“მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია”. შემდგენელი თამაზ ვასაძე. თბ. “გია ქარჩხაძის გამომცემლობა”, 2007.
ისევე, როგორც სხვადასხვა დრო და ეპოქა გავლენას ახდენს ლიტერატურის განვითარებაზე, ლიტერატურაც თავის მხრივ ამა თუ იმ ეპოქის სარკე ხდება. ამჯერად თქვენ წინაშე ქართული ისტორიის მეოცე საუკუნეა – ძველი და ახალი ლიტერატურული ტენდენციების გზაგასაყარი, ან უფრო – მათი სინთეზი. “მეოცე საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგიაში” 30-მდე ავტორის ნაწარმოებია შესული, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად, ქართული ლიტერატურის საინტერესო და მრავალფეროვან სურათს ქმნიან. წიგნს სარჩევის სახით ერთვის მოთხრობების მოკლე მიმოხილვაც.
გაბრიელ გარსია მარკესი, “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს”. რომანი. მთარგმნელი ელზა ახვლედიანი. თბ. “სიესტა” 2007.
სიყვარული ძალაა, ვნება – ძლიერი სიყვარული; ენა ადამიანების საკონტაქტო საშუალებაა, სხეულის ენაზე ლაპარაკი კი ამ კონტაქტს მიჯაჭვულობად აქცევს. იქ კი, სადაც დაუოკებელი ვნება და არამკითხე ინსტინქტები იღვიძებენ, მეორეხარისხოვანი ხდება სოციალური სტატუსები, ასაკი, გარშემომყოფები… კოლუმბიელი კლასიკოსის, გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო რომანი თოთხმეტი წლის გოგონასა და ოთხმოცდაათი წლის მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობაზე გვიამბობს, წარსულისა და აწმყოს სევდასა და სიხარულზე, აღტაცებებსა და სინანულზე. წიგნი პირველად 2004 წელს გამოიცა და მსოფლიოს არაერთ ენაზე ითარგმნა, დღეს კი ქართველ მკითხველსაც ეძლევა საშუალება, მშობლიურ ენაზე წაიკითხოს საყვარელი მწერლის კიდევ ერთი ნაწარმოები.
ოთარ ჭილაძე, “მარტის მამალი”. რომანი. მესამე გამოცემა. თბ. “არეტე” 2007.
ხანდახან სულაც არ არის საჭირო, დანაშაულის მონაწილე იყო იმისთვის, რომ თავი დამნაშავედ იგრძნო – ხშირად ისიც საკმარისია, რომ უბედური შემთხვევის მოწმე აღმოჩნდე. ხანდახან უბრალო შემთხვევითობამ შეიძლება კარდინალურად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება, მისი ფსიქოლოგიური განვითარების გზას მიმართულებები აურიოს. რომანი ადამიანებზე, მათს ტკივილებსა და განცდებზე; წიგნი, რომელიც უკვე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა – ოთარ ჭილაძის “მარტის მამალი” ლიტერატურის გურმანებისთვისაა. ამჯერად თქვენ წინაშე რომანის ახალი გამოცემაა.
ფიქრია ყუშიტაშვილი, “ქათმის გრიპი”. მოთხრობები. თბ. “დიოგენე” 2007.
ქალაქი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები – ეგრეთ წოდებული NGO-ები წვიმის შემდეგ ამოსული სოკოებივით მრავლდებიან, ქათმის გრიპი და შინაური ფრინველების სახალისო თავგადასავლები, ადამიანები, წერილები, თამაშები, ნამდვილი და გამოგონებული პერსონაჟები – ფიქრია ყუშიტაშვილის მოთხრობების კრებული იუმორით, სიკეთით, სევდით, ხალისით, ადამიანური ისტორიებითა და განცდებით სავსე წიგნია. “ქათმის გრიპი” ავტორის მეორე კრებულია, მკითხველი მას უკვე იცნობს მოთხრობების კრებულით – “ერთხელ აქ, ამერიკაში”.
სუნ-ძი, “ომის ხელოვნება”. მთარგმნელი ირინა აბულაშვილი, რედაქტორი ნელი ელიზბარაშვილი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2007.
ჩინეთის ისტორიაში “ბარბაროსების” -სხვადასხვა მომთაბარე ტომების შემოსევებისგან გამოწვეულმა მუდმივმა საფრთხემ და სამხედრო მზაობამ ხელი შეუწყო პროფესიონალი სამხედრო მოღვაწეების აღზრდასა და დამატებით სტრატეგიულ სწავლებათა მეთოდების ჩამოყალიბებას. სუნ-ძის “ომის ხელოვნებაც” ერთ-ერთი ის კრებულია, რომელმაც საფუძველი დაუდო სამხედრო ტაქტიკური და სტრატეგიული კონცეფციების უკეთ განვითარებას. წიგნში თავმოყრილი ისტორიული ფაქტები და მათი ანალიზი მკითხველს უკეთ გააცნობს ძველი ჩინეთის სამყაროს.
“გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა”. რედაქტორი და შემდგენელი ლელა გაფრინდაშვილი. თბ. „დობერა“ 2007.
გენდერული კვლევის სფეროთი დაინტერესებულ მკითხველებს კიდევ ერთი ქართულენოვანი კრებული აქვთ, სადაც ქართველი და უცხოელი ავტორების პუბლიკაციებია თავმოყრილი გენდერული კვლევების შემდეგ სფეროებზე: ფილოსოფია, სამართლის თეორია, კულტურა, მასმედია, ვიზუალური ხელოვნება. წარმოდგენილი სტატიები ოთხი ძირითადი თავის მიხედვითაა დაჯგუფებული: ფემინისტური ცოდნა ანუ გენდერის რაციონალიზაცია, თანასწორუფლებიანობა და თანასწორობა, გენდერული კვლევა და კულტურის კვლევები, „ქალი“ და ქალები პოლიტიკურ თეორიაში. წინამდებარე კრებული „გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა“ ამავე სახელწოდების წიგნის მეორე ნაწილია.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“