მილან კუნდერა, “უმეცრება”
Ignorance
By Milan Kundera
Translated from the French by Linda Asher
HarperCollins, pp.195, October 2002.
“უმეცრება” – გაფრთხილებასავით გაიჟღერა მილან კუნდერას ახალი რომანის სახელწოდებამ. რომანი ორი ჩეხი ემიგრანტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს: ირენა პარიზში ცხოვრობს, ის თავისი მეგობრის – გუსტავის შესახვედრად მიდის; აეროპორტში თავის ძველ სიყვარულს, ჟოზეფს შეხვდება, რომელიც ვეტერინარად მუშაობს დანიაში და პრაღაში მხოლოდ პოსტსაბჭოური სამშობლოს სანახავად ჩამოდის. ეროსის ძალა კიდევ უფრო ამსხვრევს ისედაც მყიფე ადამიანურ ურთიერთობებს. ირენა გუსტავს მიატოვებს. ის კაფეში ზის და თავის თავგადასავალს იხსენებს. ამასობაში ჟოზეფი ძმასთანაა სტუმრად და თავის სიყვარულზე უამბობს. კუნდერას გმირებს თავგზას უბნევს ბრძოლა მახსოვრობისა და დავიწყებას შორის, აუსრულებელი სურვილები, დაკარგული წარსული და ნოსტალგია – შინ დაბრუნების ტკივილი.
არ არის აუცილებელი, იყო ჩეხი ემიგრანტი, რომ გაიგო კუნდერას პერსონაჟების ტანჯვა – წარსულისა და აწმყოს გაუცხოება, დაუსრულებელი წინააღმდეგობა მყუდრო ცხოვრებასა და ამურის მღელვარებას შორის. არის რაღაცეები, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ და არის რაღაცეები, რისი დავიწყებაც აუცილებელია.
ისევე როგორც ადრეულ რომანებში (“სიცილისა და და დავიწყების წიგნი” და “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე”), კუნდერას აქაც შემოაქვს მაცდური და, ამავე დროს, გონივრული თავშესაქცევი ელემენტები. “უმეცრებაში” კუნდერა კიდევ ერთხელ ამუშავებს არაერთხელ დამუშავებულ თემას. საკუთარი თავის გამეორება მწერლისთვის მკითხველთან თამაშის ერთგვარი ხერხია.
მილან კუნდერას რომანი მისი ერთი წინადადების კომენტარად შეიძლება მოვიაზროთ: “შენ ძალიან შორს ხარ და მე არ ვიცი, რა გჭირს.” ეს “შენ” შეიძლება იყოს ოჯახი ან სადღაც დარჩენილი მეგობრები, ან თავად ემიგრანტი, ყველასაგან დავიწყებული, შეიძლება ის ახალგაზრდა კაცი, ირენამ დიდი ხნის წინ რომ მიატოვა, გაფრენილი სიყვარული ან დაკარგული გზა, ან ის გარდაცვლილი ადამიანები, რომელთა ამქვეყნიდან წასვლას ვერასოდეს შევეგუებით, ანდა სულაც გაუცხოება, ის უცნაურობა, რაც სუფევს ამ სამყაროში.
მილან კუნდერას რომანი მკითხველს უტოვებს შეკითხვას, და საფიქრალსაც – სად უნდა ვეძებოთ “უმეცრების” სათავე?
უმბერტო ეკო, “ბაუდოლინო”
Baudolino
By Umberto Eco
Translated by William Weaver
Secker and Warburg, pp. 522, October 2002
უმბერტო ეკოს სახელს მკითხველის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. მწერლის ახალი რომანი “ბაუდოლინო” პირველივე სტრიქონიდან აღძრავს “ვარდის სახელის” ასოციაციებს, რომანისა, სადაც ერთმანეთში იყო შერწყმული შუა საუკუნეების ხიბლი და მკვლელობის იდუმალება და რომელსაც თავის დროზე უჩვეულო წარმატება ხვდა წილად.
