სერია “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა”
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
წიგნების სერია “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა” მკითხველს უნიკალური პირადი ბიბლიოთეკის შექმნის საშუალებას აძლევს. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლიტერატურული პროექტი 100 ტომს მოიცავს, რომელიც, ანტიკური დროიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ჩათვლით, ყველა მნიშვნელოვან ლიტერატურულ ტექსტს აერთიანებს. ასტომეული 5 სერიად იყოფა, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს თავად აირჩიოს სასურველი სერია შემდეგი ჩამონთვალიდან: ანტიკური მწერლობა (33 ტომი), აღმოსავლური კლასიკური მწერლობა (22 ტომი), შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურა (15 ტომი), ძველი ქართული მწერლობა (10 ტომი), აღორძინების ხანის და XVII საუკუნის ევროპული მწერლობა (20 ტომი).
სერიაში შემავალი წიგნების თარგმნაში მონაწილეობას 120 მთარგმნელი იღებს, თუმცა მათ შორის წინა წლებში შესრულებული საუკეთესო ქართული თარგმანებიც მოხვდა. მასშტაბური ლიტერატურული სერია ანტიკური მწერლობის ქვესერიით, აპრილის დასაწყისში გაიხსნა, და ჰომეროსის “ოდისეათი” და “ილიადათი” იწყება. ჰომეროსის პოემებთან ერთად, ანტიკური მწერლობის კიდევ ორი ნიმუში – “პინდაროსის ოდები” და “ძველი ბერძნული ლირიკის ნიმუშები” გამოვიდა.
“ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობა სწორედ ამ წიგნებზე დგას. ეს წიგნები გვეხმარებიან იმაში, რომ ადამიანები გავხდეთ. ძალიან ცნობილი ფილოსოფიური მოსაზრებაა, რომ საკაცობრიო ისტორია – ეს არის ადამიანად გახდომის ისტორია. ადამიანის სრულყოფის პროცესში მნიშვნელოვანი წილი სწორედ ამ ლიტერატურას აქვს. ეს იმ ტიპის წიგნებია, რომლის სახლში შემოტანითაც ჩვენ შემოგვაქვს სასიამოვნოდ საკითხავი ტექსტები და გვეძლევა საშუალება, სახლში დავატიოთ საკაცობრიო განვითარების ისტორია” – აღნიშნავს მწერალი ლაშა ბუღაძე წიგნების ამ სერიის შესახებ.
წლის ბოლომდე ლიტერატურული გურმანები მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკაში ისეთ ავტორებსა და წიგნებს იხილავენ, როგორებიცაა: პლატონი, სოფოკლე, ევრიპიდე, არისტოფანე, აპიანე, ტიტუს ლივიუსი, ვისრამიანი, ძველი ინდური და ჩინური პოეზიის ნიმუშები, ფრანსუა რაბლე, პიერ კორნელი, ჟან რასინი, ჟან-ბატისტ მოლიერი, ჯონ ფლეთჩერი და ა.შ. სერიის სხვა წიგნების შეძენა მკითხველს ყოველი თვის დასაწყისში წლის ბოლომდე შეეძლება. თითოეული ტომის ფასი 15 ლარია.
სერია “ამერიკელები”
“დიოგენე”
ანტიკური მწერლობისა და შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურის გვერდით, ქართულენოვან მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა ამერიკული ლიტერატურისთვის განკუთვნილი თარო გამომცემლობა “დიოგენეს” ახალი სერიით – “ამერიკელებით” შეავსოს. სერია სულ 20 წიგნს მოიცავს და მისი გამოცემა წლის ბოლომდე გაგრძელდება. სერიის პირველი ორი ტომი უკვე გაყიდვაშია. მათ ანოტაციებს ქვემოთ გაეცნობით.
“სრული გასხივოსნება”
ჯონათან საფრან ფოერი
“დიოგენე”
408გვ.
“გამაოგნებელი წიგნი” – ასეთი ეპითეტით შეაფასა ჯონ აპდაიკმა 26 წლის ამერიკელი მწერლის ჯონათან საფრან ფოერის ეს რომანი, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ გამქრალ ებრაულ დასახლებაში ჩასული ამერიკელისა და უხეირო ინგლისურით მოლაპარაკე მისი ოდესელი თარჯიმნის ისტორიას მოგვითხრობს. ამერიკელი-ებრაელი უკრაინაში ახალგაზრდა ქალის საძებნელად ჩადის, რომელმაც ნაცისტური რეპრესიების დროს მამამისის სიცოცხლე გადაარჩინა. “სრული გასხივოსნება” (Evrything is Iluminated) 25 წლის მწერლის პირველი რომანი გახლავთ, რომელიც 2002 წელს გამოიცა. წიგნის მიხედვით 2005 წელს ლივ შრაიბერმა ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი ელაიჯა ვუდი თამაშობს. ფოერის ეს რომანი დღეს “ნიუ-იორკ თაიმსის”, “გარდიანის” და “ამაზონ.ქომის” ბესთსელერთა სიაშია. წიგნის ქართული თარგმანი გია ჭუმბურიძეს ეკუთვნის.
