The Light of Day
By Graham Swift
Hamish Hamilton, 256 გვ.
რომანის ეპიგრაფიდანვე მიხვდებით, რომ ამ წიგნის მკითხველს მტკიცე ნერვები სჭირდება: “სიყვარულსა და ომში ყველაფერი მიმზიდველია”. თავად მწერალი კი ნებისყოფის სიმტკიცეს ნამდვილად არ უჩივის. ეს რომანი, საინტერესო სიუჟეტის გარდა, მწერლის – გრემ სვიფტის ერთგვარ პორტრეტსაც წარმოგვიდგენს, რადგანაც აქ ავტორის სიმტკიცესთან ერთად მისი ხასიათის სხვა თვისებებიც ეკვეთება.
ახალი რომანი “დღის სინათლე” მოგვითხრობს გამომძიებელზე, სახელად ჯორჯ ვებზე, რომელიც უიმბლდონში დასახლდება, ნოემბრის ერთ ჩვეულებრივ დღეს მისტერ ვები ყვავილებს ყიდულობს და საფლავზე მიდის. ცოტა ხნის შემდეგ კი იმ ქალს მოინახულებს ციხეში, რომელსაც მკვლელობა ედება ბრალად. რაშია საქმე? – მკითხველს პირველივე წინადადების წაკითხვისთანავე ცნობისმოყვარეობა იპყრობს. გამომძიებელი ერთი უიღბლო კაცია, ქორწინებამ არ გაუმართლა და აი, გაიცნო ქალი – მასწავლებელი და მთარგმნელი, რომელმაც ის კერძო დეტექტივად დაიქირავა. ამიერიდან, ვები სარა ნეშის აგენტია და მის ქმარს უთვალთვალებს. ნეშს აგენტის დაქირავების მიზეზი აქვს: მის ქმარს, პროფესიით ექიმს თავისი პაციენტი – ახალგაზრდა ხორვატი ქალი შეუყვარდება. თუმცა მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდება, კრისტინა უკვე შინ აპირებს დაბრუნებას და რომ არა სარას გადამეტებული ეჭვიანობა, ტრაგედიაც არ დატრიალდებოდა. მაგრამ სარა მანამდე არ მოეშვება თავის გამოძიებას, სანამ არ დარწმუნდება, ნამდვილად ავა თუ არა კრისტინა თვითმფრინავში. გამოძიების ამ ჯაჭვს მკვლელობამდე მივყავართ. ახლა, ორი წლის შემდეგ, ჯორჯ ვები ყვავილებს აწყობს უდროოდ დაღუპული ექიმის საფლავზე და სარას სანახავად მიდის. ფაქტობრივად, ისიც დაღუპული ადამიანია, რომელიც საკუთარი გამოძიების მსხვერპლი ხდება.
ეს ეპიზოდი ჰგავს გრემ გრინის რომანს “სიყვარულის დასასრული” (The End of the Affair); ორივე რომანის მთავარ გმირ ქალებს ერთი და იგივე სახელი ჰქვიათ. სვიფტის ნაწარმოებშიც იგრძნობა გრინის მელანქოლია, ელეგიურობა, გრინის რომანის მსგავსად, აქაც რეტროსპექტული თხრობაა, რომელსაც აწმყოსკენ მოვყავართ.
სვიფტი იმდენად არ ამახვილებს ყურადღებას მომხდარ ტრაგედიაზე, რამდენადაც ადამიანის ფსიქოლოგიურ შრეებზე. ბევრ რამეს არც კი ეფინება ნათელი…
“დღის სინათლე” მკითხველისგან გონების დიდ დაძაბულობას მოითხოვს, ეს არის სიყვარულის სამკუთხედის ტრაგიკული ისტორია, ეს სამკუთხედი მხოლოდ მკვლელობის შემდეგ იხსნება, თანაც ამ მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ.
