ახალი წიგნები

ახალი წიგნები – 2002 – დეკემბერი


ირვინ უელში
“პორნო”
Porno
By Irvine Welsh
Jonathan Cape, pp.320, August 2002

უკვე ათ წელზე მეტია, რაც მკითხველმა ცნობილი Trainspotting-ის გმირები გაიცნო. რა მოხდა შემდეგ? როგორ მოიქცა რენტონი? რომელიმე გმირმა მაინც თუ მოახერხა ნარკოტიკის გადაგდება? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ირვინ უელშის “პორნო” გვაძლევს.
უელშის ახალი რომანი Trainspotting-ის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. რენტონს უკვე ამსტერდამში ვიხილავთ. მან ახალი ცხოვრება დაიწყო, ახალი “გელფრენდი” იპოვა და ვარჯიშიც კი დაიწყო. საიმონ უილიამსონი კვლავ ლონდონშია, ფრენკ ბეგბიმ მოიხადა სასჯელი, მკვლებისთვის რომ მიუსაჯეს და ახლა გარეთაა, თუმცა მკითხველი ხვდება, რომ ბეგბის სრული რეინტეგრაცია პოლიციურ საზოგადოებასთან მაინც ვერასოდეს მოხდება.
კითხულობ რომანს და ნელ-ნელა იკვეთება ირვინ უელშის რბილი, რიტმული ტონები… “პორნო” მწერლისთვის ფორმასთან დაბრუნებაა. ამ ნაწარმოებმა უელშის შემოქმედების წრე შეკრა ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. უელშის რომანი ძველ გარემოში დაბრუნებაა, სადაც გმირები თავის ჯოჯოხეთში იხარშებიან. ეს გარემო მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი და ამიტომ ნაკლებად შემაშფოთებელია.
“პორნოს” შინაარსი მარტივია, უელშის ნაწარმოებები ხომ არასოდეს გამოირჩევა განსაკუთრებულად დახლართული ფაბულით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რომანში გარდატეხაა – ირვინ უელში ქალის ფსიქოლოგიის ექსპერტად გვევლინება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველად წერს სიმპათიით ქალების შესახებ. ნიკი ფულერ-სმიტი რომანის ყველაზე საინტერესო პერსონაჟია, მისი პორტრეტი და ხასიათი ყველაზე კარგად არის დახატული.
ნიკი კინოსკოლის სტუდენტია, ის თვითონ ირჩენს თავს და მასაჟისტის მისაღებში მუშაობს. ნიკი ფიქრობს, რომ მისი მოწოდება პორნოგრაფიულ ფილმებში გადაღებაა. “ყველაზე საშინელება ისაა, როცა კაცი მოდის შენთან და გეუბნება, რომ ძალიან მაგარი ტანი გაქვს; სულაც არ მინდა კარგი, მშვენიერი, ლამაზი და მაგარი ტანი, ისეთიც მეყოფა, ჟურნალებში რომ ბეჭდავენ. ასეთი ტანი რომ მქონდეს, ჟურნალებში მეც ხომ დამბეჭდავდნენ. მაგრამ იქ ჩემი სურათები არ არის, არ მაქვს ასეთი ტანი და იმიტომ. თვალებიდან ცრემლები მომდის, სახე სულ ტუშით გამეთხუპნა. რატომ ვტირი? იმიტომ, რომ ვერსად მივდივარ. აი, რატომ” – ამბობს “პორნოს” პერსონაჟი.
ეს ეპიზოდი და სმიტის გაცამტვერებული ოცნებები “პორნოს” შემაჯამებელ მონაკვეთად უნდა ჩაითვალოს. რომანში ბევრი იმედგაცრუებაა, მაგრამ Trainspotting-ის მსგავსად, “პორნოც” ზეიმობს, რომ ახალგაზრდობას გაძლების, თვითგადარჩენის უნარი აღმოაჩნდა.