“პორტნოის სინდრომი”
ფილიპ როთი
“დიოგენე”
340გვ.
ფილიპ როთის რომანის მთელი სიუჟეტი ფსიქოთერაპიის სეანსს აღწერს. ამის შესახებ წიგნის მთავარი გმირის, ებრაელი ახალგაზრდის – ალექს პორტნოის უწყვეტი მონოლოგიდან ვიგებთ, რომელსაც ის ბავშვობის მოგონებებით იწყებს. “ფსიქოთერაპიის კურსის დროს, პაციენტის შეფასების გასაჯაროების უფლებამ მომცა საშუალება, ჩემს ნოველაში ინტიმურ, ხშირად სამარცხვინო დეტალებზე მესაუბრა და უწმაწური ლექსიკა გამომეყენებინა, რის გამოც პორნოგრაფი, ექსგიბიციონისტი და უზრდელი ადამიანი მიწოდეს და საზოგადოებიდან გამრიყეს” – ამბობს რომანის შესახებ თავად ფილიპ როთი. სექსუალური შეგრძნებების გულწრფელი გაშიშვლება, ერთი მხრივ ეპოქალურ პროცესებთანაც იკვეთება, რადგან რომანის გამოქვეყნების წელი (1969 წ.), 60-იან წლებში დასავლეთში დაწყებულ სექსუალურ რევოლუციას უკავშირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წიგნის გამოქვეყნებისთანავე აგორებულმა პროტესტის ტალღამ, რომლის ადრესატი სწორედ ფილიპ როთი გახლდათ, ამერიკულ საზოგადოებაში დაახლოებით ისეთი დონის ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“.
ქართველი მკითხველი ამერიკული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსის ამ სკანდალური რომანის გაცნობას, ქეთი ქანთარიას მიერ შესრულებული თარგმანით შეძლებს.
„მოტოციკლისტის დღიური“
ერნესტო ჩე გევარა
„დიოგენე“
340გვ.
„კაცი მაშინ აღწევს სრულ ადამიანურ მდგომარეობას, როდესაც ის არ მოქმედებს ისეთი ფიზიკური აუცილებლობით, რომ საკუთარი თავი ნივთივით გაყიდოს“ – ეს სიტყვები ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ რევოლუციონერს ერნესტო ჩე გევარას ეკუთვნის. არგენტინელი პოლიტიკური მოღვაწის ჩანაწერების გაცნობის საშუალება ქართველ მკითხველს გამომცემლობა „დიოგენემ“ მისცა.
„მოტოციკლისტის დღიური“ ერნესტო ჩე გევარას მოგზაურობების სტუდენტურ პერიოდს აღწერს. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ბუენოს-აირესს, სადაც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, ის სწავლის შუა პერიოდში ტოვებს და მეგობართან ერთად სამოგზაუროდ სამხრეთ ამერიკაში მიდის. ამ დროს მას ჯერ კიდევ არ იცნობენ „ჩეს“, სახელით, რომლითაც შემდგომ ძალიან ხშირად მოიხსენებენ, და ასევე ჯერ კიდევ შორსაა კუბის რევოლუცია, საიდანაც მისი მოულოდნელობებითა და საფრთხეებით აღსავსე ცხოვრება დაიწყო. ეს არის მეოცნებე ახალგაზრდის დღიური, რომელიც ინტერესით და მსუბუქად იკითხება. წიგნის გაცნობის გარდა, თქვენ საშუალება გაქვთ ნახოთ ფილმი, რომელიც 2004 წელს უოლტერ სალესმა ამავე წიგნის მიხედვით გადაიღო. „მოტოციკლისტის დღიურის“ პრეზენტაციამ თბილისში განსაკუთრებული ხალხმრავლობით ჩაიარა. წიგნის მთარგმნელი თამარ ლომიძე გახლავთ.