რომანის მთელი პათოსი ერთი ფრაზით შეიძლება გამოიხატოს: “ბევრს ნურაფერს ელოდები”. და რომანის გმირები მაინც ელოდებიან რაღაცას და ჰგონიათ, რომ ეს რაღაც ძალიან შორსაა, თუმცა Terra Incognita შესაძლოა ძალიან ახლოს, სადღაც აქ, კუთხეში იყოს.
სვიფტის 23 წლის წინ დაწერილ რომანში “ტკბილეულობის მაღაზიის მეპატრონე” (The Sweet Shop Owner) ვკითხულობთ: “ადამიანის ცხოვრება რუკასავით არის გადაშლილი”. ახალი რომანიც ადამიანის ფსიქოლოგიურ რუკას წარმოგვიდგენს. გმირების შინაგანი მდგომარეობის წვდომა სენტიმენტალურ განწყობას გვიქმნის და სოფისტური მსჯელობის გუნებაზეც გვაყენებს: სიყვარული სრულყოფილია, რადგანაც მიუწვდომელია, და რეალურია, რადგან არარეალურია.
რომანს აქვს საოცრად დახვეწილი სტრუქტურა, აქ გათვლილია ყოველი დეტალი, ყოველი წინადადება, ყოველი წუთი, ყოველი საათი.
“დღის სინათლეში” პერიოდულად მეორდება ასეთი სცენა, ერთი ადამიანი მიდის მეორე სნეული ადამიანის სანახავად. ვაჟები მამას ეწვევიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ეს საავადმყოფო მათთვის უცხო ქვეყანასავითაა, ციხეში სტუმრობაც უცხო მხარეში ჩასვლას ემსგავსება. ადამიანები ილტვიან უცხო სამყაროსაკენ, რომანში მარტო კრისტინა არ არის ლტოლვილი, აქ ყველა გმირი ლტოლვილია, ზოგი ერთმანეთს გაურბის, ზოგიც საკუთარ თავს.
“ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით და ერთმანეთს ვშორდებით, ჩვენ მივდივართ, მაგრამ არავითარი კანონი და წესი არ გვაქვს იმისათვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე დავიცვათ,” – ნათქვამია რომანში. ეს ნათქვამი ჭეშმარიტებაა სწორედ ამიტომ არის ტრაგედია.
იოზეფ როთი, “რა ვნახე – ამბები ბერლინიდან, 1920-1933”
What I Saw: Reports from Berlin, 1920-1933
By Joseph Roth,
Translated by Michael Hofmann
Norton, 2002
ამ წიგნის ანოტაცია ძალიან ლაკონურად, სულ რაღაც ორი სიტყვით შეიძლება გადმოვცეთ: ფაშიზმის დაბადება. მისი ავტორი იოზეფ როთი გერმანულენოვან ქვეყნებში ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტი იყო.
როთი 1894 წელს დაიბადა ებრაულ ოჯახში გალიციაში, ჰაბსბურგის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვარზე. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ავსტრო-უნგრეთის არმიაში მსახურობდა და აღმოსავლეთ ფრონტზე იბრძოდა. შემდგომში თავის სტატიაში წერდა კიდეც: მე წავაგე ბრძოლა, როგორც გენერალმა ლუდენდორფმა, მაგრამ, ლუდენდორფისგან განსხვავებით, ჩემთვის ჩინ-მედლები არავის მოუციაო”. ჟურნალისტური საქმიანობა როთმა ვენაში დაიწყო, მემარცხენეთა გაზეთისთვის წერდა. 1920 წელს ის ბერლინში გადავიდა და ადგილობრივ გაზეთში – Berliner Boersen-Courier-ში მუშაობდა კორესპონდენტად. სამი წლის შემდეგ ფელეტონების წერა დაიწყო და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გაზეთში Frankfurter Zeitung-ში (ახლა Frankfurter Algemeiner Zeitung) დაიდო ბინა. ამ ფელეტონებს თავის სახელს ასეთნაირად აწერდა: rth. ამასთან ერთად, იოზეფ როთი წერდა ჩანახატებს, ამზადებდა სასამართლოდან რეპორტაჟებს და რეცენზიებს კინოზე, თეატრსა და ლიტერატურაზე. სწორედ ამ წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი Das Spinnennetz (“ობობას ქსელი”), რომელშიც მწერლის მემარჯვენე განწყობა იყო ასახული.
