Mercure de France
წლების მანძილზე ზელდა საირი პოპულარული მეუღლის – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ჩრდილქვეშ იყო, ლერუს ახალი რომანი კი სწორედ მის ცხოვრებას და მოღვაწეობას ეძღვნება. წიგნში აღწერილია ზელდას ბოჰემური თავგადასავლები, ალკოჰოლისა და საყვარლების არც თუ მცირე რაოდენობის თანხლებით – მაშინ, როცა მეუღლე საბეჭდ მანქანასთან იჯდა და “დიდ გეტსბის” ან “ნაზია ღამეს” წერდა (სხვა დროს არც ფიცჯერალდი იკლებდა დროსტარებას). რომანის სიუჟეტი ბიოგრაფიული ელემენტების გარდა სხვადასხვა ეპიზოდებს შეიცავს ზელდას ნოველებიდან, რომლებსაც თავის დროზე ქმარი უწუნებდა და ყველანაირად ცდილობდა, ზელდას სამწერლო კარიერისთვის ხელი შეეშალა. ჟილ ლერუს რომანი “ალაბამას სიმღერა” 2007 წლის გონკურის პრემიის ლაურეატია.
“მესაფლავის ქალიშვილი”
ჯოის კეროლ ოუტსი
“The Gravedigger’s Daughter”
Joyce Carol Oates
582 გვ. Ecco/HarperCollins
რებეკა შვართის ებრაელი მშობლები ნაცისტურ გერმანიას ნიუ-იორკში დაემალნენ. მამამ, მათემატიკის ყოფილმა მასწავლებელმა, აქ მხოლოდ მესაფლავის სამუშაო იშოვა, რებეკამ კი ებრაული სახელი და გვარი ჰაზელ ჯონსით შეიცვალა. წიგნის დასაწყისში გოგონა ერთ თითქოს და კეთილ, უვნებელ მამაკაცს გადაეყრება, რომელიც 500 გვერდის შემდეგ სერიული მკვლელი აღმოჩნდება. ამერიკელი მწერლის კიდევ ერთი რომანი ეროვნული იდენტობის, ძალადობის, წარსულის დავიწყება-არდავიწყების თემებს ეხება, იკვეთება ადამიანების ორი ჯგუფი – მონადირისა და ნანადირევის. ოუტსი ოცდაათამდე წიგნის ავტორია, არაერთხელ იყო ნომინირებული პულიცერის პრემიაზე. რომანით “Them” ოტსი National Book Award-ის მფლობლი გახდა.
“იყავი ახლოს”
ენდრიუ ო’ჰაგანი
“Be Near Me”
Andrew O’Hagan
305 გვ. Harcourt
დევიდ ანდერტონი 58 წლის ინგლისელი მღვდელია. იგი შოტლანდიის პატარა ქალაქში ცხოვრობს, თავშესაქცევად წითელი ღვინო და შოპენის ნოქტიურნები ჰყოფნის, ხანდახან კი თავისი ბინის დიასახლისს ემასლაათება. ერთ დღესაც დევიდი ადგილობრივ კათოლიკურ სკოლაში ორ მცირეწლოვან დამნაშავეს – მარკს და ლიზას ხვდება, და შემდეგ უკვე უბრალო ნაცნობობა უცნაურ მიზიდულობაში გადაიზრდება. “იყავი ახლოს” ენდრიუ ო’ჰაგანის მესამე რომანია და იგი წელს ბუკერის პრემიის ნომინანტთა შორის მოხვდა. ო’ჰაგანი შოტლანდიელი მწერალია და აღიარება მან ჯერ კიდევ სადებიუტო რომანით (“Our Fathers”) მოიპოვა.
„შუადღის ჭინკა“
იულია ფრანკი
„Die Mittagsfrau“
Julia Franck
432გვ. Fischer
ლაუზიცში ელენის უზრუნველ ბავშვობას პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ წერტილი დაუსვა – მამა აღმოსავლეთ გერმანიაში დაიღუპა, დედა საკუთარ თავში ჩაიკეტა და, სიგიჟის ზღვარზე მყოფმა, შვილთან ურთიერთობა შეწყვიტა. არადა ელენი მშვიდ, ბედნიერ ახალგაზრდობაზე ოცნებობდა, სამომავლო გეგმებს აწყობდა – უნდოდა, ექიმი გამხდარიყო, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ცხოვრება მას სულ სხვა ვალდებულებებს აკისრებდა და დასთან ერთად საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა. სწორედ აქედან იწყება ელენის თავგადასავლები – სიყვარული და მარტოობა, იმედგაცრუება და წარმატება, რაც იულია ფრანკმა თავის რომანში აღწერა. წიგნი 2007 წლის Deutschen Buchpreises-ის ლაურეატია.
“ეზრა პაუნდი: ახალგაზრდა გენიოსი (1885-1920). I ტომი”
დევიდ მუდი
“Ezra Pound: Poet. Vol 1: The Young Genius 1885-1920“
David Moody
544გვ, Oxford
თუ აქამდე ლიტერატურულ სივრცეში მეოცე საუკუნის შუა წლების ერთ-ერთი ეპიზოდი ბურუსით იყო მოცული, ახლა ამ ეპიზოდს არც მეტი, არც ნაკლები – ტომეულები ეძღვნება. ეზრა პაუნდი (1885-1972) ინგლისურენოვანი ლიტერატურის სწორედ ის ფიგურაა, ვის გარშემოც და ვისი შემოქმედებითაც ერთი ეპოქა შეიქმნა. დევიდ მუდის ნაშრომის პირველ ტომში პოეტის ბიოგრაფიის ადრეული წლებია აღწერილი, მისი სასიყვარულო თავგადასავლები, შემოქმედებითი ნაყოფიერებისა და სოციალური აქტიურობის ხანა. წიგნის მეორე ტომი ეზრა პაუნდის ბიოგრაფიას 1921 წლიდან გვიამბობს, იმ პერიოდს, როცა პოეტი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.
“კოლტრეინი: ბგერის ისტორია”
ბენ რეტლიფი
“Coltrane: The Story of a Sound”
Ben Ratliff
250გვ, Faber
ჯაზ-მუსიკის მოყვარულებისთვის ჯონ კოლტრეინის სახელი და ბიოგრაფია უცხო ნამდვილად არ არის, თუმცა ბენ რეტლიფის წიგნი იმ მხრივაა საინტერესო, რომ მასში არა მხოლოდ მშრალი ბიოგრაფიული ფაქტებია აღწერილი, არამედ ავტორი ფეხდაფეხ მიჰყვება საქსოფონისტის შემოქმედებით გზას და აანალიზებს იმ ფაქტორებს, რამაც კოლტრეინი ჯაზის ევოლუციის უმნიშვნელოვანეს ფიგურედ აქცია. ლეგენდარული მუსიკის ორმოცწლიანი ისტორია, ალკოჰოლისა და ჰეროინის ნაკადები ბგერებში, მთელი ამ მედიტაციის დასასრული – ღვიძლის კიბო… ბენ რეტლიფის წიგნი მუსიკოსის ცხოვრებას კიდევ ერთხელ გაგახსნებეთ.
(c) „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“