Inez
By Carlos Fuentes
Bloomsbury, 150 გვ.
კარლოს ფუენტესს 60-იანი წლების ლათინოამერიკული ლიტერატურული ბუმის მექსიკელ კატალიზატორად მოიხსენიებენ. მწერლობა ფუენტესმა 21 წლის ასაკში გადაწყვიტა, ნაწილობრივ თომას მანის გავლენით. სწორედ ამ პერიოდში შეხვდა თომას მანს, რომელიც ციურიხში ტბის სანაპიროზე მის გვერდით მაგიდასთან სადილობდა. კარლოს ფუენტესი ახლა 70 წლისაა, მისი ბოლო რომანი “ინესი” ესპანურად 2001 წელს გამოქვეყნდა. წელს “ინესის” ინგლისურენოვანმა თარგმანმაც იხილა მზის სინათლე. “ინესი” იმ თემების გაგრძელებაა, რაც თომას მანის რომანში – “სიკვდილი ვენეციაში” არის წარმოდგენილი: სიყვარული, ხელოვნება, სილამაზე და სიკვდილი.
მანის აშენბახის მსგავსად, გებრიელ ატლან-ფერარაც ასაკოვანი მაესტროა, მარსელში დაბადებული დირიჟორი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებს ზალცბურგში ატარებს. გებრიელმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მუსიკას, “ყველაზე ნაკლებად გამაღიზიანებელ ხმაურს”, როგორც ამას ამბობდა ნაპოლეონი. 93 წლის დირიჟორი ბერლიოზის “ფაუსტუსის ვნებებს” უძღვნის მექსიკელ პრიმადონას – ინეს პრადას, რომელიც დირიჟორს დიდი სიყვარულით უყვარდა და რომელიც არასოდეს შეურთავს ცოლად. რომანი იწყება ხელოვანთა პირველი შეხვედრით. ეს იყო 1940 წელს “ლონდონ ბლიცში”. ფრანგი დირიჟორი აღფრთოვანებული დარჩა ინესის მომაჯადოებელი ხმით, თუმცა ფიქრობდა, რომ ამ ხმაში იყო რაღაც ველური ჟღერადობა, რასაც დამუშავება სჭირდებოდა. რომანში მძაფრად იგრძნობა მიზიდულობის ის ძალა, რითაც ეს ორი ადამიანია დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ ამავე დროს ეს მიზიდულობის ძაფი მათ განიზიდავს, წყვილის ურთიერთობა დაძაბულია, სხვაგვარია პარტნიორობა სცენაზე და სულ სხვაა მათი პირადი ცხოვრება. კაცი სცენაზეა მბრძანებელი, ქალი კი – სცენის მიღმა. ძალიან ძნელია ორი ისეთი ადამიანის ურთიერთობა, რომელთაც თანაბარი ამბიცია და ტალანტი აქვთ.
ქალისთვის რომ გეკითხათ, მან იმიტომ უარყო დირიჟორი, რომ მის გამოხედვაში სხვა ქალის მზერა დაინახა, გებრიელი კი დარწმუნებული იყო, რომ როდესაც ქალი მას უყურებდა, ის მასში სულ სხვა ადამიანს ხედავდა. მაგრამ გებრიელისა და ინესის განშორება ისეთივე ტკივილიანია, როგორიც მათი ერთად ყოფნა. ორივე იტანჯება ხსოვნითა და სინანულის გრძნობით. “ვერასდროს დაიბრუნებ პირველ ვნებას და სინანული მუდამ დარჩება ჩვენში… მერე ის მელანქოლიაში გადაიზრდება და ცხოვრობს ჩვენში როგორც მრისხანე მოჩვენება”, – ამბობს გებრიელი, რომელსაც სულ თან დააქვს ინესის ნაჩუქარი თილისმა. ეს მისთვის წარსულისა და ყველაფერ იმის სიმბოლოა, რაც კი ოდესმე გაუკეთებია.