უილიამ ტრევორი
“ამბავი ლუსი გოლტისა”
The Story of Lucy Gault
By William Trevor
Viking Penguin, pp. 228, September 2002

უილიამ ტრევორი ჩვეულებას არ ღალატობს და მუდმივი ალტერნატივების ძიებაშია. ეს ისეთივე ბუნებრივია მისთვის, როგორც ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანი ორი ფეხით დადის. მერყეობა მცირე ჟანრის მოთხრობებსა და რომანს შორის, ირლანდიის ცხოვრებიდან ინგლისის ცხოვრებაზე გადასვლა, ეროვნული და პირადი პრობლემების სინთეზი – ეს ყველაფერი მწერლისათვის დამახასიათებელია. ტრევორის ბოლო ნაწარმოები “ამბავი ლუსი გოლტისა” ჭეშმარიტად ირლანდიური რომანია და ისევეა გაჯერებული ეროვნული და პირადი ტკივილით, როგორც მისი ადრეული “ბედის ნებიერები” (Fools of Fortune)
ნაწარმოებს ირლანდიის დამოუკიდებლობის ისტორია უდევს საფუძვლად. რომანი იწყება 1921 წლის მოვლენებით და იმ დროში მთავრდება, როცა ქალაქში, რომელსაც ავტორი ენისეალას უწოდებს, “ქუჩაში მოსიარულენი მობილურ ტელეფონზე საუბრობენ”.
სულ რაღაც 200 გვერდი 80 წლის ისტორიას იტევს, თუმცა ეს მკითხველს სრულებითაც არ აცვიფრებს, მაგრამ არ აცვიფრებს იმიტომ, რომ მწერლური სიურპრიზებით ტრევორს ის ბევრჯერ გაუკვირვებია.
ბედისწერას სასტიკ ტრაგედიამდე მივყავართ. კაცმა რომ თქვას, ის, რაც მოხდა, შეიძლებოდა არ მომხდარიყო; და ალბათ ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ვიღაცას რომ უკან მოეხედა, ვიღაცას ორი სიტყვა ეთქვა, ვიღაცას აეხსნა, ვიღაცა უფრო ადრე გამოჩენილიყო. ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ ადამიანები ერთმანეთთან საუბარს გაურბიან, არ შეუძლიათ აღიარება და დუმილს ამჯობინებენ. მიზეზი შეიძლება იყოს რისხვა, სიამაყე, მწუხარება ან თავდაცვის ინსტინქტი… ტრაგედია კიდევ უფრო მძაფრდება, როცა მისი მიზეზია სტოიციზმი, გარეგნული თავდაჭერილობა, სიყვარულის მცდარი კონცეფიცა ან თუნდაც ნამდვილი სიყვარული. მკითხველმა ისიც კი შეიძლება გაიფიქროს, ამ წიგნის დაწერა მწერალს რაღაც არაამქვეყნიურმა ძალამ შთააგონაო. ტრევორი სიფრთხილით ეკიდება თითოეულ დეტალს. რეალობა ასეთი ულმობელი არ უნდა იყოს, ადამიანი უნდა გამოფხიზლდეს – ეს ქვეტექსტი ყველა ეპიზოდში იკითხება. რომანის დასასრული, სადაც მკითხველი 80 წლის მთავარ გმირს შეხვდება, თითქოს არ არის ტრაგიკული, თუმცა ადამიანის გულში ხომ არაფერი სრულდება.

ჯონ აპდაიკი
“ეძიე ჩემი სახე”
Seek My Face
By John Updike
276 pp. New York: Alfred A. Knopf, November 2002