“ბაუდოლინო” (სხვათა შორის, ეკოს ბოლო რომანის ერთი თავი, ” ბაუდოლინო აფხაზეთის ბნელეთში”, წელს კრებულ “ქართულად ნათარგმანებში” დაიბეჭდა), ერთის მხრივ, ტრადიციული რომანია, მეორეს მხრივ, კი – პოსტმოდერნისტული. მისი ჟანრის განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია. რომანი შუალედური საფეხურია მსუბუქ ავანტურისტულ კომედიასა და მძაფრსიუჟეტიან ნაწარმოებს შორის. მთავარი გმირი, სახელად ბაუდოლინო ოდისევსის შთამომავალ გმირთა პლეადის წევრად აღიქმება. რომანის სქემა თანხვდება ბოკაჩოს “დეკამერონის” სქემას – გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი გმირები თავიანთ თავგადასავალს უამბობენ ერთმანეთს. “ბაუდოლინოს” საფუძვლად უდევს 1204 წელს კონსტანტინოპოლის დანგრევის ფაქტი.
ბაუდოლინოს ამბავი დიალოგის ფორმით არის ნაამბობი. გმირი ესაუბრება ბიზანტიელ ჟამთააღმწერელს – ნიკეტასს, რომელიც ბაუდოლინომ დაიხსნა. რომანში უამრავი პერსონაჟია, ისტორიული პირი თუ მითოლოგიური სატირები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით, ნაწარმოებს ერთი გმირი ჰყავს – ეს არის ბაუდოლინო. დანარჩენი პერსონაჟები სქემატური ფიგურებია და მხოლოდ მიმართების ობიექტებად ან კონკრეტული იდეის მატარებლად მოიაზრებიან, უბრალოდ ეხმარებიან ერთადერთ მთავარ გმირს სათქმელის გამოხატვაში. ამ სქემატურ ფიგურებთან ურთიერთობის პროცესში ქმნის ბაუდოლინო – ადამიანური გონი თავის სამყაროს.
ეკოს ტექსტი სავსეა ლათინური და, საერთოდ, უცხოენოვანი ფრაზებით, რაც ხშირად ნაწარმოებში უთარგმნელი რჩება. რომანს, რომელშიც ჭარბადაა თეოლოგიური გადახვევები, რეალური შინაარსი თითქოს დაკარგული აქვს. კრიტიკოსები “ბაუდოლინოში” კალვინოს ეპიზოდების ინტერპრეტაციას, კაფკას ეგზოტიკურ ვარიაციებსა და ბორხესის ილუზიურ რეალობას ხედავენ. მათი თქმით, განსხვავება ისაა, რომ აქ ჩამოთვლილი მწერლები მეტი ლიტერატურული გემოვნებით გამოირჩევიან და საკუთარი სათქმელის ლაკონურად გამოხატვისა თუ შენიღბვის უნარი შესწევთ.
წიგნის პირველი ნაწილის ფორმულა ასეთი სახისაა: ისტორია + მხატვრული გამონაგონი; მეორე ნაწილი კი ძალიან ემსგავსება ჯ.ქ. როულინგის “ჰარი პოტერის” სერიებს, – ამბობენ ლიტერატორები და იქვე დასძენენ, შესაძლოა რომანი შუა საუკუნეებისა თუ რენესანსის ეპოქის მოგზაურობების პაროდიას წარმოადგენდეს, მაგრამ ეკოს რომანი ცოტა არ იყოს, მომქანცველია და უფრო მეტად მოსაწყენი ჩანს, ვიდრე თავშესაქცევი. ასეთია კრიტიკოსების აზრი, რომლებიც თითქმის ერთხმად აღნიშნავენ, რომ ახალი რომანი “ვარდის სახელს” ვერ გაუტოლდება.
მიუხედავად ამისა, “ბაუდოლინოში” არის რაღაც, რაც მკითხველს ამ ნაწარმოებზე მიაჯაჭვავს – ეს არის მისტერია, რომელიც კეთილად იწყება და კეთილად ბოლოვდება.
სემ შეპარდი, “დიდი ზეციური ოცნება”
Great Dream of Heaven
By Sam Shepard, Knopf Alfred A, October 2002.