მწერალი გებრიელის სატანურ ბუნებაზე მიგვანიშნებს. ეს მთავარი გმირის გარეგნობის აღწერის დროსაც კარგად ჩანს: გრძელი ხვეული თმა, ანთებული თვალები, მეფისტოფელისებური გამომეტყველება… თავიდანვე იგრძნობა ის საფრთხე, რასაც დირიჟორი უქმნის ინესს, რადგან ამ სიყვარულში იყო რაღაც ძალადობის მსგავსი, დამანგრეველი ძალა…
თომას მანის გავლენა პირველივე სტრიქონებიდანვე საცნობია მექსიკელი მწერლის რომანში, და კიდევ უფრო საცნობი ხდება, როდესაც ორკესტრი მთავარი გმირის, მხცოვანი გებრიელის დირიჟორობით “ფაუსტუსს” ასრულებს.
ნადინ გორდიმერი, “ნადავლი” (მოთხრობები)
Loot
And Other Stories
By Nadine Gordimer
New York: Farrar, Straus and Giroux, 240 გვ.
ნადინ გორდიმერს წელს 80 წელი უსრულდება. მისი მოთხრობების ახალი კრებული, სახელად “ნადავლი”, მწერლის პირველი წიგნია 1991 წლის, ნობელის პრემიის მიღების შემდეგ. ახალი წიგნი მის მეუღლეს ეძღვნება. ხანდაზმული მწერლის განწყობა ზოგჯერ ირონიულია, ზოგჯერ გაშმაგებული, ზოგჯერ – გამომწვევი და სევდიანი. ავტორის ფანტაზია დაუღალავად მუშაობს.
ალეგორიული მოთხრობა, რომლის სათაურიც კრებულს სახელად დაერქვა, სიკვდილის თემას ეხმიანება, სიკვდილი განძია, ადამიანის “მე”-ს სარკე. ნაწარმოებში მოქმედება ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ხდება: “ბიძგი ისეთი ძალის იყო, რომ ოკეანემაც კი უკან დაიხია.” ამ საშინელი სტიქიის შემდეგ მთელი სამყარო დაკარგული საგნების გროვად გადაიქცა. ადამიანები მიისწრაფიან, ეძებენ, თუმცა არც კი იციან – რას. მოთხრობის ერთი გმირი ასაკოვანი, პენსიაზე გასული, ცოლთან დიდი ხნის წინ განქორწინებული კაცი მაძიებელთა ტალღას უერთდება, ეს ხალხი უცნობ, უსახელო ობიექტს დაეძებს. კვანძი სრულიად მოულოდნელად იხსნება. ეს ობიექტი სარკე აღმოჩნდება, და როცა გმირი ამ სარკეს ხელს შეავლებს, უმალვე იღუპება.
მოთხრობა “თაობათა უფსკრული”, რომელიც ახალ კრებულშია შესული, მთლიანად პირობითობაზეა აგებული. ოჯახის უფროსი, 67 წლის მამაკაცი 42 წლის ცოლს მიატოვებს და ახალგაზრდა მევიოლინესთან მიდის, რომელსაც ის სულ ცოტა ხნის წინ თვითმფრინავში შეხვდა. შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდება. კრებულში შესულ მოთხრობებში ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს თავის სიკვდილს; ისინი საკუთარი დაუფიქრებლობითა და, თუ გნებავთ, უგნურებით, თავისი ფეხით მიდიან სიკვდილთან, მაშინ როცა შეიძლება მას გვერდი აუქციონ. სიკვდილის მძაფრი განცდა ცოტა არ იყოს თრგუნავს კიდეც მკითხველს. ეს განცდა კი მწერალს სწორედ ამ პერსონაჟის სიტყვებით აქვს გამოხატული: “სიკვდილი შავი სარკეა, დაცარიელებული ყველაფერ იმისგან, რაც სარკეს უნახავს თუ დაუფიქსირებია. სიკვდილი იცდის, იცდიდა; მაგრამ მე ასე ავირჩიე…”
წიგნში თავმოყრილი მოთხრობებიდან მნიშვნელოვანია “კარმა”, სადაც ხელოვნების მარადიული თემა – სიკვდილის წრე-ბრუნვა სრულიად ორიგინალურად აისახება.
რატომ ეძებენ გორდიმერის გმირები სიკვდილს? ალბათ იმიტომ, რომ ეს პერსონაჟები, რომლებიც ღრმა სულიერ კრიზისს განიცდიან, ცდილობენ შეაჩერონ დღევანდელობა, ცდილობენ გაწმინდონ ცხოვრების უწმინდურობით დასვრილი სარკე, და ხელახლა დაიბადონ. თუმცა ხელახლა დაბადება, “კვლავ ყოფნა” (ბეკეტისეული ტერმინით) გარდაცვალების გარეშე შეუძლებელია.