„ქერუბიმელი მოგზაური“
ანგელუს სილეზიელი
„სიესტა“
„ადამიანი ამქვეყნად ყველაზე საოცარია
მასში ღმერთი და ეშმაკი მეზობლად არიან“ , –
ეს მცირე ამონარიდია წარმოშობით გერმანელი რელიგიური პოეტის – იოჰანეს შეფლერის პოეზიიდან, რომელიც თავის ლექსებში ძირითადად ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობებზე გვიყვება. ამ სახელითა და გვარით მას უფრო ნაკლებად იცნობენ, რადგან პოეტურ კრებულებში ის ანგელუს სილეზიელის სახელით წარადგენს საკუთარ თავს, რაც ლათინურად სილეზიელ მოციქულს ნიშნავს. მისი ორტაეპიანი ლექსების გაცნობა კრებულის სახით დღეიდან უკვე ქართველ მკითხველსაც შეუძლია. ქართულ ენაზე გამოცემული კრებულის სახელწოდებაა „ქერუბიმელი მოგზაური“, რომელიც ექვსი წიგნისგან შედგება და ტრაქტატის ხასიათს ატარებს. „ლექსებში გატარებული ურთიერთ საწინააღმდეგო აზრების გამო მკითხველი სიძნელეებს აწყდება. ამის ნიადაგზე იბადება საეჭვოდ საკამათო შეხედულებები: სამყაროსა და ადამიანის ურთიერთკავშირი, უფალთან შეერთება, ღვთაებრივი მსგავსება, განღმრთობა, თითოეული ადამიანის ღირსების აღიარება. აი, ის თემები, რომლებიც კათოლიციზმის საეკლესიო დოქტრინებს ერთგვარად სცილდება და მის თავისუფალ პოეზიაში წარმოჩინდება“ – ამბობს პოეტის შესახებ მისი მთარგმნელი, მარიამ ქსოვრელი.
“სტროფი”
გაგა ნახუცრიშვილი
„სიესტა“
პოეტური კრებული „სტროფი“ გაგა ნახუცრიშვილის სამოც ახალ ლექსს აერთიანებს, რომელზეც პოეტმა 2012 წელს იმუშავა. კრებულის ავტორის თქმით, საერთო განწყობითა და ერთიანი თხრობის სტილით შექმნილ ლექსებს ერთმანეთისგან ყველაზე მეტად მრავალფეროვანი თემები გამოარჩევს. „სტროფის“ პრეზენტაცია აპრილის მეორე კვირაში ილიას უნივერსიტეტში გაიმართა, მანამდე კი გამომცემლობა „სიესტამ“ გაგა ნახუცრიშვილის პოეზიის მოყვარულებისთვის პოეტის კვირეულს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მისმა მეგობრებმა გაგა ნახუცრიშვილის ლექსების საჯარო კითხვაში მიიღეს მონაწილეობა (კვირეულის ვიდეო-ჩანაწერების მოსმენა „სიესტას“ ფეისბუქის გვერდან შეგიძლიათ).
უცხოურენოვანი გამოცემები
“Levels of Life”
Julian Barnes
Vintage Publishing
144p.
“ცხოვრების ეტაპები”
ჯულიან ბარნსი
144 გვ.
თანამედროვე ინგლისელი ავტორის ჯულიან ბარნსის ახალი წიგნი იმ მწუხარების შესახებ უყვება მკითხველს, რომელიც ავტორმა მეუღლის, ლიტერატურული აგენტის – პეტ კავანას (Pat Kavanagh) გარდაცვალების შედეგად განიცადა. „40 წლის განმავლობაში პეტი ჩემი აგენტი იყო, ამიტომ მასზე საუბრისას, რთულია შეინარჩუნო ობიექტურობა. მე ეს წიგნი მათთვის არ დამიწერია, ვინც პეტს დიდი ხანია იცნობს. აქ იმ ამბებს არ ვყვები, რაც მის გარდაცვალებამდე კარგა ხნით ადრე ხდებოდა მის ცხოვრებაში. ჩემს ახალ წიგნში ვსაუბრობ ბოლო დღეებზე, რომელიც მასთან ერთად გავატარე“ – ამბობს ბარნსი წიგნის შესახებ, რომელშიც, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ მწუხარებას განსაკუთრებული გულწრფელობით გადმოსცემს, ის მაინც იცავს პირადი ცხოვრების უფლებას. Levels of Life – ეს არის ამბავი სიყვარულის, ორი ადამიანის გაერთიანების და მათი ტრაგიკული განშორების შესახებ. მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეულ სირთულეებს ჯულიან ბარნსმა მემუარული ჟანრის წიგნი (The sense of another ending) გასულ წლებშიც მიუძღვნა, რომლისთვისაც 2011 წელს ბრიტანელ ავტორს ბუკერის პრემია გადასცეს.
“Quick Question”
John Ashbery
Carganet press/PN Review
128p.