1925 წელს, როცა გენერალი ჰინდენბურგი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა, მან გაღიზიანებულმა განაცხადა, რომ როთის რომანს არასოდეს წაიკითხავდა. როთმა ბერლინი მიატოვა და ისევ ფელეტონების წერას მიუბრუნდა, ამ პერიოდში მწერალს მთლიანად გაუქარწყლდა მემარცხენე ილუზიები. როცა 1933 წელს გერმანიის სათავეში ჰიტლერი მოვიდა, როთმა საერთოდ მიატოვა სამშობლო და პარიზში, ამსტერდამსა და ოსტენდში ცხოვრობდა. სასოწარკვეთილი იყო და ამ სასოწარკვეთილებაში მყოფი 1939 წლის მაისში გარდაიცვალა კიდეც.
აღნიშნულ კრებულში ჯოზეფ როთის ბერლინური მიმოხილვებია შეკრებილი. ეს სტატიები 1996 წელს შეკრიბა მაიკლ ბინერტმა და თარგმნა ჰოფმანმა. “რა ვნახე” მცირე ზომის სკეჩების კრებულია, ეს არ არის წმინდა დოკუმენტური წყარო, მაგრამ დოკუმენტურ მასალაზე ბევრად უფრო შთამბეჭდავია. როგორია როთის ბერლინი? – ქალაქი, რომელიც სირცხვილისა და ნოსტალგიის ჭაობში ჩაფლულა და თან მოდერნიზაციისაკენ მიისწრაფის. ეს არის ქალაქი, რომლის გზაც არსად არ მიდის, გარდა ბერლინისა.
როგორც კრიტიკოსები ამბობენ, თუ შეიძლება, რომ როთის ნაწერებს რამე ნაკლი გამოვუძებნოთ, ეს ხასიათის სწორხაზოვნებაა, როთის გმირები არ არსებობენ უნიფორმის გარეშე. სხვათა შორის, ეს სწორხაზოვნება – იგივე Einseitigkeit, როგორც გერმანულ ჟურნალისტიკასა და მწერლობაში მიღებულია, როთის დიდ ნიჭზე მეტყველებს. ქალაქის მცხოვრებთა პორტრეტები თვალის ერთი შევლებით არის დახატული.
იოზეფ როთის ახალი კრებული საინტერესო მასალაა ლიტერატურით, პოლიტიკით, მასმედიის მუშაობით, სამყაროში მიმდინარე კატაკლიზმებით, გერმანიის პოლიტიკური პროცესებითა და ფაშიზმის ფენომენით დაინტერესებული მკითხველისთვის.
1933 წლის 10 მარტს ფაშისტებმა ოპერნპოლატცში საჯაროდ დაწვეს წიგნები, მათ შორის “ობობას ქსელიც” იყო. “ჩვენ ვუმღეროდით გერმანიას, ნამდვილ გერმანიას, სწორედ ამიტომაც დაგვწვეს დღეს ჩვენ” – ასე გამოეხმაურა გულგატეხილი მწერალი ამ ფაქტს.
ნიკ ჰორნბი, “31 სიმღერა”
31 Songs
By Nick Hornby
Viking, 208 გვ.