ჯოის ქეროლ ოუტსი, “მხეცები”
Beasts
By Joyce Carol Oates
Orion, 140 გვ.
ახლახანს ჯოის ქეროლ ოუტსმა კიდევ ერთი ახალი რომანი გამოაცხო. გაიკვირვებთ ალბათ, სულ რაღაც ერთი თვის წინ არ გამოქვეყნდა მისი ბოლო რომანი? კრიტიკოსები ამ ფაქტს მოხერხებულად იყენებენ იმისათვის, რომ ხმამაღლა განაცხადონ, ვინც რომანებს ასეთი სიხშირით წერს, შეუძლებელია ლიტერატურული თვალსაზრისით ნამდვილი ფასეულობები შექმნასო. მკითხველისთვის კი რომანების გამოცემის სიხშირე უბრალოდ განცვიფრებასა და სიხარულს იწვევს. ლიტერატურის მოყვარულები ყოველთვის მოუთმენლად ელიან მწერლის ყოველი ახალი ნაწარმოების გამოსვლას, როგორც ახალ სიურპრიზს. ჯოის ქეროლ ოუტსს უკვე ასზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული, რომანები, მცირე ზომის მოთხრობები, ლექსები, პიესები… თემა უცვლელია: ისტორია, პიროვნების თვითმყოფადობა, კლასი, რასობრივი მდგომარეობა, გენდერული პრობლემები, პოლიტიკა, ძალაუფლება, ხელოვნების მნიშვნელობა.
ოუტსის ახალი რომანი “მხეცები” მცირე ზომის თხზულებაა. ეს არის კრიტიკა ამერიკული ცხოვრების სიბრმავის და ულმობლობისა, ცივი, მრისხანე პასკვილი და, ამავდროულად, ერთგვარად ანალიტიკური ხასიათის ნაშრომიც. რომანის სახელწოდება მომდინარეობს დ.ჰ. ლორენსის ნაწარმოებიდან – “ჩიტები, მხეცები და ყვავილები”. რომანის გმირი ქალი გილიანი ლუვრს ესტუმრება, მუზეუმის ექსპონატების დათვალიერების დროს უძველეს ტოტემს გადააწყდება და რაღაცნაირად დაიზაფრება მისი ხილვით. უეცრად გილიანი დროში იწყებს მოგზაურობას, მისი წარმოსახვა ახლო წარსულში გადაინაცვლებს, 25 წლის წინ, როდესაც სტუდენტი იყო, კოლეჯში სწავლობდა მასაჩუსეტსის სამხრეთით და უიმედოდ იყო შეყვარებული (ისე როგორც ყველა გოგონა ამ ასაკში) ლიტერატურის მასწავლებელზე – ანდრე ჰეროუზე, რომელსაც ეფექტური და სექსუალური დორკასი ჰყავდა ცოლად.
სტრუქტურულად რომანი საკმაოდ საინტერესოდ და რთულად არის აგებული. “მხეცების” მკითხველი ერთდროულად წარსულშიც ცხოვრობს და აწმყოშიც. ანდრე და დორკასი უკვე მეოთხედი საუკუნეა აღარ არიან, მაგრამ ისინი უფრო ცოცხლად ჩარჩენილან ქალაქის (მოქმედება ნიუ ინგლენდში ხდება) მცხოვრებთა მეხსიერებაში, ვიდრე ცოცხალი ადამიანები. ანდრე და დორკასი ქალაქის ბოჰემური და მღელვარე წყვილი იყო, რომელზეც ყველა ჭორაობდა. რას აღარ ამბობდნენ მათზე, რომ ისინი საგანგებოდ არჩევდნენ გოგონებს და მათ ეგზოტიკურ სადილზე ეპატიჟებოდნენ; სადილს ხანგრძლივი საუბრები მოჰყვებოდა ხოლმე, რაც ხშირად მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ლექციებზე