ნიუ-იორკში ჩასული სემ შეპარდი ქალაქში მოხვედრილ კოვბოის ჰგავდა, კოვბოის, რომელსაც ალბათ მინესოტაში, თავის ფერმაში ყოფნა ყველაფერს ერჩივნა. თუმცა ის ჩვეულებისამებრ აღარ შფოთავდა, რადგან ამჯერად განსხვავებულ ამპლუაში მოევლინა საზოგადოებას, არა როგორც სცენარისტი ან მსახიობი, არამედ როგორც მწერალი, – წერდა ამერიკული პრესა შეპარდის შესახებ.
“დიდი ზეციური ოცნება” (Great Dream of Heaven) ასე ჰქვია ცნობილი დრამატურგის, სცენარისტისა და მსახიობის, სემ შეპარდის ახალ წიგნს, მცირე ზომის მოთხრობათა კრებულს. ეს მოთხრობები მის სცენარებს წააგავს, ლიტერატურული გმირებიც – არამზადები, მოღალატეები, სხვადასხვა ჯურის ადამიანები, კინოგმირებს ჰგვანან.
ავიღოთ თუნდაც შეპარდის ორი გმირი – ქვრივები, რომლებიც სამხრეთ დაკოტაში ერთ ბუნგალოში ცხოვრობენ. ორივეს ერთი და იგივე ოფიციანტი მოსწონს. ერთს გაუმართლებს, მეორეს – არა; და ეს მეორე გულგატეხილია, მეგობარს მოღალატედ მიიჩნევს. როგორც შეპარდი ამბობს, ის ამ გმირებზე დიდხანს ფიქრობდა, მაგრამ წერა 1996 წლამდე არ დაუწყია, სანამ ლონდონში არ ჩავიდა ჯესიკა ლანჟთან ერთად, რომელსაც იღებდნენ ფილმში A Streetcar Named Desire. “იყო უჟმური, წვიმიანი ლონდონური ამინდი, – წერდა შეპარდი, – ლონდონი შესანიშნავი ადგილია ლიტერატურის შესაქმნელად.” შეპარდი ჩანაწერებს აკეთებს, როცა გადაღებებს შორის თავისუფალი დრო აქვს, მერე კი თავის ფერმაში განმარტოვდება და სერიოზულ მუშაობას იწყებს. ასე დაიწერა “დიდი ზეციური ოცნება”.
სემ შეპარდი ერთ თვეში 59 წლის ხდება.
“როცა ის 40 წლის იყო, ამბობდა, ეს ასაკი გამძლეობააო, ახლახანს კი ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: წლები ისე მოულოდნელად წამოგეწევიან კაცს, ვერც კი ხვდები. ძალიან უცნაურია, რა ემართება სხეულს, იცით, ცხენზე ჯდომა უკვე ისეთი ადვილი აღარაა.” თუმცა, შეპარდი, ასაკის მიუხედავად, ყოველდღე დააჭენებს ცხენს, თუ, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკში არ არის.
“წლები გადის და ხვდები, რომ არის რაღაც ღირებულებები, რასაც პატივი უნდა სცე, ისევე როგორც ცხენზე ჯდომისას, ცხენს ხომ პირდაპირ ვერ მოახტები,” – ამბობს შეპარდი. მისი მოთხრობები ამ ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგია.
პიტერ აკროიდი, “ალბიონი”: ინგლისური წარმოსახვის წარმოშობა
Albion: The Origin of the English Imagination
By Peter Ackroyd
Chatto and Windus, pp.527, October 2002.
რა არის ინგლისი? ინგლისი კონტრასტების ქვეყანაა, სადაც ერთადაა თავმოყრილი სიმდიდრე და სიღარიბე, დანაშაული და უმანკოება, – წერდა დიკენსი. ასეთია აკროიდის ლონდონიც – ცინიკური, აგრესიული, ჭორიკანა, მოდას აყოლილი, სენსაციური, სასაცილო, მაგრამ, ამავე დროს, ის მილტონის, ბლეიკის, ტერნერის სამშობლოცაა.
რატომ აირჩია მწერალმა ეს თემატიკა? – ალბათ დასვამს ამ შეკითხვას მკითხველი, პიტერ აკროიდის რომანს “ალბიონს” რომ გაეცნობა. როგორც ამბობენ, ცნობილი ბრიტანელი ლიტერატორისთვის პატრიოტიზმი უკანასკნელი თავშესაფარია.