აპდაიკის ახალი რომანი ხელოვნებათმცოდნეებსაც დააინტერესებს. აქ ავტორი შეეცადა ხელოვნების ისტორიისა და მხატვრული ლიტერატურის შერწყმას. შედეგი მართლაცდა უჩვეულო გამოდგა; თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მწერალს დაავიწყდა ერთი ჭეშმარიტება, რომ ხელოვანის საქმე და მისი შინაგანი სამყარო მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. კრიტიკოსებმა არც აპდაიკის მიერ დახატული პერსონაჟები მოიწონეს: პერსონაჟები სქემატურია, მათში ხასიათი არ არის დაჭერილი, მთავარი გმირი ჰოუპი თითქმის უსახურია, მეორე გმირი – ზეკი კი მწერალმა ლამის უცვლელად გადმოიღო პირველწყაროდან. აპდაიკისთვის უჩვეულო რომანში ისაა, რომ მას არასოდეს მიუქცევია ასეთი მცირე ყურადღება ნიუანსებისა და მუსიკალურობისათვის. ყველა გვერდზე შეხვდებით გაწყვეტილ წინადადებებს.
რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხელოვნების ერთ დარგზე საუბარი მეორე დარგის მეშვეობით. როგორც წესი, ასეთი მცდელობა იშვიათად თუ ყოფილა წარმატებული. ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი თომას მანის “დოქტორი ფაუსტუსია”.
ერთ-ერთ მინაწერში მკითხველისადმი აპდაიკი წერს, რომ მისი რომანი მხატვრული აზროვნების ნაყოფია და მასში არაფერია აბსოლუტურად სინამდვილიდან აღებული. თუმცა, იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ დეტალების დიდი ნაწილი აღებულია სტივენ ნაიფეს და გრეგორი უაიტ სმიტის 1989 წლის ბიოგრაფიული თხზულებიდან – “ჯეკსონ პოლოკი: ამერიკული საგა” და კლიფორდ როსის ანთოლოგიიდან – “აბსატრაქტული ექსპრესიონიზმი: შემოქმედები და კრიტიკოსები”.
“ეძიე ჩემი სახე” მოგვითხრობს ამერიკელი მხატვრების – ექსპრესიონისტების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, როგორ ჩაუდგა მათ სათავეში ჯექსონ პოლოკი და როგორ მოახერხეს ამ ადამიანებმა ომის დამთავრების შემდეგ სულ რაღაც ათი წლის განმავლობაში ევროპელებისგან განცალკევება და იმ თვითმყოფადი კულტურის შექმნა, რამაც ნიუ-იორკი ხელოვნების სამყაროს დედაქალაქად აქცია.
მოქმედება ხდება ვერმონტის შტატში. აპრილის დასაწყისის ერთ ჩვეულებრივ დღეს, ჰოუპ ჩაპეტცის სახლში. ჰოუპ ჩაპეტცი მხატვარ ზაკ მაკოის (პოლოკის პროტოტიპი) მეუღლე და მხატვარ გაი ჰოლოუეის ქვრივია, ის თვითონაც ხელოვანია. ახალგაზრდა ჟურნალისტი კეტრინი ომის შემდგომი პერიოდის ამერიკული ხელოვნების ისტორიის შესწავლას გადაწყვეტს და ჰოუპს ეწვევა ინტერვიუს ჩასაწერად. მთელი დღე ილაპარაკებენ, საუბარი ძირითადად ჰოუპის – 78 წლის ქალის მოგონებებისგან შედგება, მკითხველის თვალწინ ხელოვანთა ცხოვრება და პორტრეტები წარმოჩნდება. თუმცა, კრიტიკოსებს თუ დავესესხებით, რომანი შეიძლება ვერც დაეხმაროს მკითხველს “იმ სახის ძიებაში”, რომლისკენაც ის მიილტვის, რადგან ხელოვანები მაინც მიუწვდომელნი არიან. ერთი რამ კი ცხადია: წიგნში მკითხველი ნამდვილად ბევრ საინტერესოს აღმოაჩენს, იმას, რაც დაფარულია და რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერც კი ვამჩნევთ.

ცვეტან ტოდოროვი
“უსასრულო ბაღი: ჰუმანიზმის მემკვიდრეობა”
The Imperfect Garden: The Legacy of Humanism
By Tzvetan Todorov
Translated by Carol Cosman
Princeton University Press, pp.264, March 2002

ერთი შეხედვით, 60-70-იანი წლების ფრანგი სტრუქტურალისტისა და ლიტერატურის კრიტიკოსის, ცვეტან ტოდოროვის რომანი “უსასრულო ბაღი” მავანსა და მავანს შეიძლება მწერლის შემოქმედების უკუსვლად მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. უბრალოდ, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ეს წიგნი ფრანგული ლიტერატურის კლასიკაზეა ამოზრდილი და მთლიანად ფრანგ მკითხველზეა გათვლილი.
ტოდოროვი ჰუმანისტების ზნეობრივ ფილოსოფიას ასე ლაკონურად ახასიათებს: “მათი უნივერსალურობა, შენი სასრულობა და ჩემი ავტონომია”. ნებისმიერი ინდივიდი ავტონომიური სუბიექტია, ზნეობრივი არჩევანი მოყვასისთვის სიკეთის გაკეთებას, მოყვასის კეთილდღეობის საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა დაყენებას ნიშნავს. მხოლოდ მაშინ დაერქმევა მთელ კაცობრიობას ჰუმანიზმის სახელი, – წერს ტოდოროვი.
ტოდოროვის ნაშრომი მულტიკულტურული აზროვნების შედეგია. ამასთან, აქ ბევრ ლიტერატურულ-ფილოსოფიურ სიახლესა და მიგნებას წააწყდებით.
“უსასრულო ბაღის” ავტორი ტოლერანტული, გამგებიანი და ბრძენია შეფასების დროს. ტოდოროვი თავის ნააზრევს სისტემურად გადმოგვცემს, სწორედ ისე, სტრუქტურალისტს რომ შეეფერება, და XVI და XIX საუკუნეების საფრანგეთის ჰუმანისტური აზრის შთამბეჭდავ სინთეზს გვთავაზობს. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ტოდოროვის შეხედულებები კაცობრიობაზე, საზოგადოების ცხოვრებაზე, პოლიტიკასა თუ ზნეობრიობაზე მკითხველისთვის იმედისმომცემია.