ჰეროუ თავის სტუდენტებს პოეზიასა და ეროსზე ესაუბრებოდა, მოჰყავდა ლორენსისა და ნიცშეს ციტატები, რომ “ის, რაც სიყვარულისთვის კეთდება, ყოველთვის სიკეთისა და ბოროტების მიღმაა მოთავსებული.” ლექტორი გილიანს სახელსაც კი გადაარქმევს – მას ფილომელას ეძახის, ასე ერქვა მითიურ პერსონაჟს ოვიდიუსის “მეტამორფოზებიდან”, რომელიც ჯერ შეაცდინეს და მერე ენა ამოგლიჯეს, ხმა რომ არ ამოეღო…
ჰეროუს ლექციებიდან გოგონები ქრებიან, მაგრამ აუდიტორიაში სკამები ისეა დალაგებული, რომ ვერაფერს მიხვდები. “შესანიშნავია სატანური გამოცდილება”, – წერდა ლორენსი. ოუტსის რომანი მოახლოებული საფრთხის შეგრძნებით არის დამუხტული. “შენი ტრიუმფი შენი სრული მორჩილებაა”, – ეუბნება ანდრე გოგონებს და წინასწარ აფრთხილებს, რომ ღმერთი – ეროსი მათ არსებას ისე შეძრავს, როგორც “ჩალით გადახურულ სახლებს გრიგალი”. “მხეცები” – ეს არის რომანი მზეთუნახავისა და მხეცის შესახებ, რომელიც სავსეა პორნოგრაფიული თუ მაზოხისტური დეტალებით, ცხოველური ინსტინქტებით, და დაუნდობელ რეალობას ასახავს.
“მე არაფერი მაქვს სათქმელი აღსარებაზე”, – ამბობს გილიანი, იგივე ფილომელა რომანის დასაწყისში, სანამ აღსარებას იტყოდეს. ეს აღსარება მითოლოგიზირებული სასიყვარულო ისტორიაა იმ ადამიანისა, რომელსაც არა აქვს ამ ცხოვრებაში ხმის უფლება და ამ უუფლებობას ურჩხულად უქცევია.
სიუზენ სონტაგი, “სხვისი ტკივილის შესახებ”
Regarding The Pain Of Others
By Susan Sontag
New York: Farrar, Straus and Giroux, 131 გვ.
“სხვისი ტკივილის შესახებ” – ეს თხზულება მწერლის ბრწყინვალე აღსარებაა, აღსარება სხვისი ცოდვებისა და სხვისი ტკივილის გამო. “თვალზე ლიბრი გვაქვს გადაკრული, ჩვენი ყურთასმენა დახშულია”, – ამბობს სიუზენ სონტაგი, რომელიც შეურაცხყოფილია თანამედროვე საინფორმაციო პოლიტიკით, “ძალადობის მომხმარებლებით”, სხვის ტრაგედიას სანახაობისთვის, სეირისთვის რომ იყენებენ.
“არ შეიძლება მსოფლიო გავაიგივოთ მხოლოდ მდიდარ ქვეყნებთან, სადაც ხალხი კეთილდღეობით ცხოვრობს, სადაც ადამიანებს ორმხრივი პრივილეგიები აქვთ, მათ შეუძლიათ იყვნენ სეირის მაყურებლები, ან უარი განაცხადონ სხვისი ტანჯვის ყურებაზე”, – წერს სონტაგი და იქვე დასძენს: მათ არაფერი იციან რეალური ტანჯვის, მასშტაბური უსამართლობისა და ტერორის შესახებ. მართალია, მილიონობით ადამიანი უყურებს ტელევიზორს, მაგრამ მაყურებლები ძალიან შორს დგანან იმ მოვლენებისგან, რასაც ტელევიზია აჩვენებს და ვერც ვერასოდეს გაიგებენ ვერაფერს, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდიან ეკრანზე ნანახ რეალობას.
