აკა მორჩილაძე, მადათოვი, ტრილოგია. თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009.
1998 წელს აკა მორჩილაძის რომანი “გადაფრენა მადათოვზე და უკან” გამოვიდა. იმ პერიოდისთვის ძალზე პოპულარული “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებისა” და “მოგზაურობა ყარაბაღში”-ს შემდეგ ეს იყო ახალი კუთხით წარმოჩენილი მწერალი, რომელიც XIX საუკუნის თბილისზე, მადათოვის კუნძულზე, ხაფო მხატვარზე, ფინდღა ფირუზაზე, თათალაანთ გვარზე და ბევრ ნაცნობ თუ უცნობ პერსონაჟსა და ამბავზე ყვებოდა. ყვებოდა ისეთი ენით, თითქოს თავადაც იმ ეპოქის მკვიდრი იყო და ყველა მის მიერ აღწერილ ამბავში მონაწილეობდა. წიგნმა ლიტერატურული საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. 2001 წელს ავტორმა ახალი რომანი – “გაქრები მადათოვზე” გამოაქვეყნა, 2004-ში კი – “ვეშაპი მადათოვზე”. შეიკრა ტრილოგია, რომელიც კრიტიკოსებმა და გემოვნებიანმა მკითხველმა საეტაპო წიგნად და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ რომანად აღიარა. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” სამივე მათგანი ერთ წიგნად აკინძა და სოლიდურად გამოცემული შესთავაზა ლიტერატურულ გურმანებს.
ვალერიან გაფრინდაშვილი, 100 ლექსი, შემდგენელი თამაზ ვასაძე, თბ. ინტელექტი, 2010
სერიით “100 ლექსი” გამომცემლობა “ინტელექტი” ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზიას გვთავაზობს. “ცისფერყანწელების” ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის შემოქმედებიდან 100 საუკეთესო ლექსი ლიტერატურათმცოდნე თამაზ ვასაძემ შეარჩია და შესავალი წერილიც თავად დაურთო. “ვალერიან გაფრინდაშვილის მრავალ ლექსშია წარმოსახული რეალობისგან გამიჯნული სულის “ინტერიერი,” მასში დადგმული ფეერიული წარმოდგენები, რომელთა პერსონაჟები, პოეტთან და მის ორეულთან ერთად, მითოლოგიური და ლიტერატურული გმირების აჩრდილები არიან” – წერს თამაზ ვასაძე და რეალობისგან გამიჯნული პოეტის მდიდარ შემოქმედებით სამყაროში გვეპატიჟება.
ეკა ქევანიშვილი, “აქ ნუ დადგებით”, თბ. დიოგენე, 2010
ვინც რადიო “თავისუფლებას” უსმენს, უთუოდ ემახსოვრება ეკა ქევანიშვილის საინტერესო ლიტერატურული რეპორტაჟები. მათი ავტორი, გარდა იმისა, რომ კარგი ჟურნალისტია, მშვენიერი პოეტიცაა. ახლახან მეორე კრებული გამოსცა, სადაც ბოლო წლებში დაწერილი ლექსები შევიდა. პირველი წიგნი სახელით – “ჭორია,” 2006 წელს ლიტერატუტული პრემია “საბას” ნომინანტი გახდა საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. ეკა ქევანიშვილი რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის პრიზიორიცაა. მისი პოეზია არ არის მხოლოდ რითმების დევნა და ლამაზი სიტყვების თამაში, მის ლექსებში პოზიციაა, პოზიცია პოეტისა, რომელსაც აწუხებს ის, რაზეც წერს; გრძნობს, რაზეც წერს და უყვარს, რასაც წერს. წიგნს თან ახლავს ორიგინალური პლაკატი, რომელზეც მწერალ მაკა ლდოკონენის თვალით დანახული ეკა ქევანიშვილის ლექსებია დასურათებული.