სალმან რუშდი
“გადააბიჯეთ ამ ზღვარს”
Step Across This Line
By salman Rushdie
New York: Random House, pp.402, September 2002

“გადააბიჯეთ ამ ზღვარს” – ასე ჰქვია სალმან რუშდის ახალ კრებულს, რომელსაც სახელი ამავე წიგნში შესული ლექციების ციკლის მიხედვით დაერქვა. ლექციათა დიდი ნაწილი 11 სექტემბრის მოვლენებს ეხმიანება. მწერალი ყველა ხელოვანს მოუწოდებს, გაილაშქრონ ძალადობის წინააღმდეგ, იბრძოლონ, რათა ხალხი გამოფხიზლდეს და ბოლოსდაბოლოს, ჩვენი მსოფლხედვა შეიცვალოს. მთავარი საკითხი, რაც დღესდღეობით ყველაზე მწვავედ დგას, არის ღირებულების საკითხი, – ამბობს რუშდი და ეს ღირებულება ხელოვანის სამშობლოა.
აიათოლა ხომეინისა და ბრიტანელი პოლიტიკოსების ღალატის შემდეგ სალმან რუშდი კვლავ კალმით დაწერილი სიტყვის ერთგული რჩება. კრებულში შესული ესეები ძირითადად ლიტერატურას ეძღვნება. იგი მოიცავს ე.წ. “ჟამიანობის წლების” რჩეულ ესეებს (ამ სახელით მოიხსენიებდა რუშდი იმ პერიოდს, როდესაც მას სიკვდილით ემუქრებოდნენ, ხოლო ის მხარდაჭერა, რომელსაც მავანნი იჩენდნენ მის მიმართ ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ წრეებში, მხოლოდ მოჩვენებითი იყო).
კრებულის ყველაზე სუსტ სექციად კრიტიკოსები ჟურნალისტურ ნაშრომების სექციას ასახელებენ. აქ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საგაზეთო სვეტებია წარმოდგენილი. ეს სტატიები რამდენიმე წლის წინ საკმაოდ დროული ჩანდა, ახლა კი პრინციპში ტრივიალურია. თუმცა გაზეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, უჩვეულო აქ არაფერია: 2000 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ საგაზეთო წერილი მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის პაროდიას წარმოადგენს – აშშ მოხერხებულად იყენებს უსამა ბენ ლადენის ფიგურას, როგორც ბოროტ ძალას, ჩვენ, ბავშვები რომ დაგვაშინოს. ამავე წლის ბოლოს დაწერილ პუბლიკაციაში მწერალი ვარაუდობს, რომ ბუში და გორი ძალაუფლებას გაინაწილებენ და ა.შ.
თუ ეს კრებული მკითხველს დაამახსოვრდება, ისევ ზემოხსენებული ლექციებისა და მათი თანმდევი ესეების წყალობით. აქ რუშდი თავის ჩვეულ ამპლუაშია, გვიამბობს ადამიანურ ფასეულობებზე. ხაზები, რომლებიც გადაიკვეთება, ორგვარია. არსებობს საზღვრები და არსებობს მსაჯულთა – ხელისუფლებისა და ხელისუფალთა ზღვარი.
ამ თემაზე საუბრის დროს მწერალი აკრიტიკებს “პატივისცემის” იდეას, როგორც დიალოგის წინააღმდეგ მიმართულ იარაღს. “ჩვენგან მოითხოვენ, დავუპირისპირდეთ ამ რწმენას (რელიგიური ექსტრემიზმის იდეებს) და ის დანაშაულად, მოძველებულად, მცდარად აღვიქვათ. არადა, ასეთი განდგომა “პატივისცემის” კონცეფციასთან შეუთავსებელია.
საინტერესოა რუშდის რემინისცენციები “ჰიბრისის” თემაზე: “ღმერთები გვეუბნებიან, იყავი ის, რაც ხარ და იცოდე შენი ადგილი – ასეა მიღებული, თორემ სინამდვილეში მითები საპირისპირო ინფორმაციას შეიცავს – არ დახარო თავი, არ უნდა იცოდე, სად არის შენი ადგილი, გამოიწვიე ღმერთები და გაოცდები, იმდენ ღმერთს აღმოაჩნდება თიხის ფეხები.”
“რა არის ის საკითხები, რაზეც ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, – კითხვას სვამს რუშდი, – კოცნა საჯარო ადგილას, ბეკონის სენდვიჩი, უთანხმოება, გაშიშვლებული მოდა, ლიტერატურა, დიდსულოვნება, წყალი, მსოფლიო რესურსების თანაბარი და სამართლიანი განაწილება, ფილმები, მუსიკა, აზროვნების თავისუფლება, სილამაზე, სიყვარული… ჩვენ უნდა ავირჩიოთ ცხოვრების სწორი – უშიშარი გზა და ჩვენ გავიმარჯვებთ.”
“გადააბიჯეთ ამ ხაზს, – ამბობს რუშდი, – მაგრამ უკან აღარ დაბრუნდეთ, თქვენ ვეღარასოდეს შეძლებთ შინ დაბრუნებას…”