„სხარტი შეკითხვა”
ჯონ ეშბერი
128გვ.
ჯონ ეშბერის “სხარტი შეკითხვა“ ერთგვარი პოეტური ანდერძია, რომელიც ორმოცდაათიანი წლების ამერიკაში მოღვაწე არტისტებისა და პოეტების ერთობლივ მუშაობას ეძღვნება. ავტორი მათ შორის მხატვარს – ჯეინ ფრეილიშერს (Jane Freilicher) გამოარჩევს. წიგნი ამერიკის ყოველდღიური, ურბანული ცხოვრების ამსახველ დეტალებს აერთიანებს, თუმცა, მეორე მხრივ, ამ მიმზიდველ ყოველდღიურობაში ბევრ ადამიანურ სისუსტეს, მარცხსა და საფრთხეს აღმოაჩენთ. დიდი ამერიკელი პოეტის, ცოცხალი კლასიკოსის, ჯონ ეშბერის განსაკუთრებულობა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრემიითაც აღნიშნეს, რომელთა შორის ხაზგასასმელია – პულიცერის პრემია, წიგნის ეროვნული ჯილდო, გრიფინის პოეზიისა და წიგნის კრიტიკოსთა გაერთიანების ეროვნული ჯილდოები. ლექსების ამ ახალი კრებულის გამოქვეყნება პოეტის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა, რითაც ეშბერიმ თავის მკითხველებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ასაკის მატებასთან ერთად მისი კრეატიული ძალისხმევა უფრო და უფრო მატულობს.
“The Accursed“
Joyce Karol Oates
Ecco/HarperCollins Publishers
669p.
„დაწყევლილი”
ჯოის კეროლ ოუტი
669 გვ.
ამერიკელი მწერლის ჯოის კეროლ ოუტის ისტორიულ რომანში მოქმედება მეოცე საუკუნის დასაწყისის პრინსტონში ვითარდება. ქალაქს, სადაც ადამიანები მშვიდად ცხოვრობენ, ვამპირთა ჯგუფი ესხმის თავს, რომლებიც ადამიანებს იტაცებენ. წიგნის მთავარი გმირი – ანაბელ სლეიდიც სწორედ ვამპირის მსხვერპლი ხდება, რომელსაც შეაცდენენ და პირდაპირ საქორწილო ცერემონიიდან იტაცებენ. ამერიკელი მწერლის ეს რომანი გოთიკური fiction-ის ნიმუშია. მთავარი გმირების გარდა, ოუტი თავის წიგნში პერსონაჟების მრავალფეროვან სამყაროს – აჩრდილებს, ეშმაკებს, ფსიქიკურად შეშლილ ადამიანებს, მწერლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს წარმოგვიდგენს. მათი არსებობა ავტორს იმისთვის სჭირდება, რომ მკითხველმა ფიქრი დაიწყოს. ასეთ სტიგმატიზირებულ პერსონაჟებზე ფიქრი ადამიანებს განსხვავებულ ადამიანებზე ფიქრისკენ უბიძგებს. ავტორის მიერ წიგნში აღწერილი ეშმაკებით გარემოცული ქალაქი რასობრივ ძალადობაზე, რელიგიის სახელით განხორციელებულ შურისძიებასა და კლასობრივ ომზე ფიქრისკენ მოგვიწოდებს. რომანისტის პირველი სამიზნე სწორედ პრინსტონის ბომონდია. ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო რომანისტი დღეს წიგნის ეროვნული ჯილდოს მფლობელია, მისი სამი რომანი კი გასულ წლებში პულიცერის პრემიაზეც იყო წარდგენილი.
Saul Bellow’s Heart: A Son’s Memoir
Greg Bellow
240 p.
Bloomsbary Publishing USA
„სოლ ბელოუს გული: მემკვიდრის მემუარები”
გრეგ ბელოუ
240 გვ.
მოგონებები, რომელიც ნობელის, პულიცერისა და კიდევ რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელს, ამერიკელ მწერალს სოლ ბელოუს მიუძღვნა მისმა უფროსმა ვაჟმა, მწერლის შინაგანი სამყაროს განსხვავებულ მხარეებს წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ გრეგ ბელოუ პროფესიით ფსიქოთერაპევტია, ის ლიტერატურული გულწრფელობით მაინც ახერხებს მწერლის ხედვა გამოავლინოს, რაშიც მას ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, ინტერვიუები და პირადი მოგონებები ეხმარება. ავტორი ცდილობს სოლის შინაგანი ცვლილებების ყველა ეტაპს მიჰყვეს და დაუფარავად გააცნოს ის მკითხველს. ამისათვის ის ორ განსაზღვრებას იყენებს – “ახალგაზრდა სოლი”, რომელიც რევოლუციური სულისკვეთებით, სოციალური ღირებულებების თანასწორობის იდეით, კრიტიკული შეხედულებებითა და ამბიციურობით გამოირჩევა; და “მოხუცი სოლი” – რომელსაც წლების მატებასთან ერთად შეცვლილ და დასუსტებულ შინაგან ძალისხმევას მიაწერს და რომელსაც მსოფლიო ლიტერატურული საზოგადოება იცნობდა.