წიგნმა, რომელიც თანამედროვე მუსიკაზე და შემსრულებლებზე იწერება, ორ გამოცდას მაინც უნდა გაუძლოს. პირველ რიგში, ავტორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მკითხველს ეს სიმღერა შესაძლოა მოსმენილიც კი არ ჰქონდეს; ამასთან, წიგნმა მკითხველი თანამედროვე მუსიკალური პროცესებით მეტნაკლებად უნდა დააინტერესოს. დანარჩენი კი უკვე მწერლის ნიჭსა და უნარზეა დამოკიდებული. ლიტერატურულ ალღოსა და გემოვნებას კი ისეთ ცნობილ ბრიტანელ მწერალს, როგორიც ნიკ ჰორნბია, ნამდვილად ვერ დაუწუნებთ. ახალი კრებული, რომელშიც 31 თანამედროვე მუსიკალური კომპოზიციაა მიმოხილული, ზემოაღნიშნულ ფუნქციებს ნამდვილად ასრულებს. წიგნი უდავოდ დააინტერესებს მუსიკის, და არამარტო მუსიკის, მოყვარულებს. აქ შეხვდებით ძველი თაობის ვარსკვლავებს – ბრუს სპრინგტინს, ბობ დილანს, როდ სტიუარტს, სანტანას, “ლედ ზეპელინს”, “ბითლზს”, ვან მორისონსა და სხვებს, ახალი თაობის პოპულარულ შემსრულებლებს და ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებს.
ნიკ ჰორნბის ახალი წიგნი ესეების კრებულია: ეს არის წიგნი მუსიკაზე, – ამბობს ავტორი. თუმცა ამ ესეებს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი მუსიკალურ რეცენზიებად არ განიხილავს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, წიგნის მხატვრული ღირსებებს არაფერს აკლებს. ესაა ავტორისეული ინტერპრეტაციაა იმ 31 სიმღერისა, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, შეცვალეს მწერლის ცხოვრება, ესაა წიგნი ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ნიკ ჰორნბის მსგავსად აზროვნებენ.
მუსიკის ავანტურა იმაში მდგომარეობს, რომ არასოდეს იცი, სად მიგიყვანს იგი. როდ სტიუარტმა ჰორნბი ბობი ბლანდთან მიიყვანა, ბობი ბლანდის მუსიკამ ბიბი კინგი ამოატივტივა და ასე დაიბადა ესეების კრებულიც, რომელიც მუსიკალურ თემებთან ერთად მრავალ სხვადასხვა ასპექტსაც შეიცავს.
თანამედროვე შემსრულებელთა შეფასებისას ნიკ ჰორნბი არასოდეს გაურბის სიტყვას “სრულყოფილი” (perfect), ერთ-ერთი ასეთი perfect-ის ნიმუშია ყველსასათვის ცნობილი მომხიბლავი ნელი ფურტადო და მისი სიმღერა I am Like a Bird, ასე ხშირად რომ ტრიალებს MTV-ის ჰიტ-აღლუმში.
თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰორნბის ესეები მუსიკალური კრიტიკის სფეროს არ მიეკუთვნება, ხშირად ისინი უბრალოდ ავტორის ემოციებსა და გრძნობებს გადმოგვცემს. ამასთან, სიმღერები – მათი ტექსტი, მუსიკა, შესრულების სტილი გამოყენებულია ამა თუ იმ სოციალური მოვლენისა ან ცალკეული ადამიანის ფსიქოლოგიის ამოსახსნელად.
კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამ წიგნის რეცენზიის დაწერა ძალიან რთულია. მიზეზი მარტივია – როგორც უკვე ვთქვით, ეს ხომ არც წმინდა წყლის მუსიკალური კრიტიკაა, არც მსჯელობა სოციალურ თემებზე და და არც სხვა რამ. კრებული მრავალი ასპექტის ნაზავს წარმოადგენს, ბოლოსდაბოლოს წიგნში ხომ ის 31 სიმღერაა შესული, რომლებმაც შეძრა ნიკ ჰორნბი. კრებული ბევრს გვეუბნება თვით მწერლის პიროვნებაზე, იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს მუსიკა ადამიანის სულზე…
წიგნში ხუმრობანარევ თერაპიულ რჩევებსაც შეხვდებით, რომლებიც თანამედროვე მსმენელთან ერთად დიჯეებსაც გამოადგებოდათ, მაგალითად ასეთს: “მოუსმინეთ ამ კომპოზიციას და გახდებით ისეთივე ბედნიერი, ბრძენი და მაგარი, როგორიც მე ვარ.”
დაბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ კრებული ნიკ ჰორნბიმ მას შემდეგ დაწერა, რაც, თავისი ანგარიშით, 1500-ჯერ მოისმინა ბრუს სპრინგსტინის Thunder Road-ს, ხოლო ლეგენდარული “ბითლზი” უკვე იმდენჯერ ჰქონდა მოსმენილი, რომ ვერც კი დაითვალა.
ნიკ ჰორნბი თავის დროზე მკითხველმა პოპულარული საფეხბურთო წიგნით შეიყვარა: But It’s About Arsenal.
კლინტონ ჰეილინი, “გრძნობთ სიჩუმეს? ვან მორისონი: ახალი ბიოგრაფია”
Can You Feel the Silence? Van Morrison: A New Biography
By Clinton Heylin
Penguin Viking, 505 გვ.
ვან მორისონის ახალი ბიოგრაფიით იმედგაცრუებას კრიტიკოსები ვერ მალავენ. ეს არ არის ბიოგრაფიული ხასიათის თხზულებაა, არც დოკუმენტურ წყაროდ გამოდგება და არც მხატვრული ღირებულება აქვს, – გამანადგურებელი ეპითეტებით უმალ შეამკეს ახალი წიგნი ლიტერატურული რეცენზიების ავტორებმა და იქვე დააზუსტეს: ეს არის სიტყვების თამაში, გრძელი, გაწელილი ამბავი, თანაც იუმორს მოკლებული; არადა, იუმორი პრინციპში აუცილებელი ატრიბუტია შოუ-ბიზნესის სამყაროს ცხოვრების აღწერისასო.
თავისი მკითხველი ამ წიგნს მაინც გამოუჩნდა, თუმცა ძნელია იმის თქმა, რამ განაპირობა მკითხველის ინტერესი – ავტორის ლიტერატურულმა ალღომ თუ თავად მორისონის წინააღმდეგობრივმა ფიგურამ: ვან მორისონი ხომ სწორედ ის მუსიკოსია, რომელიც როკ-ენ-როლის უცენზო სამყაროშიც კი გამოირჩეოდა მძიმე ხასიათითა და უცნაური ქცევით და როკ-ენ-როლის უსაზღვრო სტანდარტებშიც კი არ ჯდებოდა. თანამედროვეთა გადმოცემით, მისი მოქმედების პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ვან მორისონის პიროვნება იდუმალებით მოცულიც იყო და ერთგვარად შემაძრწუნებელიც.
მაინც სამწუხაროა, – თავისას არ იშლიან კრიტიკოსები, – ეს ყველაფერი ბევრად უფრო კარგად შეიძლებოდა დაწერილიყო. არსებობს მდიდარი მასალა, მომღერლის ბიოგრაფიული დეტალები, ურთიერთობები და შეხლა-შემოხლა სხვა მუსიკოსებთან, ბოჰემური ცხოვრება. თანაც არიან ავტორები, რომლებიც უფრო მეტ დროს გაატარებდნენ არქივებსა და წიგნებში თავჩარგულნი, და ნაკლებ დროს დაუთმობდნენ ფუჭ ლაპარაკს. 505 გვერდის დაწერა ნამდვილად არ არის საჭირო იმისათვის, რომ თქვა ის, რაც დიდი ხანია ნათქვამია და რომც არ იყოს ნათქვამი, ისედაც ყველამ კარგად იცის: დიახ, ვან მორისონი ძალინ რთული ტიპი იყო, მაგრამ ძალიან კარგი მუსიკოსი. თუ მწერალი ასეთ სქელტანიან წიგნში მხოლოდ ამის თქმას შეძლებს და სხვას ვერაფერს იტყვის, ესე იგი, ავტორს ლიტერატურაში ბევრი არაფერი გაეგება.