ისიც დიდი პრობლემაა, თუ ვინ დგას ტელე, ვიდეო თუ ფოტოკამერების მიღმა. რა მოტივები ამოძრავებთ მათ, რა გრძნობის გამოწვევა სურთ მათ მაყურებელში? ზოგი ხელოვნებისკენ მიისწრაფის, ზოგი მოსყიდულია, ზოგს სხვა მიზნები აქვს. სხვათა შორის, ისმის კიდევ ერთი კითხვა, რაც ალბათ დროდადრო ყველა ჩვენგანს აწუხებს, დაძაბული დოკუმენტური მასალის, მაგალითად, ბოსნიის, რუანდის თუ ჩეჩნეთის კადრების ყურებისას. რატომ ვუყურებთ ასეთ ტრაგიკულ კადრებს ხშირად ძალიან უემოციოდ? “ეს არ არის დეფექტი, – უპასუხებს ამ კითხვაზე სონტაგი, – ჩვენი გულგრილობის გასაფანტად ფოტომასალა საკმარისი არ არის. ასეთი სახეებს მხოლოდ ერთგვარი სავიზიტო ბარათის ფუნქციის შესრულება შეუძლიათ ყურადღების მისაქცევად. ეს კადრები იმისთვის არსებობს, რომ გავიგოთ, გონებაში გავიაზროთ და ჩავუღრმავდეთ ამ ტრაგედიის მიზეზებს – ვინ არის დამნაშავე? ვინ არის პასუხისმგებელი? შეიძლება თუ არა ამის პატიება?”
ფოტოები მოსვენებას არ გვაძლევს. ჩვენ გვეძლევა საშუალება პარალელები გავავლოთ, და მერე იქნებ რამე დავადგინოთ, იქნებ რამე დასკვნა გამოვიტანოთ. ფაქტობრივად, სონტაგმა საშინაო დავალება დაგვიტოვა. ამ დავალების ამოხსნაში მკითხველს მისი რომანის გმირებიც დაეხმარებიან: ენდი უორჰოლი, ჟორჟ ბატაი, ვირჯინია ვულფი…
აი, ერთი ნაწყვეტი ამ რომანიდან:
“1938 წელს ვირჯინია ვულფმა დაწერა “სამი გინეა”, რომელიც ომის საწყისებზე მოგვითხრობს, მოგვითხრობს თამამად, მავანთათვის მისი მონათხრობი შეიძლება მიუღებელიც იყოს… ამ ნაწარმოებით ვირჯინია ვულფი გამოეხმაურა ლონდონის ცნობილი ადვოკატის მიერ გამოგზავნილ წერილს, რომელშიც ადვოკატი ასეთ კითხვას სვამდა: როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ავიცილოთ ომი თავიდან? ვულფი იწყებს იმის ახსნას, რომ მათი გულწრფელი დიალოგი შეუძლებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ორივენი ერთსა და იმავე კლასს – “განათლებულთა კლასს” მიეკუთვნებიან, მათ შორის დიდი უფსკრული დგას: ადვოკატი მამაკაცია, ის კი – ქალი. მამაკაცი ქმნის ომს, მამაკაცებს (მამაკაცთა უმრავლესობას) უყვართ ომი, რადგან კაცებისთვის ეს ნიშნავს ცოტა დიდებას, ცოტა აუცილებლობას, ცოტა ბრძოლის ჟინით მიღებულ კმაყოფილებას, ქალებისთვის კი (ქალთა უმრავლესობისთვის) ომს არავითარი სიამოვნება არ მოაქვს…”
ადამ ნიკოლსონი, “ღვთის მდივნები”
როგორ იქმნებოდა მეფე ჯეიმსის ბიბლია
God’s Secretaries
The Making of the King James Bible
By Adam Nicolson
New York: HarperCollins Publishers, 281 გვ.
მეფე ჯეიმს I ინგლისისა და მეფე ჯეიმს VI შოტლანდიისა – ის არა მხოლოდ პირველი მონარქი იყო, რომელმაც გააერთიანა შოტლანდია, ინგლისი და ირლანდია, მეფე ჯეიმსი ისტორიაში დიდი ლიტერატურულ-რელიგიური მოღვაწეობითაც შევიდა. “მეფე ჯეიმსის ბიბლია” – ასე უწოდებენ ინგლისურენოვანი ბიბლიის ვერსიას, რომელიც 1611 წელს შეიქმნა.
“ამ ბიბლიის გავლენა ჩვენი ხალხის ლიტერატურაზე დღესაც ისეთი დიდია, როგორიც იყო თავის დროზე შექსპირის ეპოქაში”, – წერს ჯეიმს ბოლდუინი “ღვიძლი ვაჟიშვილის ჩანაწერებში”.