დათო ქებაძე, ყველა ქალი ჩემია, რომანი, თბ. სიესტა, 2010
დათო ქებაძის ეს რომანი მსუბუქი, სალაღობო წიგნების რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც გონების ზედმეტი დაძაბვის გარეშე წაიკითხავ. იგი ერთი ჩვეულებრივი თბილისელი მექალთანე ბიჭის, ნიკა კედიას სასიყვარულო ისტორიებს მოგვითხრობს, ისტორიებს ბავშვური გატაცებებიდან – ნამდვილ სიყვარულამდე. “მიუხედავად ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიუჟეტისა, რომანი თხრობის სტილითა და პერსონაჟებით სხვა თქვენთვის ნაცნობი წიგნებისგან ბევრად განსხვავდება” – ვკითხულობთ ამ გამოცემის გარეკანზე. ისღა დაგრჩენიათ, როგორც ამას წიგნის გამომცემლები გთავაზობენ, რბილად მოკალათდეთ და ქართველი დონ ჟუანის არაორდინარული ისტორიებით “დატკბეთ”.
ამირან სვიმონიშვილი, სამკვიდრო, თბ. სიესტა, 2010
“ცა დაიფერფლა მოლხენილი
ღრუბლის აუზთან
და შემოდგომას
ნეკერჩხალზე ფეხი დაუცდა”.
ამირან სვიმონიშვილმა პოეზიის მოყვარულთ ახალი პოეტური კრებული შესთავაზა. “სამკვიდრო” – ასე ეწოდება წიგნს, რომელიც მისი შემოქმედების ერთგვარი რეზიუმეა. კრებულში პოეტის ძველი და ახალი ლექსები შევიდა, ბავშვობისდროინდელიც და სიმწიფის ასაკში დაწერილიც, ყველაფერი, რაც ავტორს უყვარს და მკითხველისთვის გაზიარების ღირსად მიაჩნია. აქ ვერ შეხვდებით თარიღებს, რადგან ამირან სვიმონიშვილისთვის ლექსი ლექსია, იმის მიუხედავად, როდის დაიწერა იგი. “სამკვიდრო – მამული და საცხოვრებელი ადგილი” – ვკითხულობთ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, და მართლაც, ავტორის ლექსები მისი სამკვიდროს სურნელითაა გაჟღენთილი, მისი მამულის ფერებით შეფერადებული. ეს მისი სამყაროა, პოეტური სამყარო, რომელშიც თავად ცხოვრობს და რომლის წიაღშიც გამძაფრებული წარმოსახვისა და მუსიკალური სმენის მკითხველს ეპატიჟება.
სტეფანი მეიერი, ბინდი, მთარგმნელები ნიკა სამუშია და ლადო გაჩეჩილაძე, რედაქტორები: თ. გავაშელიშვილი, ნ. გოგალაძე, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010
თქვენს წინაშეა ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ბესტსელერი, რომელმაც გამოსვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა. XIX საუკუნიდან გადმოსული ვამპირისა და XXI საუკუნეში მცხოვრები გოგონას ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიამ განსაკუთრებით ახალგაზრდების გული მოინადირა. წიგნი მსოფლიოს არაერთ ენაზე ითარგმნა და გაყიდვების ლიდერად იქცა. ოთხი სრული და ერთი დაუმთავრებელი ნაწილისგან შემდგარი საგის წარმატება კიდევ უფრო გაზარდა ამავე სახელწოდების ფილმმა, რომელიც 2008 წელს გადაიღეს ჰოლივუდში. ამჯერად ამ გულისშემძვრელი სიყვარულის ისტორიას ქართველი მკითხველი მშობლიურ ენაზე გაეცნობა.
კორნელია ფუნკე, “ქურდების მბრძანებელი,” მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი, რედაქტორები: ლ. ქადაგიშვილი, თ. გავაშელიშვილი, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009
კორნელია ფუნკე თანამედროვე გერმანელი საბავშვო მწერალია. მისი თხზულებები არაერთი ლიტერატურული პრემიით აღინიშნა, “ქურდების მბრძანებელი” კი 2001 წლის საუკეთესო საყმაწვილო წიგნად აღიარეს და ყველაზე პრესტიჟული საბავშვო პრემია – Der Deutsche Jugendliteraturpreis (გერმანული საყმაწვილო ლიტერატურული პრემია) მიანიჭეს.