ამ წიგნის გმირი წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო, ასეთივე წინააღმდეგობებითაა სავსე რომანიც, რომელიც მის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. განსხვავება ისაა, რომ მძიმე ხასიათს ვან მორისონის შემოქმედებითი კარიერისთვის ხელი არ შეუშლია, წიგნში გაპარული უზუსტობები კი მწერლის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს…
აქედან გამომდინარე, შესაძლოა, კრიტიკოსების შენიშვნები სხვა ავტორებსაც დაუჯდეთ ჭკუაში, და ვან მორისონის ცხოვრება კვლავაც მოექცეს ლიტერატურის ყურადღების ცენტრში, რადგან მწერალიც და მკითხველიც შემოქმედებაში ჭეშმარიტებას ეძიებს, ვან მორისონის თავზეხელაღებულ ცხოვრებაში კი იდო ერთი უდავო ჭეშმარიტება – მუსიკა.
იტალო კალვინო, “განდეგილი პარიზში”
Hermit in Paris
By Italo Calvino
Jonathan Cape, 276 გვ.
ცნობილ მწერალს – იტალო კალვინოს (1923-1985) ანტისემიტიზმში ბრალს ნამდვილად ვერ დასდებთ. თუმცა მკითხველთა და კრიტიკოსთა ერთი ნაწილი ასე არ ფიქრობს. ამის მიზეზი ისაა, რომ მწერლის ახლად გამოცემულ წიგნში, რომლის სახელწოდებაა “განდეგილი პარიზში”, დიდი ადგილი ეთმობა ებრაელების თემას. უნდა ითქვას, რომ კალვინო ძალზედ საინტერესოდ და ორიგინალურად წერს ებრაელების შესახებ და, რაც მთავარია, მისი მსჯელობა ყოველთვის თამამია და არც დაკვირვებებია ბანალური. ეს კალვინოს შემოქმედების დიდი ღირსებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს შიში – არ გაიმეოროს ის, რაც უკვე ნათქვამია, თავი არ შეაწყინოს მკითხველს.
“ნიუ იორკის ბეჭდვითი გამოცემების 75% ებრაელების ხელშია, თეატრალური სამყაროს 90% ებრაელები შეადგენენ, ნიუ იორკის წამყვან ინდუსტრიაში – ფეშენის ინდუსტრიაში ებრაელები ბატონობენ, ამერიკულ ბანკებსა და უნივერსიტეტებზეც ებრაელებს აქვთ მონოპოლია,” – წერს კალვინო. სწორედ ამდაგვარი ციტატების გამო მიიჩნევენ კალვინოს მსჯელობას ანტისემიტურად, თუმცა მწერალი უბრალოდ სემიტური რასის ფენომენით არის დაინტერესებული და სხვა არაფერი. და თუ მის დაინტერესებას მაინცდამაინც ანტისემიტიზმის სახელით მოვნათლავთ, კალვინოს ანტისემიტიზმი სწორედ იმავე მიზეზით არის საყურადღებო, რითიც ელიოტის ანტისემიტიზმი.
იტალო კალვინოს “განდეგილიòპარიზში” ქალაქურ ცხოვრებაზე გვიამბობს. ნაწარმოების კითხვისას მკითხველს აუცილებლად გაახსენდება ერთი ეპიზოდი მისი რომანიდან “უხილავი ქალაქები”: ყუბლაი ხანი მარკო პოლოს უბრძანებს, აღწეროს თავისი მოგზაურობა. და მარკო პოლოც იწყებს ერთიმეორის მიყოლებით ქალაქების ჩამოთვლას, ყოველი ახალი ქალაქის ნახვით მიღებული შთაბეჭდილება ძველზე უფრო მძაფრი და ფანტასტიკურია. მაგრამ უეცრად აღმოჩნდება, რომ მარკო პოლო, რომელიც სამშობლოს მოშორებული ენაწყლიანად გვიამბობს თავის ხანგრძლივ მოგზაურობაზე, უცხო ქვეყნის ქალაქებს კი არ აღწერს, არამედ თავის მშობლიურ ქალაქზე – ვენეციაზე გვიამბობს. “მშობლიური ქალაქის მიტოვება, – უხსნის მარკო მბრძანებელს, – ეს წარმოსახვაში მშობლიურ ქალაქთან დაბრუნებაა. რაც უფრო ბევრს ხედავ, მით უფრო შეიცნობ იმ მცირეს, რაც შენია, შენი საკუთრებაა.”