ბიბლიის თარგმნა ყველასათვის გასაგებ ენაზე საუკუნეების განმავლობაში ყველა ქვეყნის ხალხისთვის ძალიან ძნელი და სახიფათო საქმე იყო. 1604 წლის იანვარში მეფე ჯეიმსმა მოიწვია კრება, სადაც რელიგიური უთანხმოების საკითხები განიხილებოდა. სწორედ ამ კრებაზე სთხოვა პურიტანმა ჯონ რეინოლდსმა მეფეს ბიბლიის ახალი თარგმანის გაკეთება, რადგან, მისი თქმით, ჰენრი VIII-სა და ედუარდ VI-ს მეფობის დროს შექმნილი ვერსიები სანდო არ იყო. მეფემ იდეა აიტაცა. მან მთარგმნელობითი კომისია შექმნა, რომელშიც 54 მეცნიერი გაერთიანდა. ეს ადამიანები არა მარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში იყვნენ სახელგანთქმულნი თავიანთი მოღვაწეობით, იცოდნენ არამეული, ებრაული, ბერძნული, არაბული, სპარსული, სირიული და სხვა ენები. სწორედ მათი ნაშრომები დაედო საფუძვლად თანამედროვე ლინგვისტიკის განვითარებას. ბიბლიის კომისიის წევრებს შორის ფენომენალური ნიჭით გამოირჩეოდა ვესტმინსტერის მღვდელმთავარი ლანსელოტ ენდრიუსი, რომელმაც თხუთმეტი ენა იცოდა, და, გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში ჰქონდა წაკითხული ბიბლია ებრაულად.
ასე დაიწყო თავდადებული მუშაობა ვესტმინსტერში, ოქსფორდსა და კემბრიჯში. რა თქმა უნდა, გზად წინააღმდეგობები ხვდებოდათ. ყველაზე აგრესიული მოწინააღმდეგენი კათოლიკები იყვნენ, მათ დაუშვებლად მიაჩნდათ ბიბლიის ყველასათვის გასაგებ ენაზე თარგმნა. მიუხედავად ამისა, მუშაობა გრძელდებოდა…
ადამ ნიკოლსონის ახალი რომანი სწორედ ამ დაბრკოლებებზე შეაჩერებს მკითხველის ყურადღებას. “ღვთის მდივნები” იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებმაც გადაწყვიტეს ახალი სამეფოსთვის ახალი რელიგია მოერგოთ. ისინი, ვინც ეს ტვირთი თავის თავზე აიღო, დიდი ცოდნისა და რწმენის მატარებელნი იყვნენ. რას ფიქრობდნენ ეს ადამიანები, რა ახსნას უძებნიდნენ იმ მოვლენებს, რაც მაშინდელ ინგლისში ხდებოდა (მაგალითად, ზემოხსენებული ლანსელოტ ენდრიუსი ფიქრობდა, რომ შავი ჭირი, რომელიც ლონდონს დაატყდა თავს, ღვთის რისხვა იყო), სად გადიოდა ზღვარი რწმენასა და ცრურწმენას შორის – ამ ყველაფერზე ნიკოლსონის რომანი მოგვითხრობს. ავტორი თანამედროვეობასთანაც აკეთებს გარკვეულ პარალელებს, როდესაც თეოლოგიურ და პოლიტიკურ კონტექსტებზე საუბრისას 2001 წლის 11 სექტემბრის ავბედით ტრაგედიას იხსენებს.
დღეს ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მეფე ჯეიმსის ყველაზე დიდ მიღწევად სწორედ ბიბლიის თარგმანს ასახელებს. “მეფე ჯეიმსის ბიბლიის” დახვეწილმა ლიტერატურულმა სტილმა დიდი გავლენა იქონია ინგლისურენოვანი ლიტერატურის განვითარებაზე. მისი სტილის გავლენა იგრძნობა ჯონ მილტონის, ჰერმან მელვილის და სხვა მწერლების ნაწერებში. დღესდღეობით, როცა ბიბლიის უამრავი ვერსია არსებობს, ინგლისურენოვანი პროტესტანტები მიიჩნევენ, რომ 1611 წელს შედგენილი მეფე ჯეიმსის ვერსია ღვთის ყველაზე ჭეშმარიტი სიტყვაა.
საიან ფილიპსი, “საზოგადოებრივი ადგილები”
ჩემი ცხოვრება თეატრში, პიტერ ო`ტულის დროს და მის შემდეგ
Public Places
My Life in the Theater, With Peter O’Toole and Beyond
By Sian Phillips
New York: Faber and Faber, 442 გვ.