ჰამფრი კარპენტერი
განრისხებული ახალგაზრდები: 50-იანელთა ლიტერატურული კომედია
The Angry Young Men: A Literary Comedy of the 1950s
By Humprey Carpenter
Allen Line, pp.244, March 2002

მწერლებს და, საერთოდ, ხელოვანებს უყვართ, როცა მათ ბიოგრაფიებსა და შემოქმედებას კრიტიკოსები ინდივიდუალურ ჭრილში განიხილავენ, კრიტიკოსები კი ხელოვანთა ერთი რომელიმე ჯგუფის შემოქმედებითი თავისებურებების აღწერას ამჯობინებენ. კარპენტერს ორივე სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს – მას ცალკეულ ცნობილ ადამიანთა ადამიანთა ბიოგრაფიებიც შეუქმნია და ჯგუფური პორტრეტებიც. კარპენტერის ნაწარმოებები სასიამოვნოდ იკითხება, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, ამ ჟანრის ლიტერატურაში ბევრი უზუსტობა იპარება ხოლმე, რადგან მწერალს ცალკეულ პიროვნებათა ფსიქოლოგიურ სიღრმეებზე მეტად ამბის თხრობა უფრო აინტერესებს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ კარპენტერის რომანში უზარმაზარი ინფორმაცია და დიდი შრომაა ჩადებული.
ახალი წიგნი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის რუკაა, ოღონდ ბიოგრაფიული რუკა, სადაც მთელი თაობის ცხოვრებაა აღწერილი: ფილიპ ლარკინი, კინგსლი ემისი, ჯონ ოსბორნი, ჯონ უეინი, ჯონ ბრეინი და კოლინ უილსონი. ეს ადამიანები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ, ამავე დროს, ერთ თაობას – 50-იანელებს ეკუთვნოდნენ და ბევრი საერთო პრობლემა აღელვებდათ.
მარტო ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების სახელების ხსენებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ახალმა წიგნმა მკითხველი ჩაითრიოს. ისინი განრისხებული თაობის წარმომადგენლები იყვნენ, თაობისა, რომელსაც ყელში ამოუვიდა მეკავშირეთა გამარჯვების სიხარული, მშობლების გაუთავებელი ჩიჩინი, ხელისუფალთა დირექტივები და სტატუს კვო. და ისინი ეძიებდნენ გამოსავალს ცხოვრების გადახალისებისათვის.
კარპენტერის წიგნში მკითხველის თვალწინ გადაიშლება 50-იანელთა მშფოთვარე ცხოვრება, რომელიც მისთვის ყოველთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა.

მოამზადა თამარ სუხიშვილმა

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box