პრინციპში მწერალი მარკო პოლოს ათქმევინებს იმას, რასაც თავად ფიქრობს. მშობლიურობის შეგრძნება იტალო კალვინოს ყოველთვის თან სდევდა და ეს განცდა, გნებავთ ინტუიტიური წვდომა თუ წარმოსახვა კარგად აისახა რომანში “განდეგილი პარიზში”, რომელიც მისი ავტობიოგრაფიული ჩანაწერების პატარა კოლექციას წარმოადგენს. აქ თავმოყრილია 19 სკეჩი და ესე. ამ ჩანაწერებიდან ვიგებთ, როგორ გაიარა კალვინოს ბავშვობამ ჩრდილო იტალიაში, რა გავლენა მოახდინა მასზე ფაშიზმის წლებმა, როგორ უარყო კომუნისტური იდეალები და სხვა. “მეც სტალინისტი ვიყავი? – სვამს ერთგან შეკითხვას, რომელიც რელიგიური კონფესიის მსგავსად ჟღერს და იქვე უპასუხებს: ცოტათი ახლაც ვარ სტალინისტი”.
წიგნის ძირითადი თემა მაინც “გლობალური კულტურისკენ ლტოლვაა”. კალვინოს ყურადღების ცენტრში მსოფლიოს ორი მნიშვნელოვანი ქალაქი ექცევა: პარიზი და ნიუ იორკი. კალვინო ფაქტობრივად ორივე ქალაქის მოქალაქედ მიიჩნევს თავს.
წიგნის შესავალში, რომელიც კალვინოს ქვრივს ეკუთვნის, წერია: “როგორც ავტობიოგრაფიული დოკუმენტი, ჩემთვის ეს წიგნი ძალიან არსებითია. ეს არის მისი ავტოპორტრეტი, ყველაზე უფრო სტიქიური ხასიათისა და უშუალო ბიოგრაფია.”
ასეთი ბიოგრაფიული ხასიათის ნაშრომის არსებობა იტალიური ლიტერატურისთვის განასაკუთრებით მნიშვნელოვანია. იტალო კალვინო ხომ თავისი ხალხისთვის მხოლოდ მწერალი არ იყო. 1985 წლის 19 სექტემბერს, როდესაც ის გარდაიცვალა, იტალიელები მიხვდნენ, რომ მათ საუკეთესო მეგობარი დაკარგეს. უმბერტო ეკოს ნეკროლოგმა, რომელიც გაზეთ Corriere della Sera-ში გამოქვეყნდა, თითქმის დაჩრდილა თავზარდამცემი ინფორმაცია მექსიკაში მომხდარი დიდი მიწისძვრის შესახებ. ამავე გაზეთში ჯონ აპდაიკი წერდა: “მსოფლიო ლიტერატურას აღარა აქვს ყველაზე თავისუფალი სამოქალაქო ხმაო.” მისი ქვრივის ცნობით, კალვინო, რომელიც 62 წლის ასაკში გარდაიცვალა, კიდევ 14 წიგნის დაწერას აპირებდა.
ნორმან მეილერი, “საშინელი ხელოვნება”
The Spooky Art
Some Thoughts on Writing
By Norman Mailer
New York: Random House, 330 გვ.