“საზოგადოებრივი ადგილები” – ასე ჰქვია იმ მემუარს, რომელიც საიან ფილიპსმა წარუდგინა მკითხველს. მემუარის მთავარი გმირი პოპულარული ვარსკვლავი პიტერ ო`ტულია. ფილიპსი ო`ტულის ცხოვრებისეული პარტნიორი იყო, პარტნიორი ხელოვანისა, რომელიც მაგრად სვამდა და თავისი უჟმური ხასიათით გამოირჩეოდა. კითხვა, რომელიც ალბათ დღემდე აწუხებს ცნობისმოყვრე ქალთა უმრავლესობას – თუ რატომ არ მიატოვა ქალმა ო`ტული – არ აღელვებს რომანის მკითხველს. ალბათ იმიტომ, რომ როგორც ნაწარმოებიდან ჩანს, უელსში დაბადებული ფილიპსი ჯერ კიდევ მანამდე შეეგუა ამ შეკითხვას, სანამ ცნობილ მსახიობს გაჰყვებოდა ცოლად 1959 წელს. საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მან ასეთი პასუხიც კი ჩამოაყალიბა: “არა მგონია, ვინმემ პიტერზე უკეთ შეძლოს ჩემი გაცნობა, მე ამაში დარწმუნებული ვარ და მინდა, რომ ეს ყველამ იცოდეს.”
საიან ფილიპსი არ ჰგავს სხვა მსახიობებს, რომლებმაც დიდებისკენ სწრაფვაზე უარი თქვეს და თავიანთი კარიერა მსხვერპლად შესწირეს საყვარელი მამაკაცების სახელს. თუნდაც ვივიენ ლი და ლორენს ოლივიე ან რაქელ რობერტსი და რექს ჰარისონი გავიხსენოთ. “მოგზაურობაში, კრიზისის დროს, საფრთხეში, ანუ ჩვეულებრივი ცხოვრების მიღმა ჩვენ სრული ჰარმონიით ვცხოვრობთ, ბედნიერად”, – წერს ფილიპსი თავისი ქორწინების შესახებ. ამ წიგნში ძირითადად “ცხოვრების მიღმა” ამბებია ასახული, და კარგად ჩანს ო`ტულის შარმი და ენერგიული ხასიათი. აქ არის ძალიან საინტერესო ეპიზოდები: როგორ მოგზაურობდნენ იუგოსლავიაში, როგორ გაჩერდნენ ვენეციის სასტუმროში წყალდიდობის დროს, როგორ დახეტიალობდნენ უდაბნოში Lawrence of Arabia-ს გადაღებებზე. მართალია, რომანის ძირითადი თემა ო`ტულთან ერთად გატარებული წლებია, მაგრამ, ამავე დროს, რომანში შეხვდებით არანაკლებ მნიშვნელოვან პერსონაჟებს: ელიზაბეტ ტეილორს, აკირა კუროსავას, რიჩარდ ბარტონს, სემუელ ბეკეტს და ბევრ სხვასაც.
“შენ ვერ გაყვები ამ არაჩვეულებრივ ადამიანს, – უთხრა ერთმა მეგობარმა ფილიპსს, – შეიგნე, ის გენიოსია, მაგრამ ნორმალური არაა.” ფილიპსის პასუხი ასეთი იყო: “ის ყველაზე ნორმალური ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ”. ქალის ეს მშვიდი, აუღელვებელი პასუხი ზუსტად შეეფერებოდა ეპოქის განწყობას – როცა ახალგაზრდა განრისხებული დრამატურგები და მსახიობები სცენაზე ნასვამები გამოდიოდნენ და საკუთარ შემოქმედებით ძალას აჩვენებდნენ მაყურებელს, და ეს ყველაზე დიდ ღირსებად ითვლებოდა.
დაბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ მსახიობი საიან ფილიპსი საკმაოდ საინტერესო ავტორი აღმოჩნდა, ნამდვილი მწერლური ალღოთი, მოვლენათა დეტალური და თან ლაკონური აღწერის უნარით და ზუსტი დაკვირვებებით. ამ რომანმა შეიძლება მკითხველი ვერ აღაფრთოვანოს, მაგრამ მისი წაკითხვა მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება.
მოამზადა თამარ სუხიშვილმა
© “წიგნები – 24 საათი”