The Childhood of Jesus
J.M. Coetzee
Harvill Secker
288p.
“იესოს ბავშვობა”
ჯონ მაქსველ კუტზეე
288გვ.
“იესოს ბავშვობა” სამხრეთ აფრიკელი ნოველისტის, ესეისტისა და ლინგვისტის ჯონ მაქსველ კუტზეეს ახალი რომანია, რომელიც საშუალო ასაკის მამაკაცის – სიმონისა და ხუთი წლის ბიჭის – დევიდის მოგზაურობას აღწერს. ისინი ოკეანის გავლით მეტად უცნაურ ქვეყანას მიადგებიან. ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, რადგან პირველად ერთმანეთს ნავზე ხვდებიან. დევიდი დედას ეძებს, რომლის პოვნა წერილის საშუალებითაა შესაძლებელი. მასში დედამისის სახელი წერია, თუმცა ნავზე ასვლისას ის აღმოჩანს, რომ ბარათი დაკარგა. უახლოესი ადამიანის პოვნაში პატარა ბიჭუნას დახმარებას სიმონი სთავაზობს. ასე იწყება წიგნის ორი მთავარი გმირის მოგზაურობა ქალაქ ნოვილაში, რომელიც, ერთი შეხედვით, უტოპიურ ქალაქს ჰგავს. აქ ადამიანები ბლოკებით აშენებულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ და საკვებად მხოლოდ პურს იყენებენ.
კუტზეეს მიერ აღწერილი სამყარო არარეალურია: გმირები ერთმანეთს არ იცნობენ, მათ შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ყოველ მომდევნო თავში მწერლის მიერ გამოგონილ ახალ და განსხვავებულ სირთულეებს ვაწყდებით, რომელთა გადაჭრის გზებსაც ნოველისტი იქვე გვთავზობს. ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გმირები და არაერთგვაროვანი ისტორიები ის დეტალებია, კითხვისას რომ გროვდება და მათზე დაფიქრებისკენ გვიბიძგებს.
ამ მოტივით მკითხველი მწერლის მიერ დასმული მთავარი ამოცანის ამოხსნისკენ მიდის, რომელიც ასე ჟღერს: წიგნში აღწერილი ამბები და დეტალები სამყაროს განასახიერებს, რომელსაც წიგნის წაკითხვის შემდეგ უკეთესად გაიცნობთ.
Nigellissima
Nigella Lawson
Chatto & Windus
273p.
“ნაიჯელისიმა”
ნაიჯელა ლოსონი
273გვ.
დღეს უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს სრული კულინარიული კოლონიზაცია მოახდინა – იტალიაა. ასევე ცალსახად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იტალიური კერძების რეცეპტების კრებულის ავტორი, იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალი – ნაიჯელა ლოსონია, ადამიანი, რომელიც კულინარიული ლიტერატურის ბესთსელერების ავტორთა სიაშია. ინგლისელი ჟურნალისტი ახალი კულინარიული გამოცემის შესავალში წერს: „16-17 წლის ასაკში შეგნებულად გავაცნობიერე, რომ განსაკუთრებული სურვილი მქონდა იტალიელი ვყოფილიყავი… მე განსაკუთრებულად შემიყვარდა იტალია“.
ფერად ფოტოგალერეასთან ერთად, ნიგელას წიგნში იტალიური სამზარეულოს ასამდე რეცეპტია თავმოყრილი, რომელსაც მარტივი განმარტებები ახლავს. მენიუ და ინგრედიენტები სასიამოვნოდ მრავალფეროვანია: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, პასტა, ტკბილეული და ა.შ. „ნიგელისიმა“ – სასიყვარულო ბარათს ჰგავს, რომელიც მკითხველს კერძების მომზადების და დაგემოვნების ზუსტად ისეთ გზებს სთავაზობს, როგორც ამას ადგილობრივი იტალიელები აკეთებენ. ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოამზადო კერძები სტრესის გარეშე“ – აღნიშნულია წიგნის ანოტაციაში.
© “ცხელი შოკოლადი”