ახალი წიგნები

ახალი წიგნები (ივლისი, 2007)

დორის ლესინგი

“ბზარი”

Doris Lessing

“The Cleft”260გვ, Fourth Estate


სადღაც, ოდესღაც, ზღვის პირას სახლობდნენ ქმნილებები, რომლებიც მდედრობითი სქესის უჩვეულო, უცნაურ არსებებს ჰგავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არცერთი არ იყო მამრი, მათ ბავშვები უჩნდებოდათ – პართეროგენეზის პრინციპით მრავლდებოდნენ. აჩენდნენ ბავშვებს, აწოვებდნენ ძუძუს, ხანდახან ახალგაზრდა მდედრს მაღალი კლდიდან აგდებდნენ – მსხვერპლშეწირვის მიზნით… ერთი სიტყვით, არაფერი აღელვებდათ და მშვიდად, უზრუნველად ცხოვრობდნენ. თუმცა, მათი სიმშვიდე დაირღვა, როცა ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ მდედრს მეტად უცნაური ახალშობილი გაუჩნდა – პატარას სხეულზე ის დეტალი ჰქონდა, რომელიც აქამდე მათს შორის არავის ენახა… ამბავი რომაული სამყაროს ერთ-ერთი მისტიური მანუსკრიპტიდანაა, „ბზარი“ კი ამ ამბის დორის ლესინგისეული ინტერპრეტაციაა, შიგადაშიგ ავტორის კომენტარებითა და მოკრძალებული ავტობიოგრაფიული ელემენტებით.

ჰარუკი მურაკამი

“სიბნელის შემდეგ”

Haruki Murakami

“After Dark”

191გვ, Harvill.

იმისთვის, რომ ღამე ჩვეულებრივი და მოსაწყენი არ გახდეს, მას მოჯადოება სჭირდება. ტოკიოს სადღეღამისო კაფეებისა და სიყვარულისათვის განკუთვნილი სასტუმროების ნოქტურნული ატმოსფერო – ეს უკვე ის მისტიკაა, რომლითაც ღამეული სიბნელე იქით გაჯადოებს. “შუაღამით დრო თავისი განსაზღვრული სტილით მიედინება. მას ვერ შეებრძოლები”, – ამბობს ქალაქის ერთ-ერთი პატარა და მყუდრო ჯაზ-ბარის მენეჯერი, რომლის უკანაც, ძნელია, ცდუნებას გაუძლო და თვით ჰარუკი მურაკამის აჩრდილი არ შენიშნო. “სიბნელის შემდეგ” – ეს ის რომანია, რომლითაც მწერალი ღამესთან შიშისმომგვრელ მეტაფიზიკურ ნაძლევს დებს, და რომელსაც ჰარუკი მურაკამის თაყვანისმცემლები სულმოუთქმელად ელოდებოდით.

დონ დელილო

“კაცი, რომელიც ვარდება”

Don DeLillo

“Falling Man”246გვ, Picador






გავრცელებული მოსაზრებით, ხელოვანები ყველაზე უფრო ახლოს არიან ადამიანების კოლექტიურ ქვეცნობიერთან და შემოქმედებითი პროცესის დროს საკმაოდ ხშირადაც მიმართავენ მას. თუმცა, ის, რაც დონ დელილომ შეძლო, მხოლოდ ქვეცნობიერზე დაფუძნებული გათვლები არ არის – ვაშინგტონსა და ნიუ-იორკზე თავდასხმების წინასწარ აღწერას თავისუფლად შეიძლება, წინასწარმეტყველებაც ვუწოდოთ. “კაცი, რომელიც ვარდება” 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტზე გვიამბობს; მაშინ, როცა ხალხმა ამ თავდასხმების შესახებ გაიგო, პირველი სახელი, რაც გონებაში ამოტივტივდა, დელილო იყო. თავად მწერალი კი, შეკითხვაზე, თუ როგორ გაართვა ასეთი შინაარსის წიგნის დაწერას თავი, მშვიდად პასუხობს: “როგორ და, ძალიან მოკრძალებულად.”