ეს წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შენაძენია იმ ადამიანებისათვის, ვისაც აინტერესებს ბრიტანული ლიტერატურა, ტრადიციები და, საერთოდ, ბრიტანული ფენომენი.
პიტერ აკროიდი დიდ ადგილს უთმობს ინგლისელი ხალხის სპირიტუალისტური ფენომენის განხილვას, მოგვითხრობს ძველ მითებზე, ლეგენდებზე, მოჩვენებებზე, როგორც ეროვნული ენერგიის გამოვლენის საშუალებაზე: “მიუხედავად ჩვენი პრაქტიკულობისა, ინგლისელები მეოცნებეები ვართ (ინგლისური ხედვის, ჭვრეტის ენაა), გვაქვს წინასწარმეტყველების ტრადიცია, გვყავს ფერიები და ჯუჯები, შესაძლოა ეს კელტების გავლენაა, ან ნისლიანი კლიმატის, ან ადგილმდებარეობის, როგორც მე-12 საუკუნეში ერთი ფრანგი მღვდელი წერდა, ინგლისი წყლითაა გარშემორტყმული და ეს მათ გონებაში ფანტაზიის უშრეტ წყაროს წარმოქმნისო,” – წერს აკროიდი.
საინტერესოა აკროიდის მოსაზრებები ინგლისურ ენაზე. რაც შეეხება ხელოვნებასა და ლიტერატურაზე მსჯელობას, აკროიდი იმოწმებს კრისტოფერ ვრენის ციტატას: “ჩვენი – ინგლისელი ხელოვანები მრავალფეროვნებით არ გამოვირჩევით, მაგრამ როდესაც უცხოური ნიმუში არსებობს, მიბაძვის საოცარი ნიჭი გვაქვს, ჩვენი ქმნილება ბევრად სჯობს ორიგინალსო”. სწორედ აქედან გამომდინარეობს ინგლისური ფენომენის აკროიდისეული შეფასებაც: ინგლისური ფენომენის საფუძველი იმიგრაციაა. ადამიანების, იდეების, სტილების იმიგრაცია, ეს ფენომენი სწორედ ამით ცოცხლობს.” როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, პიტერ აკროიდი აპოლიტიკური პიროვნებაა, მაგრამ მარტო ამ მოსაზრების გამო “ალბიონი” პოლიტიკურ წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება.
ჰაროლდ ბლუმი, “გენიოსი”: ასი სამაგალითო შემოქმედი გონის მოზაიკა
Genius
A Mosaic of One Hundred Exemplary Creative Minds
By Harold Bloom
814 pp., New York, October 2002
ცნობილ ამერიკელ ლიტერატურათმცოდნეს, იელის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელს, ჰაროლდ ბლუმს რომ ეს თემატიკა კომერციული მიზნით არ აურჩევია, ამაში წიგნის წაკითხვისთანავე დარწმუნდებით. გენიოსის ბლუმისეური თეორიის არსი არის ის წინააღმდეგობა, რომელიც გამუდმებით არსებობს ძველ, ძლიერ პოეტებსა და დამწყებ ხელოვანებს შორის, ნაწარმოებში ასახულია, თუ როგორ მუშაობს თავდაცვის ინსტინქტი, როგორ ტკივილს განიცდის გენიოსი და როგორ ებრძვის ერთმანეთს ძალა და ნიჭი. ბლუმი ლიტერატურას გნოსტიკური ტერმინოლოგიაზე დაყრდნობით განიხილავს, მსჯელობს პრომეთეს “ცოდვაზე” და იმ რწმენაზე, რომლის საფუძველზეც ქმნის მწერალი თავის გმირებს. მას ხელოვანის პიროვნებაზე მეტად სწორედ მისი ფანტაზიის ნაყოფი – მისი პერსონაჟები აინტერესებს, ის ისეთი დამაჯერებლობით მოგვითხრობს დონ კიხოტზე, ფალსტაფსა თუ ჰამლეტზე, თითქოს ეს გმირები ოდესღაც მართლაც დააბიჯებდნენ დედამიწაზე: იაგო ნიჰილიზმის მამაა, დონ კიხოტი – ზნეობრივი და წარმოსახვითი გამბედაობის პროტოტიპი, ღმერთიც გმირია, ის რომ არ არსებულიყო, მას ადამიანები გამოიგონებდნენ…
ამერიკაში ყველაზე ცნობილი ლიტერატურის კრიტიკოსისა და თეორეტიკოსის, 71 წლის ჰაროლდ ბლუმის ახალი სქელტანიანი ნაშრომი ენციკლოპედიური და კრიტიკული ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია.