გენიოსი ნორმან მეილერი – ასე მოიხსენიებენ კრიტიკოსები ამ ახალი წიგნის ავტორს, რომლის სახელწოდებაა “საშინელი ხელოვნება” (The Spooky Art). მწერალი წერს იმაზე, თუ რას წერენ სხვები, იმაზე, თუ როგორ წერენ და იმაზეც, თუ საერთოდ როგორ და რატომ უნდა ვწეროთ. “საშინელი ხელოვნება” საკმაოდ თავშესაქცევი წასაკითხია, სერიოზულ დაკვირვებებთან ერთად ასეთ სახალისო რჩევებსაც ამოიკითხავთ. თუნდაც ერთი მაგალითი ავიღოთ. ავტორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საგაზეთო მიმოხილვებსა და რეცენზიებს და თვლის, რომ მათი გაცნობა ყველა ადამიანისათვის აუცილებელია. არგუმენტი კი ასეთია: “მიმოხილვებს სისტემატურად ვკითხულობ, მათი იგნორირება აზრადაც არ გამივლია. არ წაიკითხო მიმოხილვა, ეს იგივეა, არ შეხედო შიშველ ქალს, რომელიც ღია ფანჯარაში დგას. დამეთანხმებით, სულ ერთია, ლამაზია ის თუ არა, ამ ქალისკენ მაინც გააპარებთ თვალს.”
ნორმან მეილერი საკუთარ გამოცდილებასა და დაკვირვებებს უშურველად გვიზიარებს. იმასაც ეუბნება მკითხველს, თუ როგორ გამოიმუშავა სამუშაო ჩვევები. ამას, როგორც ავტორი ამტკიცებს, დიდი ფილოსოფია არ სჭირდება: “უთხარით თქვენ თავს, რომ ხვალ, ამა და ამ საათზე, საწერ მაგიდას მიუჯდებით და დაწერთ, მერე კი უბრალოდ თქვენი ნათქვამი შეასრულეთ. ეს კანონი წლების განმავლობაში აღმოვაჩინე.”
კრებულში მკითხველი შეხვდება ლიტერატურულ წერილებს ჰემინგუეიზე, ჰენრი მილერზე, ჰენრი ჯეიმსზე, ტოლსტოიზე, დოსტოევსკისა თუ ფოლკნერზე. განსაკუთრებით საინტერესო და ორიგინალურია ესე ჰეკლბერი ფინზე – პერსონაჟზე, რომელსაც ლამის აღმერთებს წიგნის ავტორი. ისე, მარტო ამ ესეს გულისთვის ღირს აღნიშნული კრებულის წაკითხვა.
უნდა ითქვას ისიც, რომ ნორმან მეილერის ნაწერები ობიექტურობით გამოირჩევა, ეს ობიექტურობა მხოლოდ საკუთარი თავის შეფასებისას ირღვევა, ოღონდ მწერალი ამ შემთხვევაში სუბიექტურობისაკენ კი არ იხრება, არამედ პირიქით, ის ზედმეტად პრეტენზიულად უყურებს და აფასებს საკუთარ შემოქმედებას.
დიდი ადგილი ეთმობა წიგნში კინოს თემას. კინემატოგრაფზე საუბრისას წარმოდგენილია ავტორისეული დაკვირვებები და კინოს ფენომენის ამოხსნის მცდელობა: “ფილმის ერთ-ერთი საიდუმლო კინოვარსკვლავის ამოუხსნელ ფენომენში უნდა ვეძიოთ,” – ამბობს ავტორი. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, კინოსექციაში ბევრი მოსაზრება მცდარია, ბევრს შეცდომაში შევყავართ, ბევრია განყენებული მსჯელობაც. მაგალითად განყენებული მსჯელობის დიდი ნაკადი გადაფარავს მკითხველს ესეს – “უკანასკნელი ტანგო პარიზში” კითხვისას. ეს სტატია სასიამოვნო საკითხავი კია, მაგრამ ძალიან აბსტრაქტულია. სხვათა შორის, კრებულში მისი სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმების ხოტბასაც შეხვდებით – ზოგი ჩანაწერი სარეკლამო სტატიასაც ემსგავსება.
შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ ერთი-ორი ლაფსუსის გამო ნორმან მეილერის წიგნის კრიტიკა ნამდვილად არ იქნება მისაღები. მეილერი, ლიტერატურათმცოდნეების შეფასებით, ამერიკული საგანძურის ნაწილია და ამ ახალ კრებულში ის ამჯერადაც შეუდარებელია.
მოამზადა თამარ სუხიშვილმა
© “წიგნები – 24 საათი”