წიგნში ორი ობოლი ძმის, პროსპერისა და ბოს ისტორიაა მოთხრობილი. მათ არავინ ჰყავთ დეიდის გარდა, რომელსაც უმცროსი ძმის შვილად აყვანა სურს, უფროსს კი ბავშვთა სახლში ჩაბარებას უპირებს. ერთმანეთის დაკარგვის შიშით ბავშვები სახლიდან იპარებიან და ბევრი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ ვენეციაში ჩადიან – ფრთიანი ლომების, შადრევნებისა და საოცრებების ქალაქში. სწორედ აქ გადაეყრებიან ქურდების მბრძანებელს, რომელიც თორმეტიოდე წლის ბიჭია და როგორც ბოლოს ირკვევა, სულაც არ არის ქურდი. მასთან თავშეფარებულ ძმებს არაერთი უცნაური და სანტერესო ამბავი გადახდებათ თავს, რომელთა თანამონაწილე თქვენც გახდებით, თუ ამ მშვენიერ წიგნს წაიკითხავთ.
ჰაინრიხ ბიოლი, “უკაცო სახლი”, მთარგმნელი თენგიზ პატარაია, თბ. ინტელექტი, 2009
ჰაინრიხ ბიოლი ის მწერალია, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა ომისა და გერმანული მილიტარიზმის მხილებას მიუძღვნა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, გიმნაზიის მოსწავლემ უარი განაცხადა საკმაოდ ძლიერ ორგანიზაციაში, ჰიტლერიუგენდში შესვლაზე, რაც იმ პერიოდისთვის დიდ სიმტკიცესა და გამბედაობას მოითხოვდა. შემდგომში, ვერმახტში სავალდებულო სამსახურის დროს საკუთარი თვალით იხილა ყველა ის უბედურება, რაც ამ საშინელმა რეჟიმმა სხვადასხვა ეროვნების ხალხს მოუტანა. მოგვიანებით ეს ყველაფერი მის წიგნებშიც აისახა. განსაკუთრებით მის პირველ მოთხრობებსა და რომანში “სად იყავი, ადამ?” ამ თემას გვიანი პერიოდის ნაწარმოებებშიც ეხებოდა, თუმცა გარკვეული სახეცვლილებით. 50-იან წლებში დაწერილ რომანებში უკვე თანამედროვე დასავლეთ გერმანიაა ასახული. მათი გმირები ომის შემდეგ მიღებულ ჭრილობებს იშუშებენ. “უკაცო სახლი” ერთ-ერთი მათგანია. რომანი ბიოლმა 1954 წელს დაწერა. იგი დასავლეთ გერმანიის ომისშემდგომ პერიოდზე მოგვითხრობს, იმ დროზე, როდესაც შიმშილის, შავი ბაზრის, სასურსათო ბარათების პერიოდი წარსულს ჩაბარდა და ქვეყანამ “ეკონომიკური საოცრების” გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.E”უკაცო სახლი” ბიოლის პირველი რომანია, რომლის გმირებად ბავშვები გვევლინებიან. წიგნში მოზარდების თვალით დანახული მოზრდილთა სამყაროა აღწერილი, პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტებიც მათი გადმოსახედიდან იხატება. ნაწარმოებში ერთი შეხედვით არაფერი ხდება ისეთი, რაც მრავლისმნახველ მკითხველს გააოცებს, თუმცა ბრილახების ოთახივით გაშიშვლებული “ჩვეულებრივი ყოფა” მკითხველს ამ ყოფის უსამართლობით ზარავს და რომანის გმირებისადმი თანაგრძნობით აღავსებს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“