მარტინ ემისი, “კობა სასტიკი”
KOBA THE DREAD Laughter and the Twenty Million By Martin AmisTalk Miramax. 306 pp., July 2002
თანამედროვე ბრიტანული პროზის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი წარმომადგენლის, მარტინ ემისის “კობა სასტიკი” ლამის ყველაზე უცნაური და გახმაურებული წიგნია, რაც კი ოდესმე სტალინზე დაწერილა. რომანის დაწერამდე ავტორი დიდძალ ლიტერატურას გაეცნო, წაიკითხა უამრავი წიგნი საბჭოური ექსპერიმენტის შესახებ: სოლჟენიცინი, გროსმანი, ვოლკოგონოვი… ამის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი გააზრების პროცესი… რომანში ყველაფერია: საბჭოური რეპრესიები, სოციალისტური სიცრუე, ციხის სისტემა, სასამართლოები და სხვა და სხვა. “გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ ყველას სმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის ვორკუტა და სოლოვეცკი,” – წერს მწერალი.
მწერალი სტალინს კნინობოთი სახელით – კობათი მოიხსენიებს. ეპითეტი “სასტიკი” ავტორის გამოგონილია, ივანე მრისხანესა და მისთანების ანალოგიით.
ამ რომანში მარტინ ემისი კომუნიზმის დაუძინებელ მტრად გვევლინება. თუ მწერლის ბიოგრაფიას გადავხედავთ, მისი მოსაზრებები განსაკუთრებით საყურადღებოდ მოგვეჩვენება. ემისი ხომ კომუნისტურ ოჯახში გაიზარდა. მისი მამა კინგსლი 1942 წლიდან 1956 წლამდე ინგლისის კომუნისტური პარტიის ერთგული წევრი იყო. მარტინ ემისმა სტუდენტობის წლებიც კომუნისტურ გარემოცვაში გაატარა… ასე რომ, რომანი რუსეთის ისტორიული მოვლენებისა და ოჯახური ისტორიების ნაზავს წარმოადგენს.
რომანში პაროდირებულია კომუნისტური ტეტრალოგია: შიმშილი, ტერორი, მონობა და კრახი. “პროლეტარიატის დიქტატურა ტყუილი იყო, საბჭოთა კავშირი – სიცრუე, ყველაფერი საბჭოური ყალბ ფასეულობას წარმოადგენდა, ყალბი იყო ცნებები: სოციალიზმი, რესპუბლიკა, ამხანაგი, რევოლუცია,” – ვკითხულობთ რომანში.
აი, ემისის ერთი საინტერესო დაკვირვება საბჭოთა კავშირის შესახებ (ისე კი, ეს დაკვირვება ახალი არ უნდა იყოს) – საბჭოთა კავშირზე ხუმრობა ყოველთვის შესაძლებელი იყო, ფაშისტური გერმანიისაგან განსხვავებით. თუმცა აქ მკითხველი აუცილებლად დაეჭვდება: განა არ დასცინოდა ხალხი ჩარლი ჩაპლინის “დიქტატორს”?
იუმორს მწერალი გარდუვალ ზნეობრივ დილემამდე მიჰყავს, რაც რომანის ქვესათაურშიც არის გამოხატული: “სიცილი და ოცი მილიონი” – სტალინის, “უაღრესად პოპულარული ლიდერის” (ასე მოიხსენიებს სტალინს მწერალი) გენიას ოცი მილიონი ადამიანი შეეწირა, ეს კი მსოფლიო ტრაგედიაა.
მოამზადა თამარ სუხიშვილმა
© “წიგნები – 24 საათი”