პოლ ოსტერი

ლექსების კრებული

Paul Auster

Collected Poems

208გვ, Faber.


პოლ ოსტერმა მკითხველის ყურადღება პირველად 80-იან წლებში, თავისი მისტიური დეტექტივებით, “ნიუ იორკის ტრილოგიით”, მიიქცია. ახლა კი მისი ლექსების კრებულიც გამოვიდა, რომელშიც 1967 წლიდან დღემდე დაწერილი პოეტური ნაწარმოებებია შესული. ბუნებრივია, რომ ისინი, ვინც უკვე ოსტერის რომანებს იცნობს, მისი ლექსების წაკითხვისას მწერლის ლიტერატურული წარმოსახვის განვითარების შესახებ დასკვნების გამოტანას მოისურვებენ, და შეიძლება, უკვე ფიქრობენ კიდეც, რომ მის პოეტურ ნაწარმოებებში ოსტერის, როგორც რომანისტის, ხელწერას შენიშნავენ, მაგრამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლექსებში მინიმალური დოზითაა ნარატივი. პირიქით – ოსტერის პოეზია ევროპული რომანტიზმის მოდელის გავლენას განიცდის.

ვოლე შოიინკა

“ამოთქვი მზის ამოსვლისას. მემუარები.”

Wole Soyinka

“You Must Set Forth at Dawn: A Memoir”

626გვ, Methuen, in association with Bookcraft.


ერთ-ერთი აფრიკული სიბრძნის მიხედვით, როდესაც ადამიანი უფროსის სტატუსს უახლოვდება, ის ბრძოლაში ჩართვისაგან თავს იკავებს. ვოლე შოიინკა კი, მიუხედავად იმისა, რომ მას გაჭაღარავებული თმა და თეთრი წვერი სხვა აფრიკელი ასაკოვანი მწერლებისაგან ყველაზე მეტად გამოარჩევს, ჯერაც არ აპირებს კალმის დადებას. მის წიგნს ახლა უკვე მემუარების სახე აქვს და შიგ ნობელიანტი მწერლის შემოქმედებითი თუ პოლიტიკური მოღვაწეობის საინტერესო ფაქტებია თავმოყრილი. “იყო დრო, როცა ვერავინ იფიქრებდა, რომ ნიგერია, როგორც პოლიტიკური ერთეული, დღეს კიდევ იარსებებდა”, – აღნიშნავს შოიინკა თავისი მემუარების დასაწყისში. იგი სწორედ ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ათასებისა და ათიათასების ვარაუდი ნიგერიის არსებობა-არარსებობის შესახებ არ გამართლდა. როგორი იყო გზა სახელმწიფოებრიობამდე, როგორ ემატებოდა ნიგერიას სასიცოცხლო ძალები – ამ ყველაფერს ვოლე შოიინკა თავის ახალ წიგნში გვიყვება.

ა.დ. ნათალი

“შექსპირი – მოაზროვნე”

AD Nuttall

“Shakespeare the Thinker”

448გვ, Yale






მაშინ, როცა ახალ ლიტერატურულ კრიტიკაში შექსპირის ხელოვნების ნაკლებ სიღრმისეულად მიჩნევის ტენდენციები შიემჩნევა; როცა თანდათან მყარდება შეხედულებები, რომ შექსპირი თავისი დროის კლიშეებით წერდა და ამას თან მისი რასიზმი, სექსუალურ უმცირესობაში ყოფნისგან გაჩენილი ფსიქოლოგიური დარღვევები ემატებოდა, ნათალი სრულიად საპირისპიროს გვიჩვენებს – პროფესორის კვლევის ობიექტი გაცილებით უფრო განათლებული, სიღრმისეულად მოაზროვნე და ტოლერანტი იყო, ვიდრე მისი 21-ე საუკუნის მკითხველები არიან. ნათალის კვლევა შექსპირის შემოქმედების ინტელექტუალურობაზე მისი საკმაოდ წარმატებული კარიერის დამაგვირგვინებელია. იგი უკვე არაერთი ნაშრომის ავტორია შექსპირის შესახებ.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box